„საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022−2030 წლებისთვის)“ დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022−2030 წლებისთვის)“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2663-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010100000.09.001.016729
2663-XIმს-Xმპ
23/03/2023
ვებგვერდი, 28/03/2023
010100000.09.001.016729
„საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022−2030 წლებისთვის)“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

„საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022−2030 წლებისთვის)“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს პარლამენტი:

ადასტურებს რა, რომ თანამედროვე სამყარო ადამიანის უფლებების დაცვასა და განვითარებას საკვანძო პრიორიტეტად და განვითარების საზომად სახავს და, შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვის მუდმივი გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ნებისმიერი თანამედროვე, ცივილიზებული საზოგადოებისა და სახელმწიფოს დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია;

ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ეროვნულ სამართლებრივ წესრიგს, რომელიც შექმნილია სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს, ხელისუფლების დანაწილების, თანაზომიერების, სოციალური სახელმწიფოს, ეკონომიკური თავისუფლებისა და სხვა კონსტიტუციური პრინციპების საფუძველზე, ადგენს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულების უზენაესობას და იმავდროულად აყალიბებს მისი შემდგომი განვითარების ძირითად მიმართულებებს;

ასევე ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციის იმ უძირითადეს პრინციპებს, რომელთა თანახმად: „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.“;

იხსენებს რა, რომ საქართველოს აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შექმნით ადამიანის უფლებების დაცვის საკითხის პრიორიტეტულობის ხაზგასმით აღნიშვნის წარმატებული გამოცდილება და რომ პირველმა სტრატეგიამ („საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2014−2020 წლებისთვის)“) ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საერთო-ეროვნული განვითარების საქმეში;

აღიარებს რა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა არის საერთო-ეროვნული სტრატეგიული მიზანი და არა რომელიმე, ცალკე უწყების წინაშე მდგარი ამოცანა და, შესაბამისად, აუცილებელია ამ მიზნის გარშემო საერთო-ეროვნული ძალისხმევის კონსოლიდაცია, რის საშუალებასაც შექმნის ერთიანი ჩარჩოდოკუმენტის არსებობა;

მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022−2030 წლებისთვის) პროექტის შემუშავებას და დასამტკიცებლად ამ სტრატეგიის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენას;

ითვალისწინებს რა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისთვის სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მნიშვნელობას, აგრეთვე ამ პრინციპების განუხრელად დაცვის უზრუნველსაყოფად სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონების მიმართ მორჩილების პრინციპების მნიშვნელობას;

ასევე ითვალისწინებს რა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, როგორც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიების სისტემის ყველაზე უშუალო რგოლის, ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას;

ითვალისწინებს რა აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022−2030 წლებისთვის) საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველისა და ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს,

ადგენს:

1. დამტკიცდეს „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2022−2030 წლებისთვის)“ (თან ერთვის).

2. საქართველოს პარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022−2030 წლებისთვის) მნიშვნელობას და სტრატეგიით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების სტანდარტის უმაღლეს დონეზე დადგენის აუცილებლობას და ამ მიზნით გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:

ა) სტრატეგიის ტექსტის განმარტებისას, ამ სტრატეგიით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების პროცესის დაგეგმვისას და სტრატეგიიდან გამომდინარე სამოქმედო გეგმების შედგენისას და აღსრულებისას აუცილებელია, სტრატეგიის დებულებები ფართოდ და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განიმარტოს. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სამოქმედო გეგმების შედგენის ეტაპზე, როდესაც კონკრეტდება სტრატეგიის აღსრულების ღონისძიებები (ამ დროს მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტები, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სრულად და ექსპლიციტურად არის ეს სტანდარტები მითითებული სტრატეგიაში). სტრატეგიის განმარტების წყარო, სხვა წყაროებს შორის, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები, საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები, საუკეთესო სტანდარტები, რომლებიც დადგენილია ადამიანის უფლებათა დამცველი ავტორიტეტული დაწესებულებების მიერ, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებების დაცვის სპეციალიზებული კომიტეტები, აგრეთვე თემატური სახელმწიფო კონცეფციები და სტრატეგიული დოკუმენტები. სტრატეგიის განმარტების ამგვარი მეთოდოლოგია მისი აღსრულების პროცესში სახელმწიფოს ხედვისა და ვალდებულებების სისტემურად აღქმის შესაძლებლობას იძლევა;

