დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 597 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 270000000.10.003.023807 |
|
სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
საქართველოს შრომის კოდექსის II თავის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი“. |
მუხლი 2 |
საქართველოს შრომის კოდექსის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კვირაში არაუმეტეს 48-საათიანი სამუშაო დროის ხანგრძლივობა გავრცელდეს ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული დარგების მხოლოდ იმ საწარმოებზე, სადაც ობიექტურად აუცილებელი საწარმოო მოცემულობიდან გამომდინარე წარმოების/სამუშაო პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, შრომითი პროცესის უწყვეტობა მნიშვნელოვნად განაპირობებს საწარმოს ნორმალურ ფუნქციონირებას, ხოლო შრომითი პროცესის უწყვეტობის დარღვევა გამოიწვევს საწარმოო პროცესის შეფერხებას (სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმო). |
მუხლი 3 |
ამ დადგენილების მე-2 მუხლის მოქმედება ვრცელდება სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში მხოლოდ იმ დასაქმებულ პირზე, რომელთან მიმართებითაც ობიექტურად აუცილებელი მოცემულობიდან გამომდინარე არსებობს სამუშაო/საწარმოო პროცესის უწყვეტობის საჭიროება და, შესაბამისად, მოითხოვება 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმში მუშაობა. |
მუხლი 4 |
ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საწარმოების ან მე-3 მუხლით გათვალისწინებული დასაქმებულ(ებ)ის განსაზღვრისას მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამსაქმებლის, დასაქმებულთა ჯგუფის (არანაკლებ დასაქმებულთა 20%-ისა) ან „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მიზნებითა და დადგენილი წესით შექმნილი დასაქმებულთა გაერთიანების მოთხოვნის საფუძველზე საკითხს განიხილავს მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული საკონსულტაციო ორგანო − მრჩეველთა საბჭო. |
მუხლი 5 |
საწარმოებზე, რომლებიც ითვლებოდნენ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებად („სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №329 დადგენილების შესაბამისად), ინარჩუნებენ აღნიშნულ სტატუსს „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №329 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. |
მუხლი 6 |
„სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №329 დადგენილების მიხედვით განსაზღვრული სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმო, რომელიც ასეთად აღარ ითვლება ამ დადგენილების საფუძველზე, ინარჩუნებს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოს სტატუსს 2023 წლის 1 იანვრამდე. |
მუხლი 7 |
საწარმოზე, რომელიც „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №329 დადგენილების მიხედვით არ ითვლებოდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოდ და ასეთად განისაზღვრა ამ დადგენილების შესაბამისად, ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
მუხლი 8 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი
|
1. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგებს მიეკუთვნება „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „სეკ 006-2016 „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს 2016 წლის 28 ივნისის №10 დადგენილებით განსაზღვრული ეროვნული ეკონომიკის შემდეგი დარგები:
ა) სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის (სექცია A) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია 03.11.0 ქვეკლასში − საზღვაო თევზჭერა; ბ) დამამუშავებელი წარმოების (სექცია C) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია განყოფილებაში 10 − კვების პროდუქტების წარმოება; გ) ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (სექცია D); დ) წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისგან გასუფთავების საქმიანობები (სექცია E); ე) ტრანსპორტი და დასაწყობება (სექცია H); ვ) ინფორმაცია და კომუნიკაციის (სექცია J) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია განყოფილებაში 61 − ტელეკომუნიკაციები; ზ) ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების (სექცია N) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია განყოფილებაში 80 − უსაფრთხოების დაცვისა და საგამომძიებლო საქმიანობები და ქვეკლასში 82.20.0 − სატელეფონო ცენტრების მომსახურება; თ) სახელმწიფო მმართველობის ის მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია შემდეგ კლასებსა და ქვეკლასებში (სექცია O): თ.ა) ქვეკლასი 84.11.2 − დაბეგვრის სისტემების მართვა, საქონელზე გადასახადების/ბაჟის შეგროვება და საგადასახადო დარღვევების გამოძიება, საბაჟოს მართვა; თ.ბ) ქვეკლასი 84.12.0 − ჯანდაცვის, განათლების, კულტურული მომსახურებისა და სხვა სოციალური მომსახურების საქმიანობის რეგულირება, სოციალური უსაფრთხოების გარდა; თ.გ) ქვეკლასი 84.23.0 − ციხეების ადმინისტრირება და გამოსასწორებელი მომსახურების გაწევა, სარეაბილიტაციო მომსახურების ჩათვლით; თ.დ) ქვეკლასი 84.25.0 − სახანძრო მომსახურების საქმიანობები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გარდა; თ.ე) ქვეკლასი 84.30.0 − სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების საქმიანობები; ი) ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (სექცია Q). 2. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგებს ასევე მიეკუთვნება: ა) ელექტროენერგიის წარმოების, განაწილებისა და გადაცემის საქმიანობა, ბუნებრივი გაზის განაწილება და გადაცემის საქმიანობა; ბ) საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება სასამართლოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარის ან პროცესის მონაწილის ინტერესების წარდგენას; გ) გარემოს დაცვის დარგი, რომელიც მოიცავს: გ.ა) ჰიდრომეტეოროლოგიას; გ.ბ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვას; გ.გ) დაცული ტერიტორიების დაცვას; გ.დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში კონტროლის განხორციელებას. |
დოკუმენტის კომენტარები