„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023949
116
20/03/2023
ვებგვერდი, 21/03/2023
240110000.10.003.023949
„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №116

2023 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

 

„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2015, 240110000.10.003.018733) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველების ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი“ (დანართი №5) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
სსიპ − სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყოველწლიურად, 2031 წლის პირველ იანვრამდე, უზრუნველყოს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით შინაური ბინადარი ცხოველების კამპანიური ხასიათის ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია და აცრილი ცხოველების აღრიცხვა.
მუხლი 3
დადგენილება, გარდა ამავე დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან, ხოლო დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



„დანართი №5

ცხოველების ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ცოფი ინფექციური, ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება ძუძუმწოვარი ცხოველი და ადამიანი. დაავადების აღმძვრელი აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რომელსაც თან ახლავს მომატებული აღგზნებადობა, ნერვული სისტემის დათრგუნვა, აგრესიულობა, დამბლა და სიკვდილი. საქართველოს პირობებში ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა ცოფით დაავადებული ძაღლი, მელა, ტურა, მგელი და კატა.

2. დაავადების გამომწვევია რნმ-ის შემცველი ვირუსი Rhabdoviridae-ს ოჯახიდან, სახეობა Lyssavirus, ჯგუფი Mononegavirales. ვირუსი ორგანიზმიდან გამოიყოფა ცოფით დაავადებული ცხოველის ნერწყვის საშუალებით. ცხოველის ან ადამიანის დასნებოვნება ძირითადად ხდება დაკბენით, ცოფით დაავადებული ცხოველის ნერწყვის ჭრილობაში მოხვედრის გზით. შესაძლებელია ცხოველის, ადამიანის დასნებოვნება მოხდეს დაინფიცირებული საგნების ჭრილობაზე ან ლორწოვან გარსზე მოხვედრით. ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შეიძლება მოხდეს აეროგენული დაინფიცირებაც (მაგ.: გამოქვაბულებში ღამურებისაგან დაინფიცირება), ამ გზით დასნებოვნება შესაძლებელია, ორგანიზმში, ვირუსის დიდი დოზის მოხვედრისას.

3. ცოფის ვირუსი მგრძნობიარეა 600C ტემპერატურის (5-10 წთ-ის განმავლობაში), ულტრაიისფერი სხივების და სადეზინფექციო საშუალებების მიმართ. ცოფის ვირუსი გაყინულ ხორცში ცოცხლობს დიდი ხნის განმავლობაში. ცოფით დაავადებული ცხოველის ნერწყვის გაშრობისას, ვირუსი იღუპება რამდენიმე საათში.

4. ცოფის ვირუსს აქვს ნეიროტროპული ხასიათი, შესაბამისად, დაავადების დროს ზიანდება თავის და ზურგის ტვინი, ასევე ნერვული განგლიები. ვირუსი დიდი ხნის განმავლობაში რჩება ჭრილობის ადგილას არსებულ ქსოვილებში. ჭრილობის ადგილიდან, მოტორული ნერვების ფირფიტების გავლით, ან ნეიროეპითელური უჯრედებით, ვირუსი ხვდება ნერვებში (აქსონებში) და ნელა მოძრაობს ცენტრალური ნერვული სისტემის მიმართულებით. პერიოდი, რომელიც საჭიროა ვირუსის მოსახვედრად ზურგისა და თავის ტვინში დამოკიდებულია ჭრილობის ადგილზე, ინერვაციაზე, ვირუსის ვირულენტობაზე, რაოდენობასა და ჭრილობის დამუშავების ხარისხზე.

5. ცხოველებში დაავადების ინკუბაციური პერიოდი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, კერძოდ - ჭრილობის დიამეტრის სიდიდეზე, სიღრმეზე, თავის ტვინთან სიახლოვეზე, ნერვული დაბოლოებებით მდიდარ ადგილზე და ა.შ. ინკუბაციური პერიოდი განსაკუთრებით ხანმოკლეა მოზარდ ცხოველებში. როგორც წესი, ინკუბაციური პერიოდი 10 დღიდან 6 თვემდეა. ყველაზე ხშირად − 2 კვირიდან 3 თვემდე.

6. ცოფისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები ვლინდება ზურგის ან თავის ტვინში ვირუსის შეღწევის შემდეგ. რაც უფრო მეტად ზიანდება თავის ტვინი, მით უფრო მძიმეა კლინიკური ნიშნები. ცენტრალური ნერვული სისტემიდან პერიფერიული, სენსორული და მოტორული ნერვული ბოჭკოების გზით ვირუსის გადაადგილებისას, იგი ასევე უმეტეს შემთხვევაში ხვდება სანერწყვე ჯირკვლებში. სანერწყვე ჯირკვლებში ვირუსი შეიძლება მოხვდეს კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდეც. ცოფის ვირუსი სისხლში არ არის გამოვლენილი.

7. ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევაში, დაავადების კლინიკური ნიშნები ვლინდება რამდენიმე სტადიით:

ა) პროდრომალური ან მელანქოლიური სტადია (დასაწყისი) – გამოიხატება ქცევის ცვლილება (აგრესია და სხვა), მგრძნობელობის მომატება, ჰალუცინაცია, მადის შეცვლა, გუგების გაფართოება. გამოხატულია სიელმე, ცხოველი ლოკავს ან კბენს დაზიანებულ (ნაკბენ) ადგილს. მოგვიანებით ცხოველს შეიძლება განუვითარდეს წყლის შიში, გაძლიერებულია ნერწყვდენა (ჰიპერსალივაცია), დამახასიათებელია უნებლიე დეფეკაცია და შარდის შეკავება. რამდენიმე დღის შემდეგ იწყება აღგზნების სტადია;

ბ) აღგზნების სტადია – ცხოველი მოუსვენრადაა, პროგრესირებს ჰალუცინაციური მოვლენები, იკბინება, გლეჯს საგნებს, გარბის, თავს ესხმის როგორც ცხოველებს, ასევე ადამიანს. შეტევებს შორის პერიოდში ცხოველი ძალაგამოცლილი წევს, თვალის კუნთების დამბლის გამო შეცვლილია მზერა. ყეფა ხრინწიანია, საყლაპავი კუნთების კრუნჩხვის გამო მნიშვნელოვნად გაძლიერებულია ნერწყვდენა. დახურულ სივრცეში მობინადრე ძაღლებში შესაძლებელია აღგზნების სტადია საერთოდ არ იყოს გამოხატული;

გ) დამბლის სტადია – დაავადება მთავრდება დამბლის სტადიით, რა დროსაც ძაღლის პირი ღია მდგომარეობაშია, ენა გადმოგდებულია, იწყება კიდურებისა და სხეულის დამბლა. სასუნთქი სისტემის კუნთების დამბლის გამო ცხოველი კვდება ასფიქსიით;

დ) იშვიათ შემთხვევაში გვხვდება დაავადების ატიპური ფორმა, რა დროსაც შესაძლებელია არ გამოვლინდეს ცოფისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები.

