საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2998-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 310010010.05.001.020883
2998-XIმს-Xმპ
31/05/2023
ვებგვერდი, 13/06/2023
310010010.05.001.020883
საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სარკინიგზო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 22.01.2003, მუხ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) მატარებელი − სათანადო სიგნალებით აღჭურვილი ვაგონებისგან ან/და სხვა ნებისმიერი სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებისგან ფორმირებული შემადგენლობა ერთი ან რამდენიმე მოქმედი გამწევი საშუალებით, აგრეთვე თვითმავალი სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადასარბენზე იგზავნება;“;

ბ) „ჰ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ6) მოძრავი შემადგენლობა − სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა − ლოკომოტივები, სატვირთო ვაგონები, სამგზავრო ვაგონები, ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობა და გადაზიდვების განხორციელებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისთვის განკუთვნილი სხვა სპეციალური თვითმავალი და არათვითმავალი სარკინიგზო სვლის ერთეულები;“;

გ) „ჰ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ10) სახიფათო ტვირთი − საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც კლასიფიცირებულია საშიშროების ტიპის მიხედვით და რომელთა გადაზიდვა, „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართის − სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაციის (RID) ან/და რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის 1951 წლის 1 ნოემბრის „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების (СМГС) მე-2 დანართის შესაბამისად, აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით;“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ26 “−„ჰ40“ ქვეპუნქტები: 

„ჰ26) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო;

27) მატარებლის მემანქანე (შემდგომ − მემანქანე) − პირი, რომელსაც აქვს მემანქანის მართვის მოწმობა და მემანქანის სერტიფიკატი და შეუძლია დამოუკიდებლად, უსაფრთხოდ და შესაბამისი პასუხისმგებლობით მართოს მატარებელი, მათ შორის, ლოკომოტივი, სამანევრო ლოკომოტივი, ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობა, სპეციალური თვითმავალი მოძრავი შემადგენლობა, სამეურნეო მატარებელი, მოვლა-შენახვისთვის განკუთვნილი სარკინიგზო მანქანა-მოწყობილობა და მატარებელი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად/ტვირთის გადასაზიდად;

28) რკინიგზის სისტემა − სისტემა, რომელიც მოიცავს სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და მოძრავ შემადგენლობას, რომელიც ამ ინფრასტრუქტურაზე გადაადგილდება;

29) ინფრასტრუქტურის მენეჯერი − იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მართვისა და მოვლა-შენახვისთვის, მათ შორის, მოძრაობის მართვისთვის, აგრეთვე სიგნალიზაციის, მემანქანის მართვისა და კონტროლის სისტემებზე, სარკინიგზო ქსელზე ან მის ნაწილზე. ინფრასტრუქტურის მენეჯერის ფუნქციები შეიძლება სხვა პირს გადაეცეს;

30) სარკინიგზო საწარმო/გადამზიდველი − იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა რკინიგზით ტვირთის გადაზიდვა ან/და მგზავრთა გადაყვანა, იმ დაშვებით, რომ იგი უზრუნველყოფს მატარებლების წევის განხორციელებას. სარკინიგზო საწარმოდ მიიჩნევა აგრეთვე ის იურიდიული პირი, რომელიც მხოლოდ მატარებლების წევას ახორციელებს;

31) მემანქანის სერტიფიკატი − სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა (ინფრასტრუქტურის მონაკვეთი) და მოძრავი შემადგენლობა, რომლებზედაც ამ დოკუმენტის მფლობელს აქვს მემანქანის მართვის უფლება;

32) სასწავლო ცენტრი − იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მემანქანეთა პროფესიულ სწავლებას სააგენტოს მიერ მინიჭებული შესაბამისი სტატუსის საფუძველზე;

33) მემანქანის მართვის მოწმობა − სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ შესაბამისი პირი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სათანადო მოთხოვნებს;

34) განმცხადებელი − დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მიიღოს მემანქანის მართვის მოწმობა ან მემანქანის სერტიფიკატი;

