ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მომსახურების მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ

ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მომსახურების მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017024
1/ნ
12/01/2023
ვებგვერდი, 12/01/2023
470230000.22.035.017024
ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მომსახურების მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №1/ნ

2023 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

 

ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მომსახურების მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლისა და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
1. დამტკიცდეს თანდართული ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მომსახურების მინიმალური სტანდარტი (დანართი №1).

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული მინიმალური სტანდარტი სავალდებულოა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული ყველა იმ მიმწოდებლისთვის (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა), რომელიც ახორციელებს ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამით განსაზღვრულ  მომსახურებას.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი




დანართი №1

ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მომსახურების

მინიმალური სტანდარტები

მუხლი 1. ინფორმაცია მომსახურების და ბენეფიციარის შესახებ

მოსალოდნელი შედეგი:

მომსახურების მიმწოდებელი აწარმოებს მომსახურების მიმღების პირად საქმეს, რომელიც შეიცავს მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციართან დაკავშირებულ ინფორმაციას და დოკუმენტაციას.

ბავშვის (დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის განვითარების დარღვევის ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების) კანონიერმა წარმომადგენელმა/მინდობით აღმზრდელმა (მათ შორის პოტენციურმა) იცის მომსახურების მიზანი, განსახორციელებელი ღონისძიებები და მხარეთა უფლება-მოვალეობები, ჩართულია მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებასა და განსახორციელებელ ღონისძიებათა შერჩევაში.

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

1. მომსახურების შესახებ:

1.1 მომსახურების მიმწოდებელს აქვს შინაგანაწესი, რომელიც მოიცავს: უკუკავშირისა და გასაჩივრების წესს, მომსახურების შეწყვეტის საფუძველს, კონფიდენციალობის დაცვის პროცედურებს, ძალადობისგან დაცვის პროცედურებს, ბავშვისა და სპეციალისტის უსაფრთხოების დაცვის პროცედურებს;

1.2. აწარმოებს აზრის გამოხატვის პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობით აღრიცხვას;

1.3. ძალადობის ფაქტების პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობით აღრიცხვას;

1.4. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის შემცველი შემთხვევების პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობით აღრიცხვას;

1.5. კანონიერ წარმომადგენელთან/მინდობით აღმზრდელთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ნაწილიც არის ინფორმირებული თანხმობა მომსახურების პროცესში თანამშრომლობაზე (თითოეული ორგანიზაცია ხელმძღვანელობს მის მიერ შემუშავებული ფორმით), მომსახურების მიმწოდებლისა და მიმღების უფლებების და მოვალეობების შესახებ;

1.6 თანამშრომლებთან გაფორმებული კანონით განსაზღვრული ხელშეკრულება, რომელსაც ახლავს სამუშაოს აღწერილობა, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ბენეფიციარის შესახებ:

2.1 მომსახურებაში ჩართული მომსახურების მიმღების პირადი საქმე უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის დოკუმენტებსა და ინფორმაციას:

ა) ბავშვის ამბულატორიული ბარათი;

ბ) დაბადების მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი;

დ) ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა № IV-100/ა);

ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ბავშვის ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმა, რომელიც დაფუძნებულია შეფასების შედეგებზე.

2.2 მომსახურება ხელმძღვანელობს საერთაშორისოდ აღიარებული შეფასების სისტემით.

უხლი 2. მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა, ოჯახის ჩართულობა და ინკლუზიურობა

მოსალოდნელი შედეგი:

1. ბავშვს და მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს გაეწია მომსახურება რასობრივი, სქესობრივი, ენობრივი, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე.

2. ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობითი აღმზრდელი ფლობს ან იძენს ბავშვის აღზრდა-განვითარებისთვის, რეაბილიტაცია/აბილიტაცისთვის, მათ შორის ბინაზე ე.წ. შემანარჩუნებელი თერაპიის უზრუნველყოფისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს და ბავშვს უქმნის განვითარების ხელშემწყობ პოზიტიურ გარემოს.

