დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მოკვლისას ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 36 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/01/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2028 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.023869 |
|
მოკვლისას ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მოკვლისას ცხოველთა დაცვის წესი“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2028 წლის 1 იანვრიდან.
|
|
მოკვლისას ცხოველთა დაცვის წესი
I თავი |
მუხლი 1. მოქმედების სფერო
1. „მოკვლისას ცხოველთა დაცვის წესი“ (შემდგომში − წესი) ადგენს სანაშენე ცხოველთა ან სურსათის, მატყლის, კანის, ბეწვის ან სხვა პროდუქტების წარმოებისათვის შენახული ცხოველების, ასევე დეპოპულაციის მიზნით ან მასთან დაკავშირებული სამუშაოებისათვის ცხოველთა მოკვლის წესებს. თევზთან მიმართებით გამოიყენება მხოლოდ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. ამ წესის II თავი, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამ წესის III და IV თავები, გარდა ამ წესის მე-19 მუხლისა, არ გამოიყენება გადაუდებელი მოკვლისას ან როდესაც ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის დაცვა გამოიწვევს ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის დაუყოვნებლივ და სერიოზულ საფრთხეს. 2. ეს წესი არ გამოიყენება: ა) ცხოველების მოკვლისას: ა.ა) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, სამეცნიერო ექსპერიმენტის დროს; ა.ბ) ნადირობის ან რეკრეაციული თევზაობის დროს; ა.გ) კულტურული ან სპორტული ღონისძიებების დროს; ბ) პირადი მოხმარებისათვის, მფლობელის მიერ სასაკლაოს გარეთ მოკლულ ფრინველზე, ბოცვერსა და კურდღელზე. 3. ამ წესის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მოკვლა – ცხოველის სიკვდილის გამომწვევი ნებისმიერი მიზანმიმართული პროცესი; ბ) დაკავშირებული სამუშაოები – ცხოველთან მოპყრობა, ცხოველის მოსვენება, შეკავება, გაბრუება და სისხლგართმევა იმ კონტექსტში და ადგილზე, სადაც ცხოველის მოკვლა ხდება; გ) ცხოველი – ნებისმიერი ხერხემლიანი ცხოველი, გარდა რეპტილიებისა და ამფიბიებისა; დ) გადაუდებელი მოკვლა – დაშავებული ან დაავადებული ცხოველის მოკვლა, რომელიც განიცდის გაუსაძლის ტკივილს ან იტანჯება და არარსებობს ტკივილის ან ტანჯვის შემსუბუქებისათვის სხვა პრაქტიკული შესაძლებლობა; ე) მოსვენება – ცხოველთა შენახვა ბაკში, გალიაში, გადახურულ ადგილას ან მინდორში, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ დაკავშირებულია სასაკლაოს სამუშაოებთან; ვ) გაბრუება – მიზანმიმართული პროცესი, რომელიც იწვევს ცნობიერებისა და მგრძნობელობის უმტკივნეულოდ დაკარგვას, მათ შორის, მყისიერი სიკვდილის გამომწვევი ნებისმიერი პროცესი; ზ) რელიგიური რიტუალი – ცხოველის დაკვლასთან დაკავშირებული და რელიგიის მიერ დადგენილი ქმედებები; თ) კულტურული და სპორტული ღონისძიებები – მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ხანგრძლივი კულტურული ტრადიციების შესაბამისად დამკვიდრებული ღონისძიებები, მათ შორის, რბოლა ან შეჯიბრის სხვა ფორმები, სადაც ხორცის ან სხვა ცხოველური პროდუქტის წარმოება არ ხდება ან სადაც იწარმოება ღონისძიებასთან შედარებით საკმაოდ მწირი რაოდენობა და არ არის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი; ი) სტანდარტული სამუშაო პროცედურები – ერთიანი წერილობითი ინსტრუქციები, რომლებიც მიმართულია კონკრეტული ფუნქციის ან სტანდარტის შესრულების ერთგვაროვნებაზე; კ) დაკვლა – ადამიანის მიერ მოხმარებისათვის ცხოველის მოკვლა; ლ) სასაკლაო – დაწესებულება, რომელიც ექვემდებარება „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილების მოქმედების სფეროს და გამოიყენება ხმელეთის ცხოველთა დაკვლისთვის; მ) ბიზნესოპერატორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მისი კონტროლის ქვეშ კლავს ცხოველებს ან ახორციელებს სხვა დაკავშირებულ სამუშაოებს და ექვემდებარება ამ წესის მოქმედების სფეროს; ნ) საბეწვე ცხოველი – ბეწვის წარმოებისთვის მოშენებული ძუძუმწოვარი ცხოველები, მათ შორის, წაულა, ქრცვინი, მელია, ენოტი, ნუტრია და შინშილა; ო) დეპოპულაცია – საზოგადოებივი და ცხოველთა ჯანმრთელობისთვის, ცხოველთა კეთილდღეობისათვის ან გარემოსდაცვითი მიზეზებით სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ ცხოველთა მოკვლის პროცესი; პ) ფრინველი – ფერმის ფრინველები (გარდა უტროპო ფრინველებისა), მათ შორის, ფრინველები, რომლებიც არ მიიჩნევა შინაურ ფრინველებად, მაგრამ ხორცილედება მათი მოშენება შინაურ ცხოველებად; ჟ) შეკავება – ეფექტური გაბრუებისა და მოკვლის მიზნით, ცხოველზე ნებისმიერი პროცედურის გამოყენება, რომელიც ემსახურება მისი მოძრაობის შეზღუდვას, ტკივილის, შიშის ან აგზნების თავიდან აცილებით; რ) ჩხვლეტა – თავის ქალას ღრუში შეყვანილი, წაგრძელებული ღეროს ფორმის ინსტრუმენტით ცენტრალური ნერვული სისტემის ქსოვილისა და ზურგის ტვინის მთლიანობის დარღვევა; ს) მეცხოველეობის ერთეული – ამ წესის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისათვის, სტანდარტული საზომი ერთეული, რომლის დახმარებითაც, შედარების მიზნით, შესაძლებელია სხვადასხვა კატეგორიის საქონლის გაერთიანება. გამოყენებული უნდა იქნეს კონვერტაციის შემდეგი კურსი: ს.ა) მოზარდი მსხვილფეხა საქონელი ნიშნავს მსხვილფეხა საქონელს, რომლის ცოცხალი წონა 300 კილოგრამზე მეტია და ცხენები: 1 მეცხოველეობის ერთეული; ს.ბ) სხვა მსხვილფეხა საქონელი: 0,50 მეცხოველეობის ერთეული; ს.გ) 100 კგ-ზე მეტი ცოცხალი მასის ღორი: 0,20 მეცხოველეობის ერთეული; ს.დ) სხვა ღორი: 0,15 მეცხოველეობის ერთეული; ს.ე) ცხვარი და თხა: 0,10 მეცხოველეობის ერთეული; ს.ვ) 15 კგ-ზე ნაკლები ცოცხალი წონის ბატკანი, თიკანი და გოჭი: 0,05 მეცხოველეობის ერთეული. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. თავი II ძირითადი მოთხოვნები მუხლი 3. მოკვლასა და მასთან დაკავშირებული სამუშაოების ზოგადი მოთხოვნები 1. ცხოველის მოკვლის ან მოკვლასთან დაკავშირებული სამუშაოების დროს თავიდან უნდა იქნეს აცილებული ცხოველის ყოველგვარი ტკივილი, სტრესი ან ტანჯვა. 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიზნებისათვის, ბიზნესოპერატორმა აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს, რათა დარწმუნდეს, რომ: ა) უზრუნველყოფილია ცხოველის ფიზიკური კომფორტი და დაცვა, განსაკუთრებით, სუფთა, თერმულად ადეკვატურ პირობებში შენახვით და დაცულია ჩამოვარდნის ან ჩამოცურების საშიშროებისგან; ბ) ცხოველი დაცულია დაზიანებისგან; გ) ცხოველს ეპყრობიან და განათავსებენ მათი ნორმალური ქცევის შესაბამისად; დ) ცხოველი არ ავლენს ტკივილის ან შიშის ნიშნებს ან არანორმალურ ქცევას; ე) ცხოველი არ იტანჯება საკვებისა და წყლის ხანგრძლივი მიუწვდომლობის გამო; ვ) ცხოველებს არ აქვთ სხვა ცხოველებთან კონტაქტი, რაც შესაძლოა მათი კეთილდღეობისათვის ზიანის მომტანი იყოს. 3. მოკვლისა და მასთან დაკავშირებული სამუშაოებისათვის გამოყენებული სათავსი უნდა იყოს დაგეგმარებული, აშენებული, მოვლილი და ფუნქციონირებდეს ისე, რომ მთელი წლის განმავლობაში სათავსში დაგეგმილი საქმიანობის პირობებში უზრუნველყოფილი იყოს ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება. მუხლი 4. გაბრუების მეთოდები 1. ცხოველთა მოკვლა დასაშვებია მხოლოდ გაბრუების შემდეგ, ამ წესის დანართ №1-ით − „გაბრუების მეთოდების და მასთან დაკავშირებული სპეციფიკაციების ნუსხა“ − განსაზღვრული მეთოდებისა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებით. გონებისა და მგრძნობელობის დაკარგვა ცხოველის სიკვდილის დადგომამდე უნდა შენარჩუნდეს. თუ ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული მეთოდები არ გამოიწვევს მყისიერ სიკვდილს (შემდგომში – მარტივი გაბრუება), აუცილებელია, რაც შეიძლება, სწრაფად განხორციელდეს სიკვდილის გამომწვევი პროცედურები, როგორიცაა: სისხლგართმევა, ჩხვლეტა, ელექტროშოკი ან გახანგრძლივებული ანოქსია. 