35) სარკინიგზო შემთხვევა − არასასურველი, წინასწარ გაუცნობიერებელი და მოულოდნელი მოვლენა ან ასეთ მოვლენათა ერთობლიობა, რომელიც ზიანს იწვევს. სარკინიგზო შემთხვევა იყოფა შემდეგ კატეგორიებად: მატარებლების შეჯახება, მატარებლის რელსიდან აცდენა, სარკინიგზო გადასასვლელზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევა, სარკინიგზო შემთხვევა, რომელიც მოძრავი შემადგენლობის გადაადგილებისას შეემთხვა ადამიანს ხანძრის ან სხვა ფაქტორის გამო და რომლის შედეგადაც მის ჯანმრთელობას ზიანი მიადგა, თუ ეს არ არის სერიოზული სარკინიგზო შემთხვევა;

36) სერიოზული სარკინიგზო შემთხვევა – მატარებლების შეჯახება ან მატარებლის რელსიდან აცდენა, რის შედეგადაც დაიღუპა თუნდაც ერთი ადამიანი ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო ხუთმა ან ხუთზე მეტმა ადამიანმა, მატარებლების შეჯახება ან მატარებლის რელსიდან აცდენა, რის შედეგადაც მოძრავ შემადგენლობას, სარკინიგზო ინფრასტრუქტურას ან გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, აგრეთვე სხვა, მსგავსი შემთხვევა, რომელიც აშკარა გავლენას ახდენს სარკინიგზო უსაფრთხოების რეგულირებაზე ან უსაფრთხოების მართვაზე;

37) ინციდენტი − შემთხვევა, რომელიც არ კვალიფიცირდება სარკინიგზო შემთხვევად ან სერიოზულ სარკინიგზო შემთხვევად, მაგრამ გავლენას ახდენს სარკინიგზო მოძრაობის უსაფრთხოებაზე;

38) უსაფრთხოების სერტიფიკატი − სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს სარკინიგზო საწარმოს მიერ უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვას და განზრახულ სამოქმედო არეალში მისი უსაფრთხო ოპერირების შესაძლებლობას;

39) უსაფრთხოების ავტორიზაცია − სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული ავტორიზაცია, რომელიც მოწმობს ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვას, რაც, თავის მხრივ, უნდა მოიცავდეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო დაპროექტებისთვის, მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციისთვის (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში სიგნალიზაციის, მართვისა და კონტროლის სისტემების მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციისთვის) საჭირო პროცედურებსა და წესებს;

40) სარკინიგზო ინფრასტრუქტურა − ამ კოდექსის დანართში ჩამოთვლილი, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შემადგენელი კომპონენტები/დეტალები.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6მუხლი:

„მუხლი 61. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ამ სფეროს რეგულირება და ზედამხედველობა

1. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. სააგენტო ახორციელებს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს რეგულირებასა და ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

3. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სააგენტო ახორციელებს ამ სფეროს ტექნიკურ რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სააგენტო ახორციელებს/ასრულებს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს/მოვალეობებს.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13მუხლი:

„მუხლი 131. სახიფათო ტვირთი

1. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2. რკინიგზა უფლებამოსილია საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთი გადაზიდოს „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართის − სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაციის (RID) ან/და რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის 1951 წლის 1 ნოემბრის „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების (СМГС) შესაბამისად.“.

5. მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) რკინიგზა – ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) თხოვნით, საერთო სარგებლობის ადგილებში, სათანადო მექანიზმებისა და მოწყობილობების არსებობისას, გარდა: სახიფათო ან მალფუჭებადი ტვირთისა; ნედლი ცხოველური პროდუქტებისა; დახურული ვაგონით გადასაზიდი ტვირთისა, რომლის სატვირთო ადგილის წონა 0,5 ტონაზე მეტია; არაგაბარიტული, თხევადი, ფხვიერი ან ნაყარი ტვირთისა, რომელიც სპეციალური მოძრავი შემადგენლობით გადაიზიდება. აღნიშნულ შემთხვევებში ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ვალდებულია რკინიგზას გადაუხადოს ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის და დახარისხების შეთანხმებული საფასური;“.

