„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2662-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010100000.09.001.016730
2662-XIმს-Xმპ
23/03/2023
ვებგვერდი, 28/03/2023
010100000.09.001.016730
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 130-ე მუხლისა და 132-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დამტკიცდეს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

თბილისი,

23 მარტი 2023 წ.

N2662-XIმს-Xმპ




ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია

სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.“

                                                (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 11, პუნქტი 3)

 

საქართველოსთვის, რომლის მოსახლეობის 52% ქალია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ეკონომიკური შესაძლებლობების უფრო ეფექტიანად გამოყენებისა და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ არსებითი თანასწორობის პრინციპს და მიზნად ისახავს საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხედვის ჩამოყალიბებასა და ძირითადი პოლიტიკის განსაზღვრას. კონცეფცია ასაბუთებს ღონისძიებების როგორც მაკრო-, ისე მიკროდონეზე განხორციელების საჭიროებას და მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებით საქართველოში თანასწორობის განმტკიცებისკენ, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის კეთილდღეობისა და ეკონომიკური დოვლათის გაზრდას.

საქართველომ ქალთა თანაბარი ეკონომიკური მონაწილეობისა და მათი ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, თუმცა კვლავ არსებობს გამოწვევები, რომლებიც სისტემური მიდგომების დანერგვასა და ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებს. აღნიშნულ გამოწვევებს შორის არის რესურსების ხელმისაწვდომობის უთანასწორობა, ბარიერები აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარების, შემცირებისა და განაწილების მიმართულებით, სოციალური პოლიტიკის დახვეწის საჭიროება, პროფესიებთან დაკავშირებული სტერეოტიპული განწყობები, გენდერული სახელფასო სხვაობა, მათ შორის, სტრუქტურული დისკრიმინაციის შედეგად, და ამ სხვაობით გამოწვეული ცალკეული ფინანსური უთანასწორობები, აგრეთვე სხვა სტრუქტურული ბარიერები. არსებული ბარიერები განსაკუთრებით აისახება ეკონომიკაში ნაკლებად წარმოდგენილი ქალების სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ამის შედეგად ქალებს არ აქვთ თანაბარი შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში.

ამ გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს პარლამენტი შეიმუშავებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას, რომელიც ნათლად გამოხატავს სახელმწიფოს ნებას, განსაზღვროს გრძელვადიანი ხედვა, პოლიტიკა და პრიორიტეტები, აგრეთვე გამოყოს უფრო მეტი რესურსი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით არსებითი შედეგის მისაღწევად.

ამასთანავე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის მიზნებისთვის გენდერული თანასწორობა გულისხმობს პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ქალისა და მამაკაცის თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს, პასუხისმგებლობასა და თანასწორუფლებიან მონაწილეობას.

ამასთანავე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია აანალიზებს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ მდგომარეობას, პანდემიის შედეგად წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს და ქვეყნის მდგრად განვითარებაზე, მათ შორის, ქალთა გაძლიერებისთვის გაწეულ ძალისხმევაზე, კლიმატის (გარემოს) არსებითი ცვლილების შესაძლო გავლენას. ამის საპასუხოდ კონცეფციას ქალთა რეალური ეკონომიკური გაძლიერება მათი გრძელვადიანი მოწყვლადობის შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად მიაჩნია.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოდან და შეესაბამება სახელმწიფო დონეზე განსაზღვრულ პრიორიტეტებს. ამას გარდა, კონცეფცია ეყრდნობა ადამიანის უფლებების დაცვისა და ქალთა გაძლიერების საყოველთაო პრინციპებს და უპასუხებს საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.

 

1. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ცნება და ეკონომიკური მიზანშეწონილობა

1.1. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ცნება

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გულისხმობს ქალების მიერ საკუთარი უფლებების იმგვარად რეალიზებას, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მართონ და მიიღონ სარგებელი რესურსებიდან, აქტივებიდან, შემოსავლებიდან და თავიანთი დროის განკარგვიდან, იყვნენ კონკურენტუნარიანები ბაზარზე, დამოუკიდებლად მიიღონ ეკონომიკური გადაწყვეტილებები, დაგეგმონ საკუთარი ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის, მართონ რისკები და აქტიურად იყვნენ ჩართული ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში.

1.2. ეკონომიკური მიზანშეწონილობა

ემპირიული კვლევებით დასტურდება, რომ გენდერული თანასწორობა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და აუმჯობესებს განვითარების შედეგებს. მდგრადი ეკონომიკური განვითარების გზაზე აუცილებელია შემოსავლების უთანასწორობის დაძლევა, ეკონომიკური დივერსიფიკაციის გაზრდა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება.

გენდერული უთანასწორობის შემცირება და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება როგორც შესაძლებლობების, ისე შედეგების მიმართულებით, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას და, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს შემოსავლების უფრო თანასწორ გადანაწილებას.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის როგორც პირდაპირ, მთლიან შიდა პროდუქტზე (მშპ) სამუშაო ძალის ეფექტის გათვალისწინებით, ისე არაპირდაპირ, პროდუქტიულობაზე მისი გავლენით. ამას გარდა, ძლიერია კავშირი გენდერულ თანასწორობასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. ასევე ძლიერია კორელაცია გენდერულ უთანასწორობასა და შემოსავლების უთანასწორობას შორის. კერძოდ, გენდერული სახელფასო სხვაობა პირდაპირ არის დაკავშირებული შემოსავლების უთანასწორობასა და სამუშაო ძალაში არათანაბარ მონაწილეობასთან. შრომითი რესურსების არაოპტიმალური განაწილება კი ეკონომიკის ნაკლებ ეფექტიანობაში აისახება.

გენდერული თანასწორობის ასპექტების ეკონომიკურ პოლიტიკაში ინტეგრირებას თან ახლავს არა მხოლოდ მშპ-ის ზრდა, არამედ მრავალი სოციალური სარგებელი. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვთა განათლებასა და კეთილდღეობაში მეტი ინვესტიციის განხორციელება და თაობათა გარდამავალი უთანასწორობის რღვევა.

ამასთანავე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ეკონომიკური განვითარების წახალისებასთან ერთად, ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირების ქმედითი ინსტრუმენტია. სიღარიბეს 4 განსხვავებული, თუმცა ურთიერდამოკიდებული ძირითადი განზომილება აქვს: რესურსების, მათ შორის, დროის, ხელმისაწვდომობა; დამოუკიდებელი არჩევანისა და თანაბარი შესაძლებლობების არსებობა; გადაწყვეტილების მიღების პროცესში შედეგიანი მონაწილეობა და პიროვნული/ფიზიკური უსაფრთხოება. თითოეული მათგანი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. შესაბამისად, სიღარიბის შემცირება, თავის მხრივ, ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის განმტკიცებას და პირიქით.

საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ქალები მოსახლეობის 52%- შეადგენენ, ხოლო შრომის ბაზარზე შრომისუნარიანი ასაკის ქალთა მხოლოდ 40.5% მონაწილეობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქალების განათლების დონე მათ ეკონომიკურ აქტივობაში სათანადოდ არ აისახება, კერძოდ, უმუშევარ ქალთა 57.9%- აქვს უმაღლესი განათლება ან საშუალო პროფესიული განათლება. ამას თან ახლავს პროფესიების გამოკვეთილი გენდერული დაყოფა და სახელფასო სხვაობა.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ქალების სახით არსებული ეკონომიკური რესურსის უკეთ გამოყენება, კერძოდ, შრომის ბაზარზე არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა მშპ-ის 11.3%-იან ზრდას გამოიწვევდა.

საქართველოს პარლამენტი აცნობიერებს ქალთა გაძლიერების ეკონომიკურ მიზანშეწონილობას და შეიმუშავებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას.

 

2. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის მიზანი და სტრუქტურა

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია ეყრდნობა გაეროს მაღალი დონის რეკომენდაციებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ (გაერო, 2016).

გაეროს რეკომენდაციები აგებულია შემდეგი 7 ძირითადი მიმართულების გარშემო:

1. ეკონომიკური რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობა.

2. გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება.

3. საჯარო სექტორში შესყიდვებისა და დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება.

4. კერძო სექტორში დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება.

5. აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება.

6. ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ქალების ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზების წახალისება.

7. წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლა.

თითოეული მიმართულება მნიშვნელოვანი წინაპირობაა, მათი ერთობლიობა კი ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გარდაქმნას და ქალთა სისტემური ეკონომიკური გაძლიერებისთვის თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციით განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების განხორციელებას უზრუნველყოფენ ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციით განსაზღვრული მიმართულებებია:

1. ეკონომიკური რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობაუძრავი ქონების, ფინანსური სერვისების, ძირითადი აქტივებისა და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და მათი ეფექტიანი გამოყენება.

2. გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერებაარსებული საკანონმდებლო და პოლიტიკური ჩარჩოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელფასო სხვაობის შემცირება, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების მარეგულირებელი ნორმების დახვეწა.

3. საჯარო სექტორში შესყიდვებისა და დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესებაქალის მფლობელობაში არსებული ბიზნესის საჯარო შესყიდვებში მონაწილეობის მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება, მათ შორის, ქალის მფლობელობაში არსებული ბიზნესის დეფინიციისთვის კრიტერიუმების განსაზღვრა, ამ ბიზნესის სერტიფიცირება და შესაბამისი ბიზნესრეესტრის წარმოება.

4. კერძო სექტორში დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესებაკერძო სექტორში დასაქმებული ქალების შრომითი უფლებების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება.

5. აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილებასახელმწიფოს მიერ ზრუნვის პოლიტიკის შემუშავება; ზრუნვის ტვირთის აღიარება, შემცირება და გადანაწილება; დამატებითი სტიმულირების პროგრამების შემუშავება.

6. ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ქალების ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზების წახალისებაქალთა ცნობიერების ამაღლებისა და სტერეოტიპული განწყობების დაძლევის ხელშეწყობა.

7. წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლაარსებული გენდერული და სოციალურ-ეკონომიკური ბარიერების აღმოფხვრა და თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

ამას გარდა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია წარმოადგენს ხედვას საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისთვის. კონცეფციის სტრუქტურა მოიცავს აგრეთვე მისი აღსრულების ძირითად პრინციპებს, რომლებიც კონცეფციის ურთიერთდაკავშირებული ღირებულებებია.

 

3. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის კავშირი საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან

3.1. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2021-2027 წლების დღის წესრიგი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია ითვალისწინებს და ეყრდნობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2021-2027 წლების დღის წესრიგით განსაზღვრულ პრიორიტეტებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია. კონცეფცია ეხმიანება აგრეთვე საქართველოს მიერ წარდგენილ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადზე ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებაში მოცემული მე-9 რეკომენდაციის შესრულებას. შესაბამისად, სახელმწიფო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობით გააერთიანებს ძალისხმევას გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა მიმართ ძალადობასთან საბრძოლველად.

3.1.1. გამძლე, მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბებაევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ახალი დღის წესრიგის თანახმად, გამძლე, მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკური სისტემის განუყოფელი ნაწილია ღირსეული შრომის პირობებისა და ეფექტიანი დასაქმების პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ეყრდნობა გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპს. გამძლე, მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება ითვალისწინებს აგრეთვე შრომის ბაზარზე და ბიზნესში ქალთა მეტი მონაწილეობის წახალისებას.

3.1.2. მდგრადი, სამართლიანი და ჩართული საზოგადოების ჩამოყალიბებაევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ახალი დღის წესრიგით გენდერული თანასწორობის გაძლიერება, სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა თანაბარი მონაწილეობა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის პროცესში პრიორიტეტულ სფეროებად არის მიჩნეული.

3.2. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (2015−2030)

ერთი მხრივ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის შექმნით სახელმწიფო მიზნად ისახავს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების აღსრულების ხელშეწყობას. მეორე მხრივ, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზებული ინდიკატორები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის გაწეული ძალისხმევის ეფექტიანი საზომია.

გენდერული თანასწორობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორები კარგი საშუალებაა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის 7 მიმართულებით გაწეული ძალისხმევის მონიტორინგისთვის

გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციისთვის განსაკუთრებით რელევანტურია შემდეგი მიზნები:

3.2.1. გაეროს მდგრადი განვითარების პირველი მიზანი („სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა“) აფასებს ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრის გზაზე, მათ შორის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით საყურადღებო საკითხებია:

) სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობის შემცირება;

) ეკონომიკური რესურსებისა და ძირითადი ინფრასტრუქტურის თანაბარი ხელმისაწვდომობა.

3.2.2. გაეროს მდგრადი განვითარების მეორე მიზანი („შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა“) აფასებს ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს შიმშილის აღმოფხვრის, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის გზაზე, მათ შორის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით საყურადღებო საკითხებია:

) სურსათის მცირე მწარმოებელთა საშუალო შემოსავლის ზრდა;

) სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა;

) სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული ყოველთვიური საშუალო შემოსავლის ზრდა.

აღნიშნული მიმართულებით ღონისძიებების განხორციელება მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში მცხოვრები ქალები აქტიურად არიან ჩართული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, ხშირად ისინი არ აღიქმებიან ფერმერებად და მათი შრომა ოჯახური მოვალეობის ნაწილად მიიჩნევა, რაც აფერხებს ამ ქალთა ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და გაძლიერებას.