ბ) საკვანძო საკითხია, რომ სტრატეგიის საფუძველზე და მის შესაბამისად თემატური სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების აღსრულების ვალდებულების მქონე ყველა უწყებამ როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართლის გამოყენების პროცესში სახელმძღვანელო პრინციპად აქციოს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა და გამორიცხოს ნებისმიერი დისკრიმინაციული მიდგომა;

გ) სტრატეგიიდან გამომდინარე სამოქმედო გეგმების შედგენისა და აღსრულების ეტაპებზე ერთ-ერთ საკვანძო საკითხად უნდა იქნეს მიჩნეული დისკრიმინაციის აღმოფხვრა და თანასწორი გარემოს შექმნა;

დ) ხელისუფლების ყველა შტომ, ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულებებმა, ყველა სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებამ სტრატეგიით უნდა იხელმძღვანელონ, რაც გულისხმობს ამ სტრატეგიით განსაზღვრული პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვისა და განხორციელების პროცესში წვლილის შეტანას და მათ მაქსიმალურად გათვალისწინებას უწყებრივი, სექტორული თუ ორგანიზაციული სტრატეგიული დოკუმენტების შექმნისას;

ე) სტრატეგიის აღსრულების პროცესის ხელშემწყობი არსებითი ფაქტორი იქნება შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მიერ სტრატეგიიდან გამომდინარე სამოქმედო გეგმების შედგენის პროცესში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის უზრუნველყოფა, აგრეთვე ამ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების აღსრულების ეტაპზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ინტენსიური და ხარისხიანი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა;

ვ) სტრატეგიის საფუძველზე და მის შესაბამისად თემატური სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებისა და მიღების პროცესში, აგრეთვე, ზოგადად, სამართალშემოქმედების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინკლუზიურობისა და სათანადო დაინტერესებული პირების მონაწილეობის ხელშეწყობა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, რაც გულისხმობს გადაწყვეტილებათა მომზადების პროცესში პროფესიული და აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების აქტიურ მონაწილეობას. ამ მიზნით რეკომენდებულია, შეიქმნას დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო პლატფორმები სექტორების მიხედვით და ეს პლატფორმები ინტენსიურად იქნეს გამოყენებული;

ზ) ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის თანამიმდევრულობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ყველა შესაბამისმა უწყებამ გადახედოს თავის უწყებრივ და სექტორულ სტრატეგიულ დოკუმენტებს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ამ დოკუმენტების სტრატეგიასთან ჰარმონიზაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უწყებრივი/სექტორული დოკუმენტით უფრო მაღალი უფლებრივი სტანდარტია გათვალისწინებული, ვიდრე სტრატეგიით;

თ) მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილ იქნეს სტრატეგიის ტექსტის პოპულარიზაცია ცენტრალური და ადგილობრივი  ხელისუფლებების დონეებზე, რადგან ამ სტრატეგიის სათანადოდ აღსრულება პირდაპირ უკავშირდება სტრატეგიის თაობაზე ცნობიერების ამაღლებას;

ი) ასევე მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიის მიხედვით ყველა შემდგომი საქმიანობის დაგეგმვის პროცესში განსაკუთრებით გამახვილდეს ყურადღება და პრიორიტეტებად გამოიკვეთოს ყველა საკითხი, რომლებსაც ეხება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული რეკომენდაციები, რომლებიც გულისხმობს 12 წინაპირობას საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

თბილისი,

23 მარტი 2023 წ.

N2663-XIმს-Xმპ