მეხორცული ქათმის მინიმალური დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მეხორცული ქათმის მინიმალური დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2028
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023908
75
21/02/2023
ვებგვერდი, 22/02/2023
240110000.10.003.023908
მეხორცული ქათმის მინიმალური დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №75

2023 წლის 21 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

მეხორცული ქათმის მინიმალური დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მეხორცული ქათმის მინიმალური დაცვის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2028 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



მეხორცული ქათმის მინიმალური დაცვის წესი

მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი

1. „მეხორცული ქათმის მინიმალური დაცვის წესი“ (შემდგომში − წესი) ვრცელდება ხორცის წარმოებისთვის შენახულ ქათმებზე.

2. ეს წესი არ ვრცელდება:

ა) სადგომზე, სადაც ინახება 500-ზე ნაკლები ქათამი;

ბ) მხოლოდ სანაშენე ქათმების შემნახველ სადგომზე;

გ) ინკუბატორზე;

დ) „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებით დამტკიცებული დანართ №3-ის − „ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლით განსაზღვრულ აღნიშვნებთან დაკავშირებული მოთხოვნები“ მე-3 − მე-6 მუხლებით განსაზღვრულ მეურნეობის ტიპზე;

ე) „ბიოწარმოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის №198 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად გაზრდილ ქათმებზე.

3. ეს წესი ვრცელდება სადგომზე, რომელიც ინახავს როგორც სანაშენე, ასევე გამოსაზრდელ ქათმებს.

4. ცხოველთა კეთილდღეობაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება ცხოველის მფლობელს ან მომვლელს.

5. ამ წესის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

ა) მფლობელი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირი, რომელიც ფლობს სადგომს, სადაც ინახება ქათმები;

ბ) მომვლელი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია ქათმებზე, ხელშეკრულების ან კანონმდებლობის საფუძველზე, მუდმივად თუ დროებით;

გ) სახელმწიფო ვეტერინარი − სააგენტოს მიერ დანიშნული ვეტერინარი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობის განსახორციელებლად;

დ) დღიური სიკვდილიანობის კუმულაციური მაჩვენებელი − დღიური სიკვდილიანობის მაჩვენებლების ჯამი;

ე) ქათამი − Gallus gallus-ის სახეობის ცხოველი, რომელიც ინახება ხორცის წარმოებისთვის;

ვ) სადგომი − საწარმოო ადგილი, სადაც ინახება ქათმები;

ზ) საფრინველე − შენობა სადგომში, სადაც ინახება ქათმების გუნდი;

თ) გამოყენებადი ტერიტორია − ქვეშსაგებიანი ადგილი, რომელიც ხელმისაწვდომია ქათმებისთვის ნებისმიერ დროს;

ი) გუნდის სიმჭიდროვე − ქათმების მთლიანი ცოცხალი წონა, რომლებიც ერთდროულად იმყოფებიან საფრინველეში, გამოყენებადი ტერიტორიის ფართობის კვადრატულ მეტრზე;

კ) გუნდი − ქათმების ჯგუფი, რომელიც მოთავსებულია სადგომის საფრინველეში და იმავდროულად იმყოფება ამ საფრინველეში;

ლ) დღიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი − ქათმების რაოდენობა, რომლებიც მოკვდნენ საფრინველეში იმავე დღეს, მათ შორის, რომლებიც დახოცეს დაავადების ან სხვა მიზეზის გამო, გაყოფილი იმ დღეს საფრინველეში მყოფი ქათმების რაოდენობაზე და გამრავლებული 100-ზე.

2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

მუხლი 3. ქათმების შენახვასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. ყველა საფრინველე უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის დანართ №1-ით − „სადგომთან დაკავშირებული მოთხოვნები“ დადგენილ მოთხოვნებს.

2. საჭირო ინსპექტირება, მონიტორინგი და აღრიცხვა, მათ შორის, ამ წესის დანართ №3-ით − „მონიტორინგი და აღრიცხვა სასაკლაოში“ (ამ წესის     მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები) გათვალისწინებული, ხორციელდება სააგენტოს ან სახელმწიფო ვეტერინარის მიერ.

3. გუნდის მაქსიმალური სიმჭიდროვე სადგომში ან სადგომის საფრინველეში, ნებისმიერ დროს, არ უნდა აღემატებოდეს 33 კგ/მ2-ს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის გაუთვალისწინებლად, დასაშვებია ქათმების შენახვა უფრო მაღალ სიმჭიდროვეზე, იმ პირობით, რომ მეპატრონე ან მომვლელი აკმაყოფილებს ამ წესის დანართ №2-ით − „მაღალი სიმჭიდროვის გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნები“ დადგენილ მოთხოვნებს, ამ წესის დანართ №1-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულზე გამონაკლისის დაშვებისას, სადგომში ან ამ სადგომის საფრინველეში გუნდის მაქსიმალური სიმჭიდროვე, ნებისმიერ დროს, არ უნდა აღემატებოდეს 39 კგ/მ2-ს.

6. ამ წესის დანართ №5-ით − „გუნდში გაზრდილი სიმჭიდროვის გამოყენების კრიტერიუმი“ განსაზღვრული კრიტერიუმების შესრულებისას, სააგენტოს შეუძლია, დაუშვას ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გუნდის მაქსიმალური სიმჭიდროვის გაზრდა მაქსიმუმ 3 კგ/მ2-ით.

მუხლი 4. სწავლება და სახელმძღვანელო პირებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ქათმებთან

1. სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სასწავლო კურსების არსებობა, რომელიც ფოკუსირებული იქნება და მოიცავს კეთილდღეობის ასპექტებს, კერძოდ, ამ წესის დანართ №4-ში − „სწავლებები“ ჩამოთვლილ საკითხებს.

2. მომვლელმა, რომელიც ფიზიკური პირია, უნდა გაიაროს საკმარისი სწავლება თავისი ამოცანების შესასრულებლად.

3. სამინიტრომ უნდა უზრუნველყოს სასწავლო კურსების დამტკიცებისა და კონტროლისათვის სისტემის შექმნა. მომვლელს უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომელიც შეთანხმებულია სამინისტროსთან და ადასტურებს ასეთი სასწავლო კურსის დასრულებას ან შეძენილი გამოცდილების ეკვივალენტურ სწავლებას.

4. სამინისტროს შეუძლია, აღიაროს 2028 წლის 30 ოქტომბრამდე შეძენილი გამოცდილება, როგორც სასწავლო კურსებში მონაწილეობის ეკვივალენტი და გასცეს სერტიფიკატი, რომლებიც ადასტურებს ამ ეკვივალენტობას.

5. ამ მუხლის პირველი − მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ასევე ვრცელდება მფლობელებზე.

6. მფლობელს ან მომვლელს უნდა ჰქონდეს ცხოველთა კეთილდღეობის შესაბამისი მოთხოვნების შესახებ ინსტრუქციები და რეკომენდაციები/ სახელმძღვანელო, მათ შორის, სადგომში დამკვიდრებულ გამოწუნების (სანიტარიული კვლა) მეთოდებზე, მათ მიერ დასაქმებული ან ჩართული პირებისთვის ქათმების მოვლაზე ან მათ დაჭერასა და ჩატვირთვაზე.

მუხლი 5. ინსპექტირება

სააგენტო ყოველი წლის 31 აგვისტომდე წარუდგენს სამინისტროს გასული წლის წლიურ ანგარიშს განხორციელებული ინსპექტირების შესახებ, ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ანგარიშს თან უნდა ახლდეს შეუსაბამობის ყველაზე სერიოზული აღმოჩენების ანალიზი და ეროვნული სამოქმედო გეგმა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან შემცირდეს მათი წარმოშობა მომდევნო წლებისთვის.

მუხლი 6. მართვის კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო

სააგენტომ ხელი უნდა შეუწყოს მართვის კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელოების შემუშავებას, რომელიც მოიცავს მითითებებს ამ წესთან შესაბამისობის შესახებ. წახალისებული უნდა იყოს ასეთი სახელმძღვანელოების გავრცელება და გამოყენება.

 

დანართი №1

სადგომთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების გარდა, სადგომთან დაკავშირებით, გამოიყენება შემდეგი მოთხოვნები:

ა) საწყურებელი უნდა იყოს განლაგებული და მოვლილი ისე, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი დაღვრა;

ბ) საკვები უნდა იყოს მუდმივად ხელმისაწვდომი ან ფქვილის სახით მიღებული და არ უნდა იქნეს შეწყვეტილი კვება ქათმების მოსალოდნელ დაკვლამდე 12 საათით ადრე;

გ) ყველა ქათამს უნდა ჰქონდეს მუდმივი წვდომა ზედაპირზე მშრალ და ფხვიერ ქვეშსაგებზე;

დ) ვენტილაცია საკმარისი უნდა იყოს გადახურების თავიდან ასაცილებლად და, საჭიროების შემთხვევაში, გათბობის სისტემებთან ერთად, ზედმეტი ტენის მოსაცილებლად;

ე) ხმაურის დონე უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ვენტილატორები, კვების დანადგარები ან სხვა აღჭურვილობა უნდა იყოს აშენებული, განლაგებული, ექსპლუატირებული და შენახული ისე, რომ გამოიწვიოს ხმაურის მინიმალური დონე;

ვ) განათება:

ვ.ა) ყველა შენობას უნდა ჰქონდეს განათება, სულ მცირე, 20 ლუქსის ინტენსივობით დღის პერიოდში, გაზომილი ფრინველის თვალის დონეზე და განათებული უნდა იქნეს გამოყენებადი ტერიტორიის ფართობის არანაკლებ 80%-ისა. განათების დონის დროებითი შემცირება შესაძლებელია, საჭიროების შემთხვევაში, ვეტერინარის რჩევის შესაბამისად;

ვ.ბ) ქათმების სადგომში მოთავსებიდან შვიდი დღის განმავლობაში და დაკვლის გათვალისწინებულ დრომდე სამი დღით ადრე უნდა შეესაბამებოდეს 24-საათიან რიტმს და მოიცავდეს სიბნელის პერიოდებს, რომელიც გრძელდება, სულ მცირე, ექვსი საათის განმავლობაში, სიბნელის არანაკლებ ერთი უწყვეტი პერიოდით, სულ მცირე, ოთხი საათის განმავლობაში, ჩაბნელების პერიოდების გამოკლებით;

ზ) სადგომში შენახული ყველა ქათამი უნდა შემოწმდეს არანაკლებ ორჯერ დღეში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნიშნებს, რომლებიც მიუთითებენ ცხოველთა კეთილდღეობის და/ან ცხოველთა ჯანმრთელობის შემცირებულ დონეზე;

თ) ქათმები, რომლებიც სერიოზულად არიან დაზიანებული ან აღენიშნებათ ჯანმრთელობის დარღვევის აშკარა ნიშნები, როგორიცაა სიარულის გაძნელება, მძიმე ასციტი ან მძიმე მანკი და შესაძლოა იტანჯებოდნენ, უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა ან დაუყოვნებლივ იქნენ გამოწუნებული. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს დაკავშირება ვეტერინართან;

ი) შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის ან ჭურჭლის ის ნაწილები, რომლებიც კონტაქტშია ქათმებთან, უნდა დასუფთავდეს და ჩაუტარდეს დეზინფექცია ყოველ ჯერზე საბოლოო დეპოპულაციის განხორციელების შემდეგ, საფრინველეში ახალი გუნდის შეყვანამდე. საფრინველის საბოლოო დეპოპულაციის შემდეგ ყველა ქვეშსაგები უნდა მოსცილდეს და სუფთა ქვეშსაგებით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი;

კ) მფლობელმა ან მომვლელმა უნდა აწარმოოს ჩანაწერები ყოველი საფრინველისთვის:

კ.ა) შემოყვანილი ქათმების რაოდენობის შესახებ;

კ.ბ) გამოყენებადი ტერიტორიის შესახებ;

კ.გ) თუ ცნობილია, ქათმების ჰიბრიდის ან ჯიშის შესახებ;

კ.დ) თითოეული განხორციელებული კონტროლის მიხედვით, მკვდარი აღმოჩენილი ფრინველების რაოდენობის შესახებ, მიზეზების მითითებით, თუ ცნობილია ისევე, როგორც რაიმე მიზეზით გამოწუნებული ფრინველების რაოდენობის შესახებ;

კ.ე) გუნდში დარჩენილი ქათმების რაოდენობის შესახებ ქათმების გასაყიდად ან დასაკლავად გაყვანის შემდეგ.

2. ამ დანართის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები ინახება, სულ მცირე, სამი წელი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის შემოწმების განხორციელებისას ან სხვაგვარად მოთხოვნის შემთხვევაში.

3. დაუშვებელია, თერაპიული ან დიაგნოსტიკური მიზნების გარდა, სხვა მიზეზების გამო განხორციელებული ყველა ქირურგიული ჩარევა, რომელიც იწვევს სხეულის მგრძნობიარე ნაწილის დაზიანებას ან დაკარგვას ან ძვლის სტრუქტურის შეცვლას. თუმცა, დასაშვებია, ავტორიზებულ იქნეს სააგენტოს მიერ ნისკარტის წვერის მოჭრა, როდესაც ამოიწურება სხვა ზომები ბუმბულის მოძრობისა და კანიბალიზმის თავიდან ასაცილებლად. ასეთ შემთხვევებში ის უნდა ჩატარდეს მხოლოდ ვეტერინარის კონსულტაციით და რჩევით და ჩატარდეს კვალიფიციური პერსონალის მიერ 10 დღეზე ნაკლები ასაკის ქათმებზე. გარდა ამისა, სააგენტომ შეიძლება გასცეს ავტორიზაცია ქათმების კასტრირებაზე. კასტრაცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ვეტერინარული მეთვალყურეობის ქვეშ იმ პერსონალის მიერ, რომელმაც გაიარა სპეციალური სწავლება.

