დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 132 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/03/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010110010.10.003.023965 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (03/04/2023 - 14/11/2023)
|
საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით:
1. შეიქმნას საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარე; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; გ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი − საბჭოს წევრი; დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი − საბჭოს წევრი; ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − საბჭოს წევრი; ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი − საბჭოს წევრი; ზ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − საბჭოს წევრი; თ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − საბჭოს წევრი; ი) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი − საბჭოს წევრი; კ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი − საბჭოს წევრი; ლ) საქართველოს თავდაცვის მინისტრი − საბჭოს წევრი; მ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი − საბჭოს წევრი; ნ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი − საბჭოს წევრი; ო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე − საბჭოს წევრი; პ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − საბჭოს წევრი; ჟ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − საბჭოს წევრი; რ) სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი − საბჭოს წევრი. 2. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: ა) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს; ბ) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს; გ) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს; დ) საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს; ე) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს; ვ) საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს; ზ) საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარეს. 3. საბჭოს სხდომებში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის სხვა წევრებმა, სხვა სახელმწიფო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რელიგიურ კონფესიათა წარმომადგენლებმა, შესაბამისი სფეროს ექსპერტებმა. |
მუხლი 2 |
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს დებულება“.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭო“ (შემდგომში – საბჭო) შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. საბჭოს მიზანია საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების, რიცხოვნობის ზრდის სტაბილიზაციის, ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად, ერთიანი კონცეპტუალური მიდგომის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. 3. საბჭო თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 4. საბჭოს შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. მუხლი 2. საბჭოს ფუნქციები და ამოცანები საბჭო: ა) განიხილავს და მსჯელობს დემოგრაფიულ საკითხებსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე; ბ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს 2023 − 2030 წლების დემოგრაფიული განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებს; გ) უზრუნველყოფს სახელმწიფო დაწესებულებებს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას 2023 − 2030 წლების დემოგრაფიული განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების, განხორციელების, შესრულების მონიტორინგისა და შეფასების პროცესებში; დ) საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებს; ე) განახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პრიორიტეტებს შესაბამის სექტორულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში; ვ) ყოველწლიურად განახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს; ზ) ახორციელებს სტრატეგიის შესრულების შუალედურ შეფასებას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, სტრატეგიის დახვეწის მიზნით. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვისას საბჭო ახორციელებს მათი შესრულების საბოლოო შეფასებას და ანგარიშს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას; თ) განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 3. საბჭოს უფლებამოსილებანი დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, საბჭო უფლებამოსილია: ა) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები კანონმდებლობის რეფორმის, დემოგრაფიული განვითარების სტრატეგიის განახლებისა და სრულყოფის მიზნით; გ) საბჭოს კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებისათვის შექმნას საკონსულტაციო ჯგუფი (ჯგუფები) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შესაბამისი სფეროს ექსპერტების მონაწილეობით. მუხლი 4. საბჭოს მუშაობის ორგანიზება 1. საბჭოს ხელმძღვანელობს და საბჭოს სხდომებს წარმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 3. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, იმართება ექვს თვეში ერთხელ. 4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია საბჭოს თავმჯდომარის მიერ საბჭოს სხდომის ვადამდე მოწვევა. 5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იქმნება საბჭოს სამდივნო, რომელსაც მართავს საბჭოს მიერ დანიშნული მდივანი. საბჭოს სამდივნო ტექნიკურ დახმარებას უწევს საბჭოს, სამუშაო ჯგუფებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების საქმიანობას. 6. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 7. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებს. 8. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 9. საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 10. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. მუხლი 5. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |
დოკუმენტის კომენტარები