მეკვერცხული მიმართულების საწარმოს ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ

მეკვერცხული მიმართულების საწარმოს ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023841
7
16/01/2023
ვებგვერდი, 17/01/2023
240110000.10.003.023841
მეკვერცხული მიმართულების საწარმოს ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №7

2023 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

მეკვერცხული მიმართულების საწარმოს ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მეკვერცხული მიმართულების საწარმოს ავტორიზაციის წესი“.

 

მუხლი 2
დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული „მეკვერცხული მიმართულების საწარმოს ავტორიზაციის წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული „მეკვერცხული მიმართულების საწარმოს ავტორიზაციის წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



მეკვერცხული მიმართულების საწარმოს ავტორიზაციის წესი

მუხლი 1

1. „მეკვერცხული მიმართულების საწარმოს ავტორიზაციის წესის“ (შემდგომში − წესი) მიზანია მეკვერცხული საწარმოს (შემდგომში − საწარმო) ავტორიზაცია (განმასხვავებელი ნომრით), რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბაზარზე ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განთავსებული კვერცხის მიკვლევადობა.

2. ამ წესის შესრულებაზე კონტროლს უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).

მუხლი 2. ამ წესის მიზნებისათვის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრულ ტერმინებთან ერთად გამოიყენება ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კვერცხმდებელი ქათამი − Gallus gallus-ის სახეობის ქათამი, რომელმაც მიაღწია მომწიფების ვადას და ინახება კვერცხის წარმოებისთვის და არ არის განკუთვნილი სანაშენედ/ინკუბატორისათვის;

ბ) მეკვერცხული მიმართულების საწარმო − ადგილი, სადაც ხდება კვერცხმდებელი ქათმის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით შენახვა.

მუხლი 3

1. სააგენტომ უნდა:

ა) შექმნას სისტემა ამ წესის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა საწარმოო ადგილის ავტორიზაციისთვის, მასზე განმასხვავებელი/უნიკალური ნომრის მინიჭებით, ამ წესის დანართ №1-ის − „ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია“ შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს ავტორიზაციის რეესტრის შექმნა და განახლება.

2.  თითოეული საწარმო  ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის შემდეგ სააგენტოს მიაწოდოს ამ წესის დანართ №1-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია 2025 წლის 31 მარტამდე, ხოლო სააგენტო, თავის მხრივ, ვალდებულია მიანიჭოს ავტორიზაცია შესაბამისი უნიკალური ნომრით 2025 წლის 31 მაისამდე.

3. დაუშვებელია:

ა) საწარმომ, რომელმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია არ მიაწოდა სააგენტოს დადგენილ ვადაში, გააგრძელოს ფუნქციონირება;

ბ) ავტორიზაციის დასრულებამდე და უნიკალური ნომრის მიღებამდე ახალი საწარმოს ფუნქციონირება.

4. ავტორიზაციის მონაცემებთან დაკავშირებული ცვლილებები საწარმოს მიერ შეტყობინებული უნდა იქნეს სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ და სააგენტომ ასეთი ინფორმაციის მიღებისთანავე უნდა უზრუნველყოს ავტორიზაციის რეესტრის დაუყოვნებლივ განახლება.

დანართი №1

ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია

1. ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემები

თითოეული საწარმოსთვის რეგისტრირებული უნდა იქნეს, სულ მცირე, შემდეგი მონაცემები:

ა) საწარმოს  დასახელება და მისამართი;

ბ) ფიზიკური პირის, რომელიც პასუხისმგებელია კვერცხმდებელ ქათმებზე (შემდგომში − მომვლელი), სახელი და მისამართი;

გ) საწარმოს მფლობელის, თუ იგი განსხვავდება მომვლელისგან: 

გ.ა) სახელი და მისამართი;

გ.ბ) სხვა საწარმოს/საწარმოების სარეგისტრაციო ნომერი/ნომრები, რომელიც მოიცავს „კვერცხმდებელი ქათმის დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  დადგენილებით განსაზღვრულ მოქმედების სფეროს, რომელსაც ფლობს ან მართავს:

გ.ბ.ა) მფლობელი;

გ.ბ.ბ) მომვლელი;

დ) დამატებითი ინფორმაცია საწარმოს შესახებ, კერძოდ:

დ.ა) მეურნეობის ტიპ(ებ)ი, ამ დანართის 2.1 პუნქტში მითითებული განმარტებების მიხედვით;

დ.ბ) დაწესებულების მაქსიმალური სიმძლავრე ერთდროულად არსებული ფრინველების რაოდენობით; თუ მეურნეობის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება, დამატებით ფრინველების მაქსიმალური რაოდენობა ერთ დროს თითო მეურნეობის მეთოდზე.

2. განმასხვავებელი (უნიკალური) ნომერი

განმასხვავებელი (უნიკალური) ნომერი უნდა შედგებოდეს ციფრისგან, რომელიც მიუთითებს ამ დანართის 2.1 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ მეურნეობის ტიპზე, რასაც მოჰყვება ამ დანართის 2.2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ქვეყნის კოდი და სააგენტოს მიერ განსაზღვრული საიდენტიფიკაციო ნომერი.

2.1. კოდი მეურნეობის ტიპისთვის

მეურნეობის ტიპი მითითებული უნდა იყოს შემდეგი კოდებით:

ა) „ბუნებრივ პირობებში გაზრდილი“ − 1;

ბ)  „ჩაკეტილ სივრცეში გაზრდილი“ („საფრინველიდან“) − 2;

გ)  გალიაში გაზრდილი − 3;

დ) „ორგანული წარმოება“ (მეურნეობის ტიპი, რომელიც აკმაყოფილებს ბიოწარმოების წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს) – 0.

2.2. ქვეყნის კოდი − GE

2.3. საწარმოს იდენტიფიკაცია

2.3.1. სააგენტომ უნდა დანერგოს სისტემა, რათა მიანიჭოს თითოეულ საწარმოს უნიკალური ნომერი, რომელიც ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ წესის გარდა სხვა მიზნებისთვის, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილია საწარმოს იდენტიფიკაცია.

2.3.2. სააგენტოს შეუძლია საიდენტიფიკაციო ნომერს დაამატოს დამატებითი სიმბოლოები საწარმოს განცალკევებულ შენობებში შენახული ცალკეული გუნდების იდენტიფიკაციისათვის.