დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს კანონის პროექტი - „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | პროექტის ავტორი |
მიღების თარიღი | 06/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | ნორმატიული აქტების პროექტები |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016688 |
პროექტი
საქართველოს კანონი
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე–2 მუხლის:
ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) ადმინისტრატორი – მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (მათ შორის დამოუკიდებელი წევრი), მზღვეველის ხელმძღვანელი პირი, სადაზღვევო ბროკერის ხელმძღვანელი პირი, სადაზღვევო ბროკერის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ინდივიდუალური მეწარმე სადაზღვევო ბროკერის შემთხვევაში, უშუალოდ ინდივიდუალური მეწარმე.“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი:
„ყ) სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი – პირი, რომელიც მზღვეველთან სამართლებრივად ან/და ეკონომიკურად დაკავშირებული არ არის, მათ შორის, არ ფლობს ამ მზღვეველის აქციებს, არ განიცდის მზღვეველის ან სხვა გარე მხარის გავლენას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქმიანობის განხორციელებისას ობიექტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე, არ იღებს აღნიშნული მზღვეველიდან ანაზღაურებას ან სხვა ეკონომიკურ სარგებელს, გარდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის ან/და მზღვეველის აუდიტის კომიტეტის წევრობისთვის დადგენილი ანაზღაურებისა.“.
2. მე-9 მუხლის 62 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„62. მზღვეველი ვალდებულია ჰქონდეს მომხმარებლის უფლებების დაცვის შიდა პოლიტიკა და პროცედურები და უზრუნველყოს მისი დაცვა მომხმარებელთან ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. მზღვეველის მომხმარებლის უფლებების დაცვის შიდა პოლიტიკას ამტკიცებს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო პროცედურებს მზღვეველის ხელმძღვანელი პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სრული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.”.
3. 91 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მზღვეველის მართვის ორგანოებია: აქციონერთა საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და ხელმძღვანელი ორგანო. მზღვეველის მართვის ორგანოები მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობისა და წესდების შესაბამისად. აქციონერთა საერთო კრება ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც უზრუნველყოფს მზღვეველის საქმიანობის კონტროლს. სამეთვალყურეო საბჭო შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 21 წევრისაგან. მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს სადაზღვევო ორგანიზაციის საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობას.”;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოში უნდა იყოს სულ მცირე ერთი დამოუკიდებელი წევრი. იმ შემთხვევაში, თუ პირს ეს თანამდებობა უკავია მზღვეველის ან გადამზღვეველის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში ან გადამზღვეველში ან/და იმ მზღვეველში ან გადამზღვეველში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი ან გადამზღვეველი, იგი ჩაითვლება დამოუკიდებელ წევრად ორივე მზღვეველისთვის ან გადამზღვეველისთვის;“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აქციონერთა საერთო კრება ირჩევს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, მათ შორის დამოუკიდებელ წევრს არაუმეტეს 3 წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა მისი ამოწურვის შემდეგ ავტომატურად გრძელდება საერთო კრების ჩატარებამდე და ამ კრებაზე ახალი წევრების არჩევამდე. ამასთანავე, ერთი და იმავე პირის განმეორებით არჩევა შეუზღუდავია.“;
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მზღვეველს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 წევრისგან დაკომპლექტებული ხელმძღვანელი ორგანო. ხელმძღვანელ პირებს თანამდებობაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო. ამასთანავე, ხელმძღვანელი პირების განმეორებით დანიშვნა შეუზღუდავია.“;
ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მზღვეველის წესდებით განსაზღვრული უნდა იყოს ხელმძღვანელი ორგანოს უფლებამოსილება და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი, ხელმძღვანელ პირებს შორის ფუნქციათა გადანაწილება იმ პირობით, რომ ხელმძღვანელი პირებისგან ერთ-ერთს მაინც ჰქონდეს სრული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.“.
4. 92 მუხლის შემდეგ:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 93 მუხლი:
„მუხლი 93. აუდიტის კომიტეტი
1. მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოში სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელიც შედგება არანაკლებ სამი წევრისგან და რომელთაგან სულ მცირე ერთი უნდა იყოს დამოუკიდებელი წევრი. აუდიტის კომიტეტის წევრები უნდა იყვნენ სადაზღვევო სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე პირები, ხოლო მათ შორის სულ მცირე ერთი წევრი უნდა იყოს ბუღალტრული აღრიცხვის ან/და აუდიტის სფეროში კომპეტენციის მქონე პირი.
2. აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრს/წევრებს, რომელიც ამავდროულად არ შეიძლება იყოს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
3. აუდიტის კომიტეტის წევრებს მუდმივად უნდა ჰქონდეთ სრული წვდომა მზღვეველის ხელმძღვანელ ორგანოსთან, ასევე შიდა აუდიტის ფუნქციებთან.
4. აუდიტის კომიტეტი მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს რეგულარულად წარუდგენს საქმიანობის შესახებ ანგარიშს და დაუყოვნებლივ ატყობინებს თავისი ფუნქციების შესრულებისას წარმოშობილი წინააღმდეგობების შესახებ.
5. აუდიტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესის ზედამხედველობა;
ბ) ხარისხის კონტროლის, რისკების მართვისა და საჭიროების შემთხვევაში, ფინანსური ინფორმაციის შიდა აუდიტის ეფექტიანობის ზედამხედველობა;
გ) ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის განხორციელების ზედამხედველობა ხარისხის კონტროლის მონიტორინგის ანგარიშში ასახული დასკვნების გათვალისწინებით;
დ) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების (მათ შორის, დამოუკიდებლობის შესახებ ნორმების) დაცვის ზედამხედველობა;
ე) მონიტორინგი გაუწიოს და აქტიურად ითანამშრომლოს მზღვეველის შიდა და გარე აუდიტორებთან, ასევე უზრუნველყოს შიდა და გარე აუდიტორების ფუნქციების ადეკვატურობა, დამოუკიდებლობა და მათი ეფექტური ურთიერთთანამშრომლობა;
ვ) მონიტორინგი გაუწიოს მზღვეველის სააღრიცხვო პოლიტიკისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებას; უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგების პოლიტიკის სამართლიანობა, სისრულე და შესაბამის კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან შესაბამისობა;
ზ) განიხილოს გარე აუდიტორის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო წერილი და მონიტორინგი გაუწიოს ხელმძღვანელი პირების მიერ არსებული ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით შესაბამის ზომების გატარებას.“.
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 94 მუხლი:
„მუხლი 94. აქტუარი
1. მზღვეველი ვალდებულია, გადახდისუნარიანობისა და ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის მიზნით, ჰყავდეს აქტუარი, რომელსაც აქვს სადაზღვევო საქმიანობისთვის დამახასიათებელი რისკის ხარისხის, მოცულობის და კომპლექსურობის შესაბამისი აქტუარული და ფინანსური მათემატიკის ცოდნა.
2. აქტუარის საქმიანობის ძირითადი მიზანია დაზღვევის და გადაზღვევის ხელშეკრულებების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი, მათი მოცულობის და შესრულების შესაძლებლობების შესწავლა, რისკების მართვის სისტემის ეფექტურობის შეფასება და ანალიზი, ასევე სადაზღვევო რეზერვების გაანგარიშების კოორდინირება, გაანგარიშებისას გამოყენებული მონაცემების საკმარისობის და ხარისხის, ასევე სადაზღვევო პრემიების ადეკვატურობის შეფასება.
3. აქტუარი ვალდებულია, შესაბამისი მათემატიკური და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით, ყოველწლიურად, არაუგვიანეს კალენდარული წლის დასრულებიდან 2 თვის ვადაში, მოამზადოს გასული წლის წლიური აქტუარული ანგარიში. ანგარიში უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული ინფორმაციის ანალიზს და აქტუარული გათვლების შედეგებს, ასევე დასკვნებს და რეკომენდაციებს გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.“.
5. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამსახური, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დაზღვევის სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილ, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე დამოუკიდებელ ორგანოს. სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.
6. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ან მუნიციპალიტეტის მიერ ინიცირებული სახელმწიფო, მუნიციპალური და დარგობრივი სადაზღვევო პროგრამა შეთანხმებული უნდა იყოს სამსახურთან და ხორციელდებოდეს მხოლოდ მისი თანხმობით. სამსახურთან ასევე უნდა შეთანხმდეს ნებისმიერი სავალდებულო დაზღვევის პირობები, თუ იგი არ არის დადგენილი კანონით.“.
7. 21-ე მუხლს „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“, „ჩ“, „ც“ და „ძ“ ქვეპუნქტები:
„შ) დაადგინოს საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების მიმართ და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაციები;
ჩ) დაადგინოს მოთხოვნები მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესის მიმართ;
ც) დაადგინოს მოთხოვნები მზღვეველის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციის სრული ან ნაწილობრივი აუთსორსინგის მიმართ, მათ შორის, ძირითად საქმიანობაში გამოყენებული ინფორმაციული სისტემის აუთსორსინგული ხელშეკრულებების მიმართ და მათი სამსახურთან შეთანხმების წესი;
ძ) დაადგინოს მზღვეველისა და დაზღვევის შუამავლის მიერ, ამ კანონის მე-20 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების რეალურ დროში შესრულების მონიტორინგის წესი.“.
8. 211 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დაარღვია „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნები“.
ბ) 21 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) დაარღვია „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნები.“.
9. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ო)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ინფორმაცია ორგანიზაციული სტრუქტურის, სტრუქტურული ერთეულების, შესაბამისი ფუნქციების მითითებით, ასევე ინფორმაცია აუდიტის კომიტეტის შესახებ;“.
10. 221 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„221 მუხლი. მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის, სამეთვალყურეო საბჭოს (მათ შორის დამოუკიდებელი) წევრების და ხელმძღვანელი პირების შესაფერისობის კრიტერიუმები“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, მათ შორის დამოუკიდებელი წევრი და ხელმძღვანელი პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.“;
გ) მე-3 პუნქტის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) არის მზღვეველის ხელმძღვანელ პირთან ისეთი ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, ან მზღვეველის ხელმძღვანელ პირთან საქმიანი/კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი;
ზ) არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელი პირი საქართველოში რეგისტრირებულ ხუთზე მეტ საწარმოში;
თ) არის იმავე მზღვეველის ხელმძღვანელი პირი;“.
დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შესაფერისობის კრიტერიუმებზე დამატებით, ამ კანონით გათვალისწინებული სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შესაბამისობის შეფასების და დამოუკიდებლად მიჩნევისას, სამსახური ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:
ა) პირი არის მზღვეველის ადმინისტრატორთან ან პირთან, რომელიც მზღვეველში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს, ისეთი ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, ან ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ან აქვს სხვა სახის მატერიალური საქმიანი ურთიერთობა მზღვეველის ადმინისტრატორთან ან პირთან, რომელიც მზღვეველში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს;
ბ) პირს აქვს რაიმე სახის მატერიალური ვალდებულება (მათ შორის, ფინანსური) მზღვეველის, მისი ადმინისტრატორების, მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის წინაშე ან სხვა მატერიალური/ფინანსური ინტერესი (მათ შორის, საკუთრება, ინვესტიცია).
გ) პირს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჰქონდა შრომითი ურთიერთობა მზღვეველთან, მის ადმინისტრატორებთან/მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერთან.
დ) პირს აქვს სხვა ისეთი სახის პოზიცია ან კავშირი, რომელიც შესაძლოა, გავლენას ახდენდეს მის დამოუკიდებლობაზე;“.
ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის ხელმძღვანელი პირი, თუ:
ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის;
გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის;
დ) არის სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ეს თანამდებობა უკავია ამ მზღვეველის/გადამზღვეველი კომპანიის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში ან/და იმ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი/გადამზღვეველი კომპანია;
ე) არა აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ;
ვ) არა აქვს საფინანსო სფეროში ან სადაზღვევო სფეროში მუშაობის სულ მცირე ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილება, ამავე დროს, ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება;
ზ) წარსულში იყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა;
თ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს;
ი) არის მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ისეთი ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, ან მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირი.“.
მუხლი 2.
მ კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა მზღვეველებმა, ამავე კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები დააკმაყოფილონ 2024 წლის 1 იანვრიდან.
1. ამ კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა მზღვეველებმა, ამავე კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები დააკმაყოფილონ 2025 წლის 1 იანვრიდან.
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა 2023 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის “ჩ, ც“ და „ძ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემა.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია რამდენიმე მიზეზით, ესენია სადაზღვევო ორგანიზაციების მართვის სისტემის სრულყოფისა და ფინანსურ სექტორში არსებული საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის, მზღვეველის მიერ სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მტკიცებულებაზე დაფუძნებული გათვლების უფრო სიღრმისეული და მრავლისმომცველი გამოყენების აუცილებლობა, „დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით გათვალისწინებულ დებულებებთან, სადაზღვევო სექტორის დიგიტალიზაციის მზარდი ტემპებიდან გამომდინარე, სპეციალურ რისკებზე სამსახურის მხრიდან ზედამხედველობის ჩარჩოს გაძლიერება.
კანონპროექტი მზღვეველს ავალდებულებს სადაზღვევო საქმიანობის პროცესში ჰყავდეს აქტუარი ფიზიკური პირი, რომლის საქმიანობის მიზანია მზღვეველის რისკების, მათ შორის მათი ეფექტური მართვის მეთოდების და ფინანსური ვალდებულებების შესწავლა-ანალიზი, სადაზღვევო რეზერვების გაანგარიშების კოორდინირება და სადაზღვევო პრემიის ადექვატურობის შეფასება შესაბამისი მათემატიკური და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით.
ეს მიდგომა ფართოდ არის აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაში და ემსახურება მზღვეველის ფინანსური გათვლების სათანადოობის უზრუნველყოფას, სადაზღვევო რეზერვების ფორმირების სისწორეს და ზოგადად, წარმოადგენს სადაზღვევო ორგანიზაციის გადახდისუნარიანობის და ფინანსური სტაბილურობის საფუძველს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი რამდენიმე მზღვეველი აკმაყოფილებს აქტუარის ვალდებულებასთან დაკავშირებით ზემოთ მითითებულ სტანდარტს, საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხის რეგულირება ამ დრომდე არ განხორციელებულა.
სადაზღვევოო ორგანიზაციაში აქტუარის სავალდებულოდ ყოლის მოთხოვნა, გაცილებით ფართო ფუნქციებით, არსებობს როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე მეზობელი ქვეყნების და მსოფლიოს თითქმის ყველა სადაზღვევო სისტემაში. ინიცირებული ცვლილებით საფუძველი ჩაეყრება შემდგომში უფრო დიდი და მასშტაბური ფუნქციის დანერგვას, რასაც ევროკავშირის სტანდარტით აქტუარული ფუნქცია ეწოდება და გათვალისწინებულია ე.წ. გადახდისუნარიანობა 2-ს (SOLVENCY II) ფარგლებში, რომელთან ჰარმონიზაციაც საბოლოოდ უნდა მოხდეს საქართველოს მიერ.
აქტუარის შემოღებასთან დაკავშირებული ცვლილების ირგვლივ, დეტალური ინფორმაცია მოცემულია რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში, რომელიც დანართად ახლავს წინამდებარე განმარტებით ბარათს.
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ახალი რედაქცია ტექნიკური ხასიათის ცვლილებით არის წარმოდგენილი. სამსახური, როგორც დაზღვევის სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო, საქმიანობს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და სამსახურის დებულებით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ. კანონის მოქმედი მუხლის შესაბამისი პუნქტის რედაქცია მითითებას აკეთებს სამსახურის დებულებაზე, ხოლო შემოთავაზებული რედაქცია შესაბამისობაში მოდის სამსახურის უფლებაუნარიანობასა და საქმიანობასთან.
მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში ინფორმაციული ტექნოლოგიების მზარდი და მრავალმხრივი გამოყენებიდან გამომდინარე რისკების შემცირების, სადაზღვევო პროდუქტებით ელექტრონული ვაჭრობის პროცესში მომხმარებელთა უფლებების, პერსონალური ინფორმაცის დაცვის დამატებითი გარანტიებისა და ამ მიმართულებით სადაზღვევო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის მონიტორინგის საშუალებების შექმნის აუცილებლობით, მოქმედი კანონმდებლობით განმარტებულია მზღვეველისა და დაზღვევის შუამავლის ვალდებულება დაიცვან მომხმარებელთა უფლებები წინა სახელშეკრულებო, შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედებისა და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების სრულად შესრულების ყველა ეტაპზე. ასევე, მზღვეველის ვალდებულებაა დაიცვას სამსახურის მიერ დადგენილი წესი, მზღვეველის მომხმარებელთა უფლებების დაცვის შიდა პოლიტიკა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცედურები.
მოქმედი კანონმდებლობით, სამსახური ზედამხედველობას უწევს მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ ნორმატიული მოთხოვნების დაცვას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისად რეაგირებს. ამავდროულად, მომხმარებელთან ურთიერთობის რეგლამენტირების მიზანს წარმოადგენს მომხმარებლისათვის ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობის და მისდამი კეთილსინდისიერი მოპყრობის გარანტიების უზრუნველყოფა, მათ შორის დაზღვევის სფეროს გაჯანსაღება. მაგალითად: ფინანსური პროდუქტების გაყიდვებისა და ფინანსურ პროდუქტთან დაკავშირებით მომსახურების გაწევის დროს მნიშვნელოვანია ფინანსურმა ორგანიზაციამ დროულად მიაწოდოს მომხმარებელს ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია.
ფინანსურ სექტორში მარეგულირებელი ნორმების ადეკვატურობის და შედეგების მიმართ ეფექტურობის შეფასებისათვის, ასევე, დაზღვევის სფეროში მზღვეველის მიერ სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზების, გაყიდვებისა და მომსახურების გაწევის დროს ნაკისრი ვალდებულებების რეალურ დროში შესრულების მონიტორინგისთვის დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს იდუმალი (მისტიური) მყიდველის მეთოდის გამოყენება. ეს მეთოდი გამოიყენება როგორც ზედამხედველისთვის ცნობილი რისკების შემოწმების მიზნებისათვის, ასევე, წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე მარეგულირებელი ნორმების დადებითი ეფექტის დადასტურებისთვის. მეთოდი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ცალკეული მზღვეველის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების რეალურ დროში შესრულების შემოწმების ან მთლიანად სექტორში, სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ვითარების კვლევის მიზნით. გავრცელებული პრაქტიკით, ასეთი ტიპის კვლევის შედეგები, შესაძლოა გახდეს მარეგულირებელი ნორმის შექმნის ან არსებულის ცვლილების საფუძველი.
მოქმედი კანონის რედაქცია ითვალისწინებს სამსახურის მხრიდან მზღვეველის მიმართ სანქციის გამოყენების შესაძლებლობას მზღვეველის მიერ მხოლოდ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, გარდა უშუალოდ აღნიშნული საკანონმდებლო აქტისა, მოიცავს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და სამსახურის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთობლიობას. შესაბამისად, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში არსებითი მნიშვნელობა აქვს მზღვეველმა დაიცვას ამ სფეროს კანონმდებლობა, ხოლო სამსახურის მიერ მეტად მნიშვნელოვანი საზედამხედველო ღონისძიების – სანქციის გამოყენება უნდა იყოს ეფექტიანი, შემაკავებელი ფუნქციის მქონე და პროპორციული. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული ცვლილების შეტანა.
ამასთან, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, 2019 წლის 30 ოქტომბრიდან სადაზღვევო ბროკერი განისაზღვრა ანგარიშვალდებულ პირად, ხოლო ხსენებული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობა დაეკისრა სამსახურს. სამსხურის მიერ თავისი საზედამხედველო ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელებისთვის, საჭიროა მას გააჩნდეს ეფექტიანი და შემაკავებელი ბერკეტი სანქციის დაკისრების სახით.
სავალდებულო დაზღვევის სახეობების შემოღებისა და განხორციელების უფრო მოქნილი მოდელის შექმნის პროცესში სამსახურის მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით მისი უფლებამოსილებების გაძლიერება, შესაბამისი თანხმობის გაცემის გზით
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სადაზღვევო ორგანიზაციების მმართველი ორგანოების საქმიანობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდა ფინანსურ სექტორში არსებული სტანდარტების შესაბამისად, ამასთან, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ახლებური მიდგომების გავრცელება სამსახურის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ მზღვეველებზე, მოითხოვს შესაბამის ცვლილებებს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მეწარმე სუბიექტების საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად მიდგომებს, ხოლო „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია კონკრეტული, დამატებითი მოთხოვნები. ამდენად, აუცილებელია შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში, მისი სრულყოფის, სამსახურის მიერ საზედამხედველო უფლებამოსილებათა სათანადოდ განხორციელების და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მათ შორის ტერმინოლოგიური შესაბამისობის თვალსაზრისით.
ხაზგასასმელია, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის 57-ე მუხლის მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს სდპ-ის (რომელსაც მიეკუთვნება მზღვეველი) სამეთვალყურეო საბჭოში აუდიტის კომიტეტის შექმნას, მის შემადგენლობაში დამოუკიდებელი წევრის შეყვანას და აუდიტის კომიტეტის ფუნქციონირების ზოგად საკითხებს. გამომდინარე იქედან, რომ მზღვეველის მმართველ ორგანოებთან დაკავშირებული სპეციალური (დამატებითი) მოთხოვნები გაწერილია „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში, მოცემული პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები დააზუსტებს და შექმნის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების იმპლემენტაციისათვის აუცილებელ დაზუსტებულ მოთხოვნებს. ცვლილებები დაკავშირებულია მზღვეველების მიერ აუდიტის კომიტეტის შექმნის, მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან დაკომპლექტების პროცედურებთან, აუდიტის კომიტეტის დამოუკიდებელი წევრის შეფასების კრიტერიუმებთან და იგი უზრუნველყოფს სამსახურის მხრიდან პროცესის სათანადო ზედამხედველობის მექანიზმების შექმნას.
მზღვეველის გადახდისუნარიანობის შენარჩუნების, მისი ფინანსური გათვლების სისწორის და აღებულ ვალდებულებებთან გამკლავების შესაძლებლობების სწორი ანალიზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია აქტუარული საქმიანობის წარმართვა შესაბამისი პირის – აქტუარის – მეშვეობით, რომლის სავალდებულო წესით შემოღებაც უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო დონეზე, როგორც სადაზღვევო საქმიანობის პროცესთან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. მოცემულის რეგლამენტაციის მიზნით, საჭიროა ცვლილების შეტანა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში და შესაბამისი შინაარსის მუხლის დამატება, რომელიც დაავალდებულებს მზღვეველს აქტუარის ყოლას კანონითვე განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში ინფორმაციული ტექნოლოგიების მზარდი და მრავალმხრივი გამოყენებიდან გამომდინარე, რისკების შემცირების და მათთან გამკლავების ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია ზედამხედველობას დაქვემდებარებული მეწარმე სუბიექტებისთვის შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნების დაწესება და/ან რეკომენდაციების გამოცემა. ამ მხრივ, არც დაზღვევის სფეროა გამონაკლისი. იმისათვის, რომ მკაფიოდ განისაზღვროს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებები მზღვეველის და სადაზღვევო ბროკერის ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების, დაზღვევის პროდუქტების ელექტრონული ვაჭრობის რეგლამენტაციის მიმართულებით, აუცილებელია სათანადო ცვლილების შეტანა ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის 21–ე მუხლით განსაზღვრულია სამსახურის უფლებამოსილებები.
რაც შეეხება სამსახურის მიერ მზღვეველის ან/და სადაზღვევო შუამავლის საქმიანობის რეალურ დროში დაკვირვების მეთოდით შემოწმების საკითხს, რომელიც ერთის მხრივ, საჭიროებს მიზნების, ფარგლების, ფორმის და სხვა საკითხების რეგლამენტირებას, ხოლო მეორეს მხრივ, ამ დაკვირვების შედეგების საზედამხედველო მიზნებისათვის გამოყენებას – მოითხოვს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობას. შესაბამისად, კანონპროექტი ანიჭებს სამსახურს უფლებამოსილებას დაადგინოს მზღვეველისა და დაზღვევის შუამავლის მიერ, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-201 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების, რეალურ დროში შესრულების მონიტორინგის განხორციელების წესი.
სამსახურს, როგორც მზღვეველის და სადაზღვევო ბროკერის ზედამხედველ ორგანოს, შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შემდგომ ექნება ეფექტური ბერკეტი, ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირის მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და/ან მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ერთის მხრივ, სადაზღვევო ორგანიზაციის მენეჯმენტის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, დაინერგება მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოში აუდიტის კომიტეტის შექმნისა და დაკომპლექტებისათვის აუცილებელი, ფინანსური სექტორისათვის დამახასიათებელი საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი კონკრეტული მოთხოვნები და მეორეს მხრივ, შეიქმნება “დაზღვევის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნების ერთობლიობაში აღქმის და აღსრულების ზუსტად გაწერილი შესაძლებლობა. ეს გაამარტივებს შესაბამისი პროცედურების წარმართვას და სამსახურის მხრიდან ზედამხედველობის პროცესს. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მზღვეველის, როგორც სამსახურის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტის აუდიტის კომიტეტის შემადგენლობის განსაზღვრის, მისი წევრების, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმების (სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უკვე დადგენილ კრიტერიუმებთან ერთობლიობაში) მკაფიოდ გაწერა, რაც ხელს შეუწყობს აუდიტის კომიტეტის მიზნის ეფექტიან განხორციელებას მზღვეველის საქმიანობის პროცესში.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით, მოხდება მზღვეველის ფინანსური გათვლების სისწორის უზრუნველყოფა, რისკების სათანადო შეფასება და მათი ადეკვატურობის ანალიზი, სადაზღვევო რეზერვების გათვლისა და ფორმირების სიზუსტის შეფასება, სადაზღვევო პრემიების შესაბამისობის შეფასება, დაზღვევის და გადაზღვევის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მოცულობის და შესრულების შესაძლებლობების შესწავლა, რასაც უზრუნველყოფს მზღვეველის მიერ სპეციალურად ამ მიზნით აყვანილი პირი – აქტუარი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი აქტუარული/ფინანსური მათემატიკის ცოდნა, დადასტურებული შესაბამისი პროფესიული სტანდარტით. მოცემული ცვლილებით სადაზღვევო სისტემა დაუახლოვდება საერთაშორისო პრაქტიკას და სადაზღვევო სისტემის მარეგულირებელ ძირითად კანონში გაჩნდება აქტუარის მიმართულებით სპეციალური მუხლი, რაც თავის მხრივ საფუძველს ჩაუყრის აქტუარული ფუნქციის დანერგვის ევროპულ სტანდარტს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები, დეტალურად გაწერილია რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში, რომელიც დანართად ახლავს წინამდებარე განმარტებით ბარათს.
კანონპროექტით შემოთავაზებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილება:
ა) ხელს შეუწყობს დაზღვევის სფეროში მომხმარებელთა უფლებების ეფექტური დაცულობის გაზრდას. დადებითად აისახება არა მხოლოდ უშუალოდ მომხმარებელზე არამედ, სადაზღვევო სერვისების გაუმჯობესებაზე, გრძელვადიანი და უფრო სტაბილური ბიზნეს პროცესების დაგეგმვასა და ჯანსაღი კონკურენციის შექმნაზე, მხარეთა შორის დავების შემცირებაზე და სხვ.
ბ) მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სისტემების მიმართ დამატებითი, სპეციალური მოთხოვნების დადგენა გამოიწვევს ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული/გამომდინარე რისკების შემცირების მიმართულებით მზღვეველების საქმიანობის გააქტიურებას და რისკებთან გამკლავების ახალი მექანიზმების შექმნას;
გ) დაიხვეწება მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ დაზღვევის ხელშეკრულებების ელექტრონულად (დისტანციურად) დადების და მომსახურების პროცესი;
დ) სამსახურს შესაძლებლობას მისცემს საერთო ზედამხედველობის ველში მოაქციოს არა მხოლოდ მზღვეველის აქტივობა, არამედ აუთსორსინგული მომსახურების მომწოდებელი პირის საქმიანობა მზღვეველთან ურთიერთობის ჭრილში. დაიხვეწება მზღვეველის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში აუთსორსინგის გამოყენების კულტურა, რაც ხელს შეუწყობს სადაზღვევო ორგანიზაციის მდგრადობას და ფინანსური სტაბილურობის გამყარებას.
ე) ხელს შეუწყობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით მზღვეველებისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფას.
ვ) ხელს შეუწყობს სავალდებულო დაზღვევის ფორმის უფრო ეფექტურად, თანმიმდევრულად და ორგანიზებულად გამოყენებას, მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შევიდა მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით განმარტებულ ტერმინში „ადმინისტრატორი“ და დაზუსტდა, რომ მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე, გულისხმობს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრს. ამავე ქვეპუნქტში, ტერმინი „დირექტორი“ შეიცვალა ტერმინით „ხელმძღვანელი პირი“ და ამის გათვალისწინებით, კანონის ყველა შესაბამის მუხლში/პუნქტში ტექნიკურად ჩასწორდა ტერმინი „დირექტორი“ ტერმინით „ხელმძღვანელი პირი“. კერძოდ, ესენია: მე-9 მუხლის 6 2 პუნქტი, 22 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები, მე-4 პუნქტი.
კანონის მე-2 მუხლში არსებულ ტერმინთა განმარტებებს დაემატა „ყ“ ქვეპუნქტი, რომლითაც განიმარტა „სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი“ და განისაზღვრა, როგორც პირი, რომელიც მზღვეველთან სამართლებრივად ან/და ეკონომიკურად დაკავშირებული არ არის, მათ შორის, არ ფლობს ამ მზღვეველის აქციებს/წილებს, არ განიცდის მზღვეველის ან სხვა გარე მხარის გავლენას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქმიანობის განხორციელებისას ობიექტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე, არ იღებს აღნიშნული მზღვეველიდან ანაზღაურებას ან სხვა ეკონომიკურ სარგებელს, გარდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის ან/და მზღვეველის აუდიტის კომიტეტის წევრობისთვის დადგენილი ანაზღაურებისა.
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 91 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვით სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება მზღვეველის საქმიანობის მასშტაბებისა და კომპლექსურობის პროპორციულად, კანონით დადგენილი მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში.
კანონის 91 მუხლს დაემატა 21 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოში უნდა იყოს სულ მცირე ერთი დამოუკიდებელი წევრი, რითაც ამაღლდება მზღვეველებში კორპორაციული მართვის კულტურა და სტანდარტი, ასევე შეიქმნება მზღვევეველის მართვის სისტემის უფრო გამჭვირვალე სისტემა, ასევე, რაც უკეთ უპასუხებს ევროჰარმონიზაციის პროცესში არსებულ გამოწვევებს. იმ შემთხვევაში, თუ პირს ეს თანამდებობა უკავია მზღვეველის ან გადამზღვეველის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში ან გადამზღვეველში ან/და იმ მზღვეველში ან გადამზღვეველში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი ან გადამზღვეველი, იგი ჩაითვლება სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად ორივე მზღვეველისათვის ან გადამზღვეველისათვის.
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 91 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ აქციონერთა საერთო კრება ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრებსაც და „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა თანამდებობაზე არჩევის ვადა, ნაცვლად 4 წლისა, განისაზღვრა 3 წლით.
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 9 1 მუხლის მე-5 პუნქტი, რომელშიც აისახა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოცემულობა ხელმძღვანელი ორგანოს შესახებ და ხელმძღვანელი პირების თანამდებობაზე დანიშვნის ვადა, ნაცვლად 4 წლისა, განისაზღვრა 3 წლით.
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 91 მუხლის მე-6 პუნქტი, რომელშიც აისახა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოცემულობა, კერძოდ, მზღვეველის წესდებით განსაზღვრული უნდა იყოს ხელმძღვანელი ორგანოს უფლებამოსილება და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი, ხელმძღვანელ პირებს შორის ფუნქციათა გადანაწილება იმ პირობით, რომ ხელმძღვანელი პირებისგან ერთ-ერთს მაინც ჰქონდეს სრული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
კანონს დაემატა 93 მუხლი „აუდიტის კომიტეტი“. ამ მუხლით გაიწერა აუდიტის კომიტეტის შექმნის წესი, მისი შემადგენლობა, კომიტეტის წევრების შესაფერისობის კრიტერიუმები და კომიტეტის ძირითადი ფუნქციები. კერძოდ, მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოში სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელიც შედგება არანაკლებ სამი წევრისგან და რომელთაგან სულ მცირე ერთი უნდა იყოს დამოუკიდებელი წევრი. აუდიტის კომიტეტის წევრი უნდა იყოს სადაზღვევო სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე პირი, ხოლო მათ შორის სულ მცირე 1 წევრი უნდა იყოს ბუღალტრული აღრიცხვის ან/და აუდიტის სფეროში კომპეტენციის მქონე პირი. აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე უნდა იყოს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ არჩეული სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, რომელიც ამავდროულად არ შეიძლება იყოს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ასევე, მოცემული მუხლით განისაზღვრა აუდიტის კომიტეტის წევრების უფლებამოსილება, მუდმივად ჰქონდეთ სრული წვდომა მზღვეველის ხელმძღვანელ ორგანოსთან, ასევე შიდა აუდიტის ფუნქციებთან და აუდიტის კომიტეტის ვალდებულება სამეთვალყურეო საბჭოს რეგულარულად წარუდგინოს საქმიანობის შესახებ ანგარიში და დაუყოვნებლივ შეატყობინონ თავისი ფუნქციების შესრულებისას წარმოშობილი წინააღმდეგობების შესახებ. ამ მუხლით, განისაზღვრა აუდიტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციები, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილის შესაბამისად. კერძოდ ეს ფუნქციებია:
ა) ფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესის ზედამხედველობა;
ბ) ხარისხის კონტროლის, რისკების მართვისა და, საჭიროების შემთხვევაში, ფინანსური ინფორმაციის შიდა აუდიტის ეფექტიანობის ზედამხედველობა;
გ) ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის განხორციელების ზედამხედველობა ხარისხის კონტროლის მონიტორინგის ანგარიშში ასახული დასკვნების გათვალისწინებით;
დ) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების (მათ შორის, დამოუკიდებლობის შესახებ ნორმების) დაცვის ზედამხედველობა;
ე) მონიტორინგი გაუწიოს და აქტიურად ითანამშრომლოს მზღვეველის შიდა და გარე აუდიტორებთან, ასევე უზრუნველყოს შიდა და გარე აუდიტორების ფუნქციების ადეკვატურობა, დამოუკიდებლობა და მათი ეფექტური ურთიერთთანამშრომლობა;
ვ) მონიტორინგი გაუწიოს მზღვეველის სააღრიცხვო პოლიტიკისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებას; უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგების პოლიტიკის სამართლიანობა, სისრულე და შესაბამის კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან შესაბამისობა;
ზ) განიხილოს გარე აუდიტორის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო წერილი და მონიტორინგი გაუწიოს ხელმძღვანელი პირების მიერ არსებული ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით შესაბამის ზომების გატარებას;“
კანონპროექტის თანახმად, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 94 მუხლი, რომლის მიხედვითაც მზღვეველის გადახდისუნარიანობის და ფინანსური სიმყარის უზრუნველსაყოფად, განისაზღვრა მზღვეველის სტრუქტურაში აქტუარის ყოლის ვალდებულება, რომლის ცოდნაც უნდა შეესაბამებოდეს სადაზღვევო საქმიანობისთვის დამახასიათებელი რისკის ხარისხს, მოცულობას და კომპლექსურობას; აქტუარის საქმიანობის ძირითადი მიზანია დაზღვევის და გადაზღვევის ხელშეკრულებების შესაბამისად აღებული ვალდებულებების ანალიზი, მათი მოცულობის და შესრულების შესაძლებლობების შესწავლა, რისკების მართვის სისტემის ეფექტურობის შეფასება და ანალიზი, ასევე სადაზღვევო რეზერვების გაანგარიშების კოორდინირება, გაანგარიშებისას გამოყენებული მონაცემების საკმარისობის, ხარისხის და სადაზღვევო პრემიების ადეკვატურობის შეფასება.
პროექტით ასევე დგინდება, რომ აქტუარი ვალდებულია დადგენილ ვადებში მოამზადოს წლიური ანგარიში, რომელიც მოიცავს ამ მუხლითვე მოცემული ინფორმაციის ანალიზს, აქტუარული გათვლების შედეგებს, რომელიც საფუძვლად დაედო შესაბამის აქტუარულ ანგარიშს, ასევე დასკვნებს და რეკომენდაციებს გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
კანონპროექტის თანახმად, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის რედაქცია ტექნიკურად შესწორდება. სამსახური, როგორც დაზღვევის სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო, საქმიანობს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და სამსახურის დებულებით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ. კანონის მოქმედი მუხლის შესაბამისი პუნქტის რედაქცია უფლებაუნარიანობასთან დაკავშირებით მითითებას აწესებს სამსახურის დებულებაზე. შემოთავაზებული რედაქციით სამსახურის უფლებაუნარიანობა შესაბამისობაში მოვა სამსახურის საქმიანობასთან. კანონპროექტით გათვალისწინებულია სამსახურის როლის გაძლიერება სავალდებულო დაზღვევების განხორციელების ჭრილში. ამ მიზნით შეცვლილია მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის რედაქცია და სამსახურის ფუნქციებს დამატებული აქვს ნებისმიერი სავალდებულო დაზღვევის პირობების შეთანხმება, თუ იგი კანონით არ არის განსაზღვრული.
კანონპროექტის თანახმად, 21-ე მუხლს, რომლითაც განსაზღვრულია სამსახურის უფლებამოსილებანი, „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ ემატება „შ, ჩ, ც, და ძ“ ქვეპუნქტები. ამ ცვლილებით დაზუსტდება სამსახურის უფლებამოსილება დაადგინოს საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები მზღვეველის და სადაზღვევო ბროკერის ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების მიმართ და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაციები; დაადგინოს მოთხოვნები მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესის მიმართ; დაადგინოს მოთხოვნები მზღვეველის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციის სრული ან ნაწილობრივი აუთსორსინგის მიმართ, მათ შორის, ძირითად საქმიანობაში გამოყენებული ინფორმაციული სისტემის აუთსორსინგული ხელშეკრულებებისადმი და მათი სამსახურთან შეთანხმების წესი და დაადგინოს მზღვეველისა და დაზღვევის შუამავლის მიერ, ამ კანონის 201 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი ვალდებულებების რეალურ დროში შესრულების მონიტორინგის წესი. კანონპროექტის მეორე მუხლის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა 2023 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს ზემოაღნიშნული „ჩ“, „ც“ და „ძ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემა.
კანონპროექტის 211 მუხლის პირველის პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილებით სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება მზღვეველის ან/და მისი ადმინისტრატორისთვის სანქციის დაკისრების თაობაზე, არამარტო „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის, არამედ ამ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სხვა ნორმატიული აქტების დარღვევისთვის.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად 211 მუხლის 21 პუნქტს ემატება „დ“ ქვეპუნქტი, რომელიც „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ითვალისწინებს სამსახურის მიერ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების შესაძლებლობას, სადაზღვევო ბროკერის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ.
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, სალიცენზიო სხვა დოკუმენტებთან და ინფორმაციასთან ერთად სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია აუდიტის კომიტეტის შესახებ;
კანონის 221 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატა 31 პუნქტი, რომლითაც დადგინდა სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შესაფერისობის ის დამატებითი კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინებით სამსახური ახორციელებს პირის დამოუკიდებელი წევრის შესაბამისობის შეფასებას და დამოუკიდებლად მიჩნევას. კერძოდ, სამსახურმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
ა) პირი არის მზღვეველის ადმინისტრატორთან ან პირთან, რომელიც მზღვეველში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს, ისეთი ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, ან არის მზღვეველის ადმინისტრატორთან ან პირთან, რომელიც მზღვეველში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს, საქმიანი/კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი, ან აქვს სხვა სახის მატერიალური საქმიანი ურთიერთობა მზღვეველის ადმინისტრატორთან ან პირთან, რომელიც მზღვეველში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს;
ბ) პირს აქვს რაიმე სახის მატერიალური ვალდებულება (მათ შორის, ფინანსური) მზღვეველის, მისი ადმინისტრატორების, მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის წინაშე ან სხვა მატერიალური/ფინანსური ინტერესი (მათ შორის, საკუთრება, ინვესტიცია).
გ) პირს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჰქონდა შრომითი ურთიერთობა მზღვეველთან, მის ადმინისტრატორებთან/მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი წარმოადგენდა არახელმძღვანელი/არააღმასრულებელი ფუნქციების შემსრულებელ პირს.
დ) პირს აქვს სხვა ისეთი სახის პოზიცია ან კავშირი, რომელიც შესაძლოა, გავლენას ახდენდეს მის დამოუკიდებლობაზე;“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ძალაში შესვლის თარიღების შერჩევა მოხდა შესრულებისთვის საჭირო ვადის გონივრულობის გათვალისწინებით.
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა 2023 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ჩ, „ც“ და „ძ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემა.
ამ კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა მზღვეველებმა, ამავე კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ 2024 წლის 1 იანვრიდან.
ამ კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა მზღვეველებმა, ამავე კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ 2025 წლის 1 იანვრიდან.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
მზღვეველებზე დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობის გათვალისწინებით, ასევე სადაზღვევო ბროკერებისა და მზღევევლების საქმიანობის მოცულობის შედარების შედეგად, სადაზღვევო ბროკერებზე დაკისრებული ფულადი ჯარიმის სავარაუდო წლიური ოდენობის მაქსიმუმი შესაძლოა იყოს 30,000 ლარის ფარგლებში, ხოლო თანხის ოდენობა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, ასევე, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები).
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით გათვალისწინებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრა, ასევე დამოუკიდებელი წევრის შემოღებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დანერგვა მზღვეველთან მიმართებაში შესაძლოა დაკავშირებული იყოს მხოლოდ შესაბამისი პირის/პირების ანაზღაურების ხარჯებთან. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება მზღვეველის საქმიანობის მასშტაბებისა და კომპლექსურობის პროპორციულად, შესაბამისად, მათ რაოდენობას უნდა განაპირობებდეს ზემოაღნიშნული მოცემულობები, რაოდენობაზევე იქნება დამოკიდებული მათი ანაზღაურების და შესაბამისად, მზღვეველის ხარჯები. მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების საკითხი ყველა კონკრეტულ შემთხვევაში რეგულირდება ინდივიდუალურად (მოქმედი პრაქტიკით, მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გასამრჯელოს გარეშეც ასრულებს თავის უფლება-მოვალეობებს). ამასთან, არც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით არ არის განსაზღვრული სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან/და აუდიტის კომიტეტის წევრის ანაზღაურების სავალდებულოობა. შესაბამისად, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ხარჯი დამოკიდებული იქნება ინდივიდუალურ შეთანხმებებზე. კანონპროექტით გათვალისწინებული სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შემოღებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დანერგვა მზღვეველთან მიმართებაში დაკავშირებული იქნება მხოლოდ შესაბამისი პირის/პირების ანაზღაურების ხარჯებთან. მოცემული კანონპროექტით დაკონკრეტდა, რომ მზღვეველის აუდიტის კომიტეტის დამოუკიდებელი წევრი ამავდროულად უნდა იყოს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი. შესაბამისად, ამ პირის/პირების ანაზღაურებაც კონკრეტულ შემთხვევებში გადაწყდება ზემოაღნიშნული მიდგომების გათვალისწინებით.
კანონპროექტით გათვალისწინებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრის რაოდენობასთან დაკავშირებული დანაწესი მზღვეველთან მიმართებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიწვევს ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, თუ სადაზღვევო ორგანიზაცია გადაწყვეტს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების რაოდენობის გაზრდას.
კანონპროექტით გათვალისწინებული აქტუართან დაკავშირებული მოთხოვნების დანერგვა გამოიწვევს ფინანსურ შედეგს მზღვეველთან მიმართებაში, რაც დაკავშირებული იქნება შესაბამისი პირის/პირების (აქტუარის) დასაქმებისას შრომითი ანაზღაურების ხარჯებთან და რომლის ოდენობაც ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყდება ინდივიდუალურად, მხარეთა შორის შეთანხმების პირობების შესაბამისად.
დღეის მდგომარეობით, 18-დან 4 მზღვეველს აქვს შექმნილი აქტუარის პოზიცია. 2022 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოს სადაზღვევო სექტორში სულ 9 აქტუარია დასაქმებული.
ადგილობრივ და უცხოურ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა: გამომდინარე იქიდან, რომ სადაზღვევო ორგანიზაციის მართვის ევროპული მოდელი მოიაზრებს მასში აქტუარული ფუნქციის სავალდებულო წესით არსებობას, უცხოელი ინვესტორების და ან სარეიტინგო კომპანიების მიერ მზღვეველის შეფასებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება კომპანიის ორგანიზაციული ჩარჩოს თანადობას ევროპაში მოქმედ სტანდარტებთან. შესაბამისად, მზღვეველში აქტუარის, როგორც სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გამოყენებული გათვლების სიზუსტის გარანტორის, არსებობა დადებითად აისახება მისი, როგორც საინვესტიციო ობიექტის იმიჯზე, გაზრდის კომპანიის მიმზიდველობას დაინტერესებული მხარისთვის და ამდენად, ამაღლებს უცხოურ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. ზემოაღნიშნული რელევანტურია ადგილობრივ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ჭრილშიც, ვინაიდან, მიმართულია მზღვეველის მფლობელობაში არსებული ფინანსების, მათ შორის მის მიერ მოზიდული ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების, რისკებისგან დაცვის ხარისხის გაზრდისკენ.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ხელს შეუწყობს სადაზღვევო ბაზარზე დემპინგური ფასებით ვაჭრობის პრევენციას და პოტენციური კლიენტებისთვის (დამზღვევისთვის, დაზღვეულისთვის) სამართლიანი, რეალური ოდენობის პრემიების შეთავაზებას და გაზრდის სექტორში კონკურენტუნარიანობის ხარისხს.
საგულისხმოა, რომ საწყის ეტაპზე, გაურკვეველია მომხმარებლის ფასზე ზეგავლენის მიმართულება (დადებითი, უარყოფითი), რადგანაც მტკიცებულებაზე დაფუძნებულმა გათვლებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ფასების ზრდა დაზღვევის ზოგიერთ სახეობაში და ამ თვალსაზრისით, უარყოფითად აისახოს მომხმარებელზე – გაუძვიროს სადაზღვევო პოლისი, ზოგს კი შეუმციროს. საბოლოო ჯამში, ბაზარზე, კომპანიების მიერ შეთავაზებული სადაზღვევო ტარიფები მიუახლოვდება სამართლიანი ფასის ნიშნულს.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების იმპლემენტაცია გამოიწვევს დანახარჯების – აქტუარის ყოლასთან დაკავშირებული ხარჯების გაზრდას საქართველოში მოქმედი იმ მზღვეველებისთვის, რომლებიც არ სარგებლობენ აქტუარის მომსახურებით. ასევე, აქტუართა მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდამ მოსალოდნელია გამოიწვიოს მზღვეველებში ამჟამად დასაქმებული აქტუარების ხელფასების ზრდაც. შესაბამისად, მზღვეველებს გაეზრდება ადმინისტრაციული ხარჯი ხელფასის სახით. ამასთანავე, მზღვეველებთან ჩატარებული ინტერვიუებიდან გამოიკვეთა, რომ კომპანიები ძირითადად აპირებენ არსებული კადრების გადამზადებას და მზად არიან გასწიონ აქტუართა მომზადება/გადამზადების ხარჯები.
მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია აქტუართა გადამზადების პროფესიული კურსების გაჩენა (რადგანაც ეს პროცესი მოითხოვს უფრო ნაკლებ დროს ვიდრე საუნივერსიტეტო კურსისა და პროგრამის მომზადება) და პროფესიული ასოციაციის მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო პროდუქტის (მათ შორის განგრძობადი განათლების სისტემის) შექმნა, რომლის არსებობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი კადრების მომზადებას, შესაბამისი შრომის ბაზრის გაჯერებას და საკადრო რესურსის ჭრილში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. აღნიშნულს ასევე დადებითი ფინანსური გავლენა ექნება კურსის/პროგრამის მიმწოდებელ ორგანიზაციაზე.
2022 წელს განხორციელებული ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მიხედვით, ხარჯების შეფასებამ აჩვენა, რომ ცვლილება არ გამოიწვევს დიდ ხარჯებს კერძო სექტორისათვის და რეფორმის გატარებიდან 3 წლის (და არც 5 წლის) მანძილზე რეფორმის ხარჯები არ აჭარბებს 4 მილიონ ლარს. კერძოდ:
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის რეფორმა გამოიწვევს ზედამხედველობის სამსახურის სახელფასო ფონდის ზრდას (წინასწარი შეფასებით, ჯამში, თვეში 10.000 ლარის ოდენობით). ამჟამად განიხილება, რეფორმის გატარების შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახურის საშტატო განრიგში აქტუარის ორი პოზიციის დამატება, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ მზღვეველებში დასაქმებული აქტუარების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვენ და შეისწავლიან მათ მიერ მომზადებულ წლიურ აქტუარულ ანგარიშებს და აქტუარების მიერ განხორციელებულ შეფასებებს, განაზოგადებენ სადაზღვევო ორგანიზაციების პრაქტიკას. სახელფასო ხარჯს ემატება სამსახურის მიერ დაქირავებული აქტუარების უწყვეტი განათლების უზრუნველსაყოფად ტრენინგებში მონაწილეობის ხელშეწყობის ხარჯი.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და კერძო სექტორისთვის აქტუარის პოზიციის დამატების სახელფასო ხარჯებისა და დასაქმებული აქტუარების მომზადება/გადამზადების ხარჯების შეფასება განხორციელდა რეგულირების ზეგავლენის შეფასების ფარგლებში.
აღნიშნული შეფასების ფარგლებში განხორციელებული რაოდენობრივი ანალიზის შედეგები არ წარმოადგენს პროგნოზს, არამედ წარმოადგენს მოსალოდნელი დამატებითი ხარჯებისა მოდელირებას და დამოკიდებულია ბევრ დაშვებაზე.
რაოდენობრივი შეფასება 5-წლიანი პერიოდისთვის შესრულდა. რაოდენობრივი მოდელირების ფარგლებში რამდენიმე დაშვება გაკეთდა ძირითადი ცვლადების მოსალოდნელი განვითარების შესახებ.
ვინაიდან, შეფასება 5-წლიანი პერიოდისთვის ჩატარდა, სოციალური დისკონტირების განაკვეთად აღებულ იქნა 5 წლიან სახელმწიფო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი, რომელიც 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა 9.68% (ნომინალური, ლარი).
ინფლაციის დონე ეროვნული ბანკის მიერ ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებლით განისაზღვრა 2023 წლისათვის (2023 წლის ოთხი კვარტალის საშუალო – 5.01%) და 2023 წლის შემდეგ კი მოხდა ეროვნული ბანკის მიერ ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის შერჩევა, რომელიც 3%-ს შეადგენს.
ანალიზი გაკეთდა სტატუს ქვოსთან მიმართებაში დამატებითი ხარჯების შეფასების მეშვეობით. მოხდა შემდეგი ხარჯების შეფასება:
ა) სამსახურის ხარჯები – დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის სახელფასო ხარჯები (კერძოდ ორი აქტუარის პოზიციის დამატება) და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში დასაქმებული ორი აქტუარის მომზადება/გადამზადების ხარჯები.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში ორი აქტუარის საერთო ხელფასი განისაზღვრა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამის უწყებასთან შეთანხმებით 10 000 ლარის ოდენობით (დარიცხული).
ბ) კერძო სექტორი – აქტუარის პოზიციის დამატების სახელფასო ხარჯების შეფასება და დასაქმებული აქტუარების მომზადება/გადამზადების ხარჯები.
კერძო სექტორში აქტუარების ხელფასების განსაზღვრა მოხდა ამჟამად დასაქმებული აქტუარების ხელფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, გაკეთდა დაშვება რომ აქტუართა მოთხოვნის შემოღება გაზრდიდა არსებულ ხელფასებს. მოხდა 5 დიდ კომპანიასა და მცირე კომპანიებში დასაქმებული აქტუარების ხელფასების დიფერენცირება. დიდ კომპანიებში აქტუარის ხელფასი განისაზღვრა 4500 ლარის ოდენობით (დარიცხული) და მცირეში – 3500 ლარის ოდენობით (დარიცხული). შეფასება გაკეთდა იმ შემთხვევისათვის, როცა ყველა კომპანიას ყავს ერთი აქტუარი. იმ კომპანიებისათვის, სადაც ამჟამად აქტუარის პოზიცია არსებობს, მოხდა მხოლოდ ნამატი ხელფასის განსაზღვრა. ყველა გათვლა გაკეთდა რეალურ მაჩვენებლებში. გაკეთდა დაშვება, რომ აქტუარების დასაქმება მოხდება რეფორმის გატარებიდან 6 თვეში (ანუ პირველ წელს სახელფასო დანახარჯები შეფასება მოხდა 6 თვისათვის). სამუშაო ჯგუფმა დაუშვა რომ სექტორი ისე მოემზადება რეფორმისათვის რომ ერთი წლის გასვლის შემდეგ უკვე აკმაყოფილებდეს საკანონმდებლო მოთხოვნას.
შეფასების შედეგები მოცემულია ქვემოთ ცხრილში.
ცხრილი 1. სახელფასო ხარჯების მიმდინარე ღირებულება (5-წლიანი პერიოდი, ლარი)
სახელფასო ხარჯების მიმდინარე ღირებულება (5 წლის) |
|
სამსახურის ხარჯები |
445,752 |
კერძო სექტორი |
2,622,589 |
მთლიანი სახელფასო ხარჯების მიმდინარე ღირებულება |
3,068,341 |
რაც შეეხება ტრენინგის ხარჯებს, სამუშაო ჯგუფმა აიღო საერთაშორისო აქტუარული კურსების გამოცდილება და შეაფასა აქტუარების სხვადასხვა მოდულიანი კურსის დანახარჯები. გაკეთდა დაშვება რომ ყველა დასაქმებული აქტუარი გაივლის 2 მოდულს პირველ წელს, 3 მოდულს მეორე წელს, 2 მოდულს მესამე წელს და დამატებით მოდულს მეხუთე წელს. აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანიებს არ ევალებათ აქტუარების მომზადება/გადამზადება და ეს მათ სურვილზეა დამოკიდებული. ასევე, გათვლა გაკეთდა საერთაშორისო კურსების ფასებით. შესაბამისად, ქვემოთ მოცემული შეფასება უფრო ტრენინგის დანახარჯების ზედა ზღვრად შეიძლება ჩაითვალოს და წარმოდგენას გვიქმნის შესაძლო მაქსიმალურ დანახარჯებზე.
გაკეთდა დაშვება, რომ ტრენინგის ხარჯების 50% გაღება ხდება დონორების მიერ.