3.2.3. გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანი („ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის“) აფასებს ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს ყველასათვის ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფისა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნის გზაზე, მათ შორის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით საყურადღებო საკითხია ფორმალური, არაფორმალური, პროფესიული და უწყვეტი განათლების ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის, თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ინკლუზიური, თანასწორი და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, მათ შორის, სახელფასო სხვაობის შემცირებითა და მაღალანაზღაურებადი პროფესიების წარმომადგენელი ქალების რაოდენობის ზრდით. თავის მხრივ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება წაახალისებს ბავშვების განათლებაში მეტი ინვესტიციის განხორციელებას, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი არსებითი ფაქტორია.

3.2.4. გაეროს მდგრადი განვითარების მეხუთე მიზანი („გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება“) აფასებს ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესების გზაზე.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით საყურადღებო საკითხებია:

) წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლა;

) დისკრიმინაციის აღმოფხვრა;

) ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება.

3.2.5. გაეროს მდგრადი განვითარების მერვე მიზანი („სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის“) აფასებს ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის გზაზე, მათ შორის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით საყურადღებო საკითხებია:

) ღირსეული შრომის პირობებისა და ეფექტიანი დასაქმების პოლიტიკის უზრუნველყოფა;

) შრომის ბაზარზე თანაბარი მონაწილეობა;

) ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა.

3.2.6. გაეროს მდგრადი განვითარების მეათე მიზანი („უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის“) აფასებს ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს უთანასწორობის შემცირების გზაზე, მათ შორის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით საყურადღებო საკითხებია:

) გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება;

) შრომის ბაზრის რეგულირება და შრომითი უფლებების პოლიტიკის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოება.

 

4. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის აღსრულების ძირითადი პრინციპები

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია აღსრულდება ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოების თანამშრომლობით, საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოზე დაყრდნობით, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის სათანადო კონვენციების შესაბამისად.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის აღსრულების ძირითადი პრინციპებია:

- მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომებიკონცეფციით განსაზღვრული ღონისძიებები განხორციელდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით. შესაბამისი რესურსებისა და კონცეფციის აღსრულების პროცესის რაციონალიზების მიზნით შეფასდება აგრეთვე თითოეული ღონისძიების ეკონომიკური გავლენა.

- შესაძლებლობების თანასწორობა, მრავალფეროვნებისა და ჩართულობის უზრუნველყოფაკონცეფციის წარმატებული აღსრულება დიდწილად არის დამოკიდებული პრინციპისარავინ დარჩეს განვითარების პროცესის მიღმა“ (Leave No One Behind) განხორციელებაზე. კონცეფციით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესებში ინტერსექციური მიდგომის გამოყენება გულისხმობს იმას, რომ განხორციელებული ღონისძიებები არა მხოლოდ ცალკეული (მეინსტრიმული) ჯგუფებისთვის იყოს აქტუალური, არამედ მრავალჯერ მოწყვლადი ქალების ინტერესებს შეესაბამებოდეს და მიმართული იყოს მათი არსებითი გაძლიერებისკენ.

- კონცეფციის აღსრულებისას ეკონომიკურად მოწყვლადი და შრომის ბაზარზე ნაკლებად წარმოდგენილი ქალების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ახალგაზრდა, ხანდაზმული, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, იძულებით გადაადგილებულიდევნილი და სხვა ქალების, საჭიროებების გაანალიზება.

- „არაფერი ჩვენზე ჩვენ გარეშე“ (Nothing about us, without us) − კონცეფციის აღსრულებისას პრინციპიარაფერი ჩვენზე ჩვენ გარეშეშესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესებში უპირატესი პრინციპი იქნება. ეს გულისხმობს კონცეფციით გათვალისწინებული ღონისძიებების ისე განხორციელებას, რომ ქალთა მრავალფეროვანმა ჯგუფებმა მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, განსაკუთრებითროდესაც მიღებული გადაწყვეტილება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება.

- თანამშრომლობისა და მონაწილეობის უზრუნველყოფაკონცეფციის ეფექტიანად აღსასრულებლად კონცეფციით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების პროცესში განსაკუთრებით გამახვილდება ყურადღება როგორც არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებთან, ისე სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე.

ამასთანავე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციით შემოთავაზებული ღონისძიებები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების აქტიური კოორდინაციით განხორციელდება.

 

5. სტრატეგიული პრიორიტეტებიგარდაქმნის ძირითადი მიმართულებები

5.1. ეკონომიკური რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობა

ქალთა გაძლიერების, სოციალური, სტრუქტურული და ეკონომიკური ბარიერების აღმოფხვრის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა რესურსების, მათ შორის, მიწის, შრომისა და კაპიტალის, თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ამ მიმართულებით პრიორიტეტული ღონისძიებაა უძრავი ქონების, ფინანსური რესურსების, საბაზისო ინფრასტრუქტურისა და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

5.1.1. უძრავი ქონების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

არსებული დისკრიმინაციული სამემკვიდრო პრაქტიკის, სტერეოტიპული გენდერული მიდგომებისა და ქალთა შეზღუდული ეკონომიკური აქტიურობის გამო თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სამემკვიდრო კანონმდებლობა ჯეროვნად ვერ აღსრულდება.

უთანასწორო პრაქტიკის შედეგად ქალებს შეზღუდული აქვთ თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების ფლობის, ამ ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის უფლება. ეს, თავის მხრივ, მათ უზღუდავს საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების ხელმისაწვდომობას. არსებული დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია ღონისძიებების 3 ძირითადი მიმართულებით განხორციელება.

 

შესაძლო ღონისძიებები:

თანასწორობაზე დაფუძნებული სამემკვიდრო პრაქტიკის წახალისება: აღნიშნული ღონისძიება მოიცავს არსებული კანონმდებლობისა და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სამემკვიდრო პრაქტიკის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათ შორის, ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიების წარმოებით.

თანასაკუთრების რეგისტრაციის წახალისება: ოჯახის წევრების მიერ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სიკეთით თანაბარი სარგებლობისთვის მნიშვნელოვანია თანასაკუთრების რეგისტრაციის წახალისება, მათ შორის, შესაბამისი შესაძლებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით

უძრავი ქონების, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, რეგისტრაციის ხელმისაწვდომობისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების ხელმისაწვდომობის გაზრდა/გაუმჯობესება: აღნიშნული ღონისძიება მოიცავს უძრავი ქონების რეგისტრაციის ხელმისაწვდომობისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების ხელმისაწვდომობის გაზრდას/გაუმჯობესებას და ადგილობრივ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებას. ეს ძირითადად მოიცავს შესაბამისი კანონმდებლობისა და პროცედურების შესახებ საზოგადოების, განსაკუთრებითეკონომიკურად მოწყვლადი და შრომის ბაზარზე ნაკლებად წარმოდგენილი ქალების ცნობიერების ამაღლებას.

