დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 153 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 13/04/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.023986 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/04/2023 - 19/03/2024)
|
არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 23-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესი“ დანართებით. |
მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილება. |
მუხლი 3 |
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების შესაბამისობაში მოყვანა ამ დადგენილების მოთხოვნებთან, მისი ამოქმედებიდან 4 წლის განმავლობაში. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან. |
|
არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესი
|
მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები
1. არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესში (შემდგომში – წესი) გამოყენებულ ტერმინებს ამავე წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური; ბ) სააგენტო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო; გ) სურსათი/ცხოველის საკვები – არაცხოველური წარმოშობის სურსათი/ცხოველის საკვები; დ) საერთო შესვლის დოკუმენტი – ამ წესის დანართ №5-ით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომლის პირველ ნაწილს (წინასწარი შეტყობინება) ავსებს ტვირთზე პასუხისმგებელი პირი, ხოლო მეორე ან/და მესამე ნაწილში უფლებამოსილი პირის მიერ ხდება ტვირთზე განხორციელებული კონტროლის შედეგების ასახვა, ამავე წესის დანართ №6-ის შესაბამისად; ე) სასაზღვრო კონტროლის პუნქტი (სკპ) – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი, ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლი; ვ) ტვირთი – სურსათის/ცხოველის საკვების განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც გადაადგილდება ერთი სახის სატრანსპორტო საშუალებით, ერთი „ოფიციალური სერტიფიკატი საქართველოში იმპორტისათვის“ (დანართი №7) ან სხვა დოკუმენტის თანხლებით და გამოგზავნილია ერთი და იმავე ქვეყნიდან ან რეგიონიდან; ზ) დოკუმენტური შემოწმება – ტვირთის თანმხლები დოკუმენტების შემოწმება საქართველოში იმპორტისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; თ) იდენტურობის შემოწმება – ვიზუალური დათვალიერება, რომელიც მოიცავს სატრანსპორტო საშუალების, ტვირთისა და მათზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალების/ნიშანდების/ეტიკეტის შემოწმებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თანმხლები დოკუმენტების ტვირთთან შესაბამისობის დადგენა; ი) ფიზიკური შემოწმება – ტვირთის შემოწმება, რაც შეიძლება, მოიცავდეს სატრანსპორტო საშუალების, შეფუთვის, ეტიკეტისა და ტემპერატურული რეჟიმის შემოწმებას, ნიმუშის აღებას ანალიზისათვის, ლაბორატორიულ და სხვა აუცილებელ შემოწმებას; კ) უფლებამოსილი პირი – სათანადო კვალიფიკაციის მქონე, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების უფლებამოსილება; ლ) ტვირთზე პასუხისმგებელი პირი – ტვირთის მფლობელი (მათ შორის, ტვირთის გადამაადგილებელი პირი), მესაკუთრე ან მათი წარმომადგენელი; მ) იმპორტი – საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოქცევა; ნ) სეს ესნ – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა. 2. ამ წესში გამოყენებული ტერმინები, რომლებიც არ არის განმარტებული ამ მუხლის პირველი პუნქტით, გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსსა და საქართველოს საბაჟო კოდექსში. მუხლი 2. ზოგადი დებულებები 1. ამ წესის მიზანია იმპორტისათვის განკუთვნილი არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, სათანადო პირობებისა და სავალდებულო პროცედურების განსაზღვრა. 