დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/07/1991 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 0, 31/07/1991 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/1995 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
(ძალადაკარგულია - 28.10.1994, №578)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ
კანონი "სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ" განსაზღვრავს სამეწარმეო საქმიანობის ეკონომიკურ, სოციალურ, ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, იგი არეგულირებს საწარმოთა ეკონომიკურ ურთიერთობებს, უზრუნველყოფს მათ თავისთავადობას და დამოუკიდებლობას, აწესებს სამეწარმეო საქმიანობის პროცესის მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.
კანონი მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ვრცელდება მეწარმეობის ყველა სუბიექტზე. კანონი არ გამოიყენება იმ მოქალაქეებისა და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც ეწევიან არაკომერციულ საქმიანობას.
კარი 1
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. მეწარმეობა
მეწარმეობა არის ცალკეული მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირების და მათი
გაერთიანებების ინიციატივაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს მატერიალური დოვლათის, ინტელექტუალური ფასეულობების, ფასიანი მომსახურების ან სხვა სამუშაოების წარმოებასა და რეალიზაციას და ამის საფუძველზე მოგების (შემოსავლის) მიღებას.
მეწარმეობა საქართველოს რესპუბლიკაში წარიმართება საერთო ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკური ძლიერებისა და ეროვნული სიმდიდრის ზრდისათვის, ეკონომიკური და სოციალური სამართლიანობის, ეკოლოგიური უსაფრთხოების პრინციპების სრული დაცვით.
მუხლი 2. მეწარმე
მეწარმე შეიძლება იყოს: საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი და უცხოეთის სახელმწიფო მოქალაქე, რომელიც დამოუკიდებლად წარმართავს თავის სამეურნეო საქმიანობას საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
მოქალაქეთა გაერთიანებები, კოლექტიური მეწარმეები (პარტნიორები);
სამეწარმეო საქმიანობას შეიძლება ეწეოდეს უშუალოდ მესაკუთრე ან სუბიექტი, რომელსაც საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად მესაკუთრის მიერ დადგენილ ფარგლებში ქონება გადაეცემა სრულ სამეურნეო გამგებლობაში.
საწარმოს იჯარით გადაცემის შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულების პერიოდში მეწარმის უფლებით სარგებლობს მოიჯარე.
მეწარმის სტატუსი მიიღება ამ კანონით დადგენილი წესით ინდივიდუალური შრომითი საქმიანობის ან საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის შედეგად. მეწარმეობა რეგისტრაციის გარეშე აკრძალულია. მეწარმეობა შეიძლება განხორციელდეს როგორც იურიდიული პირის შექმნით, ასევე მის გარეშე.
მეწარმის სტატუსი საქართველოს რესპუბლიკაში შეუთავსებელია მოგების (შემოსავლის) მიღების მიზნით ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო, ანტიჰუმანურ დანაშაულებრივ საქმიანობასთან.
მეწარმეს, განურჩევლად მისი იურიდიული სტატუსისა, უფლება აქვს ჰქონდეს ბეჭედი, გახსნას ანგარიშსწორების და სხვა სახის ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში.
მეწარმე საწარმოზე საკუთრების უფლებას იძენს საწარმოს შექმნით, ყიდვით ან სხვა სამოქალაქო გარიგებით.
მუხლი 3. საწარმო
საწარმო არის გარკვეული სახის პროდუქციის წარმოების, სამუშაოთა შესრულების და მომსახურების გაწევის მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი სამეურნეო ერთეული.
საწარმო შეიძლება ფუნქციონირებდეს ამ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, რომელსაც იგი ნებაყოფლობით ირჩევს.
საწარმო ეკონომიკურად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია. იგი მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის, თავისი წესდების, დამფუძნებლებს შორის დადებული ხელშეკრულების და მის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა საფუძველზე.
საწარმო, განურჩევლად მისი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ექვემდებარება ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირებას საგადასახადო, საბიუჯეტო, საკრედიტო და სხვა ეკონომიკური ბერკეტების მეშვეობით.
მუხლი 4. საწარმოს მესაკუთრენი
„საქართველოს რესპუბლიკაში საკუთრების შესახებ" კანონის შესაბამისად რესპუბლიკაში შეიძლება შეიქმნას და მოქმედებდეს კერძო, კოლექტიური და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოები.
საქართველოს რესპუბლიკაში საწარმოს მესაკუთრენი შეიძლება იყვნენ:
საქართველოს რესპუბლიკა, მის შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, უცხოეთის სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს რესპუბლიკის და საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები.
კარი II
მეწარმის უფლება-მოვალეობანი, პასუხისმგებლობა და გარანტიები
მუხლი 5. მეწარმის უფლებები
მეწარმეს უფლება აქვს:
დაიწყოს და წარმართოს სამეწარმეო საქმიანობა ინდივიდუალური შრომითი საქმიანობით, საწარმოს დაფუძნებით, ყიდვით ან გარდაქმნით, აგრეთვე მესაკუთრესთან ხელშეკრულების გაფორმებით;
განახორციელოს ყოველგვარი სამეურნეო საქმიანობა, თუ იგი არ არის აკრძალული საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით;
სახელშეკრულებო საწყისებზე მოიზიდოს და გამოიყენოს ფინანსური სახსრები, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები, ცალკეულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და ქონებრივი უფლებები;
გახსნას ანგარიშსწორების და სხვა სახის ანგარიშები საბანკო (მათ შორის საზღვარგარეთის) დაწესებულებებში;
დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი საქმიანობის მიმართულებები, აირჩიოს მომწოდებლები და მომხმარებლები, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვროს საკუთარი პროდუქციის, მომსახურებისა და სამუშაოების ფასები;
განახორციელოს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები;
დამოუკიდებლად მართოს საწარმო;
გამოიყენოს დაქირავებულ მუშაკთა შრომა მათთან ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე;
განაგოს საწარმოს მოგება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის, ხელშეკრულებებისა და საწარმოს წესდებათა მოთხოვნების შესაბამისად;
ისარგებლოს სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის, სამედიცინო და სოციალური დაზღვევის სისტემების მომსახურებით;
შექმნას მეწარმეთა გაერთიანებები და კავშირები; შევიდეს მეწარმეთა გაერთიანებებში და კავშირებში;
იყოს მოპასუხე და მოსარჩლე სასამართლოში (მათ შორის საარბიტრაჟო და სამედიატორო სასამართლოში);
მეწარმეს შეიძლება ჰქონდეს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით
გათვალისწინებული სხვა უფლებები.
