დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის N596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „ხილბოსტნეულით ვაჭრობის წესი“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 121 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 19/12/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 06/01/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 000160012.00(0).1.000080 |
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა, საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ერთობლივი
ბრძანება №121/64/2-340
1996 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” და
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის N596
ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „ხილბოსტნეულით ვაჭრობის წესი“
I. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად და არეგულირებენ ახალი ხილ-ბოსტნეულითა და მათი გადამუშავების პროდუქტებით ვაჭრობის წესებს. მათი დაცვა სავალდებულოა ამ პროდუქტებით მოვაჭრე ყველა საწარმოსათვის, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.
1.2. ხილ-ბოსტნეული შეიძლება რეალიზებული იყოს მოსახლეობაზე ახალი, გამშრალი, გადამუშავებული, დამწნილებული, დაკონსერვებული ან გაყინული სახით. მათი რეალიზაცია დასაშვებია სპეციალიზებულ სავაჭრო საწარმოებში, სპეციალიზებულ სექციებში, განყოფილებებში ან წვრილსაცალო ქსელში, თუ მათი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში.
1.3. ხილ-ბოსტნეულის პროდუქციით მოვაჭრე სპეციალიზებულ მაღაზიებში შეიძლება გაიყიდოს მცენარეული ზეთი, მარილი, ძმარი, სანელებლები, სუპის ნაკრებები, უალკოჰოლო სასმელები, მინერალური წყლები და ა.შ.
1.4. მაღაზიის მუშაკები, რომლებიც ახორციელებენ ხილ-ბოსტნეულისა და მისი გადამუშავების პროდუქტების რეალიზაციას, უნდა ხელმძღვანელობდნენ საქონლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მიღების წესებით, მოქმედი სტანდარტებითა და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებით, დადგენილი სანიტარიული ნორმებით.
1.5. ახალი ხილისა და ბოსტნეულის ტრანსპორტირება და სავაჭრო ქსელში შეტანა უნდა ხდებოდეს ტარა-მოწყობილობით სპეციალიზებული ტრანსპორტის მეშვეობით. სპეციალური
ტარა-მოწყობილობის უქონლობის შემთხვევაში დასაშვებია მათი შეზიდვა სხვა ტარითაც, რომელიც არ გააუარესებს პროდუქციის ხარისხს. არ დაიშვება ხილ-ბოსტნეულის ტრანსპორტირება დაბინძურებული სატრანსპორტო საშუალებებითა და ტარით.
1.6. ღია ტიპის ტრანსპორტით ხილ-ბოსტნეულის გადაზიდვისას პროდუქცია დაფარული უნდა იყოს წყალგაუმტარი ქსოვილით.
1.7. ახალი ხილი და ბოსტნეული სავაჭრო ქსელში მიღებისთანავე უნდა იქნეს წუნისაგან და
არასტანდარტული პროდუქციისაგან გადარჩეული, გადარჩევის გარეშე პროდუქციის
რეალიზაცია დასაშვებია ზოგიერთი ჰომოლოგიური ჯიშის (როზმარიანი, ასტრახანის თეთრი) ვაშლის, მსხლის, კენკრის, კურკოვანი ხილისა და ყურძნისათვის, რომელთა გადარჩევა უარყოფითად მოქმედებს საღი ნაყოფების ხარისხზე. ამ პროდუქციის მიღება და რეალიზაცია დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მასში დამპალი და საკვებად უვარგისი ნაყოფების რაოდენობა არ აღემატება ვაშლში 5 %-ს, მსხალში, ატამში, გარგარში და ქლიავში - 10%, კენკრაში, ალუბალში, ბალში და ყურძენში თითოეული მათგანისათვის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებით დადგენილ ზღვრულ ნორმებს.
1.8. ახალი ხილი და ბოსტნეული უნდა ინახებოდეს ტარით, სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ აღჭურვილ, კარგად ვენტილირებად სათავსში, ბუნებრივი სინათლის გარეშე. შენახვისას დაცული უნდა იყოს საქონლის მეზობლობის წესები. კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და კენკრა, რომელთა შენახვის ტემპერატურული რეჟიმი და ფარდობითი ტენიანობის პირობები განსხვავებულია, უნდა ინახებოდეს ცალ-ცალკე.
1.9. მწვანე კულტურები, სასალათე ჯიშების საადრეო კომბოსტო და კენკრა უნდა ეწყობოდეს მოკლევადიან შენახვაზე მხოლოდ და მხოლოდ სამაცივრო პირობებში.
1.10. დამწნილებული კომბოსტო, დამჟავებული და დამარინადებული კიტრი და პომიდორი უნდა ინახებოდეს კასრებით ან მათარებით იატაკზე, მინის ტარის ყუთებით, ხის ქვესადგამებზე დაწყობილი, ამ პროდუქტების შენახვის ტემპერატურა და შენახვის ვადები უნდა შეესაბამებოდეს თითოეული სახისათვის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებით დადგენილ ნორმებს.
1.11. გამშრალი ხილი, ბოსტნეული და სოკო უნდა ინახებოდეს მშრალ და გრილ სათავსში 0-დან 10 გრადუსი ტემპერატურისა და არა უმეტეს 75% შეფარდებითი ტენიანობის პირობებში ყუთებით ან შესაბამისი ტომრებით, რომელიც დაწყობილი უნდა იყოს ქვესადგამებზე შტაბელებად.
1.12. სტერილური კონსერვები თუნუქის ან მინის ჰერმეტული ქილებით უნდა ინახებოდეს სუფთა, მშრალ, კარგად ვენტილირებულ სათავსებში 0-დან 20 გრადუსი ტემპერატურისა და არაუმეტეს 75% შეფარდებითი ტენიანობის პირობებში.
1.13. სწრაფნაყინი ხილი და ბოსტნეული შენახული უნდა იქნეს დაბალ- ტემპერატურიან მაცივარ-დანადგარებში - 18-20 გრადუს ტემპერატურაზე.
1.14. ხილ-ბოსტნეულის გაყიდვაში გატანამდე უნდა მოხდეს მისი გადარჩევა სპეციალურად გამოყოფილ სათავსში კენკრის, ალუბლის, ბალისა და ყურძნის გადარჩევა კი უშუალოდ საქონლის მომხმარებელზე გადაცემის პროცესში, თუ სარეალიზაციო საქონლის პარტია არაკეთილხარისხოვანია, იგი უნდა მოიხსნას გაყიდვიდან.
1.15. სავაჭრო დარბაზში ხილ-ბოსტნეულის პროდუქცია ლაგდება თაროებზე, დახლებზე, რაფებზე ხონჩებით, კალათებით, კოლოფებით ან სხვა სახის ინვენტარით. თვითმომსახურების მეთოდით გასაყიდი პროდუქცია წინასწარ უნდა დაფასოვდეს ბამბის ან პოლიეთილენის ბადეებში, აფსკებში ან სხვა შესაფუთ მასალაში, მოეკრას თავი და გაუკეთდეს მარკირება სათანადო წესების დაცვით.
1.16. გაყიდვაში არსებული პროდუქციის თითოეულ სახეზე უნდა იყოს ფასმაჩვენებელი პროდუქციის სახის, ხარისხის, გასაყიდი ფასის აღნიშვნით.
1.17. ხილ-ბოსტნეულის პროდუქტებით ვაჭრობის ობიექტებში ვრცელდება აგრეთვე „ზოგიერთი სახის სასურსათო და არასასურსათო საქონლით ვაჭრობის წესების“ პირველი თავის შესაბამისი მოთხოვნები.
II. გაყიდვის პირობები
2.1. დაფასოებული ახალი კარტოფილის, ხილისა და ბოსტნეულის თითოეული ერთეული უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ წონას და ეტეოდეს ნომინალური წონიდან დასაშვები გადახრის ზღვრებში, რომელიც დადგენილია ნორმატიული დოკუმენტებით. ისეთი დაფასოებული პროდუქციის ფაქტობრივი წონა, რომლისთვისაც არაა დადგენილი ნომინალური წონიდან დასაშვები გადახრები, უნდა შეესაბამებოდეს ნომინალურს.
2.2. წონითი პროდუქციის ასაწონად შეიძლება გამოყენებული იყოს პლასტმასის ან ალუმინის ფასები, რომლის მასა დაკალიბრებული უნდა იყოს არსებული წესების დაცვით.