3. ბავშვის ასაკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, მომსახურების მიმწოდებელი ზრუნავს რომ ბენეფიციარმა მიიღოს თემში არსებული, მისთვის საჭირო სოციალური და საგანმანათლებლო მომსახურებები (ასეთის არსებობისა და მისაწვდომობის შემთხვევაში).

4. მომსახურების მიმწოდებელი ზრუნავს ბენეფიციარის ინკლუზიურ სკოლამდელ/ სასკოლო განათლებაში/ ალტერნატიულ სერვისში ჩართვაზე საჭიროების, ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. ოჯახის თანხმობის შემთხვევაში გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს დანიშნულების ადგილზე წარსადგენად.

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

1. ოჯახის მიერ მომსახურების შეწყვეტის/მომსახურების მიწოდებაზე უარის შემთხვევაში, წარმოადგინოს დოკუმენტი,სადაც ასახულია უარის მიზეზი;

2. შეაფასოს ბავშვისა და ოჯახის ძლიერი მხარეები და საჭიროებები და შეიმუშაოს ბავშვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის ინდივიდუალური გეგმა ბავშვის კანონიერ წარმომადგენელთან/მინდობით აღმზრდელთან ერთად;

3. ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს ინტერ/მულტი/ტრანსდისციპლინური გუნდური მომსახურება და სრულყოფილად აწარმოოს ბენეფიციარის პირადი საქმე:

ა) პერიოდულად, დადგენილი ვადების გათვალისწინებით შეფასების შედეგები;

ბ) საჭიროების შესაბამისად შეარჩიოს/განსაზღვროს თერაპიული კურსების განრიგი, სეანსების რაოდენობა და სიხშირე, ჩარევის ტიპი (კონტაქტური, დისტანციური, ჰიბრიდული).

მუხლი 3. კონფიდენციალობის დაცვა

მოსალოდნელი შედეგი:

დაცულია ბენეფიციარის პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა. კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი ინფორმირებულია იმ შემთხვევების შესახებ, როცა კონფიდენციალობა შეიძლება დაირღვეს.

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

1. ბავშვის კანონიერ წარმომადგენელთან/მინდობით აღმზრდელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გაწერილი ჰქონდეს კონფიდენციალობის დაცვისა და ინფორმაციის გაცემის შესახებ განსახორციელებელი წესები, მათ შორის:

1.1 მომსახურების ფარგლებში კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის კორესპონდენციის, საუბრებისა და პირადი შეხვედრების კონფიდენციალობის დაცვა;

1.2 ბავშვის და მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადი ინფორმაციის (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ოჯახის, ქცევითი თავისებურებების და სხვ.) საჯაროდ განხილვისგან დაცვის წესები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსგავსი განხილვა მომსახურების ნაწილია (მაგ.: შემთხვევის კონფერენცია, ჯგუფური კონსულტაცია, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა სამსახურისთვის გადაგზავნა, მაგ.: სამედიცინო დაწესებულება, სამინისტრო, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს პოლიცია);

1.3 მომსახურების დასრულების/შეწყვეტის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ბენეფიციარის პირადი საქმის შენახვა ხორციელდება არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.

2. სხვა დამატებითი ინფორმაცია:

2.1 ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა/გამოქვეყნებამდე;

2.2 დათარიღებული და ხელმოწერილი განცხადება ბენეფიციარის პირადის საქმის მოთხოვნის შესახებ. ამ პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს თანამშრომელზე;

2.3 ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება ბენეფიციარის პირადი საქმის ასლის სხვა ორგანიზაციაზე გაცემის შესახებ და მიღებული წერილობითი თანხმობა, სანამ მოხდებოდა ამბულატორიული ბარათის ასლის გაზიარება სხვა ორგანიზაციისთვის.