მუხლი 6. მეწარმის მოვალეობანი
მეწარმე მოვალეა:
შეასრულოს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობიდან და მის მიერ დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები;
შეასრულოს საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება სამეწარმეო საქმიანობის რეგულირებას;
დაიცვას რესპუბლიკის ინტერესები საგარეო-ეკონომიკური გარიგებების დროს, უცხოური ინვესტიციების და სხვა რესურსების გამოყენებისას;
საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, დამოუკიდებლად ან საწარმოს სახელით დადოს შრომითი ხელშეკრულება დაქირავებულ მოქალაქესთან ან მოქალაქეთა მიერ უფლებამოსილ ორგანოსთან;
დადებული ხელშეკრულების თანახმად გაასწოროს ანგარიში საწარმოს ყველა მუშაკთან მიუხედავად საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა;
განახორციელოს დაქირავებული მოქალაქეების სოციალური, სამედიცინო და აუცილებელი დაზღვევის სხვა სახეები, უზრუნველყოს მათი შრომითი საქმიანობისათვის აუცილებელი ყველა პირობა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობისა და დადებულ ხელშეკრულებათა მოთხოვნების შესაბამისად;
შეასრულოს ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებანი ინვალიდების და შეზღუდული შრომის უნარის მქონე სხვა პირების სოციალური დაცვისათვის;
დროულად წარადგინოს დეკლარაცია შემოსავლების შესახებ და გადაიხადოს გადასახადები საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
გადახდისუუნარობის შემთხვევაში სათანადო ორგანოების წინაშე აღძრას შუამდგომლობა მისი გაკოტრებულად ცნობისათვის.
მუხლი 7. მეწარმის პასუხისმგებლობა
საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე პასუხს აგებს:
დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულებისათვის;
სხვა სუბიექტების მიმართ ქონებრივი უფლებების დარღვევისათვის;
გარემოს დაბინძურებისათვის;
სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევისათვის;
ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისათვის;
მომხმარებლის ინტერესების შელახვისათვის;
საქონლის არასწორი მარკირებისათვის, სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების დარღვევისათვის;
სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების, ეროვნული ფასეულობების ისტორიული და კულტურული ძეგლების დაზიანებისა და განადგურებისათვის;
ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების განაშენიანებისა და ესთეტიკური მოთხოვნების დარღვევისათვის;
შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობისათვის;
მის მიერ წარმოებული და რეალიზებული პროდუქციით მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისათვის.
მეწარმეს საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შესაბამისად კრედიტორების წინაშე ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე მეწარმე პასუხისმგებელია საწარმოს ქონების მესაკუთრის წინაშე მათ შორის დადებული ხელშეკრულების (კონტრაქტის) შესაბამისად.
მეწარმეს შეიძლება ჩამოერთვას სამეწარმეო საქმიანობის უფლება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 8. სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვები
მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებს ეძლევათ უფლება:
აწარმოონ და გაასაღონ ნარკოტიკულ ნივთიერებათა შემცველი მედიკამენტები და პრეპარატები;
დაამზადონ და გაასაღონ იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები;
გამოუშვან ფულის ნიშნები, მონეტები და საფოსტო მარკები.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის, მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს სპეციალური ნებართვის გარეშე აკრძალულია:
წიაღისეული მადნების მოპოვება და დამუშავება;
სპორტული, სანადირო და სხვა სახის იარაღის შეკეთება;
მედიკამენტების წარმოება და რეალიზაცია;
იურიდიული პრაქტიკა;
უმავთულო კავშირგაბმულობით მომსახურება;
კინო და ვიდეო ფილმების წარმოება; ტელე-რადიო არხების შექმნა;
ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს წარმოება;
შხამქიმიკატების წარმოება;
შრომითი მოწყობის კერძო დაწესებულებების შექმნა;
ძვირფასი ლითონებისაგან ნაკეთობების წარმოება;
საგამოძიებო, საადვოკატო და დაცვითი საქმიანობა;
სასწავლო დაწესებულებების შექმნა;
სამედიცინო პრაქტიკა;
ვეტერინარული პრაქტიკა;
გასართობ და აზარტულ თამაშობათა ორგანიზაცია;
ლომბარდით მომსახურება.
მუხლი 9. მეწარმის მონაწილეობა საწარმოს მოგების განაწილებაში
ბიუჯეტთან, კრედიტორებთან ანგარიშსწორებისა და დივიდენდების გადახდის შემდეგ საწარმოს მოგება გადადის მეწარმის განკარგულებაში და დამოუკიდებლად გამოიყენება მის მიერ, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საწარმოს წესდებით.
მეწარმეს, რომელიც მუშაობს ხელშეკრულებით (კონტრაქტით), შეუძლია მიიღოს შრომის ანაზღაურება როგორც ხელფასის, ასევე საწარმოს მოგებიდან წილის სახით.
მეწარმის შრომის ანაზღაურების ფორმები, წესი და პირობები განისაზღვრება საწარმოს ქონების მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით (კონტრაქტით).
იმ შეთხვევაში, როცა მეწარმეობას ახორციელებს ამა თუ იმ ფორმის ამხანაგობა, თითოეული პარტნიორის შემოსავალი განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.
მეწარმის პირადი შემოსავალი იბეგრება საქართველოს რუსპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 10. მეწარმის გარანტიები
საქართველოში მეწარმეთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის გარანტი არის სახელმწიფო.
საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა უზრუნველყოფს მის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა მეწარმის თანაბარ უფლებებს და იძლევა ამ უფლებათა დაცვის გარანტიებს მიუხედავად მათი საქმიანობის სახისა.
მეწარმე დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. სახელმწიფოს, საზოგადოებრივი და სხვა ორგანოების ჩარევა მეწარმის საქმიანობაში დაუშვებელია, გარდა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სახელმწიფოს, სხვა ორგანოების ან მათი თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილებების ან მათ მიერ მოვალეობის არასათანადოდ შესრულების შედეგად მეწარმისადმი მიყენებულ ზარალს აანაზღაურებენ ეს ორგანოები ან მათი თანამდებობის პირები. ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს იხილავს და წყვეტს სასამართლო ან საარბიტრაჟო სასამართლო.
კარი III
საწარმოთა ფორმები და სახეები
მუხლი 11. საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები
საქართველოს რესპუბლიკაში შეიძლება მოქმედებდნენ შემდეგი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოები:
1. ინდივიდუალური საწარმო;
2. სრული სამეურნეო ამხანაგობა;
3. შერეული (კომანდიტური) სამეურნეო ამხანაგობა;
4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
5. ერთი პირის საწარმო;
6. დამატებითი პასუხისმგებლობის საზოგადოება;
7. სააქციო საზოგადოება;
8. სახელმწიფო საწარმო;
9. ადგილობრივი (მუნიციპალური) საწარმო;
10. საზოგადოებრივი ორგანიზაციის საწარმო.
საქართველოს რესპუბლიკაში შეიძლება მოქმედებდეს აგრეთვე სხვა ისეთი სახის საწარმოები (მათ შორის ერთობლივი), რომელთა შექმნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას.
რესპუბლიკაში შეიძლება შეიქმნას და ფუნქციონირებდეს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მცირე საწარმო; მცირე საწარმო სტატუსი მისი შექმნისა და მოქმედების თავისებურებანი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის შესაბამისი კანონმდებლობით.