2. იმ ცხოველის შემთხვევაში, რომელიც ექვემდებარება რელიგიური რიტუალებით დადგენილ დაკვლის კონკრეტულ მეთოდს, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ გამოიყენება იმ პირობით, რომ დაკვლა ხორციელდება სასაკლაოზე. მუხლი 5. გაბრუების შემოწმება 1. ბიზნესოპერატორი უნდა დარწმუნდეს, რომ გაბრუების პროცედურაზე პასუხისმგებელი ყველა პირი ან სხვა დასახელებული პერსონალი რეგულარულად ამოწმებს, რომ გაბრუების პროცესსა და სიკვდილის დადგომას შორის ცხოველებს არ აღენიშნებათ ცნობიერების ან მგრძნობელობის ნიშნები. ეს შემოწმებები უნდა განხორციელდეს ცხოველთა საკმარისი რაოდენობის რეპრეზენტატიულ ნიმუშებზე და შემოწმების სიხშირე უნდა დადგინდეს წინა შემოწმების შედეგისა და ნებისმიერი ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გაბრუების პროცესის ეფექტიანობაზე. როდესაც შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ ცხოველი სათანადოდ არ არის გაბრუებული, გაბრუებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყონებლივ უნდა მიიღოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტული სამუშაო პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი ზომები. 2. ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, ცხოველის გაბრუების გარეშე მოკვლისას, დაკვლაზე პასუხისმგებელმა პირ(ებ)მა რეგულარულად, ბორკილების (კაუჭების) მოხსნამდე ცხოველები უნდა შეამოწმონ და დარწმუნდნენ, რომ ცხოველებს არ აღენიშნებათ ცნობიერების ან მგრძნობელობის ნიშნები და გატყავებისა და გაფუფქვის პროცედურის დაწყებამდე არ აღენიშნებათ სიცოცხლის არავითარი ნიშანი. 3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიზნებისათვის, ბიზნესოპერატორს შეუძლია, გამოიყენოს ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელოში აღწერილი შემოწმების პროცედურები. მუხლი 6. სტანდარტული სამუშაო პროცედურები 1. ბიზნესოპერატორმა წინასწარ უნდა დაგეგმოს ცხოველების მოკვლა და მასთან დაკავშირებული სამუშაოები და მათი განხორციელება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სტანდარტული სამუშაო პროცედურების შესაბამისად. 2. ბიზნესოპერატორმა უნდა შეადგინოს და განახორციელოს სტანდარტული სამუშაო პროცედურები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოკვლისა და მასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელება, ამ წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად. სტანდარტული სამუშაო პროცედურები გაბრუებასთან დაკავშირებით უნდა: ა) ითვალისწინებდეს მწარმოებელთა რეკომენდაციებს; ბ) სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, თითოეული გაბრუების მეთოდისათვის განისაზღვროს ამ წესის დანართ №1-ის I თავით დადგენილი ძირითადი პარამეტრები, რათა უზრუნვეყოფილ იქნეს ცხოველთა გაბრუების ეფექტიანობა; გ) მიეთითოს იმ ზომების გამოყენების შესახებ, როდესაც ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული შემოწმებები მიუთითებს ცხოველთა არასათანადო გაბრუებაზე ან როდესაც ცხოველის დაკვლა განხორციელდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და ცხოველს სასიცოცხლო ნიშნები კვლავ აღენიშნება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, ბიზნესოპერატორს შეუძლია გამოიყენოს ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელოში აღწერილი სტანდარტული სამუშაო პროცედურები. 4. ბიზნესოპერატორმა სააგენტოს მოთხოვნისას უნდა წარუდგინოს სტანდარტული სამუშაო პროცედურები. მუხლი 7. კომპეტენციის დონე და სერტიფიკატი 1. ცხოველის მოკვლა და მასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ პირების მიერ, რომლებსაც აქვთ შესაბამისი დონის კომპეტენცია და შეუძლიათ ცხოველთათვის ნებისმიერი სახის ტკივილის, სტრესისა და ტანჯვის მიყენების გარეშე აღნიშნულის განხორციელება. 2. ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ დაკვლის შემდგომი სამუშაოები განხორციელდეს მხოლოდ იმ პირების მიერ, რომლებიც ფლობენ ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციის სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს მათ შესაძლებლობებს, განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებები, ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად: ა) ცხოველთა შეკავებამდე მათი მოპყრობა და მოვლა; ბ) ცხოველთა გაბრუებისა და მოკვლისთვის მათი შეკავება; გ) ცხოველთა გაბრუება; დ) ეფექტიანი გაბრუების შეფასება; ე) ცოცხალი ცხოველებისათვის ბორკილების (კაუჭების) დადება ან აწევა; ვ) ცოცხალი ცხოველების სისხლგართმევა; ზ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაკვლა. 3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების გათვალისწინებით, საბეწვე ცხოველის მოკვლა უნდა განხორციელდეს ამ წესის 21-ე მუხლით განსაზღვრული კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის უშუალო თანდასწრებითა და მეთვალყურეობის ქვეშ. საბეწვე ცხოველების ფერმის ბიზნესოპერატორმა სააგენტოს წინასწარ უნდა აცნობოს ცხოველთა მოკვლის შესახებ. მუხლი 8. შემაკავებელი და გასაბრუებელი აღჭურვილობის გამოყენების ინსტრუქცია 1. ცხოველის კეთილდღეობის ოპტიმალური პირობების უზრუნველსაყოფად, რეკლამირებული ან საქართველოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტები, როგორც შემაკავებელი ან გასაბრუებელი მოწყობილობა, უნდა გაიყიდოს მხოლოდ მაშინ, როდესაც თან ახლავს გამოყენების შესაბამისი ინსტრუქციები. ასევე ეს ინსტრუქციები მწარმოებლების მიერ საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინტერნეტში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინსტრუქციები კონკრეტულად უნდა მიუთითებდეს: ა) ცხოველთა სახეობებს, კატეგორიებს, რაოდენობას ან/და წონას, რომელთათვისაც განკუთვნილია აღჭურვილობა; ბ) სხვადასხვა გარემოების დროს რეკომენდებულ პარამეტრებს, მათ შორის, ამ წესის დანართ №1-ის I თავით განსაზღვრული ძირითადი პარამეტრების ჩათვლით; გ) მეთოდს გაბრუების აღჭურვილობის ეფექტურობის მონიტორინგისათვის, ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით; დ) გაბრუების აღჭურვილობის მოვლის და, საჭიროების შემთხვევაში, ხელსაწყოს დაკალიბრების რეკომენდაციებს. მუხლი 9. შემაკავებელი და გასაბრუებელი აღჭურვილობის გამოყენება 1. ბიზნესოპერატორი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველთა შესაკავებლად და გასაბრუებლად გამოყენებული ყველა მოწყობილობის მოვლა და შემოწმება ხორციელდება მწარმოებლის ინსტრუქციების შესაბამისად, ამ მიზნებისათვის სპეციალურად გადამზადებული პირების მიერ. 2. ბიზნესოპერატორმა უნდა აწარმოოს ტექნიკური სამუშაოების აღრიცხვა. აღნიშნული მონაცემები ინახება სულ მცირე ერთი წლით და მოთხოვნისას, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის. 3. გაბრუების სამუშაოს დროს, ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სარეზერვო მოწყობილობის ადგილზე ხელმისაწვდომობა და გამოყენების შესაძლებლობა, გაბრუების საწყისი აღჭურვილობის გაუმართაობის შემთხვევაში. სარეზერვო მეთოდი შესაძლოა, განსხვავდებოდეს საწყისი მეთოდისაგან. 4. ბიზნესოპერატორი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველები შემაკავებელ მოწყობილობაში არ თავსდებიან, მათ შორის, თავის შემაკავებლებში, ვიდრე გაბრუებაზე ან სისხლგართმევაზე პასუხისმგებელი პირი არ იქნება მზად, რათა რაც შეიძლება სწრაფად განახორციელოს ცხოველთა გაბრუება ან სისხლგართმევა. მუხლი 10. პირადი მოხმარება 1. პირადი მოხმარებისთვის სასაკლაოს გარეთ მფლობელის ან მფლობელის პასუხისმგებლობისა და ზედამზედველობის ქვეშ მყოფი პირის მიერ განხორციელებული ცხოველების (გარდა ფრინველის, ბოცვრისა და კუდღლისა) დაკვლასა და სხვა დაკავშირებულ სამუშაოებზე ვრცელდება ამ წესის მხოლოდ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები. 2. პირადი მოხმარებისთვის სასაკლაოს გარეთ მფლობელის ან მფლობელის პასუხისმგებლობისა და ზედამზედველობის ქვეშ მყოფი პირის მიერ განხორციელებული ცხოველების (გარდა ფრინველის, ბოცვრისა და კუდღლისა, ღორის, ცხვრისა და თხისა) დაკვლასა და სხვა დაკავშირებულ სამუშაოებზე გამოყენებული უნდა იქნეს ამ წესის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და ამ წესის დანართ №3-ის „სამუშაო წესები სასაკლაოსთვის (ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად)“ „1.8-1.11“ ქვეპუნქტით, „3.1“ ქვეპუნქტითა და მარტივ გაბრუებასთან დაკავშირებით „3.2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. მუხლი 11. ფრინველის, ბოცვრისა და კურდღლის მცირე რაოდენობით პირდაპირი მიწოდება 1. ამ წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები გამოიყენება ფერმაში ფრინველის, ბოცვრისა და კურდღლის დაკვლისას, რომელიც განკუთვნილია მწარმოებლის მიერ საბოლოო მომხმარებლისთვის ხორცის მცირე რაოდენობის უშუალოდ მიწოდებისათვის ან ადგილობრივი საცალო ვაჭრობის საწარმოებისათვის, რომლებიც ასევე უშუალოდ საბოლოო მომხმარებელს აწვდიან ახალ ხორცს, იმ პირობით, რომ ფერმაში დაკლული ცხოველთა რაოდენობა თვეში არ აღემატება ამ პუნქტით განსაზღვრულ ცხოველთა მაქსიმალურ რაოდენობას, კერძოდ: ა) 170 ფრთა ფრინველს; ბ) 85 ბოცვერსა და კურდღელს; გ) 170 ფრინველსა და ბოცვერს ერთად. 2. ამ წესის II და III თავებით განსაზღვრული მოთხოვნები გამოიყენება ისეთი ცხოველების დაკვლაზე, რომელთა რაოდენობა აღემატება ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ რაოდენობას. მუხლი 12. სხვა ქვეყნებიდან იმპორტი 1. ამ წესის II და III თავებით გათვალისწინებული მოთხოვნები გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 22-ე მუხლის „ბ.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიის შემუშავებისას. 2. სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ხორცის ჯანმრთელობის სერტიფიკატი დამატებით უნდა ადასტურებდეს, სულ მცირე, ამ წესის II და III თავებით დადგენილ მოთხოვნებს. მუხლი 13. კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელოების შემუშავება და გავრცელება 1. ამ წესის განხორციელების ხელშეწყობისათვის, სააგენტომ უნდა წაახალისოს კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელოების შემუშავება და გავრცელება. 2. კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელოების შემუშავება და გავრცელება უნდა მოხდეს ბიზნესოპერატორების ორგანიზაციების/ასოციაციების მიერ: ა) არასამთავრობო ორგანიზაციების, კომპეტენტური ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად; ბ) ამ წესის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული სამეცნიერო მოსაზრებების გათვალისწინებით. 3. თუ ბიზნესოპერატორთა ორგანიზაციები ვერ შეძლებენ კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელოს შემუშავებას, სააგენტომ/სამინისტრომ შეიძლება შეიმუშაოს და გამოაქვეყნოს კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო. თავი III სასაკლაოსთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები მუხლი 14. სასაკლაოს განლაგება, აშენება და აღჭურვილობა 1. ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ სასაკლაოს განლაგება, აშენება და სასაკლაოში გამოყენებული აღჭურვილობა შესაბამისობაში იყოს ამ წესის დანართ №2-ით − „სასაკლაოს განლაგება, აშენება და აღჭურვილობა (ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად)“ დადგენილ მოთხოვნებთან. 2. ამ წესის მიზნებისთვის, ბიზნესოპერატორმა თითოეული სასაკლაოსათვის, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარუდგინოს, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია: ა) სასაკლაოს თითოეულ ხაზზე საათში ცხოველთა მაქსიმალური რაოდენობა; ბ) იმ ცხოველთა კატეგორიები და წონა, რომელთათვისაც შესაძლებელია გამოყენებული იყოს შემაკავებელი და გამაბრუებელი აღჭურვილობა; გ) თითოეული მოსასვენებელი სათავსის მაქსიმალური მოცულობა. 3. სასაკლაოს აღიარებისათვის, სააგენტო აფასებს ბიზნესოპერატორის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ამ მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობას. მუხლი 15. მოპყრობისა და შეკავების სამუშაოები სასაკლაოზე 1. ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს სასაკლაოში სამუშაო წესების ამ წესის დანართ №3-თან შესაბამისობა. 2. ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წინასწარი გაბრუების გარეშე მოკლული ცხოველების ინდივიდუალური შეკავება; მცოხნავების შეკავება მექანიკურად უნდა მოხდეს. პოზიციის ცვლილებით ან არაბუნებრივი პოზიციით არ უნდა იყოს გამოყენებული მსხვილფეხა საქონლის შეკავების სისტემები, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და იმ პირობით, რომ გამოყენებული მოწყობილობა ზღუდავს ცხოველების თავის, გვერდით და ვერტიკალურ მოძრაობას და დარეგულირდება ცხოველის ზომის მიხედვით. 3. აკრძალულია შემდეგი შეკავების მეთოდები: ა ) გონზე მყოფი ცხოველების აწევა ან ჩამოკიდება; ბ) ცხოველთა ფეხების ან ტერფების მექანიკურად დაბმა ან შეკვრა; გ) ზურგის ტვინის დაზიანება საჩხვლეტით, მათ შორის, მოკლე, ორპირის მეშვეობით; დ) ელექტრომოწყობილობების გამოყენება ცხოველთა იმობილიზაციისათვის, რომელიც არ აბრუებს და კლავს ცხოველს კონტროლირებად გარემოში, კერძოდ, ნებისმიერი ელექტროდენის გამოყენება, რომელიც არ გადადის ტვინზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება ფრინველზე გამოყენებულ ბორკილებზე (კაუჭებზე). მუხლი 16. მონიტორინგის პროცედურები სასაკლაოზე 1. სასაკლაოზე, ამ წესის მე-5 მუხლის მიზნებისათვის, ბიზნესოპერატორმა უნდა დააწესოს და განახორციელოს შესაბამისი მონიტორინგის პროცედურები. 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული მონიტორინგის პროცედურები უნდა აღწერდეს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემოწმებებს და მოიცავდეს, სულ მცირე: ა) მონიტორინგის პროცედურაზე პასუხისმგებელი პირის სახელს; ბ) გონებადაკარგული ან გონზე მყოფი ცხოველის მგრძნობელობის ნიშნების გამოსავლენ ინდიკატორებს; ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით დაკლული ცხოველის სასიცოცხლო ნიშნების გამოსავლენ ინდიკატორებს; გ) კრიტერიუმებს, რომლებიც განსაზღვრავს, რომ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ინდიკატორებით ნაჩვენები შედეგები დამაკმაყოფილებელია; დ) მონიტორინგის განხორციელების გარემოებებს ან/და დროს; ე) მონიტორინგის დროს ცხოველთა რაოდენობას თითოეულ შესამოწმებელ ნიმუშში; ვ) შესაბამის პროცედურებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმები არ არის დაკმაყოფილებული, გაბრუების ან მოკვლის სამუშაოები გადაიხედება ნებისმიერი ხარვეზის მიზეზის აღმოსაჩენად და სამუშაოებში/პროცედურებში აუცილებელი ცვლილების შესატანად. 3. სასაკლაოს თითოეული ხაზისათვის ბიზნესოპერატორმა უნდა დააწესოს კონკრეტული მონიტორინგის პროცედურა. 4. შემოწმების სიხშირე უნდა ითვალისწინებდეს ძირითად რისკფაქტორებს, როგორიცაა დაკლულ ცხოველთა ტიპის ან რაოდენობის ცვლილება ან პერსონალის მუშაობის სტილი და იმგვარად უნდა იყოს დადგენილი, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მაღალი ნდობის მქონე შედეგები. 5. ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტების მიზნებისათვის, ბიზნესოპერატორს შეუძლია გამოიყენოს მონიტორინგის ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელოებში აღწერილი პროცედურები. მუხლი 17. ცხოველთა კეთილდღეობის ოფიცერი 1. ბიზნესოპერატორმა უნდა დანიშნოს ცხოველთა კეთილდღეობის ოფიცერი თითოეულ სასაკლაოზე, რათა დაეხმაროს მას ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. 2. ცხოველთა კეთილდღეობის ოფიცერი ბიზნესოპერატორის დაქვემდებარების ქვეშ იმყოფება და ცხოველთა კეთილდღეობის საკითხებზე მის წინაშეა ანგარიშვალდებული. ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ოფიცერს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოსთხოვოს სასაკლაოს პერსონალს გამოსასწორებელი ქმედების განხორციელება. 3. სასაკლაოს სტანდარტული სამუშაო პროცედურები უნდა მოიცავდეს ცხოველთა კეთილდღეობის ოფიცრის პასუხისმგებლობებს და ითვალისწინებდეს დაინტერესებული პერსონალის სათანადო ინფორმირებას. 4. ცხოველთა კეთილდღეობის ოფიცერს უნდა ჰქონდეს ამ წესის 21-ე მუხლის თანახმად განსაზღვრული კომპეტენციის სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა სასაკლაოზე მიმდინარე ყველა იმ სამუშაოზე, რომელზეც ის პასუხისმგებელია. 5. ცხოველთა კეთილდღეობის ოფიცერმა, ცხოველთა კეთილდღეობის გასაუმჯობესელად, იმ სასაკლაოებზე, სადაც ახორციელებს თავის საქმიანობებს, უნდა აწარმოოს განხორციელებულ საქმიანობათა ჩანაწერები. ეს ჩანაწერი, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში ინახება და მოთხოვნისას ხელმისაწვდომ უნდა იქნეს სააგენტოსთვის. 6. ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტები არ ვრცელდება იმ სასაკლაოზე, სადაც წელიწადში 1000 მეცხოველეობის ერთეულზე ნაკლები ძუძუმწოვარი ან 150 000-ზე ნაკლები ფრინველი ან კურდღელი იკვლება. თავი IV დეპოპულაცია და გადაუდებელი მოკვლა მუხლი 18. დეპოპულაცია 1. დეპოპულაციის სამუშაოს დაწყებამდე, სააგენტო, ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ადგენს სამოქმედო გეგმას. განსაკუთრებით, ამ წესის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, დაგეგმილი გაბრუებისა და მოკვლის მეთოდები და შესაბამისი სტანდარტული სამუშაო პროცედურები მიეთითება კანონმდებლობით განსაზღვრულ ცხოველთა ჯანმრთელობის შესახებ არსებულ საგანგებო გეგმებში, საგანგებო გეგმაში დამტკიცებული ჰიპოთეზის საფუძველზე, რომელიც მოიაზრებს შესაძლო გავრცელების ზომასა და ადგილმდებარეობას. 2. სააგენტო ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მსგავსი სამუშაოების შესრულება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად; ბ) მიიღოს ნებისმიერი შესაბამისი ზომა ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად საუკეთესო ხელმისაწვდომ პირობებში. 3. ამ მუხლის მიზნებისათვის და გამონაკლის შემთხვევებში (ვითარებიდან/მდგომარეობიდან გამომდინარე), სააგენტომ შეიძლება, ამ წესის ერთ ან რამდენიმე მოთხოვნაზე დაუშვას გამონაკლისი, სადაც მიიჩნევს, რომ შესრულებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ან მნიშვნელოვნად შეანელოს დაავადების აღმოფხვრის პროცესი. 4. ყოველი წლის 30 ივნისამდე, სააგენტო წინა წლის დეპოპულაციის საქმიანობების ანგარიშს წარუდგენს სამინისტროს და თავის ვებგვერდზე საჯაროდ აქვეყნებს. თითოეული დეპოპულაციის საქმიანობის ანგარიში უნდა მოიცავდეს: ა) დეპოპულაციის მიზეზებს; ბ) მოკლული ცხოველების რაოდენობასა და სახეობას; გ) გამოყენებულ გაბრუებისა და მოკვლის მეთოდებს; დ) წარმოქმნილი სირთულეების აღწერას და, საჭიროებისამებრ, იმ გამოსავლის მითითებას, რისი მეშვეობითაც ცხოველის ტანჯვა შემსუბუქდა ან მინიმუმდამდე იქნა დაყვანილი; ე) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ნებისმიერს გამონაკლისს. მუხლი 19. გადაუდებელი მოკვლა გადაუდებელი მოკვლისას ცხოველის მომვლელმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო/აუცილებელი ზომა, რომ, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ცხოველის მოკვლა. თავი V კომპეტენტური ორგანოები მუხლი 20. სამეცნიერო მხარდაჭერა 1. სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა (შემდგომში – სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი) უნდა უზრუნველყოს სააგენტოს დახმარება, მათი მოთხოვნისას, შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო მხარდაჭერით, კერძოდ, წარუდგინოს: ა) სასაკლაოების ამ წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აღიარებისათვის და ახალი გაბრუების მეთოდების შემუშავებისათვის, სამეცნიერო და ტექნიკური ექსპერტიზა; ბ) სამეცნიერო მოსაზრებები, შეკავებისა და გაბრუების აღჭურვილობის გამოყენებისა და შენახვის შესახებ მწარმოებლის ინსტრუქციები; გ) ამ წესის მიზნებისათვის შემუშავებული კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელოების შესახებ არსებული სამეცნიერო მოსაზრებები; დ) ამ წესის მიზნებისათვის რეკომენდაციები, განსაკუთრებით, ინსპექტირებასა და აუდიტთან დაკავშირებით; ე) ამ წესის 21-ე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, ცალკეული დაწესებულების შესაძლებლობებსა და შესაბამისობაზე მოსაზრებები. 