დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქონლის შეკვეთით და მყიდველის სახლში მიტანით გაყიდვის წესების დამტკიცების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 127/58 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 19/12/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 19/12/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების
სამინისტროს ერთობლივი
ბრძანება №№127 / 58
1996 წლის 19 დეკემბერი
თბილისი
„საქონლის შეკვეთით და მყიდველის სახლში მიტანით გაყიდვის
წესების დამტკიცების შესახებ“
I. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე წესები შემუშავებულია საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ შესაბამისად და არეგულირებს ურთიერთობას მყიდველსა და გამყიდველს შორის საქონლის შეკვეთით და მყიდველის სახლში გაყიდვის შემთხვევაში, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე.
1.2. წესები ხელს უწყობს მოსახლეობის მომსახურების გაუმჯობესებას გაყიდვის სხვადასხვა ფორმების გამოყენების გზით, საქონლის სახლში მიტანით მომსახურების გაწევას.
1.3. მყიდველის სახლში მიტანით და შეკვეთით გასაყიდი საქონლის ასორტიმენტი დგინდება გამყიდველის მიერ.
1.4. გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მყიდველი თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი ინფორმაციით გასაწევი მომსახურების ჩამონათვალზე და მათ ტარიფებზე; შეკვეთების მიღების და გაცემის დროზე; გასაყიდი საქონლის ასორტიმენტსა და ფასებზე; მომხმარებლისათვის საქონლის სახლში მიტანის რეჟიმზე; საქონლის სამომხმარებლო თვისებებზე და დამამზადებლებზე.
1.5. საქონლის გაცემა შეკვეთით და მყიდველის სახლში მიტანით ხდება შეფუთული სახით.
შეფუთვის ღირებულება (ქაღალდი, პერგამენტი, პაკეტი), რომლის გარეშეც საქონელი არ შეიძლება გაიყიდოს სავაჭრო საწარმოს მიერ, შედის საქონლის ღირებულებაში.
გამყიდველს შეუძლია მყიდველს გაუწიოს დამატებითი მომსახურება საქონლის სპეციალურ შეფუთვაზე, შეკვეთების დაკომპლექტებაზე (ნაკრები), სასაჩუქრო გაფორმებაზე, მათ სახლში მიტანაზე.
1.6. გადასახადი შეკვეთის შესრულებაზე, მყიდველისათვის საქონლის სახლში მიტანაზე, აგრეთვე დამატებითი მომსახურების გაწევაზე, დგინდება გამყიდველის მიერ და შედის შეკვეთის საფასურში.
1.7. სასურსათო საქონლის გაყიდვა უნდა ხორციელდებოდეს დადგენილი სანიტარიული წესების დაცვით. საქონლის შეფუთვა და მათი მიტანის საშუალებები უნდა პასუხობდნენ მითითებული წესების მოთხოვნებს და უზრუნველყოფდნენ საქონლის ვარგისიანობის შენარჩუნებას.
1.8. წესები მყიდველთათვის ინფორმირების მიზნით უნდა განთავსდეს საწარმოს სავაჭრო დარბაზში თვალსაჩინო ადგილას, სადაც ხორციელდება საქონლის გაყიდვა შეკვეთით და მყიდველის სახლში მიტანით.
1.9. საქონლის გაყიდვა შეკვეთით და მყიდველის სახლში მიტანით ხორციელდება აგრეთვე ცალკეული სახის სასურსათო და არასასურსათო საქონლის გაყიდვის წესების დაცვით.
II. საქონლის გაყიდვის წესები მყიდველთა შეკვეთით
2.1. საქონლის გაყიდვა მყიდველთა შეკვეთით შეუძლია აწარმოოს როგორც სპეციალიზებულმა სავაჭრო საწარმოებმა (შეკვეთების მაღაზიების), ისე საერთო პროფილის სავაჭრო საწარმოებმა შეკვეთების სექციებში.