2. ამ წესით გათვალისწინებული კონტროლი ვრცელდება: ა) ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული ნუსხით გათვალისწინებულ არაცხოველური წარმოშობის სურსათზე/ცხოველის საკვებზე; ბ) ამ წესის დანართ №2-ის ცხრილ №1-ით განსაზღვრული ნუსხით გათვალისწინებულ, მიკოტოქსინებით, მათ შორის, აფლატოქსინებით, პესტიციდების ნარჩენებით, მიკრობიოლოგიური, პენტაქლოროფენოლით და დიოქსინებით დაბინძურების საფრთხის შემცველ, სპეციალურ მოთხოვნებს (პირობებს) დაქვემდებარებულ არაცხოველური წარმოშობის სურსათზე/ცხოველის საკვებზე; გ) ამ წესის დანართ №2-ის ცხრილ №2-ით განსაზღვრული ნუსხით გათვალისწინებულ, ორი ან მეტი ინგრედიენტისგან შედგენილ პროდუქტზე, რომელიც ცალკეულად ან ჯამურად შეიცავს 20%-ზე მეტი ოდენობით ამავე დანართის ცხრილ №1-ით განსაზღვრულ, აფლატოქსინით დაბინძურების საფრთხის შემცველ სურსათს; დ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, სურსათის/ცხოველის საკვების კონკრეტულ სახეობებზე, რომლებიც განისაზღვრება, სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ამ წესის №1 და №2 დანართებით განსაზღვრული ნუსხები ექვემდებარება გადახედვას და, საჭიროებისამებრ, განახლებას 6 თვეში ერთხელ. 4. ეს წესი არ ვრცელდება: ა) პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ, მგზავრის ბარგით, ხელბარგით ან/და ფიზიკური პირის საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე, რომელიც არ არის გამიზნული ბაზარზე განთავსებისათვის და რომლის ნეტო წონა არ აღემატება: ა.ა) ახალი ხილისა და ბოსტნეულის შემთხვევაში – 5 კილოგრამს; ა.ბ) სხვა პროდუქტების შემთხვევაში – 2 კილოგრამს; ბ) სავაჭრო/ლაბორატორიული ნიმუშის სახით შემოტანილ ან საგამოფენო/სამეცნიერო მიზნებისათვის განკუთვნილ საქონელზე, რომელიც არ არის გამიზნული ბაზარზე განთავსებისათვის და რომლის ნეტო წონა არ აღემატება: ბ.ა) ახალი ხილისა და ბოსტნეულის შემთხვევაში – 50 კილოგრამს; ბ.ბ) სხვა პროდუქტების შემთხვევაში – 10 კილოგრამს. 5. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, რომელიც უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიზნობრივ გამოყენებას, ტვირთზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, სასაზღვრო კონტროლის პუნქტს მოთხოვნისამებრ წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები. 6. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმებისგან (ნიმუშის აღებისა და ლაბორატორიული ანალიზის ჩათვლით) გაათავისუფლოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სურსათი/ცხოველის საკვები, რომლის ნეტო წონა აღემატება ამავე ქვეპუნქტით დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს, თუ სრულდება შემდეგი პირობები: ა) სააგენტოს მიერ გაცემულია წინასწარი თანხმობა ტვირთზე პასუხისმგებელი პირის განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა.ა) ტვირთის შემოტანის მიზანი; ა.ბ) დანიშნულების ადგილი; ა.გ) ვალდებულება, რომ ტვირთი არ იქნება ბაზარზე განთავსებული; ბ) ტვირთი შემოტანისას წარდგენილი იქნება სასაზღვრო კონტროლის პუნქტში. 7. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური. მუხლი 3. სასაზღვრო კონტროლის პუნქტი 1. სასაზღვრო კონტროლის პუნქტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 2. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სასაზღვრო კონტროლის პუნქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) ჰყავდეს თანამშრომელთა შესაბამისი რაოდენობა, რომელთაც შეუძლიათ, განახორციელონ ტვირთის შემოწმება; ბ) ჰქონდეს: ბ.ა) შესაბამისი ფართი კონტროლის პროცედურების ჩასატარებლად; ბ.ბ) სათავსები, სადაც ლაბორატორიული ანალიზის პასუხის მიღებამდე სათანადო პირობებში მოხდება ტვირთის შენახვა; ბ.გ) შესაბამისი დაცული ტერიტორია, აღჭურვილობა და საშუალებები ტვირთის გადმოსატვირთად, ნიმუშების ასაღებად და ლაბორატორიაში გასაგზავნად; გ) ჰქონდეს დეტალური ინსტრუქცია ტვირთიდან ნიმუშის აღებისა და ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გაგზავნის შესახებ. მუხლი 4. საერთო შესვლის დოკუმენტი 1. ტვირთი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შეიძლება, შემოტანილ იქნეს მხოლოდ სასაზღვრო კონტროლის პუნქტის გავლით. 2. ტვირთზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე არანაკლებ 24 საათით ადრე, ტვირთის შემოტანის სავარაუდო თარიღისა და დროის, ასევე ტვირთის სახეობის შესახებ წინასწარი შეტყობინება წარუდგინოს იმ სასაზღვრო კონტროლის პუნქტს, რომლის გავლითაც მოხდება ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა. იმ შემთხვევაში, როდესაც ტვირთის გადაზიდვებთან დაკავშირებული ლოჯისტიკური პროცესების შეფერხების გამო ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ვერ ხერხდება წინასწარი შეტყობინების გაგზავნა, აღნიშნული ვალდებულება შესაძლებელია, შესრულდეს ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე არანაკლებ 4 საათით ადრე. 3. სასაზღვრო კონტროლის პუნქტს წინასწარი შეტყობინება წარედგინება „საერთო შესვლის დოკუმენტის“ ფორმით, ელექტრონულად (დანართი №5). 4. უფლებამოსილი პირის მიერ ტვირთზე განხორციელებული კონტროლის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება აისახება „საერთო შესვლის დოკუმენტის“ II და III ნაწილებში. 5. ტვირთის შემდგომი ტრანსპორტირებისას მას თან უნდა ახლდეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული „საერთო შესვლის დოკუმენტი“. მუხლი 5. კონტროლის პროცედურები 1. ტვირთის შემოწმება იწყება სასაზღვრო კონტროლის პუნქტში „საერთო შესვლის დოკუმენტის“ წარდგენის შემდეგ. 2. უფლებამოსილი პირი სასაზღვრო კონტროლის პუნქტში ახორციელებს: ა) ტვირთის დოკუმენტურ შემოწმებას; ბ) ტვირთის იდენტურობისა და ფიზიკურ შემოწმებას, მათ შორის, ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღებას. 3. დოკუმენტური შემოწმების მიზნით, სასაზღვრო კონტროლის პუნქტს წარედგინება: ა) ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრულ სურსათზე/ცხოველის საკვებზე – ტვირთის სატრანსპორტო დოკუმენტი, ანგარიშფაქტურა (ინვოისი), საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) ამ წესის დანართ №2-ით განსაზღვრულ სურსათზე/ცხოველის საკვებზე, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით – „ოფიციალური სერტიფიკატი საქართველოში იმპორტისათვის“ (დანართი №7) და ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ლაბორატორიული კვლევის ოქმი. 4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური/სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარსადგენი სხვა დოკუმენტი. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლაბორატორიული კვლევის ოქმის შედეგების საფუძველზე, ამ წესის დანართ №2-ის ცხრილ №1-ის არსებული საფრთხის გრაფით განსაზღვრული მაჩვენებლის მიხედვით, შესაბამის სურსათზე/ცხოველის საკვებზე დგინდება: ა) „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა; ბ) „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა; გ) პენტაქლოროფენოლის მაჩვენებელი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 0.01 მგ/კგ-ს; დ) Salmonella-ს არარსებობა სურსათის/ცხოველის საკვების 25 გრამში. 6. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმება (მათ შორის, ლაბორატორიული ანალიზისთვის ნიმუშების აღება) ხორციელდება შესაბამისი ნუსხით დამტკიცებული, რისკზე დაფუძნებული სიხშირის მიხედვით, მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის გამოყენებით. 7. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქტის იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმება (მათ შორის, ლაბორატორიული ანალიზისთვის ნიმუშის აღება) ხორციელდება შემდეგი წესის დაცვით: ა) თუ პროდუქტი შეიცავს ამ წესის დანართ №2-ის ცხრილ №1-ის მხოლოდ ერთი პოზიციით გათვალისწინებულ სურსათს – ამავე პოზიციისთვის განსაზღვრული სიხშირის შესაბამისად; ბ) თუ პროდუქტი შეიცავს ამ წესის დანართ №2-ის ცხრილ №1-ის რამდენიმე პოზიციით გათვალისწინებულ სურსათს – იმ პოზიციის შესაბამისად, რომლისთვისაც განსაზღვრულია ყველაზე მაღალი სიხშირე. 