5.1.2. ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

ფინანსური რესურსების არათანაბარი ხელმისაწვდომობა, რაც ძირითადად დაკავშირებულია უძრავი ქონების ფლობის უთანასწორო პრაქტიკასთან, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერიცაა. აღნიშნული გამოწვევა განსაკუთრებით მწვავეა ეკონომიკურად მოწყვლადი და შრომის ბაზარზე ნაკლებად წარმოდგენილი ქალებისთვის.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია აცნობიერებს ეკონომიკურ სახელმწიფო პროგრამებში ქალთა ჩართულობის არსებით მნიშვნელობას და მიზნად ისახავს, გაზარდოს ამ პროგრამების შესახებ (მათ შორის, იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც უკვე ითვალისწინებს ქალთა წახალისების კომპონენტს) ქალების ინფორმირებულობა, აგრეთვე ხელი შეუწყოს აღნიშნულ პროგრამებში მათი აქტიური ჩართულობის წახალისებას

 

შესაძლო ღონისძიებები:

ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებში ქალთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა: აღნიშნული ღონისძიება მოიცავს სახელმწიფოს მიერ ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე განხორციელებული ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების გენდერული მგრძნობიარობის გაუმჯობესებას. ეს გულისხმობს სახელმწიფო პროგრამების მოდიფიცირებას, მათ შორის, ისე, რომ ხელი შეეწყოს იმ ქალების ჩართულობას, რომლებსაც ამ ეტაპზე არსებული პროგრამები ვერ მოიცავს. მნიშვნელოვანია ეკონომიკური პროგრამების სისტემატური გენდერული ანალიზი, აღნიშნულ პროგრამებში ქალთა ჩართულობის შემაფერხებელი ფაქტორების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მექანიზმების შემუშავება.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ამ პროგრამებში მონაწილეობით დაინტერესებულ პირთა (აპლიკანტთა) და ბენეფიციართა შესახებ სქესის ნიშნით მონაცემების შეგროვება და ანალიზი, აგრეთვე აღნიშნული პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების ეფექტიანი სისტემის დანერგვა.

ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების შესახებ ქალთა ინფორმირებულობის გაზრდა: აღნიშნული ღონისძიება მოიცავს სახელმწიფოს მიერ ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე განხორციელებული ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების საინფორმაციო-საკომუნიკაციო სტრატეგიების გადახედვას, ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას, მათ შორის, ისეთი საინფორმაციო არხების დამატებით და მექანიზმების დანერგვით, რომლებიც ხელს შეუწყობს იმას, რომ აღნიშნული პროგრამები ქალებს, განსაკუთრებითეკონომიკურად მოწყვლად და შრომის ბაზარზე ნაკლებად წარმოდგენილ ქალებს ეფექტიანად მოიცავდეს.

5.1.3. ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაუმჯობესება

ინფრასტრუქტურული ინვესტიციები ეკონომიკური და სოციალური მიმართულებებით ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტიციები საგზაო-სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში, ინტერნეტიზაციასა და სარწყავ-საირიგაციო სისტემების განვითარებაში. ასევე არსებითია საბაზისო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, სასმელი წყლის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება, საგანმანათლებლო და ჯანმრთელობის დაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება.

სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, თემის საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული პროექტები განსაკუთრებულად უწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე ეკონომიკური საქმიანობის სტიმულირებას, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და შემოსავლების ზრდას.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია აცნობიერებს, რომ ქალები ხშირად რჩებიან ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებთან დაკავშირებული საჭიროებების განსაზღვრისა და პროექტების შემუშავებისა და განხორციელების პროცესების მიღმა, და მიზნად ისახავს, პროაქტიურად შეუწყოს ხელი აღნიშნულ პროცესებში ქალთა მონაწილეობას.

 

შესაძლო ღონისძიებები:

გენდერული თანასწორობისა და მდგრადი განვითარების პრინციპების უკეთესი ასახვა ინფრასტრუქტურული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში: არსებული გენდერული როლებიდან გამომდინარე, რომლებიც ზრუნვისა და საშინაო შრომის არათანაბარ გადანაწილებაში აისახება, ქალები მეტად საჭიროებენ ყოველდღიურ საქმიანობაში საბაზისო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე გადაწყვეტილების მიღების ისეთი მექანიზმების დანერგვა და გაუმჯობესება, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განვითარების პროცესებში ქალების აქტიურ მონაწილეობას.

სათემო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაუმჯობესება: სათემო ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა მათი შემუშავების, განხორციელებისა და მოვლა-პატრონობის პროცესებში ადგილობრივი თემის მრავალფეროვანი მონაწილეობაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების ისეთი მექანიზმების დანერგვა და გაუმჯობესება, რომლებიც თემის საჭიროებებზე იქნება მორგებული და ხელს შეუწყობს აღნიშნულ პროცესებში ქალების აქტიურ მონაწილეობას.

გენდერულად მგრძნობიარე სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება ქალთა მობილურობის ხელშეწყობის მიზნით: მობილურობა ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მათ შორის, ქალი მეწარმეების მიერ პროდუქციის რეალიზების კუთხით. შესაბამისად, მიზანშეწონილია გენდერულად მგრძნობიარე სატრანსპორტო პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნული ღონისძიება შესაძლებელია მოიცავდეს ცენტრალური თუ ადგილობრივი სატრანსპორტო პოლიტიკის გენდერული ანალიზის განხორციელებას, სატრანსპორტო პოლიტიკის, მათ შორის, განრიგისა და საგზაო ინფრასტრუქტურის, დაგეგმვისას ქალთა საჭიროებების გათვალისწინებას, აგრეთვე სპეციალური ღონისძიებების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკრეტული ჯგუფების, მათ შორის, ეკონომიკურად მოწყვლადი და შრომის ბაზარზე ნაკლებად წარმოდგენილი ქალების, ეკონომიკურ გაძლიერებას.

5.2. გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება

ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოს გენდერული მგრძნობიარობის გაუმჯობესება არსებითი თანასწორობის მიღწევის, მათ შორის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამისთვის მნიშვნელოვანია არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტებთან შემდგომი დაახლოების უზრუნველყოფა, კანონმდებლობის გენდერული მგრძნობიარობის გაზრდა და გენდერული თანასწორობისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება.

5.2.1. ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და გენდერული მგრძნობიარობის უზრუნველყოფა

საქართველოს გენდერული თანასწორობის კუთხით დახვეწილი და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებული საკანონმდებლო ჩარჩო აქვს, რაც, თავის მხრივ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. თუმცა კანონმდებლობის გაუმჯობესება განგრძობადი პროცესია. შესაბამისად, მიზანშეწონილია ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან შემდგომი დაახლოება, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სათანადო თემატური კონვენციების რატიფიცირების შესაძლებლობის აქტიურად განხილვით.

ვინაიდან გენდერულად მგრძნობიარე სახელმწიფო პოლიტიკა, მათ შორის, ეკონომიკური პოლიტიკა, არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა, მიზანშეწონილია საკანონმდებლო და სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესში გენდერული მეინსტრიმინგის ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა გენდერული ზეგავლენის შეფასება და საბიუჯეტო პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება.

 

შესაძლო ღონისძიებები:

შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შემდგომი დაახლოება: აღნიშნული ღონისძიება მოიცავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი თემატური კონვენციების (კონვენცია №183 (დედობის დაცვის შესახებ), კონვენცია №189 (ოჯახში დასაქმებულთა შესახებ), კონვენცია №156 (ოჯახური ვალდებულებების მქონე დასაქმებულთა შესახებ) და კონვენცია №131 (მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ)) რატიფიცირებაზე აქტიური მსჯელობის გაგრძელებას. ამასთანავე, მიზანშეწონილია კანონმდებლობის/პოლიტიკის ანალიზის რეგულარულად განხორციელება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სხვა კონვენციებთან შესაბამისობის დადგენისა და მათი რატიფიცირების მიზნით

ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა: აღნიშნული ღონისძიება მოიცავს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების რეგულირების მიმართულებით მეტი პროგრესის მისაღწევად საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულთათვის ღირსეული ორსულობისა და მშობიარობის გამო (დეკრეტული) შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების უზრუნველსაყოფად.

სახელმწიფო პოლიტიკის ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის სისტემური დანერგვა და გაძლიერება (გენდერული მეინსტრიმინგი): ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტრუმენტის დანერგვა არსებითი გენდერული გავლენის მქონე კანონპროექტებისა და პოლიტიკის დოკუმენტების მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრის მიზნით. გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვის მნიშვნელოვანი მექანიზმია აგრეთვე საბიუჯეტო პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება. აღნიშნული მექანიზმის გამოყენება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინების შესაძლებლობას და რესურსების თანასწორ გადანაწილებას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია მიზნად ისახავს აგრეთვე სახელმწიფო პოლიტიკის ყველა სფეროში არსებულ მონიტორინგისა და შეფასების სისტემებში გენდერული თანასწორობის მიდგომების ინტეგრირებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პოლიტიკის გაუმჯობესებას.

5.3. საჯარო სექტორში შესყიდვებისა და დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება

პოლიტიკის შემუშავებისა და აღსრულების გარდა, სახელმწიფო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, როგორც შრომის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი. ამასთანავე, საჯარო შესყიდვები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პოლიტიკის ერთ-ერთ ქმედით ინსტრუმენტად არის მიჩნეული (ევროკავშირი, 2020).

5.3.1. საჯარო სამსახურში გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების მექანიზმების გაძლიერება

საჯარო სამსახური საქართველოს შრომის ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელია. შესაბამისად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის არსებითია საჯარო სამსახურში უსაფრთხო, ღირსეული და ინკლუზიური სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა, გადაწყვეტილების მიმღებთა თანამდებობებზე ქალების წარმომადგენლობის ზრდის ხელშეწყობა, სექსუალური შევიწროების პრევენცია და მასზე ეფექტიანი რეაგირების პოლიტიკის დანერგვა.

 

შესაძლო ღონისძიებები:

საჯარო სამსახურში ქალთა აქტიური მონაწილეობისა და დაწინაურების წახალისება: აღნიშნული ღონისძიების მიზანია საჯარო სამსახურის დასაქმების პოლიტიკაში გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის პრინციპების ინტეგრირება, აგრეთვე საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხების ინტეგრირება. ამას გარდა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია მიზნად ისახავს საჯარო სამსახურში თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდის პრინციპის ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობას

საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენცია და მასზე ეფექტიანი რეაგირება: სექსუალური შევიწროება შეიძლება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზაზე მნიშვნელოვან ბარიერად იქცეს. შესაბამისად, მიზანშეწონილია საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების დანერგვის, აგრეთვე ამ მიმართულებით დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების გაგრძელება.

5.3.2. საჯარო შესყიდვების პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის გაძლიერება

საჯარო შესყიდვების პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის გაძლიერება და მასში ქალთა მონაწილეობის წახალისება იმ ბარიერების აღმოფხვრას ემსახურება, რომელთა გამოც ხშირად ქალი მეწარმეები საჯარო შესყიდვების პროცესის მიღმა რჩებიან. ამისთვის მიზანშეწონილია საჯარო შესყიდვების პოლიტიკის გაუმჯობესება კარგი საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, მათ შორის, ქალის მფლობელობაში არსებული ბიზნესის დეფინიციის შექმნა და მისი საჯარო შესყიდვებში მონაწილეობის წახალისება.

 

შესაძლო ღონისძიებები:

ქალის მფლობელობაში არსებული ბიზნესის დეფინიცია და სერტიფიცირება: აღნიშნული ღონისძიება მოიცავს ქალის მფლობელობაში არსებული ბიზნესის დეფინიციის შექმნას, ამ ბიზნესის სერტიფიცირებას და შესაბამისი ბიზნესრეესტრის წარმოებას.

საჯარო შესყიდვების პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის პრინციპების ასახვა: აღნიშნული ღონისძიება მოიცავს ქალის მფლობელობაში არსებული ბიზნესის საჯარო შესყიდვებში მონაწილეობის წამახალისებელი მექანიზმების შექმნას საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად. ამასთანავე, სახელმწიფოს მიზანშეწონილად მიაჩნია, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, გენდერული პასუხისმგებლობის მქონე საჯარო შესყიდვების პრინციპების/სახელმძღვანელო წესების ჩამოყალიბება.

5.4. კერძო სექტორში დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება

გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის პრინციპების გათვალისწინებით ბიზნესის კულტურის, პრაქტიკისა და პოლიტიკის შეცვლა ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების რეალიზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. შესაბამისად, სახელმწიფო აცნობიერებს, რომ მიზანშეწონილია კერძო სექტორის მიერ შრომითი უფლებების დაცვისა და რეალიზების მიღმა, ქალთა რეალური ეკონომიკური გაძლიერების გზაზე საკუთარი პოზიტიური როლის დანახვა, კერძოდ, ქალების ხელშეწყობა წარმოების ჯაჭვის ყველა დონეზე, მმართველობის, დასაქმების, მიწოდება-დისტრიბუციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებებით.

5.4.1. კერძო სექტორში თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული დასაქმების პოლიტიკის ხელშეწყობა

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორში კორპორაციული პასუხისმგებლობის კარგი პრაქტიკის დანერგვა და განვითარება. მიზანშეწონილია კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც წაახალისებს კერძო სექტორის მიერ არსებითი თანასწორობის მისაღწევად გაწეულ ძალისხმევას.

 

შესაძლო ღონისძიებები:

სამმხრივი დიალოგის ფორმატის გააქტიურება და გამოყენება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით: აღნიშნული ღონისძიება მოიცავს კერძო და საჯარო სექტორების აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებას კერძო სექტორში დასაქმებული ქალების შრომითი უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების უზრუნველსაყოფად. ეს მნიშვნელოვანწილად გულისხმობს დასაქმების ადგილზე ოჯახის ხელშემწყობი პოლიტიკის დანერგვას, აგრეთვე თანამშრომლების შერჩევის, დაწინაურების, მათი შრომის ანაზღაურებისა და პროფესიული განვითარების პროცესებში თანასწორობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფას და მმართველობით თანამდებობებზე დაწინაურებისთვის თანაბარი პირობების შექმნას. ამას გარდა, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მიერ სქესის ნიშნით განცალკევებული მონაცემების შეგროვების აქტიური ხელშეწყობა.

ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით: აღნიშნული ღონისძიება მოიცავს ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისებას, მათ შორის, ქალთა შრომითი უფლებებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ბიზნესის პოზიტიური როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საუკეთესო საერთაშორისო მექანიზმებისა და ოჯახის მხარდამჭერი დასაქმების პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე თანამშრომლობას. ამას გარდა, მიზანშეწონილია კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მიერ ყურადღების განსაკუთრებით გამახვილება მოწყვლადი და შრომის ბაზარზე ნაკლებად წარმოდგენილი ქალების გაძლიერებაზე.

დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება: ღირსეული დასაქმების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია როგორც დამსაქმებელთა, ისე დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებისა და შრომითი უფლებების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებებისა და პოზიტიური ტენდენციების შესახებ მათი ინფორმირების რეგულარულობის უზრუნველყოფა. ეს შესაძლებელია მოიცავდეს აგრეთვე სამართლებრივი მხარდაჭერის პროგრამების შეთავაზებას დასაქმების ადგილზე დისკრიმინაციის, მათ შორის, სახელფასო დისკრიმინაციის, აღმოსაფხვრელად.

5.4.2. გენდერული სახელფასო სხვაობის შემცირება

2021 წლიდან საქართველო თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციის (EPIC) წევრია. ამ კოალიციის წევრობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გაიზიაროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა შრომის ბაზარზე თანასწორობის უზრუნველყოფისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.

ამას გარდა, საქართველოს ორგანული კანონისაქართველოს შრომის კოდექსიითვალისწინებს თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდის პრინციპს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული პრინციპის განხორციელების აქტიური ხელშეწყობა.

 

შესაძლო ღონისძიებები:

თანაბარი ანაზღაურების პრინციპის განხორციელებისა და მისი განხორციელების მონიტორინგის უზრუნველყოფა: აღნიშნული ღონისძიება მოიცავს საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს შრომის კოდექსიგანმტკიცებული თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდის პრინციპის სრულყოფილი რეალიზების უზრუნველყოფას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ამას გარდა, ღონისძიების მიზანია თანაბარი ანაზღაურების პრინციპის მონიტორინგის გაუმჯობესება, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისშრომის ინსპექციის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებით .

5.5. აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება

აუნაზღაურებელი შრომა ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული ტვირთი უმეტესწილად ქალებზე ნაწილდება. აუნაზღაურებელი შრომა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შემაფერხებელი ერთ-ერთი ფაქტორია, ვინაიდან პირდაპირ უკავშირდება ქალების დროის სიმცირეს და ნეგატიურად აისახება მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. საქართველოში ქალები აუნაზღაურებელ საშინაო შრომაზე მამაკაცებთან შედარებით 3-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, განურჩევლად მათი დასაქმების სტატუსისა (გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 2019).

5.5.1. ზრუნვის ეკონომიკის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება

ქალებისთვის აუნაზღაურებელი საშინაო შრომის ტვირთის შემსუბუქებაზე მნიშვნელოვან, დადებით გავლენას ახდენს ზრუნვის ეკონომიკის პოლიტიკის არსებობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე. ასევე მნიშვნელოვანია სოციალურ და საგანმანათლებლო სერვისებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრინციპების შეტანა. ამ სერვისების არსებობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ფორმალურ დასაქმებაში ქალთა ჩართულობას, ვინაიდან ქალებს ეძლევათ შესაძლებლობა, აუნაზღაურებელი საშინაო შრომის ნაცვლად, ფორმალურად დასაქმდნენ და მონაწილეობა მიიღონ შრომის ბაზარზე.

 

შესაძლო ღონისძიებები:

ზრუნვის ეკონომიკის პოლიტიკის შემუშავება: სახელმწიფო მიზნად ისახავს არსებითი ცვლილებების მომტანი ზრუნვის პოლიტიკის შემუშავებას. აღნიშნული პოლიტიკის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება, სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა როგორც ზრუნვის მიმღებთათვის, ისე მის მიმწოდებელთათვის, სოციალური სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.

ქალთა აუნაზღაურებელი შრომის ტვირთის აღიარება: ზრუნვის შრომის აღიარებისთვის, შემცირებისა და გადანაწილებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ქალების მიერ გაწეული აუნაზღაურებელი შრომის მოცულობისა და ღირებულების განსაზღვრა. შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიება მოიცავს . . დროის გამოყენების კვლევის სისტემატურად განხორციელების ხელშეწყობას.

ქალთა აუნაზღაურებელი შრომის ტვირთის შემცირება და გადანაწილება: ქალთა აუნაზღაურებელი შრომის ტვირთის აღიარების კვალდაკვალ მნიშვნელოვანია მათი აუნაზღაურებელი შრომის შემცირებისა და გადანაწილების მიზნით დამატებითი პროგრამების დანერგვა და განხორციელება. აღნიშნული პროგრამები შესაძლებელია მოიცავდეს ზრუნვის სერვისების გაძლიერებას, სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფას, გენდერულად მგრძნობიარე ინფრასტრუქტურის მოწყობას, აუნაზღაურებელ შრომასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებთან ბრძოლას და სხვა.

5.6. ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ქალების ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზების წახალისება

საქართველომ ჩრდილოვანი ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზების წასახალისებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რაც მოიცავს ბიზნესის რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას და მიკრო და მცირე ბიზნესებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას, თუმცა მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი (23%) კვლავ არაფორმალურ დასაქმებაშია ჩართული (მსოფლიო ბანკი, 2018). ამასთანავე, ქალებისა და მამაკაცების ჩრდილოვან ეკონომიკაში ჩართულობის ალბათობა თითქმის თანაბარია, თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი აღნიშნულ სექტორში ჩართულობის განმაპირობებელი მიზეზები.

5.6.1. ქალების ჩრდილოვანი ეკონომიკიდან ფორმალურ ეკონომიკაში გადმოყვანის ხელშეწყობა

ფორმალურად დასაქმებული ქალებისგან განსხვავებით, ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ქალები, როგორც წესი, საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს შრომის კოდექსიგათვალისწინებული დაცვის ინსტრუმენტების მიღმა რჩებიან, რაც ზრდის ამ ქალთა მოწყვლადობასა და ექსპლუატაციის რისკს, აგრეთვე მათ უზღუდავს სამართლიანი ანაზღაურების მიღებისა და დაგროვებითი საპენსიო სისტემით სარგებლობის შესაძლებლობას. საქართველოში ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ქალები ფორმალურ სექტორში დასაქმებულ ქალებთან შედარებით წელიწადში 42%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ (გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 2018).

 

შესაძლო ღონისძიებები:

ჩრდილოვანი ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზების წახალისება: აღნიშნული ღონისძიება მოიცავს არაფორმალური დასაქმების მიზეზებისა და შედეგების სისტემატური ანალიზის განხორციელებას გენდერულ ჭრილში. ეს ხელს შეუწყობს ქალთა ფორმალურ სექტორში ჩართულობის წამახალისებელი მექანიზმების შემუშავებისთვის არსებითი მტკიცებულებების შეგროვებას.

ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება ფორმალურ ეკონომიკაში ჩართვის მიზნით: აღნიშნული ღონისძიების მიზანია ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, სტერეოტიპული დამოკიდებულებების დაძლევაში მათი დახმარება და ფორმალურ ეკონომიკაში მათი მონაწილეობის წახალისება.

5.6.2. გენდერულ ჭრილში დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების გაფართოება

გენდერულ ჭრილში დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების არსებობა მნიშვნელოვანია მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისთვის. ვინაიდან სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ქალებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ, მნიშვნელოვანია სქესის ნიშნით განცალკევებული სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შეგროვების გაუმჯობესება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე. ეს განსაკუთრებით მოწყვლადი ქალების საჭიროებებზე მორგებული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

შესაძლო ღონისძიებები:

სქესის ნიშნით განცალკევებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების გაუმჯობესება: აღნიშნული ღონისძიება მოიცავს სქესის ნიშნით განცალკევებული სტატისტიკური მონაცემების გაფართოებას, მათ შორის, მონაცემთა შეგროვების პროცესში უფრო მეტი მონაწილის (მათ შორის, კერძო სექტორის) ჩართვას, გენდერული სტატისტიკის წარმოებისა და გამოყენების მიზნით ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესებას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე.

სქესის ნიშნით განცალკევებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვების კოორდინაციის გაუმჯობესება: არსებითია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე კოორდინაციის გაძლიერება სქესის ნიშნით განცალკევებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვების გასაუმჯობესებლად, მათ შორის, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით და მონაცემების სისტემატურად შეგროვების ხელშეწყობით.

5.6.3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია რელევანტური, სანდო და დროული გენდერული სტატისტიკის წარმოების მნიშვნელოვანი მექანიზმია. აღნიშნული მექანიზმი ქალებისა და გოგონებისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მათი ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელოვანი წინაპირობაცაა. მიუხედავად ამისა, კვლავ არსებობენ განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები, რომლებსაც არ მიუწვდებათ ხელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციაზე, სისტემისთვის უხილავი რჩებიან და ვერ სარგებლობენ სახელმწიფო სერვისების მიერ მათთვის შეთავაზებული სიკეთით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

 

შესაძლო ღონისძიებები:

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების ხილვადობის გაზრდის მიზნით: მნიშვნელოვანია ისეთი სპეციალური პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის მიკუთვნებული ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას მათთვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით.

5.6.4. მიგრანტი ქალების რეინტეგრაციის ხელშეწყობა

ემიგრაციაში მყოფ ქალებს ოჯახებში სიღარიბის დონის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. სახელმწიფო მხარს უჭერს ემიგრაციაში მყოფი ქალების სამშობლოში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, ასევე მხარს უჭერს მათ რეინტეგრაციას სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებთან გამკლავებისას და განათლებისა და შრომის ბაზრის ხელმისაწვდომობას. ამას გარდა, სახელმწიფო მიზნად ისახავს, დახვეწოს არსებული რეინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა ისე, რომ მან ხელი შეუწყოს ემიგრაციაში წასული ქალებისა და მათი ოჯახების მდგრად და გრძელვადიან ეკონომიკურ გაძლიერებას

 

შესაძლო ღონისძიებები:

მიგრანტი ქალების საჭიროებების კვლევა რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით: სახელმწიფო მიზნად ისახავს, გამოიკვლიოს მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები როგორც მოკლევადიან, ისე საშუალო- და გრძელვადიან ჭრილში. აღნიშნული კვლევა მიგრანტი ქალებისთვის მტკიცებულებებზე დამყარებული და საჭიროებებზე მორგებული სოციალურ-ეკონომიკური სერვისების შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აღნიშნული სერვისების არსებობა კი მიგრანტი ქალების ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმია.

5.7. წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლა

დისკრიმინაციული სოციალური ნორმები და საზიანო პრაქტიკა შრომის ბაზარზე ქალთა მონაწილეობის შემაფერხებელი ერთ-ერთი ფაქტორია და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას არსებით ბარიერებს უქმნის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმ ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება, რომელთა მიზანია დისკრიმინაციული სოციალური ნორმებისა და პრაქტიკის აღმოფხვრა.