მუხლი 12. ინდივიდუალური საწარმო
ინდივიდუალური საწარმო, რომელიც ეკუთვნის მოქალაქეს საკუთრების უფლებით ან მისი ოჯახის წევრების საერთო (წილობრივი ან ერთობლივი) საკუთრების უფლებით, თუ მათი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ინდივიდუალური საწარმოს ქონება იქმნება მოქალაქის (მისი ოჯახის) ყველა კანონიერი შემოსავლით.
ინდივიდუალური საწარმო შეიძლება შეიქმნას მოქალაქის (ოჯახის) მიერ სახელმწიფო, ადგილობრივი (მუნიციპალური) საწარმოს ან სხვა ქონების შეძენის და ახალი საწარმოს დაფუძნების გზით.
ინდივიდუალური საწარმო არ არის იურიდიული პირი. მისი ქონება განუყოფელია მეწარმის ქონებისაგან. მეწარმე საწარმოს ვალდებულებებზე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით.
ინდივიდუალურ საწარმოს აქვს საკუთარი საფირმო სახელწოდება, რომელშიც მითითებულია საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და მისი ქონების მესაკუთრის გვარი.
მუხლი 13. სრული სამეურნეო ამხანაგობა
სრული სამეურნეო ამხანაგობა წარმოადგენს ერთობლივი სამეურნეო საქმიანობისათვის რამდენიმე ფიზიკური და (ან) იურიდიული პირის გაერთიანებას ხელშეკრულების საფუძველზე.
სრული სამეურნეო ამხანაგობა არ არის იურიდიული პირი. მისი ქონება განუყოფელია ამხანაგობის ქონების წევრთა ქონებისაგან. ამხანაგობის ვალდებულებებზე მისი წევრები სოლიდარულად არიან პასუხისმგებელნი მთელი თავიანთი ქონებით.
სრული სამეურნეო ამხანაგობის ქონება იქმნება მონაწილეთა შენატანებით, მიღებული შემოსავლებით და სხვა კანონიერი წყაროებით და ეკუთვნის მის მონაწილეებს საერთო-წილობრივი საკუთრების უფლებით.
სრულ სამეურნეო ამხანაგობაში შემავალი იურიდიული პირები ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას და იურიდიული პირის უფლებებს. ამხანაგობა პასუხს არ აგებს თავისი წევრების იმ ვალდებულებებზე, რომლებიც დაკავშირებული არ არის ამხანაგობის საქმიანობასთან.
სრულ სამეურნეო ამხანაგობას აქვს საკუთარი საფირმო სახელწოდება, რომელშიც მითითებულია საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და მისი ქონების ერთი მესაკუთრის გვარი (ან სახელწოდება) მაინც.
მუხლი 14. შერეული (კომანდიტური) სამეურნეო ამხანაგობა
შერეული სამეურნეო ამხანაგობა წარმოადგენს ერთობლივი სამეურნეო საქმიანობისათვის რამდენიმე ფიზიკური და (ან) იურიდიული პირის გაერთიანებას ხელშეკრულების საფუძველზე.
შერეული სამეურნეო ამხანაგობა შედგება ნამდვილი და მეპაიე კომანდიტორი წევრებისაგან.
შერეული სამეურნეო ამხანაგობა არ არის იურიდიული პირი. ამხანაგობის ვალდებულებებზე მისი ნამდვილი წევრები სოლიდარულად არიან პასუხისმგებლები მთელი თავიანთი ქონებით, რომელიც მათი ხელშეკრულებით გადასცეს (მიანდეს) ამხანაგობას.
შერეული სამეურნეო ამხანაგობა არ არის პასუხისმგებელი მისი მეპაიე წევრების ქონების ვალდებულებებზე.
შერეული სამეურნეო ამხანაგობის შემადგენლობაში უნდა იმყოფებოდეს სულ ცოტა ერთი ნამდვილი და ერთი მეპაიე – კომანდიტორი წევრი.
შერეული სამეურნეო ამხანაგობის ქონება იქმნება მონაწილეთა შენატანებით, მიღებული შემოსავლებით, სხვა კანონიერი წყაროებით და ეკუთვნის მის მონაწილეებს საერთო-წილობრივი საკუთრების უფლებით.
შერეული სამეურნეო ამხანაგობის მონაწილე იურიდიული პირები ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას და იურიდიული პირის უფლებებს.
შერეულ სამეურნეო ამხანაგობას აქვს საკუთარი საფირმო სახელწოდება, რომელშიც მითითებულია საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და მისი ქონების სულ ცოტა ერთი ნამდვილი მესაკუთრე წევრის გვარი (ან სახელწოდება).
მუხლი 15. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობისათვის ფიზიკურ და (ან) იურიდიულ პირთა გაერთიანებას ხელშეკრულების საფუძველზე.
საზოგადოებას აქვს საწესდებო კაპიტალი, რომელიც იქმნება მხოლოდ დამფუძნებელთა საპაიო შენატანებით.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის იურიდიული პირი, მისი მონაწილეები საზოგადოების ვალდებულებებზე პასუხს აგებენ მხოლოდ საკუთარი შენატანის ფარგლებში. საზოგადოების წევრების შენატანების ერთი მესაკუთრისაგან სხვა მესაკუთრისათვის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საზოგადოების სხვა მონაწილეთა თანხმობით, საზოგადოების წესდებით დადგენილი წესით.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონება იქმნება მონაწილეთა შენატანებით, მიღებული შემოსავლებითა და სხვა კანონიერი წყაროებით და ეკუთვნის მის მონაწილეებს საერთო-წილობრივი საკუთრების უფლებით.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მონაწილე იურიდიული პირები ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას და იურიდიული პირის უფლებებს.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება პასუხს არ აგებს მისი მონაწილეების იმ ვალდებულებებზე, რომლებიც დაკავშირებული არ არის საზოგადოების საქმიანობასთან.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მოქმედებს მისი მონაწილეების მიერ დამტკიცებული საკუთარი წესდების მიხედვით, აქვს საკუთარი საფირმო სახელწოდება, რომელშიც მითითებულია საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.
მუხლი 16. ერთი პირის საწარმო
ერთი პირის საწარმო წარმოადგენს ერთი პირის მიერ შექმნილ შეზღუდული პასუხისმგებლობის ნაირსახეობას, რომლის ქონებაც მას ეკუთვნის საკუთრების უფლებით. საწარმოს აქვს საწესდებო კაპიტალი, რომელიც იქმნება დამფუძნებლის შენატანით.
ერთი პირის საწარმო შეიძლება შეიქმნას სახელმწიფო, ადგილობრივი (მუნიციპალური) საწარმოს ან სხვა ქონების შეძენის ან ახალი საწარმოს დაფუძნების გზით.