6. მე-19 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რკინიგზა, ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ექსპედიტორი, რომლებიც გზავნიან და ღებულობენ სახიფათო ტვირთს, ვალდებული არიან უზრუნველყონ მისი გადაზიდვის უსაფრთხოება. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) და ექსპედიტორს უნდა ჰქონდეთ ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილი ავარიული სიტუაციისა და ავარიის შედეგების სალიკვიდაციო საშუალებები, ჰყავდეთ მობილური ქვედანაყოფები და უნდა უზრუნველყონ მათი დაუყოვნებლივ გაგზავნა შემთხვევის ადგილზე. ეს მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე უსაფრთხო ტვირთის გადაზიდვაზე.“.

7. 33-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირდაპირი შერეული გადაზიდვისთვის დაშვებული იმ ტვირთის ნუსხა, რომელსაც უნდა ახლდეს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამცილებელი, განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.“.

8. მე-60 მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტი, რომლის ტერიტორიაზედაც ხდება სახიფათო ტვირთის წარმოება, შენახვა, დატვირთვა, ტრანსპორტირება და გადატვირთვა, საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგისა და ნაგებობისგან იმ მანძილით უნდა იყოს დაშორებული, რომელიც რკინიგზის უსაფრთხოდ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ამ მანძილს, აგრეთვე სარკინიგზო ლიანდაგების გადაკვეთის ადგილსა და მასთან მიახლოებულ ადგილზე ობიექტის მშენებლობისა და შენახვის ნორმებს ადგენს რკინიგზა.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახიფათო ტვირთის გამგზავნი ან მიმღები საწარმო (ორგანიზაცია და სხვა) და რკინიგზა ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის უსაფრთხოება, ჰქონდეთ ტექნიკური საშუალებები და ჰყავდეთ ქვედანაყოფები, რომლებიც საჭიროა ავარიული სიტუაციისა და ავარიის შედეგების ლიკვიდაციისთვის.“.

9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 601 მუხლი:

„მუხლი 601. უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირება

1. სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლება აქვს სარკინიგზო საწარმოს, რომელიც ფლობს უსაფრთხოების სერტიფიკატს.

2. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირების უფლება აქვს ინფრასტრუქტურის მენეჯერს, რომელსაც სააგენტომ უსაფრთხოების ავტორიზაცია მიანიჭა.

3. სააგენტოს მიერ უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემა და უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭება ხდება სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) გასცეს/მიანიჭოს, განაახლოს, შეაჩეროს და გააუქმოს უსაფრთხოების სერტიფიკატი და უსაფრთხოების ავტორიზაცია;

ბ) სააგენტოს მიერ დამტკიცებული ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის შესაბამისად განახორციელოს ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირება, მონიტორინგი და ზედამხედველობა.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს უნდა მიეცეს ინფრასტრუქტურის მენეჯერის ან სარკინიგზო საწარმოს ნებისმიერ ინფორმაციასთან, შენობა-ნაგებობასთან, დანადგართან, მოწყობილობასა და აღჭურვილობასთან დაშვების უფლება.

6. უსაფრთხოების სერტიფიკატისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმები მტკიცდება სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით.“.

10. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 611 მუხლი:

„მუხლი 611. სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის, სარკინიგზო შემთხვევისა და ინციდენტის სამსახურებრივი მოკვლევის განხორციელება

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომ − მოკვლევის ბიურო) ახორციელებს სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის სამსახურებრივ მოკვლევას (შემდგომ − მოკვლევა), რომლის მიზანია სარკინიგზო უსაფრთხოების გაუმჯობესება და სარკინიგზო შემთხვევის პრევენცია. მოკვლევის მიზანი არ არის სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის, სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის დადგომისთვის პირის ბრალეულობის ან პასუხისმგებლობის დადგენა. მოკვლევა ხორციელდება სასამართლო, ადმინისტრაციული და საგამოძიებო ორგანოებისგან დამოუკიდებლად და მათთვის ხელის შეშლის გარეშე.

2. მოკვლევის ბიურო ფუნქციურად დამოუკიდებელია სააგენტოსგან, სარკინიგზო საწარმოსგან, ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სხვა პირისგან, რომლის ინტერესები ან/და ამოცანები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოკვლევის ბიუროს ინტერესებს ან მისთვის დაკისრებულ ამოცანებს ან/და გავლენას ახდენდეს მის ობიექტურობაზე.

3. მოკვლევის ბიურომ, სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის გარდა, შეიძლება განახორციელოს ისეთი სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევა, რომელსაც შეიძლებოდა სერიოზული სარკინიგზო შემთხვევა გამოეწვია. აღნიშნული შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის ბიურო. ამ გადაწყვეტილების მიღებისას მოკვლევის ბიურო ითვალისწინებს:

ა) სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის მნიშვნელობასა და სიმძიმეს;

ბ) იმას, არის თუ არა სარკინიგზო შემთხვევა ან ინციდენტი სარკინიგზო შემთხვევების ან ინციდენტების სერიის ნაწილი (რკინიგზის სისტემის კონტექსტში);

გ) სარკინიგზო უსაფრთხოებაზე ზოგად გავლენას;

დ) სააგენტოს, ინფრასტრუქტურის მენეჯერის ან სარკინიგზო საწარმოს მიმართვას.

4. მოკვლევის ბიუროს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს:

ა) სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის, სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის ადგილზე, აგრეთვე მასში მონაწილე მოძრავ შემადგენლობასა და შესაბამის ინფრასტრუქტურასთან დაშვების/წვდომის უფლება;

ბ) მტკიცებულებების შეგროვების უფლება (მათ შორის, შესაბამისი ექსპერტიზისთვის ან ანალიზისთვის სათანადო ინფრასტრუქტურის/მოძრავი შემადგენლობის დაზიანებული ნაწილების მოხსნის/ამოღების) უფლება;

გ) მატარებელში არსებული ჩამწერი მოწყობილობის ჩანაწერისა და იმ აღჭურვილობის წვდომისა და გამოყენების უფლება, რომელიც დაკავშირებულია ვერბალური შეტყობინებების ჩაწერის, სიგნალიზაციისა და მოძრაობის კონტროლის სისტემის ექსპლუატაციის რეგისტრაციასთან;

დ) მსხვერპლის ცხედრის ექსპერტიზის შედეგების წვდომის უფლება;

ე) სერიოზულ სარკინიგზო შემთხვევაში, სარკინიგზო შემთხვევაში ან ინციდენტში მონაწილე მატარებლის პერსონალისა და სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის სხვა პერსონალის გამოკვლევის შედეგების წვდომის უფლება;

ვ) სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის პერსონალისა და სხვა პირის გამოკითხვის უფლება;

ზ) ინფრასტრუქტურის მენეჯერის, სარკინიგზო საწარმოს და სააგენტოს ხელთ არსებულ ნებისმიერ შესაბამის ინფორმაციასთან ან ჩანაწერთან დაშვების/წვდომის უფლება.

5. მოკვლევის ბიურო პასუხისმგებელია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დაცვისთვის, რათა ეს ინფორმაცია გამჟღავნდეს მხოლოდ სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის მიზნით. აღნიშნული მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე.

6. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მომხდარ იმ ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის ან სარკინიგზო შემთხვევის დადგომის მაღალი ალბათობა, იკვლევს სარკინიგზო საწარმო ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერი. სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი მოკვლევის ბიუროს ან სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგენს ინციდენტის მოკვლევის საბოლოო ანგარიშს.

7. ისეთი სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევისას, რომელიც სხვადასხვა უწყების კომპეტენციის სფეროს შეეხება, საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას უწყებათაშორისი კომისია.

8. სარკინიგზო შემთხვევის ან სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის დადგომისას შესაბამისი შეტყობინება ეგზავნებათ სარკინიგზო ტრანსპორტის რეგისტრაციის, ექსპლუატანტის, დამპროექტებლის ან დამზადების სახელმწიფოებს. მათ უფლება აქვთ, შესაბამის მოკვლევაში მონაწილეობის მიზნით უფლებამოსილი წარმომადგენლები დანიშნონ.

