ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25-28
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 280080000.35.101.017094
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
25-28
19/05/2023
ვებგვერდი, 22/05/2023
280080000.35.101.017094
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/05/2023 - 23/01/2024)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25-28

2023 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/ საცხოვრისით   უზრუნველყოფის წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა“, დანართი №2-ის შესაბამისად;

გ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა“, დანართი №3-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12  თებერვლის №37-14 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე



დანართი №1

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პირის/ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფრით/საცხოვრისით  დაკმაყოფილების პირობებს.

2.  ეს წესი არ ვრცელდება დევნილის/ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე, ეკომიგრანტებზე, შეჭრილებზე, სახელმწიფო/მუნიციპალური პროექტის/პროგრამის ფარგლებში საცხოვრებლით დაკმაყოფილებულ ან დასაკმაყოფილებელ პირებზე. გამონაკლისს წარმოადგენენ ის პირები/ოჯახები, რომელთა დაკმაყოფილება საცხოვრისით მოხდა პროექტის „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში“ ფარგლებში.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი განმარტება:

ა) განაცხადი – ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტებით დამტკიცებული განაცხადის ფორმები“ (შემდგომში – განაცხადი);

ბ) კომისია – ამ წესის განხორციელების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას“ (შემდგომში – კომისია) და ამტკიცებს მის დებულებას;

გ) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის მსურველი პირი, რომელმაც შეავსო განაცხადი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ“;

დ) უსახლკარო პირი – პირი, რომელიც აკმაყოფილებს უსახლკარო პირად რეგისტრაციის პირობებს და თანახმაა ისარგებლოს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ მართვის ქვეშ მყოფი თავშესაფრით;

ე) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი (შემდგომში ოჯახი) – ამ წესის მიზნებისათვის ოჯახად მიიჩნევა ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომელთაც დროებითი საცხოვრებელი გააჩნიათ ერთ მისამართზე და/ან ერთობლივი განაცხადი წარმოადგინეს (ოჯახის შემადგენლობაში არ განიხილება პირი, რომელიც განხილვის მომენტში იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი, ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში), ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი, ასევე, სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი);

ვ) უსახლკარო ოჯახი – თბილისის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახი;

ზ) თავშესაფარი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ (ს/კ: 406153111) მართვაში არსებული ლილოს მიუსაფართა თავშესაფარი;

თ) საცხოვრისი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ (ს/კ: 406153111) მართვაში არსებული სოციალური საცხოვრისი;

ი) ოჯახის უმუშევარი წევრი – უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახის სრულწლოვანი არასაპენსიო ასაკის წევრი, რომელსაც არა აქვს სამუშაო, ეძებს მას და მზად არის სამუშაოს შესასრულებლად;

კ)  სამსახური  –  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური;

ლ) სააგენტო – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო;

მ) ა(ა)იპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი (ს/კ:  406153111);

ნ) ინსტრუქცია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული თავშესაფრის მართვის ინსტრუქცია;

ო) ბიურო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.

პ) მთავრობა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა;

ჟ) გამგეობა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობა.


მუხლი 3. უსახლკარო პირად რეგისტრაციის პირობები

 

1. უსახლკარო სტატუსის მაძიებელ პირს შესაძლებლობა აქვს მიმართოს სამსახურს, ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული განაცხადის ფორმით და მოითხოვოს უსახლკარო პირად რეგისტრაცია.

2. უსახლკარო პირად რეგისტრაციის განაცხადს სამსახური უგზავნის ა(ა)იპ-ს განსახილველად. უსახლკარო პირად რეგისტრაციისათვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ პირობას:

ა) რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში;

ბ) არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი;

გ) არ გააჩნია საბინაო ხარჯების უზრუნველსაყოფად საჭირო შემოსავალი;

დ) მის სახელზე არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონება;

ე) ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული განაცხადის ფორმის შევსებისას მონიშვნის ფორმით უნდა გამოხატოს თანხმობა თავშესაფრით სარგებლობასთან დაკავშირებით.

3. იმისათვის, რომ პირი დარეგისტრირდეს  უსახლკარო პირად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილებასთან ერთად, აუცილებელია პირი მივიდეს ა(ა)იპ-ში.

4. ა(ა)იპ-ში დამატებით  გადამოწმებული უნდა იქნეს ინსტრუქციით გათვალისწინებული პირობები.

5. იმ შემთხვევაში, თუ ა(ა)იპ-ის გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ პირი აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ პირობებს, ა(ა)იპ ატყობინებს ამის შესახებ სამსახურს და სამსახური გამოსცემს ბრძანებას პირის უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

6. თუ უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის პირადი განცხადებით ან ა(ა)იპ-ის დირექტორის გადაწყვეტილებით (თავშესაფრის ინსტრუქციის ან შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო) მოხდა პირის მიერ თავშესაფრის დატოვება, ამის შესახებ ა(ა)იპი აცნობებს სამსახურს, რის საფუძველზეც პირს უუქმდება უსახლკარო პირის რეგისტრაცია, სამსახურის ბრძანებით.