2.3. დამწნილებული კომბოსტო, ბადრიჯანი, ფარშირებული წიწაკა და დამწნილებული და
დამარინადებული სოკო, გაიცემა წვენთან ერთად სტანდარტებითა და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებით დადგენილი თანაფარდობით, რომლის ამონაწერი უნდა იყოს გამოკრული სავაჭრო დარბაზში თვალსაჩინო ადგილზე. სხვა სახის წნილებისა და მარინადების გაცემა უნდა წარმოებდეს წვენის გარეშე და მისი დამატება უნდა ხდებოდეს მყიდველის თხოვნით აწონვის შემდეგ. ზემოაღნიშნული პროდუქციის ასაწონად გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური ინვენტარი - კოვზები, ჩანგლები, აქანდაზი, ცხრილი, ნიჩაბი და სხვა.
2.4. გამყიდველი ვალდებულია გაყიდვის პროცესში აღმოჩენილი უხარისხო პროდუქცია გადაარჩიოს და მყიდველს მისცეს პროდუქცია, რომელიც შეესაბამება მოქმედი სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნებს.
2.5. დაუშვებელია მინისა და თუნუქის ქილებში დაფასოებული ბომბაჟიანი, დაჟანგულ სახურავიანი, დაჟანგულ-კრონსაცობიანი, გამჭოლად დახვრეტილ და გახსნილ ნაკრებიან ქილებსა და ბოთლებში დაკონსერვებული პროდუქციის რეალიზაცია.
2.6. არ დაიშვება პროდუქციის გაცემა ჭუჭყიანი შესაფუთი ქაღალდით, მინის ან სხვა რაიმე
ტარით.
2.7. მაღაზიის ყველა მუშაკი, რომელიც აწარმოებს ხილ-ბოსტნეულის პროდუქციის ვაჭრობას კარგად უნდა იცნობდეს ამ წესებს და მკაცრად იცავდეს მის მოთხოვნებს. მათი დარღვევა ან უგულებელყოფა ისჯება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
III. მომხმარებელთა უფლებები
3.1. სავაჭრო საწარმო ვალდებულია მკაცრად დაიცვას მყიდველის უფლებები, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონით „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ".
3.2. სავაჭრო საწარმოები უნდა იყოს აღჭურვილი აუცილებელი სავაჭრო მოწყობილობებით და ინვენტარით, თანახმად მოქმედი ნორმებისა. სავაჭრო საწარმოს მიერ გამოყენებული გამზომ-ამწონი ხელსაწყოები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, ჰქონდეს მკვეთრი დამღები, უნდა წარედგინოს შესაბამის ორგანოებს დასამოწმებლად დადგენილი წესის შესაბამისად.
3.3. სავაჭრო საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს სარეალიზაციო საქონელზე სწორად გაფორმებული ფასმაჩვენებლის არსებობა და მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს მას სრული ინფორმაცია მწარმოებელზე, საქონლის ძირითად სამომხმარებლო თვისებებზე და ფასებზე, უზრუნველყოს მომხმარებლის სათანადო მომსახურება და საქონლის სრული წონითა და ზომით გაყიდვა.
3.4. მომხმარებელს აქვს უფლება შეამოწმოს ნაყიდი საქონლის ფასის, ზომისა და წონის სისწორე, აგრეთვე პროდუქციების შენახვის ვადები და მოცემულ საქონელზე ხარისხის სერტიფიკატის არსებობა. სავაჭრო დარბაზში მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომ ადგილზე უნდა იყოს დადგმული საკონტროლო სასწორები.
3.5. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მომხმარებელზე ნაკლოვანებებიანი საქონლის მიყიდვისას, რომელიც არ იყო მითითებული გამყიდველის მიერ, მყიდველს შეუძლია მოითხოვოს თავისი შეხედულებისამებრ:
გასაყიდი ფასის შესაბამისი შემცირება; საქონლის ანალოგიურ, უკეთესი ხარისხის საქონელზე გაცვლა, გადახდილი თანხის დაბრუნება და მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
IV. კონტროლი
კონტროლს წინამდებარე წესის დაცვაზე ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის
თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვ. პაპავა
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო
ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი კ. ზალდასტანიშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი ბ. გულუა
დოკუმენტის კომენტარები