8. სურსათის/ცხოველის საკვების იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმება (მათ შორის, ლაბორატორიული ანალიზისთვის ნიმუშის აღება) შესაძლებელია განხორციელდეს ასევე ეჭვის საფუძველზე. 9. სურსათის/ცხოველის საკვების იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმება უნდა ხორციელდებოდეს ისე, რომ ტვირთზე პასუხისმგებელი პირისათვის შეუძლებელი იყოს იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ რომელი კონკრეტული ტვირთი დაექვემდებარება შემოწმებას. 10. სურსათის/ცხოველის საკვების იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმება შესაძლებელია, განხორციელდეს სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში, შემდეგი მინიმალური მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში: ა) დოკუმენტური შემოწმების შედეგები დამაკმაყოფილებელია; ბ) ადგილი/ტერიტორია აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ გაუარესდება ჩატარებული კონტროლის ეფექტიანობა; გ) არ მოხდება ტვირთის გახსნა ან სასაქონლო სახის რაიმე ფორმით შეცვლა და ტვირთი დარჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ. მუხლი 6. ნიმუშის აღება 1. ლაბორატორიული ანალიზისათვის სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუშის აღება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთანავე, აღებული ნიმუში (გარდა ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ლაბორატორიული ანალიზისათვის იგზავნება შემოსავლების სამსახურის მიერ შერჩეულ, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში ან კანონით პირდაპირ განსაზღვრულ სხვა პირთან. 2. ტვირთზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, სასაზღვრო კონტროლის პუნქტის უფლებამოსილი პირის მითითებით უზრუნველყოს ტვირთის/მისი ნაწილის ჩამოტვირთვა, ხოლო სპეციფიკური შეფუთვის მქონე საქონლის ან/და სპეციალური ტრანსპორტით გადაადგილების შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს წარუდგინოს სათანადო აღჭურვილობა. 3. ნიმუშის აღება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მიერ, შემდეგი მოთხოვნების დაცვით: ა) ამ წესის №1 და №2 დანართებით განსაზღვრული მიკოტოქსინებით, მათ შორის, აფლატოქსინებით დაბინძურების საფრთხის შემცველი სურსათიდან ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს „სურსათში მიკოტოქსინების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ შესაბამისად; ბ) ამ წესის №1 და №2 დანართებით განსაზღვრული მიკოტოქსინებით, მათ შორის, აფლატოქსინებით დაბინძურების საფრთხის შემცველი ცხოველის საკვებიდან ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს „ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლისათვის ნიმუშის აღებისა და გამოკვლევის მეთოდების“ შესაბამისად; გ) ამ წესის №1 და №2 დანართებით განსაზღვრული პესტიციდების ნარჩენების საფრთხის შემცველი სურსათიდან ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს „ტექნიკური რეგლამენტის – „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის განსაზღვრისათვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ნიმუშის აღების მეთოდების“ შესაბამისად; დ) ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული, პენტაქლოროფენოლითა და დიოქსინებით დაბინძურების საფრთხის შემცველი გუარის ფქვილიდან (გუარის გუმფისიდან) ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს „ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლისათვის ნიმუშის აღებისა და გამოკვლევის მეთოდების“ შესაბამისად; ე) ამ წესის №1 და №2 დანართებით განსაზღვრულ არაცხოველური წარმოშობის სურსათში, რომელშიც საფრთხედ განსაზღვრულია Salmonella-თი დაბინძურება, ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს ამ წესის №3 დანართის შესაბამისად. 