ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლების ექსპლუატაციისა და ბაზარზე განთავსების წესების დამტკიცების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლების ექსპლუატაციისა და ბაზარზე განთავსების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 574
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2027
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023785
574
15/12/2022
ვებგვერდი, 16/12/2022
300160070.10.003.023785
ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლების ექსპლუატაციისა და ბაზარზე განთავსების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №574

2022 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლების ექსპლუატაციისა და ბაზარზე განთავსების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ნატურალური მინერალური წყლების ექსპლუატაციისა და ბაზარზე განთავსების წესები“.
მუხლი 2
ნატურალური მინერალური წყლები, რომლებიც ბაზარზე განთავსებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს 2028 წლის 1 ივნისამდე.
მუხლი 3
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №719 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი − ნატურალური მინერალური წყლების ექსპლუატაციისა და ბაზარზე განთავსების წესები

 მუხლი 1

1. „ტექნიკური რეგლამენტი − ნატურალური მინერალური წყლების ექსპლუატაციისა და ბაზარზე განთავსების წესები“ (შემდგომში − წესი) ადგენს მოთხოვნებს ნატურალური მინერალური წყლების მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ მათი მოპოვების, წარმოების, დამუშავების, დისტრიბუციისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.

2. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ ნატურალურ მინერალურ წყლებზე, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის დანართ №1-ის პირველი ნაწილით − „განმარტებით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ასევე იმპორტირებულ, ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილ, ბოთლებში ჩამოსხმულ ნატურალურ მინერალურ წყლებზე, რომლებიც ასეთად დადასტურებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმპორტირებულ ნატურალურ მინერალურ წყალს თან ახლავს ექსპლუატაციის ქვეყნის (მომპოვებელი ქვეყნის) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რითაც დადასტურებულია, რომ ნატურალური მინერალური წყალი აკმაყოფილებს ამ წესის დანართ №1-ის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მოთხოვნებს და რეგულარულად ხდება მისი შემოწმება, ამ წესის დანართ №2-ის − „ბუნებრივი მინერალური წყლის ექსპლუატაციისა და ბაზარზე განთავსების პირობების“ მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

5. ინფორმაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ, განთავსებული უნდა იქნეს სააგენტოს ვებგვერდზე. შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 (ხუთი) წელს.

6. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის განახლება ხდება დადგენილი ვადის ამოწურვამდე, ამ შემთხვევაში, არ არის აუცილებელი ამავე პუნქტით განსაზღვრული დადასტურების პროცედურების გამეორება.

7. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება:

ა) სამკურნალო მინერალურ წყლებზე;

ბ) უშუალოდ წყლის მოპოვების ადგილზე, გეოთერმულ და ჰიდრომინერალურ დაწესებულებებში სამკურნალო მიზნით გამოყენებისთვის განკუთვნილ წყლებზე;

გ) ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის ფარგლებში შემოტანილ ნატურალურ მინერალურ წყალზე.

მუხლი 2. სააგენტოს მიერ გატარებული უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა ბაზარზე განთავსებულ იქნეს მხოლოდ ის ნატურალური მინერალური წყალი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მუხლი 3. ნატურალური მინერალური წყლების საბადოების ექსპლუატაცია და ბოთლებში ჩამოსხმა უნდა განხორციელდეს ამ წესის დანართ №2-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

მუხლი 4

1. ნატურალური მინერალური წყალი, რა სახითაც იგი მოიპოვება საბადოდან, არ ექვემდებარება დამატებით დამუშავებას, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) არასტაბილური ელემენტების − რკინისა და გოგირდის ნაერთების მოცილება დეკანტაციით ან ფილტრაციით, რომელსაც შეიძლება, წინ უსწრებდეს ჟანგბადით გაჯერება (ოქსიგენიზაცია), იმ პირობით, რომ ამგვარი დამუშავება არ გამოიწვევს წყლის შემადგენლობის ცვლილებას, კერძოდ, იმ ძირითადი კომპონენტების ცვლილებას, რომლებიც მას აძლევს დამახასიათებელ თვისებებს;

