მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/19081-21
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 10/03/2023
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2023
სარეგისტრაციო კოდი
2/19081-21
10/03/2023
ვებგვერდი, 17/03/2023
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

   გაუქმების შესახებ

2/19081-21/330210321004907879

2023 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი

სხდომის მდივანი თამთა ცხვირაშვილი

 

კრედიტორი სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი გელა ფუტკარაძე

მოვალე შპს „რუსთავტრანსი“ (ს/კ 216311845)

შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველი ნატალი ჭუჭულაშვილი

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრებულად გამოცხადების, საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

გამოარკვია:

2021 წლის 3 აგვისტოს, შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845)  წარმომადგენელმა, იოსებ შველიძემ, განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „რუსთავტრანსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

2021 წლის 10 აგვისტოს მიღებული განჩინებით, წარმოდგენილ განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე რუსთავის მერიის, როგორც კომპანიის 100% წილის მესაკუთრის თანხმობის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge), „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, გამოქვეყნდა 2021 წლის 10 აგვისტოს.

2021 წლის 16 აგვისტოს განმცხადებელმა შეავსო ხარვეზი და საქმეს დაურთო ზემოხსენებული განჩინებით მოთხოვნილი, შესაბამისი თანხმობის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 აგვისტოს განჩინებით მოვალე შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845) განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845) მიმართ გაიხსნა გაკოტრების რეჟიმი. ამავე განჩინებით შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845) გაკოტრების მმართველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი - გიორგი ხუნდაძე (პ/ნ 01001074765), რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.

2021 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მოვალე შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845) გაკოტრების მმართველის გიორგი ხუნდაძის (პ/ნ 01001074765) სახელზე ავანსის სახით გაიცა 1500 ლარი.

2022 წლის 18 აპრილის განჩინებით შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845) გაკოტრების მმართველს გიორგი ხუნდაძეს შეუწყდა უფლებამოსილება, მისი როგორც გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის რეგისტრაციის გაუქმების გამო; ამავე განჩინებით შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845) მმართველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი - ნატალი ჭუჭულაშვილი, რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.

2022 წლის 21 ივნისს შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველმა ნატალი ჭუჭულაშვილმა გააკეთა მოხსენება გაწეული საქმიანობის შესახებ, ხოლო 2022 წლის 15 სექტემბერს წარმოადგინა მის მიერ მოძიებული კრედიტორთა რეესტრი 2022 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით.

2022 წლის 22 ივნისს შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარმოადგინა განცხადება მოვალის ქონების რეალიზაციის ფორმის შერჩევის შესახებ. 2022 წლის 1 ივნისს სასამართლოს მიერ დამოწმებული სააუქციონო დოკუმენტაცია ჩაჰბარდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს აუქციონის ჩასატარებლად. 2022 წლის 15 სექტემბერს შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველმა სასამართლოში წარმოადგინა გაკოტრების ანგარიში, რომლის თანახმადაც  შპს „რუსთავტრანსის“ ქონების რეალიზაციის მიზნით პირველი აუქციონი დაინიშნა 14.07.2022 წელს, რომელიც გაგრძელდა 22.07.2022 წლამდე, მეორე აუქციონი დაიწყო 2022 წლის 4 აგვისტოს, რომელიც გაგრძელდა 11 აგვისტომდე. 2022 წლის 24 აგვისტოს დაიწყო მესამე აუქციონი, რომელიც გაგრძელდა 2022 წლის 1 სექტემბრამდე, მესამე აუქციონზე ქონება რეალიზებულ იქნა. 2022 წლის 15 სექტემბრის საბოლო ანგარიშის განცხადების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მოწვეულ იქნა შპს „რუსთავტრანსის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა, კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება; სამეურვეო მასის განაწილება გაკოტრების მმართველის ანგარიშის მიხედვით; მასის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების განაწილების შემდეგ შპს  „რუსთავტრანსის“ მიმართ სამეწარმეო და არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მოვალის რეგისტრაციის გაუქმება.

2022 წლის 26 სექტემბერს დანიშნულ კრედიტორთა კრება გადაიდო, შპს „რუსთავტრანსის“ ბალანსზე არსებული მოძრავი ქონების, სატრანსპორტო საშუალებების მოძიების მიზნით 2022 წლის 19 ოქტომბერს.

2023 წლის 20 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებთ მომართა შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველმა კრედიტორთა დაზუსტებული რეესტრით.

2023 წლის 21 თებერვალს შპს „რუსთავტრანსის“ გადახდისუუნარობის საქმეზე გაკოტრების მმართველმა ნატალი ჭუჭულაშვილმა წარმოადგინა ანგარიში, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას შპს „რუსთავტრანსის“ კუთვნილი უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ, ასევე შპს „რუსთავტრანსის“  სახელზე რიცხული 61 ავტომობილის მოუძიებლობის გამო მათი ჩამოწერის შესახებ, გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების  კრედიტორთა რეესტრში დამატებით გასათვალისწინებელ მოთხოვნებთან დაკავშირებით, სულ კრედიტორებისათვის გასანაწილებელი თანხის ოდენობის და მისი განაწილების რიგითობების მიხედვით და მოთხოვნას გაკოტრების საქმის  წარმოების დასრულების შესახებ. ამავე განცხადებით გაკოტრების  მმართველი ითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევას შემდეგი დღის წესრიგით:

გაკოტრების მმართველის ანგარიშის წარდგენა; სამეურვეო მასის განაწილება გაკოტრების მმართველის ანგარიშის მიხედვით, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მოვალის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2023 წლის 23 თებერვალს დანიშნული კრედიტორთა კრება გადაიდო 2023 წლის 10 მარტს შემდეგი დღის წესრიგით: სამეურვეო მასის განაწილება გაკოტრების მმართველის ანგარიშის მიხედვით, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, მოვალის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2023 წლის 1 მარტს შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველმა წარმოადგინა კრედიტორთა დაზუსტებული რეესტრი 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით და სამეურვეო მასის დაზუსტებული განაწილების შესახებ განცხადება გაკოტრების ანგარიშის შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მარტს გამართულ კრედიტორთა კრებაზე, გაკოტრების მმართველმა ზეპირსიტყვიერადაც მიუთითა მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ და მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ გაკოტრების ანგარიშს და მოითხოვა შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრებულად გამოცხადება და მისი რეგისტრაციის გაუქმება.

სსიპ შემოსავლების სამსახურის (კრედიტორი) წარმომადგენლის განმარტებით შემოსავლების სამსახურის ზოგადი პოზიციის მიხედვით არცერთი საწარმო არ უნდა გაკოტრდეს, რადგან შესაძლოა მომავალში გაკოტრებულ საწარმოს აღმოაჩნდეს ქონება გაკოტრებულად გამოცხადების შემდეგ, მაგრამ მოცემულ საქმეში არსებული მონაცემების საფუძველზე არსებობს  საწარმოს გაკოტრების წინაპირობა.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, უპირველეს ყოვლისა, მოვალის ფინანსური პრობლემების გადაჭრა – შესაძლებლობის შემთხვევაში რეაბილიტაციის გზით კრედიტორთა დაკმაყოფილება, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის დადგენის შემთხვევაში დასაშვებია სამეურვეო ქონების რეალიზაცია და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება – გაკოტრება.

კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 აგვისტოს განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი შპს „რუსთავტრანსის“ (მოვალის) განცხადება და მის მიმართ გაიხსნა გაკოტრების რეჟიმი. გაკოტრების რეჟიმის პერიოდში არ დამდგარა გაკოტრების რეჟიმის რეაბილიტაციის რეჟიმით შეცვლის შესაძლებლობა.

„რეაბილიტაციისა და კოლექტიური წარმოების  შესახებ“ საქართველოს კანონის  100.1 მუხლის თანახმად, გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს.

შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველის მიერ როგორც წერილობით ანგარიშების, ასევე ზეპირსიტყვიერი განმარტებით გაკოტრების მასა სრულად იქნა რეალიზებული კრედიტორთა მაქსიმალური ეფექტიანი დაკმაყოფილების მიზნით და მოქმედი კანონით გათვალისწინებული კრედიტორთა დაკმაყოფილების წესისა და რიგითობის მიხედვით.

„რეაბილიტაციისა და კოლექტიური წარმოების  შესახებ“ საქართველოს კანონის  106.4 მუხლის თანახმად, გაკოტრების მმართველის ანგარიშის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „რუსთავტრანსი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, მე-100 და 106-ე მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „რუსთავტრანსი“ (ს/კ 216311845) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ  სისტემაში (www.ecourt.ge).

3.  განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე                                                                              ლიანა კაჟაშვილი