ერთი პირის საწარმო არის იურიდიული პირი. ერთი პირის საწარმოს ქონება წარმოადგენს მისი ქონების განკერძოებულ ნაწილს, რომელიც განკუთვნილია სამეწარმეო საქმიანობისათვის. საწარმოს ვალდებულებებზე იგი პასუხს აგებს საწარმოს ქონებით.
ერთი პირის საწარმო მოქმედებს საკუთარი წესდების მიხედვით, აქვს საკუთარი საფირმო სახელწოდება, რომელშიც მითითებულია საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და მისი ქონების მესაკუთრის გვარი.
მუხლი 17. დამატებითი პასუხისმგებლობის საზოგადოება
დამატებითი პასუხისმგებლობის საზოგადოება წარმოადგენს ერთობლივი სამეურნეო საქმიანობისათვის ფიზიკურ და (ან) იურიდიულ პირთა გაერთიანებას ხელშეკრულების საფუძველზე. საზოგადოებას აქვს საწესდებო კაპიტალი, რომელიც იქმნება მხოლოდ დამფუძნებელთა საპაიო შენატანებით.
დამატებითი პასუხისმგებელი საზოგადოება არის იურიდიული პირი, მისი მონაწილეები საზოგადოების ვალდებულებებზე პასუხს აგებენ მათ განკარგულებაში არსებული მთელი შენატანებით და თუ ეს საკმარისი არ არის, საზოგადოების წევრები პასუხს აგებენ საკუთარი ქონებით მათი საპაიო შენატანების პროპორციულად. საზოგადოების შენატანების ერთი მესაკუთრისაგან სხვა მესაკუთრისათვის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საზოგადოების სხვა მონაწილეთა თანხმობით, საზოგადოების წესდებით დადგენილი წესით.
დამატებითი პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონება იქმნება მონაწილეთა შენატანებით, მიღებული შემოსავლებითა და სხვა კანონიერი წყაროებით და ეკუთვნის მის მონაწილეებს საერთო-წილობრივი საკუთრების უფლებით.
დამატებითი პასუხისმგებლობის საზოგადოების მონაწილე იურიდიული პირები ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას და იურიდიული პირის უფლებებს.
დამატებითი პასუხისმგებლობის საზოგადოება პასუხს არ აგებს მისი მონაწილეების იმ ვალდებულებებზე, რომლებიც დაკავშირებული არ არის საზოგადოების საქმიანობასთან.
დამატებითი პასუხისმგებლობის საზოგადოება მოქმედებს მისი მონაწილეების მიერ დამტკიცებული საკუთარი წესდების მიხედვით, აქვს საკუთარი საფირმო სახელწოდება, რომელშიც მითითებულია საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.
მუხლი 18. სააქციო საზოგადოება
სააქციო საზოგადოება წარმოადგენს ხელშეკრულების საფუძველზე ერთობლივი საქმიანობისათვის ფიზიკური და (ან) იურიდიული პირების გაერთიანებას, რომელთაც აქვთ აქციებად დაყოფილი საწესდებო კაპიტალი.
სააქციო საზოგადოები ქონება იქმნება მონაწილეთა შენატანებით, აქციების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლებით და სხვა კანონიერი წყაროებით. აქციების თავისუფალი გაყიდვა ნებადართულია და იგი შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი პირობებით.
სააქციო საზოგადოება არის იურიდიული პირი. მისი მონაწილეები სააქციო საზოგადოების ვალდებულებებზე პასუხს აგებენ მხოლოდ საკუთარი შენატანების (მათი კუთვნილი აქციების პაკეტის) ფარგლებში.
სააქციო საზოგადოება პასუხს არ აგებს მასში მონაწილე აქციონერების ქონებრივ ვალდებულებებზე.
სააქციო საზოგადოება მოქმედებს მისი მონაწილეების მიერ დამტკიცებული საკუთარი წესდების საფუძველზე. აქვს საკუთარი საფირმო სახელწოდება, რომელშიც მითითებულია საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.
სააქციო საზოგადოების მონაწილე იურიდიული პირები ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას და იურიდიული პირის უფლებებს.
მუხლი 19. სახელმწიფო საწარმო
სახელმწიფო საწარმოს აფუძნებს საქართველოს რესპუბლიკის და მასში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო მმართველობის ორგანო, რომელიც უფლებამოსილია მართოს სახელმწიფო ქონება.
სახელმწიფო საწარმოს ქონება, აგრეთვე სახელმწიფოს შენატანები სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოთა ქონებაში იქმნება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტით, ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ბიუჯეტებით, სხვა სახელმწიფო საწარმოების შენატანებით, სახელმწიფოს განკარგულებაში არსებული ყველა კანონიერი შემოსავლით. აღნიშნული ქონება საწარმოს გადაეცემა სრულ სამეურნეო გამგებლობაში.
სახელმწიფო საწარმო არის იურიდიული პირი. იგი თავის ვალდებულებებზე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. სახელმწიფო პასუხს არ აგებს სახელმწიფო საწარმოს ვალდებულებებზე, სახელმწიფო საწარმო კი – სახელმწიფოს ვალდებულებებზე.
სახელმწიფო საწარმოს აქვს საკუთარი საფირმო სახელწოდება, რომელშიც მითითებულია საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.
მუხლი 20. ადგილობრივი (მუნიციპალური) საწარმო
ადგილობრივ საწარმოს აფუძნებს ადგილობრივი მმართველობის ორგანო. ადგილობრივი საწარმოს ქონება, აგრეთვე ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შენატანები სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოთა ქონებაში იქმნება ადგილობრივი ბიუჯეტის, სხვა ადგილობრივი საწარმოების სახსრებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ყველა კანონიერი შემოსავლის ხარჯზე აღნიშნული ქონება საწარმოს გადაეცემა სრულ სამეურნეო გამგებლობაში.
ადგილობრივი საწარმო არის იურიდიული პირი. იგი საკუთარ ვალდებულებებზე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. ადგილობრივი (მუნიციპალური) საწარმო პასუხს არ აგებს ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებებზე, ხოლო ეს უკანასკნელი - ადგილობრივი საწარმოების ვალდებულებებზე.
მუნიციპალურ საწარმოს აქვს საკუთარი სახელწოდება, რომელშიც მითითებულია საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.
მუხლი 21. საზოგადოებრივი ორგანიზაციის საწარმო
საზოგადოებრივი ორგანიზაციის საწარმოს აფუძნებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია(ამ ორგანიზაციის მმართველობის ორგანო).
იგი იქმნება საზოგადოებრივი ორგანიზაციის ქონებით, რომელიც მას გადაეცემა სრულ სამეურნეო გამგებლობაში.
საზოგადოებრივი ორგანიზაციის საწარმო არის იურიდიული პირი და საკუთარ ვალდებულებებზე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. საწარმო პასუხს არ აგებს საზოგადოებრივი ორგანიზაციის ვალდებულებებზე, ხოლო ეს უკანასკნელი კი – საწარმოს ვალდებულებებზე.
საზოგადოებრივი ორგანიზაციის საწარმოს აქვს საკუთარი საფირმო სახელწოდება, რომელშიც მითითებულია საწარმოს ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმა.
მუხლი 22. ქვესაწარმოები, ფილიალები და წარმომადგენლები
საწარმოს შეუძლია შექმნას ქვესაწარმოები იურიდიული პირის უფლებით, აგრეთვე ფილიალები, წარმომადგენლობები, განყოფილებები და სხვა სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები, მოქმედებენ საწარმოს მინდობილობით და უფლება აქვთ გახსნან ანგარიშსწორებისა და მიმდინარე ანგარიშები.
ქვესაწარმოები მოქმედებენ დამფუძნებელი საწარმოს მიერ დამტკიცებული წესდების საფუძველზე, ხოლო ფილიალები, წარმომადგენლობები და სხვა სტრუქტურული ერთეულები - საწარმოს მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.
ქვესაწარმოები, ფილიალები, წარმომადგენლობები და სხვა სტრუქტურული ერთეულები იქმნება იმ წესების მიხედვით, რომლებიც გამოიყენება საწარმოების შექმნისა და რეგისტრაციისათვის.
მუხლი 23. საწარმოთა გაერთიანებები
საწარმოები შეიძლება გაერთიანდნენ კავშირებში, ასოციაციებში, კონცერნებში, დარგთაშორის, რეგიონალურ და სხვა სახის გაერთიანებებში. გაერთიანებები იქმნება ნებაყოფლობითი ხელშეკრულების საფუძველზე ურთიერთშორის საქმიანობის კოორდინაციის გაუმჯობესების, მათი უფლებების დაცვის, საწარმოთა სამეურნეო, სამეცნიერო - ტექნიკური და სოციალური შესაძლებლობების გაფართოების მიზნით. დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით გაერთიანებებს შეიძლება გადაეცეთ ცალკეული საწარმო-სამეურნეო და სხვა ფუნქციები.
გაერთიანება არის იურიდიული პირი. მასში შემავალი საწარმოები ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას და იურიდიული პირის უფლებებს. გაერთიანებათა მმართველ ორგანოებს არ გააჩნიათ განმკარგულებელი ძალაუფლება იმ საწარმოთა მიმართ, რომლებიც შედიან გაერთიანებებში და ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს საწარმოებთან ხელშეკრულების საფუძველზე.
გაერთიანებები იქმნება:
საწარმოთა გაერთიანებებში ნებაყოფლობითი შესვლისა და გაერთიანების წესდებით განსაზღვრული წესით იქიდან გამოსვლის საფუძველზე.
ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის საფუძველზე;
გაერთიანების ორგანიზაციული ფორმის თავისუფალი არჩევანის საფუძველზე.
ცალკეული სახის გაერთიანებების არსი და სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით.
გაერთიანებას აქვს საკუთარი სახელწოდება, რომელშიც მითითებულია მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. იგი მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის, გაერთიანების წესდების და დამფუძნებელთა ხელშეკრულების საფუძველზე.
გაერთიანებათა შექმნა, რეგისტრაცია და ლიკვიდაცია ხდება ამ კანონის მიხედვით, საწარმოთათვის დადგენილი წესით.
კარი IV
საწარმოთა საქმიანობის საფუძვლები
მუხლი 24. საწარმოთა საქმიანობის სფერო
საწარმოს შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი სამეურნეო საქმიანობა, რომელიც არ არის შეზღუდული ამ ან სხვა კანონით, საწარმოს წესდებით, მისი შექმნის შესახებ ხელშეკრულებით, რომელიმე სხვა დამფუძნებელი დოკუმენტით, ან არ არის აკრძალული სხვა წესით.
ზოგიერთი სახის სამეურნეო საქმიანობას, რომელთა ნუსხასაც განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა, საწარმო შეიძლება ეწეოდეს მხოლოდ სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) მიღების შემთხვევაში.
ლიცენზიის მიღების წესს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოთა ფიზიკურ, იურიდიულ პირთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ნებისმიერი სამეურნეო საქმიანობისათვის აუცილებელია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ნებართვა. ასეთი ნებართვა არ მოეთხოვებათ სხვა სახელმწიფოების იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი შეიძინონ აქციები სააქციო საზოგადოებებისაგან.
მუხლი 25. საწარმოს საქმიანობის საწარმოო პროგრამა
საწარმო დამოუკიდებლად ადგენს თავისი საქმიანობის საწარმოო პროგრამას და განსაზღვრავს განვითარების პერსპექტივებს. სახელმწიფო (ადგილობრივი მართველობის) ორგანოებთან აუცილებელ შეთანხმებას მოითხოვს იმ ღონისძიებათა გეგმაში შეტანა, რომელთა განხორციელებამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ეკოლოგიური, სოციალური, დემოგრაფიული ან სხვა შედეგები იმ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის, სადაც საწარმო იმყოფება.
მუხლი 26. ფასები და ფასწარმოქმნა
საკუთარი პროდუქციის, შესრულებული სამუშაოების, გაწეული მომსახურების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების და წარმოების ნარჩენების რეალიზაციას საწარმო ახდენს დამოუკიდებლად განსაზღვრული ფასებითა და ტარიფებით ან სახელშეკრულებო ფასებით, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სახელმწიფო ფასებით.
სახელმწიფოს უფლება აქვს არეგულიროს ფასები ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შესაბამისად.
იმ პროდუქციისა და რესურსების ნუსხას, რომლებზეც ვრცელდება ფასების სახელმწიფო რეგულირება, განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
მუხლი 27. საფინანსო და საკრედიტო ურთიერთობანი
საწარმოს ფინანსური რესურსების შექმნის წყაროებია: მოგება, ამორტიზაციის ანარიცხები; შემოსავლები ფასიანი ქაღალდების რეალიზაციიდან; შრომითი კოლექტივის წევრების, სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საპაიო ან სხვა შენატანები, აგრეთვე სხვა შემოსულობანი.
საწარმო სარგებლობს ბანკის კრედიტით კომერციულ საფუძველზე. საწარმომ ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება კრედიტი მიიღოს აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან. მას უფლება აქვს გახსნას საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები ნებისმიერ ბანკში, სხვა საწარმოებთან და ორგანიზაციებთან აწარმოოს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორება. ნაღდი ანგარიშსწორება სხვადასხვა იურიდიულ პირებთან ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ საანგარიშგებო და საკასო ოპერაციების ჩატარებისათვის დადგენილი წესით.
საწარმო, რომელიც ვერ ასრულებს თავის საანგარიშგებო მოვალეობას, შეიძლება გამოცხადდეს გადახდისუუნაროდ (გაკოტრებულად) საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 28. საწარმოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობა
საწარმო დამოუკიდებლად ახორციელებს საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. ამ საქმიანობის შედეგად მიღებული სავალუტო ამონაგები ჩაირიცხება საწარმოს სავალუტო ანგარიშზე. სავალუტო მოგებიდან საწარმო იხდის დაწესებულ გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტში. დარჩენილი სავალუტო მოგება საწარმოს საკუთრებაა და გამოიყენება მისი შეხედულებისამებრ. სახელმწიფო ბიუჯეტში სავალუტო მოგებიდან გადარიცხვების განაკვეთების რეგულირება ხდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ამტკიცებს იმ პროდუქციის ნუსხას, რომლის ექსპორტზეც წესდება სახელმწიფო მონოპოლია.
საწარმოს უფლება აქვს ისარგებლოს საზღვარგარეთის ბანკების კრედიტით, აგრეთვე კომერციული კრედიტით უცხოურ ვალუტაზე, შეისყიდოს ვალუტა ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან აუქციონებზე და სავალუტო ბირჟებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 29. შრომითი ურთიერთობანი საწარმოში
დაქირავების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი შრომითი ურთიერთობანი რეგულირდება ამ კანონით და საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონმდებლობით.
ამხანაგობის წევრობაზე დამყარებული შრომითი ურთიერთობანი რეგულირდება საწარმოს დამფუძნებელი დოკუმენტებით და საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო კანონმდებლობით. თითოეული მუშაკის შრომითი შემოსავალი განისაზღვრება საწარმოს საქმიანობის საბოლოო შედეგებში მისი შრომითი წვლილის შესაბამისად. შემოსავლების მაქსიმალური სიდიდე განსაზღვრული არ არის.
შრომითი ანაზღაურების ფორმებს, სისტემებსა და ოდენობას, აგრეთვე შემოსავლების სხვა სახეებს საწარმო განსაზღვრავს დამოუკიდებლად.
მეწარმე, მიუხედავად საწარმოს საკუთრების სახისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი შრომის ანაზღაურების მინიმუმი, შექმნას შრომისათვის აუცილებელი პირობები და განახორციელოს მუშაკთა სოციალური დაცვა.
მუხლი 30. საწარმოს სოციალური საქმიანობა
საწარმო საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოფს თავისი მუშაკების სოციალური გარანტიების დაცვას. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს თავისი მუშაკებისათვის შრომის უსაფრთხო პირობები. იგი დადგენილი წესით პასუხს აგებს მათი ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობისათვის მიყენებული ზიანის გამო.
საწარმოს შეუძლია თავის მუშაკებს დამოუკიდებლად მისცეს დამატებითი შვებულება, დაუწესოს შემოკლებული სამუშაო დღე და სხვა შეღავათები.
მუხლი 31. საწარმოს საქმიანობის აღრიცხვა და ანგარიშგება, კომერციული საიდუმლოება და საქმიანობისადმი კონტროლი
საწარმო ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვა და ანგარიშგება სახელმწიფო მმართველობის შესაბამისი ორგანოების მიერ დადგენილი წესით. სტატისტიკური ანგარიშგებით გაუთვალისწინებელი მონაცემები საწარმოების მიერ შეიძლება გაცემულ იქნეს ხელშეკრულების საფუძველზე ან იმ ორგანოთა მოთხოვნით, რომელთაც კანონმდებლობით უფლება აქვთ გააკონტროლონ საწარმოთა საქმიანობის ცალკეული სფერო.
საწარმო აქვეყნებს თავისი საქმიანობის შესახებ მონაცემებს წლიური ბალანსის ჩათვლით საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სახელმწიფო ანგარიშგების დამახინჯებისათვის საწარმოს ან თანამდებობის პირებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრებათ ადმინისტრაციული, მატერიალური და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
საწარმოს კომერციული საიდუმლოებაა წარმოებასთან, ტექნიკურ ინფორმაციასთან, მართვასთან, ფინანსურ და სხვა სახის საქმიანობასთან დაკავშირებული ის მონაცემები, რომელთა გამოქვეყნებაც ზიანს მიაყენებს საწარმოს ინტერესებს.
იმ მონაცემების გამოყენებისა და დაცვის წესს, რომლებიც წარმოადგენენ საწარმოოს კომერციულ საიდუმლოებას, განსაზღვრავს მეწარმე.
საწარმოთა საქმიანობის იმ სახეების ნუსხას, რომლთა შესახებ მონაცემები არ შეიძლება იყოს კომერციული საიდუმლოება, განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დგინდება პასუხისმგებლობა საწარმოს კომერციული საიდუმლოების გამჟღავნებისათვის ან მისი შენახვის წესის დარღვევისათვის.
საწარმოს სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის რევიზია ტარდება წელიწადში ერთხელ მესაკუთრის ინიციატივით.
საწარმოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას ამოწმებს საგადასახადო სამსახური, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მისი შემოწმების შედეგების საფუძველზე – სამართალდამცავი ორგანოები. საწარმოს საქმიანობის ცალკეულ მხარეებს ამოწმებენ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. შემოწმებათა შედეგები ეცნობება საწარმოს.
საწარმოს უფლება აქვს არ შეასრულოს ამ ორგანოთა მოთხოვნა საკითხებზე, რომლებიც არ შედის მათ კომპეტენციაში და არ გააცნოს მათი მასალები, რომლებიც არ ეხება კონტროლის საგანს.
მუხლი 32. საწარმოთა პასუხისმგებლობა
სახელშეკრულებო, საკრედიტო, საანგარიშგებო და საგადასახადო ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის, ისეთი საქონლის რეალიზაციისათვის, რომელთა გამოყენებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, ასევე სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი სხვა წესების დარღვევისათვის საწარმო პასუხს აგებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
საწარმო ვალდებულია აანაზღაუროს მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსების არარაციონალური გამოყენებით, გარემოს დაბინძურებით, წარმოების უსაფრთხოების წესებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით გამოწვეული ყოველგვარი ზარალი.
კარი V. საწარმოს მართვა
მუხლი 33. საწარმოს მართვის საფუძვლები
საწარმოს მართვა ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობისა და საწარმოს წესდების საფუძველზე. საწარმო დამოუკიდებლად განსაზღვრავს მართვის ორგანოების სტრუქტურას და მათ შესანახ ხარჯებს.
მესაკუთრე თავის უფლებას წარმოების მართვის სფეროში ახორციელებს უშუალოდ ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოების (ცალკეული პირების) მეშვეობით.
მესაკუთრეს ან მის მიერ უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მოახდინოს წარმოების მართვის უფლების სრული ან ნაწილობრივი დელეგირება საწარმოს მართვის იმ უმაღლესი ორგანოსადმი, რომელიც გათვალისწინებულია მის წესდებაში (საბჭო, გამგეობა და ა.შ.).
ცალკეული სახის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოთა მართვა ხორციელდება საწარმოს წესდებით და საქართველოს რესპუბლიკის შესაბამისი კანონმდებლობით.
მუხლი 34. საწარმოს ხელმძღვანელი
საწარმოს ხელმძღვანელის დაქირავება (დანიშვნა, არჩევა) წარმოადგენს მესაკუთრის უფლებას. ამ უფლების რეალიზაციას იგი ახდენს უშუალოდ, აგრეთვე მის მიერ უფლებამოსილი იმ ორგანოების მეშვეობით, რომელთაც დელეგირებული აქვთ საწარმოს მართვის უფლება.
სხვადასხვა დამფუძნებლის მიერ შექმნილი საწარმოს ხელმძღვანელის დაქირავება (დანიშვნა, არჩევა) ხდება დამფუძნებელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, საწარმოს ქონებაში მათი წილობრივი მონაწილეობის გათვალისწინებით.
საწარმოს ხელმძღვანელის დაქირავების (დანიშვნის, არჩევის) დროს მასთან იდება ხელშეკრულება (კონტრაქტი), სადაც მას განესაზღვრება უფლება-მოვალეობანი, პასუხისმგებლობა ქონების მესაკუთრისა და საწარმოს მუშაკთა მიმართ, შრომის ანაზღაურების პირობები, კონტრაქტის ვადა, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების პირობები.
საწარმოს ხელმძღვანელი მინდობილობის გარეშე მოქმედებს საწარმოს სახელით, წარმოადგენს მის ინტერესებს, განაგებს ქონებას, დებს ხელშეკრულებებს (მათ შორის შრომითს), გასცემს მინდობილობებს, ხნის ბანკებში საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, სარგებლობს საწარმოს სახსრების განკარგვის უფლებით, ამტკიცებს შტატებს, გამოსცემს ბრძანებებს, რომელთა შესრულება აუცილებელია საწარმოს ყველა მუშაკისათვის.
კარი VI. საწარმოს შექმნისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის ზოგადი პირობები
მუხლი 35. საწარმოს შექმნის წესი
საწარმო შეიძლება შეიქმნას ქონების მესაკუთრის (მესაკუთრეების), მის მიერ უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვეტილებით, აგრეთვე საქართველოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მოთხოვნათა გამო საწარმოთა იძულებითი გაყოფის გზით.
საწარმოს შექმნის წესი და თანამიმდევრობა განისაზღვრება ამ კანონით, ცალკეული სახის საწარმოების შესახებ შესაბამისი კანონებითა და მათი შექმნის მარეგლამენტირებული ნორმატიული აქტებით.
მუხლი 36. საწარმოს დამფუძნებელი დოკუმენტები
საწარმოს დამფუძნებელი დოკუმენტებია წესდება და გადაწყვეტილება საწარმოს შექმნის შესახებ ან დამფუძნებელთა ხელშეკრულება.
წესდებაში მოცემულია საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, დასახელება, იურიდიული სტატუსი, ადგილმდებარეობა, საქმიანობის მიმართულებანი და საგანი, მართვის და კონტროლის ორგანოები, მოგების განაწილებისა და საწარმოს ფონდების წარმოქმნის წესი, საწარმოს რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის პირობები. სხვადასხვა სახის საწარმოთა წესდებაში შესაძლებელია სხვაგვარი მონაცემების შეტანაც. წესდებას ამტკიცებს დამფუძნებელი (დამფუძნებლები).
დამფუძნებელი დოკუმენტების შინაარსი, ფორმა და დამტკიცების წესი განისაზღვრება იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც ახდენენ ცალკეული სახის საწარმოთა შექმნის რეგლამენტაციას.
მუხლი 37. საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაცია
საწარმო დაფუძნებულად ითვლება მისი სახელმწიფო რეგისტრაციის დღიდან. არარეგისტრირებული საწარმოს საქმიანობა აკრძალულია. არარეგისტრირებული საწარმოს შემოსავალი ამოიღება სასამართლოს წესით და შეიტანება ადგილობრივ ან სახელმწიფო ბიუჯეტში.
საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციას საწარმოს ადგილმდებარეობის მიხედვით ახორციელებენ რაიონის და ქალაქის მმართველობის ორგანოები, ხოლო რაიონული დაყოფის მქონე ქალაქებში - მმართველობის რაიონული ორგანოები.
სხვადასხვა სახის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ბანკებისა და საკრედიტო დაწესებულებების რეგისტრაციას აწარმოებს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი.
იმ შემთხვევაში, თუ საწარმო იქმნება სახელმწიფო სახსრებით, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, მის რეგისტრაციას ახდენს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო.
სახელმწიფო რეგისტრაციისათვის საწარმო იხდის სარეგისტრაციო გადასახადს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ რეგისტრირებულ საწარმოებს სარეგისტრაციო გადასახადი შეაქვთ ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში - რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტში.
საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციისათვის შესაბამის ორგანოს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
დამფუძნებლის (დამფუძნებლების) განცხადება საწარმოს რეგისტრაციაში გატარების შესახებ;
საწარმოს წესდება;
გადაწყვეტილება საწარმოს შექმნის შესახებ ან დამფუძნებელთა ხელშეკრულება;
მოწმობა სარეგისტრაციო გადასახადის გადახდის შესახებ.
გადაწყვეტილება საწარმოს რეგისტრაციაში გატარების ან არგატარების შესახებ მიღებულ უნდა იქნეს ყველა საჭირო დოკუმენტის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
იმ შემთხვევაში, თუ დამფუძნებელ დოკუმენტში მოხდება ცვლილებები ან შევა დამატებები, აგრეთვე საწარმოს ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმის შეცვლის შემთხვევაში, აუცილებელია საწარმოს ხელახალი რეგისტრაცია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. საწარმოს ხელახალი რეგისტრაცია აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ იგი კანონით დადგენილი წესით გაიყიდება, გაიცემა იჯარით ან სხვა წესით გადაეცემა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ან სახელმწიფოს.
საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები რეგისტრაციაში გამტარებელმა ორგანომ ათი დღის განმავლობაში უნდა აცნობოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ უფლებამოსილ იმ ორგანოს, რომელსაც ევალება სახელმწიფო რეესტრის წარმოება.
მუხლი 38. უარი საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციაზე
საწარმოს შეიძლება უარი ეთქვას სახელმწიფო რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ დამფუძნებელი დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სხვა ნებისმიერი მოტივით რეგისტრაციაზე უარის თქმა უკანონოა.
შესაბამისი ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან სამი დღის ვადაში წერილობითი ფორმით აცნობოს საწარმოს დამფუძნებელს თავისი გადაწყვეტილება საწარმოს რეგისტრაციაში გატარების ან მასზე უარის შესახებ.
საწარმოს რეგისტრაციაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს. დამფუძნებელს შეუძლია სასამართლო წესით აინაზღაუროს ის ზარალი, რომელიც მას მიაყენა შესაბამისი ორგანოს უკანონო გადაწყვეტილებამ.
მუხლი 39. უარი საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციაზე
იმ შემთხვევაში, როცა საწარმოს საქმიანობისათვის საჭიროა მიწის ნაკვეთის ან სხვა სახის ბუნებრივი რესურსის გამოყოფა, ნებართვას გასცემს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანო.
მმართველობის აღნიშნული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მიწის ან სხვა სახის ბუნებრივი რესურსის გამოყოფის შესახებ მეწარმის განცხადების საფუძველზე. მმართველობის ეს ორგანო ვალდებულია განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში განიხილოს საკითხი მიწის ან სხვა სახის ბუნებრივი რესურსის გამოყოფის შესახებ და მიღებული გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით სამი დღის განმავლობაში აცნობოს საწარმოს დამფუძნებელს.
მმართველობის ორგანოს შეუძლია არ გასცეს მიწა ან სხვა სახის ბუნებრივი რესურსი იმ შემთხვევაში, თუ:
საწარმოს მავნე გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ბუნებაზე აღემატება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილ ეკოლოგიურ და სამედიცინო ნორმებს;
საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საწარმოს დამფუძნებელს უფლება აქვს გაასაჩივროს მმართველობის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილება მიწის ან სხვა სახის ბუნებრივი რესურსების გამოყოფაზე უარის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის ან სხვა სახის ბუნებრივი რესურსის გამოყოფიდან ერთი წლის განმავლობაში საწარმო არ იქნება რეგისტრირებული დამფუძნებლის (დამფუძნებლების) მიერ, გადაწყვეტილება კარგავს ძალას.
მუხლი 40. საწარმოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
საწარმოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს მესაკუთრის ან მისი უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით. საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ და რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს აგრეთვე სასამართლომ და საარბიტრაჟო სასამართლომ საწარმოს გაკოტრების შემთხვევაში.
საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმოს შეიძლება აეკრძალოს საქმიანობა, თუ მან განსაზღვრულ დროში ვერ უზრუნველყო ამ მოთხოვნათა დაცვა.
საწარმო ლიკვიდირებულად ან რეორგანიზებულად ითვლება სახელმწიფო რეგისტრაციის რეესტრიდან მისი ამოღების მომენტიდან.
საწარმოოს რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს საწარმოთა ურთიერთშერწყმის ან მათი გამოყოფის გზით. როგორც ურთიერთშერწყმის, ისე გამოყოფის შემთხვევაში რეორგანიზებული საწარმოს ქონებრივი უფლებები და მოვალეობები გადადის ახალშექმნილ საწარმოზე.
საწარმოს ლიკვიდაცია ხორციელდება სალიკვიდაციო კომისიის ან სხვა ორგანოს მიერ, რომელსაც ამ მიზნით ქმნის საწარმოს ქონების მესაკუთრე ან მისი რწმუნებული ორგანო. მათი გადაწყვეტილებით ლიკვიდაცია შეიძლება დაეკისროს თვით საწარმოს მართვის ორგანოსაც.
საწარმოს გაკოტრების შემთხვევაში მისი ლიკვიდაცია ხდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
სალიკვიდაციო კომისიის (ლიკვიდაციის განმახორციელებელი ორგანოს) დანიშვნის მომენტიდან საწარმო იღებს სალიკვიდაციო საწარმოს სტატუტს; საწარმოს მართვის ორგანოებს ერთმევათ უფლებამოსილება; საწარმოს მართვის ორგანოების ფუნქციებს ასრულებს სალიკვიდაციო კომისია ან ლიკვიდაციის განმახორციელებელი სხვა ორგანო; საწარმოს უფლება ეძლევა განახორციელოს მხოლოდ ისეთი გარიგებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სალიკვიდაციო საწარმოს საქმიანობის მარეგლამენტირებელ კანონებს.
მესაკუთრე, სასამართლო ან ის ორგანო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ, საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებისა და დამფუძნებელი დოკუმენტების მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ადგენს ლიკვიდაციის წესს და ვადას, რომლის ხანგრძლივობაც როგორც წესი, არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები ლიკვიდაციის შესახებ განცხადების გამოქვეყნების მომენტიდან.
სალიკვიდაციო კომისია ან სხვა ორგანო, რომელიც ახორციელებს საწარმოს ლიკვიდაციას, საწარმოს ადგილმდებარეობის მიხედვით ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აქვეყნებს განცხადებას ლიკვიდაციის და კრედიტორების პრეტენზიების წარმოდგენის ვადებისა და წესის შესახებ; სალიკვიდაციო კომისია ვალდებულია ამოიღოს საწარმოს დებიტორული დავალიანებები და გამოავლინოს კრედიტორთა პრეტენზიები; იგი აფასებს საწარმოს სახეზე არსებულ ქონებას; ახდენს ანგარიშსწორებას კრედიტორებთან; ადგენს სალიკვიდაციო ბალანსს და წარუდგენს მას მესაკუთრეს ან სალიკვიდაციო კომისიის შემქმნელ ორგანოს.
მუხლი 41. კრედიტორთა პრეტენზიების დაკმაყოფილება
კრედიტორთა პრეტენზიები სალიკვიდაციო საწარმოსადმი კმაყოფილდება ამ საწარმოს ქონებიდან, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთან, უწინარეს ყოვლისა, იფარება ვალდებულება ბიუჯეტის წინაშე.
პრეტენზიების წარმოსადგენად დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ გამოვლენილი და წარმოდგენილი პრეტენზიები კმაყოფილდება საწარმოს ქონებიდან, რომელიც დარჩა პირველი რიგის პრეტენზიების, გამოვლენილი პრეტენზიების, აგრეთვე დადგენილ ვადაში განცხადებული პრეტენზიების დაკმაყოფილების შემდეგ.
ქონების უკმარისობის გამო დაუკმაყოფილებელი პრეტენზიები დაფარულად ითვლება. დაფარულად ითვლება აგრეთვე პრეტენზიები, რომლებიც სალიკვიდაციო კომისიამ ან ლიკვიდაციის განმახორციელებელმა სხვა ორგანომ არ ცნო კანონიერად და კრედიტორებმა მას შემდეგ, რაც მიიღეს შეტყობინება პრეტენზიების მთლიანად ან ნაწილობრივ არცნობის შესახებ, ერთი თვის განმავლობაში არ შეიტანეს სარჩელი სასამართლოში ან საარბიტრაჟო სასამართლოში მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო.
საწარმოს ლიკვიდაციის დროს ხორციელდება დროებითი გადასახდელების კაპიტალიზაცია, რომლებიც ამ საწარმოს მართებს მოქალაქისათვის დასახიჩრების, ჯანმრთელობის სხვა დაზიანების მიყენების ან მისი გარდაცვალების გამო.
საწარმოს ლიკვიდაციის დროს მის მუშაკებს კუთვნილი ქონება მიეცემათ ფულადი ფორმით ან ფასიანი ქაღალდებით კრედიტორთა პრეტენზიების დაკმაყოფილების შემდეგ.
კრედიტორებისა და საწარმოს მუშაკთა პრეტენზიების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი ქონება გამოიყენება მესაკუთრის მითითებისამებრ.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
თბილისი, 1991 წლის 25 ივლისი
დოკუმენტის კომენტარები