„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2385-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.020732
2385-IXმს-Xმპ
15/12/2022
ვებგვერდი, 23/12/2022
010320000.05.001.020732
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საბაზო თანამდებობრივი სარგო – ამ კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს საბაზო ოდენობა, რომლის ამ კანონის შესაბამისი დანართის ცხრილით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით მიიღება კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგო;“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. საბაზო თანამდებობრივი სარგოს დანიშნულება და ოდენობა

1. ამ კანონით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობების/პოზიციების თანამდებობრივი სარგოების გამოთვლის მიზნისთვის საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო ნომინალურ გამოხატულებაში, რომლის ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით მიიღება კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგო კონკრეტული საბიუჯეტო წლისთვის.

2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება, როგორც საქართველოს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგო, გაზრდილი არანაკლებ ბოლო 4 კვარტალში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში „დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საკუთრების ფორმების მიხედვით“ არასახელმწიფო სექტორში დაფიქსირებული ნომინალური ხელფასის წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის საშუალო პროცენტული მაჩვენებლით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში „დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საკუთრების ფორმების მიხედვით“ სახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასი არ უნდა იყოს არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის არანაკლებ 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ზღვრების ფაქტობრივი მაჩვენებლების მიხედვით დარღვევის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს საქართველოს მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტთან ერთად წარუდგენს აღნიშნულ ზღვრებში დაბრუნების გეგმას, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 საბიუჯეტო წელს;

გ) ამ მუხლით განსაზღვრული პრინციპების საფუძველზე გაზრდილი შრომის ანაზღაურების ხარჯი უნდა დაფინანსდეს შესაბამისი ბიუჯეტიდან.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს ზრდა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე დარღვეულია იმავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზღვრული პარამეტრები.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ზღვრულ პარამეტრებში დაბრუნების წლის შემდგომი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონთან ერთად წარუდგენს არაუმეტეს 3-წლიან გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის მაჩვენებლის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან შესაბამისობას.

6. დაუშვებელია საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგოს შემცირება საქართველოს წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრულ საბაზო თანამდებობრივ სარგოსთან შედარებით.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 34მუხლი:

„მუხლი 341. საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

1. 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საბიუჯეტო წლებისთვის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება, როგორც საქართველოს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგო, გაზრდილი არანაკლებ ბოლო 4 კვარტალში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში „დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საკუთრების ფორმების მიხედვით“ არასახელმწიფო სექტორში დაფიქსირებული ნომინალური ხელფასის წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის საშუალო პროცენტული მაჩვენებლის ნახევრით.

2. ამ მუხლის საფუძველზე გაზრდილი შრომის ანაზღაურების ხარჯი უნდა დაფინანსდეს შესაბამისი ბიუჯეტიდან.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს ზრდა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე დარღვეულია იმავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზღვრული პარამეტრები.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-7 მუხლის მე-2−მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-7 მუხლის მე-2−მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2022 წ.

N2385-IXმს-Xმპ