ბ) ნატურალური მინერალური წყლებიდან რკინის, მანგანუმის, გოგირდისა და დარიშხანის ნაერთების მოცილება ოზონით გამდიდრებული ჰაერით, იმ პირობით, რომ ამგვარი დამუშავება არ გამოიწვევს წყლის შემადგენლობის ცვლილებას, კერძოდ, იმ ძირითადი კომპონენტების ცვლილებას, რომლებიც მას აძლევს დამახასიათებელ თვისებებს, ასევე:

ბ.ა) დამუშავება შეესაბამება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ.ბ) სააგენტოს აქვს ინფორმაცია დამუშავების მეთოდების შესახებ და მასზე ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს;

გ) გარდა ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არასასურველი კომპონენტების მოცილებისა, დასაშვებია დამუშავების სხვა მეთოდების გამოყენება, იმ პირობით, რომ:

გ.ა) ამგვარი დამუშავება არ გამოიწვევს წყლის შემადგენლობის ცვლილებას, კერძოდ, იმ ძირითადი კომპონენტების ცვლილებას, რომლებიც მას აძლევს დამახასიათებელ თვისებებს;

გ.ბ) სააგენტოს აქვს ინფორმაცია დამუშავების მეთოდების შესახებ და მასზე ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს;

დ) თავისუფალი ნახშირორჟანგის სრული ან ნაწილობრივი მოცილება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ფიზიკური მეთოდების გამოყენებით;

ე) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ უნდა იყოს შემაფერხებელი გამაგრილებელი/უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში ნატურალური მინერალური წყლებისა და წყაროს წყლების გამოყენებისათვის.

 2. დაუშვებელია, საბადოდან მოპოვებულ ნატურალურ მინერალურ წყალს დაემატოს ნებისმიერი სხვა დანამატი, გარდა ნახშირორჟანგისა ან ნახშირორჟანგის განმეორებით დამატებისა, ამ წესის დანართ №1-ის მე-3 ნაწილით − „გაზირებულ ნატურალურ მინერალურ წყლებთან დაკავშირებული დამატებითი განმარტებებით/კვალიფიკაციებით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

3. დაუშვებელია, გაუსნებოვნების მიზნით, ნატურალური მინერალური წყლის სხვადასხვა საშუალებით ნებისმიერი დამუშავება და, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ბაქტერიოსტატიკური ელემენტების ან სხვა საშუალებების გამოყენება, რომლებმაც შეიძლება, გამოიწვიოს ნატურალურ მინერალურ წყალში სიცოცხლისუნარიანი კოლონიების რაოდენობის ცვლილება.

მუხლი 5

1. ნატურალური მინერალური წყლის საბადოში სიცოცხლისუნარიანი კოლონიების საერთო რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ნორმალურ რაოდენობას და უნდა იძლეოდეს სარწმუნო ინფორმაციას საბადოს ნებისმიერი დაბინძურებისაგან დაცვის შესახებ. აღნიშნული კოლონიების საერთო რაოდენობა განისაზღვრება ამ წესის დანართ №1-ის მე-2 ნაწილის − „მოთხოვნები და კრიტერიუმები განმარტების გამოყენებისათვის“ მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

2. ბოთლებში, საბადოდან ჩამოსხმის შემდეგ, კოლონიების საერთო რაოდენობა (კოლონიაწარმომქმნელი ერთეული − კწე) ყოველ მილილიტრ წყალში, აგარ-აგარზე ან აგარ-ჟელატინის ნარევზე 20-დან 22°C ტემპერატურაზე 72 საათის განმავლობაში კულტივირებისას არ უნდა აღემატებოდეს 100-ს, ხოლო 37°C ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში აგარ-აგარზე კულტივირებისას − 20-ს.

3. კოლონიების საერთო რაოდენობის (კოლონიაწარმომქმნელი ერთეული − კწე) განსაზღვრა ხდება ბოთლებში ჩამოსხმიდან 12 საათის განმავლობაში. ამ პერიოდში წყლის შენახვა/დაყოვნება უნდა მოხდეს 4°C ± 1°C ტემპერატურაზე.

4. საბადოში მიკრობთა კოლონიების საერთო რაოდენობა (კოლონიაწარმომქმნელი ერთეული − კწე) ყოველ ერთ მილილიტრში 20-დან 22°C ტემპერატურაზე 72 საათის განმავლობაში კულტივირებისას არ უნდა აღემატებოდეს 20-ს, ხოლო 37°C ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში კულტივირებისას არ უნდა აღემატებოდეს 5-ს. აღნიშნული მაჩვენებელი განხილული უნდა იქნეს, როგორც საორიენტაციო/სახელმძღვანელო მაჩვენებელი და არა როგორც მაქსიმალურად დაშვებული კონცენტრაცია.