ცხრილი 2 ტრენინგის ხარჯების მიმდინარე ღირებულება (5 წლის პერიოდი, ლარი)
ტრენინგის ხარჯების მიმდინარე ღირებულება (5 წლის) |
|
სამსახურის ხარჯები |
10,336 |
კერძო სექტორი |
93,028 |
მთლიანი სახელფასო ხარჯების მიმდინარე ღირებულება |
103,365 |
აღსანიშნავია, რომ რეფორმას დადებითი ზეგავლენა ექნება აგროდაზღვევისთვის, როგორც პროგრამულ, ასევე, შესაძლებელია მისი განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსების ჭრილში, თუ გადაწყდება უშუალოდ ამ ორგანიზაციის მიერ აქტუარული მომსახურების გამოყენება.
კანონპროექტის მიღებამ, შესაძლებელია ზოგიერთი მზღვეველისთვის გამოიწვიოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთოების მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა. ასევე, სადაზღვევო ბროკერისთვის შესაძლოა ხარჯების გაზრდა, მათ შორის სამსახურის მიერ ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში. ამ პროექტის განხილვის მომენტისთვის უკვე ამოქმედებულია „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის N646 დადგენილება „პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, რომლებიც აწესებენ მთელ რიგ ვალდებულებებს ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით და მათი მოქმედება ვრცელდება მათ შორის სადაზღვევო ორგანიზაციებზე. ამდენად, აღნიშნული სუბიექტების მიერ უკვე განსაზღვრულია შესაბამისი ბიუჯეტი და ღონისძიებები ამ მოთხოვნების შესრულების მიზნით. სამსახურისთვის ამ უფლებამოსილების მინიჭებით და შემდგომ მის მიერ რეკომენდაციის გამოცემა თუ მოთხოვნების დაწესება, დაზღვევის სფეროდან გამომდინარე სპეციფიურ გარემოებებზე მითითებით, არ წარმოშობს დამატებით ისეთი ვალდებულებების დაკისრებას ამ სუბიექტებისთვის, რამაც შეიძლება განაპირობოს მათ მიერ დამატებითი ხარჯების გაწევა და ბიუჯეტის გაზრდა.
2019 წლის 30 ოქტომბრის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანხმად, საზედამხედველო ორგანო ვალდებულია განსაზღვროს და ამ კანონის ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევისას ანგარიშვალდებული პირის მიმართ განახორციელოს სათანადო საზედამხედველო ღონისძიებები. შესაბამისი დარღვევების დისპოზიციური ნორმები გაწერილია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის N02 ბრძანებით დამტკიცებულ „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესში“ (ახალი AML/CTF კანონიდან გამომდინარე ცვლილებები შეტანილ იქნა 2020 წლის 30 დეკემბერს). ამდენად, მოცემული ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და ითვალისწინებს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას და არ იწვევს ცვლილებებს პირებსა თუ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
რაც შეეხება სადაზღვევო ბროკერებზე სანქციის შემოღების საკითხს, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2019 წლის 30 ოქტომბრიდან სადაზღვევო ბროკერები განისაზღვრნენ ანგარიშვალდებულ პირებად და ექვემდებარებიან AML/CTF ზედამხედველობას.
რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, მოცემული კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში, საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურს მიენიჭება უფლებამოსილება სადაზღვევო ბროკერების მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, მათ მიმართ გამოიყენოს ფინანსური ჯარიმები, რომელთა დისპოზიციურ ნორმებს და ოდენობას დაადგენს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით – ბრძანებით.
სადაზღვევო ბროკერების შესამოწმებლად და საზედამხედველო ღონისძიების, მათ შორის ფულადი ჯარიმის, დაკისრება-აღსრულების მიზნით, ზედამხედველობის სამსახურს დამატებითი რესურსი არ დასჭირდება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
მოცემული კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში, საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურს მიენიჭება უფლებამოსილება სადაზღვევო ბროკერების მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, მათ მიმართ გამოიყენოს ფინანსური ჯარიმები, რომელთა დისპოზიციურ ნორმებს და ოდენობას დაადგენს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით – ბრძანებით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
აქტუარების ნაწილში, საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრს ქვეყანას, ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს კანონმდებლობის შესაბამისობა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებთან. ამ ვალდებულების შესრულებას მონიტორინგს უწევს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი (MONEYVAL), რომლის საშემფასებლო მისია საქართველოს 2019 წლის ნოემბრის თვეში ესტუმრა.
FATF-ის 26-ე რეკომენდაცია ითვალისწინებს ქვეყნების ვალდებულებას უზრუნველყონ ეფექტური ზედამხედველობა ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მხრივ, რისთვისაც აუცილებელია დაცულ იქნას FATF-ის ორმოცივე რეკომენდაცია. ხოლო 35-ე რეკომენდაცია ითვალისწინებს ქვეყნის მიერ ისეთი სანქციების სისტემის არსებობას, რომელსაც ექნება ეფექტური, შემაკავებელი და პროპორციული სახე.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ცვლილება ეხმიანება 2014 წლის სექტემბრის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამაში მოცემულ რეკომენდაციას (FSAP) (დაზღვევის სექტორი, დანართი „A”) და სამსახურის ფინანსურ დამოუკიდებლობასთან ერთად წარმოადგენს მის სრულ იმპლემენტაციას.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
აქტუარის სადაზღვევო საქმიანობის პროცესში ჩართულობის საკითხი ფართოდ დანერგილია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში (ზოგიერთ ქვეყნაში სპეციალური აქტუარული საქმიანობის დამატებითი სარეგლამენტაციო ბაზაც კი არსებობს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ მოწინავე ეკონომიკის ქვეყნებში, სადაც განვითარებულია გრძელვადიანი, დაგროვებითი დაზღვევის სახეობები). წარმოდგენილი პროექტი არ ასახავს ევროკავშირში დანერგილ სტანდარტს, რადგან ამ ეტაპისთვის არ არის სათანადო მზაობა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი კუთხით, თუმცა მოცემულ პროექტზე მუშაობისას გაზიარებულ იქნა ზოგადი მიდგომები როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების (ყველა მათგანში სტანდარტი იდენტურია), ასევე მეზობელი ქვეყნების გამოცდილებაც. მოცემული საკითხი, როგორც ზემოთ აღინიშნა წარმოადგენს პირველ ეტაპს ამ მიმართულებით, რომელმაც საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს ევროპულ სტანდარტთან, რაზეც სამსახური მუშაობს ევროკავშირის დახმარების პროექტის ფარგლებში (საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა – TWINNING).
სადაზღვევო ორგანიზაციების ინფორმაციული სისტემების მიმართ საზედამხედველო მოთხოვნები დაწესებულია გერმანიაში. გერმანიის დაზღვევის ზედამხედველობის აქტი ითვალისწინებს ზედამხედველობას მზღვეველის მართვის სისტემაზე და მასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ რესურსებზე. აქტის საფუძველზე გერმანიის ზედამხედველობის განმახორციელებელ სამსახურს გამოცემული აქვს ,,საზედამხედველო მოთხოვნები მზღვეველების ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართ“. გერმანიასა და ირლანდიაში გათვალისწინებულია სპეციალური მოთხოვნების დაწესება სხვადასხვა აქტებით (ასევე, გამოცემულია რეკომენდაციები) ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციის აუთსორსინგისა და ამ მიმართულებით დადებული ხელშეკრულებების მიმართ. 2016 წელს ირლანდიის ცენტრალურ ბანკს, რომელიც ახორციელებს დაზღვევის სექტორის ზედამხედველობას, გამოცემული აქვს ინდუსტრიული სახელმძღვანელო ინფორმაციული ტექნოლოგიების და კიბერუსაფრთხოების რისკების შესახებ. სადაზღვევო პროდუქტების ელექტრონულ ვაჭრობაში გარკვეული საზედამხედველო მოთხოვნების დაწესების კუთხით, კანადაში ,,მზღვეველების აქტის“ საფუძველზე გამოცემულია ,,რეგულაცია ალტერნატული დისტრიბუციის მეთოდებთან დაკავშირებით“, რომლითაც დაწესებულია მოთხოვნები, როგორც ზოგადად სადაზღვევო პროდუქტების ელექტრონულად გაყიდვების ასევე, პროცესის ცალკეული სტადიების მიმართ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დოკუმენტის კომენტარები