2.2. საქონელზე შეკვეთები მიიღება ყველა მოქალაქისაგან გამყიდველის მიერ დადგენილი საერთო წესის საფუძველზე (უშუალოდ სავაჭრო საწარმოებში, ტელეფონით, მოქალაქეთა სამუშაო ადგილზე საწარმოებში, ორგანიზაციებში, დაწესებულებებში, სახლში მიტანით).
2.3. შეკვეთის მიღების და გაცემის დროს ადგენს გამყიდველი. შეკვეთის მიტანა მყიდველის სახლში ხორციელდება მყიდველთან შეთანხმებულ დროს. შეძენილ საქონელზე გადახდის ფორმა (ნაღდი ან უნაღდო წესით) განისაზღვრება მყიდველსა და გამყიდველს შორის შეთანხმებით.
2.4. შეკვეთა ფორმდება შეკვეთის ბლანკზე (ორ ეგზემპლარად), რომელშიც მითითებულია გამყიდველი ორგანიზაციის დასახელება, საქონლის სახეობა, მისი ფასი, რაოდენობა, საქონლის საერთო ღირებულება, დამატებითი მომსახურების ღირებულება, თარიღი (დრო) შეკვეთის შესრულებისა. შეკვეთის ბლანკის პირველი ეგზემპლარი გადაეცემა მყიდველს. თუ მოხდა წინასწარი გადახდა, შეკვეთის ბლანკზე კეთდება სპეციალური აღნიშვნა. არასასურსათო საქონელზე მყიდველისათვის აგრეთვე გამოიწერება სავაჭრო ქვითარი ყველა აუცილებელი რეკვიზიტის მითითებით.
სავაჭრო საწარმოების მიერ გაცემული შეკვეთით არსებულ საქონელზე მყიდველთან ანგარიშსწორება ხორციელდება საკონტროლო საკასო მანქანებით.
2.5. სახლში შეკვეთის საფასურის გადახდისას, რომელიც მიღებულია ტელეფონით, მყიდველს მიეცემა შეკვეთის ბლანკის პირველი ეგზემპლარი გადახდის აღნიშვნით, იმ პირის ხელის მოწერით, რომელიც უფლებამოსილია გამყიდველის მიერ. შეკვეთის შესრულების თარიღის (დროის) აღნიშვნით.
2.6. მყიდველზე შეკვეთის გადაცემისას გამყიდველი უზრუნველყოფს შემოწმებას შეკვეთილ საქონელზე.
2.7. მიღებული შეკვეთის შესრულებისას გამყიდველს არა აქვს უფლება შეიტანოს ცვლილებები საქონლის ასორტიმენტში მყიდველთან შეუთანხმებლად. გამყიდველი ვალდებულია რომელიმე შეკვეთილი საქონლის არქონის შემთხევაში გააფრთხილოს მყიდველი და შესთავაზოს სხვა შესაბამისი სახის საქონელი.
2.8. მყიდველს, რომელმაც წინასწარ გადაიხადა შეკვეთის თანხა, მაგრამ არ მიიღო შეკვეთა დადგენილ დროში ან უარი თქვა სახლში შეკვეთის მიღებაზე, უბრუნდება მის მიერ გადახდილი საქონლის საფასური.
2.9. შეკვეთები, რომლებიც არ იქნა მოწონებული მყიდველთა მიერ ან დაბრუნებული იქნა მყიდველისთვის არადროული მიტანის გამო, გამოიყენება გამყიდველის შეხედულებისამებრ.
III. საქონლის მყიდველთა სახლში მიტანით გაყიდვის წესები
3.1. გამყიდველი, არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, განსაზღვრავს ტერიტორიას, რომელზეც განახორციელებს საქონლის სახლში მიტანით გაყიდვას.
3.2. საქონელი, რომლის გაყიდვაც ხდება სახლში მიტანით, უნდა იყოს წინასწარ გახსნილი და შეფუთული. გადახდა ხდება ნაღდი ფორმით მყიდველზე გადაცემის დროს.
3.3. მყიდველის სახლში მიტანით გაყიდულ საქონელზე, გამყიდველის მიერ რწმუნებული პირი გამოწერს სასაქონლო ქვითარს (ორ ეგზემპლარად), რომელშიც მითითებულია გამყიდველი ორგანიზაციის დასახელება, გაყიდვის თარიღი, საქონლის სახეობა, ფასი, სასყიდლის საერთო ღირებულება. სასაქონლო ქვითრის პირველი ეგზემპლარი გადახდის აღნიშვნით და გამყიდველის მიერ რწმუნებული პირის ხელმოწერით გადაეცემა მყიდველს.
IV. გამყიდველის პასუხისმგებლობა
4.1. გამყიდველი პასუხს აგებს გასაყიდი საქონლის ხარისხზე „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4.2. მომხმარებლისათვის ნაკლოვანების მქონე სასურსათო საქონლის მიყიდვის შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია შეცვალოს იგი ხარისხიანი საქონლით ან დაუბრუნოს მყიდველს გადახდილი თანხა, თუ ნაკლოვანებები აღმოჩენილია ვარგისიანობის დადგენილ ვადაში.
4.3. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველის მიერ არ არის მითითებული ნაკლოვანებები არასასურსათო საქონელზე, მყიდველს უფლება აქვს მისი არჩევით მოითხოვოს:
ნაკლოვანებების უსასყიდლოდ აღმოფხვრა ან დანახარჯის ანაზღაურება ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, რომელსაც მოახდენს მყიდველი ან მესამე პირი;
საქონლის ფასის შესაბამისი შემცირება;
შეცვლა ანალოგიური არტიკულის (მოდელის) საქონელზე; შეცვლა სხვა არტიკულის (მოდელის) იგივე საქონელზე შესასყიდი ფასის გადაანგარიშებით;
ხელშეკრულების გაუქმება და ზარალის ანაზღაურება.
მითითებული მოთხოვნებზე მყიდველს უფლება აქვს, თუ ნაკლოვანებები აღმოჩენილია საქონლის საგარანტიო ვადის პერიოდში, ხოლო საქონელზე, რომელზეც არ არის დადგენილი საგარანტიო ვადები _ საქონლის მიყიდვიდან 6 თვის განმავლობაში.
4.4. მყიდველის მოთხოვნები განიხილება მის მიერ შეკვეთის ბლანკის ან საკასო ქვითარის წარდგენისას.
4.5. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველის მიერ შეკვეთის გაცემა არ მოხდა დადგენილ ვადაში, მყიდველს უფლება აქვს თავისი არჩევანით:
დანიშნოს შეკვეთის შესრულების ახალი ვადა;
მოითხოვოს მომსახურებაზე გადასახადის შემცირება;
გააუქმოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება.
4.6. შეკვეთის შესრულებაზე დადგენილი ვადის, აგრეთვე მყიდველის მიერ დანიშნული ახალი ვადის დარღვევის შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია გადაუხადოს მყიდველს პირგასამტეხლო - ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით.
4.7. გაწეულ მომსახურებაში ნაკლოვანებების აღმოჩენის შემთხვევაში მყიდველს უფლება აქვს თავისი არჩევანით მოითხოვოს:
ნაკლოვანებების უსასყიდლოდ აღმოფხვრა გაწეული მომსახურებაში;
გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისი შემცირება;
მყიდველს აგრეთვე უფლება აქვს დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება, თუ დადგენილ დროში გაწეულ მომსახურებაში ნაკლოვანებები არ იქნა გამოსწორებული გამყიდველის მიერ.
4.8. მყიდველის მიერ აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის, დანიშნული ვადის დარღვევისას, გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით.
4.9. წინამდებარე წესების დაცვაზე კონტროლს ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
ვ. პაპავა
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი
კ. ზალდასტანიშვილი
დოკუმენტის კომენტარები