7. ა(ა)იპ-ი ყოველ 3 (სამი) წელიწადში ერთხელ ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა უსახლკაროდ რეგისტრირებული პირი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, ამის შესახებ ატყობინებს სამსახურს. იმ შემთხვევაში, თუ პირი ვერ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს სამსახური გამოსცემს ბრძანებას პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აკმაყოფილებს პირობებს ავტომატურად უგრძელდება უსახლკარო პირად რეგისტრაცია.

 


მუხლი 4. უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმები
1. უსახლკარო ოჯახის სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის თითოეული წევრი არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად, და ამასთანავე, ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის წევრთა ნახევარი ან  მეტი უწყვეტად და ამავდროულად უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის, ოჯახის წევრი, რომელსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განუახლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად ის არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში;

 ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარაა, რომ უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ/ვერ იქნება საკმარისი საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის;

 გ) შესაბამისი გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას  ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი;

დ) შესაბამისი გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არ დასტურდება ოჯახის მხრიდან დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართის ქირის (იჯარის), კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში, უწყვეტად გადახდის ფაქტი;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არც ერთ წევრს არ გააჩნია საკუთრებაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის გათვალისწინებით;

ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და შესაბამისი საბანკო დაწესებულებ(ებ)ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა  კომპენსაციის“ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ქირის თანხის 6 თვის კომპენსაციას და ამავე პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება ოჯახის არც ერთი წევრის მიერ სახელმწიფო საზღვრის 2 (ორი) და მეტი გადაკვეთა (სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება), გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლოშემოქმედებითი მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით;

თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის თითოეული  უმუშევარი წევრი რეგისტრირებულია „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge.

2. უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოებები:

ა) ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ ოჯახის შესაძლებლობას, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია);

ბ) თუ ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს/აკმაყოფილებენ ოჯახის მხოლოდ არასრულწლოვანი წევრ(ებ)ი;

გ) ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენისას, რომელიც ადასტურებს ოჯახის მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და/ან დროებითი საცხოვრისის მისამართის, დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლის შესახებ ინფორმაციის არმიწოდებას;

დ) ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელებისას/გამოვლენისას, რომლის შედეგადაც ოჯახმა საცხოვრისის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის საფუძველი;

ე) უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველი ოჯახის შესახებ შესაბამისი გამგეობა ვერ მოიპოვებს ინფორმაციას.

 


მუხლი 5. უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახის განაცხადის განუხილველად დატოვების პირობები
განაცხადი არ განიხილება და განმცხადებლებს ეცნობებათ უარი უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე, თუ:

ა) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახის ყველა წევრი განაცხადის ფორმით კომისიისათვის მიმართვისას არ არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო ოჯახის წევრთა ნახევარი ან მეტი რეგისტრირებულია არ არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ბ) უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველი ოჯახის, უსახლკაროდ რეგისტრაცია ან/და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფა რეგულირდება სხვა კანონმდებლობით.

 


მუხლი 6. უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის პროცედურა
1. ოჯახმა საცხოვრისით მიღების მიზნით, უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოს კომისიას“ და წარუდგინოს განაცხადი, რომელსაც თან უნდა დაერთოს:

 ა) ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ბ)ოჯახის წევრთა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;

 გ)ოჯახი უფლებამოსილია წარმოადგინოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისთვის მოთხოვილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.

2. განაცხადებს, თბილისის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ოჯახს გაეწიოს რეკომენდაცია უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე;

ბ) ოჯახს არ გაეწიოს რეკომენდაცია უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე.

3. ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ან უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს სამსახური, სამსახურის უფროსის ბრძანების სახით.

 


მუხლი 7. უსახლკაროდ დარეგისტრირებული ოჯახების ქულათა მინიჭების სისტემა
საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის  კომისიის მიერ უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახისათვის ქულათა მინიჭების სისტემა:

ა) საცხოვრებელი პირობები – (1 -2 ქულა);

ბ) სხვა ფაქტობრივი გარემოებები – (1-2 ქულა);

გ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრ(ებ)ი – 3 ქულა;

დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი ოჯახის წევრი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების წევრი/წევრები, რომელიც/რომლებიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში – 1 ქულა;

ე) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე ოჯახის წევრი – 2 ქულა;

ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე ოჯახის წევრი და მისი არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი – 3 ქულა;

ზ) ოჯახი, რომელშიც 3 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვია – 3 ქულა;

თ) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაჯილდოებული და/ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მქონე ოჯახის წევრი – 1 ქულა;

ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამით მოსარგებლე ოჯახი – 3 ქულა.

 


მუხლი 8. უსახლკაროდ რეგისტრირებული ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცედურა
1.  უსახლკაროდ რეგისტრირებული და ქულა მინიჭებული ოჯახების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება  ა(ა)იპ-ს და გამგეობებს (უსახლკარო ოჯახების რეგისტრაციის მისამართის მიხედვით).