8. ცოფით კატის დაავადების კლინიკური ნიშნები ძაღლის დაავადების კლინიკური ნიშნების მსგავსია, მაგრამ, როგორც წესი, აგრესიულობა უფრო მეტადაა გამოხატული.

9. ცოფით გარეული ცხოველების (მელა, ტურა, მგელი) დაავადების კლინიკური ნიშნები მსგავსია ძაღლის დაავადების კლინიკური ნიშნებისა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მათ დაკარგული აქვთ შიში და არ ერიდებიან შინაურ ბინადარ ცხოველებთან და ადამიანებთან ახლო მანძილზე მიახლოებას.

10. ცოფით მსხვილფეხა საქონლის დაავადების პირველი კლინიკური ნიშანია კუდის მოდუნება, ვერ ამოძრავებს მას, არხევს სხეულის უკანა ნაწილს, მგრძნობელობა დაქვეითებულია. გამოხატულია გაძლიერებული ნერწყვდენა, შებერილობა, ატონია. შემდგომ პერიოდში ცხოველი ხშირად წვება, ფეხებს ამოძრავებს, სუნთქვა გაძნელებულია, გამოხატულია კუნთების უნებლიე მოძრაობა, ოფლიანობა, ცდილობს ხმები გამოსცეს და პირის მოძრაობა ჰგავს მთქნარებას. აგზნების ფორმა გამოიხატება აღგზნებადობასა და აგრესიაში, რა დროსაც თავს ესხმის სხვა ცხოველებს და საგნებს, მოძრაობა არაკოორდინირებულია, საქციელი არაადეკვატური. შეინიშნება ხანგრძლივი, ყრუ, ხრინწიანი ღმუილი, რომელიც ჰგავს ხბოს ღმუილს ან ძაღლის ყეფას. გარშემო ყველაფერს ყურადღებით ათვალიერებს, განსაკუთრებით მგრძნობიარეა ხმებზე და მოძრაობაზე. მამრობით ცხოველში გამოხატულია სქესობრივი ლტოლვა. აგრესიული ფორმა გრძელდება 1-2 დღეს და შესაძლებელია უეცრად დამთავრეს დამბლით. სხეულის ტემპერატურამ შესაძლებელია მცირედ მოიმატოს, მადა ცვალებადია, ზოგიერთი ცხოველი თავს იკავებს საკვებისა და წყლის მიღებისაგან, გაძნელებულია ყლაპვა. ზოგიერთ შემთხვევაში ცხოველს არ აქვს საკვებისა და წყლის მიღების პრობლემა და ჩვეულებრივ იღებს მას.

11. ცოფით ცხვრის დაავადების კლინიკური ნიშნები მსგავსია მსხვილფეხა საქონლის კლინიკური ნიშნებისა. შესაძლებელია დაფიქსირდეს მომატებული აგრესიულობა, სქესობრივი ლტოლვა, ცხოველი იგლეჯს ბეწვს, გაძლიერებულია ნერწყვდენა და კუნთების კანკალი.

12. ცოფით თხის დაავადების კლინიკური ნიშნები იგივეა როგორც, ცხვარში, მაგრამ ისინი უფრო აგრესიულები არიან და ხშირად ახასიათებთ ღებინება.

13. ცოფით ცხენის დაავადებას ხშირ შემთხვევაში ახასიათებს დამბლითი ფორმა. თავდაპირველად შეინიშნება მოთენთილობა, აპათია (უხალისობა), ცალი ფეხით კოჭლობა, ატაქსია (კოორდინაციის დარღვევა), რასაც მოყვება ფეხების, კუდის, ანუსისა და სხეულის სხვა ნაწილების დამბლა. შესაძლებელია ახასიათებდეს აღგზნება, გაშმაგებით თავის ქნევა, აგრესიულობა, თავდასხმა ძაღლებზე და სხვა ცხოველებზე, დაცემა (ვერ დგება). გუგები გაფართოებულია, ვითარდება საღეჭი და საყლაპავი კუნთების კრუნჩხვები. მომატებულია სქესობრივი ლტოლვა, კოლიკა, ძლიერი ოფლიანობა, რომელიც მთავრდება დამბლით.

14. ცოფით ღორის დაავადების კლინიკური ნიშნები არაერთგვაროვანია – ახასიათებს, როგორც აღგზნება,       თავდასხმის    მცდელობა, თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევა, ისე, შესაძლებელია შეინიშნებოდეს ძლიერი ნერწყვდენა, სწრაფი ღეჭვითი, უკუსვლითი მოძრაობები.

15. ძაღლის ან მტაცებელი ცხოველის ლეში ჩვეულებრივ გამოფიტულია, ნაკბენი ადგილის ირგვლივ კანი დაზიანებულია. პირის გარშემო, ბეწვიანი ადგილები დასვრილია ნერწყვით. პირი დაკეტილ მდგომარეობაშია, ენა მშრალია. შესაძლებელია დაზიანებული იყოს ენა, ლორწოვანი გარსი და ხშირ შემთხვევაში კბილებიც (ჩამტვრეული). კუჭის ლორწოვანი გარსი ანთებითია, მასში შესაძლებელია ნანახი იქნეს უცხო საგნები. მცოხნავებს და სხვა სახეობის ცხოველებს ზემოთ ჩამოთვლილი პათანატომიური ცვლილებები შესაძლებელია არ ჰქონდეთ გამოხატული.

16. ცოფის დაავადება გამიჯნული უნდა იქნეს:

ა) ძაღლებში − ძაღლის ჭირისაგან, ინფექციური ჰეპატიტისაგან, აუესკის დაავადებისაგან;

ბ) მცოხნავი ცხოველების დაავადების შემთხვევაში – აუესკის დაავადებისგან, გადამდები ღრუბლისებრი ენცეფალოპათიისაგან, კეტოზისაგან, გაგუდვისაგან;

გ) ცხენის დაავადების შემთხვევაში – ენცეფალომიელიტისაგან;

დ) ღორის დაავადების შემთხვევაში – აუესკის დაავადებისგან, ტეშენის დაავადებისაგან, ღორის კლასიკური ჭირისაგან, ინტოქსიკაციისაგან, მენინგიტისაგან და სხვა დაავადებებისაგან.

17. ცოფის დაავადების მსგავსი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ცხოველის ტყვიით, პესტიციდებით და სხვა შხამებით მოწამვლის დროს.

18. ცხოველებში ცოფის დაავადებაზე ეჭვის მიტანა ხდება კლინიკური ნიშნების და ეპიზოოტიური მონაცემების გათვალისწინებით.

19. ცოფის დაავადებაზე დიაგნოზი ისმევა ცხოველის სიკვდილის შემდგომ, ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ რეკომენდებული გამოკვლევის მეთოდებით ხმელეთის ცხოველების სადიაგნოსტიკო ტესტების და ვაქცინების სახელმძღვანელოს (Manual of Diagnostic Tests and Vaccines for Terrestrial Animals) განახლებული ვერსიის შესაბამისად.

20. ცოფთან დაკავშირებული ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო ლაბორატორიულ გამოკვლევებს ახორციელებს სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია (შემდგომში – ლაბორატორია).

21. ცოფის საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანიას ცოფის დაავადების არსის და ცხოველთა სავალდებულო პროფილაქტიკური ვაქცინაციის შესახებ, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ასევე ახორციელებს სააგენტო.

22. ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების იზოლირება და პოპულაციის კონტროლი.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ცხოველების ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის (შემდგომში - წესი) მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ამთვისებელი ცხოველი − ნებისმიერი ძუძუმწოვარი ცხოველი;

ბ) შინაური ბინადარი ცხოველი − ნებისმიერი ჯიშის ძაღლი და კატა;

გ) პატრონიანი შინაური ბინადარი ცხოველი − ძაღლი, კატა, რომელსაც ჰყავს მფლობელი (ფიზიკური ან იურიდიული პირი), კონკრეტული მომენტისთვის ეს პირი, ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი ფლობს მას როგორც საკუთარს, ან რეგისტრირებულია როგორც საკუთრება;

დ) მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველი − გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად მობინადრე ძაღლი ან/და კატა, რომელზე მეთვალყურეობას უზრუნველყოფს მიმკედლებელი კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველი − ძაღლი, კატა, რომელიც იმყოფება მფლობელის, ან მიმკედლებლის მეთვალყურეობის გარეშე და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ არ დაუდგინდება ცხოველის მფლობელი ან მიმკედლებელი;

ვ) გარეული ცხოველი – ცხოველთა სახეობები, რომელიც ადამიანისგან დამოუკიდებლად არსებობენ ბუნებრივ, ნახევრად ბუნებრივ ან ხელოვნურ გარემოში, გარდა შინაური ცხოველებისა და მათი გაველურებული ფორმებისა;

ზ) ცხოველის მიმკედლებელი − გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ძაღლის, კატის მეთვალყურე ფიზიკური ან იურიდიული პირი;

თ) ცხოველის მფლობელი − ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით, სისტემატურად ახდენს ამთვისებელი ცხოველის შენახვას, რჩენას, მოვლას, მოშენებას და ა.შ.;

ი) პროფილაქტიკური ვაქცინაცია – ცოფის თავიდან აცილების მიზნით ჩატარებული ვაქცინაცია;

კ) გადაუდებელი ვაქცინაცია – ვაქცინაცია, რომელიც ტარდება დადასტურებული შემთხვევის დროს კარანტინის პერიოდში დაინფიცირებულ პუნქტში ან/და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიზე, ცოფის დაავადების ან მისი გავრცელების შეწყვეტის მიზნით;

ლ) ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ცხოველი იმყოფებოდა კონტაქტში ან არსებობს ეჭვი, რომ მას კონტაქტი ჰქონდა ცოფით დაავადებულ ცხოველთან, ან შესაძლებელია, რომ ცხოველი დაკბენილი, დაკაწრული ან დასვრილია ცოფით დაავადებული ცხოველის ნერწყვით (მათ შორის ნადირობის დროს) ან ლორწოვანი გარსი და კანი იყო კონტაქტში ცოფის შესაძლო წყაროსთან (ნერწყვთან, სხვა ცხოველების ნერვულ ქსოვილებთან);

მ) ცოფით დაავადებაზე საეჭვო შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ცხოველს ახასიათებს ნერწყვდენა, მადის შეცვლა, წყლისა და საკვების მიღების გაძნელება, ჯიშისათვის არადამახასიათებელი ნიშნები ან/და ცხოველმა უმიზეზოდ დაკბინა, დაკაწრა, ნერწყვით დასვარა სხვა ცხოველი ან/და ადამიანი, ან თავს დაესხა მათ. მათ შორის შემთხვევა, როდესაც ურბანულ, დასახლებულ ტერიტორიაზე იმყოფება გარეული ცხოველი და ავლენს სახეობისათვის არადამახასიათებელ ქცევას;

ნ) ცოფით დაავადებული ცხოველი – ცხოველი, რომელსაც ცოფის დიაგნოზი დაუდასტურდა ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე;

ო) ცოფის დადასტურებული შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ცხოველს ცოფის დიაგნოზი დადასტურებული აქვს ლაბორატორიული გამოკვლევით;

პ) დაინფიცირებული პუნქტი – ტერიტორია, სადაც აღმოჩენილია ცოფით დაავადებული ცხოველი, შესაძლებელია ადამიანის ან ცხოველის ცოფით დასნებოვნება, წესდება კარანტინი და ხორციელდება ცოფის საწინააღმდეგო ზომები;

ჟ) საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორია – ტერიტორია, დაინფიცირებული პუნქტიდან არაუმეტეს 3 კილომეტრის რადიუსში, სადაც წესდება კარანტინი და ხორციელდება ცოფის საწინააღმდეგო ზომები;

რ) ზედამხედველობა – პროცესი გარკვეული დროის პერიოდში, რომლის განმავლობაშიც ცხოველი იმყოფება იზოლირებულად (მფლობელთან/მიმკედლებელთან ან ცხოველთა თავშესაფარში, რა დროსაც გამორიცხული უნდა იყოს პირდაპირი კონტაქტი სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან) ვეტერინარის დაკვირვების ქვეშ, რათა გამოვლენილი იქნეს ცოფისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები;

ს) კარანტინი – ცოფის დადასტურებული შემთხვევის შემდგომი მდგომარეობა, რომელიც გრძელდება კარანტინის დაწესებიდან 30 დღე და რომლის განმავლობაშიც ხორციელდება ღონისძიებები დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად;

ტ) ევთანაზია – ვეტერინარის მიერ ცხოველისთვის სიცოცხლის შეწყვეტა ჰუმანურად, მყისიერად და უმტკივნეულოდ;

უ) უფლებამოსილი პირი − სააგენტოს ან მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც ამ წესიდან გამომდინარე მოქმედებს კომპეტენციის ფარგლებში;

ფ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო – მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული;

ქ) ცხოველის სადგომი/დროებითი სადგომი – სხვადასხვა ტიპის სათავსო, ნაგებობა, ღია ტიპის სადგომი, სადაც ხდება ცხოველის დგომა, შენახვა, მოვლა და რომელიც წარმოადგენს ცხოველის მუდმივ ან დროებით ფიზიკურ ადგილსამყოფელს;

ღ) ცხოველთა თავშესაფარი − მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ან სხვა კერძო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის მართვას, ცოფის დაავადებაზე პროფილაქტიკის მიზნით ზედამხედვლობის გაწევას, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობას ან/და მეპატრონის მოძიებას;

ყ) ვაქცინირებული ცხოველი − ცხოველი, რომელსაც ბოლო 12 თვის განმავლობაში ჩატარებული აქვს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;

შ) არავაქცინირებული ცხოველი − ცხოველი, რომელსაც ბოლო 12 თვის განმავლობაში არ აქვს ჩატარებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

2. ამ წესის მიზნებისთვის, ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

მუხლი 3. ცოფის შესახებ შეტყობინების ვალდებულება

1. ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის ცხოველის მფლობელი, ცხოველის მიმკედლებელი, ვეტერინარი, ლაბორატორია, ცხოველთა თავშესაფარი და ა.შ., რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ამთვისებელ ცხოველებთან, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს ცოფით დაავადებაზე საეჭვო შემთხვევის ან/და ცოფის დადასტურებული შემთხვევის შესახებ.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტომ, სსიპ - ეროვნულმა სატყეო სააგენტომ და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინიტროს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტომ, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა ორგანომ, გარემოში გარეულ მტაცებელ ძუძუმწოვარ ცხოველებში ცოფის ვირუსის გავრცელების (პრევალენტობის) შესწავლის მიზნით უზრულველყონ გარემოში მკვდარი გარეული ძუძუმწოვარი ცხოველის (მგელი, ტურა, მელა და სხვა) აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტოს ინფორმირება მისი ცოფზე გამოკვლევის მიზნით.

3. სააგენტო ვალდებულია:

ა) ცხოველის სახეობებისა და მფლობელის/მიმკედლებლის მიხედვით, ცოფის დადასტურებული შემთხვევის შესახებ, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს;

ბ) ადამიანის დამზარალებელ ცხოველზე განხორციელებული 10-დღიანი ვეტერინარული ზედამხედველობის შედეგის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს;

გ) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WOAH) მიაწოდოს 6-თვიანი და წლიური ანგარიში ცხოველებში ცოფის დაავადების შესახებ.

4. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ცხოველთა თავშესაფარი ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია ცხოველის მფლობელის/მიმკედლებლის, ცხოველის ვაქცინაციის სტატუსის და ცხოველზე განხორციელებული ზედამხედველობის შემდგომი მდგომარეობის შესახებ.

მუხლი 4. ცხოველის მფლობელის/მიმკედლებლის უფლება-მოვალეობები

1. ცხოველის მფლობელი/მიმკედლებელი ვალდებულია:

ა) დაიცვას შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-შენახვის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესები;

ბ) უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაცია 3 თვის ასაკიდან. ცხოველებს, რომელთაც ჩაუტარდათ ვაქცინაცია სამ თვემდე, კვლავ უნდა იყვნენ ვაქცინირებულნი სამი თვის ასაკში (პირველ და მეორე ვაქცინაციას შორის დაცული უნდა იყოს სულ მცირე 14-დღიანი შუალედი) და შემდგომ ყოველწლიურად. ვაქცინაციის მონაცემები უნდა აისახოს შესაბამის დოკუმენტში (ცხოველის პასპორტი, მონაცემთა ელექტრონული ბაზა, აცრის დამადასტურებელი ნებისმიერი აღრიცხვის ფორმა და ა.შ.);

გ) ამთვისებელი ცხოველის ცოფით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე ეჭვის მიტანისთანავე, ასევე, ამთვისებელი ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის ფაქტის შემთხვევისას, დაუყოვნებლივ მოახდინოს ცოფით დაინფიცირებაზე/ დაავადებაზე საეჭვო ამთვისებელი ცხოველის იზოლაცია და 24 საათის განმავლობაში ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს;

დ) ამ წესის შესაბამისად, ამთვისებელი ცხოველის ლეშის (საიდანაც აღებული იქნა პათანატომიური მასალა ცოფზე ლაბორატორიული გამოკვლევისათვის) განადგურებამდე/დამარხვამდე, უზრუნველყოს ლეშის იზოლირება სხვა ცხოველისაგან და ადამიანისაგან;

ე) ზედამხედველობის პერიოდში:

ე.ა) განათავსოს ამთვისებელი ცხოველი სხვა ცხოველებისგან და ადამიანებისგან იზოლირებულად;

ე.ბ) დაიცვას ამთვისებელი ცხოველი არასასურველი ბუნებრივი პირობებისაგან;

ე.გ) არ დაუშვას ცხოველის დაკარგვა, გაყიდვა ან გაჩუქება;

ე.დ) არ გაიყვანოს ამთვისებელი ცხოველი იმ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, რომელზეც ის იმყოფება ფლობისას/მიკედლებისას და სადაც დაწესდა ზედამხედველობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცხოველის მფლობელი/მიმკედლებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ცხოველთა თავშესაფარში ცხოველის გადაყვანას და მოვლა შენახვას მთელი საზედამხედველო პერიოდის განმავლობაში. თუ ცხოველი იმყოფება მრავალბინიან საცხოვრებელში, ამ შემთხვევაში დასაშვებია ცხოველის გამოყვანა საცხოვრებელი ფართის გარეთ, თუ ცხოველის მფლობელი/მიმკედლებელი უზრუნველყოფს მის იზოლაციას სხვა ცხოველების ან/და ადამიანებისაგან;

ვ) დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს და აცნობოს ზედამხედველობის განმახორციელებელ ვეტერინარს ინფორმაცია თუ ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ცხოველი:

ვ.ა) გამოამჟღავნებს ცოფისთვის დამახასიათებელ, ამ წესის პირველი მუხლის მე-6-მე-14 პუნქტებით განსაზღვრულ, კლინიკურ ნიშნებს;

ვ.ბ) ცხოველი მოკვდა ან დაიკარგა;

ზ) ითანამშრომლოს სააგენტოსთან და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ცხოველების ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში;

თ) არ დაუშვას ცხოველის მოკვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცხოველი ექვემდებარება ევთანაზიას.

2. თუ ცხოველის მფლობელი/მიმკედლებელი ვერ უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას, მაშინ ცხოველი ექვემდებარება ევთანაზიას.

მუხლი 5. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვა, ვაქცინის მარაგები, ვაქცინაცია და პოსტვაქცინალური გამოკვლევები

1. სააგენტოს მიერ გამოსაყენებელი ვაქცინის სახელმწიფო შესყიდვის ტექნიკურ პირობებს ადგენს სააგენტო.

2. სააგენტო უზრუნველყოფს ვაქცინის მარაგების შექმნას.

3. სააგენტო უზრუნველყოფს, გეგმის შესაბამისად, ვაქცინირებული ცხოველების პოსტვაქცინალური გამოკვლევების ჩატარებას.

4. კარანტინის პერიოდში, ცოფით დაინფიცირებულ პუნქტში ან/და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, სააგენტო შესაბამის სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებთან ან ფიზიკურ პირთან ურთიერთთანამშრომლობით, ატარებს ამთვისებელი ცხოველების გადაუდებელ ვაქცინაციას, მიუხედავად წინა ვაქცინაციის ჩატარების ვადებისა, ვაქცინის გამოყენების ინსტრუქციის გათვალისწინებით - გარდა იმ შემთხვისა როდესაც უკვე ჩატარებულია ცხოველის ვაქცინაცია და ვაქცინაციიდან არ არის გასული 14 დღე.

5. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოების კონტროლის ქვეშ მყოფმა და სხვა კერძო ცხოველთა თავშესაფრებმა, ასვე ვეტერინარულმა კლინიკებმა, უნდა აწარმოონ მათ მიერ ცოფის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული ცხოველების აღრიცხვიანობა სააგენტოს მიერ დადგენილი წესით და ინფორმაცია უნდა წარუდგინონ სააგენტოს ყოველწლიურად (გასული წლის ინფორმაცია არა უგვიანეს მომდევნო წლის 30 იანვრისა). მოწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს: გამოყენებული ვაქცინის დასახელება, მწარმოებელი ქვეყანა, ვაქცინის სერია, აცრილი ცხოველების რაოდენობა სახეობების მიხედვით.

მუხლი 6. ზომები ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო შემთხვევაში

1. შინაური ბინადარი ცხოველის ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ადგილზე აფასებს ეპიზოოტიურ (ეპიდემიოლოგიურ) სიტუაციას, შინაური ბინადარი ცხოველების შემთხვევაში ამოწმებს ცოფის საწინააღმდეგოდ ჩატარებული ვაქცინაციის მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს (ცხოველის პასპორტი, მონაცემთა ელექტორნული ბაზა, აცრის დამადასტურებელი ნებისმიერი აღრიცხვის ფორმა და ა.შ.); ახორციელებს ცხოველის კლინიკურ შემოწმებას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პატრონიანი/მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის შემთხვევაში:

ა.ა) ცოფზე ვაქცინირებულ   შემთხვევაში:

ა.ა.ა) დაუყოვნებლივ ჩატარდეს მისი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (გარდა იმ შემთხვისა, როდესაც უკვე ჩატარებულია ცხოველის ვაქცინაცია და ვაქცინაციიდან არ არის გასული 14 დღე) და ცხოველის მფლობელის/მიმკედლებლის პასუხისმგებლობით მოხდეს მასზე 45-დღიანი ზედამხედველობის დაწესება;

ა.ა.ბ) თუ ცხოველის მფლობელი/მიმკედლებელი უარს განაცხადებს 45 დღის განმავლობაში შინაური ბინადარი ცხოველის ზედამხედველობაზე, მოხდეს მისი ევთანაზია;

ა.ბ) ცოფზე არავაქცინირებული ან ვაქცინაციის განუსაზღვრელი სტატუსის მქონე პატრონიანი/მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის შემთხვევაში:

ა.ბ.ა) დაუყოვნებლივ ჩატარდეს მისი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და მფლობელის/მიმკედლებლის პასუხისმგებლობით მასზე მოხდეს 6-თვიანი ზედამხედველობის დაწესება;

ა.ბ.ბ) თუ შინაური ბინადარი ცხოველის მფლობელი/მიმკედლებელი უარს განაცხადებს ცხოველის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და 6 თვის განმავლობაში ცხოველის ზედამხედველობაზე, მოხდეს შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზია;

ბ) უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა მოხდეს არა უმეტეს 10 დღის ვადით შინაური ბინადარი ცხოველის გადაყვანა ცხოველთა თავშესაფარში და მისი ვაქცინაციის სტატუსის დადგენა, რის შემდეგაც:

ბ.ა) ცოფზე ვაქცინირებული უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველის შემთხვევაში, თუ 10 დღის ვადაში მას ოფიციალურად გამოუჩნდება მზრუნველობის ქვეშ აყვანის (მფლობელობა, მიკედლება) მსურველი, ცხოველის მფლობელის/მიმკედებლის პასუხისმგებლობით მოხდეს მასზე 45-დღიანი ზედამხედველობის დაწესება;

ბ.ბ) ცოფზე არავაქცინირებული (უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველის შემთხვევაში, თუ 10 დღის ვადაში მას ოფიციალურად გამოუჩნდება მზრუნველობის ქვეშ აყვანის (მფლობელობა, მიკედლება) მსურველი, ცხოველის მფლობელის/მიმკედებელის პასუხისმგებლობით მოხდეს მასზე 6 თვიანი ზედამხედველობის დაწესება;

ბ.გ) თუ 10 დღის ვადაში უპატრონო შინაურ ბინადარ ცხოველს არ გამოუჩნდება მზრუნველობის ქვეშ აყვანის (მფლობელობა, მიკედლება) მსურველი, მოხდეს მისი ევთანაზია;

გ) იმ შინაური ბინადარი ცხოველის (მიუხედავად ვაქცინაციის ან მფლობელობის სტატუსისა) შემთხვევაში რომელმაც დაკბინა/დადორბლა/დაკაწრა ადამიანი,  წესდება 10-დღიანი ზედამხედველობა (უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების შემთხვევაში ზედამხედველობა ხორციელდება ცხოველთა თავშესაფარში), ხოლო ზედამხედველობის ვადის გასვლის შემდგომ, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ხორციელდება ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ქმედებები.

2. დაავადების ამთვისებელ ისეთი სახეობის ცხოველზე (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, ცხენი, ღორი და სხვა), ცხოველის ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ადგილზე აფასებს ეპიზოოტიურ სიტუაციას, ამოწმებს ცხოველების ცოფის საწინააღმდეგოდ ჩატარებული ვაქცინაციის მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ცოფზე ვაქცინირებული ცხოველის შემთხვევაში:

ა.ა) დაუყოვნებლივ მოხდეს საკლავი ცხოველის სასაკლაოზე გადაუდებელი დაკვლა და ხორცის გამოყენება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ა.ბ) დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ცხოველის მფლობელის პასუხისმგებლობით მოხდეს მასზე 45-დღიანი ზედამხედველობის დაწესება;

ა.გ) თუ მფლობელის მიერ ვერ ხდება ამ პუნქტის ,,ა.ა“ და ,,ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესრულება – მოხდეს ცხოველის დაუყოვნებლივ ევთანაზია;

ბ) ცოფზე არავაქცინირებული ან ვაქცინაციის განუსაზღვრელი სტატუსის მქონე ცხოველის შემთხვევაში:

ბ.ა) დაუყოვნებლივ მოხდეს საკლავი ცხოველის სასაკლაოზე გადაუდებელი დაკვლა და ხორცის გამოყენება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ან

ბ.ბ) ცხოველის მფლობელის პასუხისმგებლობით მოხდეს ცხოველის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და მასზე 6 თვის განმავლობაში ზედამხედველობის დაწესება; ან

ბ.გ) თუ მფლობელის მიერ ვერ ხდება ამ პუნქტის ,,ბ.ა“ და ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესრულება – მოხდეს ცხოველის დაუყოვნებლივ ევთანაზია.

3. ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველზე ზედამხედველობის განხორციელების პერიოდში, ამ ცხოველისაგან მიღებული რძის ადამიანის მიერ სურსათად ან ცხოველის საკვებად გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თერმული დამუშავების – ადუღების ან პასტერიზაციის შემდეგ.

4. ცხოველის მფლობელისაგან/მიმკედლებლისგან ან თავშესაფრიდან ზედამხედველობის პერიოდში ცხოველის ცოფის დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ცხოველის ევთანაზიაზე ან ზედამხედველობის გაგრძელებაზე.

5. ზედამხედველობის პერიოდში ცხოველის სიკვდილის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ან ცხოველის ევთანაზიის შემთხვევაში, სააგენტოს ან მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს უფლებამოსილი პირი:

ა) აგზავნის ლაბორატორიაში პათოლოგიურ მასალას ცოფზე გამოსაკვლევად;

ბ) ატარებს ცხოველის ევთანაზიის/სიკვდილის ადგილის დეზინფექციას.

მუხლი 7. ზომები ცოფით დაავადებაზე საეჭვო შემთხვევაში

1. ცოფით ცხოველის დაავადებაზე საეჭვო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ადგილზე აფასებს ეპიზოოტიურ სიტუაციას, ამოწმებს ცოფით დაავადებაზე საეჭვო ამთვისებელი ცხოველის ცოფის საწინააღმდეგოდ ჩატარებული ვაქცინაციის მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს (ცხოველის პასპორტი, მონაცემთა ელექტორნული ბაზა, აცრის დამადასტურებელი ნებისმიერი აღრიცხვის ფორმა და ა.შ.) და ახორციელებს ცხოველის კლინიკურ შემოწმებას, რის საფუძველზეც იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პატრონიანი/მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის შემთხვევაში, ცხოველის მფლობელის/მიმკედლებლის პასუხისმგებლობით განხორციელდეს 10-დღიანი ზედამხედველობა, რომლის დასრულების შემდგომ:

ა.ა) თუ ცოფზე ვაქცინირებულ შინაურ ბინადარ ცხოველს არ აღენიშნება დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები,  შეწყდეს ზედამხედველობა;

ა.ბ) თუ ცოფზე არავაქცინირენულ შინაურ ბინადარ ცხოველს არ აღენიშნება დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები, ჩაუტარდეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და შეწყდეს ზედამხედველობა;

ა.გ) თუ შინაური ბინადარი ცხოველის მფლობელი/მიმკედლებელი უარს განაცხადებს 10 დღის განმავლობაში შინაური ბინადარი ცხოველის ზედამხედველობაზე,  ცხოველი ექვემდებარება  ევთანაზიას;

ბ) უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა მოხდეს 10-დღიანი ზედამხედველობის დაწესების მიზნით შინაური ბინადარი ცხოველის გადაყვანა ცხოველთა თავშესაფარში:

 ბ.ა) თუ ცოფზე ვაქცინირებულ უპატრონო შინაურ ბინადარ ცხოველს არ აღენიშნება დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები,  შეწყდეს ზედამხედველობა;

ბ.ბ) თუ ცოფზე არავაქცინირენულ უპატრონო შინაურ ბინადარ ცხოველს არ აღენიშნება დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები, ჩაუტარდეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და შეწყდეს ზედამხედველობა;

გ) დაავადების ამთვისებელ ისეთი სახეობის ცხოველზე (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, ცხენი, ღორი და სხვა), რომელზეც სააგენტოს მიერ არ არის ჩატარებული გეგმით გათვალისწინებული ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია, განხორციელდეს 15-დღიანი ზედამხედველობა, თუ ცხოველს არ აღენიშნება დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები,  შეწყდეს ზედამხედველობა;

დ) დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე:

დ.ა) ცოფზე ვაქცინირებულ პატრონიან/მიკედლებულ შინაურ ბინადარ ცხოველზე, რომელსაც აღენიშნება დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები, ცხოველის მფლობელის/მიმკედლებლის პასუხისმგებლობით წესდება 10-დღიანი ზედამხედველობა, რომლის გასვლის შემდეგ:

დ.ა.ა) იმ შინაურ ბინადარ ცხოველს, რომელსაც არ აღენიშნება კლინიკური ნიშნები უტარდება ვაქცინაცია და მფლობელის/მიმკედლებლის პასუხისმგებლობით წესდება 45-დღიანი ზედამხედველობა;

დ.ა.ბ) იმ შინაურ ბინადარ ცხოველს, რომელსაც აღენიშნება კლინიკური ნიშნები უკეთდება ევთანაზია;

დ.ბ) ცოფზე არავაქცინირებული პატრონიანი/მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველი, რომელსაც აღენიშნება დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები დაუყოვნებლივ ექვემდებარება ევთანაზიას;

დ.გ) ცოფზე ვაქცინირებულ პატრონიან/მიკედლებულ შინაურ ბინადარ ცხოველზე, რომელმაც დაკბინა/დადორბლა/დაკაწრა ადამიანი, ცხოველის მფლობელის/მიმკედლებლის პასუხისმგებლობით წესდება 10-დღიანი ზედამხედველობა, რომლის გასვლის შემდეგ:

დ.გ.ა) კლინიკური ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, შინაურ ბინადარ ცხოველს უტარდება ვაქცინაცია და მფლობელის/მიმკედლებლის პასუხისმგებლობით წესდება 45-დღიანი ზედამხედველობა;

დ.გ.ბ) კლინიკური ნიშნების არსებობის შემთხვევაში, ცხოველი ექვემდებარება ევთანაზიას;

დ.დ) ცოფზე არავაქცინირებულ პატრონიან/მიკედლებულ შინაურ ბინადარ ცხოველზე, რომელმაც დაკბინა/დადორბლა/დაკაწრა ადამიანი, ცხოველის მფლობელის/მიმკედლებლის პასუხისმგებლობით წესდება 10-დღიანი ზედამხედველობა, რომლის გასვლის შემდეგ:

დ.დ.ა) კლინიკური ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, შინაურ ბინადარ ცხოველს უტარდება ვაქცინაცია და წესდება 6-თვიანი ზედამხედველობა;

დ.დ.ბ) კლინიკური ნიშნების არსებობის შემთხვევაში, ცხოველი ექვემდებარება ევთანაზიას;

დ.ე) უპატრონო შინაურ ბინადარ ცხოველზე ან იმ პატრონიან შინაურ ბინადარ ცხოველზე, რომელზეც ცხოველის მფლობელი/მიმკედლებელი ვერ უზრუნველყოფს ზედამხედველობას ან უარს განაცხადებს ზედამხედველობაზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა“ - ,,დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, 10-დღიანი ზედამხედველობა დაწესდეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ. თუ 10 დღის ვადაში ცხოველს არ გამოუჩნდება მზრუნველობის ქვეშ აყვანის (მფლობელობა, მიკედლება) მსურველი, ასეთ შემთხვევაში განხორციელდეს უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზია;

ე) ცხოველის მფლობელის/მიმკედლებლის მიერ ზედამხედველობის პერიოდში ცხოველის სიკვდილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას ან/და ცხოველის ევთანაზიის შემდგომ:

ე.ა) ლაბორატორიაში გადაიგზავნოს პათოლოგიური მასალა ცოფზე გამოსაკვლევად ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;

ე.ბ) განხორციელდეს ცხოველის სიკვდილის/ევთანაზიის ადგილის დეზინფექცია.

2. გარეულ ცხოველში (მგელი, ტურა, მელა) ცოფის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოს მოთხოვნის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვის საფუძველზე საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე შესაძლებლობის ფარგლებში განხორციელდება გარეული მტაცებელი (მგელი, ტურა, მელა) ცხოველების გარემოდან ამოღება, ცოფზე გამოსაკვლევად მასალის აღება და ლაბორატორიაში გადაგზავნა ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.

3. გარეული ცხოველის ლეშის პოვნის/მოწოდების შემთხვევაში, მოხდება ცოფზე გამოსაკვლევად მასალის აღება და ლაბორატორიაში გადაგზავნა ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.

4. ამთვისებელი ცხოველის ზედამხედველობის პერიოდში,  მისგან მიღებული ცხოველური პროდუქტების ადამიანის მიერ სურსათად გამოყენება დაუშვებელია და ექვემდებარება განადგურებას.

მუხლი 8. ცოფის დაავადებაზე გამოსაკვლევი ნიმუშის აღება, ტრანსპორტირება და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

1. ცოფის დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ლეშზე დაუცველი (შიშველი) ხელით შეხება დაუშვებელია, ლეშის გაკვეთა, გამოკვლევისათვის ნიმუშის აღება და ლაბორატორიაში გადაგზავნა ხორციელდება ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით.

2. ცოფზე დიაგნოზის დასადგენად ლაბორატორიაში გამოსაკვლევად უნდა გაიგზავნოს პატარა ზომის ლეში მთლიანად, ან თავი, ხოლო საშუალო ან დიდი ზომის ლეშის შემთხვევაში თავი.

3. ცოფზე გამოსაკვლევი ნიმუშის შეფუთვა უნდა მოხდეს ორ წყალგაუმტარ პოლიეთილენის პაკეტში და შემდეგ მოთავსდეს მყარ კონტეინერში.

4. ცოფის დაავადებაზე დიაგნოზი ისმევა ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ რეკომენდებული გამოკვლევის მეთოდებით - პირდაპირი ფლუორესცენტული ანტისხეულების ტესტით (DFA) და რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR), ხმელეთის ცხოველების სადიაგნოსტიკო ტესტების და ვაქცინების სახელმძღვანელოს (Manual of Diagnostic Tests and Vaccines for Terrestrial Animals) განახლებული ვერსიის შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორია განახორციელებს ვირუსის ტიპირებას.

მუხლი 9. ზომები ცოფის დადასტურებული შემთხვევის დროს

1. ცოფის დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტო განსაზღვრავს ცოფით დაინფიცირებულ პუნქტს და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიას.

