დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 192/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 220010000.18.011.016665 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (30/12/2022 - 30/06/2023)
|
ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესი თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
კომერციული ბანკი ვალდებულია, „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციისა“ (ე.წ. ადგილობრივი GAAP) და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით პარალელური ანგარიშგების პერიოდში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სხვა გადაწყვეტილების მიღებამდე, საზედამხედველო ანგარიშგების მიზნებისთვის აგრეთვე იმოქმედოს „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანების შესაბამისად. |
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
|
ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესი
|
მუხლი 1.
მიზანი |
1. ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია, ფინანსურ ანგარიშგებაში კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზუსტი, სრული და მიმდინარე ინფორმაციის ასახვა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 9-ის (შემდგომში – ფასს 9) მიხედვით ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალისა და ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც სასარგებლო ინფორმაციას წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებისათვის კომერციული ბანკის მომავალი ფულადი ნაკადების თანხების, დროისა და მოსალოდნელობის შესაფასებლად.
2. ამ წესის შესრულება ხელს შეუწყობს კომერციული ბანკის რეალური ფინანსური მდგომარეობის დადგენას და გამჟღავნებას კომერციული ბანკის დეპოზიტარების, აქციონერების, პოტენციური ინვესტორების, საქართველოს ეროვნული ბანკისა (შემდგომში – ეროვნული ბანკი) თუ სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. ფინანსურ მდგომარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ძირითადი კომპონენტია ფინანსური ინსტრუმენტების ასახვა რისკის გათვალისწინებით და მათი მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის ადეკვატური მოცულობის შექმნა კომერციული ბანკის მიერ. 3. ეს წესი ვრცელდება ყველა იმ ფინანსურ აქტივზე, რომელთა მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის ფორმირება გათვალისწინებულია ფასს 9-ის შესაბამისად. ფასს 9 საშუალებას აძლევს კომერციულ ბანკებს გამოიყენონ პრინციპებზე დაფუძნებული დაშვებები მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის შეფასების მიზნით. 4. კომერციულმა ბანკმა ფინანსური აქტივის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი უნდა შექმნას ფასს 9-ისა და ამ წესის მიხედვით, როდესაც წესი აკონკრეტებს/არეგულირებს ცალკეულ საკითხებს ფასს 9-ის მიზნებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად კომერციულმა ბანკმა უნდა შეიმუშავოს ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის შეფასების მეთოდოლოგია ამ წესთან შესაბამისობით, რაც ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების სამართლიან შეფასებას როგორც ინდივიდუალურ, ასევე, პორტფელურ დონეზე. 5. კომერციულმა ბანკმა უნდა დაიცვას ამ წესის და ფასს 9 მითითებები, ისე, რომ ის შეესაბამებოდეს ორგანიზაციის ზომას და კომპლექსურობას, ასევე, საქმიანობისა და პორტფელის ხასიათს, მოცულობასა და სირთულეს. პროპორციული მიდგომების გამოყენებამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მაღალხარისხიან შეფასებას. 6. ამ წესისა და ფასს 9-ის მოთხოვნების შესრულებისთვის გამოყენებული მიდგომები შეიძლება განსხვავდებოდეს კომერციულ ბანკებში, მათ შორის, მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გაზომვის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტექნიკა ან მოდელი. 7. თუ კომერციული ბანკის შეფასებით, ამ წესის რომელიმე მოთხოვნის შეუსრულებლობა თავის მხრივ არ იწვევს ფასს 9-ით დაწესებული მოთხოვნების დარღვევას, კომერციულ ბანკს აქვს უფლება დაითვალოს მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი ამ წესისაგან განსხვავებული მიდგომით აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის. ამ შემთხვევაში, კომერციული ბანკი ვალდებულია წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს და მიუთითოს: ა) წესის რომელი მოთხოვნა/მოთხოვნები არ შეასრულა კომერციულმა ბანკმა; ბ) რა პერიოდის განმავლობაში აქვს ადგილი წესის აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობას; გ) კომერციული ბანკის დასაბუთება, თუ რა მიზეზით არ შესრულდა წესის მოთხოვნები; დ) კომერციული ბანკის მიერ შემუშავებული მიდგომა და დასაბუთება, თუ რატომ ასახავს კომერციული ბანკის მიდგომა მოსალოდნელ საკრედიტო ზარალს ამ წესით განსაზღვრულისგან ხარისხობრივად უფრო უკეთესად. 8. ეროვნულმა ბანკმა უნდა განიხილოს კომერციული ბანკის წერილობითი განმარტება, მისი წარდგენიდან 1 თვის განმავლობაში და დაადასტუროს ან უარყოს წესის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული არგუმენტები. 9. თუ ეროვნული ბანკი არ დაეთანხმება წარდგენილ დასაბუთებას, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს კომერციულ ბანკს ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის ამ წესის მიხედვით სრულად გადათვლა და გამოვლენილი სხვაობის ასახვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის N176/04 ბრძანებით დამტკიცებული „პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესით“ განსაზღვრულ საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერში. 10. კომერციული ბანკი ვალდებულია აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ამ წესისგან განსხვავებული მიდგომის გამოყენების შემთხვევაში, გამოაქვეყნოს რეკონსილაცია კაპიტალის ადეკვატურობის განმარტებით შენიშვნაში. რეკონსილაცია უნდა მოიცავდეს სულ მცირე ამ წესსა და ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის შემუშავებულ მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის ფორმირების მიდგომებს შორის სხვაობების კაპიტალის ადეკვატურობაზე ეფექტის გამჟღავნებას. 11. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი პასუხისმგებელნი არიან უზრუნველყონ, რომ კომერციულ ბანკს ჰქონდეს საკრედიტო რისკის მართვის პოლიტიკა/პროცედურები, მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის დროული აღიარების გამართული ჩარჩო და მოდელები, და ასევე, ეფექტური შიდა კონტროლის სისტემა. კომერციული ბანკის მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების მეთოდოლოგია მკაფიოდ უნდა ასახავდეს მნიშვნელოვან განმარტებებს და მიდგომებს, რომლებიც დაკავშირებულია საკრედიტო რისკის შეფასებასთან და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გაზომვასთან, მათ შორის, გაუფასურების მოვლენები, საკრედიტო რისკის კატეგორიის მიკუთვნება, მიგრაციის მაჩვენებლები და სხვა). |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები |
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფინანსური ინსტრუმენტი – ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი (ბასს) 32-ის მიხედვით განსაზღვრული ფინანსური ინსტრუმენტები; ბ) მაღალი საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტი – პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის პოტენციურად სუსტი ფინანსური ინსტრუმენტი, როდესაც მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა და გადახდის უნარი არ არის სტაბილური. ფინანსური ინსტრუმენტის გაცემისთანავე არსებობს ისეთი ნაკლოვანებები და ნეგატიური ტენდენციები, რომლის შესაძლო მატერიალიზების შემთხვევაში, შესაძლოა გაჩნდეს ეჭვი მსესხებლის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. მაღალი საკრედიტო რისკის მქონე ფინანსური ინსტრუმენტი ხვდება პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში, მხოლოდ იმის გამო, რომ ფასს-ის მიხედვით ფინანსური ინსტრუმენტი თავდაპირველი აღიარების დროს არ არის გაუფასურებული, ან არ მომხდარა საკრედიტო რისკის მნიშვნელოვანი ზრდა ფასს-ის მიხედვით ფინანსური ინსტრუმენტის თავდაპირველი აღიარების შემდგომ; გ) ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – ფასს 9-ის მიხედვით განსაზღვრული ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომლის მეშვეობით ზუსტად დისკონტირდება მომავალში, ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი ვადის განმავლობაში, გადასახდელი ან მისაღები ფულადი ნაკადები; დ) ვადაგადაცილებული ფინანსური ინსტრუმენტი – ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის ძირითადი თანხის (მისი ნაწილის) ან დარიცხული პროცენტის თანხის გადახდა არ მომხდარა შეთანხმებული თარიღისათვის, რომელიც მოცემულია ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებულ შესაბამის დოკუმენტაციაში; ე) რესტრუქტურიზებული ფინანსური ინსტრუმენტი – ახალი ან არსებული ფინანსური ინსტრუმენტი, რომლითაც განხორციელდა არსებული ფინანსური ინსტრუმენტის გადაფარვა ან დაფარვის პირობების ცვლილება, რაზეც არსებობს შეთანხმება კომერციულ ბანკსა და მსესხებელს შორის. აღნიშნული განპირობებულია მსესხებლის ფინანსური პრობლემებით. რესტრუქტურიზებულ ფინანსურ ინსტრუმენტს მიეკუთვნება ყველა ის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეცვლილია ერთ-ერთი შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით: ე.ა) შენატანის შემცირების მიზნით საპროცენტო განაკვეთის შემცირება ან დარიცხული პროცენტების მიღების უფლებაზე უარის თქმა; ე.ბ) დარიცხული საპროცენტო შემოსავლების კაპიტალიზაცია; ე.გ) ძირითადი თანხის ან პროცენტის დაფარვა (მათ შორის, რეფინანსირება), რაც არ არის მსესხებლის მიერ გადახდის შედეგი, მათ შორის, ისეთი შემთხვევები, როდესაც მსესხებელმა დაფარა პროცენტები ან ძირითადი თანხა თავისი, სხვა ან ურთიერთდაკავშირებული ჯგუფის სხვა წევრების მიერ აღებული ფინანსური ინსტრუმენტებით; ე.დ) დაფარვის ვადის გაგრძელება; ე.ე) საშეღავათო პერიოდის დაწესება (გარდა სეზონური ტიპის ბიზნესის შემთხვევაში); ე.