მუხლი 4. ძალადობისგან დაცვა

მოსალოდნელი შედეგი:

ბენეფიციარზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დროულად არის გამოვლენილი და მოხდა სათანადო რეაგირება.

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

1. იცნობდეს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებითა და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

2. საჭიროების შემთხვევებში, უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება ბენეფიციართა ფსიქოსოციალური დახმარების მიზნით.

მუხლი 5. მომსახურებისას რეაბილიტაცია/აბილიტაციის ძირითადი პრინციპების გამოყენება და ინდივიდუალური მიდგომა

მოსალოდნელი შედეგი:

ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური, ფუნქციური პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება და ამ გზით ზოგადი ჯანმრთელობის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და სოციალური ინკლუზიის პროცესის ხელშეწყობა.

1. ბენეფიციარი და მისი კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი იღებს ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამის მომსახურებას რეაბილიტაციის ცენტრის, მრავალპროფილური ჰოსპიტლის ან პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების რეაბილიტაციის დეპარტამენტის პირობებში, განსაკუთრებულ შემთხვევებში და რეაბილიტაცია/აბილიტაციის გუნდისა და ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე კი ასევე ბავშვისა და ოჯახისთვის ბუნებრივ გარემოში ან დისტანციურად. ბავშვის განვითარების, რეაბილიტაცია/აბილიტაციის ხელშეწყობა ხდება მისი ოჯახურ აქტივობებში ჩართულობით, კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობით.

2. კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი მოტივირებულია და ჩართულია ბავშვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

1. ბავშვისა და ოჯახის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების შეფასება განახორციელოს მომსახურებაში ჩართვიდან მაქსიმუმ 10 ვიზიტის განმავლობაში.

შეფასების ინსტრუმენტები:

ბავშვის ძლიერი მხარეების, შესაძლებლობებისა და საჭიროებების შეფასება ხორციელდება საერთაშორისოდ აღიარებული შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით.

2. შეიმუშაოს ბავშვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის ინდივიდუალური გეგმა შეფასების დასრულებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში. პერიოდულად, შეთანხმებული განრიგის შესაბამისად  6 თვეში ერთხელ, ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელთან/მინდობით აღმზრდელთან ერთად გადასინჯოს ბავშვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის ინდივიდუალური გეგმა. ამასთან, თუ ამის საჭიროებას ხედავს ოჯახი, რეაბილიტაცია/აბილიტაციის გუნდი ან გუნდის რომელიმე წევრი, გეგმა შეიძლება გადახედილ იქნეს ნებისმიერ დროს. ბავშვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის ინდივიდუალური გეგმა ხელმოწერილია კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის მიერ და მასში წარმოდგენილია შემდეგი სახის ინფორმაცია:

2.1 ბავშვის ფუნქციური საჭიროებები;

2.2 ბავშვის ძლიერი მხარეებისა და გამოწვევების შეფასების ანგარიში;

2.3 ფორმულირებული ფუნქციური წლიური მიზანი და მოკლევადიანი მიზნები;

2.4 ჩარევის სტრატეგიების/გზების/მეთოდების ჩამონათვალი;

2.5 რეაბილიტაცია/აბილიტაციის პირობითი კურსის ფარგლებში მიღწეული შედეგების შეჯამება;

2.6 ბავშვისთვის გასაწევი მომსახურების სახეობა და განრიგი.

3. საჭიროების შემთხვევაში ხელი შეუწყოს ბენეფიციარის რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამიდან სხვა მომსახურებაში ტრანზიციის პროცესს.

მუხლი 6. უკუკავშირისა და გასაჩივრების პროცედურები

მოსალოდნელი შედეგი:

ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი ინფორმირებულია უკუკავშირისა და გასაჩივრების პროცედურების შესახებ. მას შეუძლია გამოხატოს საკუთარი შეხედულება მომსახურების შინაარსთან ან ხარისხთან დაკავშირებით.

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელთან/მინდობით აღმზრდელთან გაფორმებულ ხელშეკრულებასა და შინაგანწესში გაწერილი ჰქონდეს უკუკავშირისა და გასაჩივრების პროცედურები, რომლებსაც აცნობს კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, რაც დასტურდება ხელშეკრულებაზე ხელმოწერით.

მუხლი 7. მოთხოვნები მომსახურების მიწოდების პროცესში ჩართული პერსონალის მიმართ მოსალოდნელი შედეგი:

მომსახურების მიმღებთა ინდივიდუალური საჭიროებები დაკმაყოფილებულია. მომსახურებასა და საჭირო კონსულტაციებს განახორციელებენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები.

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

1. დასაქმებული ჰყავდეს თანამშრომლები: ა) ექიმი; ბ) ფიზიკური თერაპევტი; გ) ოკუპაციური თერაპევტი; დ) მეტყველების თერაპევტი; ე) ფსიქოლოგი, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ მოცემულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რაც დასტურდება მათ პირად საქმეებში არსებული დოკუმენტაციით.

2. დამატებით, ორგანიზაციას შეიძლება ჰყავდეთ: ექთანი, განვითარების პედიატრი, სპეციალური მასწავლებელი, სოციალური მუშაკი და სხვა ნებისმიერი სპეციალისტი, მათ შორის რეაბილიტაცია/აბილიტაციასთან დაკავშირებული სხვა თერაპევტები, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი კურსი და ფლობენ ამის დამადასტურებელ დიპლომს ან სერტიფიკატს.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ ყველა სპეციალისტს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლების დიპლომი (გარდა ექთნისა).

4. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული თანამშრომლების პირად საქმეში უნდა ინახებოდეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომი, სერტიფიკატი); ასევე, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და ცნობა ნასამართლეობის შესახებ, რომელიც გაახლდება 3 წელიწადში ერთხელ.

5. თანამშრომლების პირადი საქმეები ინახება მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში.

მუხლი 8. მომსახურების ძირითადი პაკეტი და დამატებითი მომსახურებები

მოსალოდნელი შედეგი:

სარეაბილიტაციო/სააბილიტაციო ღონისძიებათა განხორციელების მეშვეობით უზრუნველყოფილია სათანადო ხელშეწყობა ბენეფიციართა ზოგადი ჯანმრთელობის, ფუნქციური პოტენციალის მაქსიმალური რეალიზების, განათლების, ცხოვრების ხარისხის ამაღლების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარი და ღირსეული მონაწილეობისთვის.

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

1.განახორციელოს მომსახურების ძირითადი პაკეტით გათვალისწინებული ყველა ან ცალკეულ თერაპიულ ინტერვენციათა ღონისძიებები ბავშვის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით. ამავე დროს, არცერთი ცალკეული თერაპიული ინტერვენცია ან მათი რაიმე სახის ერთობლიობა/კომბინირება არ ატარებდეს სავალდებულო ხასიათს.

ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურება მოიცავს შემდეგ ღონისძიებებსა და ინტერვენციებს:

1.1 ექიმის (ნევროლოგის ან სხვა შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის) მომსახურებას(შეფასება/მართვა), რომელიც:

ა) ახდენს სამედიცინო გასინჯვას, აფასებს და მკურნალობს პაციენტს;

ბ) აწარმოებს სამედიცინო დოკუმენტაციას;

გ) კოორდინაციას უწევს გუნდურ მუშაობას.

1.2 ფიზიკურ თერაპიას (შეფასება/მართვა):

ა) ფიზიკური თერაპევტი მართავს ფიზიკურ დისფუნქციას თერაპიული ვარჯიშების, კუნთთა ტრენინგისა და დამხმარე საშუალებების გამოყენებით – ფუნქციის ოპტიმიზაციის, განვითარების, მობილურობის, სტაბილურობის, დამოუკიდებლობისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობისთვის;

ბ) ფიზიკური თერაპიის პროგრამის უპირველესი მიზანია დაზიანების შედეგების მინიმიზაცია და ფუნქციის ოპტიმიზაცია;

გ) ფიზიკური თერაპევტი აძლევს მშობლებს რჩევებს ფუნქციურ მობილობასთან დაკავშირებულ დამხმარე საშუალებებთან მიმართებით.

1.3 ოკუპაციურ თერაპიას (შეფასება/ მართვა):

ა) საკუთარი თავის მოვლის, შრომა/პროდუქტიული აქტივობების და თამაში/დასვენების აქტივობების თერაპიულ გამოყენებას დამოუკიდებელი ფუნქციის გაძლიერების, განვითარებისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის;

ბ) ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ნეიროგანვითარებითი დარღვევების გამომწვევ სხვა მდგომარეობათა შეფასებას და მართვას სელექტიური აქტივობების მეშვეობით – ყოველდღიურ ცხოვრებაში ეფექტური ფუნქციონირებისთვის;

გ) ოკუპაციური თერაპევტი ეხმარება ბავშვს იმ ფიზიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რომლებიც მას ესაჭიროება ფუნქციონირებისა და დამოუკიდებლობისთვის;

დ) ნეიროგანვითარებითი დარღვევების მართვაში ოკუპაციური თერაპევტი ასევე ფოკუსირებას ახდენს ხელის ფუნქციაზე და საკუთარი თავის მოვლის უნარ-ჩვევებზე;

ე) კვება და ყლაპვის ფუნქცია ასევე შეიძლება იყოს თერაპიის საგანი;

ვ) ოკუპაციურ თერაპევტს აქვს ცოდნა და გამოცდილება დამხმარე საშუალებების სფეროში, რომლებიც ბავშვებს შეიძლება გამოადგეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, საბავშვო ბაღში, სკოლაში და ზოგადად მობილურობისთვის.

1.4 მეტყველების და ენის თერაპიას (შეფასება/ მართვა):

მეტყველების, ენის, სოციალური კომუნიკაციის, კოგნიტურ-კომუნიკაციური და ყლაპვის, ხმის დარღვევების პრევენცია, შეფასება, დიაგნოსტიკა და მკურნალობა/მართვა.

დამატებით, მეტყველების და ენის თერაპევტი ასევე:

ა) მონაწილეობს სმენის მკვეთრი დაქვეითების მქონე ბავშვების რეაბილიტაციაში;

ბ) უზრუნველყოფს ფართო სპექტრს ალტერნატიული საკომუნიკაციო სისტემებისა ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ ექსპრესიული და რეცეპტიული მეტყველების მძიმე ნევროლოგიური დარღვევები.

1.5 ფსიქოლოგიურ დახმარებას (შეფასება/მართვა):

1.5.1 ფსიქოლოგი მუშაობს ნეიროგანვითარებითი დარღვევების მქონე ბავშვთან და მისი მდგომარეობის მართვის ტრანსდისციპლინური გუნდის სხვა წევრებთან ერთად და ხელს უწყობს ბავშვის უნიკალური ძლიერი მხარეებისა და შესაძლებლობების გამოვლენას.

1.5.2. ეხმარება ბავშვსა და ოჯახს შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული სიძნელეების დაძლევაში, სამუშაო მიზნების/ სტრატეგიის შესაბამისად.

1.5.3 ფსიქოლოგი მუშაობს ბავშვის ოჯახთან და აძლევს რჩევებს:

ა) ბავშვის პოზიტიური ქცევისა და სოციალურ-ემოციური უნარ-ჩვევების წახალისების თაობაზე;

ბ) უზრუნველყოფს ტრენინგს მშობლებისთვის;

გ) ეხმარება მშობლებს, ბავშვის წინასასკოლო თუ სასკოლო განათლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას.

1.6 დამატებითი მომსახურებები: ა) ქცევითი თერაპია; ბ) სპეციალური მასწავლებლის მომსახურება; გ) აქვათერაპია; დ) ხელოვნებითი თერაპია და სხვ.

მუხლი 9. გუნდური მუშაობა

მოსალოდნელი შედეგი:

მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებულობას.

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

1. პროგრამის ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს გუნდური შეხვედრები ორგანიზაციის შიდა შეთანხმებით დათქმულ ვადებში.

2. უზრუნველყოს სპეციალისტებთან გუნდური შეხვედრების ორგანიზება შემთხვევების განხილვის, უკუკავშირის, პროფესიული ზრდის და სერვისსშიდა ტრენირების მიზნით.

3. რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა მკვეთრად ინდივიდუალურია ყველა ბენეფიციარისთვის და დამოკიდებულია დაზიანებაზე, დარღვევაზე, ფუნქციის მოშლაზე ან დაავადებაზე და რეაბილიტაცია/აბილიტაციის ახლო და შორეულ მიზნებზე.

მულტი/ინტერ/ტრანსდისციპლინური გუნდური მიდგომა სარეაბილიტაციო მკურნალობის საფუძველია.

4. მიდგომის გუნდურობა გულისხმობს ბევრი სხვადასხვა დისციპლინის ერთად მუშაობას და ჰოლისტურ მიდგომას საერთო მიზნის მისაღწევად.

5. რეაბილიტაცია/აბილიტაციის გუნდს ხელმძღვანელობს ექიმი.

გუნდის შემადგენლობა დამოკიდებულია ბევრ სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბენეფიციარის ინდივიდუალურ საჭიროებებს:

ა) ბენეფიციარი და ოჯახი – მონაწილეობს რეაბილიტაცია/აბილიტაციის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებასა და განხორციელების პროცესში;

ბ) ექიმი – აფასებს და მკურნალობს ბენეფიციარს;

გ) ფიზიკური თერაპევტი – ეხმარება ბენეფიციარს მოძრაობასთან დაკავშირებული ფუნქციის, კუნთის ძალის აღდგენასა და ოპტიმიზაციაში თერაპიული ვარჯიშების მეშვეობით;

დ) ოკუპაციური თერაპევტი – ეხმარება პაციენტს ისეთ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ აქტივობებთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევასა და ფუნქციის აღდგენაში, როგორებიცაა, მუშაობა, სკოლა, ოჯახი, თემი, დასვენება-გართობასთან დაკავშირებული აქტივობები;

ე) მეტყველებისა და ენის თერაპევტი – ეხმარება პაციენტს შემეცნებასთან, კომუნიკაციასთან, კვებასთან (საკვების დამუშავება და ყლაპვა) დაკავშირებული ფუნქციების აღდგენასა და ოპტიმიზაციაში;

ვ) ფსიქოლოგი – ახდენს კოგნიტური ფუნქციების შეფასებას და ეხმარება პაციენტსა და ოჯახს შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში;

ზ) გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალისტებისა, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, რეაბილიტაცია/აბილიტაციის გუნდის წევრი ასევე შეიძლება იყოს: ექთანი, სოციალური მუშაკი, სპეციალური მასწავლებელი, რეკრიაციული თერაპევტი, ხელოვნებით თერაპევტი, ნუტრიციონისტი, ორთეზისტი/პროთეზისტი, პროფესიული თერაპევტი და სხვ.

6. რეაბილიტაცია/აბილიტაციის გუნდის შეხვედრა

რეაბილიტაცია/აბილიტაციის გუნდის შეხვედრა, რომელიც, ბენეფიციარისა და ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, შეიძლება იმართებოდეს სხვადასხვა სიხშირით, მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) სარეაბილიტაციო/სააბილიტაციო გეგმა;

ბ) მდგომარეობის დინამიკა;

გ) მოკლე და გრძელვადიანი მიზნები;

დ) რეაბილიტაცია/აბილიტაციის ხანგრძლივობა;

ე) ბენეფიციარისა და ოჯახის საგანმანათლებლო საჭიროებები;

ვ) რეაბილიტაცია/ აბილიტაციის დასრულების დაგეგმვა.

გუნდის შეხვედრებმა უნდა უზრუნველყოს კომუნიკაციის გაუმჯობესება პროფესიონალებს, ბენეფიციარსა და ოჯახს შორის, გააადვილოს სარეაბილიტაციო/სააბილიტაციო ღონისძიებათა დაგეგმვის პროცესი.

მუხლი 10. სპეციალისტებისა და ბენეფიციართა თანაფარდობა

მოსალოდნელი შედეგი:

ბენეფიციართა რაოდენობა ერთი საშტატო თანამშრომლისთვის ოპტიმალურია, იძლევა ხარისხიანი მომსახურების მიწოდების საშუალებას, იცავს ბენეფიციარს და თანამშრომელს სამუშაო სტრესისა და გადაღლისგან.

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

დაიცვას ბენეფიციართა და სპეციალისტთა (გარდა ადმინისტრაციის თანამშრომლებისა) თანაფარდობა, სპეციალისტთა საათობრივი დატვირთვის შესაბამისობა საქართველოს შრომის კოდექსთან.

მუხლი 11. მომსახურების შეწყვეტა/მომსახურებაზე უარი

მოსალოდნელი შედეგი:

ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობითი აღმზრდელი ინფორმირებულია მომსახურების შეწყვეტის/მომსახურებაზე უარის თქმის საკითხების შესახებ, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.

მომსახურების მიმწოდებელი მომსახურებას წყვეტს/მომსახურებაზე უარს ამბობს მისი საჭიროების ამოწურვის შესაბამისად ან კანონერი წარმომადგენლის/მინდობითი აღმზრდელის მხრიდან წინასწარ შეთანხმებული წესების დარღვევის შემთხვევაში. მომსახურების მიწოდების შეწყვეტის/უარის საფუძველი შეიძლება იყოს შემდეგი გარემოებები:

1. არსებული მომსახურება ვერ პასუხობს ბავშვის საჭიროებებს ან ბავშვმა მიაღწია ფუნქციური პოტენციალის შესაძლებელ მაქსიმალურ რეალიზებას, რაც დადასტურებულია ბავშვის მდგომარეობის (ძლიერი მხარეებისა და გამოწვევების) შეფასების ანგარიშით და რეაბილიტაცია/აბილიტაციის გუნდის დასკვნით და ხელმოწერით.

2. კანონიერი წარმომადგენლი/მინდობით აღმზრდელი არ არის ჩართული მომსახურების განხორციელების პროცესში (ბავშვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და მონაწილეობა დასახულ ღონისძიებათა განხორციელების პროცესში).

4. მომსახურების მიმწოდებელის მიერ მომსახურების გაწევის შესაძლო ლიმიტის შევსება (მომსახურებაში აღარ არის ახალი ბენეფიციარის ჩართვის საშუალება, რადგან არსებული სპეციალისტების სამუშაო დრო სრულად არის შევსებული).

5. ბენეფიციარის მიერ სარეაბილიტაციო/სააბილიტაციო ღონისძიებათა სისტემატური არასაპატიო/დაუსაბუთებელი გაცდენა, რაც შეიძლება გახდეს საფუძველი მომსახურების მიმწოდებლისთვის მიმართოს შესაბამის სააგენტოს ბენეფიციარისთვის მომსახურების მიწოდების შეწყვეტის თაობაზე.

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

1. მომსახურების შეწყვეტის/მომსახურების მიწოდებაზე უარის შემთხვევაში, წარმოადგინოს დოკუმენტი, სადაც ასახულია შეწყვეტის/უარის მიზეზი.

2. მომსახურების შეწყვეტის/მომსახურების მიწოდებაზე უარის შემთხვევაში მოახდინოს სააგენტოს ინფორმირება.