9. სარკინიგზო საწარმო, ინფრასტრუქტურის მენეჯერი და სააგენტო ვალდებული არიან დაუყოვნებლივ შეატყობინონ მოკვლევის ბიუროს სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის, სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის შესახებ.

10. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები და იურიდიული პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის ადგილის დაცვა და მოკვლევის ბიუროს მუშაობისთვის სათანადო პირობების შექმნა.

11. უნდა მომზადდეს მოკვლევის შესახებ ანგარიში სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის, სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის სახეობისა და მნიშვნელობისთვის განსაზღვრული, შესაბამისი ფორმით, მოკვლევის შედეგების მნიშვნელობის გათვალისწინებით. ამ ანგარიშში უნდა აისახოს მოკვლევის მიზანი. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ანგარიში შეიძლება შეიცავდეს უსაფრთხოების რეკომენდაციებს.

12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული უსაფრთხოების რეკომენდაციები უნდა მიეცეს სააგენტოს, აგრეთვე, რეკომენდაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, − სხვა ორგანოს ან უწყებას.

13. მოკვლევასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

14. მოკვლევის განხორციელების წესი მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით.“.

11. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII1 თავი:

 

„თავი VIII1. მემანქანის მართვის მოწმობის გაცემა და მემანქანის სერტიფიცირება

მუხლი 631. თავის მიზანი და მოქმედების სფერო

1. ეს თავი განსაზღვრავს სააგენტოს, მემანქანის, სარკინიგზო საწარმოს, ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სასწავლო ცენტრის უფლებებსა და მოვალეობებს.

2. ეს თავი არ ვრცელდება იმ მემანქანეზე, რომელიც საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ:

ა) მეტროში, ტრამვაიში ან სხვა მსუბუქრელსიან სარკინიგზო ტრანსპორტში, რომელიც გამიჯნულია სარკინიგზო ქსელისგან;

ბ) იმ ქსელზე, რომელიც ფუნქციურად გამიჯნულია დანარჩენი სარკინიგზო ქსელისგან და გამიზნულია მხოლოდ ადგილობრივი, საქალაქო ან საგარეუბნო სარკინიგზო მიმოსვლისა და სატვირთო მომსახურებისთვის;

გ) კერძო საკუთრებაში არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არსებობს მხოლოდ ამ ინფრასტრუქტურის მფლობელის მიერ გადაზიდვების საკუთარი მიზნებისთვის განსახორციელებლად;

დ) სარკინიგზო ლიანდაგის იმ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე), რომელიც (რომლებიც) რკინიგზის სისტემის შეკეთების, განახლების ან გაუმჯობესების მიზნით ჩვეულებრივი მიმოსვლისთვის დროებით დაკეტილია.

მუხლი 632. მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები

1. რკინიგზის სისტემაში მემანქანის მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ მემანქანეს, რომელიც ფლობს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

2. მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია:

ა) მემანქანის მართვის მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ მემანქანეს აქვს ძირითადი პროფესიული უნარ-ჩვევები და შესაბამისი განათლება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) მემანქანის სერტიფიკატი.

3. მემანქანის მართვის მოწმობას გასცემს სააგენტო, ხოლო მემანქანის სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილების მქონე ორგანოა სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი.

4. მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობები (მათ შორის, მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის მიმართ მოთხოვნები და საგამონაკლისო წესები) მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. მემანქანის მართვის მოწმობისა და სერტიფიკატის ფორმებს ამტკიცებს სააგენტო.

მუხლი 633. მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის მისაღებად განსაზღვრული მოთხოვნები

1. მემანქანის მართვის მოწმობის მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია აკმაყოფილებდეს ამ კოდექსითა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. მემანქანის სერტიფიკატის მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია ჰქონდეს მემანქანის მართვის მოწმობა და აკმაყოფილებდეს ამ კოდექსითა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მუხლი 634. მემანქანეთა პროფესიული სწავლება

1. მემანქანეთა პროფესიული სწავლება ხორციელდება სასწავლო ცენტრში სათანადო ნორმატიული აქტით განსაზღვრული მემანქანეთა პროფესიული სწავლების წესებისა და პირობების შესაბამისად.