ვ) კომერციული ბანკის მიერ მსესხებლისათვის მინიჭებული ნებისმიერი სხვა უფლება ან პრივილეგია, რაც ნორმალურ პირობებში არ მოხდებოდა. ვ) რეფინანსირებული ფინანსური ინსტრუმენტი – ახალი ან არსებული ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის დაფარვის პირობების შეცვლაზე არსებობს შეთანხმება კომერციულ ბანკსა და მსესხებელს შორის. მსესხებელი, რეფინანსირების მომენტისათვის სრულად უნდა აკმაყოფილებდეს პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის პირობებს და დაფარვის პირობების ცვლილება არ არის გამოწვეული მსესხებლის ფინანსური პრობლემებით ან ფინანსური მდგომარეობის გაუარესებით, რომელიც არ წარმოადგენს საკრედიტო რისკის კატეგორიის გაუარესების მაპროვოცირებელ ფაქტორს. ფინანსური ინსტრუმენტის რეფინანსირებული ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაციიდან ამოღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირებიდან გასულია ერთ წელზე მეტი პერიოდი. ასეთი სახის რეფინანსირებას, მათ შორის, მიეკუთვნება: ვ.ა) კონკურენციის გამო საპროცენტო განაკვეთების შემცირება; ვ.ბ) საბრუნავი საშუალებების დაფინანსებისთვის გაცემული ფინანსური ინსტრუმენტის განახლება; ვ.გ) არსებული ფინანსური ინსტრუმენტების გაერთიანება; ვ.დ) გადაფარვა მსესხებლის დამატებით დაფინანსებისას, მათ შორის, როდესაც ხდება დავალიანების ზრდა ახალი პროექტების დაფინანსების მიზნით და სხვა. ზ) საყურადღებოდ მოდიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტი – ახალი ან არსებული ფინანსური ინსტრუმენტი, რომლითაც განხორციელდა არსებული ფინანსური ინსტრუმენტის გადაფარვა ან დაფარვის პირობების ცვლილება, რაზეც არსებობს შეთანხმება კომერციულ ბანკსა და მსესხებელს შორის. აღნიშნული განპირობებულია მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებით, რომელიც არ წარმოადგენს საკრედიტო რისკის კატეგორიის გაუარესების მაპროვოცირებელ ფაქტორს. მსესხებელი, საყურადღებო მოდიფიკაციის მომენტისათვის, სრულად უნდა აკმაყოფილებდეს პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის პირობებს. ფინანსური ინსტრუმენტის საყურადღებოდ მოდიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაციიდან ამოღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საყურადღებო მოდიფიკაციიდან გასულია ერთ წელზე მეტი პერიოდი; თ) სრულად უზრუნველყოფილი ფინანსური ინსტრუმენტი – ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის დროული და სრული გადახდის უზრუნველსაყოფად კომერციული ბანკის სასარგებლოდ გირავნობით ან იპოთეკით დატვირთულია აქტივი, რომლის საერთაშორისო შეფასების სტანდარტით (IVS) განსაზღვრული საბაზრო ღირებულება ტოლია ან აღემატება ფინანსური ინსტრუმენტის გადაუხდელ თანხას; ი) ნაწილობრივ უზრუნველყოფილი ფინანსური ინსტრუმენტი – ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის უზრუნველსაყოფად გირავნობით ან იპოთეკით დატვირთული აქტივის საერთაშორისო შეფასების სტანდარტით (IVS) განსაზღვრული საბაზრო ღირებულება ფინანსური ინსტრუმენტის გადაუხდელ თანხაზე ნაკლებია; კ) არაუზრუნველყოფილი ფინანსური ინსტრუმენტი – ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი გირავნობით ან იპოთეკით დატვირთული აქტივით, ან უზრუნველყოფის საშუალების არსებობის შემთხვევაში, მას არ გააჩნია ღირებულება, ან/და ღირებულების მიუხედავად იგი კომერციული ბანკის შეფასებით, არ არის აღსრულებადი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი რეგისტრაციით ან სხვა მიზეზებით; ლ) მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი –კომერციული ბანკის საკრედიტო ზარალის საშუალო შეწონილი სიდიდე, სადაც წონებად გამოიყენება ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის რისკები; მ) ბიზნესმსესხებლების სესხის მომსახურების კოეფიციენტი (DSCR) – ბიზნესმსესხებლის უნარი მოემსახუროს საკუთარ ვალდებულებებს, რომელიც გამოითვლება ფორმულით:
ნ) პროცენტის დაფარვის კოეფიციენტი (ICR) – მსესხებლის უნარი მოემსახუროს საკუთარ ვალდებულებებზე დარიცხულ საპროცენტო ხარჯს, რომელიც გამოითვლება ფორმულით:
ო) საოპერაციო მოგება დარიცხული პროცენტის და მოგების გადახდამდე, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯების გათვალისწინების გარეშე (EBITDA) – საოპერაციო მოგება დარიცხული პროცენტის და მოგების გადახდამდე, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯების გათვალისწინების გარეშე და საწარმოს განგრძობითი საქმიანობისათვის საჭირო კაპიტალური ხარჯების გათვალისწინებით. აღნიშნული მაჩვენებელი, ასევე, არ უნდა მოიცავდეს ერთჯერად და არაძირითადი ბიზნესსაქმიანობით წარმოშობილ შემოსავლებსა და ხარჯებს; პ) საოპერაციო მოგება მოგების გადასახადის და დარიცხული პროცენტების გადახდამდე (EBIT) – საოპერაციო მოგება მოგების გადასახადის და დარიცხული პროცენტების გადახდამდე, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯების გათვალისწინებით; ჟ) შენატანი (PMT) – სასესხო ტიპის საბალანსო და გარესაბალანსო ვალდებულებების (პროცენტისა და ძირის) გადახდისათვის საჭირო შენატანები; რ) საცალო მსესხებლების სესხის მომსახურების კოეფიციენტი (შემდგომში – PTI) – სესხის მომსახურების კოეფიციენტი საცალო მიზნობრიობით გაცემული სესხებისათვის. ამ წესის მიზნებისთვის, ამ კოეფიციენტის გამოთვლა უნდა განხორციელდეს ფინანსური ინსტრუმენტების მაქსიმალური ვადიანობის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის N44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების“ შესაბამისად; ს) დეტალური საპროგნოზო პერიოდი – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გასაანგარიშებლად გამოიყენება საპროგნოზო ინფორმაცია (ჩვეულებრივ, სამი წელი); ტ) შორეული საპროგნოზო პერიოდი – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გასაანგარიშებლად არ გამოიყენება საპროგნოზო ინფორმაცია; უ) შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტი (POCI) – ფასს 9-ის მიხედვით განსაზღვრული შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტები; ფ) მონაცემების შეზღუდულობა – მსესხებლების რაოდენობის ან/და დროითი დაფარვის სიმცირით გამოწვეული მონაცემთა დეფიციტი, რომლის გამოც შეუძლებელია ინდივიდუალურ დონეზე მდგრადი მოდელის აგება; ქ) განმეორებადი საკრედიტო რისკის ფაქტორები – ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საპროგნოზო ეკონომიკურ სცენარებში (მათ შორის, საბინაო ფასების ინდექსები, ისეთი საქონლის ფასები, როგორიცაა ნავთობი, ოქრო და ა.შ.); ღ) არაგანმეორებადი ფაქტორები – არაპროგნოზირებადი ფაქტორები, რომელთა გათვალისწინება საპროგნოზო ეკონომიკურ სცენარებში არ ხდება; ყ) თანმიმდევრული, დემონსტრაციული გადახდა – გადახდა, რომელიც არ ითვალისწინებს საბაზრო პირობებიდან განსხვავებულ რაიმე სახის შემსუბუქების პირობას, მათ შორის, საშეღავათო პერიოდს პროცენტთან ან ძირ თანხასთან დაკავშირებით. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს ფასს-ის მიხედვითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები. |
მუხლი 3.
ფინანსური ინსტრუმენტების საკრედიტო რისკის კატეგორიები |
1. ფინანსური ინსტრუმენტის საკრედიტო რისკის კლასიფიკაცია წარმოებს სამი კატეგორიის მიხედვით:
ა) პირველი დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტები; ბ) მე-2 დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტები; გ) მე-3 დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტები. 2. საკრედიტო რისკის კატეგორიის დადგენა/მინიჭებისას: ა) კომერციულმა ბანკმა ამომწურავად უნდა მოიძიოს ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია საკრედიტო რისკის კატეგორიის დადგენისას როგორც ფინანსური ინსტრუმენტის თავდაპირველი გაცემისას, ასევე ამ ფინანსური ინსტრუმენტის არსებობის განმავლობაში; ბ) კომერციული ბანკის მიერ გამოყენებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ფაქტორებს, რომლებიც დამახასიათებელი და სპეციფიკურია მსესხებლისათვის და ითვალისწინებს ზოგად ეკონომიკურ პირობებს როგორც მიმდინარე, ასევე პირობების საპროგნოზო დაშვებებზე დაყრდნობით; გ) კომერციულ ბანკს შეუძლია გამოიყენოს მონაცემთა სხვადასხვა წყარო, რომელიც შეიძლება იყოს როგორც შიდა, ასევე გარე. მონაცემთა შესაძლო წყაროებში შედის საკრედიტო ზარალის შიდა ისტორიული გამოცდილება, შიდა შეფასებები, სხვა პირების საკრედიტო ზარალის გამოცდილება და გარე შეფასებები, ანგარიშები და სტატისტიკა. |
მუხლი 4.
პირველი დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტები |
1. პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირდება ის ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ ერთ ან რამდენიმე შემდეგ კრიტერიუმს:
ა) არ მიეკუთვნება მე-2 და მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიებს; ბ) ფინანსური ინსტრუმენტი არ უნდა იყოს 30 დღეზე მეტი პერიოდით ვადაგადაცილებული; გ) ფინანსური ინსტრუმენტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის ცვლილება, რომელიც არ არის განპირობებული მსესხებლის ფინანსური პრობლემებით. 2. ფინანსური ინსტრუმენტის პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიკაციის შემთხვევაში მისი შეფასება ხდება 12-თვიანი მოსალოდნელი საკრედიტო ზარალების მეთოდით (ან უფრო ხანმოკლე პერიოდზე, თუ ფინანსური ინსტრუმენტის დარჩენილი დაფარვის ვადა 12 თვეზე ნაკლებია). 3. განახლებადი ლიმიტის მქონე ფინანსური ინსტრუმენტებისთვის, როგორიცაა საკრედიტო ხაზები, ოვერდრაფტები და სხვა, რომლებზეც არ მოითხოვება ფინანსური ინსტრუმენტის ამორტიზაცია (დაფარვა), მსესხებელს უნდა გააჩნდეს აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტის გონივრული ვადის ფარგლებში დაფარვის უნარი. 4. კომერციულმა ბანკმა მაღალი საკრედიტო რისკის ფინანსურ ინსტრუმენტზე უნდა აწარმოოს ინტენსიური მონიტორინგი, რომ დროულად დაადგინოს ხომ არ არის აუცილებელი ამ ფინანსური ინსტრუმენტისთვის მე-2 ან მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის მინიჭება. 5. ბიზნესისათვის მომავალი/საპროგნოზო ფინანსურ მაჩვენებლებზე შეფასებით გაცემული ფინანსური ინსტრუმენტის შემთხვევაში, კომერციული ბანკი უნდა დარწმუნდეს რომ მსესხებლის ბიზნეს-გეგმა რეალურია, კონკურენტუნარიანი და პრაქტიკულად განხორციელებადი. 6. თუ ფინანსურ ინსტრუმენტზე ფიქსირდება 30 დღეზე მეტი მიმდინარე ვადაგადაცილება, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა, კომერციულ ბანკს შეუძლია მსესხებელს მიანიჭოს პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ანალიზით დასტურდება, რომ ვადაგადაცილება გამოწვეულია მხოლოდ ტექნიკური მიზეზით და არა მსესხებლის მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის გაუარესებით. |
მუხლი 5.
