„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2603-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 220020000.05.001.020821
2603-XIმს-Xმპ
22/02/2023
ვებგვერდი, 10/03/2023
220020000.05.001.020821
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სარგებელს და რომელსაც ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისთვის შექმნილი იურიდიული პირი ან მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი – მისი მმართველი ორგანოს წევრი;“;

ბ) „ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ1“ ქვეპუნქტი:

„ჭ1) ახლო ნათესავი − „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ახლო ნათესავი;“.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არავის არ აქვს უფლება, გამოიყენოს ტერმინი „ბანკი“, „მიკრობანკი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით ამ კანონის შესაბამისად გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გარეშე, იმავე კანონით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით ან როდესაც იმ კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია ტერმინი „ბანკი“, „მიკრობანკი“, ჩანს, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას.“.

3. 31 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) ნასამართლობის შესახებ ცნობას ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტიც იყო იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში;“;

ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) იურიდიული პირისა და მისი ადმინისტრატორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის/ნასამართლობის შესახებ ცნობებს ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტებიც იყვნენ ისინი ბოლო 10 წლის განმავლობაში.“.

4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პარალელურად დაკავებული პოზიციების რაოდენობა – კომერციული ბანკის ადმინისტრატორი არ უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული სხვა კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული სუბიექტი/სუბიექტები ექვემდებარება/ექვემდებარებიან იმ კომერციული ბანკის კონტროლს ან არის/არიან იმ კომერციული ბანკის მაკონტროლებელი სუბიექტი/სუბიექტები, რომელშიც მას ადმინისტრატორის პოზიცია უკავია. კომერციული ბანკის ადმინისტრატორი არ უნდა იყოს 5-ზე მეტი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს ან/და დირექტორატის წევრი. ამასთანავე, 1 აღმასრულებელი პოზიცია თავსებადია 2 არააღმასრულებელ პოზიციასთან ან დასაშვებია 5 არააღმასრულებელი პოზიციის დაკავება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში დაკავებული პოზიციები არ გაითვალისწინება. ამავე ქვეპუნქტის მიზნებისთვის 1 პოზიციად მიიჩნევა:

ე.ა) ერთ ჯგუფში დაკავებული პოზიციები. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ჯგუფი გულისხმობს კომერციულ ბანკს, მის სათავო საწარმოს და შვილობილ საწარმოს/საწარმოებს;

ე.ბ) იმ საწარმოში/საწარმოებში დაკავებული პოზიციები, რომლის/რომელთა მნიშვნელოვან წილსაც ფლობს კომერციული ბანკი.“.

5. 81 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კომერციული ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის ნებისმიერი ცვლილების (მათ შორის, მისთვის ცნობილი, წილის ფლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების) შესახებ.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი:

„მუხლი 102. კომერციული ბანკის მიკრობანკად გარდაქმნა

1. კომერციული ბანკი უფლებამოსილია შეიცვალოს საქმიანობის საგანი და ეროვნულ ბანკს მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად.

2. ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე კომერციული ბანკი უწყვეტად ახორციელებს საქმიანობას და მასზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.

3. ეროვნული ბანკი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას კომერციული ბანკის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. კომერციული ბანკის ლიცენზიის გაუქმებისთანავე მისი უფლებამონაცვლე ხდება შესაბამისი მიკრობანკი.

4. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში კომერციული ბანკი განაგრძობს საქმიანობას ამ კანონით დადგენილი წესით.“.

7. მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული ბანკის მართვა ხორციელდება მისი წესდებითა და სხვა შიდაორგანიზაციული წესებით, რომლებიც უნდა განსაზღვრავდეს მის ორგანიზაციულ სტრუქტურას, რისკების მართვის ჩარჩოს, პასუხისმგებლობებს და უნდა იყოს ფორმალიზებული და ეროვნული ბანკისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი.

3. კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს წარუდგენს თავის წესდებასა და სხვა შიდაორგანიზაციულ წესებს, აგრეთვე იმ თანამდებობის პირთა სიას, რომლებსაც კომერციული ბანკის წარმომადგენლის უფლებამოსილება აქვთ, მათი ხელმოწერების ნიმუშებს და მათი უფლებამოსილების ფარგლების შესახებ აღნიშვნას.“.

8. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. აუდიტი

1. კომერციული ბანკი და მისი შვილობილი საწარმო ვალდებული არიან ყოველწლიურად მოიწვიონ აუდიტორი და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ჩაატარონ ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.

2. კომერციული ბანკი ვალდებულია ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასრულებისთანავე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აუდიტორული დასკვნა და გამოაქვეყნოს ეროვნული ბანკის წესებით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგება აუდიტორულ დასკვნასთან ერთად.“.

9. 3712 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კომერციული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია და ის იმავე პირობებით გადაიტანოს სხვა კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში. მისი გადატანისთვის საბანკო გარანტიის ბენეფიციარისა და პრინციპალის თანხმობა საჭირო არ არის. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია საბანკო გარანტიის ბენეფიციარსა და პრინციპალს შეატყობინოს აღნიშნული საბანკო გარანტიის სხვა კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში გადატანის შესახებ.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. კომერციული ბანკის ლიკვიდაციისას ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება, აგრეთვე „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროგრამის კრედიტორებს აქვთ უზრუნველყოფის აქტივებიდან იმავე კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. კომერციული ბანკის ლიკვიდაციისას სხვა მოთხოვნები შემდეგი თანამიმდევრობით უნდა დაკმაყოფილდეს:

ა) ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები;

ბ) ეროვნული ბანკი, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული თანხები;

გ) სარეზოლუციო ფონდი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა დაფინანსების (გარდა სარეზოლუციო ფონდის საშუალებით განხორციელებული დროებითი სახელმწიფო დაფინანსებისა) ფარგლებში. ამასთანავე, კომერციული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები დაკმაყოფილდება ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რიგითობის დაცვით;

დ) დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები, მათ შორის, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა;

ე) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;

ვ) იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;

ზ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;

თ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

ი) ფიზიკური პირების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

კ) იურიდიული პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ლ) იურიდიული პირების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

მ) კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პერიოდში სხვა კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები;

ნ) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;

ო) კომერციული ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები (მათ შორის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროგრამის კრედიტორების არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები), გარდა ამ პუნქტის „პ“−„უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

პ) კომერციული ბანკის სასესხო ვალდებულება კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ, გარდა ამ პუნქტის „ჟ“−„უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

ჟ) კომერციული ბანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის;

რ) კომერციული ბანკის ისეთი ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, გარდა ამ პუნქტის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

ს) კომერციული ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები;

ტ) კომერციული ბანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები;

უ) კომერციული ბანკის სხვა ვალდებულებები კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ.“;

გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად დასასრულებლად კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით კომერციულ ბანკში არსებული ის ანგარიშები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ კომერციულ ბანკში აღნიშნული სამართლებრივი შეზღუდვების ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების არსებული რიგითობის დაცვით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, უცვლელად გადაიტანოს სხვა კომერციულ ბანკში, მიკრობანკში ან/და ეროვნულ ბანკში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2023 წ.

N2603-XIმს-Xმპ