5.7.1. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლი ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის სახელმწიფოს პროაქტიური მუშაობა, მათ შორის, ეკონომიკური ძალადობის აღმოსაფხვრელად ღონისძიებების განხორციელება, ძალადობის მსხვერპლთა მატერიალური კომპენსაციისა და შრომის ბაზარზე აქტიური მონაწილეობის წამახალისებელი მექანიზმების გაძლიერება, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული მექანიზმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

შესაძლო ღონისძიებები:

ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება: აღნიშნული ღონისძიება მოიცავს ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებით საყურადღებოა ეკონომიკური ძალადობის საკითხებზე სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა ცნობიერების განგრძობადი ამაღლება, ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის პრევენციის, მის შესახებ შეტყობინებისა და მასზე რეაგირების ინსტრუმენტების გაუმჯობესება, ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ქალების ინფორმირებულობისა და მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ძალადობის მსხვერპლი ქალების, მათ შორის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა: აღნიშნული ღონისძიება მოიცავს ძალადობის მსხვერპლი ქალების, მათ შორის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, გრძელვადიან მხარდაჭერასა და ეკონომიკურ გაძლიერებას, რაც მნიშვნელოვანწილად გულისხმობს თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოებას, თავშესაფარში ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვასა და გაუმჯობესებას, თავშესაფრის ეკონომიკური გაძლიერების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

5.7.2. გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული განწყობების აღმოფხვრის ხელშეწყობა

მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის მიუხედავად, საზოგადოებაში ჯერ კიდევ დამკვიდრებულია არაერთი გენდერული სტერეოტიპი, რომლებიც ქალთა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ჩართულობას ბარიერებს უქმნის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აქტიური ძალისხმევის გაგრძელება დისკრიმინაციული განწყობებისა და გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრის მიზნით.

 

შესაძლო ღონისძიებები:

გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება: აღნიშნული ღონისძიება მოიცავს სახელმწიფო უწყებების მიერ საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების სისტემატურად წარმოებას, მათ შორის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების გასაძლიერებლად. მიზანშეწონილია ამ ღონისძიებაში საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოთა წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე.

გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულებების აღმოფხვრის პროცესში საგანმანათლებლო ინსტიტუტების როლის გაზრდა: აღნიშნული ღონისძიების მიზანია თანასწორი და ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცის არსებობის ხელშეწყობა უთანასწორო პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად. ამ მიმართულებით განსაკუთრებით საყურადღებოა თანასწორობის პრინციპების სწავლების საკითხზე მასწავლებელთა და აღმზრდელ-პედაგოგთა სისტემატური გადამზადება, მათი ცნობიერების ამაღლება, საგანმანათლებლო პროგრამებიდან ქალების როლთან დაკავშირებული დისკრიმინაციული სოციალური ნორმების ამოღება და სტერეოტიპების აღმოფხვრა.

ამასთანავე, სახელმძღვანელოების გრიფირების (შეფასების) მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს ყველა საგანში, შესაძლებლობის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროში ქალების როლისა და წვლილის აქცენტირება, აგრეთვე გაიზარდოს აღნიშნულ პროცესში აკადემიური ინსტიტუტების როლი, გააქტიურდეს საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობა.

5.7.3. უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ხარისხიანი განათლებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განათლების სისტემის ისე გაძლიერება, რომ მან ქალები სწავლისა და კომპეტენციების განვითარების უწყვეტი შესაძლებლობით უზრუნველყოს. გარდა ამისა, ინკლუზიური და ქალთა საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო სივრცისა და შესაძლებლობების არსებობა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქალების როლთან დაკავშირებული სოციალური ნორმებისა და სტერეოტიპების, აგრეთვე საზოგადოებაში დამკვიდრებული დისკრიმინაციული დამოკიდებულებების აღმოფხვრას

 

შესაძლო ღონისძიებები:

ხარისხიანი უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა: აღნიშნული ღონისძიება მოიცავს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას განათლების ყველა ეტაპზე, მათ შორის, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მიმართულებით. მნიშვნელოვანია განათლების სისტემის მიერ ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის სწავლისა და კომპეტენციების განვითარების უწყვეტი შესაძლებლობის შექმნა ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისთვის საჭირო კომპეტენციებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობების უზრუნველყოფით, მათ შორის, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მიმართულებით. განსაკუთრებით საყურადღებოა ეკონომიკურად მოწყვლადი ქალებისა და გოგონებისთვის უწყვეტი საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება და მათი დასაქმებისთვის აუცილებელი უნარებითა და კომპეტენციებით აღჭურვა.

განათლების, დასაქმების ან ტრენინგის სისტემის მიღმა დარჩენილი (NEET) ქალებისა და გოგონების გაძლიერება: სახელმწიფო მიზნად ისახავს, უზრუნველყოს განათლების, დასაქმების ან ტრენინგის სისტემის მიღმა დარჩენილი (NEET) ქალებისა და გოგონებისთვის ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა, მათ შორის, პროფესიულ განათლებაში მონაწილეობის ხელშემწყობი სერვისების შეთავაზება

პროფესიულ განათლებასა და დასაქმებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრა: პროფესიულ განათლებასა და დასაქმებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპები შრომის ბაზრის გენდერულ სეგრეგაციაში აისახება, რაც, თავის მხრივ, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას არსებით ბარიერებს უქმნის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების სფეროში გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლა პროფესიული განათლების საფეხურზე გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისთვის, გენდერული პოლიტიკისშემუშავება/დანერგვა და პროფესიებთან დაკავშირებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლა.

განათლების, გადამზადების, მეცნიერული კვლევისა და ტექნოლოგიების სფეროში გენდერული მიკერძოების აღმოფხვრა, რომელიც ხელს უწყობს პროფესიულ განათლებასა და უმაღლეს განათლებაში გენდერული უთანასწორობის გაღრმავებას: STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) სფეროში ქალთა პოტენციალის სრულფასოვანი ჩართვა და გამოყენება. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო მიზნად ისახავს, აქტიურად ითანამშრომლოს კერძო სექტორთან და აწარმოოს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები. მთავრობა წაახალისებს ინკლუზიურ სამეცნიერო განათლებას გენდერული, სოციალურ-ეკონომიკური, რეგიონული და სხვა უთანასწორობების შესამცირებლად. ძალისხმევის ნაწილი მიმართული იქნება პედაგოგიკისა და იმ პროგრამებისკენ, რომლებიც ხელს შეუწყობს მეცნიერული აზროვნებისა და კვლევის მიდგომების ხელოვნებაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და სხვა სფეროებში ინტეგრირებას STEM-თან დაკავშირებული პროფესიული შესაძლებლობებისა დასტარტაპებისადმიინტერესის (განსაკუთრებითიმ ქალებისა და გოგონების ინტერესის, რომელთა პოტენციალი აღნიშნული მიმართულებით ჯერ კიდევ აუთვისებელია) გაზრდის მიზნით.

 

6. შეჯამება

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია ეყრდნობა გაეროს მაღალი დონის რეკომენდაციებს (გაერო, 2016) და განსაზღვრავს ქვეყნის ხედვასა და ძირითად პოლიტიკას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის აღსრულების მონიტორინგი განხორციელდება ხელისუფლების ყველა შტოს აქტიური თანამშრომლობით, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებით, გენდერულად მგრძნობიარე ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებითა და კონცეფციით შემოთავაზებული ღონისძიებების განხორციელებით.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის აღსრულების მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს პარლამენტი მისთვის მინიჭებული საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში.