პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ

პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 205
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 430060000.10.003.024038
205
05/06/2023
ვებგვერდი, 07/06/2023
430060000.10.003.024038
პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №205

2023 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

 

პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტისა და 21-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პროფესიის სტანდარტის შემუშავების, დამტკიცების, გადახედვისა და გაუქმების წესებსა და პროცედურას.

2. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მნიშვნელობა.

3. ამ წესით გათვალისწინებული დარგობრივი უნარების ორგანიზაცია არის „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილების შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი.

მუხლი 2. პროფესიის სტანდარტი და მისი შემუშავების საფუძველი

1. პროფესიის სტანდარტი წარმოადგენს კონკრეტულ პროფესიასთან დაკავშირებული ამოცანებისა და მოვალეობების ერთობლიობას.

2. პროფესიის სტანდარტი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) პროფესიის სტანდარტის დასახელებას ქართულ და ინგლისურ ენაზე;

ბ) პროფესიის სტანდარტის სარეგისტრაციო ნომერს;

გ) პროფესიის დასახელებას შესაბამისი კოდებით – „დასაქმების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის“ ISCO-08 და ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით;

დ) დასაქმების შესაძლებლობებს;

ე) შესაბამისი პროფესიით საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) პროფესიულ მოვალეობებს, რაც გულისხმობს სამუშაო ადგილზე შესასრულებელი ამოცანების ერთობლიობას;

ზ) პროფესიულ ამოცანებს, რაც გულისხმობს კონკრეტული პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად განსახორციელებელ ქმედებას/ქმედებებს;

თ) პროფესიულ ცოდნას, რაც გულისხმობს კონკრეტული პროფესიული მოვალეობების შესრულებისათვის აუცილებელ ცოდნას;

ი) კონკრეტული პროფესიისთვის მნიშვნელოვან უნარებს, დამოკიდებულებებსა და შესაძლებლობებს გლობალური უნარების ტაქსონომიის შესაბამისი განზომილებებიდან;

კ) კონკრეტული პროფესიისთვის ვალიდურ სამუშაო კონტექსტსა და ღირებულებებს;

ლ) პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელ ინსტრუმენტებს, ტექნოლოგიებს, ინვენტარსა და აღჭურვილობას;

მ) პროფესიის სტანდარტის გადახედვის ვადებს;

ნ) სხვა დამატებით ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში.

3. პროფესიის სტანდარტის შემუშავების საფუძველია შესაბამისი დარგობრივი რუკის არსებობა, რომელშიც იდენტიფიცირებულია შესაბამის დარგში არსებული მოვალეობები.

4. დარგობრივ რუკას, საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, შეიმუშავებს და დარგობრივი უნარების ორგანიზაციას/ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დარგობრივ სამუშაო ჯგუფს/ჯგუფებს, ასევე დაინტერესებულ მხარეებს, წარუდგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – პროფესიული უნარების სააგენტო (შემდგომში – პროფესიული უნარების სააგენტო).

5. დარგობრივი რუკა დინამიკურად ვითარდება და იცვლება შესაბამის დარგში გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით.

მუხლი 3. პროფესიის სტანდარტის შემუშავების უფლებამოსილება

1. პროფესიის სტანდარტის შემუშავებას, ასევე მასში ცვლილების შეტანასა და გაუქმებას უზრუნველყოფს დარგობრივი უნარების ორგანიზაცია, პროფესიული უნარების სააგენტოს მეთოდოლოგიური მხარდაჭერით, ამ წესისა და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის გამოყენებითა და მის შესაბამისად. პროფესიის სტანდარტების შემუშავების პროცესის წარმართვის მიზნით, პროფესიული უნარების სააგენტო უზრუნველყოფს დარგობრივი უნარების ორგანიზაციის დაფინანსების ოდენობის განსაზღვრასა და მის მიერ დადგენილი წესით დაფინანსებას.

2. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის არარსებობის ან დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მიერ პროფესიის სტანდარტის შემუშავების უფლებამოსილების არქონისას, პროფესიის სტანდარტის შემუშავებას, ასევე მასში ცვლილების შეტანასა და გაუქმებას უზრუნველყოფს პროფესიული უნარების სააგენტო, შესაბამისი დარგის წარმომადგენლებთან (როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის) თანამშრომლობით, ამ წესისა და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის გამოყენებითა და მის შესაბამისად.

3. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის არარსებობის შემთხვევაში, პროფესიული უნარების სააგენტო მიმართავს შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებას და წარუდგენს ინფორმაციას პროფესიის სტანდარტის/ სტანდარტების შემუშავების პროცესის დაწყების შესახებ.

4. შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, პროფესიული უნარების სააგენტოს მიმართვიდან 14 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი ფორმით გამოხატოს მზაობა შესაბამის დარგში დარგობრივი სამუშაო ჯგუფის/ჯგუფების შექმნის შესახებ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება 30 კალენდარული დღის ვადაში პროფესიული უნარების სააგენტოს წარუდგენს დარგობრივი სამუშაო ჯგუფის/ჯგუფების შექმნისა და მისი მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

6. დარგობრივ სამუშაო ჯგუფში უნდა შედიოდნენ შესაბამის დარგში არსებული საჯარო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე დარგობრივი ექსპერტები.

7. პროფესიის სტანდარტის შემუშავების პროცესში პროფესიული უნარების სააგენტოს მეთოდოლოგიური მხარდაჭერა მოიცავს:

ა) პროფესიის სტანდარტის ჩანაწერების სტანდარტიზაციას, რაც გულისხმობს პროფესიის სტანდარტის პროექტის ჩანაწერების თანაბარი სიღრმისა და დეტალიზაციის უზრუნველყოფას;

ბ) პროფესიის სტანდარტის ჩანაწერების ვალიდაციას, რაც გულისხმობს პროფესიის სტანდარტის პროექტზე დაინტერესებული მხარეების (მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ცალკეული დამსაქმებლების, საჯარო დაწესებულებებისა და სხვა) უკუკავშირის მიღებასა და ანალიზს.

8. პროფესიული უნარების სააგენტოს მეთოდოლოგიური მხარდაჭერა არ გულისხმობს დარგობრივ ექსპერტიზას.

მუხლი 4. პროფესიის სტანდარტის პროექტის შემუშავების პროცესი

1. პროფესიის სტანდარტის პროექტის შემუშავების პროცესი იწყება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიის სტანდარტის ველებში შესაბამისი ინფორმაციის ასახვით.

2. პროფესიის სტანდარტის პროექტის ჩანაწერები ექვემდებარება სტანდარტიზაციასა და ვალიდაციას.

3. პროფესიის სტანდარტის პროექტის ჩანაწერების ვალიდაციის საფუძველზე, პროფესიული უნარების სააგენტო ადგენს ვალიდაციის ანგარიშს, რომელიც შემდგომი განხილვის მიზნით წარედგინება დარგობრივი უნარების ორგანიზაციას/ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დარგობრივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ვალიდაციის ანგარიშში მითითებული რეკომენდაციების პროფესიის სტანდარტის პროექტში ასახვაზე/ასახვაზე უარის თქმაზე და უზრუნველყოფს აღნიშნულის შესაბამისად პროფესიის სტანდარტის პროექტის გადამუშავებას.

4. პროფესიის სტანდარტის პროექტი, ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესით და შემთხვევაში, დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან შეთანხმების შემდგომ, რეგისტრაციის მიზნით წარედგინება პროფესიული უნარების სააგენტოს.

მუხლი 5. პროფესიის სტანდარტის შეთანხმება დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან

1. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის/პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან უნდა შეთანხმდეს პროფესიის სტანდარტის პროექტი, რომელიც:

ა) შემუშავებულია რეგულირებად პროფესიასთან დაკავშირებით;

ბ) შემუშავებულია კულტურული მემკვიდრეობის, სამუზეუმო საქმიანობის, თეატრის, მუსიკისა და სახვითი ხელოვნების მიმართულებით.

2. დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან შეთანხმება არ არის სავალდებულო, თუ პროფესიის სტანდარტის პროექტი შემუშავდა შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან არსებული დარგობრივი სამუშაო ჯგუფის საშუალებით.

3. შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება მიმართვიდან 14 სამუშაო დღეში განიხილავს და წერილობითი ფორმით აძლევს დასაბუთებულ უკუკავშირს დარგობრივი უნარების ორგანიზაციას/პროფესიული უნარების სააგენტოს. აღნიშნულ ვადაში დარგობრივი უნარების ორგანიზაციის/პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დასაბუთებული უკუკავშირის მიუღებლობის შემთხვევაში, პროფესიის სტანდარტის პროექტი მიიჩნევა შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან შეთანხმებულად.

4. შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულების უკუკავშირს განიხილავს და მის შესაბამისად პროფესიის სტანდარტის გადამუშავებას უზრუნველყოფს დარგობრივი უნარების ორგანიზაცია/პროფესიული უნარების სააგენტო. შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულების მოსაზრებ(ებ)ის პროფესიის სტანდარტის პროექტში გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია/პროფესიული უნარების სააგენტო ვალდებულია დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებებთან დაკავშირებით შემუშავებულ პროფესიის სტანდარტის პროექტში შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულების მოსაზრებ(ე)ბის გათვალისწინება სავალდებულოა.

მუხლი 6. პროფესიის სტანდარტის დამტკიცების წესი

1. პროფესიის სტანდარტი დამტკიცებულად მიიჩნევა პროფესიის სტანდარტების რეესტრში რეგისტრაციის დღიდან.

2. პროფესიის სტანდარტის პროფესიის სტანდარტების რეესტრში რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნით, პროფესიული უნარების სააგენტოს დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მიერ წარედგინება:

ა) პროფესიის სტანდარტი;

ბ) პროფესიის სტანდარტის პროექტთან დაკავშირებით დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მიერ ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ამსახველი დოკუმენტაცია;

გ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროფესიის სტანდარტის შესაბამის დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი ან იმავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

4. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება ვალდებულია, პროფესიული უნარების სააგენტოს წარუდგინოს დარგობრივი სამუშაო ჯგუფის სხდომების ოქმები.

5. პროფესიული უნარების სააგენტო განიხილავს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას პროფესიის სტანდარტების რეესტრში პროფესიის სტანდარტის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ პროფესიის სტანდარტი შემუშავებულია ამ წესისა და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

6. თუ პროფესიის სტანდარტი არ არის შემუშავებული ამ წესისა და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, პროფესიული უნარების სააგენტო უფლებამოსილია, დასაბუთებული შენიშვნებით დაუბრუნოს პროფესიის სტანდარტის პროექტი დარგობრივი უნარების ორგანიზაციას/დარგობრივ სამუშაო ჯგუფს.

7. პროფესიული უნარების სააგენტო უფლებამოსილია, დარგობრივი უნარების ორგანიზაციას დაუბრუნოს პროფესიის სტანდარტის პროექტი,  თუ არ არის წარმოდგენილი დარგობრივი საჯარო დაწესებულების მოსაზრებ(ებ)ის გაუთვალისწინებლობის შესახებ ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, ხოლო იმავე  მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დარგობრივ საჯარო დაწესებულებასთან პროფესიის სტანდარტის შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობისას პროფესიის სტანდარტის პროექტი უბრუნდება დარგობრივი უნარების ორგანიზაციას.

8. პროფესიის სტანდარტს აქვს სარეგისტრაციო ნომერი, რომლის მინიჭების პრინციპი განისაზღვრება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ პროფესიის სტანდარტების რეესტრის შექმნისას.

9. პროფესიის სტანდარტი ძალაში შედის პროფესიის სტანდარტში მითითებული ამოქმედების თარიღიდან, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – პროფესიის სტანდარტების რეესტრში რეგისტრაციის დღიდან.

მუხლი 7. დამტკიცებული პროფესიის სტანდარტის გადახედვა

1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 6 თვით ადრე, პროფესიული უნარების სააგენტო ან დარგობრივი უნარების ორგანიზაცია, პროფესიული უნარების სააგენტოსთან შეთანხმებით, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას პროფესიის სტანდარტის ვადის გაგრძელების, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების აუცილებლობის შესახებ.

2. შესაბამისი დარგობრივი საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, პროფესიის სტანდარტის ვადის გაგრძელების, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ დასაბუთებული ინიციატივით მიმართოს დარგობრივი უნარების ორგანიზაციას/პროფესიული უნარების სააგენტოს, რომელიც განიხილება ამ წესის მე-3 – მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურებისა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

3. დარგობრივი უნარების ორგანიზაცია, პროფესიული უნარების სააგენტოსთან შეთანხმებით, ასევე პროფესიული უნარების სააგენტო, უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება პროფესიის სტანდარტის ვადის გასვლამდე მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების აუცილებლობის შესახებ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.

4. პროფესიის სტანდარტში ცვლილების შეტანის/გაუქმების საჭიროებაზე ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება, პროფესიის სტანდარტში შესატანი ცვლილების პროექტი მუშავდება და ცვლილება ხორციელდება ამ წესის მე-3 – მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურებისა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

5. პროფესიის სტანდარტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განისაზღვრება მისი გაუქმების თარიღი.

6. პროფესიის სტანდარტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ რეგისტრირდება პროფესიის სტანდარტების რეესტრში.

მუხლი 8. პროფესიის სტანდარტში ტექნიკური უზუსტობის გასწორება

1. დარგობრივი უნარების ორგანიზაცია/პროფესიული უნარების სააგენტო უფლებამოსილია, პროფესიის სტანდარტში ცვლილების შეტანის გზით გაასწოროს პროფესიის სტანდარტში არსებული ტექნიკური უზუსტობა (პროფესიის სტანდარტის დასახელების ცვლილება, რომელიც არ იწვევს პროფესიის სტანდარტის შინაარსობრივ ცვლილებას, ენობრივი სისწორე, ტექსტური წყობა, გამოთვლასთან დაკავშირებული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა).

2. პროფესიის სტანდარტში ტექნიკური უზუსტობის გასწორება ხორციელდება ამ წესის მე-3 – მე-7 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე.

3. პროფესიის სტანდარტში ტექნიკური უზუსტობის გასწორება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ რეგისტრირდება პროფესიის სტანდარტების რეესტრში.

მუხლი 9. ელექტრონული სისტემა

1. ამ წესით განსაზღვრული პროფესიის სტანდარტის შემუშავების/გადახედვის/გაუქმების შესახებ საქმისწარმოება ხორციელდება ელექტრონული სისტემის გამოყენებით.

2. ელექტრონული სისტემის მართვისა და ადმინისტრირების წესი მტკიცდება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.

3. ელექტრონული საქმისწარმოებისას ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, საქმისწარმოება განხორციელდება მატერიალური ფორმით.

მუხლი 10. პროფესიის სტანდარტის დამტკიცებისა და მასში ცვლილების შეტანის/მისი გაუქმების სამართლებრივი შედეგები

1. პროფესიის სტანდარტი არის პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შექმნის საფუძველი.

2. პროფესიის სტანდარტი შესაძლებელია იყოს პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის შექმნის საფუძველი.

3. პროფესიის სტანდარტის ცვლილება იწვევს მის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ცვლილებას, ხოლო პროფესიის სტანდარტის გაუქმება – მის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის გაუქმებას.

4. პროფესიის სტანდარტისა და მის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ცვლილების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლილ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტთან შესაბამისობა. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, შეცვლილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად, ამ პროგრამის შეცვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის მხოლოდ აღნიშნული პროგრამის შეცვლამდე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის განხორციელების შესახებ.

5. პროფესიის სტანდარტისა და მის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის გაუქმების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არ არის, მიიღოს ახალი პროფესიული სტუდენტები.

მუხლი 11. გარდამავალი დებულებები

1. პროფესიული უნარების სააგენტომ ამ წესით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის შექმნა და ელექტრონული სისტემის მართვისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცება უზრუნველყოს ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 1 წლის ვადაში. ელექტრონული სისტემის შექმნამდე ამ წესით გათვალისწინებული საქმისწარმოება ხორციელდება მატერიალური ფორმით.

2. პროფესიული უნარების სააგენტომ ამ წესის ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის დამტკიცება და დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრა.

3. პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების მიზნით, პროფესიული უნარების სააგენტოს დაევალოს შესაბამის ეკონომიკურ ან/და დასაქმების სფეროში არსებულ იურიდიულ პირებთან კომუნიკაცია, მათი კოორდინაცია და კონსოლიდაცია.

4. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიის სტანდარტებს, რომელთაც ვადა გასდის 2023 წლის ბოლომდე, გაუგრძელდეს ვადა ამ წესის ამოქმედების შემდეგ შესაბამისი პროფესიის სტანდარტის ძალაში შესვლამდე.

5. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებულ პროფესიის სტანდარტებში ცვლილების შეტანასა და მათ ძალადაკარგულად გამოცხადებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვროს პროფესიული უნარების სააგენტო.

6. პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ამ წესის ძალაში შესვლამდე პროფესიის სტანდარტების შემუშავების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები და შემუშავებული პროფესიის სტანდარტები ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად.