პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ

პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/426
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 05/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 310060000.22.024.016766
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/426
05/10/2022
ვებგვერდი, 06/10/2022
310060000.22.024.016766
პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (06/10/2022 - 07/02/2023)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/426

2022 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 84 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესი“ (შემდგომში – წესი).
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

2. ამ ბრძანების დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან;

ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 დეკემბრიდან.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი



პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი ადგენს სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული პირების სწავლების, სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესებს და პირობებს.

2. პირს სასწავლო ცენტრის სტატუსს ანიჭებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კომისია – სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც საქმიანობას ახორციელებს სააგენტოს მიერ დამტკიცებული რეგლამენტით და რომლის გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტო ახორციელებს სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებას, განახლებას, შეჩერებას და გაუქმებას;

ბ) სერტიფიკატი – სასწავლო ცენტრის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის ფორმას ამტკიცდებს სააგენტოს დირექტორი;

გ) სასწავლო ცენტრი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასწავლო ცენტრის სტატუსი და ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული პირების სწავლებას;

დ) დაინტერესებული პირი – პირი, რომელსაც სურს სასწავლო ცენტრის სტატუსის მიღება;

ე) IRU – საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირი.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. სასწავლო ცენტრის საქმიანობა

1. სასწავლო ცენტრი ახორციელებს ფიზიკურ პირთა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. სწავლება იწყება თეორიული კურსით.

2. სასწავლო ცენტრი, სწავლების (თეორიული ან/და პრაქტიკული ნაწილი) დასრულების შემდეგ გასცემს სწავლების წარმატებით გავლის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს.

3. სასწავლო ცენტრი ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი სასწავლო-სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის ელექტრონულად), რომელშიც აღირიცხება პირის სასწავლო ცენტრში რეგისტრაციის, სწავლების კურსის, სწავლების საათების ოდენობის, სასწავლო კურსის გავლის/შეწყვეტის/დასრულებისა და შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ის გაცემის შესახებ ინფორმაცია. სასწავლო-სააღრიცხვო დოკუმენტაცია სასწავლო ცენტრში ინახება არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.

4. სასწავლო ცენტრმა შესაძლებელია განახორციელოს დისტანციური თეორიული სწავლება, რისთვისაც ის ვალდებულია, უზრუნველყოს სწავლების სათანადოდ დაგეგმვა, სწავლების ორგანიზების და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტი არ ვრცელდება სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლების და სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის სპეციალურ სწავლებებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მხოლოდ აუდიტორიაში პირთა უშუალოდ დასწრებით.

6. დაუშვებელია სასწავლო ცენტრმა პირს უთხრას უარი ამ წესით გათვალისწინებულ სწავლებაზე, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 4. ტექნიკური მოთხოვნები სასწავლო ცენტრის მიმართ

1. სასწავლო ცენტრს უნდა გააჩნდეს:

ა) მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული პროგრამით გათვალისწინებული სწავლების განხორციელების საშუალებას, კერძოდ:

ა.ა) შესაბამისი სწავლებისთვის განკუთვნილი სათანადო ინვენტარი;

ა.ბ) სასწავლო პროგრამით დასახული მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;

ბ) ფლობს სასწავლო აუდიტორიას/აუდიტორიებს, სადაც შესაძლებელია არანაკლებ 30 ფიზიკური პირისთვის სწავლების ჩატარება;

გ) ელექტროენერგიის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების შესაძლებლობა, სველი წერტილ(ებ)ი, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები;

დ) ერთმანეთისგან გამიჯნული ადმინისტრაციული სივრცე და სასწავლო აუდიტორია;

ე) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები;

ვ) თვალსაჩინო ადგილას განთავსებული ევაკუაციის გეგმა;

ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის პრაქტიკული სწავლების შემთხვევაში, დახურული მოედანი ან ავტოდრომი და შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

2. სასწავლო ცენტრის ერთ სასწავლო აუდიტორიაში, თეორიული სწავლების კურსს ერთდროულად შეიძლება ესწრებოდეს არაუმეტეს 30 ფიზიკური პირი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ვრცელდება მხოლოდ მძღოლის პროფესიული კომპეტენციის (სრული კურსი) მიმართულებაზე სტატუსის მქონე სასწავლო ცენტრზე და ამავე სტატუსის მინიჭების მსურველ დაინტერესებულ პირზე.

4. ამ მუხლის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სასწავლო ცენტრის ყველა ის ადგილმდებარეობა, სადაც ტარდება სწავლება.

მუხლი 5. სასწავლო ცენტრის საქმიანობისათვის საჭირო ადამიანური რესურსი

1. სასწავლო ცენტრი უფლებამოსილია ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმიანობის მოცულობიდან და მოსამზადებელი კონტინგენტის რაოდენობიდან გამომდინარე განსაზღვროს დასაქმებულ პირთა რაოდენობა, მათი ფუნქცია-მოვალეობები, ამოცანები და პასუხისმგებლობა.

2. სასწავლო ცენტრს უნდა ჰყავდეს დასაქმებული არანაკლებ 3 ინსტრუქტორი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

3. სასწავლო ცენტრში ინსტრუქტორის საქმიანობას ახორციელებს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, რაც დასტურდება შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დიპლომით ან სხვა დოკუმენტით;

ბ) აქვს საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ იმ მიმართულებებზე, რომლის სწავლებასაც ახორციელებს/განახორციელებს ან მიღებული აქვს IRU-ს შესაბამისი აკრედიტაცია;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის პრაქტიკული სწავლების შემთხვევაში – არანაკლებ 5 წლისა, მინიჭებული აქვს იმ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რომელი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლთა სწავლებასაც ახორციელებს და ამ დროისთვის არ აქვს შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

დ) არ არის ნასამართლევი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისათვის.

4. სასწავლო ცენტრში არ შეიძლება დასაქმდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც სასამართლომ ჩამოართვა ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.

მუხლი 6. სტატუსის მინიჭება

1. სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირისათვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭება ხდება 3 წლის ვადით შემდეგ სასწავლო მიმართულებებზე:

ა) ციფრული ტაქოგრაფის შესახებ სწავლება;

ბ) ტრანსპორტის მენეჯერის პროფესიული კომპეტენციის სწავლება;

გ) მძღოლის პროფესიული კომპეტენციის სწავლება:

გ.ა) სრული კურსი;

გ.ბ) შემოკლებული კურსი;

გ.გ) პერიოდული გადამზადების კურსი;

დ) სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლების სპეციალური სწავლება:

დ.ა) საბაზო მომზადება;

დ.ბ) ცისტერნებით გადაზიდვის მომზადების სპეციალიზებული კურსი;

დ.გ) პირველი კლასის ნივთიერებათა და ნაკეთობათა გადაზიდვის სპეციალური კურსი;

დ.დ) მე-7 კლასის რადიოაქტიური მასალის გადაზიდვის სპეციალური კურსი;

ე) სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის სპეციალური სწავლება.

2. სააგენტოს მხრიდან დაინტერესებული პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭება ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებებზე ცალ-ცალკე.

3. დაინტერესებული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებებზე სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისათვის სააგენტოს მიმართავს განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ინფორმაციას სწავლებასთან დაკავშირებული შესაბამისი პროგრამის, საგნების ჩამონათვალის, სასწავლო გეგმის, სწავლების მეთოდიკის და სასწავლო მასალის (წიგნები, (დამხმარე ლიტერატურა), სქემები, სურათები და აუდიოვიზუალური საშუალებები, სიმულატორები და ა.შ.) შესახებ;

ბ) ინფორმაციას ინსტრუქტორების ვინაობის, კვალიფიკაციისა და სპეციალიზაციის შესახებ;

გ) ინსტრუქტორების ნასამართლეობის შესახებ შესაბამისი უწყების მიერ გაცემულ ცნობას;

დ) ინფორმაცია იმ ადგილდებარეობ(ებ)ის შესახებ (ქალაქი, ქუჩის დასახელება და შესაბამისი ნომერი), სადაც ჩატარდება სწავლება;

ე) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ვ) სწავლების პირობებს;

ზ) დახურული მოედნის ან ავტოდრომის პირდაპირი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

თ) შესაბამისი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ი) შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ვრცელდება მხოლოდ იმ დაინტერესებულ პირებზე, რომელთაც სურთ მიენიჭოთ მძღოლის პროფესიული კომპეტენციის სწავლების (სრული კურსი) მიმართულების სტატუსი.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას, განცხადების მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს კომისია.

6. კომისია, დაინტერესებული პირის ამ წესით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილებას აფორმებს ოქმის სახით.

7. დაინტერესებულ პირზე სააგენტო გასცემს სასწავლო ცენტრის მინიჭების დამადასტურებელ სერტიფიკატს, კომისიის მიერ, შესაბამისი სასწავლო მიმართულების მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილების თაობაზე ოქმის შედგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

8. სააგენტო აწარმოებს რეესტრს, რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია სერტიფიცირებული სასწავლო ცენტრ(ებ)ის შესახებ.

9. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, სასწავლო ცენტრი ვალდებულია დაუყოვნებლივ (ცვლილებიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში) აცნობოს ინფორმაცია სააგენტოს და წარუდგენოს შესაბამისი დოკუმენტები.

მუხლი 7. სტატუსის შეჩერება და გაუქმება

1. სააგენტო, სასწავლო ცენტრს შეუჩერებს სტატუსს არაუმეტეს 6 თვის ვადით:

ა) თუ სასწავლო ცენტრში შემოწმების შედეგად გამოვლინდა დარღვევები ამ წესით ან „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემდეგ მოთხოვნებთან დაკავშირებით:

ა.ა) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მიმართ;

ა.ბ) ადამიანური რესურსის მიმართ;

ა.გ) „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 84 მუხლის მე-5 პუნქტის შემთხვევაში;

ბ) სასწავლო ცენტრის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში.

2. სააგენტო, სასწავლო ცენტრს განუახლებს სტატუსს:

ა) სტატუსის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, რაც დასტურდება სააგენტოს მიერ;

ბ) სასწავლო ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, თუ სტატუსი შეჩერებულია სასწავლო ცენტრის მოთხოვნით.

3. სასწავლო ცენტრის სტატუსის გაუქმების საფუძველია:

ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სტატუსის შეჩერების მიზეზის გამოუსწორებლობა;

ბ) სტატუსის აღდგენიდან 12 თვის განმავლობაში კვლავ დადგინდა იგივე მიზეზი, რომლის საფუძველზეც სასწავლო ცენტრს ჰქონდა შეჩერებული სტატუსი;

გ) სასწავლო ცენტრი სწავლებას ახორციელებდა სტატუსის შეჩერების პერიოდში;

დ) სასწავლო ცენტრის მოთხოვნის შემთხვევა;

ე) თუ სასწავლო ცენტრს საკუთარი მოთხოვნით 6 თვეზე მეტი ხნით აქვს სტატუსი შეჩერებული.

4. სააგენტო უფლებამოსილია, სასწავლო ცენტრის სტატუსის გაუქმებიდან არაუადრეს 6 თვისა, განმეორებით მიანიჭოს სასწავლო ცენტრს სტატუსი ამ წესის შესაბამისად.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევის დადგომიდან 20 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო, კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო ცენტრისთვის სტატუსის შეჩერების (შესაბამისი ვადის მითითებით), განახლების ან გაუქმების შესახებ.

6. კომისია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას აფორმებს ოქმის სახით.

7. სასწავლო ცენტრის სტატუსის შეჩერება ან გაუქმება არ გამოიწვევს ამ სასწავლო ცენტრის სხვა მიმართულებაზე არსებულ სტატუსის შეჩერებას ან გაუქმებას, თუ სასწავლო ცენტრი ამ სტატუსის მიმართ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მუხლი 8. სასწავლო ცენტრის კონტროლი

1. სააგენტოს მიერ სასწავლო ცენტრების მიმართ ხორციელდება კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. კონტროლის მიზანია:

ა) სასწავლო ცენტრების მიერ გამოყენებული რესურსების, პროგრამების და სწავლების სისტემების ეფექტურობის უზრუნველყოფა;

ბ) ამ წესით დადგენილი პირობების და მოთხოვნების დაცვა.

3. კონტროლის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია ჩაატაროს სასწავლო ცენტრის შემოწმება.