4. თუ სურსათის/ცხოველის საკვების მიმართ ამ წესის №1 და №2 დანართებით განსაზღვრულია საფრთხე, რომლის კვლევაზეც საქართველოში არ არსებობს აკრედიტებული ლაბორატორია, ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი სურსათის/ცხოველის საკვების იმპორტზე გადაწყვეტილება მიიღება ლაბორატორიული კვლევის განხორციელების გარეშე. მუხლი 7. სურსათის/ცხოველის საკვების ლაბორატორიული ანალიზისათვის რეფერენტული ნიმუშის აღება 1. სურსათის/ცხოველის საკვების ლაბორატორიული ანალიზისათვის რეფერენტული ნიმუშის აღება ხორციელდება ტვირთზე პასუხისმგებელი პირის მოთხოვნით, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დროს, ლაბორატორიული ნიმუშის აღების პარალელურად. 2. რეფერენტული ნიმუშის აღების შემთხვევაში, ორმაგდება ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა. ამასთანავე, გაერთიანებული ნიმუშიდან გამოიყოფა 2 ერთნაირი ნიმუში, რომელთაგან ერთი (ლაბორატორიული ნიმუში) იგზავნება ლაბორატორიაში ანალიზისათვის, ხოლო მეორე (რეფერენტული) გადაეცემა ტვირთზე პასუხისმგებელ პირს და ინახება იმავე სატრანსპორტო საშუალებაში, ტვირთისგან განცალკევებით. ამ წესით აღებული ნიმუშები იფუთება, ინომრება, ილუქება და მათზე კეთდება აღნიშვნები: დასახელება, წონა, რაოდენობა, ნიმუშის აღების თარიღი და ნიმუშის ამღები უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი. 3. თუ ტვირთზე პასუხისმგებელი პირი არ ეთანხმება ლაბორატორიული ნიმუშის ანალიზის შედეგებს, ხორციელდება რეფერენტული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი. 4. რეფერენტული ნიმუშის ანალიზის ჩასატარებლად მხარეთა შეთანხმებით შეირჩევა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ეროვნული ან საერთაშორისო რეფერენსლაბორატორია. 5. რეფერენტული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გამოცემული დასკვნა საბოლოოა. 6. რეფერენტული ნიმუშის აღება და ლაბორატორიული კვლევა ხორციელდება ტვირთზე პასუხისმგებელი პირის ხარჯით. მუხლი 8. ოფიციალური სერტიფიკატი საქართველოში იმპორტისათვის 1. თითოეულ ტვირთს, რომელიც მიეკუთვნება ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრულ ნუსხებს, თან უნდა ახლდეს ოფიციალური სერტიფიკატი საქართველოში იმპორტისათვის (დანართი №7). 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სერტიფიკატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) გაცემული უნდა იყოს ტვირთის წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წარმოშობის და გამომგზავნი ქვეყნები სხვადასხვაა – გამომგზავნი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ; ბ) უნდა შეიცავდეს ტვირთის საიდენტიფიკაციო კოდს (როგორც ეს აღნიშნულია ამ წესის მე-9 მუხლში); გ) მასზე დატანილი უნდა იყოს სერტიფიკატის გამცემი პირის ხელმოწერა და კომპეტენტური ორგანოს ბეჭედი; დ) პუნქტები/გრაფები, რომლებიც კონკრეტულ ტვირთთან მიმართებით არ არის რელევანტური, შესაძლებელია იყოს გადახაზული (რაც დამოწმებული უნდა იყოს გამცემი პირის მიერ ინიციალებითა და ბეჭდით) ან მთლიანად ამოღებული სერტიფიკატიდან; ე) უნდა შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე ფურცლისაგან, რომლებიც დანომრილი უნდა იყოს ისე, რომ თითოეული მიუთითებდეს განსაზღვრული თანმიმდევრობის კონკრეტულ გვერდზე; ვ) უნდა ჰქონდეს უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატი შედგება რამდენიმე გვერდისაგან, თითოეულ გვერდზე დატანილი უნდა იყოს აღნიშნული ნომერი, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და კომპეტენტური ორგანოს ბეჭედი; ზ) გაცემული უნდა იყოს მისი გამცემი ქვეყნის ტერიტორიიდან ტვირთის გამოგზავნამდე; თ) შევსებული უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ხოლო სხვა ენაზე შევსების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის მოთხოვნისამებრ, წარდგენილი უნდა იქნეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი; ი) გამცემი უფლებამოსილი პირის ხელმოწერისა და კომპეტენტური ორგანოს ბეჭდის ფერი უნდა განსხვავდებოდეს დაბეჭდილი ტექსტის ფერისგან. 