2. ა(ა)იპ-ისათვის და გამგეობებისათვის მიწოდებული ოჯახების საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობა განისაზღვრება ქულის მიხედვით, როგორც ა(ა)იპ-ის მიერ, ისე თითოეულ რაიონში, პირველ ეტაპზე ფართის მოძიების/უკვე არსებულ სოციალურ საცხოვრისებში ფართის გამოთავისუფლების თაობაზე დაკავშირება ხდება უფრო მაღალი ქულის მქონე ოჯახებთან. ქულათა დამთხვევის შემთხვევაში აღნიშნული რეგულირდება უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭების თარიღით, იმ შემთხვევაში თუ სტატუსის მინიჭების თარიღიც იგივეა, აღნიშნული რეგულირდება განაცხადის შემოტანის თარიღით. 

3. გამგეობა აგზავნის სრულ დოკუმენტაციას მოძიებული ფართის შესახებ (მათ შორის მოძიებული ფართის საიდენტიფიკაციო კოდი, ფოტოები, მფლობელის მონაცემები, მდებარეობს თუ არა საცხოვრებელი/ბინა  ავარიულ კორპუსში და ა.შ.) და აყენებს შუამდგომლობას  სააგენტოსთან კონკრეტული ოჯახისთვის ფართის შეძენის თაობაზე.

4. დოკუმენტაციის გავლის შემდგომ, სააგენტოს მიერ ფართი შესაფასებლად იგზავნება ბიუროში.               

5. ბიუროს დასკვნის წარმოდგენის შემდგომ, მოწმდება ფართის, ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულებისა და მესაკუთრის მიერ განსაზღვრული ნასყიდობის საფასურის შესაბამისობა მთავრობის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან და შესაბამისობის შემთხვევაში, მზადდება საკითხი მთავრობის სხდომაზე გასატანად.

6. მთავრობის განკარგულების გამოცემის შემდგომ, უძრავი ნივთის მესაკუთრესთან ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

7. ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, შეძენილი ფართის მესაკუთრედ რეგისტრირდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი.

8. აღნიშნულის შემდგომ სააგენტო გამოსცემს ბრძანებას შეძენილი ფართის ა(ა)იპ-სათვის გადაცემის თაობაზე, რის თაობაზეც, აცნობებს სამსახურს.

9. ა(ა)იპ აწვდის ინფორმაციას სამსახურს კონკრეტული ოჯახისთვის გამოთავისუფლებული ფართის შეთავაზების თაობაზე.

10. გამგეობა აწვდის ინფორმაციას სამსახურს უსახლკარო სტატუსის მქონე  ოჯახისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, კონკრეტული ფართის შეძენის თაობაზე.

11. სააგენტოდან გადმოგზავნილი სააგენტოს უფროსის ბრძანებისა და გამგეობის ინფორმაციის საფუძველზე ან ა(ა)იპ-ის შუამდგომლობის საფუძველზე ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს (განკარგულების სახით) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.

12. უსახლკარო ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფა ხდება ფართის ოპტიმალური გადანაწილების პრინციპის საფუძველზე. ერთ ადამიანზე გასათვალისწინებელი საორიენტაციო საცხოვრებელი ფართი შეადგენს 6 (ექვსი) კვადრატულ მეტრს.

13. ოჯახის მიერ საცხოვრისით უზრუნველყოფის შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოჯახს უუქმდება სტატუსი და ოჯახის განაცხადი განმეორებით არ განიხილება მომდევნო 2 (ორი) წლის განმავლობაში.  

14. ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკარო ოჯახის საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახის საცხოვრისით დაკმაყოფილება მოხდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რესურსების შესაბამისად.

15. ის ოჯახები, რომლებიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით დაკმაყოფილდებიან საცხოვრისით, აფორმებენ შესაბამის ხელშეკრულებას ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფართან“ 3 (სამი) წლის ვადით.

16. საცხოვრისით სარგებლობის პირობები განისაზღვრება უსახლკარო ოჯახსა და ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს“ შორის დადებული ხელშეკრულებით, ასევე „სოციალური საცხოვრისის მართვის სამოქმედო ინსტრუქციით“, რომლის დარღვევა შეიძლება გახდეს საცხოვრისით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველი.

17. კომისია საჭიროებისამებრ ან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ  ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა უსახლკაროდ რეგისტრირებული ოჯახი ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმებს და გასცემს რეკომენდაციას უსახლკაროდ რეგისტრირებული ოჯახისათვის ხელშეკრულების 3 (სამი) წლის ვადით გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ, რის საფუძველზეც გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.

18. კომისია   ახალი გარემოების გამოვლენისას უფლებამოსილია ოჯახს გაუუქმოს უსახლკარო ოჯახის სტატუსი.

19. სამსახური უზრუნველყოფს უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გამგეობებისთვის.


მუხლი 9. გარდამავალი დებულება
უსახლკაროდ რეგისტრირებული და ქულა მინიჭებული ოჯახებიდან პირველ რიგში კმაყოფილდებიან 2016-2021 წლებში უსახლკაროს სტატუს მინიჭებული ოჯახები ამავე წესის მე-8 მუხლში გაწერილი პროცედურის მიხედვით.