დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის N596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „მყარი და თხევადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე გაწეული მომსახურების წესები“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | №131/197 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 19/12/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 06/01/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000160.01(2).000.000184 |
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
ერთობლივი ბრძანება №131/197
1996 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „მყარი და თხევადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე გაწეული მომსახურების
წესები“
I. ზოგადი დებულებები
1.1. მყარი და თხევადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე გაწეული მომსახურების წესები შემუშავებულია საქართველოს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის საფუძველზე და არეგულირებენ მომხმარებელსა და მყარი და თხევადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე გაწეული მომსახურების შემსრულებელს შორის ურთიერთობებს.
1.2. წესებში გამოყენებულია ძირითადი ცნებები:
მყარი და თხევადი საყოფაცხოვრებო ნარჩენები ნარჩენები, რომელიც გროვდება მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების შედეგად.
მომხმარებელი - მოქალაქე, რომელიც იყენებს, შეუკვეთავს ან აქვს განზრახული შეუკვეთოს მყარი და თხევადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე გაწეული მომსახურება.
შემსრულებელი - საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება ინდივიდუალური-მეწარმე, რომელიც ეწევა მყარი და თხევადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მომსახურებას, მოთხოვნების შესაბამისად.
ნორმატივები - სანიტარული ნორმები და წესები, ინსტრუქციები და სხვა ნორმატიული დოკუმენტები, რომლებიც ადგენენ მყარი და თხევადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე გაწეულ მომსახურებაზე მოთხოვნას.
ნაკლოვანება - მყარი და თხევადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე გაწეული მომსახურების ცალკეული შეუსაბამობები ნორმატივების აუცილებელ მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, ან მომსახურების ხარისხზე წაყენებულ ჩვეულებრივ მოთხოვნებთან.
არსებითი ნაკლოვანება - ნაკლოვანება, რომელიც შეუძლებელს ან დაუშვებელს ხდის მყარი და თხევადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე გაწეული მომსახურების გამოყენებას მისი მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად, ან არ შეიძლება აღმოფხვრილი იქნეს მოცემულ მომხმარებელთა მიმართებაში, ან მისი აღმოფხვრისათვის საჭირო შრომისა და დროის დიდი დანახარჯები ცვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სახეს.
1.3. წესები ადგენენ:
მომხმარებლის უფლებებს აუცილებელი და უტყუარი ინფორმაციის მიღებაზე შემსრულებლის გაწეული მომსახურების ხარისხის და მის ნორმატივებთან შესაბამისობის შესახებ;
მომხმარებლის უფლება მოვალეობებს;
შემსრულებლის უფლებებს და პასუხისმგებლობას ხარისხიანი და დროული მომსახურების გაწევაზე;
მომხმარებელთა უფლებების დაცვის და გაწეული მომსახურების რეალიზაციის მექანიზმს.
1.4. წესები ვრცელდება შემსრულებელზე (იურიდიულ და ფიზიკურ პირზე) მიუხედავად მისი ორგანიზაციული-სამართლებრივი საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა, რომლის მუშაობაც მიმართულია მყარი და თხევადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე (შემდგომში - მომსახურება).
II. შეკვეთების, მიღების, გაფორმებისა და მომსახურების ანაზღაურების წესი
2.1. შემსრულებელი იღებს მომსახურებაზე შეკვეთებს, რომელთა სახეები არ არის საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული და შეესატყვისება მისი წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის პროფილს.
2.2. შეკვეთა ფორმდება დოკუმენტის სახით, რომლის ფორმა დგინდება შემსრულებლის მიერ (ხელშეკრულება, ქვითარი, ტალონი, სალაროს ჩეკი და მისთანანი) ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით.
2.3. ხელშეკრულების ან სხვა დოკუმენტების (რომლითაც ფორმდება შეკვეთა) პირობები, როლითაც საქართველოს “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონითა და არსებული წესებით გათვალისწინებული უფლებები ილახება, ჩაითვლებიან ძალადაკარგულად.
2.4. შემსრულებელს არ აქვს უფლება შესთავაზოს მომხმარებელს აუცილებელი მომსახურების დამატებითი სახეები, რომელიც მოითხოვს დამატებით გასამრჯელოს, აგრეთვე ერთი სახის მომსახურების გაწევა განაპირობოს სხვა სახის მომსახურების აუცილებელი შესრულებით.
2.5. მომსახურებაზე ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ფორმა, აგრეთვე მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება მომხმარებელსა და შემსრულებელს შორის დადებული ხელშეკრულებით, თუ სხვა წესი საქართველოს კანონმდებლობით არ არის დადგენილი.
III. მომხმარებლის უფლება-მოვალეობანი
3.1. მომხმარებელს უფლება აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მიიღოს ხარისხიანი მომსახურება.
მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულების დადებისაგან დაუსაბუთებელი უარის თქმის შემთხვევაში, თუ ის აყენებს ზიანს გარემოს, მომხმარებლის ჯანმრთელობას და ლახავს მის უფლებებს, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
შემსრულებელი თავისუფლდება მომხმარებლისთვის მიყენებული ზარალის პასუხისმგებლობისაგან, თუ მომხმარებლისაგან მოთხოვნილი მომსახურება სცილდება ხელშეკრულების პირობებს.
3.2. მომსახურების გაწევის ვადები არ შეიძლება აჭარბებდეს სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ დადგენილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ზღვრულ ვადებს, მყარი და თხევადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროულად გატანის ` აუცილებლობიდან და მოქმედი ნორმატივებიდან გამომდინარე.
მომსახურების გაწევის საწყისი და საბოლოო ვადა მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულებაში. თუ ხელშეკრულებით განპირობებულია, რომ მომსახურება შესრულდება ნაწილ-ნაწილ ხელშეკრულებით დადგენილი ვადის განმავლობაში, მაშინ გათვალისწინებული უნდა იქნეს მომსახურების გაწევის შესაბამისი შუალედური ვადები.
თუ შემსრულებელი დროულად არ შეუდგა მომსახურების გაწევას, ან მისი შესრულებისას ნათელი გახდა, რომ მომსახურება არ იქნება გაწეული დადგენილ ვადებში, აგრეთვე მომსახურების გაწევის ვადის გასვლის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს თავისი არჩევანით:
დაუდგინოს შემსრულებელს ახალი ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა დაიწყოს მომსახურების შესრულება და (ან) შეასრულოს;
დაავალოს მომსახურების გაწევა სხვა პირს შემსრულებლის ხარჯზე;
მოითხოვოს გაწეულ მომსახურებაზე გასამრჯელოს შემცირება;
დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება.
3,3 შესრულებულ სამუშაოში ხარვეზების აღმოჩენისას მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს:
გაწეულ მომსახურებაში ხარვეზების უსასყიდლოდ აღმოფხვრა;
გაწეულ მომსახურებაში სათანადო გასამრჯელოს შემცირება;
ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომელიც შემსრულებლის ან მესამე პირის სახსრებით შესრულება.
მომხმარებელი უფლებამოსილია დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება, თუ შემსრულებლის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი ნაკლოვანებები.
მომხმარებელი აგრეთვე უფლებამოსილია დაარღვიოს ხელშეკრულება თუ ის გაწეულ მომსახურებაში შეამჩნევს არსებით ნაკლოვანებებს ან სხვა არსებით გადახვევას ხელშეკრულების პირობიდან.
მომხმარებლის მიერ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად დანიშნული დრო (მაგრამ არაუმეტეს 20 დღისა) ფიქსირდება ხელშეკრულებაში, მხარეების ხელმოწერით.
3,4 მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს შემსრულებლისათვის თავისუფალი მისასვლელი მომსახურების გაწევის ადგილას.
თუ მომხმარებლის მიერ მითითებული მოთხოვნების დაუცველობის შედეგად მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხისა და ვადების დარღვევა, პასუხისმგებლობა ამ დარღვევისათვის ეკისრება მომხმარებელს.
3,5 მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაარღვიოს ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე, გადაუხადოს შემსრულებელს გასამრჯელო გაწეული მომსახურების ნაწილისათვის, აუნაზღაუროს ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზარალი.
IV. შემსრულებლის მოვალეობები და პასუხისმგებლობა
4.1. შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უზრუნველყოს მომსახურების გაწევა, უზრუნველყოს ნორმატივებითა და ხელშეკრულებით ან ჩვეულებრივ წაყენებული მოთხოვნებით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხი.
4.2. შემსრულებული ვალდებულია:
ჰქონდეს აბრა პროფილის, მისი საქმიანობის ორგანიზების ფორმის, საფირმო დასახელების (თუ ასეთი არსებობს), იურიდიული მისამართისა და მუშაობის რეჟიმის მითითებით.
წარუდგინოს მომხმარებელს აუცილებელი და უტყუარი ინფორმაცია მომსახურებაზე მისი შესრულების წესსა და ანაზღაურებაზე.
4.3. შემსრულებელს გაცნობისათვის მოხერხებულ ადგილას უნდა ჰქონდეს:
მყარი და თხევადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე გაწეული მომსახურების წესები;
ცნობები ადგილობრივ ადმინისტრაციასთან არსებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანოებზე;
მომსახურების შემადგენლობა, მომსახურების გაწევის ფორმა, აგრეთვე მომხმარებლის სურვილით გაწეული სხვა თანხმლები მომსახურების ფორმა;
პრეისკურანტი (ამონაწერი პრეისკურანტიდან) ან გაწეული მომსახურების ფასი, აგრეთვე მომსახურების დროს გამოყენებული საწვავის, საწვავსაცხები მასალების, კონტეინერების და სხვა მატერიალური რესურსების ფასი;
გაწეული მომსახურების ზღვრული (დაწყება და დამთავრება) ვადები;
ლიცენზია მომსახურების გაწევის უფლებაზე (იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სახის მომსახურება მოქმედი კანონმდებლობით საჭიროებს ლიცენზიას);
ხელშეკრულების ნიმუშები, ქვითრები, ტალონები, ჩეკები და სხვა საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ მომსახურებაზე შეკვეთის მიღებას და მომსახურებაზე ფასის გადახდას.
ცნობები საქართველოს კანონმდებლობით და აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების აქტებით გათვალისწინებულ შეღავათებსა და უპირატესობებზე ზოგიერთი კატეგორიის მომხმარებლებისათვის; ცნობები ზემდგომ ორგანიზაციებსა (მუნიციპალური საწარმოებისათვის) და მესაკუთრეზე (სხვა ფორმის საკუთრების საწარმოებისათვის).
4.4. შემსრულებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაო რეჟიმის დაცვა დადგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (მუნიციპალური საწარმოებისათვის) ან მესაკუთრის (სხვა ფორმის საკუთრების საწარმოებისათვის) გადაწყვეტილებით.
მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხებისათვის შემსრულებელმა მომხმარებელი უნდა მოამარაგოს სპეციალური კონტეინერებით (საცავებით), რომლებიც უზრუნველყოფენ ნარჩენების ცალ-ცალკე განთავსებას (მინის ტარა და მისი ნამსხვრევები;
პლასტმასისა და ცელოფნის ნარჩენები; ქაღალდის ნარჩენები; ლითონის ნარჩენები და სხვა).
შემსრულებელი ვალდებულია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება და დამარხვა მოახდინოს მხოლოდ ნებადართული სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, პოლიგონებზე, გარემოს დაცვითი კანონმდებლობის, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიის საწინააღმდეგო ნორმებისა და წესების დაცვით.
4.5. შემსრულებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
პირგასამტეხლოს გადახდა გაწეული მომსახურების ვადებისა და მომსახურებაში შენიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადების დარღვევისათვის;
მომხმარებლის წინაშე თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობით მიყენებული ზარალის ანაზღაურებით;
მომხმარებლის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებით;
4.6. გაწეული მომსახურებისას, მომსახურების ვადის ან გაწეული მომსახურებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის ვადის გასვლისას, შემსრულებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით.
შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოების შეუსრულებლობისას მომხმარებელს უბრუნდება დამატებითი ღირებულება სრული ოდენობით.
4.7. თუ მომსახურებასა და შემსრულებელზე ყალბი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებას მოჰყვა ისეთი მომსახურების გაწევა, რომელსაც არ გააჩნია მომხმარებლისათვის საჭირო თვისებები და აყენებს ზიანს მომხმარებლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, გარემოს ან მის ქონებას, მომხმარებელს უფლება აქვს დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს მიყენებული ზარალის ანაზღაურება, თუ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უფრო მკაცრი პასუხისმგებლობა.
V. კონტროლი
5.1. წინამდებარე წესების დაცვაზე კონტროლს ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
ვ. პაპავა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის მინისტრი
ნ. ჩხობაძე
დოკუმენტის კომენტარები