3. ოფიციალური სერტიფიკატი მოქმედია გაცემიდან 4 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ლაბორატორიული დასკვნის გაცემიდან არ არის გასული 6 თვე. 4. ელექტრონული ფორმით გაცემული ოფიციალური სერტიფიკატი შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს იმ პირობით, რომ იგი გაცემულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, აქვს ელექტრონული ხელმოწერა, კომპეტენტური ორგანოს ელექტრონული ბეჭედი და სერტიფიკატის გადამოწმება შესაძლებელია შესაბამისი ავტომატიზებული სისტემის გამოყენებით. 5. ოფიციალური სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ან როდესაც მასში მითითებული ინფორმაცია არის შეცდომით, შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შეცვლილი (ჩამნაცვლებელი) სერტიფიკატი იმ პირობით, რომ: ა) მასში არ იქნება შეცვლილი თავდაპირველი სერტიფიკატის მონაცემები ტვირთის იდენტიფიკაციასთან, მიკვლევადობასა და გარანტიებთან დაკავშირებით; ბ) მითითებული იქნება თავდაპირველი სერტიფიკატის უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი, გაცემის თარიღი და ინფორმაცია, რომ იგი გაიცა თავდაპირველი სერტიფიკატის ნაცვლად; გ) მითითებული იქნება თავდაპირველი სერტიფიკატისგან განსხვავებული უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი; დ) მითითებული იქნება ჩამნაცვლებელი სერტიფიკატის გაცემის თარიღი; ე) სასაზღვრო კონტროლის პუნქტისათვის წარდგენილია მისი ორიგინალი/დედანი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მუხლი 9. ტვირთის საიდენტიფიკაციო კოდი ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული სურსათის/ცხოველის საკვების იმპორტის შემთხვევაში: ა) თითოეულ ტვირთს უნდა ჰქონდეს საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიეთითება ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ სერტიფიკატსა და ლაბორატორიული კვლევის ოქმში; ბ) თითოეულ ტომარაზე ან შეფუთვის სხვა სახეზე დატანილი უნდა იქნეს საიდენტიფიკაციო კოდი; გ) თუ მიკოტოქსინით დაბინძურების (კონტამინაციის) რისკის შემცველი სურსათის/ცხოველის საკვების ერთ შეფუთვაში მოქცეულია რამდენიმე უფრო პატარა შეფუთვა/ერთეული, საკმარისია ტვირთის საიდენტიფიკაციო კოდის მითითება საერთო შეფუთვაზე, რომელიც ამ პატარა შეფუთვებს/ერთეულებს აერთიანებს. მუხლი 10. კონტროლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები 1. სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული სურსათის/ცხოველის საკვების იმპორტში მოქცევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით გათვალისწინებული შემოწმების შედეგები დამაკმაყოფილებელია და წარდგენილია სათანადო წესით შევსებული და დამოწმებული „საერთო შესვლის დოკუმენტი“. 2. ლაბორატორიული ანალიზის შედეგების მიღებამდე ტვირთი ექვემდებარება სასაზღვრო კონტროლის პუნქტში შეჩერებას, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. ფიზიკური შემოწმების (ლაბორატორიული ანალიზის) შედეგების მიღებამდე, უფლებამოსილმა პირმა შეიძლება, მიიღოს გადაწყვეტილება სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში ტვირთის შემდგომი გადაადგილების შესახებ იმ პირობით, რომ არ უნდა მოხდეს ტვირთის მთლიანობის დარღვევა და სასაქონლო სახის შეცვლა. 