მე-2 დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტები |
1. ფინანსური ინსტრუმენტი კლასიფიცირდება მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიად, თუ ის არ არის გაუფასურებული და დაკმაყოფილებულია ერთ-ერთი შემდეგი კრიტერიუმები:
ა) ფინანსური ინსტრუმენტის საკრედიტო რისკი მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი ფასს-ის მიხედვით თავდაპირველი აღიარების შემდგომ; ბ) ფიქსირდება 30 დღეზე მეტი პერიოდით ვადაგადაცილება; გ) განხორციელდა ფინანსური ინსტრუმენტის რესტრუქტურიზაცია. 2. ფინანსური ინსტრუმენტის კლასიფიკაცია მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიად, ასევე უნდა ემყარებოდეს მაკროეკონომიკური უარყოფითი ფაქტორების განვითარების შეფასებას, რომლებიც შესაძლოა უკვე მომხდარია, ან შესაძლოა მოხდეს მომავალში და, რომელთა ზედმიწევნითი ანალიზისა და განსჯის შემდეგ ნათელი ხდება, რომ მსესხებლის ვალდებულებების დროულად მომსახურების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. 3. მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში არსებულ ფინანსურ ინსტრუმენტებზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალები უნდა შეფასდეს არსებობის მანძილზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მეთოდით. 4. ფინანსური ინსტრუმენტები გონივრულად უნდა შეფასდეს საკრედიტო რისკის ზრდის მნიშვნელოვნების კუთხით. მსესხებლის პოტენციური სისუსტის მანიშნებელი საყურადღებო ინდიკატორები, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს მნიშვნელოვნად გაზრდილ საკრედიტო რისკზე, მათ შორის, წარმოადგენს შემდეგს: ა) ყველა ტიპის მსესხებლისთვის: ა.ა) მსესხებლისთვის ან მსესხებელთა ჯგუფისთვის რელევანტური მაკროეკონომიკური პერსპექტივის გაუარესება; ა.ბ) მსესხებლის საქმიანობის სექტორში პირობების არახელსაყრელი ცვლილებები; ა.გ) მსესხებლისთვის ან მსესხებელთა ჯგუფისთვის რელევანტური საზედამხედველო, ტექნოლოგიური ანდა სხვა პერსპექტივების გაუარესება; ა.დ) კომერციული ბანკის მსგავსი პროდუქტების შიდა ფასის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ცვლილება, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთის ზრდა, მინიმალური უზრუნველყოფის მოთხოვნის ზრდა და სხვა; ა.ე) სამართლებრივი დავის წამოწყება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მსესხებლისათვის მნიშვნელოვანი ვალდებულების დაკისრება და ფინანსური მდგომარების გაუარესება; ა.ვ) მსესხებლის საკრედიტო რეიტინგის გაუარესება; ა.ზ) უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების შემცირება; ა.თ) ფინანსური ინსტრუმენტის უზრუნველყოფისათვის გამოყენებული გირავნობა ან იპოთეკა სამართლებრივად არ არის სწორად გაფორმებული ან რეგისტრირებული; ა.ი) არსებობს ინფორმაცია გირავნობის ან იპოთეკის საგნის საეჭვო მდგომარეობასთან ან მისი მონიტორინგის ან/და კონტროლის განხორციელების სირთულეებთან დაკავშირებით; ბ) ბიზნესმსესხებლებისათვის: ბ.ა) მსესხებლის ნებისმიერი სხვა გარესაბალანსო ვალდებულებების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაზე ადრე გამოთხოვა (ნებისმიერი ტიპის) რაც არ იყო წინასწარ მოსალოდნელი და განსაზღვრული; ბ.ბ) თაღლითური ქმედება ბიზნესში; ბ.გ) ბიზნესის ნაწილის ან ისეთი ქონების გაყიდვა, რომელიც ჩართულია საწარმოს მოგების მომტან ყოველდღიურ აქტივობებში; ბ.დ) მსესხებლის მიერ კომერციული ბანკისათვის ფინანსური ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ბ.ე) სამეთვალყურეო საბჭოში ან დირექტორატში ბოლო დროს მომხდარი ხშირი ცვლილებები. ბ.ვ) ფინანსური მაჩვენებლების გაუარესება, რაც მოიცავს: ბ.ვ.ა) ვალის მომსახურების კოეფიციენტის (DSCR) გაუარესებას; ბ.ვ.ბ) პროცენტის დაფარვის კოეფიციენტის (ICR) გაურესებას; ბ.ვ.გ) სასესხო ვალდებულებისა და EBITDA თანაფარდობის (შემდგომში – Debt/ EBITDA) მაჩვენებლის ზრდას; ბ.ვ.დ) საკუთარი კაპიტალის/აქტივების შემცირებას; ბ.ვ.ე) გაყიდვების მნიშვნელოვან შემცირებას; ბ.ვ.ვ) უარყოფითი საოპერაციო ფულადი ნაკადების შენარჩუნებას; ბ.ვ.ზ) მსხვილი კლიენტის/კლიენტების დაკარგვას; ბ.ვ.თ) მსხვილ მომწოდებელთან ხელშეკრულების შეწყვეტას; ბ.ვ.ი) ლიკვიდობის გაუარესებას; ბ.ვ.კ) მომგებიანობის გაუარესებას; გ) საცალო მიზნობრიობით გაცემული სესხებისათვის, PTI კოეფიციენტის შემცირებას. 5. თუ ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფში შემავალი ზოგიერთი მსესხებლის ფინანსური ინსტრუმენტი გაუფასურებულია ან საკრედიტო რისკი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, უნდა განხორციელდეს შესაბამისი შეფასება იმის დასადგენად სხვა მსესხებლების ფინანსური ინსტრუმენტები ხომ არ არის გაუფასურებული ან საკრედიტო რისკი მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასს-ის მიხედვით თავდაპირველი აღიარების შემდეგ. |
მუხლი 6.
მე-3 დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტები |
1. მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიას მიეკუთვნება გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტები.
2. ფინანსური ინსტრუმენტი გაუფასურებულია, თუ ის აკმაყოფილებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ კრიტერიუმს: ა) მსესხებელს აქვს ისეთი ფინანსური პრობლემები, რომელიც საფრთხეს უქმნის ვალდებულების შესრულებას ან საეჭვოს ხდის მთლიან გადახდას; ბ) ფინანსური ინსტრუმენტის გადახდის ძირითადი წყაროები, მათ შორის, კაპიტალი, მოგება ან/და ფულადი სახსრების გენერირების უნარი, არ არის საკმარისი ვალდებულების შესასრულებლად. შესაბამისად, კომერციულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს გადახდის სხვა წყაროები, როგორიცაა: გირავნობის ან იპოთეკის საგნის რეალიზაცია ან მსესხებლის სხვა აქტივების გაყიდვა; გ) მსესხებელს შეუმცირდა ვალდებულება ფინანსური ინსტრუმენტის ძირის ანდა დარიცხული პროცენტის ნაწილობრივი პატიებით ანდა ჩამოწერით; დ) ფინანსური ინსტრუმენტი ვადაგადაცილებულია 90-ზე მეტი დღით. 3. თუ მსესხებლის რომელიმე ფინანსური ინსტრუმენტი არის 90-ზე მეტი დღით ვადაგადაცილებული, მსესხებლის სხვა დანარჩენი ფინანსური ინსტრუმენტებიც უნდა ჩაითვალოს გაუფასურებულად, გარდა ამ წესის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. მსესხებლის ფინანსური პრობლემის განსაზღვრისა და შესაბამისად ფინანსური ინსტრუმენტის გაუფასურებულად აღიარების შესაძლო დამატებითი ინდიკატორებია: ა) მსესხებლის შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება, რაც შესაძლოა აისახოს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე; ბ) უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაციის პროცესის დაწყება; გ) მსესხებლის მიერ საქმიანობია განხორციელების უფლების სრულად ან ნაწილობრივ შეზღუდვა/დაკარგვა; დ) მსესხებლის კაპიტალის ამოწურვა ან მნიშვნელოვანი შემცირება; ე) ფინანსური ინდიკატორების მკვეთრი გაუარესება; ვ) მსესხებელი წარმოადგენს თავდებს/თანამსესხებლს გაუფასურებულ ფინანსურ ინსტრუმენტზე; ზ) მსესხებლის მიერ კომერციული ბანკისათვის ფინანსური ინფორმაციის წარუდგენლობა ან/და წარდგენის მნიშვნელოვანი დაგვიანება; თ) თაღლითობა მსესხებლის ბიზნესში, რომელიც გავლენას ახდენს მსესხებლის მიერ ვალდებულების დროულ მომსახურებაზე; ი) მსესხებლის მიერ ვალდებულების მომსახურებაზე უარის თქმა, გადახდიუუნარობის საქმისწარმოების დაწყება; კ) ხელშეკრულების პირობების (მათ შორის, „კოვენანტების“) დარღვევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კომერციული ბანკის მიერ მსესხებლის ვალდებულებების, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაზე ადრე შესრულების მოთხოვნა. 5. გრანულარული ფინანსური ინსტრუმენტების შემთხვევაში, თუ გაუფასურების აღიარება ეფუძნება მხოლოდ ვადაგადაცილებულ დღეებს, შესაძლოა ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა განსხვავდებოდეს პროდუქტის სახეების მიხედვით. (მაგალითად, საკრედიტო ბარათების ან განვადებებისათვის 90 დღეზე უფრო ნაკლები ვადაგადაცილება შეიძლება იყოს ფინანსური ინსტრუმენტის გაუფასურების ინდიკატორი). 6. მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში არსებულ ფინანსურ ინსტრუმენტებზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალები უნდა შეფასდეს არსებობის მანძილზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მეთოდით. 7. კომერციულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტი ან მისი ნაწილი ჩამოწეროს, როდესაც არ არსებობს მისი გადახდის გონივრული მოლოდინი. ფინანსური ინსტრუმენტი უნდა ჩამოიწეროს, თუ: ა) სამართლებრივად არ არის აღსრულებადი თანხის (ან მისი ნაწილის) ანაზღაურება, მათ შორის, უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაციის ან დასაკუთრების გზით, მსესხებლისგან ან ნებისმიერი მესამე მხარისგან; ბ) სამართლებრივად შესაძლებელია თანხის ანაზღაურება მსესხებლისგან ან მესამე მხარისგან, მაგრამ აღნიშნულის ალბათობა ძალიან მცირეა. 8. კომერციულ ბანკს შეუძლია შეიმუშაოს გაუფასურებული ფინანსური აქტივების ჩამოწერის პოლიტიკა ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს მსესხებლის, პროდუქტის და უზრუნველყოფის ფაქტორებს. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის კრიტიკულობის განსაზღვრა კომერციულმა ბანკმა უნდა დაასაბუთოს სტატისტიკური მონაცემებისა და ემპირიული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე. 9. თუ კომერციულ ბანკს არ აქვს ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით ჩამოწერის პოლიტიკა შემუშავებული, მაშინ ფინანსური ინსტრუმენტი უნდა ჩამოიწეროს, თუ კმაყოფილდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) არაუზრუნველყოფილი ფინანსური ინსტრუმენტი ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილი ფინანსური ინსტრუმენტის არაუზრუნველყოფილი ნაწილი ვადაგადაცილებულია 360 დღეზე მეტი პერიოდით; ბ) სრულად უზრუნველყოფილი ფინანსური ინსტრუმენტი ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილი ფინანსური ინსტრუმენტის უზრუნველყოფილი ნაწილი ვადაგადაცილებულია 720 დღეზე მეტი პერიოდით.
|
მუხლი 7.
რესტრუქტურიზებული ფინანსური ინსტრუმენტი |
1. კომერციულმა ბანკმა ფინანსური ინსტრუმენტს რესტრუქტურიზებული ფინანსური ინსტრუმენტის სტატუსი უნდა მიანიჭოს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
ა) ფინანსური ინსტრუმენტის განახლების ან მისი დაფარვის ვადის გაგრძელების რაოდენობა; ბ) ფინანსური ინსტრუმენტის საერთო ვადის ცვლილება მის თავდაპირველ ვადასთან შედარებით; გ) ფინანსური ინსტრუმენტის პროცენტის დაფარვის ვადების ცვლილება თავდაპირველ ვადებთან შედარებით; დ) ფინანსური ინსტრუმენტის გაცემის თაობაზე ხელშეკრულების პირობების კონკრეტული ცვლილებები და ამ ცვლილებების მიზეზები. 2. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საპროცენტო განაკვეთის ნებისმიერ შემცირებას საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე უფრო დაბალი განაკვეთით, ვადის გაგრძელებას და ასევე იმ ფაქტორებს, რომლებიც უკავშირდება მოცემულ პირობებს. 3. ნებისმიერი ტიპის რესტრუქტურიზაციის/რეფინანსირების/საყურადღებო მოდიფიკაციის შესახებ კომერციული ბანკის გადაწყვეტილება, უნდა ეფუძნებოდეს მსესხებელთა ფინანსურ ანალიზს, რომელიც სრულყოფილად უნდა იქნეს დოკუმენტირებული და ხელმისაწვდომი ეროვნული ბანკისთვის. 4. ფინანსური ინსტრუმენტის რესტრუქტურიზაციის შედეგად, მისი საკრედიტო რისკის კატეგორია უნდა გაუარესდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ფასს-ის მიხედვით ფინანსური ინსტრუმენტის აღიარების შეწყვეტა ან კმაყოფილდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირობები. 5. რესტრუქტურიზაციის შედეგად ფასს-ის მიხედვით ფინანსური ინსტრუმენტის აღიარების შეწყვეტის შემთხვევაში, ახალ ფინანსური ინსტრუმენტს საკრედიტო რისკიდან გამომდინარე უნდა მიენიჭოს შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტის (POCI) ან დასაბუთებული გამონაკლისის შემთხვევაში პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორია. ამასთან, ახალ ფინანსურ ინსტრუმენტს რესტრუქტურიზებული სტატუსი ენიჭება ნებისმიერ შემთხვევაში, ხოლო მაღალი საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური ინსტრუმენტი დაკლასიფიცირდა პირველი საკრედიტო რიკის კატეგორიაში. 6. თუ ფინანსური ინსტრუმენტის რესტრუქტურიზაცია განხორციელდა მსესხებლის ფინანსური ანალიზის გარეშე შესაბამისი ინფორმაციის არქონის გამო, ფინანსური ინსტრუმენტი უნდა კლასიფიცირდეს მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში. 7. კომერციულ ბანკს შეუძლია მე-2 დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტის რესტრუქტურიზაციის შემდეგ რისკის კატეგორიის უცვლელად დატოვება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური ინსტრუმენტი სრულად და უპირობოდ აკმაყოფილებს შესაბამისი რისკის კატეგორიის პირობას. 8. თუ ახალ მსესხებელს ან თანამსესხებელს გადაეცემა რესტრუქტურიზებული ფინანსური ინსტრუმენტი გაუარესებული საკრედიტო რისკის კატეგორიით და მას არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა დაფაროს ყველა გადაუხდელი ვალდებულება შეთანხმებული დროის მანძილზე, ასეთ ფინანსურ ინსტრუმენტს უნდა მიენიჭოს მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორია ან შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტის (POCI) კატეგორია. 9. რესტრუქტურიზებული ფინანსური ინსტრუმენტის სტატუსი არ გაუმჯობესდება, თუ ახალი მსესხებელი ან თანამსესხებელი არის მსესხებლის ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის წევრი. ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი განიმარტება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების“ შესაბამისად. 10. კომერციული ბანკის საკრედიტო რისკების შეფასებაზე პასუხისმგებელი მიმართულება ვალდებულია პერიოდულად განიხილოს რესტრუქტურიზებული და მნიშვნელოვნად გაზრდილი საკრედიტო რისკის სტატუსის მქონე ფინანსური ინსტრუმენტებისათვის მათი გაუფასურებულ ფინანსურ ინსტრუმენტად აღიარების საკითხი. 11. ფინანსური ინსტრუმენტი აღარ ჩაითვლება რესტრუქტურიზებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რესტრუქტურიზაციიდან გასულია 1 წელზე მეტი და ბოლო 1 წლის განმავლობაში ფინანსურ ინსტრუმენტს მინიჭებული აქვს პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორია. |
მუხლი 8.
ფინანსური ინსტრუმენტის საკრედიტო რისკის კატეგორიის გაუმჯობესება |
1. ფინანსური ინსტრუმენტის ნებისმიერი სახის რეკლასიფიკაცია (კატეგორიის გაუმჯობესება) უნდა ეფუძნებოდეს ფინანსურ ანალიზს, სრულყოფილად უნდა იყოს დოკუმენტირებული და ხელმისაწვდომი ეროვნული ბანკისთვის.
2. ფინანსური ინსტრუმენტის რეკლასიფიკაცია მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიიდან პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში შესაძლებელია, თუ განხორციელდა მსესხებლის ფინანსური ანალიზი, ფინანსური ინსტრუმენტი სრულად და უპირობოდ აკმაყოფილებს პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის პირობებს და განხორციელებულია ბოლო 3 თანმიმდევრული დემონსტრაციული გადახდა. 3. ფინანსური ინსტრუმენტის რეკლასიფიკაცია მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიიდან მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში შესაძლებელია, თუ განხორციელდა მსესხებლის ფინანსური ანალიზი. ფინანსური ინსტრუმენტი სრულად და უპირობოდ აკმაყოფილებს პირველი ან მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის პირობებს და განხორციელებულია ბოლო 3 თანმიმდევრული დემონსტრაციული გადახდა. 4. მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის ფინანსური ინსტრუმენტის რეკლასიფიკაცია პირველი დონის საკრედიტოს რისკის კატეგორიაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა მსესხებლის ფინანსური ანალიზი, ფინანსური ინსტრუმენტი სრულად და უპირობოდ აკმაყოფილებს შესაბამისი რისკის კატეგორიის პირობებს და განხორციელებულია ბოლო 6 თანმიმდევრული დემონსტრაციული გადახდა. 5. სეზონური შემოსავლების არსებობის შემთხვევაში რეკლასიფიკაცია გაუმჯობესებული საკრედიტო რისკის კატეგორიაში დასაშვებია ერთი ახალი ციკლის/სეზონის მონაცემების გათვალისწინებით. ამასთან, ახალი ციკლის/სეზონის შედეგად სახეზე უნდა იყოს ვალდებულებების რეალური დაფარვები. 6. თუ ფინანსური ინსტრუმენტის რეკლასიფიკაციის (კატეგორიის გაუმჯობესება) მიზნით ვერ ხერხდება მსესხებლის ფინანსური ანალიზის ჩატარება, მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიიდან ფინანსური ინსტრუმენტის რეკლასიფიკაცია შესაძლებელია პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირდება 6 თანმიმდევრული დემონსტრაციული გადახდა. 7. გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტის რეკლასიფიკაცია შესაძლებელია მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში, იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირდება 6 თანმიმდევრული დემონსტრაციული გადახდა. 8. თუ კომერციული ბანკის მიერ დაწყებულია უზრუნველყოფის საშუალების დასაკუთრების პროცესი ან განხორციელდა ფინანსური ინსტრუმენტის ნაწილობრივი შემცირება ჩამოწერით, რამაც გამოიწვია ფასს-ის მიხედვით ფინანსური ინსტრუმენტის აღიარების შეწყვეტა და ახალი ფინანსური ინსტრუმენტის აღიარება, დასაბუთებული გამონაკლისების გარდა, დარჩენილი ვალდებულება უნდა კლასიფიცირდეს შეძენილ ან გამოშვებულ გაუფასურებულ ფინანსურ ინსტრუმენტად. |
მუხლი 9.
ინდივიდუალურად შეფასება |
1. მსესხებლის საკრედიტო რისკის კატეგორიის ინდივიდუალურად განსაზღვრის მატერიალურობის დადგენისას, კომერციულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს არამარტო მოცემული ფინანსური ინსტრუმენტის, არამედ, მსესხებელთან დაკავშირებული ყველა ფინანსური ინსტრუმენტების კუმულატიური მოცულობა. თუ მსესხებლის ჯამური ვალდებულებების მოცულობა მატერიალურია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაშინ თითოეული მსესხებელი უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად.
2. მსესხებელი საკრედიტო რისკის კატეგორიის განსაზღვრის მიზნით უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად: ა) თუ მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფინანსური ინსტრუმენტები, გარდა მაღალი საკრედიტო რისკის სტატუსის მქონე ფინანსური ინსტრუმენტებისა, კლასიფიცირებულია პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში და მათი მოცულობა კომერციული ბანკის პირველადი კაპიტალის 1.0%-ზე მეტია; ბ) თუ მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემულია მაღალი საკრედიტო რისკის სტატუსის მქონე, მე-2 ან მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები ან შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტის სტატუსის მქონე ფინანსური ინსტრუმენტები და მათი მოცულობა კომერციული ბანკის პირველადი კაპიტალის 0.5%-ზე მეტია; გ) თუ შესაფასებლად გამოსაყენებელი ინფორმაცია კომერციული ბანკისთვის ხელმისაწვდომია მიზანშეუწონელი დანახარჯების ან ძალისხმევის გარეშე; დ) ამ პუნქტის „ა“- „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის გარდა, კომერციული ბანკის შეფასებით, მსესხებელი ინდივიდუალურად მნიშვნელოვანია. 3. ინდივიდუალურად მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი შესაძლოა შეფასდეს კოლექტიურად, თუ ფინანსური ინსტრუმენტი მიეკუთვნება პირველი ან მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიას. 4. ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ინდივიდუალურად მნიშვნელოვანი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკრედიტო რისკის კატეგორიის განსაზღვრის მიზნით შესაძლოა შეფასდეს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად. 5. საკრედიტო რისკის კატეგორიის განსაზღვრის მიზნით, მსესხებლის ინდივიდუალური შეფასებისას, კომერციულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს ყველა დაკავშირებული ფაქტი და მოვლენა, სავარუდო ეკონომიკური სცენარები, რომლებიც განსხვავდება ისტორიული გამოცდილებისაგან და შესაძლოა გავლენა ჰქონდეს მსესხებლის საკრედიტო რისკის შეფასებასა და მოსალოდნელ ზარალთან. 6. მსესხებლის საკრედიტო რისკის ინდიკატორების ანალიზთან ერთად კომერციულმა ბანკმა საკრედიტო რისკის კატეგორიის ინდივიდუალური შეფასებისას დამატებით უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის: ა) შემოსავლის წყაროების განგრძობითობა, რომლითაც აუცილებელია ვალდებულებების დაგეგმილ ვადაში მომსახურება; ბ) საკმარისი თავისუფალი ფულადი სახსრები, რომ შესაძლებელი იყოს დაგეგმილი გადახდების მთლიანად მომსახურება. სამომავლო ფულადი ნაკადების გაუმჯობესების შემთხვევაში, როდესაც არსებობს შემოსავლის ან ფულადი ნაკადების შემცირების ისტორიული ტენდენცია, გაუმჯობესება არ უნდა იგეგმებოდეს გონივრული მტკიცებულების არსებობის გარეშე; გ) კაპიტალური და სხვა საინვესტიციო ხარჯები, რომლებიც აუცილებელია დაგეგმილი საოპერაციო შესაძლებლობების შენარჩუნებისა და გაფართოებისათვის; დ) მსესხებლის მიერ დივიდენდების გადახდა; ე) მიმდინარე ლევერიჯის დონე და, ასევე, ლევერეჯის დონის მოსალოდნელი ცვლილება; ვ) მზაობა და სურვილი, დროულად და სრულად მოემსახუროს ვალდებულებებს; ზ) დამატებითი თავისუფალი სახსრების მოზიდვის უნარი, რომელიც მსესხებელს შეუძლია მიიღოს თავისუფალი აქტივების გაყიდვით ანდა დამფუძნებლის შენატანით და მსესხებელს შეუძლია ამ თანხების მიმართვა არსებული ვალდებულებების დასაფარად. აღნიშნული ფულადი სახსრების გათვალისწინებისას კომერციულ ბანკმა უნდა: ზ.ა) გაანალიზოს ამ სახსრების მიღების წყარო; ზ.ბ) დაასაბუთოს ამ სახსრების მიღების გონივრულობა და მისი შეუფერხებლად განკარგვის შესაძლებლობა. თ) საქმიანობისათვის დამახასიათებელი განმეორებადი და შესაძლო ერთჯერადი ქცევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მსესხებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე; ი) უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების ცვლილება, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ვალდებულების შესრულებაზე; კ) ინდუსტრიის თავისებურებები, რომელშიც მსესხებელი ოპერირებს, არსებული და მოსალოდნელი ინდუსტრიული და ეკონომიკური ტენდენციების ჩათვლით, რომელთაც შეიძლება ეფექტი ჰქონდეთ მსესხებლის მიმდინარე ან მომავალ ფულად ნაკადებზე. 7. ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის შეფასება უნდა განხორციელდეს იმ დაშვებით, რომ ჯგუფში შემავალი ყველა მსესხებლის მიერ წარმოქმნილი ფულადი ნაკადები (მათ შორის, უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაციით წარმოქმნილი) გამოყენებული იქნება ჯგუფზე არსებული მთლიანი დარჩენილი ვალდებულების დასაფარად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს რაიმე სხვა მტკიცებულება, რომ ჯგუფის ერთი მსესხებლის მიერ წარმოქმნილი ფულადი ნაკადები არ იქნება გამოყენებული ჯგუფის სხვა მსესხებლების ფინანსური ინსტრუმენტის/ინსტრუმენტების დასაფარად. 8. ანალიზი უნდა ეფუძნებოდეს უახლეს ფინანსურ და მსესხებელთან დაკავშირებულ სხვა ხელმისაწვდომ ინფორმაციას. 9. მსესხებლის საკრედიტო რისკის კატეგორიის, განსაზღვრისას კომერციულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს ამ წესის 23-ე მუხლით გათვალისწინებული კონტამინაციის პრინციპები. თუ კომერციული ბანკი მსესხებლის ერთ ფინანსურ ინსტურმენტს აფასებს ინდივიდუალურად და მისი საკრედიტო რისკის კატეგორია განისაზღვრება როგორც მე-2 ან მე-3 დონე, კომერციულმა ბანკმა ამ მსესხებლის ან ურთერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის დანარჩენი ფინანსური ინსტუმენტებიც ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს კონტამინაციის პრინციპების დასაკმაყოფილებლად. |
მუხლი 10.
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის კოლექტიური შეფასება - მონაცემთა ხარისხი |
1. მონაცემების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 17 აგვისტოს №151/04 ბრძანებით დამტკიცებული „მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დებულებით“ განსაზღვრულ პრინციპებსა და მოთხოვნებს.
2. კომერციულმა ბანკმა მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის შეფასების მოდელის განვითარების, ტესტირებისა და დანერგვისათვის უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო მონაცემის მოპოვება აუცილებელი დეტალიზაციით, მაღალი ხარისხით. 3. დაუშვებელია მოძველებული მონაცემების გამოყენება. მონაცემების განახლების სიხშირე უნდა იყოს შესაბამისი მოდელის მიზნებთან და სხვა მონაცემების ხელმისაწვდომობასთან. 4. მოდელის ასაგებად გამოყენებული მონაცემები უნდა შეადგენდეს ან საკმარისად ასახავდეს კომერციული ბანკის შესაბამისი პორტფელის/ჰომოგენური ჯგუფის მონაცემებს და უნდა მოიცავდეს სულ მცირე ხუთ წელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომერციულ ბანკს საკმარისი ისტორიული მონაცემები არ გააჩნია. |
მუხლი 11.
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის კოლექტიური შეფასება - საპროგნოზო ინფორმაციის გათვალისწინება |
1. მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინება უნდა მოხდეს წინასწარ განსაზღვრული საპროგნოზო პერიოდის მანძილზე, რომელიც უნდა იყოს არაუმცირეს სამი წლისა. აღნიშნული პერიოდის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ სათანადო დასაბუთების შემთხვევაში.
2. დეტალური საპროგნოზო პერიოდის მიღმა პროგნოზის გაკეთებისას კომერციულ ბანკს შეუძლია იხელმძღვანელოს გრძელვადიან ისტორიულ საშუალო ზარალზე დაყრდნობით. გრძელვადიანი ისტორიული საშუალო ზარალის გაანგარიშებისას გამოყენებული მონაცემების დაფარვის პერიოდი უნდა იყოს მინიმუმ ხუთი წელი. 3. საპროგნოზო ინფორმაციის გათვალისწინება უნდა მოხდეს მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის სამივე კომპონენტის (დეფოლტის ალბათობა (შემდგომში - PD), ზარალი დეფოლტის შემთხვევაში (შემდგომში - LGD) და ფინანსური ინსტრუმენტის მოცულობა დეფოლტის დადგომისას (შემდგომში - EAD)) მოდელირებისას; თითოეული სცენარის მიხედვით უნდა მოხდეს ფინანსური ინსტრუმენტებისათვის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გაანგარიშება. თითოეული სცენარით დათვლილი მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგი უნდა შეიწონოს სცენარების მოხდენის ალბათობით. 4. კომერციულმა ბანკმა მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის დასათვლელად უნდა გამოიყენოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური სცენარები. საკუთარი სცენარების გამოყენების შემთხვევაში, კომერციულმა ბანკმა უნდა აჩვენოს და დაასაბუთოს მის მიერ გამოყენებული ალტერნატიული წყაროს უპირატესობა. 5. საკუთარი სცენარების გამოყენების შემთხვევაში მაკროეკონომიკური ცვლადების პროგნოზი უნდა განხორციელდეს გამართული ანალიტიკური ჩარჩოს საშუალებით, რომელიც სტრუქტურულ საპროგნოზო მოდელს ეფუძნება. მაკროეკონომიკური ცვლადების პროგნოზირებისას დაუშვებელია უნივარიაციული დროითი მწკრივის მოდელების გამოყენება (მათ შორის, ARIMA, AR, MA და სხვ.). 6. სტატისტიკური ტესტირებების გარდა მოდელის მიერ განხორციელებული პროგნოზი დამატებით უნდა შემოწმდეს ექსპერტული მსჯელობით, რათა დადასტურდეს მისი გონივრულობა. |
მუხლი 12.
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის კოლექტიური შეფასება – ჰომოგენური ჯგუფების ფორმირება |
1. კოლექტიურად შეფასებული ფინანსური ინსტრუმენტები უნდა დაჯგუფდეს მსგავსი საკრედიტო რისკის მახასიათებლების მიხედვით. კომერციულმა ბანკებმა ჯგუფების იდენტიფიცირებისთვის უნდა გამოიყენონ ამ საერთო მახასიათებელთაგან ყველაზე რელევანტური.
2. ჯგუფები უნდა იყოს ფინანსური ინსტრუმენტების რაოდენობის მხრივ იმდენად დიდი და ფინანსური ინსტრუმენტების სახეობების მრავალფეროვნების მხრივ იმდენად პატარა, რომ უზრუნველყოს ჯგუფზე რელევანტური სტატისტიკური ანალიზის საკმარისი სანდოობა. 3. კომერციული ბანკების მიერ არ უნდა მოხდეს ფინანსური ინსტრუმენტების იმგვარად გაერთიანება, რომ კონკრეტული ფინანსური ინსტრუმენტის საკრედიტო რისკის ზრდა არ ისახებოდეს ჯგუფის ხარისხის მახასიათებლებზე. 4. კომერციული ბანკის მიერ გამოყენებული მახასიათებლები და მათი რაოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ჰომოგენური ჯგუფის ფორმირებისას. ასევე, ყურადღება უნდა გამახვილდეს ფინანსური ინსტრუმენტების გადაადგილებაზე სხვადასხვა ჯგუფებს შორის. სასურველია დაჯგუფების ადეკვატურობა დადასტურდეს ზარალის შესახებ ისტორიული მონაცემების გამოყენებით. 5. ჰომოგენური ჯგუფების ფორმირება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ თითოეულ პორტფელში მოხვედრილი ფინანსური ინსტრუმენტის/მსესხებლის მახასიათებლები, ასევე მათ საკრედიტო რისკზე გავლენის მქონე ფაქტორები იყოს მსგავსი. ჰომოგენური ჯგუფის საკრედიტო რისკზე გავლენის მქონე ფაქტორების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს საპროგნოზო ინფორმაციის, მათ შორის, მაკროეკონომიკური ფაქტორების ეფექტი. 6. საერთო საკრედიტო რისკის მახასიათებლები მოიცავს, მათ შორის, შემდეგს: ა) პორტფელის სეგმენტი (კორპორატიული, მცირე და საშუალო, მიკრო, საცალო); ბ) პროდუქტის ტიპი (რევოლვირებადი პროდუქტები, სამომხმარებლო სესხები და სხვ.); გ) ბიზნესსექტორი (მსესხებლის საქმიანობის სექტორი, საცალო მსესხებლებისთვის შესაძლოა გათვალისწინებული იყოს დამსაქმებლის სექტორი); დ) უზრუნველყოფის საშუალების ტიპი (ფულადი სახსრები, საცხოვრებელი/კომერციული უძრავი ქონება, სატრანსპორტო საშუალებები, ძვირფასი მეტალები და ქვები და სხვ.); ე) გეოგრაფიული მდებარეობა (ურბანული/სასოფლო და სხვ.); ვ) კონტრაჰენტის ტიპი (ფიზიკური/იურიდიული პირი და სხვ.); ზ) ვალუტა; თ) ვადიანობა; ი) ფინანსური ინსტრუმენტის ზომა; კ) საერთო მაკროეკონომიკური მახასიათებლები. 7. კომერციული ბანკის მიერ უნდა მოხდეს დაჯგუფების პრინციპების რეგულარული გადახედვა. ახალი ინფორმაციის არსებობის ან საკრედიტო რისკის მოლოდინების ცვლილებისას უნდა მოხდეს დაჯგუფების ხელახალი შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია პორტფელის დროული გადაჯგუფება, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დროებითი კორექტირება. |
მუხლი 13.
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის კოლექტიური შეფასება – გაუფასურების მოდელები |
1. მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის შემადგენელი კომპონენტების შესაფასებლად სხვადასხვა ჰომოგენური ჯგუფისთვის მოდელის აგება უნდა მოხდეს ცალ-ცალკე. ჰომოგენური ჯგუფის ფარგლებში უნდა გამოიყენებოდეს ერთი სახის მოდელები და იდენტური პარამეტრები.
2. მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის შეფასებისას გამოყენებული მოდელი რეკომენდებულია ითვალისწინებდეს ყველა შესაბამის შიდა თუ გარე ფაქტორს, რომელსაც გააჩნია კლიენტის გადახდისუნარიანობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მათ შორის: სესხის მომსახურების კოეფიციენტის მიმდინარე მნიშვნელობას (PTI, DSCR), ფინანსური ინსტრუმენტის უზრუნველყოფის კოეფიციენტს (LTV), მსესხებლის სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს, დაკრედიტების პოლიტიკა/პროცედურების ცვლილებას, ჩამოწერის სტანდარტს, უზრუნველყოფის საშუალების ტიპს, მსესხებლის სხვა ფინანსური ინსტრუმენტის რაოდენობას/მოცულობას შიდა, საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროს ან სხვა გარე წყაროს მონაცემებზე დაყრდნობით და ამ ფინანსური ინსტრუმენტის ხარისხს, გეოგრაფიულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა გავლენის მქონე ფაქტორებს. მათი გათვალისწინება შესაძლოა განხორციელდეს როგორც უშუალოდ, PD/LGD/EAD მოდელში/მოდელებში ამხსნელ ცვლადად ჩართვით, ასევე ირიბად, კლიენტის რეიტინგის მინიჭების პროცესში, თუ მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის კომპონენტების (PD/LGD/EAD) დაანგარიშება შემდგომში დაეყრდნობა აღნიშნულ რეიტინგებს. 3. მოდელების განვითარებისა და ვალიდაციის პროცესი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 17 აგვისტოს №151/04 ბრძანებით დამტკიცებული „მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დებულებით“ განსაზღვრულ მოთხოვნებსა და პრინციპებს. ვალიდაციის პროცესმა უნდა მოიცვას დაშვებების, მონაცემების, მოდელის დიზაინისა და შედეგების შემოწმება. ვალიდაციის ჩარჩოში ასევე რეკომენდებულია განისაზღვროს ზღვრები მოდელის გამოყენებისათვის, რომლის დარღვევის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მოდელის რეკალიბრაცია, ახალი მოდელის განვითარება და/ან სხვა მიტიგაციის ღონისძიებები. საკრედიტო რისკის მაღალი მნიშვნელოვნება უნდა იყოს გათვალისწინებული პროპორციულობისა და რისკზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენების დროს. 4. მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი უნდა ასახავდეს შესაბამისი ვადის (12 თვის ან სრული სიცოცხლის ხანგრძლივობის) გათვალისწინებით, მომავალი პერიოდების (თვე/კვარტალი/ნახევარწლიური) დისკონტირებულ მოსალოდნელი ზარალის ჯამს. თითოეული პერიოდის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გაანგარიშებისას გამოყენებულ უნდა იყოს ზღვრული PD (marginal PD). |
მუხლი 14.
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის კოლექტიური შეფასება – დეფოლტის ალბათობის მოდელები |
1. ისეთი პორტფელის შემთხვევაში, სადაც მონაცემები შეზღუდულია, რეკომენდებულია მიგრაციის მატრიცაზე დაფუძნებული მოდელების გამოყენება. მიგრაციის მატრიცა რეკომენდებულია დაეფუძნოს მსესხებლების რეიტინგებს. ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით მიგრაციის მატრიცის აგება შესაძლებელია, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:
ა) არ არსებობს მოცემული პორტფელის კლიენტების შიდა/გარე რეიტინგები; ბ) კლიენტების რეიტინგის მოძიება დაკავშირებულია არაგონივრულ ხარჯთან; გ) მონაცემთა შეზღუდულობის გამო მიგრაციის მატრიცისგან განსხვავებული მოდელების გამოყენება ვერ ხერხდება. 2. მაკროეკონომიკური ინფორმაცია შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს უშუალოდ მიგრაციის მატრიცაში (მაგალითად, ვასიჩეკის მოდელი) ან სატელიტი მოდელის საშუალებით (მაგალითად, გაუფასურებულ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და მაკროეკონომიკურ ცვლადებს შორის კავშირის მოდელირება). მოდელში გათვალისწინებული უნდა იყოს ცვლადების არაერთგვაროვანი და არაწრფივი გავლენა საკრედიტო რისკზე. 3. საცალო, მცირე და საშუალო და მიკრო სეგმენტების შემთხვევაში, სადაც მონაცემები შეზღუდული არ არის, კომერციულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს უფრო დახვეწილი, რეგრესიული ტიპის მოდელები, სადაც შესაძლებელია მიკრომონაცემების გამოყენება. აღნიშნული მოდელები მეტი დისკრიმინაციისა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და, შესაბამისად, აუმჯობესებს პროგნოზის სიზუსტეს. ასეთ მოდელებს განეკუთვნება ლოგისტიკური, გადარჩენის ანალიზის (survival analysis) მოდელები და სხვ. დასაშვებია, ასევე, რეიტინგებზე დაფუძნებული მიგრაციის მატრიცის გამოყენება. |
მუხლი 15.
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის კოლექტიური შეფასება – LGD მოდელები |
1. LGD-ის შეფასების მეთოდოლოგია, სადაც შესაძლებელია, უნდა შემუშავდეს კომპონენტების დონეზე (შეფასების მიკრო-სტრუქტურული მიდგომა), იმგვარად, რომ LGD-ის გამოთვლა მოხდეს ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორების მიხედვით. ამ უკანასკნელში მოიაზრება აღდგენის ალბათობა, აღდგენის დონე (ან დანაკარგების დონე) და ხელახლა გადეფოლტების ალბათობა.
2. აღდგენის დონის გაანგარიშება უნდა განხორციელდეს მოსალოდნელი აღდგენების მიმდინარე ღირებულების საშუალებით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა პირდაპირი დანახარჯი. უზრუნველყოფიდან მიღებული აღდგენის გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის 25-ე მუხლის მოთხოვნები. 3.აქტიური და დეფოლტში მყოფი სესხებისათვის LGD-ის გამოსათვლელად კომერციულ ბანკს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა მოდელი: ა) მიზანშეწონილია, აქტიური სესხებისათვის LGD-ის შეფასება განსხვავდებოდეს სესხის ასაკის მიხედვით; ბ) დეფოლტში მყოფი სესხებისათვის LGD-ის მნიშვნელობები უნდა განსხვავდებოდეს დეფოლტში ყოფნის პერიოდის მიხედვით. 4. განსახვავებული მიდგომის გამოყენების შემთხვევაში უნდა დასაბუთდეს მისი უპირატესობს. 5. LGD-ის მოდელირებისათვის ჰომოგენური ჯგუფების ფორმირება, სულ მცირე, უნდა განხორციელდეს სეგმენტისა და უზრუნველყოფის საშუალების არსებობის მიხედვით. 6. LGD-ის კომპონენტების პროგნოზირება უნდა განხორციელდეს თითოეული სცენარის მიხედვით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს უძრავი ქონების ფასების ცვლილების გათვალისწინებას. 7. აღდგენის დონის გაანგარიშებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ზარალის სამკუთხედის მიდგომა (Loss Triangle), რეგრესიული და მანქანური სწავლების მოდელები. ზარალის სამკუთხედის მიდგომაში ისეთ ველებზე, რომლებზეც ინფორმაცია არ არის, იგი შესაძლებელია აღდგეს ბორნჰოიტერ-ფერგიუსონის მიდგომის (Bornhuetter-Ferguson approach) ჯაჭვური კიბის მიდგომით (chain ladder approach) - ისტორიული საშუალოზე დაყრდნობით, ან რეგრესიული მეთოდებით. 8. აღდგენის დონისა და განკურნების დონის მოდელირების ტექნიკის შერჩევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას პორტფელის ბუნება; მცირე დეფოლტი ან პორტფელებში ცალკეული რისკის პოზიციებს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ აღნიშნული პარამეტრების ცვლილებაზე. შესაბამისად, არსებობს დანაკარგების არასწორად შეფასების დიდი რისკი. მსგავს პორტფელებთან მიმართებით კომერციულმა ბანკმა უნდა შეიმუშაოს რობასტული მეთოდოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პრობლემის მიტიგაციას. 9. მიკროსტრუქტურული მიდგომის გარდა, კომერციულ ბანკს LGD-ის შეფასება შეუძლია აგრეგირებულად (კომპონენტებად ჩაშლის გარეშე), რეგრესიული მოდელების გამოყენებით. ასეთ შემთხევაში, რეკომენდებულია ისეთი მოდელების გამოყენება, სადაც შედეგობრივი ცვლადის პროგნოზირებული მნიშვნელობა მოთავსებულია [0; 1] საზღვრებში, მათ შორის, ბეტა რეგრესია, ტობით რეგრესია, მანქანური სწავლების მოდელები და სხვ. |
მუხლი 16.
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის კოლექტიური შეფასება – EAD მოდელები |
1. EAD-ის გამოთვლის პროცესში კომერციულმა ბანკმა კონსერვატიულობის უზრუნველყოფის მიზნით არ უნდა აარიდოს თავი წინასწარ გადახდების მოდელირებას და ამასთანავე, უნდა გაითვალისწინოს საპროგნოზო ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასაბუთებულია, რომ საპროგნოზო ინფორმაცია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
2. რევოლვირებადი ფინანსური ინსტრუმენტებისთვის უნდა განხორციელდეს მოსალოდნელი უტილიზაციის განსაზღვრა EAD ფაქტორის (EADF), კონვერსიის ფაქტორისა (CCF) ან/და სესხის ექვივალენტი ფინანსური ინსტრუმენტის (LEQ) მოდელირების საშუალებით. CCF-ისა და LEQ-ის მოდელირებისათვის უმჯობესია შეკვეცილი ტობით (truncated Tobit) რეგრესიის, ხოლო EADF-ის მოდელირებისათვის ბეტა რეგრესიის გამოყენება. 3. არარევოლვირებადი ფინანსური ინსტრუმენტებისთვის რეკომენდირებულია განხორციელდეს წინასწარ გადახდის მოდელირება. ამისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს (პანელური) ლოგისტიკური, მანქანური სწავლების ან/და გადარჩენის ანალიზის მოდელები. 4. კომერციულ ბანკს EAD-ის მოდელირებისას შეუძლია გამოიყენოს სხვა მიდგომა, თუ დაასაბუთებს მის უპირატესობას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მიდგომებთან მიმართებით. 5. თუ მონაცემთა შეზღუდულობის გამო სტატისტიკური, ეკონომეტრიკული და მანქანური სწავლების მეთოდებით ვერ ხერხდება რობასტული მოდელის აგება, უტილიზაციის დონე (მაგალითად, კონვერსიის ფაქტორი) და წინასწარ გადახდების მოცულობა შეიძლება შეფასდეს ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ექსპერტული მსჯელობის საშუალებით. |
მუხლი 17.
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის კოლექტიური შეფასება – გამარტივებული (ალტერნატიული) მიდგომები |
1. კომერციულ ბანკს შეუძლია გამოიყენოს ფასს 9-ით გათვალისწინებული გამარტივებული მიდგომა სავაჭრო მოთხოვნებისთვის, სახელშეკრულებო აქტივებისა და საიჯარო მოთხოვნებისთვის.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული მიდგომით აღრიცხვის შემთხვევაში, აღნიშნული გაცხადებული უნდა იყოს კომერციული ბანკის სააღრიცხვო მეთოდოლოგიაში. |
მუხლი 18.
მოდელის კორექტირება გამოცდილებაზე დაფუძნებული ექსპერტული შეფასების გამოყენებით |
1. ვალიდაციის ეტაპზე შეიძლება იდენტიფიცირდეს მოდელთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვები სხვადასხვა გარემოების გამო, მათ შორის:
ა) საკრედიტო რისკზე ზეგავლენის მქონე ფაქტორების გაუთვალისწინებლობა საკრედიტო რისკის რეიტინგისა და ECL-ის მოდელირების პროცესში; ბ) ახალი საკრედიტო რისკის ფაქტორების გაუთვალისწინებლობა, რომლებიც წარმოიშვა ეკონომიკური პირობების ცვლილების გამო; გ) მონაცემთა შეზღუდულობა; დ) მოდელის არასაკმარისი სიმძლავრე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვების კომპენსაცია უნდა განხორციელდეს მოდელის კორექტირების გზით. 3. მოდელის კორექტირებისათვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გამოცდილებაზე დაფუძნებული ექსპერტული შეფასება ან/და დამხმარე მოდელი. 4. მოდელის კორექტირების აუცილებლობა შეიძლება მომდინარეობდეს განმეორებადი საკრედიტო რისკის ფაქტორებიდან ან არაგანმეორებადი ფაქტორებიდან. 5. გამოცდილებაზე დაფუძნებული ექსპერტული შეფასებით მოდელის კორექტირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოდელის კორექტირების საჭიროება გამოწვეულია: ა) არაგანმეორებადი ფაქტორებით; ბ) განმეორებადი საკრედიტო რისკის ფაქტორებით, თუ მათი მოდელში გათვალისწინება დაკავშირებულია არაგონივრულ ხარჯებთან, ან არ არსებობს შესაბამისი მონაცემები. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გარდა, განმეორებადი საკრედიტო რისკის ფაქტორებით განპირობებულ მოდელის გამოცდილებაზე დაფუძნებული მსჯელობით კორექტირებას უნდა ჰქონდეს დროებითი ხასიათი, ვიდრე ძირითად მოდელში არ მოხდება დეფიციტური ფაქტორის ასახვა. მოდელის განახლება (მაგ. დეფიციტური ფაქტორების ასახვა) უნდა მოხდეს მაქსიმალურად სწრაფად, რათა თავიდან იქნეს აცილებული სარგებლის მიღების მიზნით გადახრები (bias) და მანიპულაციები. 7. კომერციულ ბანკს უნდა გააჩნდეს დროში გაწერილი სამუშაო გეგმა მოდელის განახლებისათვის და ერთჯერად კორექტირებაზე დამოკიდებულების შემცირებისათვის. თუ მოდელს აღენიშნება მნიშვნელოვანი ხარვეზები, მოდელი უნდა ჩანაცვლდეს ახალი მოდელით. |
მუხლი 19.
საკრედიტო რისკის რეიტინგის მინიჭების პროცესი და დაჯგუფება |
1. რეიტინგის გამოყენების შემთხვევაში კომერციულ ბანკს უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული საკრედიტო რისკის შეფასების პროცესი, რათა სწორად დააჯგუფოს ფინანსური ინსტრუმენტი საერთო საკრედიტო რისკის მახასიათებლების საფუძველზე.
2. სარეიტინგო სისტემამ უნდა უზრუნველყოს მსესხებლისა და ტრანზაქციის მახასიათებლების სათანადო შეფასება, რისკის სათანადო დიფერენციაცია და მისი ზუსტი და თანმიმდევრული რაოდენობრივი შეფასება. |
მუხლი 20.
საკრედიტო რისკის რეიტინგის მინიჭების პროცესი და დაჯგუფება – დაჯგუფება საერთო საკრედიტო რისკის მახასიათებლებზე დაყრდნობით |
1. რისკის დიფერენციაციის დონემ უნდა უზრუნველყოს, რომ რეიტინგში ფინანსური ინსტრუმენტის რაოდენობა საკმარისი იყოს მოცემული რეიტინგის ზარალის მახასიათებლების შესაფასებლად და ვალიდაციისათვის. ამასთან, მსესხებელთა რაოდენობის კონცენტრაცია არ უნდა იყოს გადაჭარბებული რომელიმე ჯგუფში; როგორც მნიშვნელოვანი კონცენტრაცია, ასევე ჯგუფში ზედმეტად მცირე მსესხებლების არსებობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დასაბუთებულია ამ მსესხებელთა რისკის ერთგვაროვნების დამაჯერებელი ემპირიული მტკიცებით.
2. კომერციული ბანკებს, რომელთა პორტფელი კონცენტრირებულია კონკრეტულ საბაზრო სეგმენტში და დეფოლტის რისკის დიაპაზონში, ამ დიაპაზონში უნდა ჰქონდეთ საკმარისი გრადაცია, რათა თავიდან იქნას აცილებული მსესხებლების ზედმეტი კონცენტრაცია კონკრეტულ რეიტინგში. |
მუხლი 21.
საკრედიტო რისკის რეიტინგის მინიჭების პროცესი და დაჯგუფება -საკრედიტო რისკის რეიტინგის მოდელები |
1. საკრედიტო რისკის რეიტინგის მინიჭების ფუნქციის განვითარებამ უნდა მოიცვას უნივარიაციული და მრავალმხრივი ანალიზის ეტაპები.
2. უნივარიაციული ანალიზის ეტაპზე არსებული ცვლადებიდან შეირჩევა მაღალი დისკრიმინაციის უნარის მქონე ცვლადები, ჯინის კოეფიციენტის, ინფორმაციული მნიშვნელოვნების, სიზუსტის კოეფიციენტისა (accuracy ratio) და სხვ. მიხედვით. 3. მრავალმხრივი ანალიზის ეტაპზე ცვლადებს შორის კორელაციის შესასწავლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს იერარქიული კლასტერული ანალიზი და სხვ. მრავალმხრივი ანალიზისათვის ფუნქციის/მოდელის შერჩევა უნდა მოხდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: დისკრიმინაციის უნარი; ცვლადების კოეფიციენტის სტატისტიკური მნიშვნელოვნება და ნიშნების ადეკვატურობა; დისკრიმინაციის უნარის სტაბილურობა. |
მუხლი 22.
საკრედიტო რისკის რეიტინგის მინიჭების პროცესი და დაჯგუფება – მოთხოვნები გარე რეიტინგის გამოყენებასთან დაკავშირებით |
1. კომერციულ ბანკს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ რეპუტაციული საკრედიტო შეფასების გარე ინსტიტუტების (სშგი) მიერ გამოქვეყნებული საკრედიტო რეიტინგები.
2. გარე რეიტინგების მინიჭების მეთოდოლოგია უნდა იყოს მდგრადი, სისტემატური და უნდა ექვემდებარებოდეს ისტორიულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ დამოუკიდებელ ვალიდაციას. რეიტინგების მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს მუდმივად, მათ შორის, შესაფასებელი სუბიექტის ფინანსური მდგომარეობის ცვლილებების შემთხვევაში. 3. კომერციულ ბანკს გარე რეიტინგის გამოყენების შემთხვევაში უნდა გააჩნდეს ცოდნა გარე რეიტინგის მინიჭების მოდელის შესახებ, უნდა იცნობდეს მოდელის ინტუიციას, ლოგიკას, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ტექნიკურ მხარესა და ვალიდაციის დოკუმენტს. გარე რეიტინგის გამომყენებელმა სუბიექტმა უნდა განახორციელოს შედეგების ანალიზი წარსულ დროის პერიოდზე (back-testing) საკუთარ ისტორიულ მონაცემებზე და დარწმუნდეს, რომ მოდელის სიზუსტე შესაბამისია წარსულ დროის პერიოდზე კომერციული ბანკის შედეგების ანალიზის (back-testing) პოლიტიკით განსაზღვრულ რისკის აპეტიტთან. |
მუხლი 23.
კონტამინაცია |
1. კომერციულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს კონტამინაციის პრინციპის დაცვა შემდეგი სახით:
ა) საცალო და მიკრო პორტფელებისთვის მსესხებლის ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტის საკრედიტო რისკის მნიშვნელოვანი ზრდა/გაუფასურება, როგორც წესი, გამოიწვევს ამავე მსესხებლის სხვა ფინანსური ინსტრუმენტების საკრედიტო რისკის მნიშვნელოვან გაზრდას/გაუფასურებას, მიუხედავად იმისა, ეს ინსტრუმენტები ერთ ჰომოგენურ ჯგუფში ხვდება თუ სხვადასხვაში; ბ) მცირე და საშუალო და კორპორატიული პორტფელების შემთხვევაში, ჯგუფის ერთ-ერთი ფინანსური ინსრუმენტის საკრედიტო რისკის მნიშვნელოვანი ზრდა/გაუფასურება, როგორც წესი, გამოიწვევს ჯგუფის სხვა ფინანსური ინსტრუმენტების საკრედიტო რისკის მნიშვნელოვან ზრდას/გაუფასურებას. ამ შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს შესაბამისი შეფასება იმის დასადგენად სხვა მსესხებლების ფინანსური ინსტრუმენტები ხომ არ არის გაუფასურებული ან საკრედიტო რისკი მნიშვნელოვნად გაზრდილი. 2. თუ მსესხებლის ან მსესხებელთა ჯგუფის ფინანსურ ინსტრუმენტებს მიენიჭა სხვადასხვა საკრედიტო რისკის კატეგორია, კომერციული ბანკი ვალდებულია ინდივიდუალური ანდა სტატისტიკური ანალიზის მეშვეობით დაასაბუთოს, რომ უფრო მაღალი საკრედიტო რისკის კატეგორიის ფინანსური ინსტრუმენტის განმაპირობებელი ფაქტორები არ იწვევს უფრო დაბალი საკრედიტო რისკის კატეგორიის ფინანსური ინსტრუმენტის საკრედიტო რისკის მნიშვნელოვნად ზრდას ან გაუფასურებას. 3. კომერციულმა ბანკმა, მსესხებელთა ჯგუფის დონეზე კონტამინაციის პრინციპის გავრცელებისას, უნდა განსაზღვროს არამატერიალური ვალდებულების მქონე მსესხებელი, რომელთა საკრედიტო რისკის მნიშვნელოვანი ზრდა/გაუფასურება, არ გამოიწვევს ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის სხვა მსესხებლების საკრედიტო რისკის მნიშვნელოვან გაზრდას/გაუფასურებას. მსესხებლის არამატერიალური ვალდებულების ზღვარი კომერციულმა ბანკმა უნდა განსაზღვროს კომერციული ბანკის საქმიანობიდან და პორტფელის ხასიათიდან, მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე. არამატერიალური ვალდებულების მქონე მსესხებლის ფინანსური ინსტრუმენტის საკრედიტო რისკის მნიშვნელოვანი ზრდის/გაუფასურების შემთხვევაში, კომერციული ბანკი უნდა ფლობდეს დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას მაპროვოცირებელი ინდიკატორის შესახებ. |
მუხლი 24.
გადახდისუნარიანობის მაჩვენებლების სარეკომენდაციო ზღვრები |
1. ეროვნული ბანკის შეფასებით, ფინანსური ინსტრუმენტის მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის მინიჭების დროს ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან ერთად, მიზანშეწონილია, კომერციულმა ბანკმა იხელმძღვანელოს ცხრილ N1-ში მოცემული სესხის მომსახურების სარეკომენდაციო ზღვრებით:
ცხრილი №1. PTI კოეფიციენტი
2. საკრედიტო რისკის კატეგორიის ცვლილებისას, იმ შემთხვევაში, თუ PTI კოეფიციენტი აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის N44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებით“ დადგენილ კოეფიციენტებს, კომერციულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს კოეფიციენტის 10 პროცენტული პუნქტით ცვლილება კატეგორიაში გადასვლის მაჩვენებლად. 3. ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით გაცემული მსესხებლის/მსესხებელთა ჯგუფის ფინანსური ინსტრუმენტის მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის მინიჭებისას, მიზანშეწონილია, კომერციულმა ბანკმა იხელმძღვანელოს ცხრილ N2-ში მოცემული კოეფიციენტებით: ა) პროექტების (Project Finance), მათ შორის, გრძელვადიანი პროექტების, დაფინანსებისას, როდესაც საწყისი წლების მანძილზე პროექტი შესაძლოა არ იყოს მომგებიანი, კომერციულმა ბანკმა ფინანსური კოეფიციენტები უნდა დაითვალოს პროექტით გათვალისწინებული ნორმალიზებული მაჩვენებლების შესაბამისად. ამასთან, პროექტის მიმდინარეობა უნდა შეესაბამებოდეს საწყის გეგმას და ადგილი არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვან გადახრებს; ბ) სასაქონლო პროდუქტებით (Commodities Finance), რომელიც ივაჭრება აქტიურად და ფასი განისაზღვრება საერთაშორისო ბაზრებზე, ვაჭრობისას, როდესაც ხდება კონკრეტული სავაჭრო ოპერაციის დაფინანსება, მსესხებელმა შესაძლოა ვერ დააკმაყოფილოს ცხრილ №1-სა და ცხრილ №2-ში წარმოდგენილი ფინანსური კოეფიციენტები. ამ შემთხვევებში კომერციულ ბანკს უნდა გააჩნდეს შიდა პოლიტიკა/პროცედურითა და გამოცდილების შედეგად განსაზღვრული ადეკვატური მოგების მარჟა, რომელიც სასაქონლო პროდუქტის ფასის ცვლილების შემთხვევაში უზრუნველყოფს მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მიტიგაციას. ცხრილი №2. ბიზნესმსესხებლების გადახდისუნარიანობის კოეფიციენტი
4. საკრედიტო რისკის კატეგორიის ცვლილებისას, იმ შემთხვევაში, თუ Debt/Ebitda კოეფიციენტი აღემატება 4.5-ს ან DSCR ნაკლებია 1.2-ზე, კომერციულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს კოეფიციენტის 10%-იანი ცვლილება კატეგორიაში გადასვლის მაჩვენებლად. 5. კომერციული ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს პერიოდულად წარუდგინოს საკრედიტო პორტფელის ანალიზი მოცემული კოეფიციენტების ჭრილში მის ხელთ არსებული უახლესი მონაცემების გათვალისწინებით. |
მუხლი 25.
იპოთეკით დატვირთული, დაგირავებული ქონების გათვალისწინება მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის დათვლისას |
1.უზრუნველყოფის საშუალების საბაზრო ღირებულება უნდა შეფასდეს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) შესაბამისად.
2. ფინანსური ინსტრუმენტის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული უძრავი ქონების შეფასება და გადაფასება უნდა განხორციელდეს „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 მაისის N84/04 ბრძანების შესაბამისად. 3. შეფასებული უზრუნველყოფის საშუალების რეალური ღირებულების, რეალიზაციის პერიოდისა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ დანახარჯების ანალიზში ასახული უნდა იყო ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა, წარსული გამოცდილება (სტატისტიკური მონაცემები) და საპროგნოზო მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. 4. კომერციულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ უზრუნველყოფის საშუალების შეფასებაზე პასუხისმგებელ შემფასებლებს ჰქონდეთ საკმარისი ექსპერტული ცოდნა, რესურსი და დამოუკიდებლობა. 5. კომერციულმა ბანკმა უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების სარეალიზაციო ღირებულებასთან ერთად, რომელიც გამოყენებული იქნება ფინანსური ინსტრუმენტის დაავალიანების შესამცირებლად, ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას, შეფასებაში გამოყენებული დაშვებები და გამოთვლები; ბ) გამოყენებული კორექტირებები; გ) უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები; დ) უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების რეალიზაციისთვის საჭირო პერიოდი. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, ფინანასური ინსტრუმენტის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული ფულადი ნაკადების შეფასებისას, კომერციულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები: ა) ქონების რეალიზაციისათვის საჭირო დრო, ადგილობრივი კანონმდებლობისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით; ბ) ქონების სარეალიზაციო ფასი არ უნდა შეიცავდეს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე ოპტიმისტურ საპროგნოზო მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გავლენას; გ) არ უნდა იქნეს გამოყენებული ე.წ. „დალოდების” სტრატეგია, საბაზრო პირობების გაუმჯობესების მოლოდინის მიზნით. 7. კომერციულმა ბანკმა, მსესხებლის ქონების რეალიზაციიდან მისაღები ფულადი ნაკადების მიმდინარე ღირებულების გაანგარიშებაში უნდა გაითვალისწინოს ქონების რეალიზაციისთვის საჭირო პერიოდი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მსგავსი პრაქტიკის ისტორიულ მონაცემებს. გაანგარიშებაში, ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს ნებისმიერი საოპერაციო ხარჯი და კაპიტალური დანახარჯები, რომლებიც წარმოიქმნა ქონების რეალიზაციის მომენტამდე. 8. კომერციულმა ბანკმა ფინანასური ინსტრუმენტის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების რეალური ღირებულების განსაზღვრისთვის უნდა გამოიყენოს საბაზრო ფასების ადეკვატური დისკონტირების განაკვეთები, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს ქონების ლიკვიდურობის დონიდან გამომდინარე. 9. კომერციულმა ბანკმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს დაშვებები ქონების რეალიზაციის ხარჯებთან და საბაზრო ფასის დისკონტირების განაკვეთთან მიმართებით, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ისტორიულ მონაცემებს. თუ კომერციულ ბანკს არ აქვს აღნიშნული ისტორიული მონაცემები, მაშინ უნდა გამოიყენოს კონსერვატიული მიდგომები დაშვებების მიმართ. 10. მომავალი ფულადი ნაკადების მიმდინარე ღირებულების გაანგარიშებისთვის, უზრუნველყოფის ღირებულება გამოთვლილ უნდა იქნეს, როგორც მისი საბაზრო ღირებულებისა და მის რეალიზაციასთან დაკავშირებული დანახარჯების სხვაობის დღევანდელი ღირებულება, რომელიც დისკონტირებულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთით, რათა მიღებულ იქნეს წმინდა ანაზღაურებადი ღირებულება. 11. უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაციასთან დაკავშირებული დანახარჯები, მათ შორის მოიცავს: დღგ-ს, აუქციონის საფასურს, დასაკუთრების დანახარჯებს, რეალიზაციის დანახარჯებს, იურიდიულ დანახარჯებს და სხვ. ასეთი დანახარჯები სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული ფინანასური ინსტრუმენტის დეფოლტის შემთხვევაში ზარალის ოდენობის მიღებისას. |
მუხლი 26.
საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია |
კომერციული ბანკის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია. |
დოკუმენტის კომენტარები