„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №419 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №419 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 618
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 340140000.10.003.023829
618
30/12/2022
ვებგვერდი, 31/12/2022
340140000.10.003.023829
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №419 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №618

2022 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №419 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №419 დადგენილებაში (სსმ, №172, 31/12/2010) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმა

მუხლი 1. მიზანი და ზოგადი დებულებები

1.  სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმა (შემდგომ - გეგმა) მიზნად ისახავს, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, სურსათის/ცხოველის საკვებით გამოწვეული ინციდენტების მინიმუმამდე შემცირებას, რომელიც მიიღწევა   გაძლიერებული მზადყოფნითა და ინციდენტების ეფექტური მართვით.

2. გეგმა ადგენს პრაქტიკულ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია გაძლიერებული მზადყოფნისა და ინციდენტების მართვისათვის, ასევე გამჭვირვალეობის პრინციპების შესაბამისად, კომუნიკაციის განხორციელებისათვის, როდესაც სახეზეა   შემდეგი ორი მდგომარეობა:

ა) მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს გაძლიერებულ კოორდინაციას;

ბ) მდგომარეობა, რომლის დროსაც საჭიროა კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნა.

3. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში გეგმას ამზადებს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). 

მუხლი 2. მოქმედების სფერო

გეგმა განსაზღვრავს ქმედებებს, რომელთა გატარება აუცილებელია სურსათის/ცხოველის საკვებით გამოწვეული, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, პირდაპირი და არაპირდაპირი რისკების წარმოქმნისას. კერძოდ,  სურსათის/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ბიოლოგიურ, ქიმიურ და ფიზიკურ საფრთხეებთან დაკავშირებული ისეთი რისკების წარმოქმნისას, რომელთა პრევენცია, მისაღებ დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა  ვერ  ხდება მოქმედი კანონმდებლობით ან, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებული საგანგებო ზომების მიღება, სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს რისკების პრევენციას, მისაღებ დონემდე შემცირებას ან აღმოფხვრას. 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

1. გეგმის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  ინციდენტი - სურსათში/ცხოველის საკვებში ან ადამიანებში ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების გამოვლენა, რომლებმაც შესაძლოა ერთი და იგივე საფრთხისგან, ერთზე მეტ ადამიანში გამოიწვიოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკი, ან სიტუაცია,  რომელშიც ადამიანთა დაავადებების სიხშირე ან საფრთხის გამოვლენა აღემატება მოსალოდნელ რაოდენობას, ხოლო შემთხვევები დაკავშირებულია ან შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ერთი და იმავე სურსათთან ან ცხოველის საკვებთან;

ბ) სურსათისმიერი  დაავადების აფეთქება  - არსებულ გარემოებებში, ადამიანთა პოპულაციაში ერთი და იმავე დაავადების ან/და ინფექციის ორი ან მეტი ინციდენტის დადასტურება, ან სიტუაცია, როდესაც დაკვირვების შემთხვევების რაოდენობა აღემატება მოსალოდნელ რაოდენობას და ეს შემთხვევები დაკავშირებულია ერთმანეთთან, ან შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სურსათის ერთი და იმავე წყაროსთან;

2. გარდა  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერმინებისა,  გეგმის მიზნებისათვის გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 4. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა

 გეგმით უნდა განისაზღვროს:

ა) კრიზისული მდგომარეობა;

ბ) კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნა და მისი ფუნქციები;

გ) ქმედებები და ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია კრიზისული მდგომარეობის მართვისათვის;

დ) რისკის დონე, რომლის აღკვეთა, აღმოფხვრა ან მისაღებ დონემდე შემცირება გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული;

ე) გეგმის გამოყენების საფუძვლები;

ვ) კრიზისის მართვის ჯგუფის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

ზ) კრიზისული მდგომარეობის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურები;

თ) გამჭვირვალობისა და პროპორციულობის პრინციპები.

მუხლი 5. კრიზისული მდგომარეობა

1. კრიზისული მდგომარეობა შეიძლება იყოს ორი სახის:

ა) მდგომარეობა, რომელიც შეიცავს სერიოზულ პირდაპირ ან არაპირდაპირ რისკს ადამიანის ჯანმრთელობისათვის, მათ შორის  ინციდენტების განმეორება, რომელიც იწვევს ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ რისკებს;

ბ) მდგომარეობა, რომელიც შეიცავს პოტენციურ რისკს და ეს უკანასკნელი შესაძლებელია გარდაიქმნას სერიოზულ რისკად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიზისული მდგომარეობის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, თუ რამდენად მაღალია ალბათობა იმისა, რომ რისკი გავრცელდება ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ან /და ქვეყნის ტერიტორიიდან გავრცელდება სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აუცილებელია კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიზისული მდგომარეობის შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრი (შემდგომ - მინისტრი) ამტკიცებს სათანადო ღონისძიებებს მსგავსი მდგომარეობის ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად (კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნის გარეშე), რომელსაც აღასრულებს სააგენტო.

მუხლი 6. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის გამოყენების საფუძვლები

გეგმის შემუშავების  საფუძვლებია:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების სწრაფი განგაშის (RASFF) სისტემიდან მიღებული შეტყობინება;

ბ) სხვა ქვეყნიდან მიღებული შეტყობინება;

გ) შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიღებული ინფორმაცია;

დ) სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაცია;

ე) სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია (მიწოდებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისაგან, მათი იდენტიფიკაციის შემთხვევაში და მედიასაშუალებები).

მუხლი 7. კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნა

1. ამ გეგმის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიზისული მდგომარეობის დროს, მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს კრიზისის მართვის ჯგუფის შემადგენლობას, რომლის წევრად, საჭიროების შემთხვევაში, სამეცნიერო კონსულტაციებისათვის შეიძლება მოწვეულ იქნეს სამეცნიერო წრის წარმომადგენელი.

2. კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვრის ან რისკის სათანადო დონემდე შემცირებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა გატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, კრიზისის მართვის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე.

3. მინისტრის გადაწყვეტილებას კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვრის ან რისკის სათანადო დონემდე შემცირებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ აღასრულებს სააგენტო, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

4. საჭიროების შემთხვევაში, კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვრისა ან რისკის სათანადო დონემდე შემცირებასთან დაკავშირებით, გატარებული ღონისძიებების შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

5. კრიზისის მართვის ჯგუფის უფლებამოსილება შეწყდება კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვრის ან რისკის სათანადო დონემდე შემცირების შემდეგ.

მუხლი 8. კრიზისის მართვის ჯგუფის უფლებამოსილებები

1. კრიზისის მართვის ჯგუფი უფლებამოსილია:

ა) ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღესა და გარემოზე ზეგავლენის რისკის აღმოფხვრის, შემცირებისა და თავიდან აცილებისათვის, მართვის ღონისძიებების დროულად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შეაგროვოს და შეაფასოს ყველა შესაბამისი მონაცემი და მოახდინოს კრიზისის მართვისათვის საჭირო ღონისძიებებისა და ქმედებების იდენტიფიცირება;

ბ) გაავრცელოს ინფორმაცია კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ რისკებსა და გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

2. კრიზისის მართვის ჯგუფი ვალდებულია, არსებული რისკებისა და მიღებული ზომების შესახებ მოპოვებული მასალა მიაწოდოს მინისტრს.

3.  სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში, ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღესა და გარემოზე საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ეროვნული რეაგირების მექანიზმის ამოქმედების საჭიროებისას, კრიზისის მართვის ჯგუფი ვალდებულია, ოპერატიული კომუნიკაციის ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით (მობილური ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.), შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის უფლებამოსილ უწყებებს კომპეტენციის ფარგლებში.

4. კრიზისის მართვის ჯგუფმა უნდა ითანამშრომლოს სურსათისა და ცხოველთა საკვების სწრაფი განგაშის სისტემის საკონტაქტო პირებთან.

5. საჭიროების შემთხვევაში კრიზისის მართვის ჯგუფმა უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, შესაბამის უწყებებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიება.

მუხლი 9. კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურები

1. კრიზისის მართვის ჯგუფი შეიმუშავებს კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურებს.

2. კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურები ითვალისწინებს ინფორმაციას კრიზისული მდგომარეობის შესახებ და მისი გავრცელებისათვის საჭირო ქმედებებს, რომლებიც წარედგინება მინისტრს.

3. ინფორმაციის გავრცელების პროცედურები ითვალისწინებს ინფორმაციის გავრცელებას ქვეყნის შიგნით და იმ ქვეყნების იდენტიფიცირებას, რომლებსაც პირდაპირ ეხებათ კრიზისული მდგომარეობა, მათთან თანამშრომლობის დამყარების აუცილებლობას, ასევე ინფორმაციის მიწოდების ვადებს.

4. როდესაც შეგროვდება სარწმუნო მტკიცებულებები  სურსათის მიერი დაავადების აფეთქების გავრცელების შესაძლო წყაროს შესახებ, დაუყონებლივ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია  შესაბამის სურსათის ბიზნეს ოპერატორებს.

მუხლი 10. გამჭვირვალობის პრინციპი

1. კრიზისის მართვის ჯგუფმა უნდა იხელმძღვანელოს გამჭვირვალობის პრინციპით.

2. კრიზისის მართვის ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კრიზისული მდგომარეობის შესახებ უნდა იყოს საჯარო, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 11. ტრენინგები და სავარჯიშოები

1. მიზანშეწონილია, სააგენტოს მიერ, „ერთიანი ჯანმრთელობის“ კონცეფციის საფუძველზე,  სურსათის მიერი კრიზისების,  სურსათის მიერი დაავადების აფეთქების გავრცელების და სხვა ინციდენტების მართვასთან დაკავშირებული მოწინავე სასწავლო მოდულების შეთავაზება და  BTSF-ის (Better Training for Safer Food)  მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

2. სააგენტომ  პერიოდულად უნდა განახორციელოს სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ინციდენტების იმიტაციური სავარჯიშო სწავლების ორგანიზება, კომუნიკაციის ასპექტების ჩათვლით,  ყურადღება უნდა გამახვილდეს  ინციდენტების მართვისათვის მზადებაზე. სავარჯიშო სწავლებებში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა უნდა მიიღოს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა.