ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 167
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024000
167
01/05/2023
ვებგვერდი, 03/05/2023
300160070.10.003.024000
ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №167

2023 წლის 1 მაისი

 ქ. თბილისი

 

ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი – ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ

 


მუხლი 1. რეგულირების საგანი და სფერო

1.  „ტექნიკური რეგლამენტი – ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიზნებიდან გამომდინარე და ადგენს სამუშაო სივრცეში ტვირთის ხელით აწევისას (განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკის პირობებში) დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს.

2. რეგლამენტი ვრცელდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამუშაო სივრცეზე (მათ შორის, სამუშაო სივრცეზე სტაჟირების გავლის შემთხვევაში).

3. დამსაქმებელს შეუძლია, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი დაწესებულების რისკის დონის გათვალისწინებით, შეიმუშაოს წინამდებარე რეგლამენტზე უფრო მაღალი სტანდარტი დასაქმებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების მიზნით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ რეგლამენტის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ტვირთის ხელით აწევა – ტვირთის ნებისმიერი გადაადგილება ან დაჭერა ერთი ან მეტი დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ, მათ შორის, ტვირთის აწევა, დადება, მიწოლა, გაწევა, ტარება ან გადატანა, რომელიც, ტვირთის მახასიათებლების ან არახელსაყრელი ერგონომიული პირობების გამო, დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველია (განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკი);

ბ) სამუშაო სივრცე − ყველა სამუშაო ადგილისა და იმ ტერიტორიის ერთობლიობა, სადაც დასაქმებული და სხვა პირი იმყოფებიან/ გადაადგილდებიან სამსახურებრივი დანიშნულებით და რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ დამსაქმებელი აკონტროლებს;

გ) სამუშაო ადგილი − კონკრეტული ადგილი, სადაც დასაქმებული და სხვა პირი უშუალოდ ახორციელებენ შრომით საქმიანობას;

დ) დამსაქმებელი − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული ფიზიკური ან იურიდიული პირი  ან/და პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება;

ე) დასაქმებული − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე;

ვ) სხვა პირი − პირი, რომელიც დამსაქმებლის ნებართვით ან სხვა ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს სამუშაოს ან ახორციელებს საქმიანობას, აგრეთვე მიმწოდებელი, ვიზიტორი, საწარმოო/სამუშაო პრაქტიკის განმახორციელებელი პირი და სხვა;

ზ) ერგონომიკა − სამუშაო ადგილის, მოწყობილობა-დანადგარებისა და ადამიანის ურთიერთქმედების პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო, კომფორტული სამუშაო ადგილის შექმნასა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას, დასაქმებულის ჯანმრთელობის დაზიანებისა და დაზიანების რისკის შესამცირებლად.

2. რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინთა განმარტებისას უპირატესად გამოიყენება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.

მუხლი 3. დამსაქმებლის მოვალეობები

1. დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები ან გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები, განსაკუთრებით მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან აიცილოს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა.

2. იქ, სადაც შეუძლებელია ტვირთის ხელით აწევის თავიდან აცილება, დამსაქმებელი ვალდებულია:

ა) მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები, გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები ან უზრუნველყოს დასაქმებულები და სამუშაო სივრცეში მყოფი  სხვა პირები ასეთი საშუალებებით, რათა შემცირდეს ამ რეგლამენტის №1 დანართით განსაზღვრული ტვირთის ხელით აწევასთან დაკავშირებული რისკები;

ბ) სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ ეს შესაძლებელია, წინასწარ შეაფასოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობები და შეისწავლოს ტვირთის მახასიათებლები რეგლამენტით გათვალისწინებული №1 დანართის შესაბამისად;

გ) მიიღოს შესაბამისი ზომები დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ჯანმრთელობის (განსაკუთრებით ზურგის) დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად და ამ მიზნით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სამუშაო გარემოს მახასიათებლებისა და სამუშაოს სპეციფიკისა და ამ რეგლამენტის №1 დანართით განსაზღვრული მახასიათებლების შესაბამისად;

დ) სამუშაო სივრცე მოაწყოს ისე, რომ ტვირთის ხელით აწევა იყოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობისათვის  მაქსიმალურად უსაფრთხო.

3. რეგლამენტის მიზნებისთვის დამსაქმებელი ვალდებულია, გაითვალისწინოს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და  სამუშაო სივრცეში რისკების შეფასების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები, ასევე რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრული ინდივიდუალური რისკის ფაქტორები.

მუხლი 4. ინფორმირება, სწავლება, კონსულტირება და ჩართულობა

1. სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულებს, სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირებს ან/და დასაქმებულთა წარმომადგენლებს მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ საჭირო ღონისძიების შესახებ, რომელიც  უნდა განხორციელდეს ტვირთის ხელით აწევასთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის, დამსაქმებელი უნდა დარწმუნდეს, რომ დასაქმებულთათვის, სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების ან/და დასაქმებულთა წარმომადგენლებისთვის მიწოდებული ინსტრუქციები მოიცავს ზოგად მითითებებსა და, სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად ზუსტ ინფორმაციას ტვირთის წონისა და ტვირთის სიმძიმის ცენტრის შესახებ.

3. დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთათვის, სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების ან/და დასაქმებულთა წარმომადგენლებისთვის დამატებით უზრუნველყოს შესაბამისი სწავლებისა და ინსტრუქტაჟის ჩატარება ტვირთის სწორად გადატანისა და ყველა იმ რისკის თაობაზე, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ ისინი რეგლამენტის №1 და №2 დანართებით განსაზღვრული ნორმების არასწორად შესრულების შემთხვევაში.

4. დამსაქმებელი ვალდებულია, რეგლამენტითა და რეგლამენტის №1 და №2 დანართებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, გამართოს კონსულტაციები დასაქმებულებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან, ასევე – შექმნას პირობები მათი ჩართულობისთვის, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

დანართი №1

ტვირთის ხელით აწევის მახასიათებლები

მუხლი 1. ტვირთის მახასიათებლები

ტვირთის ხელით აწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობისათვის (განსაკუთრებით ზურგის) ზიანის მიყენების რისკი, თუ ტვირთი:

ა) მეტისმეტად მძიმე ან მეტისმეტად დიდია;

ბ) მოუხერხებელი ან ხელმოსაჭიდად რთულია;

გ) მოძრავია ან აქვს მოძრავი შიგთავსი;

დ) ისეა განთავსებული, რომ მისი აწევა ან გადაადგილება მოითხოვს სხეულის ზედა ნაწილიდან ტვირთის მოშორებას, სხეულის ზედა ნაწილის დახრას ან სხეულის ზედა ნაწილის მობრუნებას;

ე) კონფიგურაციის ან/და კონსისტენციის გამო შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირისთვის, განსაკუთრებით შეჯახების შემთხვევაში.

მუხლი 2. საჭირო ფიზიკური ძალისხმევა

ფიზიკურმა ძალისხმევამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობისათვის (განსაკუთრებით ზურგის) ზიანის მიყენების რისკი, თუ ფიზიკური დატვირთვა:

ა) გადაჭარბებულია;

ბ) გამოწვეულია მხოლოდ სხეულის ზედა ნაწილის შემობრუნების შედეგად;

გ) შესაძლოა უკავშირდებოდეს ტვირთის უეცარ მოძრაობას;

დ) მომდინარეობს სხეულის არა მყარი/სტატიკური მდგომარეობიდან.

მუხლი 3. სამუშაო გარემოს მახასიათებლები

სამუშაო გარემოს მახასიათებლებმა შესაძლოა გაზარდოს ჯანმრთელობისათვის (განსაკუთრებით ზურგის) ზიანის მიყენების რისკი, თუ:

ა) არ არის საკმარისი სივრცე ტვირთის გადასაადგილებელი მოქმედებების განსახორციელებლად, განსაკუთრებით – ვერტიკალურად ტვირთის გადაადგილების დროს;

ბ) იატაკის ზედაპირი უსწორმასწორო ან სრიალაა, რაც ქმნის წაბორძიკების/წაქცევის ან ფეხსაცმლის ასრიალების რისკს;

გ) სამუშაო ადგილი ან სამუშაო გარემო არ იძლევა ტვირთის უსაფრთხო სიმაღლეზე აწევის ან დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირისთვის მოსახერხებელ მდგომარეობაში მოძრაობის საშუალებას;

დ) იატაკის დონე ან სამუშაოს ზედაპირი არის მრავალდონიანი, რაც განაპირობებს ტვირთის სხვადასხვა სიმაღლეზე გადაადგილებას;

ე) იატაკი ან ფეხის სადგამი არამყარია;

ვ) ტემპერატურა, ტენიანობა ან ვენტილაცია არ შეესაბამება სამუშაო პირობებს.

მუხლი 4. სამუშაო სივრცეში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი მოქმედებები შესაძლოა შეიცავდეს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობის, განსაკუთრებით – ზურგის დაზიანების რისკს, თუ მასზე მოქმედებს ქვემოთ მოყვანილი ერთი ან რამდენიმე ფაქტორი:

ა) გადამეტებულად ხშირი ან ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, რომლის დროსაც განსაკუთრებული დატვირთვა მოდის ხერხემალზე;

ბ) არასაკმარისი დრო ფიზიკური დასვენების ან ენერგიის აღდგენისთვის;

გ) გადამეტებული ინტენსივობით ტვირთის აწევა, დაშვება ან შორ მანძილზე გადატანა;

დ) სამუშაო პროცესით გამოწვეული სამუშაოს შესრულების ტემპი, რომლის შეცვლაც დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის მიერ შეუძლებელია.

დანართი №2

ინდივიდუალური რისკის ფაქტორები

დასაქმებულსა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთან დაკავშირებული რისკები

დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობა შეიძლება აღმოჩნდეს რისკის ქვეშ, თუ:

ა) მისი ფიზიკური მონაცემები ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მისთვის მიცემულ კონკრეტულ დავალებას;

ბ) ატარებს სამუშაოსთან შეუსაბამო ტანსაცმელს, ფეხსაცმელს ან სხვა ინდივიდუალურ საშუალებებს;

გ) არ აქვს სათანადო ცოდნა ან არ გაუვლია შესაბამისი სწავლება.