2. სამეცნიერო მხარდაჭერა ამ მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებულ ამოცანებთან დაკავშირებით სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გამოყოფს საკონტაქტო პირს და უზრუნველყოფს საკუთარი ვებგვერდის მეშვეობით ამ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობას. ასეთი საკონტაქტო პირი პასუხისმგებელია, კოლეგებს გაუზიაროს ამ წესით გათვალისწინებული ტექნიკური და სამეცნიერო ინფორმაცია და წესის დანერგვისათვის არსებული საუკეთესო პრაქტიკა. მუხლი 21. კომპეტენციის სერტიფიკატი 1. ამ წესის მე-7 მუხლის მიზნებისათვის, სამინისტრო პასუხისმგებელია, უზრუნველყოს: ა) მოკვლასა და მასთან დაკავშირებულ სამუშაოებში მონაწილე პერსონალისათვის სასწავლო კურსების ხელმისაწვდომობა; ბ) დამოუკიდებელი დასკვნითი გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი კომპეტენციის სერტიფიკატების გაცემა; ამ გამოცდის საგნები, ცხოველთა კატეგორიებისა და ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში და ამ წესის დანართი №4-ით განსაზღვრული სამუშაოების შესაბამისი უნდა იყოს; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასაწავლო კურსებისა და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გამოცდის შინაარსი და მეთოდების დადასტურება. 2. სამინისტროს შეუძლია, დასკვნითი გამოცდის ჩატარება და კომპეტენციის სერტიფიკატების გაცემა გადასცეს ცალკეულ დაწესებულებას, რომელიც: ა) ფლობს საჭირო ექსპერტულ ცოდნას, პერსონალსა და აღჭურვილობას; ბ) დამოუკიდებელია და ინტერესთა კონფლიქტისგან თავისუფალია დასკვნითი გამოცდისა და კომპეტენციის სერტიფიკატების გაცემასთან დაკავშირებით. 3. სამინისტროს ასევე შეუძლია, სასწავლო კურსების ორგანიზება გადასცეს საჭირო ექსპერტული ცოდნის, პერსონალისა და აღჭურვილობის მქონე ცალკეულ დაწესებულებას. 4. სამინისტრო ვებგვერდზე აქვეყნებს ინფრმაციას დელეგირებული დაწესებულების შესახებ და უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობას. 5. კომპეტენციის სერტიფიკატში უნდა მიეთითოს ცხოველთა კატეგორია, აღჭურვილობის ტიპი და ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით განსაზღვრული ის საქმიანობები, რომელზეც ვრცელდება სერტიფიკატის ვალიდურობა. 6. სამინისტროს შეუძლია, გასცეს დროებითი კომპეტენციის სერტიფიკატი, შემდეგი პირობით, თუ: ა) განმცხადებელი რეგისტრირებულია ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ სასწავლო კურსზე; ბ) განმცხადებელი იმუშავებს იმ პირის თანდასწრებით და უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც ფლობს კონკრეტული საქმიანობის შესასრულებელ კომპეტენციის სერტიფიკატს; გ) დროებითი სერტიფიკატის მოქმედების ვადა არ აღემატება სამ თვეს; დ) განმცხადებელი წერილობით წარადგენს განაცხადს, სადაც მიუთითებს, რომ მას არ ჰქონია მინიჭებული მანამდე სხვა დროებითი კომპეტენციის სერტიფიკატი იგივე სფეროში ან სამინისტროს აცნობებს დასკვნით გამოცდაზე ვერგასვლის მიზეზს (რომელიც მისაღები უნდა იყოს სამინისტროსთვის). 7. სასამართლოს ან სააგენტოს გადაწყვეტილებაზე ზიანის მიუყენებლად, რომელიც უკრძალავს პირს ცხოველების მოპყრობას, კომპეტენციის სერტიფიკატი, მათ შორის, დროებითი კომპეტენციის სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი წერილობით დაადასტურებს, რომ მას არ დაურღვევია ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონმდებლობა ასეთ სერტიფიკატზე განაცხადის წარდგენის თარიღამდე სამი წლის განმავლობაში. 8. ამ წესის მიზნებისთვის, სამინისტრომ შეიძლება აღიაროს სხვა მიზნებისათვის მიღებული კვალიფიკაცია, რომელიც კომპეტენციის სერტიფიკატის ეკვივალენტურია, იმის გათვალისწინებით, რომ სერტიფიკატები მიღებულია ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების ეკვივალენტურ პირობებში. სამინისტრო პასუხისმგებელია კომპეტენციის სერტიფიკატის ეკვივალენტად აღიარებული კვალიფიკაციების ჩამონათვალის ვებგვერდის საჯაროდ ხელმისაწვდომობასა და განახლებაზე.
დანართი №1 გაბრუების მეთოდების და მასთან დაკავშირებული სპეციფიკაციების ნუსხა თავი I მეთოდები ცხრილი №1 მექანიკური მეთოდები
ცხრილი №2 ელექტრომეთოდები
ცხრილი №3 კონტროლირებადი ატმოსფეროს მეთოდები
ცხრილი №4 − სხვა მეთოდები
ზოგიერთ მეთოდთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნები 1. არაშეღწევადი მოწყობილობა ამ მეთოდის გამოყენებისას, ბიზნესოპერატორმა ყურადღება უნდა მიაქციოს თავის ქალის მოტეხილობის თავიდან აცილებას. ეს მეთოდი მხოლოდ 10 კგ-ზე ნაკლები ცოცხალი მასის მქონე ცხოველისათვის უნდა იქნეს გამოყენებული. 2. მაცერაცია ამ მეთოდმა უნდა უზრუნველყოს ცხოველთა მყისიერი მაცერაცია და დაუყოვნებილივი სიკვდილი. აპარატი უნდა შეიცავდეს სწრაფად მბრუნავ მექანიკურ მოსაკლავ მჭრელ პირებს ან გაფართოებულ პოლისტიროლის დამცავებს. ცხოველთა მყისიერი მოკვლისთვის, დიდი რაოდენობის შემთხვევაშიც კი, აპარატის სიმძლავრე საკმარისი უნდა იყოს. 3. კისრის ღრძობა/დისლოკაცია და თავში პერკურსიური დარტყმა ეს მეთოდები არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც რუტინული მეთოდები, იგი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გაბრუების სხვა მეთოდების ხელმიუწვდომელობისას. ეს მეთოდები სასაკლაოში არ უნდა იქნეს გამოყენებული, გარდა როგორც გაბრუების სარეზერვო მეთოდისა. არც ერთმა პირმა არ უნდა მოკლას კისრის ხელით ღრძობით/დისლოკაციით ან პერკურსიული დარტყმით დღეში სამოცდაათზე მეტი ცხოველი. კისრის ხელით ღრძობა/დისკოლაცია ცოცხალი წონით 3 კილოგრამზე მეტი ცხოველისთვის არ უნდა იქნეს გამოყენებული. 4. მხოლოდ თავის ელექტროგაბრუება 4.1. მხოლოდ თავის ელექტროგაბრუების მოწყობილობის გამოყენებისას, ელექტროდები უნდა გადადიოდეს ცხოველის ტვინზე და ერგებოდეს თავის ზომას. 4.2. მხოლოდ თავის ელექტროგაბრუება უნდა განხორციელდეს ამ პუნქტის ცხრილი №5-ით განსაზღვრული დენის ძალის შესაბამისად.
ცხრილი №5 მხოლოდ თავის ელექტროგაბრუებისას გამოსაყენებელი დენის მინიმალური ძალა
5. თავიდან სხეულამდე ელექტროგაბრუება 5.1 ცხვრის, თხის და ღორის სახეობის ცხოველები – მინიმალური დენის ძალა თავიდან სხეულამდე ელექტროგაბრუებისთვის უნდა იყოს 1 ამპერი − ცხვრებისა და თხებისთვის და 1,30 ამპერი − ღორებისთვის.
5.2 მელია – ელექტროდები გამოყენებული უნდა იქნეს პირის ღრუსა და სწორ ნაწლავზე − არანაკლებ 0,3 ამპერით და ძაბვის, სულ მცირე, 110 ვოლტით. სულ მცირე. 3 წამის განმავლობაში. 6. ფრინველთა წყლის ელექტროაბაზანით გაბრუება 6.1 პატარა ცხოველს ელექტროაბაზანით გაბრუებისას ბორკილები (კაუჭები) არ უნდა დაედოს ან ბორკილების დადების შემთხვევაში (კაუჭების გაყრა) უმეტესწილად არ უნდა გამოიწვიოს ან ზრდიდეს ტკივილს (როგორიცაა აშკარად დაშავებული ცხოველების შემთხვევაში). მსგავს შემთხვევებში, ცხოველთა მოკვლა უნდა განხორციელდეს ალტერნატიული მეთოდების გამოყენებით. 6.2. ცოცხალ ფრინველზე ბორკილების დადებამდე (კაუჭების გაყრამდე) და ელექტრული დენის გატარებამდე ბორკილები (კაუჭები) უნდა დასველდეს. ფრინველები იკიდება ორივე ფეხით. 6.3 ამ პუნქტის ცხრილი №6 მიუთითებს იმ ცხოველებზე, რომელთა გაბრუება უნდა განხორციელდეს მითითებული მინიმალური ელექტროდენის მიხედვით და ცხოველთა ელექტროდენზე შეერთება უნდა განხორცილედეს არანაკლებ 4 წამის განმავლობაში.
ცხრილი №6 ელექტრომოწყობილობები წლის აბაზანით გაბრუებისათვის
(თითოეულ ცხოველზე საშუალო მნიშვნელობა)
7. ნახშიროჟანგი მაღალი კონცენტრაციით ღორის, კვერნისა და შინშილას შეთხვევაში გამოიყენება სულ მცირე 80%-იანი კონცენტრაციის ნახშიროჟანგი. 8. ნახშიროჟანგის, ინერტული აირების ან ამ აირების ნარევის კომბინაციის გამოყენება არცერთ შემთხვევაში, აირები არ უნდა მოხვდეს კამერაში ან იმ ადგილას სადაც ხდება ცხოველების გაბრუება და მოკვლა, იმგვარად, რომ ამან გამოიწვიოს დამწვრობა და აგზნება გაყინვის ან ტენიანობის ნაკლებობის გამო. 9. ნახშირბადის მონოქსიდი (სუფთა სახით ან სხვა აირებთან ერთად) 9.1. ცხოველი ყოველთვის ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. 9.2. ცხოველების შეყვანა სათითაოდ უნდა განხორციელდეს, და მომდევნო ცხოველის შეყვანამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ წინა ცხოველი იმყოფება უგონო მდგომარეობაში ან მკვდარია. 9.3. ცხოველები უნდა დარჩნენ კამერაში ვიდრე არ მოკვდებიან. 9.4. ცხოველთა მოკვლისთვის სპეციალურად ადაპტირებული ძრავით წარმოებული აირი, შესაძლებელია გამოყენებული იყოს იმ პირობით, თუ მოკვლაზე პასუხისმგებელი პირი დარწმუნდება, რომ:
ა) აირი სათანადოდ გაგრილდა; ყოველ წელს, ვიდრე ცხოველთა მოკვლა განხორციელდება უნდა შემოწმდეს ძრავი. 10. დაბალი ატმოსფერული წნევით გაბრუება 10.1. პირველი ფაზის განმავლობაში, არანკლებ 50 წამის განმავლობაში, დეკომპრესიის მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს ზღვის დონეზე დაყვანილი სტანდარტული ატმოსფერული წნევის 760-დან 250 ტორამდე შემცირების ეკვივალენტურს. 10.2. მეორე ფაზის განმავლობაში, ზღვის დონეზე დაყვანილი მინიმალური სტანდარტული ატმოსფერული წნევა – 160 ტორი მიღწეული უნდა იყოს 210 წამის განმავლობაში. 10.3. წნევის დროის მრუდი უნდა დარეგულირდეს ისე, რომ ყველა ფრინველის გაბრუება განხორციელდეს ციკლის განმავლობაში შეუქცევადად. 10.4. კამერა უნდა შემოწმდეს გაჟონვის წინააღმდეგ და წნევის საზომ ხელსაწყოზე, რომელიც უნდა დაკალიბრდეს ყოველ სამუშაო სესიამდე, სულ მცირე ყოველდღიურად. 10.5. აბსოლუტური ვაკუუმური წნევის, ექსპოზიციის ხანგრძლივობის, ტემპერატურისა და ტენიანობის ჩანაწერების შენახვა უნდა განხორციელდეს სულ მცირე ერთი წელი.
დანართი №2 სასაკლაოს განლაგება, აშენება და აღჭურვილობა (ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად)
1. მოსასვენებელი სათავსი 1.1. სავენტილაციო სისტემები უნდა იყოს დაგეგმარებული, აშენებული და შენარჩუნებული ისე, რომ მუდმივად უზრუნველყოფილი იყოს ცხოველთა კეთილდღეობა, მათ შორის მოსალოდნელი ამინდის ცვლილების გათვალისწინებით. 1.2. სადაც მექანიკური ვენტილაციის საჭიროებაა, ავარიის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს განგაშისა და გადაუდებელი სარეზერვო სათავსი. 1.3. მოსასვენებელი სათავსი უნდა იყოს დაგეგმარებული და აშენებული ისე, რომ უეცარი ხმაურისას, მინიმუმადე შემცირდეს ცხოველთა დაზიანების რისკი. 1.4. ცხოველთა ინსპექტირების სათავსი უნდა იყოს შესაბამისად დაგეგმარებული და აშენებული. ცხოველთა ნებისმიერ დროს ინსპექტირებისათვის, მოსასვენებელი სათავსი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი უძრავი ან პორტატული განათებით.
2. მოსასვენებელი სათავსი იმ ცხოველებისათვის, რომელთა მიყვანა არ ხდება კონტეინერით 2.1. გალიები, გადასასვლელები და ბილიკები უნდა იყოს დაგეგმარებული და აშენებული შემდეგნაირად: ა) ქცევითი მახასიათებლების გათვალისწინებით და ყურადღების გაფანტვის გარეშე, ცხოველმა შეძლოს საჭირო მიმართულებით თავისუფლად გადაადგილება; ბ) ღორს და ცხვარს შეეძლოთ გვერდიგვერდ გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბილიკი მიემართება შეკავების აღჭურვილობისკენ. 2.2. ცხოველთა ჩამოვარდნის თავიდან ასაცილებლად, პანდუსები და ხიდები აღჭურვილი უნდა იქნეს გვერდითი დაცვით. 2.3. წყალმომარაგების სისტემა გალიებში უნდა იყოს დაგეგმარებული, აშენებული და შენარჩუნებული ისე, რომ ყველა ცხოველს, ნებისმიერ დროს ჰქონდეს სუფთა წყალზე წვდომა დაზიანების ან მოძრაობის შეზღუდვის გარეშე. 2.4. მოსაცდელი გალიის გამოყენებისას, დამჭერ გალიებსა და გაბრუებამდე მიმავალ ბილიკებს შორის, აშენებული უნდა იყოს სწორი იატაკი და მყარი კედლები, და დაგეგმარებული იყოს ისე, რომ ცხოველთა გაჭედვა ან გადათელვა შეუძლებელი იყოს. 2.5. იატაკი უნდა აშენდეს და შენარჩუნდეს ისე, რომ მინიმუმამდე შემცირდეს ცხოველების დაცურების, დაცემის ან ფეხების დაზიანების რისკი. 2.6. თუ სასაკლაოს მოსასვენებელი სათავსი მინდორშია განლაგებული, ბუნებრივი თავშესაფრის ან ჩრდილის გარეშე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი დაცვა არასასურველი ამინდის პირობებისგან. ასეთი დაცვის არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნული მოსასვენებელი სათავსი არასასურველი ამინდის პირობებში არ უნდა იყოს გამოყენებული. წყლის ბუნებრივი წყაროს არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სასმელი წყლის რეზერვუარი.
3. შემაკავებელი აღჭურვილობა და სათავსი 3.1. შემაკავებელი აღჭურვილობა და სათავსი დაგეგმარებული, აშენებული და შენარჩუნებული უნდა იქნეს ისე, რომ: ა) ოპტიმიზირებული იქნეს გაბრუებისა და მოკვლის მეთოდების გამოყენება; ბ) თავიდან იქნეს აცილებული ცხოველთა დაზიანება ან კონტუზია; გ) მინიმუმადე შემცირდეს ცხოველთა შეკავების დროს ტანჯვა და ვოკალიზაცია; დ) მინიმუმამდე შემცირდეს შეკავების დრო. 3.2. მსხვილფეხა სახეობის ცხოველებისთვის, შემაკავებელი ყუთები, რომლებიც გამოიყენება პნევმატურ დამჭერ მოწყობილობასთან ერთად, უნდა იყოს ისეთი მოწყობილობით აღჭურული, რომელიც ზღუდავს ცხოველის თავის გვერდით და ვერტიკალურ მოძრაობას. 4. ელექტროგასაბრუებელი აღჭურვილობა (გარდა წყლის აბაზანის გასაბრუებელი აღჭურვილობისა) 4.1. ელექტროგასაბრუებელი აღჭურვილობა უნდა იყოს აღჭურვილი იმგვარი მოწყობილობით, რომელიც გამოსახავს და აღრიცხავს ყველა გაბრუებული ცხოველის ძირითად ელექტრულ პარამეტრებს. ეს მოწყობილობა უნდა განთავსდეს პერსონალისათვის თვალსაჩინო ადგილას და ექსპოზიციის ხანგრძლივობის მოთხოვნილი დონიდან დაცემის შემთხვევაში, გამოსცეს ხილული და ხმოვანი გაფრთხილება. ეს ჩანაწერები სულ მცირე ერთი წლის მანძილზე ინახება. 4.2. შემაკავებელთან დაკავშირებულ ავტომატურ ელექტროგასაბრუებელ აღჭურვილობას, მუდმივი დენი უნდა მიეწოდებოდეს. 5. გასაბრუებელი წყლის აბაზანის აღჭურვილობა 5.1. მწკრივში განლაგებული ბორკილები (კაუჭები) იმგვარად უნდა იყოს დაგეგმარებული და განლაგებული, რომ მათზე დაკიდებული ფრინველები დაბრკოლებებისგან თავისუფალნი იყვნენ და მინიმუმამდე შემცირდეს ცხოველთა ღელვა. 5.2. მწკრივში განლაგებული ბორკილები (გორგოლაჭის კაუჭები) ისე დაგეგმარდეს, რომ მათზე გონზე მყოფი ფრინველები ერთ წუთზე მეტ ხანს არ იყვნენ დაკიდებულნი. თუმცა, იხვები, ბატები და ინდაურები, გონზე დაკიდებულ მდგომარეობაში ორ წუთზე მეტხანს არ უნდა დარჩნენ. 5.3. მწკრივში განლაგებული ბორკილების (გორგოლაჭის კაუჭები) მთლიანი სიგრძე გასაფუფქ ავზში შესვლის წერტილამდე ადვილად მისადგომი უნდა იყოს, იმ შემთხვევაში, თუცხოველის სასაკლაოს ხაზიდან მოხსნის საჭიროება შეიქმნება. 5.4. ლითონის ბორკილების (კაუჭების) ზომა და ფორმა დასაკლავი ფრინველის ფეხების ზომის შესაბამისობა უნდა იყოს გათვალისწინებული, რათა შესაძლებელი იყოს ტკივილის გარეშე ელექტროკონტაქტის დამყარება. 5.5. გასაბრუებელი წყლის აბაზანის აღჭურვილობა აღჭურვილი უნდა იყოს იზოლირებული ელექტროშესასვლელით და დაგეგმარებული და შენახული/მოვლილი ისე, რომ შესასვლელში წყლის ჭარბი რაოდებობა თავიდან იქნეს აცილებული. 5.6. წყლის აბაზანა იმგვარად უნდა დაგეგმარდეს, რომ ადვილად მოერგოს ფრინველების ჩაყურსვის/ჩაძირვის დონეს. 5.7. გასაბრუებელ წყლის აბაზანაში ელექტროდები წყლის აბაზანის მთელ სიგრძეზე უნდა განლაგდეს. წყლის აბაზანა უნდა დაგეგმარდეს და შენარჩუნდეს ისე, რომ ბორკილების (კაუჭების) წყალთან შემხებლობისას არ დაკარგონ დამიწებულ ტიხართან/rubbing bar უწყვეტი კონტაქტი. 5.8. ფრინველთა დასამშვიდებლად, ფრინველების მკერდთან შეხებაში მყოფი სისტემა უნდა აშენდეს ბორკილის (კაუჭის) წერტილიდან გასაბრუებელ წყლის აბაზანის შესასვლელამდე. 5.9. ავარიის ან მწკრივის დაგვიანების შედეგად წყლის აბაზანაში დარჩენილი გაბრუებული ფრინველის სისხლგართმევის უზრუნველსაყოფად გასაბრუებელი წყლის აბაზანის აღჭურვილობა უწყვეტად უნდა იქნეს ხელმისაწვდომი. 5.10. გასაბრუებელი წყლის აბაზანის აღჭურვილობა უნდა იყოს აღჭურვილი ისეთი მოწყობილობით, რომელიც აჩვენებს და აღრიცხავს (აწარმოებს ჩანაწერებს) გამოყენებული ძირითადი ელექტრული პარამეტრების დეტალებს. ეს ჩანაწერები სულ მცირე ერთი წლის მანძილზე ინახება. 6. გაზის გასაბრუებელი აღჭურვილობა ღორისა და ფრინველისათვის 6.1. გაზის გამაბრუებლები, მათ შორის კონვეიერის ქამრები, დაგეგმარებული და აშენებული უნდა იყოს: ა) გაზით გაბრუების ოპტიმალურად გამოყენებისათვის; ბ) ცხოველთა დაზიანების ან კონტუზიის თავიდან აცილებისთვის; გ) ცხოველთა შეკავების დროს ტანჯვისა და ვოკალიზაციის მინიმუმადე შემცირებისათვის. 6.2. გაზის გასაბრუებელი მუდმივად უნდა ზომავდეს, აჩვენებდეს და იწერდეს გაზის ექსპოზიციას, ხოლო კონცენტრაციის მოთხოვნილი დონიდან დაცემის შემთხვევაში გამოსცეს ხილული და ხმოვანი გაფრთხილება. მოწყობილობა უნდა განთავსდეს პერსონალისათვის თვალსაჩინო ადგილას. ეს ჩანაწერები სულ მცირე ერთი წლის მანძილზე ინახება. 6.3. გაზის გასაბრუებელი უნდა იყოს დაგეგმარებული ისე, რომ ცხოველებს მაქსიმალური ნებადართული გამტარიანობის დროსაც შეეძლოთ დაწოლა ერთმანეთზე გროვად დაყრის გარეშე. 7. დაბალი ატმოსფერული წნევა გასაბრუებლად 7.1. დაბალი ატმოსფერული წნევის გასაბრუებელი აღჭურვილობა ისე უნდა იყოს დაგეგმარებული და აშენებული, რომ უზრუნველყოს კამერაში ვაკუუმი, რათა შეეძლოს ნელი თანდათანობრივი დეკომპრესია (წნევის შემცირებას) ხელმისაწვდომი ჟანგბადის შემცირებითა და მინიმალური წნევის შენარჩუნებით. 7.2. სისტემა მუდმივად უნდა ზომავდეს, აჩვენებდეს და იწერდეს ვაკუუმის აბსოლუტურ წნევას, ექსპოზიციის ხანგრძლივობას, ტემპერატურას, ტენიანობას, ამასთან წნევის მოთხოვნილი მაჩვენებლიდან დეავიაციის შემთხვევაში, გამოსცეს ხილული და ხმოვანი გაფრთხილება. მოწყობილობა უნდა განთავსდეს პერსონალისათვის თვალსაჩინო ადგილას. დანართი №3
(ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად) 1. ცხოველების მოყვანა, გადაადგილება და მოპყრობა 1.2. ცხოველთა კეთილდღეობის ოფიცრის ან ცხოველთა კეთილდღეობის ოფიცრის მოსვლამდე, ანგარიშვალდებული პირის მიერ, პრიორიტეტების იდენტიფიცირებისათვის, სისტემატურად უნდა შეფასდეს ცხოველთა თითოეული პარტიის კეთილდღეობა, რათა დადგინდეს თუ რომელ ცხოველს აქვს კეთილდღეობასთან დაკავშირებული სპეციფიკური საჭიროებები და მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები. 1.3. ცხოველთა მოყვანისთანავე მაქსიმალურად სწრაფად უნდა განხორციელდეს ცხოველთა ჩამოტვირთვა და შემდგომ მათი დაკვლა ზედმეტი დაგვიანების გარეშე. ძუძუმწოვრები, გარდა ბოცვრისა და კურდღლისა, მოყვანისთანავე უნდა განათავსონ მოსასვენებელ სათავსში, თუ არ ხდება მათი პირდაპირ დაკვლის ადგილას წაყვანა. ცხოველები, რომლებიც ჩამოსვლიდან 12 საათის განმავლობაში არ დაიკვლებიან, უნდა გამოკვებონ. შესაბამისი ინტერვალების გათვალისწინებით მიეწოდოთ ზომიერი რაოდენობის საკვები. მსგავს შემთხვევებში, ცხოველები, სახეობისა და რაოდენობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი უნდა იქნენ შესაბამისი ქვეშსაგებით ან ეკვივალენტური მასალით, რაც ცხოველთა სახეობის შესაბამის კომფორტს უზრუნველყოფს. განთავსების ადგილას გამოყენებული მასალა უნდა უზრუნველყოფდეს ეფექტიან დრენაჟს ან შარდისა და განავლის ადეკვატურ შეწოვას. 1.4. ცხოველთა ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული კონტეინერები უნდა ინახებოდეს კარგ მდგომარეობაში, გადააადგილონ სიფრთხილით, განსაკუთრებით პერფორირებული ან მოქნილი ფსკერის შემთხვევაში და: ა) არ უნდა მოხდეს გადასროლა, დაგდება ან დარტყმა; ბ) სადაც შესაძლებელია, ჩატვირთვა და გადმოტვირთვა ჰორიზონტალურად და მექანიკურად უნდა განხორციელდეს. შეძლებისდაგვარად, ცხოველთა ჩამოტვირთვა ინდივიდუალურად უნდა განხორციელდეს. 1.5. კონტეინერების ერთმანეთზე განთავსების შემთხვევაში, სიფრთხილის საჭირო ზომები უნდა იქნეს გათვალისწინებული: ა) ქვემოდან მოთავსებულ ცხოველებზე შარდისა და განავლის ჩამოსხმის/ჩამოსვლის ალბათობის შემცირებისთვის; ბ) კონტეინერთა სტაბილურობის უზრუნველყოფა; გ) ვენტილაციის შეუფერხებლად მიწოდება. 1.6. დაკვლის მიზნით, მეძუძურ ცხოველებს, ლაქტაციაში მყოფ მეწველ ცხოველებს, მგზავრობის დროს ნამშობიარებ მდედრ ცხოველებს ან კონტეინერში მყოფ ცხოველებს, სხვა ცხოველთა სახეობების მიმართ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ. თუ ეს შეუძლებელია, შესაბამისი ზომებით უნდა განთავისუფლდნენ იმდროინდელი ტანჯვისგან, კერძოდ: ა) მეწველი ცხოველების მოწველით არაუმეტეს 12-საათიანი ინტერვალებით; ბ) ძუძუთი კვებისათვის და მდედრი ცხოველის მშობიარობის შედეგად ახალდაბადებული ცხოველის კეთილდღეობისათვის, შესაბამისი პირობების უზრუნველყოფით; გ) კონტეინერებით მოყვანის შემთხვევაში, ცხოველთა წყლით უზრუნველყოფით. 1.7. ძუძუმწოვრებს, გარდა ბოცვრისა და კურდღლისა, რომელთა წაყვანა დაკვლის ადგილზე ჩამოტვირთვის შემდგომ პირდაპირ არ ხორციელდება, ხელმისაწვდომი სათავსებიდან მუდმივად უნდა მიეწოდოთ სასმელი წყალი. 1.8. ცხოველთა მეთვალყურეების მიერ, დაყოვნების საკნებიდან ცხოველთა დაჩქარებით გამოყვანის თავიდან აცილების მიზნით, უზრუნვლყოფილი უნდა იქნეს ცხოველების გასაბრუებლად და მოსაკლავად სტაბილური მიწოდება. 1.9. აკრძალულია: ა) ცხოველის ცემა ან დარტყმა; ბ) ცხოველის სხეულის მგრძნობიარე ნაწილზე იმგვარი ზეწოლა, რომელიც გამოიწვევს ტკივილს ან ტანჯვას; გ) ცხოველთა აწევა ან გადათრევა თავით, ყურებით, რქებით, ფეხებით, კუდით ან მატყლით; ან იმგვარი დაჭერა, რაც გამოიწყვევს ცხოველთა ტკივილს ან ტანჯვას; თუმცა, ცხოველთა ფეხებით აწევის აკრძალვა არ ვრცელდება ფრინველებზე, ბოცვერსა და კურდღელზე; დ) საჩხვეტელა ან სხვა წვეტიანი დაბოლოების მქონე ხელსაწყოების გამოყენება; ე) ცხოველის კუდების გადაგრეა, გაჭყლეტა ან დაზიანება ან ცხოველის თვალის ამოგლეჯა. 1.9. შეძლებისდაგვარად, ელექტროდარტყმის/შოკის გამომწვევი ინსტრუმენტების გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ხელსაწყოები გამოიყენება მხოლოდ ზრდასრულ მსხვილფეხა საქონელთან და ზრდასრულ ღორებთან მიმართებაში, როდესაც ისინი უარს ამბობენ გადაადგილებაზე და ამავდროულად მათ წინ აქვთ სათავსი/ფართი, სადაც უნდა გადაადგილდნენ. დარყმა უნდა იყოს ადეკვატური და არ უნდა გაგრძელდეს ერთ წამზე მეტ ხანს და უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ გავა-წელის კუნთებზე. ელექტროშოკი არ უნდა იქნეს გამოყენებული განმეორებით, თუ ცხოველი არ რეაგირებს. 1.10. ცხოველები არ უნდა იყვნენ მიბმულნი რქებით, ან ნესტოებში გაყრილი რგოლით და არ უნდა ჰქონდეთ შეკრული ფეხები. საჭიროებისამებრ, ცხოველთა დაბმა, შეკვრა, ბორკილების დადება ან სხვა საშუალებების გამოყენებისას: ა) უნდა იყოს იმდენად ძლიერი რომ ვერ შეძლონ გატეხვა; ბ) ცხოველებმა უნდა შეძლონ საჭიროებისას დაწოლა, კვება და სითხის მიღება; გ) უნდა იყოს ისე დაგეგმარებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული ცხოველის დახრჩობა ან ტრამვის საშიშროება, და შესაძლებელი იყოს ცხოველების სწრაფად გათავისუფლება. 1.11. ცხოველები, რომელთაც სიარული არ შეუძლიათ, არ უნდა მოხდეს მათი დაკვლის ადგილამდე მითრევა, არამედ ადგილზევე უნდა განხორციელდეს მათი მოკვლა. 2. მოსასვენებელ სათავსში მყოფი ძუძუმწოვრებისათვის დამატებითი წესები (გარდა ბოცვრისა და კუდღლისა) 2.1. თითოეულ ცხოველისთვის გამოყოფილი უნდა იყოს საკმარისი სივრცე, რათა შეძლონ ადგომა, დაწოლა და შემობრუნება (შემობრუნება არ ვრცელდება ინდივიდუალურად შენახულ მსხვილფეხა საქონელზე). 2.2 მოსასვენებლ სათავსში მყოფი ცხოველების შესაბამისი ზრუნვა და უსაფრთხოება უნდა იქნეს უზრუნველყოფილი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ცხოველების გაქცევა და უზრუნველყოფილი იყოს მათი დაცვა მტაცებლებისგან. 2.3 ყოველ გალიაზე თვალსაჩინო ნიშნით უნდა მიეთითოს ჩამოსვლის თარიღი და დრო, შესანახი ცხოველების მაქსიმალური რაოდენობა, გარდა ინდივიდუალურად მყოფი საქონლის შემთხვევაში. 2.4 სასაკლაოს ყოველდღიური ფუნქციონირებისას, ნებისმიერი ცხოველის შემოყვანამდე, აუცილებელია მომზადდეს ცხოველებისათვის, რომლებიც სპეციალურ მოვლას საჭიროებენ, იზოლირებული გალიები და მზად იყოს დაუყოვნებლივი გამოყენებისათვის. 2.5 მოსასვენებელ სათავსში ცხოველთა პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული ინსპექტირება უნდა მოხდეს ცხოველთა კეთილდღეობის ოფიცრის ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის მიერ. 3. ცხოველთა სისხლგართმევა 3.1 როდესაც გაბრუებაზე, ბორკილების დადებაზე (კაუჭის გაყრაზე), აწევაზე და სისხლგართმევაზე ერთი ადამიანია პასუხისმგებელი, აუცილებელია სამუშაოების თანმიმდევრული განხორციელება ერთ ცხოველზე ამ სამუშაოებიდან რომელიმე სამუშაოს სხვა ცხოველზე განხორციელებამდე. 3.2 ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მარტივი გაბრუების ან დაკვლის შემთხვევაში, საძილე არტერიის სისხლძარღვები ან ორი საძილე არტერია მეთოდურად უნდა დაზიანდეს. ელექტროსტიმულაცია გამოიყენება მხოლოდ დადასტურებულად გონზე არ მყოფი ცხოველის შემთხვევაში. შემდგომი გატყავება ან გაფუფქვა, მხლოდ სასიცოცხლო ნიშნების არარსებობის დადასტურების შემდგომ უნდა განხორციელდეს. 3.3 ფრინველის დაკვლა არ უნდა განხორციელდეს ავტომატიზებული კისრის საჭრელით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კისრის საჭრელის მიერ ორივე სისხლძარღვის გადაჭრის შესაძლებლობა დასტურდება. როდესაც კისრის საჭრელები არაეფექტურია, ფრინველები დაუყოვნებლივ უნდა დაიკლან.
დანართი №4 საქმიანობასა და კომპტენციის გამოცდის მოთხოვნებს შორის შესატყვისობა ( ამ წესის 21-ე მუხლის შესაბამისად)
|
დოკუმენტის კომენტარები