2. მემანქანეთა პროფესიული სწავლება უნდა შედგებოდეს მემანქანის მართვის მოწმობასა და მემანქანის სერტიფიკატთან დაკავშირებული სასწავლო მოდულებისგან. მემანქანეთა პროფესიული სწავლება მათი მეშვეობით ხორციელდება.

3. სასწავლო ცენტრმა უნდა უზრუნველყოს მემანქანეთა პროფესიული სწავლების ხელმისაწვდომობა სამართლიანობის ფარგლებში და დისკრიმინაციის გარეშე.

4. პირს სასწავლო ცენტრის სტატუსს ანიჭებს სააგენტო.

5. პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესები მტკიცდება სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით.

მუხლი 635. მემანქანის გამოცდა

მემანქანის მართვის მოწმობის მისაღებად განმცხადებელს, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული საგამონაკლისო წესების გარდა, ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მემანქანის გამოცდა. მემანქანის გამოცდის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს სააგენტო.

მუხლი 636. სააგენტოს უფლებამოსილებები

1. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) გასცეს, დაადასტუროს და აღადგინოს მემანქანის მართვის მოწმობა;

ბ) შეაჩეროს და გააუქმოს მემანქანის მართვის მოწმობის მოქმედება, აგრეთვე მიიღოს სარკინიგზო საწარმოსთვის ან ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის მემანქანის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება და იგი შესაბამის პირს წარუდგინოს;

გ) განახორციელოს მემანქანეთა პროფესიული სწავლების მონიტორინგი, ჩაატაროს მემანქანის გამოცდა ან/და ტესტირება ან მონაწილეობა მიიღოს მის ჩატარებაში;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ქსელში მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით განახორციელოს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება, დაადგინოს გამოვლენილი დარღვევა და ამ მიზნით გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი ორგანოებისგან;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სასწავლო ცენტრის მონიტორინგი;

ვ) გამოსცეს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება და შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ზ) შეასრულოს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის დაკისრებული ფუნქციები;

თ) მიიღოს შესაბამისი მომსახურების საფასური;

ი) დაამტკიცოს მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესი და აწარმოოს აღნიშნული რეესტრი;

კ) დაამტკიცოს მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესი.

2. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების მესამე პირისთვის დელეგირება. სააგენტოს მიერ უფლებამოსილების დელეგირება გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული უნდა იყოს.

3. თუ სააგენტო ახორციელებს მემანქანის მართვის მოწმობის გაცემის ან ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების სარკინიგზო საწარმოსთვის დელეგირებას, მისი დელეგირება უნდა განხორციელდეს შემდეგი 2 წინაპირობიდან ერთ-ერთის დაცვით:

ა) სარკინიგზო საწარმო მემანქანის მართვის მოწმობას გასცემს მხოლოდ მასთან დასაქმებული მემანქანისთვის;

ბ) სარკინიგზო საწარმო დელეგირებულ უფლებამოსილებას ექსკლუზიურად არ ახორციელებს.

4. მესამე პირმა მისთვის დელეგირებული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. ამ შემთხვევაში მან უნდა შეასრულოს ყველა მოთხოვნა, რომელთა შესრულებაც აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სავალდებულოა სააგენტოსთვის.

5. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავ მატარებელში ნებისმიერ დროს შეამოწმოს მემანქანის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობა.

მუხლი 637. პასუხისმგებლობა

1. მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

2. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

12. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 64. გარდამავალი დებულებები

1. მარეგულირებელი ორგანოს მიერ სარკინიგზო ტრანსპორტში სატარიფო უფლებამოსილების განხორციელებამდე სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზა“ დამოუკიდებლად აწესებს მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ტარიფებსა და დამატებით საფასურებს.

2. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:

ა) სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცება;

ბ) სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცება;

გ) მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებისა და პირობების დამტკიცება.

3. სააგენტომ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:

ა) უსაფრთხოების სერტიფიკატისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმების დამტკიცება;

ბ) მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცება;

გ) მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცება;

დ) მემანქანეთა პროფესიული სწავლების წესებისა და პირობებისა და მემანქანის გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცება;

ე) მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება;

ვ) ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცება;

ზ) პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესების დამტკიცება.“.

13. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი:

 

„დანართი

 

სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შემადგენელი

კომპონენტების/დეტალების ჩამონათვალი

სარკინიგზო ინფრასტრუქტურა შედგება ქვემოთ ჩამოთვლილი კომპონენტებისგან/დეტალებისგან, რომლებიც არის მთავარი ლიანდაგის ნაწილი, მისასვლელი ლიანდაგის ჩათვლით, თუმცა იმ ლიანდაგის გამოკლებით, რომელიც მდებარეობს სარკინიგზო სარემონტო სახელოსნოში, დეპოში ან ლოკომოტივის ფარეხში, აგრეთვე კერძო მისასვლელ ლიანდაგზე ან განშტოებაში:

− მიწის ნაკვეთი;

− სარკინიგზო ლიანდაგი და მიწის ვაკისი, კერძოდ, ყრილები, ჭრილები, წყალსარინი არხები და ღარები, კლდოვანი თხრილები, წყალგამტარი მილები, დამჭერი კედლები, ფერდობების დამცავი ფილები და სხვა, სამგზავრო და სატვირთო ბაქნები (მათ შორის, სამგზავრო სადგურებსა და სატვირთო ტერმინალებში განთავსებული); ლიანდები და ლიანდაგების გვერდულები, კედლების კონტრფორსები, მესრები, ღობეები; ხანძარსაწინააღმდეგო ზოლები; გათბობის პუნქტის აპარატურა; გადაკვეთები და სხვა; თოვლისგან დამცავი ფარები;

− საინჟინრო-ტექნიკური კონსტრუქციები: ხიდები, წყალგამტარები და სხვა გზაგამტარები, გვირაბები, დახურული ჭრილები და სხვა მიწისქვეშა გასასვლელები; დამჭერი კედლები, ზვავებისგან, ქვების ჩამოცვენისა და სხვა მოვლენებისგან დამცავი კონსტრუქციები;

− სარკინიგზო გადასასვლელები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებების ჩათვლით;

− ლიანდაგის ზედა ნაშენი, კერძოდ: რელსები და კონტრრელსები; შპალები და ისრული გადამყვანების ძელები, სამაგრები, ბალასტი, ღორღისა და ქვიშის ჩათვლით; გადასასვლელები და სხვა; მოსაბრუნებელი მოწყობილობები (წრეები) და ტრავერსები (გარდა ექსკლუზიურად ლოკომოტივებისთვის განკუთვნილისა);

− მგზავრების მისასვლელად და ტვირთის მისატანად განკუთვნილი გზები, მათ შორის, საავტომობილო და საქვეითო გზები;

− გადასარბენებზე, სადგურებსა და მახარისხებელ სადგურებში (გორაკებზე) არსებული უსაფრთხოების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები, მათ შორის, ვაგონშემაყოვნებლები, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობისთვის ელექტროდენის გამომმუშავებელი, გარდამქმნელი და გამანაწილებელი დანადგარები; ასეთი მოწყობილობებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობები;

− მგზავრობისა და უსაფრთხოების მიზნებისთვის საჭირო სანათი მოწყობილობები;

− მატარებლების წევისთვის განკუთვნილი, ელექტროენერგიის გადამცემი და გარდამქმნელი დანადგარები/მოწყობილობები: ქვესადგურები, ქვესადგურებსა და საკონტაქტო სადენებს შორის არსებული მკვებავი კაბელები, საკონტაქტო ქსელი და საყრდენები;

− ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ გამოყენებული შენობები, ტრანსპორტირების საფასურის გადასახდელი აპარატების ჩათვლით.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-11 ნაწილებისა, მე-12 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-13 ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის მე-2 მუხლის „ჰ26“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილი და მე-12 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი, მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის მე-2 მუხლის „ჰ27“−„ჰ40“ ქვეპუნქტები, მე-4−მე-11 ნაწილები და მე-13 ნაწილი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

31 მაისი 2023 წ.

N2998-XIმს-Xმპ