„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2434-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 240070000.05.001.020749
2434-IXმს-Xმპ
16/12/2022
ვებგვერდი, 27/12/2022
240070000.05.001.020749
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.08.2013, სარეგისტრაციო კოდი: 240070000.05.001.017022) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია სასოფლო-სამეურნეო სექტორის გაუმჯობესება, სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდა და სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის ხელშეწყობით.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მიწასთან დაკავშირებული ქონება − უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) წევრი − ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს. წევრები არიან მეპაიე, ასოცირებული წევრი და ინვესტორი წევრი;“;

გ) „ე1“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1) პაი − მეპაიის მიერ ეკონომიკური მონაწილეობისთვის საპაიო ფონდში ყოველწლიურად განხორციელებული სავალდებულო საპაიო შენატანი, რომელიც მეპაიეს აძლევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობაში მონაწილეობის, ამ კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდის მიღებისა და საერთო კრებაზე ხმის უფლებას;

ვ) საპაიო შენატანი – მეპაიის მიერ საპაიო ფონდში ფულადი სახით, ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული სავალდებულო შენატანი;“;

დ) „ვ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ4) ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე, ასოცირებული/ინვესტორი წევრის მიერ საპაიო ფონდში ფულით ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული შენატანი, რომლის საფუძველზედაც ასოცირებული/ინვესტორი წევრი იღებს დივიდენდს ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;“;

ე) „ვ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ6) სათათბირო ხმა − ასოცირებული/ინვესტორი წევრის უფლება, მონაწილეობა მიიღოს საერთო კრების დღის წესრიგის განსაზღვრასა და შესაბამისი საკითხების განხილვაში. გადაწყვეტილების მიღებისას სათათბირო ხმა მეპაიეთა ხმების საერთო რაოდენობაში არ ჩაითვლება;“;

ვ) „ზ“−„ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ზ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სოფლის განვითარების სააგენტო.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

სოციალურ პასუხისმგებლობაზე, სამართლიანობასა და ურთიერთდახმარებაზე დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) ნებაყოფლობითი და გამჭვირვალე წევრობა;

ბ) წევრთა მიერ კოოპერატივის დემოკრატიული კონტროლი;

გ) წევრთა ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობა;

დ) ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა;

ე) წევრთა განათლება, სწავლება, ინფორმირება;

ვ) სხვა კოოპერატივებთან თანამშრომლობა;

ზ) თემზე/საზოგადოებაზე ზრუნვა.“.

4. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“−„ვ“ ქვეპუნქტები:

„დ) კოოპერატივის ლიკვიდაცია;

ე) კოოპერატივის წევრის განცხადების/სარჩელის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კოოპერატივის დაშლის შესახებ;

ვ) კოოპერატივის გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში კოოპერატივის რეგისტრაციის გაუქმება.“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. მონიტორინგი

1. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგი.

2. სააგენტო ამტკიცებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგის ყოველწლიურ გეგმას, რომელიც განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია გასაცნობად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე ყველა კოოპერატივისთვის.

3. თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საფოსტო გზავნილის მეშვეობით იურიდიულ მისამართზე ორჯერ ვერ ჩაჰბარდება მისი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების შესახებ წერილობითი შეტყობინება ან ადრესატი უარს აცხადებს ამ შეტყობინების ჩაბარებაზე, სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნული შეტყობინების საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rda.gov.ge) გამოქვეყნებას. წერილობითი შეტყობინება ადრესატისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.“.

6. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მინიმალური პაის ღირებულებას;“;

ა.ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კოოპერატივის დაშლისა და მისი დაშლის შემდეგ დარჩენილი ქონების განაწილების წესს;

ი) კოოპერატივში ასოცირებული/ინვესტორი წევრის მიღების წესს;“;

ა.გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) კოოპერატივის სამართლებრივი მართვის სტრუქტურას.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სავალდებულო სარეზერვო ფონდში შესატანი თანხა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წინა საანგარიშო წლის მოგების 15%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წინა საანგარიშო წლის მოგების არანაკლებ 15%-ის აკუმულირება წლის დასაწყისში (არაუგვიანეს 1 მარტისა) უნდა განხორციელდეს.“.

7. 101 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 101. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრი

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ვალდებულია აწარმოოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრი, რომლის ფორმა და წარმოების წესი მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.“.

8. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები არიან მეპაიე და ასოცირებული წევრი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს კოოპერატივში ინვესტორი წევრის მიღება.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მეპაიეს აქვს საერთო კრებაზე ხმის მიცემის უფლება პრინციპის „ერთი წევრი − ერთი ხმა“ საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 1 პაის ერთზე მეტი მფლობელი ჰყავს, რა დროსაც 1 პაის რამდენიმე მფლობელს ჯამურად 1 ხმა აქვს.“;

გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა 5-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული/ინვესტორი წევრი შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან/და იურიდიული პირი (მათ შორის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი), რომელიც იზიარებს ამ კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს, რომელიც შეიძლება არ მონაწილეობდეს მის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და რომელსაც ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესით საპაიო ფონდში განხორციელებული აქვს ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი.“.

9. 131 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში დამატებითი შენატანის ქონების სახით შეტანისას ეს კოოპერატივი და ქონების შემტანი პირი წერილობით თანხმდებიან მის ღირებულებაზე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ამ კოოპერატივის მეპაიის მიერ დამატებითი შენატანის ქონების სახით შეტანისას, აგრეთვე ასოცირებული/ინვესტორი წევრის მიერ ქონების ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის სახით შეტანისას აღნიშნული ქონების ვალდებულებით დატვირთვა ან/და გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ მისი შემტანი პირის წერილობითი თანხმობით.“.

10. 132 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული/ინვესტორი წევრი უფლებამოსილია:

ა) მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით;

ბ) არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში;

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან მიიღოს სრული ინფორმაცია ამ კოოპერატივის საქმიანობის შესახებ;

დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით;

ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან;

ვ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება;

ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან ამ კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი ფულის ან/და ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;

თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში ამ კოოპერატივის ვალდებულებების დაფარვის შემდეგ აღნიშნული კოოპერატივის ქონებიდან დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი და დარჩენილი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე განაწილებამდე მიიღოს დივიდენდი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;

ი) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს;

კ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული/ინვესტორი წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესები;

ბ) განახორციელოს ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი ამ კანონით ან საერთო კრების მიერ დადგენილი წესით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;

გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებულ/ინვესტორ წევრს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შეიძლება მიენიჭოს ვეტოს უფლება იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციას ეხება.

6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ინვესტორ წევრს (წევრებს) არ შეიძლება ჰქონდეს (ჰქონდეთ) ხმათა 25%-ზე მეტი (ჯამურად).“.

11. 133 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 133. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგების განაწილება

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები, პირველ რიგში, ამ კოოპერატივის ასოცირებულ/ინვესტორ წევრებზე გაიცემა:

ა) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და ასოცირებულ/ინვესტორ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია დივიდენდის ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის პროპორციულად გაცემა, გაცემული დივიდენდის ოდენობა 1 სამეურნეო წლის განმავლობაში აღნიშნული ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის ღირებულების 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს;

ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და ასოცირებულ/ინვესტორ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ ასოცირებულ/ინვესტორ წევრზე დივიდენდის აღნიშნული კოოპერატივის მოგების პროპორციულად გაცემა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი შენატანებისა და ასოცირებულ/ინვესტორ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა ამ კოოპერატივის წმინდა მოგების 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები ასოცირებული/ინვესტორი წევრების შემდეგ გაიცემა ამ კოოპერატივის მეპაიეებზე, მათი დამატებითი შენატანების შესაბამისად:

ა) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია დივიდენდის ამ მეპაიის დამატებითი შენატანის პროპორციულად გაცემა, გაცემული დივიდენდის ოდენობა 1 სამეურნეო წლის განმავლობაში აღნიშნული მეპაიის დამატებითი შენატანის ღირებულების 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს;

ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ მეპაიეზე დივიდენდის აღნიშნული კოოპერატივის მოგების პროპორციულად გაცემა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი შენატანებისა და ასოცირებულ/ინვესტორ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა ამ კოოპერატივის წმინდა მოგების 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად დივიდენდების გაცემის შემდეგ დარჩენილი მოგება ნაწილდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე, მათი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად.“.

12. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონი აღიარებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სოციალურ ფუნქციას სოფლის მეურნეობის განვითარებაში.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რათა მათ შეძლონ ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში თავიანთი წვლილის შეტანა.

12. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობი სახელმწიფო ღონისძიებებია:

ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტების (მათ შორის, სახელმწიფო გრანტის) მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კადრების მომზადებისა და გადამზადების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელმძღვანელი პირების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;

დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის საგადასახადო შეღავათების დადგენა.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის 12 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობი სახელმწიფო ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო.“.

13. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საკუთარი წესდებების ამ კანონთან შესაბამისობა.“.

 მუხლი 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2023 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს მოქმედი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონის სათანადო ნორმებთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 დეკემბერი 2022 წ.

N2434-IXმს-Xმპ