სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 393
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.017633
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
393
30/11/2022
ვებგვერდი, 01/12/2022
040030000.22.033.017633
სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/12/2022 - 04/05/2023)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №393

2022 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესი.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი



დანართი

 

სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის – საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომში – საბაჟო დეპარტამენტი) თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალურ წესსა და პირობებს (მათ შორის, თანამშრომელთა წახალისების ფორმებსა და საფუძვლებს).

2. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომითი ურთიერთობები რეგულირდება ამ წესით დადგენილი ნორმებით, ხოლო ის საკითხები, რომლებსაც არ არეგულირებს წინამდებარე წესი, რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსით, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად.

3. საბაჟო დეპარტამენტში სამსახურს გადის:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის საშტატო თანამდებობაზე დანიშნული – საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი;

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;

გ) სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საბაჟო დეპარტამენტის დროებით არმყოფი თანამშრომლის შემცვლელად დანიშნული პირი.

მუხლი 2. საშტატო ნუსხა და საშტატო თანამდებობა

სამსახურის საშტატო ნუსხაში – საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის საშტატო ერთეულს, თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, მიეთითება „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდება (შემდგომ – სპეციალური წოდება), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საშტატო ერთეული ასევე ითვალისწინებს წოდების არმქონე პირის დანიშვნას, დამატებით მიეთითება – სამოქალაქო პირი.

მუხლი 3. სამსახურის გავლის პრინციპები

ეს წესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციით, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს შრომის კოდექსითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინებით.

 

თავი II. კონკურსი და სტაჟირება

მუხლი 4. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები

1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საბაჟო დეპარტამენტში შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იცის სახელმწიფო ენა;

ბ) მიაღწია 18 წლის ასაკს.

2. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლად არ მიიღება:

ა) ნასამართლევი პირი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა;

გ) პირი, რომელიც სხვა სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისთვის და დისციპლინური გადაცდომისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;

დ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი;

ე) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ვ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ზ) პირი, რომელმაც საბაჟო დეპარტამენტში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები.

3. საბაჟო დეპარტამენტში სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნამდე, სამსახურს წარედგინება:

ა) თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადება;

ბ) CV (სადაც მითითებული იქნება მონაცემები საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილების შესახებ);

გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);

ე) სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

ზ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

თ) ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა;

ი) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;

კ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ლ) ფოტოსურათი, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.

მუხლი 5. სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისათვის ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესითა და თანამდებობის სპეციფიკისა და დადგენილი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით.

მუხლი 6. სპეციალური წოდების მქონე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის ზღვრული ასაკი

1. სპეციალური წოდების მქონე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდება 65 წლის მიღწევის გამო.

2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, სპეციალური წოდების მქონე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს გაუგრძელოს სამსახურის ზღვრული ასაკი, ან იგი საბაჟო დეპარტამენტში მიიღოს სამოქალაქო პირად ან შრომითი ხელშეკრულებით.

მუხლი 7. სამსახურის ვადა

1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საბაჟო დეპარტამენტში პირი ინიშნება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. განსაზღვრული ვადით მიიღება:

ა) გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი;

ბ) სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საბაჟო დეპარტამენტის დროებით არმყოფი თანამშრომლის შემცვლელი – ამ თანამშრომლის სამსახურში გასვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;

გ) თანამშრომელი, რომელიც დროებით ასრულებს საბაჟო დეპარტამენტში სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე არმყოფი სხვა თანამშრომლის ფუნქციებს (შემცვლელი).

მუხლი 8. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა

1. საბაჟო დეპარტამენტში სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე პირი ინიშნება კონკურსის წესით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე ამ წესის მე-13 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საბაჟო დეპარტამენტში სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე პირის კონკურსის წესით დანიშვნა ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით.

3. საბაჟო დეპარტამენტში სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე პირი უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნოს:

ა) კარიერული განვითარების შემთხვევაში;

ბ) ჰორიზონტალური გადაყვანის შემთხვევაში;

გ) დროებით არმყოფი თანამშრომლის შემცვლელად დანიშვნის შემთხვევაში;

დ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.

4. საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე პირი შესაძლებელია დაინიშნოს:

ა) ღია კონკურსის წესით;

ბ) კარიერული განვითარების შემთხვევაში;

გ) ჰორიზონტალური გადაყვანის შემთხვევაში;

დ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით.

მუხლი 9. გამოსაცდელი ვადა

1. პირი საბაჟო დეპარტამენტში ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე უნდა მოხდეს გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგის შეფასება. შეფასების აქტი დგება წერილობითი ფორმით, უშუალო უფროსის მიერ და დაერთვება პირის პირად საქმეს.

3. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

4. გამოსაცდელ ვადაში არ ჩაითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზით გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება საერთო შრომით სტაჟში.

მუხლი 10. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის ფიცი

1. საბაჟო დეპარტამენტში სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული პირი უფლებამოსილ თანამდებობის პირს წარუდგენს შემდეგი შინაარსის ფიცს: „შეგნებული მაქვს საბაჟო დეპარტამენტში ჩემთვის დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა და ვაცხადებ, რომ ერთგულად ვემსახურები ხალხსა და სახელმწიფოს, დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, კანონებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს, პატივს ვცემ საჯარო ინტერესებს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად აღვასრულებ ჩემს მოვალეობებს.“.

2. ფიცის ტექსტს ხელს აწერს საბაჟო დეპარტამენტში სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული პირი და უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

3. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის ფიცი ინახება მის პირად საქმეში.

მუხლი 11. სტაჟირება

საბაჟო დეპარტამენტში სტაჟიორის მიღება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.

 

თავი III. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები

მუხლი 12. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის უფლება-მოვალეობები და შეზღუდვები

1. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ასევე სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

2. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელზე ვრცელდება სამსახურის შინაგანაწესითა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული შეზღუდვები.

მუხლი 13. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის გადაყვანა

დასაშვებია საბაჟო დეპარტამენტში სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული თანამშრომლის გადაყვანა:

ა) იმავე თანამდებობის შესაბამის სხვა თანამდებობაზე (ჰორიზონტალური გადაყვანა);

ბ) დაბალი თანამდებობიდან მაღალ თანამდებობაზე (კარიერული განვითარება).

მუხლი 14. სამსახურებრივი გადაყვანის სხვა შემთხვევები

1. საბაჟო დეპარტამენტში სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული თანამშრომლის გადაყვანა დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელებისას;

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო დასკვნის შესაბამისად;

დ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დასაბუთებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

2. დაუშვებელია საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის გადაყვანა იმ თანამდებობაზე, რომელიც ფუნქციურად არ შეესაბამება მის კომპეტენციას.

მუხლი 15. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება

1. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და, შესაბამისად, სამსახურის გათავისუფლებას ამავე თანამშრომლის სამუშაოთი უზრუნველყოფის მოვალეობისაგან.

2. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობები ჩერდება სამსახურის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მუხლი 16. სპეციალური წოდება

საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის სპეციალური წოდების მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 17. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები

საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) საფუძვლებია:

ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა – გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მეორე დღიდან;

ე) სამსახურის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების, ასევე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეში დარღვევა;

ვ) სამსახურის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების სისტემატური დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულია შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

ზ) გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის არადამაკმაყოფილებელი შედეგით შეფასება;

თ) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;

ი) თანამშრომლის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობა/ზედიზედ ორჯერ არადამაკმაყოფილებელი შედეგით შეფასება;

კ) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;

ლ) შრომითი ურთიერთობის ვადის გასვლა;

მ) სამსახურის ლიკვიდაცია ან/და მისი საჯარო სამსახურთან/სახელმწიფო სამსახურთან შერწყმა;

ნ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება (გარდა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა), აგრეთვე ასეთი შემოწმებისთვის თავის არიდება;

ო) სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების თაობაზე, რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;

პ) ფსიქიკური სნეულებით დაავადების ფაქტის დადასტურება;

 ჟ) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა;

რ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლა;

ს) შემთხვევა, როდესაც დარღვეულია საბაჟო დეპარტამენტში მიღებისთვის ამ წესით დადგენილი მოთხოვნები (რასაც საფუძვლად უდევს დანიშნული პირის უკანონო ქმედება) ან თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

ტ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა;

უ) თანამდებობის საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;

ფ) გარდაცვალება;

ქ) სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის გათავისუფლებას.

მუხლი 18. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების წესი

1. ამ წესის მე-17 მუხლის „ბ“ – „ვ“, „თ“ – „მ“ და „უ“ – „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურიდან თავისუფლდება საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლითა და სამსახურის შინაგანაწესით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.

2. ამ წესის მე-17 მუხლის „ა“, „ზ“, „ნ“ – „პ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სამსახურებრივი ურთიერთობა შეწყვეტილად ითვლება სამსახურისათვის შესაბამისი ფაქტის დადასტურებულად ცნობის მეორე დღეს.

3. სპეციალური წოდების მქონე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი ზღვრული ასაკის მიღწევის გამო (ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა) სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი ასაკის დადგომიდან მეორე დღეს.

4. სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელი, მისივე თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდეს წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, თუ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნული პირისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესაძლებლობას.

5. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურიდან თავისუფლდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის/სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

მუხლი 19. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის მოვალეობის შესრულება

1. სამსახურის უფროსს შეუძლია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე:

ა) გადაუნაწილოს საბაჟო დეპარტამენტის არმყოფი თანამშრომლის მოვალეობები/ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები სხვა თანამშრომელს/თანამშრომლებს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე;

ბ) დააკისროს საბაჟო დეპარტამენტის არმყოფი თანამშრომლის მოვალეობები/ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები სხვა თანამშრომელს/თანამშრომლებს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლებით.

2. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით დაკისრებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დასკვნით.

3. იმ თანამშრომელს:

ა) რომელსაც დაკისრებული აქვს დროებით არმყოფი თანამშრომლის მოვალეობის შესრულება, ამ მოვალეობას ასრულებს თანამშრომლის არყოფნის ვადით;

ბ) რომელსაც დაკისრებული აქვს ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, ამ მოვალეობას ასრულებს არაუმეტეს 1 წლის ვადით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სამსახურის უფროსს, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია თანამშრომელს დროებით (არაუმეტეს 1 წლის ვადით) დაავალოს ცალკეული ფუნქციების შესრულება სამსახურის/საბაჟო დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ერთეულში/ქვედანაყოფში ან კონკრეტული პროექტის ფარგლებში და გაათავისუფლოს იგი მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისაგან.

მუხლი 20. თანამდებობიდან დროებით გადაყენება

1. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ხელმძღვანელი პირის ბრძანებით შესაძლებელია საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო (რომელიც გამორიცხავს დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას), სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სასამართლოს განჩინება საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

2. თანამდებობიდან გადაყენებული თანამშრომელი, გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში, აღნიშნულ პირს უნაზღაურდება იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მას უფლება აქვს, უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენაზე/დანიშვნაზე.

3. თანამდებობიდან გადაყენებულ თანამშრომელს ჩამოერთმევა სამსახურის კუთვნილი ყველა მატერიალური სიკეთე. თანამდებობიდან გადაყენების მთელი პერიოდის განმავლობაში პირს ეკრძალება სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ტარება და საბაჟო დეპარტამენტის სახელით საქმიანობა.

მუხლი 21. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული შემოწმება

სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, სამსახურის გავლის სხვადასხვა ეტაპზე (მათ შორის, სპეციალური წოდებების მინიჭებისას) განახორციელოს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პერიოდული ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული შემოწმებები და შესაბამისი ფაქტების დადასტურების (გარდა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ ნარკოტიკული საშუალების სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა), აგრეთვე ნარკოლოგიური ან ფსიქიატრიული შემოწმებებისთვის თავის არიდების შემთხვევებში გაატაროს სამსახურის შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები.

მუხლი 22. სამუშაო დროის ხანგრძლივობა

საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამუშაო დროის ხანგრძლივობა და სამუშაო რეჟიმი განისაზღვრება სამსახურის შინაგანაწესით.

მუხლი 23. შვებულება

1. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის არანაკლებ 24 სამუშაო დღე.

2. შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ. წლის ბოლოს აღებული შვებულება შესაძლებელია გაგრძელდეს მომდევნო წელს. მომდევნო წელს გაგრძელებული შვებულება ჩაითვლება წინა წლის შვებულებად ამ პუნქტით გათვალისწინებული შვებულების ხანგრძლივობის ფარგლებში.

3. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არაუმეტეს ერთი კალენდარული წლისა (თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამსახურის ინტერესებს), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს შვებულების უფლება წარმოეშობა საბაჟო დეპარტამენტში მიღებიდან/დანიშვნიდან 11 თვის შემდეგ. უშუალო უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ამ უფლებით სარგებლობა აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

6. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია შვებულების შეწყვეტა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში გამოძახება.

მუხლი 24. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს ამ წესის, სამსახურის შინაგანაწესის, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსისა და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა.

2. დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ გამოიყენება სამსახურის შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. ასევე შესაძლებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ იქნეს სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითებაც.

მუხლი 25. წახალისების ფორმები

დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისათვის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის წასახალისებლად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ) 10 კალენდარული დღის ოდენობით დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა;

დ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ე) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

ვ) უმაღლეს სპეციალურ წოდებაზე წარდგენა;

ზ) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

მუხლი 26. წახალისების საფუძველი

1. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს შეიძლება განესაზღვროს წახალისების ერთი ან ერთდროულად რამდენიმე ფორმა.

2. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისათვის წახალისების ფორმის გამოყენების უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრს/სამსახურის უფროსს. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენების შესახებ მოტივირებული წინადადებების შეტანის უფლება აქვს თანამშრომლის უშუალო უფროსს ან მის შემცვლელს.

მუხლი 27. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შეფასება

საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის საქმიანობის შეფასება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული შეფასების წესის შესაბამისად.