4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული სურსათი/ცხოველის საკვები, ლაბორატორიული ანალიზის შედეგების მიღებამდე შესაძლებელია, მოექცეს იმპორტში იმ პირობით, რომ: ა) ტვირთზე განხორციელებულია დოკუმენტური, იდენტურობის და ფიზიკური შემოწმება, რომლის შედეგებიც დამაკმაყოფილებელია; ბ) ტვირთზე პასუხისმგებელი პირის მიერ „საერთო შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის (გრაფა I.21) შევსებით გაცხადებულია ტვირთის შემდგომი გადაადგილება; გ) ფიზიკური შემოწმების (ლაბორატორიული ანალიზის) შედეგების მიღებამდე იკრძალება იმპორტში მოქცეული ტვირთის ბაზარზე განთავსება. 5. თუ ტვირთი/მისი ნაწილი არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, იკრძალება ასეთი ტვირთის/მისი ნაწილის საქართველოში იმპორტი და ტვირთზე პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით, უფლებამოსილი პირის მიერ მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ტვირთის/მისი ნაწილის განადგურება – იმ შემთხვევაში, თუ მიღებულ იქნა ტვირთის შემოტანაზე უარის გადაწყვეტილება და ვერ ხერხდება ასეთი ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა; ბ) ტვირთის/მისი ნაწილის გაბრუნება ან სხვა ქვეყანაში გადაგზავნა იმ პირობით, რომ: ბ.ა) ტვირთის დანიშნულების ქვეყანა შეთანხმებულია ტვირთზე პასუხისმგებელი პირის მიერ; ბ.ბ) ტვირთზე პასუხისმგებელი პირი დანიშნულების ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს წერილობით აცნობებს იმ მიზეზებისა და გარემოებების შესახებ, რომლის გამოც უარი ეთქვა ტვირთის შემოტანაზე; ბ.გ) თუ ტვირთის დანიშნულების ქვეყანა განსხვავდება მისი წარმოშობის/გამომგზავნი ქვეყნისგან, ტვირთზე პასუხისმგებელი პირი სასაზღვრო კონტროლის პუნქტში წარადგენს დანიშნულების ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს თანხმობას ასეთი ტვირთის მიღებაზე; გ) ტვირთის/მისი ნაწილის გადამუშავების ან სხვა მიზნით გამოყენების შესახებ. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ტვირთის/მისი ნაწილის გაბრუნება ან სხვა ქვეყანაში გადაგზავნა უნდა განხორციელდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ ტვირთი არ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი, იგი ექვემდებარება განადგურებას ტვირთზე პასუხისმგებელი პირის ხარჯით. მუხლი 11. ტვირთის დაშლა/დანაწილება ტვირთის დაშლა/დანაწილება შესაძლებელია მხოლოდ კონტროლის პროცედურების დასრულებისა და უფლებამოსილი პირის მიერ „საერთო შესვლის დოკუმენტის“ შევსების შემდეგ. მუხლი 12. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლობა სააგენტოსთან 1. შემოსავლების სამსახური და სააგენტო მონაცემთა გადაცემის ელექტრონული ან/და სხვა საშუალებით რეგულარულად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ცვლიან ინფორმაციას: ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნათა დაცვის სფეროში არსებული რისკებისა და მისაღები ზომების შესახებ; ბ) კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სხვა მონაცემების თაობაზე. 2. შემოსავლების სამსახური ელექტრონულად აწვდის ინფორმაციას სააგენტოს: ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის პროცედურების შედეგებს, თითოეული ტვირთის შესახებ, რომელიც ასახულია „საერთო შესვლის დოკუმენტში“; ბ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ტვირთის შემოტანის შესახებ. 3. ამ წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაშვებული სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევის გამოვლენისას ან/და ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას, შემოსავლების სამსახური ინფორმაციას შესაბამისი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ აწვდის სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, განხორციელებული/განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ აცნობებს შემოსავლების სამსახურს. მუხლი 13. შეზღუდვები და აკრძალვები აკრძალულია ამ წესის №4 დანართით განსაზღვრული სურსათის/ცხოველის საკვების იმპორტი. |
დოკუმენტის კომენტარები