2. თუ საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორია ვრცელდება სააგენტოს სხვადასხვა სამოქმედო სტრუქტურული ქვედანაყოფის და ტერიტორიული ორგანოს ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული და ტერიტორიული ორგანო ერთობლივად ახორციელებენ ცოფის საწინააღმდეგოდ გასატარებელ ღონისძიებებს.

3. სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი და ტერიტორიული ორგანო დაინფიცირებული პუნქტის და საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიის განსაზღვრისას, მხედველობაში იღებს კონკრეტული ტერიტორიის ეპიზოოტიურ სიტუაციას, გეოგრაფიულ და ადმინისტრაციულ საზღვრებს, სოციალურ ფაქტორს და ცხოველთა პოპულაციის სიმჭიდროვეს.

4. სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს -ცოფის დადასტურებული შემთხვევის დროს, ცოფის გამომწვევის გავრცელების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის დაწესებას, მოხსნასა და საკარანტინო ღონისძიებების გატარებაში ხელშეწყობას; მათ შორის მკვდარი ცხოველების ლეშების დამარხვის მიზნით შესაბამისი ტერიტორიის და  ტექნიკის გამოყოფას.

5. კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;

ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

6. კარანტინის პერიოდში დაინფიცირებულ პუნქტში და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე:

ა) ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო შემთხვევაში ტარდება ამავე წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ზომები;

ბ) ცოფით დაავადებაზე საეჭვო შემთხვევაში ტარდება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ზომები:

გ) იკრძალება ცხოველთა გამოფენების, შეჯიბრებების და ამთვისებელ ცხოველთა მონაწილეობით სხვა ღონისძიებების მოწყობა (მათ შორის ნადირობა ძაღლების გამოყენებით და ა.შ.);

დ) ტარდება ცოფის ამთვისებელი ყველა სახეობის ჯანმრთელი ცხოველის გადაუდებელი ვაქცინაცია, ვაქცინის ინსტრუქციით განსაზღვრული სქემის გათვალისწინებით, განურჩევლად მათი იმუნიტეტის ვადისა – გარდა იმ შემთხვევისა როდესაც უკვე ჩატარებულია ცხოველის ვაქცინაცია და ვაქცინაციიდან არ არის გასული 14 დღე;

ე) ცოფის დადასტურებული და დაავადებაზე საეჭვო ან/და დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველების სადგომები, ცხოველების მოვლის საგნები, ცხოველების მომვლელი პერსონალის დადორბლილი ტანსაცმელი და სხვა გამონაყოფებით დასვრილი საგნები ექვემდებარება დეზინფექციას ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად.

7. კარანტინის პერიოდში დაინფიცირებული პუნქტიდან და საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან იკრძალება ცხოველთა გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცხოველის გადაადგილება მასზე ზედამხედველობის განხორციელების ან სასაკლაოში დაკვლის მიზნით.

8. გარეულ მტაცებელ (მგელი, ტურა, მელა) ცხოველში ცოფის დადასტურებული შემთხვევის დროს, დაინფიცირებული პუნქტიდან და საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან, საჭიროებიდან გამომდინარე, სააგენტოს მოთხოვნის და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვის საფუძველზე განხორციელდება გარეული მტაცებელი (მგელი, ტურა, მელა) ცხოველების გარემოდან ამოღება და ცოფის დაავადებაზე ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება.

9. მკვდარი ცხოველის სხეულის ყველა ნაწილი უნდა დაექვემდებაროს განკარგვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

10. კარანტინი იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე მისი დაწესებიდან ან/და ცოფის უკანასკნელი დადასტურებული შემთხვევიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ.

11. საკარანტინო ზონაში კლინიკურად ჯანმრთელი ვაქცინირებული ცხოველებისაგან მიღებული რძე და ხორცი (ცოფზე აცრილი ცხოველების ჩათვლით) დასაშვებია გამოყენებულ იქნეს ადამიანის საკვებად, ვაქცინის გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

12. კარანტინის პერიოდში, ამ წესით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის დამრღვევ პირს დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

მუხლი 10. დეზინფექცია, გაუვნებლობა

1. გამოსაკვლევი მასალის აღების შემდეგ ერთჯერადი გამოყენების ინვენტარი უნდა განადგურდეს, მრავალჯერადი გამოყენების ინვენტარი ექვემდებარება დეზინფექციას და შემდეგ გარეცხვას. ხელები უნდა დამუშავდეს 70%-იანი სპირტით ან დაბანილი იქნეს საპნით და გამდინარე წყლით.

2. სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ და სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული მითითებების და დეზინფექტანტის გამოყენების ინსტრუქციის გათვალისწინებით.

3. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ დეზინფქციის სამუშაოები ადეკვატურად იყოს დოკუმენტირებული.

4. სადეზინფექციო საშუალების განზავება უნდა მოხდეს უშუალოდ მისი გამოყენების წინ, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონკრეტული სადეზინფექციო საშუალების მოქმედების შესუსტება.

5. დეზინფექცია შესაძლებელია განხორციელდეს პრეპარატის შესხურებით ან დასხმით.

6. დაავადების აღმძვრელის გარემოში მოსპობის მიზნით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე საეჭვო ან დაავადებული ცხოველების:

ა) სადგომი, მოვლის საგნები, მომვლელი პერსონალის დადორბლილი ტანსაცმელი და  გამონაყოფებით სავარაუდოდ დასვრილი სხვა საგნები ექვემდებარება დეზინფექციას ან/და განადგურებას;

ბ) ლეშების ტრანსპორტირების შემდგომ ხდება სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია.

მუხლი 11. კომპენსაცია

1. ცხოველის (მსხვილფეხა, წვრილფეხა საქონელი, ღორი და ცხენი) ცოფის დაავადებით სიკვდილის შემთხვევაში, კომპენსაციის გადახდისა და ამ კომპენსაციის ოდენობის საკითხს ადგენს საქართველოს მთავრობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ცხოველის მფლობელზე კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ადგილი აქვს ამ წესის შესაბამისად ცოფის დაავადების დადასტურებულ შემთხვევას;

ბ) „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილების შესაბამისად:

ბ.ა) სადგომი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში;

ბ.ბ) ცხოველის მფლობელი რეგისტრირებულია ცხოველის მფლობელად მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასრულებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს;

ბ.გ) ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებულია დადასტურებელ შემთხვევამდე არანაკლებ 15 დღით ადრე.“.