დანართი №2

მაღალი სიმჭიდროვის გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

 

ნაწილი I.  შეტყობინება და დოკუმენტაცია

1. მფლობელმა ან მომვლელმა სააგენტოს უნდა აცნობოს, თუ აპირებს გამოიყენოს 33 კგ/მ2 ცოცხალ წონაზე მეტი გუნდის სიმჭიდროვე.

ზუსტად უნდა იქნეს მითითებული ციფრი და აცნობოს სააგენტოს გუნდის სიმჭიდროვის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, გუნდის საფრინველეში განთავსებამდე, სულ მცირე, 15 დღით ადრე.

სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში ამ შეტყობინებას უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომელიც აჯამებს ამ ნაწილის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციაში მოცემულ ინფორმაციას.

2. მფლობელმა ან მომვლელმა უნდა შეინახოს და საფრინველეში ჰქონდეს შედგენილი დოკუმენტაცია, სადაც დეტალურად არის აღწერილი წარმოების სისტემები. კერძოდ, ის უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საფრინველისა და მისი აღჭურვილობის ტექნიკურ დეტალებზე, როგორიცაა:

ა) საფრინველის გეგმა ქათმების მიერ დაკავებული ზედაპირის ზომების ჩათვლით;

ბ) ვენტილაცია და, საჭიროების შემთხვევაში, გაგრილებისა და გათბობის სისტემა, მათი მდებარეობის ჩათვლით, ვენტილაციის გეგმა, რომელიც დეტალურად აღწერს ჰაერის ხარისხის პარამეტრებს, როგორიცაა: ჰაერის ნაკადი, ჰაერის სიჩქარე და ტემპერატურა;

გ) კვებისა და დაწყურების სისტემები და მათი მდებარეობა;

დ) განგაშის სისტემები და სარეზერვო სისტემები ნებისმიერი ავტომატური ან მექანიკური მოწყობილობის გაუმართაობის შემთხვევაში, რომელიც აუცილებელია ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის;

ე) იატაკის ტიპი და ჩვეულებრივად გამოყენებული ქვეშსაგები.

3. დოკუმენტაცია უნდა მიეწოდოს სააგენტოს, მოთხოვნის შემთხვევაში და უნდა ექვემდებარებოდეს განახლებას. კერძოდ, აღრიცხული უნდა იქნეს სავენტილაციო და განგაშის სისტემის ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ჩანაწერები.

4. მფლობელმა ან მომვლელმა ზედმეტი დაყოვნების გარეშე უნდა აცნობოს სააგენტოს დოკუმენტებში აღწერილ საფრინველეში, აღჭურვილობასა თუ პროცედურებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელმაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს ფრინველების კეთილდღეობაზე.

ნაწილი II. მოთხოვნები სადგომისთვის − გარემოს პარამეტრების კონტროლი

მესაკუთრემ ან მომვლელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სადგომის თითოეული საფრინველე აღჭურვილი იყოს სავენტილაციო და, საჭიროების შემთხვევაში, გათბობისა და გაგრილების სისტემებით, რომლებიც დაგეგმარებულია, აშენებულია და ფუნქციონირებს ისე, რომ:

ა) ამიაკის (NH3) კონცენტრაცია არ აღემატება 20 ppm-ს და ნახშირორჟანგის კონცენტრაცია (CO2) არ აღემატება 3000 ppm-ს, გაზომილი ქათმის თავების დონეზე;

ბ) შიდა ტემპერატურა, როდესაც ჩრდილში გაზომილი გარე ტემპერატურა აღემატება 30°C-ს, არ აღემატება ამ გარე ტემპერატურას 3°C-ზე მეტით;

გ) საფრინველის შიგნით გაზომილი საშუალო ფარდობითი ტენიანობა, 48 საათის განმავლობაში, არ აღემატება 70%-ს, როდესაც გარე ტემპერატურა 10°C-ზე დაბალია.

 

დანართი №3

მონიტორინგი და აღრიცხვა სასაკლაოში

ნაწილი I. სიკვდილიანობა

1. 33 კგ/მ2-ზე მეტი გუნდის სიმჭიდროვის შემთხვევაში გუნდის თანმხლები დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს დღიური სიკვდილიანობისა და დღიური სიკვდილიანობის კუმულაციურ მაჩვენებლებს, რომლებიც გამოითვლება მფლობელის ან მომვლელის მიერ, და ქათმების ჰიბრიდს ან ჯიშს.

2. სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობით აღირიცხება ეს მონაცემები ისევე, როგორც მკვდარი ბროილერების რაოდენობა შეყვანისას, სადგომისა და სადგომის საფრინველის მითითებით. მონაცემთა და დღიური სიკვდილიანობის კუმულაციური მაჩვენებლის სარწმუნოობა უნდა შემოწმდეს დაკლული ბროილერების რაოდენობისა და სასაკლაოში მისვლისას მკვდარი ბროილერების რაოდენობის გათვალისწინებით.

ნაწილი II. დაკვლისშემდგომი შემოწმება

„ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილების შესაბამისად ჩატარებული კონტროლის ფარგლებში, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეაფასოს დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგები, რათა გამოავლინოს ცუდი კეთილდღეობის სხვა შესაძლო ნიშნები, როგორიცაა: კონტაქტური დერმატიტის უჩვეულო რაოდენობა, პარაზიტიზმი და სისტემური დაავადება სადგომში ან წარმოშობის სადგომის საფრინველის ერთეულში.

ნაწილი III. შედეგების შესახებ კომუნიკაცია

თუ ამ დანართის პირველ ნაწილში მითითებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ან ამ დანართის II ნაწილში მოხსენიებული დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგები შეესაბამება ცხოველთა კეთილდღეობის ცუდ პირობებს, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა აცნობოს მონაცემები ცხოველის მფლობელს ან მომვლელს და სააგენტოს. შესაბამისი ქმედებები უნდა განხორციელდეს ცხოველის მფლობელის ან მომვლელისა და სააგენტოს მიერ.

დანართი №4

 

სწავლებები

ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასწავლო კურსები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შესაბამისი კანონმდებლობის გაცნობას და, კერძოდ, შემდეგ საკითხებს:

ა) ამ წესის დანართები: №1 და №2;

ბ) ფიზიოლოგია, კერძოდ, სასმელსა და კვებაზე მოთხოვნილებები, ცხოველების ქცევა და სტრესის კონცეფცია;

გ) ქათმების ფრთხილად მოპყრობის, დაჭერის, დატვირთვისა და ტრანსპორტირების პრაქტიკული ასპექტები;

დ) გადაუდებელი დახმარება ქათმებზე, გადაუდებელი მოკვლა და გამოწუნება;

ე) პრევენციული ბიოუსაფრთხოების ზომები.

 

დანართი №5

გუნდში გაზრდილი სიმჭიდროვის გამოყენების კრიტერიუმები

1.  კრიტერიუმები

გუნდში გაზრდილი სიმჭიდროვის გამოყენების კრიტერიუმებია:

ა) სააგენტოს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებულმა სადგომის მონიტორინგმა არ გამოავლინა ხარვეზები ამ წესის მოთხოვნებთან მიმართებით; და

ბ) სადგომის მფლობელის ან მომვლელის მიერ მონიტორინგი ხორციელდება ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული მართვის კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელოების გამოყენებით; და

გ) სულ მცირე, შვიდჯერ ზედიზედ და შემდგომ შემოწმებულ გუნდში საფრინველიდან დღიური სიკვდილიანობის კუმულაციური მაჩვენებელი იყო 1%+0,06%-ზე დაბალი, გამრავლებული გუნდის დაკვლის ასაკზე დღეებში.

თუ სააგენტოს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში არ განხორციელებულა სადგომის მონიტორინგი, უნდა განხორციელდეს, სულ მცირე, ერთი მონიტორინგი, რათა შეამოწმოს, არის თუ არა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა შესრულებული.

2. განსაკუთრებული გარემოებები

ამ დანართის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გაუთვალისწინებლად, სააგენტომ შეიძლება გადაწყვიტოს გუნდის სიმჭიდროვის გაზრდა, როდესაც მფლობელი ან მომვლელი მიაწოდებს საკმარის ახსნას მაღალი დღიური სიკვდილიანობის კუმულაციური მაჩვენებლის განსაკუთრებული გარემოებების შესახებ, ან აჩვენებს, რომ მიზეზები მისი კონტროლის სფეროს მიღმაა.