5. საბადოში და ბაზარზე განთავსების ეტაპზე ნატურალურ მინერალურ წყალში არ უნდა იყოს:

ა) პათოგენური მიკროორგანიზმები და პარაზიტები;

ბ) Escherichia coli, სხვა კოლიფორმები და ფეკალური სტრეპტოკოკები, ნებისმიერ 250 მლ საკვლევ ნიმუშში;

გ) სპოროვანი სულფიტმარედუცირებელი ანაერობები, ნებისმიერ 50 მლ საკვლევ ნიმუშში;

დ) Pseudomonas aeruginosa, ნებისმიერ 250 მლ საკვლევ ნიმუშში.

6. ამ მუხლის პირველი, მე-2 − მე-5 პუნქტებითა და ამ წესის დანართ №2-ით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ბაზარზე განთავსების ეტაპზე:

ა) ნატურალურ მინერალურ წყალში სიცოცხლისუნარიანი კოლონიების საერთო რაოდენობა შეიძლება, იყოს მხოლოდ საბადოში არსებული ბაქტერიების ნორმალური ზრდა-განვითარების შედეგი;

ბ) ნატურალურ მინერალურ წყალს არ უნდა ჰქონდეს არანაირი ორგანოლეპტიკური დეფექტი.

მუხლი 6. ნებისმიერ ჭურჭელს/კონტეინერს, რომელიც გამოიყენება ნატურალური მინერალური წყლის ჩამოსასხმელად, უნდა ჰქონდეს ისეთი სახურავი/საცობი, რომელიც დაიცავს მას ფალსიფიკაციისა და დაბინძურებისაგან.

 მუხლი 7

1. ნატურალური მინერალური წყალი, რომელიც განკუთვნილია რეალიზაციისათვის, ეტიკეტირებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

 2. ნატურალური მინერალური წყლის სავაჭრო დასახელებებია:

 ა) „ნატურალური მინერალური წყალი“;

ბ) „ნახშირორჟანგით ბუნებრივად გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი“ ან „ნახშირორჟანგით ბუნებრივად კარბონიზებული ნატურალური მინერალური წყალი“;

გ) „წყაროს (საბადოს) ნახშირორჟანგით გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი“ ან „წყაროს (საბადოს) ნახშირორჟანგით კარბონიზებული ნატურალური მინერალური წყალი“.

3. თუ ნატურალური მინერალურ წყალი დაექვემდებარა ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დამუშავებას, სავაჭრო დასახელებაში აღნიშნული უნდა იქნეს: „სრულად დეგაზირებული ნატურალური მინერალური წყალი“ (იგივეა, რაც „სრულად დეკარბონიზებული ნატურალური მინერალური წყალი“) ან „ნაწილობრივ დეგაზირებული ნატურალური მინერალური წყალი“ (იგივეა, რაც „ნაწილობრივ დეკარბონიზებული ნატურალური მინერალური წყალი“).

 4. გარდა ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებისა, სავალდებულოა, ნატურალური მინერალური წყლის ეტიკეტზე განთავსებულ იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) განაცხადი ნატურალური მინერალური წყლის ანალიზური შემადგენლობის შესახებ, რომელიც იძლევა მისი შემადგენელი სპეციფიკური კომპონენტების მახასიათებლებს − დასახელებასა და რაოდენობას;

ბ) წყაროს ექსპლუატაციის ადგილი და წყაროს დასახელება;

გ) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დამუშავების ნებისმიერი მეთოდის გამოყენების შესახებ.

მუხლი 8

 1. სავაჭრო დასახელება შეიძლება, მოიცავდეს ადგილის, ქალაქის, სოფლის ან მუნიციპალიტეტის დასახელებას, იმ პირობით, რომ უშუალოდ ამ ადგილზე მდებარეობს და ამ ადგილზევე ხდება იმ წყაროს ექსპლუატაცია, საიდანაც მოიპოვება ნატურალური მინერალური წყალი და ასევე ამ ინფორმაციას მომხმარებელი არ შეჰყავს შეცდომაში წყაროს ექსპლუატაციის ადგილთან მიმართებით.

 2. დაუშვებელია ერთი წყაროდან (საბადოდან) მოპოვებული ნატურალური მინერალური წყლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ერთზე მეტი სავაჭრო დასახელებით.

 3. თუ ეტიკეტი ან წარწერა ჭურჭელზე/კონტეინერზე, რომლითაც ხდება ნატურალური მინერალური წყლის რეალიზაცია, მოიცავს სავაჭრო დასახელებას, რომელიც განსხვავდება წყაროს დასახელების ან ექსპლუატაციის ადგილისაგან, ამ შემთხვევაში, წყაროს დასახელება და ექსპლუატაციის ადგილი მითითებული უნდა იქნეს შრიფტით, რომლის ზომა, ასოების სიმაღლე და სიგანე, სულ მცირე, ერთნახევარჯერ აღემატება სავაჭრო დასახელების აღმნიშვნელი ასოების სიმაღლესა და სიგანეს.

 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები „mutatis mutandis“ (შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით) გამოყენებული უნდა იქნეს ნატურალური მინერალური წყლის სავაჭრო დასახელების, წყაროს დასახელებისა და მისი ექსპლუატაციის ადგილის ნებისმიერი ფორმით რეკლამირებისას.

 მუხლი 9

 1. დაუშვებელია შეფუთვაზე ან ეტიკეტზე, ასევე ნებისმიერი ფორმით რეკლამირებისას ისეთი სავაჭრო დასახელების, ბრენდის დასახელების, გამოსახულების ან სხვა აღნიშვნების სიმბოლურად ან სხვა სახით გამოყენება, რომლებიც:

ა) ნატურალური მინერალური წყლის შემთხვევაში, მიუთითებს მის ისეთ თვისებებზე, რომელიც მას სინამდვილეში არ ახასიათებს, კერძოდ, მისი წარმოშობის, ექსპლუატაციის დადასტურების თარიღის, ანალიზის შედეგების ან სხვა მსგავსი აღნიშვნები, რაც მიუთითებს ავთენტიკურობის სარწმუნოობაზე;

ბ) სასმელ წყალთან დაკავშირებით, რომელიც ჩამოსხმულია ჭურჭელში/კონტეინერში, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ წესის დანართ №1-ის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიძლება, გამოიწვიოს აღრევა ნატურალურ მინერალურ წყალთან მიმართებით მინიშნების − „მინერალური წყლის“ მითითებით.

2. ნებისმიერი აღნიშვნა, ნატურალური მინერალური წყლის ადამიანის დაავადების პრევენციის, სამკურნალო ან პროფილაქტიკური თვისებების შესახებ დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

3. დასაშვებია ამ წესის დანართ №3-ით − „აღნიშვნებითა და კრიტერიუმებით“ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და აღნიშვნების გამოყენება, თუ ნატურალური მინერალური წყალი აკმაყოფილებს ამავე დანართით განსაზღვრულ მოთხოვნებს და მონაცემები დადასტურებულია ამავე წესის დანართ №1-ის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკურ-ქიმიური ანალიზების, საჭიროების შემთხვევაში, ფარმაკოლოგიური, ფიზიოლოგიური და კლინიკური კვლევებით და რომლებიც ჩატარებულია აღიარებული სამეცნიერო მეთოდებით.

4. დასაშვებია აღნიშვნების − „ახდენს საჭმლის მონელების სტიმულაციას“, „შეიძლება, ხელი შეუწყოს ჰეპატობილიალურ ფუნქციას“ ან მსგავსი აღნიშვნების გამოყენება, ასევე სხვა აღნიშვნების გამოყენება, იმ პირობით, რომ ისინი აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასაშვებია დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრა ნატურალური მინერალური წყლის ბავშვთა კვებაში გამოყენებასთან დაკავშირებით შეფუთვაზე, ეტიკეტზე ან რეკლამაში აღნიშვნების განთავსებისათვის, ასევე დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრა ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი ნატურალური მინერალური წყლის იმ თვისებებთან დაკავშირებით, რაც განაპირობებს მათ ამგვარ გამოყენებას. ამასთანავე, ნატურალური მინერალური წლის ბავშვთა კვებაში გამოყენება დასაშვებია სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

6. ტერმინი − „წყაროს წყალი“ გამოიყენება მხოლოდ იმ წყლისათვის, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მოხმარებისათვის ბუნებრივ მდგომარეობაში, ჩამოსხმულია უშუალოდ საბადოდან და:

ა) აკმაყოფილებს ამ წესის დანართ №2-ის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ექსპლუატაციის პირობებს და სრულად ვრცელდება წყაროს წყლებზე;

ბ) აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მიკრობიოლოგიურ მოთხოვნებს;

გ) ეტიკეტირებასთან დაკავშირებით აკმაყოფილებს ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-8 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

დ) არ დაექვემდებარა არანაირ დამუშავებას, გარდა ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული დამუშავების მეთოდებისა.

7. „წყაროს წყალი“ უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ განსაზღვრულ მოთხოვნებს.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დამუშავების მეთოდებთან დაკავშირებით დასაშვებია წყაროს წყლის დამუშავებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრა.

 მუხლი 10. გატარებული უნდა იქნეს სათანადო ზომები, რათა ნატურალური მინერალური წყლებით ვაჭრობა, მათ თვისებებთან, შემადგენლობასთან, ექსპლუატაციის პირობებთან, ჩამოსხმასთან/ შეფუთვასთან, ეტიკეტირებასა და რეკლამასთან დაკავშირებით აკმაყოფილებდეს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 მუხლი 11

 1. თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნატურალური მინერალური წყალი არ აკმაყოფილებს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის წარმოქმნის რისკს, დროებით უნდა შეიზღუდოს ან შეჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე ამ პროდუქტით ვაჭრობა.

 2. ქვეყანამ, რომელშიც მოხდა ნატურალური მინერალური წყლის დადასტურება, მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყონებლივ, ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ინფორმაცია მის მიერ დადასტურებული ნატურალური მინერალური წყლის დადასტურებისა და ასევე რეგულარული შემოწმების შედეგების შესახებ.

 3. საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ ნატურალურ მინერალურ წყლებს, ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო ანიჭებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კატეგორიას.

დანართი №1

ნაწილი 1. განმარტება

1. ნატურალური მინერალური წყალი − მიწისქვეშა წარმოშობის გამო, დაბინძურების რისკებისგან ბუნებრივად დაცული, მიკრობიოლოგიურად კეთილსაიმედო წყალი, რომლის მოპოვება/ჩამოსხმა ხდება მიწისქვეშა წყლის ერთი საბადოს ერთი ან რამდენიმე ბუნებრივი წყაროდან ან ჭაბურღილიდან, რომელიც ჩვეულებრივი სასმელი წყლისგან განსხვავდება:

ა) ბუნებრივი შემადგენლობით და ხასიათდება მინერალების, კვალის სახით ელემენტების ან სხვა კომპონენტების შემცველობით და, ზოგიერთ შემთხვევაში, განსაზღვრული მოქმედებით/ეფექტიანობით;

ბ) ბუნებრივი, თავდაპირველი სისუფთავით.

2. ამ დანართის პირველი ნაწილის პირველი პუნქტით განსაზღვრული მახასიათებლები, რომლებმაც შეიძლება, განსაზღვროს ნატურალური მინერალური წყლის ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებები, შეფასებული უნდა იქნეს:

 ა) შემდეგი კვლევების საფუძველზე:

 ა.ა) გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური;

 ა.ბ) ფიზიკური, ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური;

 ა.გ) მიკრობიოლოგიური;

 ა.დ) აუცილებლობის შემთხვევაში, ფარმაკოლოგიური, ფიზიოლოგიური და კლინიკური;

 ბ) ამ დანართის მე-2 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით;

 გ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადასტურებული მეთოდებით.

 3. ამ დანართის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეფასება უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ, როგორც საბადოში, ისე ჩამოსხმის შემდეგ, წყალში მშრალი ნივთიერების შემცველობა 1000 მგ-ია ან თავისუფალი ნახშირორჟანგის შემცველობა არანაკლებ 250 მგ-ს შეადგენს.

 4. ნატურალური მინერალური წყლის შემადგენლობა, ტემპერატურა და სხვა არსებითი მახასიათებლები უნდა იყოს სტაბილური ბუნებრივი ცვალებადობის ფარგლებში. კერძოდ, მათზე გავლენას არ უნდა ახდენდეს დინების სიჩქარის შესაძლო ცვლილებები.

 5. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნატურალურ მინერალურ წყალში სიცოცხლისუნარიანი კოლონიების ნორმალური რაოდენობა აღნიშნავს ნებისმიერი მეთოდით დამუშავებამდე საბადოში კოლონიების მუდმივ რაოდენობას, რომლის რაოდენობრივი და თვისებრივი შემადგენლობა, რომელიც გათვალისწინებულია ამ წყლის დადასტურებისას, პერიოდული ანალიზებით უნდა იქნეს შემოწმებული.

ნაწილი 2. მოთხოვნები და კრიტერიუმები განმარტების გამოყენებისათვის

1. ამ დანართის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჰიდროგეოლოგიური და გეოლოგიური შეფასება მოიცავს შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:

ა) წყალშემკრების ზუსტი ადგილმდებარეობა, მისი ალტიტუდის (სიმაღლე ზღვის დონიდან) მითითებით, რუკაზე არაუმეტეს 1:1 000 მასშტაბით;

ბ) დეტალური გეოლოგიური დასკვნა ამგები ქანების შესახებ;

გ) რაიონის მოკლე გეოლოგიურ-ჰიდროგეოლოგიური დახასიათება (სტრატიგრაფიული, ტექტონიკური და ჰიდროგეოლოგიური აღწერილობა);

დ) წყალშემკრები ჰორიზონტების აღწერა;

ე) ტერიტორიის დემარკაცია ან წყაროს დაბინძურებისგან დამცავი სხვა ღონისძიებების შესახებ მონაცემები.

2. ამ დანართის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური, ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური კვლევებისათვის მოთხოვნები მოიცავს შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:

ა) დებიტი;

ბ) საბადოს წყლის ტემპერატურა და გარემოს ტემპერატურა;

გ) რეგიონის/რაიონის და საბადოს ზოგადი ჰიდროგეოქიმიური დახასიათება და მათი ურთიერთკავშირი;

დ) მშრალი ნაშთი (ნარჩენი) 180°С და 260°С ტემპერატურაზე;

ე) ელექტროგამტარობა ან კუთრი წინაღობა, გაზომვის ტემპერატურის მითითებით;

 ვ) წყალბად-იონთა კონცენტრაცია (pH);

 ზ) ანიონები და კატიონები;

 თ) არაიონიზირებული ელემენტები;

 ი) ელემენტები კვალის სახით;

 კ) საბადოს რადიოაქტიონოლოგიური (სინათლის ზემოქმედება ქიმიურ ნივთიერებებზე) თვისებები;

 ლ) საჭიროების მიხედვით, წყლის შემადგენელი ელემენტების − ჟანგბადის იზოტოპებისა (16O − 18O) და წყალბადის იზოტოპების (1H − პროტიუმის, 2H − დეიტერიუმისა და 3H − ტრიტიუმის) რაოდენობის შესახებ;

მ) წყლის შემადგენელი ზოგიერთი ელემენტის ტოქსიკურობა, მათთვის დადგენილი დასაშვები ზღვრების მითითებით.

3. ამ დანართის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საბადოს მიკრობიოლოგიური შეფასება მოიცავს შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:

ა) პარაზიტებისა და პათოგენური მიკროორგანიზმების არარსებობის დადასტურება;

ბ) ფეკალური დაბინძურების მაჩვენებელი სიცოცხლისუნარიანი კოლონიების რაოდენობა, მათ შორის:

ბ.ა) Escherichia coli-ის და სხვა ნაწლავის ჩხირების არარსებობა 250 მლ-ში 37°С და 44,5°С ტემპერატურაზე;

ბ.ბ) ფეკალური სტრეპტოკოკების არარსებობა 250 მლ-ში;

ბ.გ) სულფიტმარედუცირებელი სპორაწარმომქმნელი ანაერობების არარსებობა 50 მლ-ში;

ბ.დ) Pseudomonas aeruginosa-ის არარსებობა 250 მლ-ში;

გ) ყოველ მილილიტრ წყალში სიცოცხლისუნარიანი კოლონიების საერთო რაოდენობა:

გ.ა) 20°С-დან 22°С-მდე ტემპერატურაზე, 72 საათის განმავლობაში აგარ-აგარზე ან აგარ-ჟელატინის ნარევზე;

გ.ბ) 37°С ტემპერატურაზე, 24 საათში, აგარ-აგარზე.

4. ამ დანართის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფარმაკოლოგიური და კლინიკური შეფასება მოიცავს შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:

 ა) ანალიზები, რომლებიც უნდა ჩატარდეს მეცნიერულად აღიარებული მეთოდების გამოყენებით, უნდა შეესაბამებოდეს ნატურალური მინერალური წყლების სპეციფიკურ მახასიათებლებს და მათ ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე. მაგალითად, დიურეზი, კუჭ-ნაწლავის ფუნქცია, მინერალების უკმარისობის კომპენსაცია;

 ბ) თუ აუცილებელია მნიშვნელოვანი რაოდენობის კლინიკური დაკვირვებების თანმიმდევრობისა და შესაბამისობის დადგენა, ეს შესაძლებელია, განხორციელდეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ანალიზების მიხედვით. კლინიკური ანალიზი შესაძლოა, განხორციელდეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ანალიზების მიხედვით, იმ პირობით, რომ თანმიმდევრობა და მნიშვნელოვან რაოდენობაზე დაკვირვებები იძლევა იგივე შედეგების მიღების საშუალებას.

ნაწილი 3. გაზირებულ ნატურალურ მინერალურ წყლებთან დაკავშირებული დამატებითი განმარტებები/კვალიფიკაციები

საბადოზე ან ჩამოსხმის შემდეგ, ნატურალური მინერალური წყლები, ნორმალური ტემპერატურისა და წნევის პირობებში, თვითნებურად, კარგად შესამჩნევად გამოყოფს ნახშირორჟანგს. ასეთი ნატურალური მინერალური წყლები იყოფა სამ კატეგორიად, რომელთა აღნიშვნისათვის გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი დასახელებები:

 ა) ბუნებრივად გაზირებული/კარბონიზებული ნატურალური მინერალური წყალი − ნატურალური მინერალური წყალი, რომელშიც ნახშირორჟანგის შემცველობა მისი დეკანტაციისა და ჩამოსხმის შემდეგ ისეთივეა, როგორიც მისი საბადოდან მოპოვებისას. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება ნატურალური მინერალური წყალი, რომელსაც დამატებული აქვს იმავე საბადოდან მოპოვებული ნახშირორჟანგი და დამატებული ნახშირორჟანგის რაოდენობა ეკვივალენტურია ჩამოსხმის დროს ტექნიკური დაშვების ზღვრების ფარგლებში დაკარგული ნახშირორჟანგის რაოდენობისა;

 ბ) საბადოს გაზით გაზირებული/კარბონიზებული ნატურალური მინერალური წყალი − ნატურალური მინერალური წყალი, რომელიც გაზირებულია/კარბონიზებულია იმავე საბადოდან მიღებული ნახშირორჟანგით და ნახშირორჟანგის შემცველობა, დეკანტაციის შემდეგ, ჩამოსხმულ პროდუქციაში მეტია, ვიდრე საბადოდან მოპოვების დროს;

გ) გაზირებული/კარბონიზებული ნატურალური მინერალური წყალი − ნატურალური მინერალური წყალი, რომელიც ნაწილობრივ ან სრულად გაზირებულია/კარბონიზებულია სხვა საბადოდან მოპოვებული ნახშირორჟანგით.

დანართი №2

ნატურალური მინერალური წყლის ექსპლუატაციისა და ბაზარზე განთავსების პირობები

 1. ნატურალური მინერალური წყლების წყაროების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მას შემდეგ, რაც დადასტურებული იქნება, რომ ნატურალური მინერალური წყალი შეესაბამება ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 2. ნატურალური მინერალური წყლის ექსპლუატაციისთვის გამოყენებული ყველა სახის აღჭურვილობა და მოწყობილობა დამონტაჟებული უნდა იქნეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული წყლის დაბინძურება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი ბუნებრივი სტაბილურობა. ამ მიზნით:

 ა) წყარო ან ჭაბურღილი დაცული უნდა იქნეს დაბინძურების რისკებისაგან;

 ბ) წყალშემკრები, მილები და რეზერვუარები დამზადებული უნდა იქნეს სათანადო მასალისაგან და მოწყობილი უნდა იქნეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი ქიმიური ნივთიერებით დაბინძურება და წყლის ფიზიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური ცვლილება;

 გ) ექსპლუატაციის პირობები, განსაკუთრებით, სარეცხი და ჩამოსასხმელი აღჭურვილობა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ჰიგიენის მოთხოვნებს, კერძოდ, ჭურჭელი/კონტეინერები დამუშავებულ ან დამზადებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ნატურალური მინერალური წყლების მიკრობიოლოგიურ, ქიმიურ და ფიზიკურ მაჩვენებლებზე ზემოქმედება;

 დ) დაუშვებელია ნატურალური მინერალური წყლების ტრანსპორტირება ისეთი ჭურჭლით/კონტეინერებით, რომლებიც არ არის დაშვებული საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდებისათვის;

ე) წყლის საბადოსა და წყლის ჩამომსხმელ საწარმოს შორის წყლის ტრანსპორტირება უნდა ხდებოდეს მხოლოდ მათი დამაკავშირებელი მილსადენის საშუალებით.

3. თუ ექსპლუატაციის დროს დადგენილი იქნება, რომ ნატურალური მინერალური წყალი დაბინძურებულია და აღარ შეესაბამება ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებს, ექსპლუატაციის პროცესი, განსაკუთრებით, ჩამოსხმის პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს, ბიზნესოპარატორის მიერ, ვიდრე დაბინძურების მიზეზი არ იქნება აღმოფხვრილი და წყალი არ დააკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 4. ნატურალური მინერალური წყლების წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განახორციელოს პერიოდული შემოწმებები, რათა დადგენილ იქნეს, რომ:

ა) ნატურალური მინერალური წყლები, რომლის წყაროს მიმართ დაშვებულია ექსპლუატაცია, აკმაყოფილებს ამ წესის დანართ №1-ის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

 ბ) წყაროს ექსპლუატაციის (მომპოვებელი ქვეყნის) განმახორციელებელი პირის საქმიანობა აკმაყოფილებს ამ დანართის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

დანართი №3

აღნიშვნები და კრიტერიუმები

 

აღნიშვნა

კრიტერიუმი

მინერალების ძალიან დაბალი შემცველობა

მინერალური მარილის შემცველობა, გამოთვლილი, როგორც ფიქსირებული ნაშთი, არაუმეტეს

50 მგ/ლ-ისა

მინერალების დაბალი შემცველობა

მინერალური მარილის შემცველობა, გამოთვლილი, როგორც ფიქსირებული ნაშთი, არაუმეტეს 500 მგ/ლ-ისა

მინერალური მარილებით მდიდარი

მინერალური მარილის შემცველობა, გამოთვლილი, როგორც ფიქსირებული ნაშთი,

1500 მგ/ლ-ზე მეტი

შეიცავს ბიკარბონატს

ბიკარბონატის შემცველობა

600 მგ/ლ-ზე მეტი

შეიცავს სულფატს

სულფატის შემცველობა

200 მგ/ლ-ზე მეტი

შეიცავს ქლორიდს

ქლორიდის შემცველობა

200 მგ/ლ-ზე მეტი

შეიცავს კალციუმს

კალციუმის შემცველობა

150 მგ/ლ-ზე მეტი

შეიცავს მაგნიუმს

მაგნიუმის შემცველობა

50 მგ/ლ-ზე მეტი

შეიცავს ფტორიდს

ფტორიდის შემცველობა

1,0 მგ/ლ-ზე მეტი

შეიცავს რკინას

ორვალენტიანი რკინის შემცველობა 1,0 მგ/ლ-ზე მეტი

მჟავე

თავისუფალი ნახშირორჟანგის შემცველობა 250 მგ/ლ-ზე მეტი

შეიცავს ნატრიუმს

ნატრიუმის შემცველობა

 200 მგ/ლ-ზე მეტი

გამოიყენება ჩვილ ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათის დასამზადებლად

გამოიყენება დაბალნატრიუმიანი დიეტისათვის

ნატრიუმის შემცველობა

20 მგ/ლ-ზე ნაკლები

შეიძლება, გამოიწვიოს დიარეა

შეიძლება, იყოს დიურეტიკი (შარდმდენი)

− .