დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის №497 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 468 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/09/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 370060000.10.003.023679 |
|
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის №497 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის №497 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/10/2021, 370060000.10.003.023049) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და სსიპ − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე მათ მიერ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული საძოვრების შესახებ განახლებული ინფორმაციის ამავე სააგენტოში წარდგენა.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“: ა) მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საძოვარი − სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული 2 (ორი) და მეტი ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთი, გარდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთებისა;“; ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) მონაცემთა ერთიანი ბაზა – სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოში საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის ზოგადი წესის“ შესაბამისად შექმნილი ინფორმაციის ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელიც მოიცავს რეგისტრირებული ცხოველის, ცხოველთა სადგომის/დროებითი სადგომის, პასუხისმგებელი პირის, მომვლელისა და ცხოველთა გადაადგილების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას.“; გ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე საძოვრის შერჩევა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, ხოლო ლიცენზირებული ობიექტის შემთხვევაში − აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით.“; დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღით ადრე გაცემული ცნობა მის ან/და მისი მეპაიის/წევრის სახელზე რეგისტრირებული მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობის შესახებ, სადაც მითითებული იქნება პირუტყვის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრები;“; ე) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ინფორმაცია მისი ან/და მის მეპაიეთა/წევრთა საკუთრებაში არსებული საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ის შესახებ, ასევე მის ან/და მის მეპაიეთა/წევრთა სარგებლობაში არსებული სახელმწიფოს/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საძოვრ(ებ)ის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ამონაწერ(ებ)ით სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;“; ვ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ბ“ და „დ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირის − სამეწარმეო საზოგადოების შემთხვევაში – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო, თუ პრეტენდენტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რეესტრის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი; დ.გ) ამხანაგობის შემთხვევაში – ამხანაგობის ყველა წევრის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ნოტარიალურად დამოწმებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება, ამხანაგობის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის მონაცემები ან/და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.“; ზ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პრეტენდენტს უფლება აქვს, იჯარის უფლებით მიიღოს საძოვარი ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ოდენობის პროპორციულად, მის ან/და მისი მეპაიის/წევრის მიერ სახელმწიფოსაგან/ ავტონომიური რესპუბლიკისაგან/მუნიციპალიტეტისაგან სარგებლობის უფლებით მიღებული ან/და საკუთრებაში არსებული საძოვრის ფართობის გამოკლებით.“; თ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოდან წარდგენილი ცნობის შესაბამისად მის ან/და მისი მეპაიის/წევრის სახელზე რეგისტრირებული პირუტყვის რაოდენობა აჭარბებს ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ იჯარით გასაცემი საძოვრების ზღვრული დატვირთვის ნორმებს ან/და დაინტერესებულია ერთზე მეტი საძოვრით, პრეტენდენტი ვალდებულია, განაცხადის წარდგენისას მიუთითოს კონკრეტული საძოვრისათვის პროგრამაში ჩასართავი მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა და საიდენტიფიკაციო მონაცემები.“; ი) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. სააგენტო არ განიხილავს: ა) იმ განაცხადს, რომელიც წარდგენილია ისეთ საძოვარზე/საძოვრებზე (საკადასტრო კოდზე), რომელიც/რომლებიც განაცხადის სააგენტოში წარდგენის მომენტისათვის სააგენტოს მიერ არ არის გამოქვეყნებული სამინისტროსა და სააგენტოს ვებგვერდებზე (www.mepa.gov.ge; www.land.gov.ge); ბ) იმ განაცხადს, რომელსაც არ ერთვის ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობა ან პროგრამაში ჩასართავი პირუტყვის (მსხვილფეხა/ წვრილფეხა) რაოდენობა, ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ნორმებისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, არ არის საკმარისი იჯარის უფლებით გასაცემი საძოვრის ასათვისებლად.“; კ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. სააგენტო, პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ზუსტი რაოდენობის დადგენის მიზნით, იყენებს მონაცემთა ერთიან ბაზას. 32. ამ მუხლის 31 პუნქტის გათვალისწინებით, სააგენტო უფლებამოსილია, პროგრამის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე გადაამოწმოს ინფორმაცია პრეტენდენტის/მონაწილის/მოიჯარის მფლობელობაში რიცხული მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის შესახებ.“; ლ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მიერ შესაბამისი საძოვრის იჯარით გაცემის მიზნით შერჩეულია მხოლოდ ერთი მონაწილე, პროგრამაში მონაწილეს საძოვარი სარგებლობის უფლებით გადაეცემა აუქციონის გარეშე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის გზით, რომლის დროსაც საძოვრის იჯარით გაცემის საფასური განისაზღვრება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო შემოსულობისა და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ით დადგენილი სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობით.“; მ) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. აუქციონი ტარდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, პროგრამის მონაწილეთა შორის, რომლის დროსაც საძოვრის საწყისი სარგებლობის საფასური განისაზღვრება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო შემოსულობისა და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ით დადგენილი სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობით.“; ნ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. აუქციონში გამარჯვებულ მონაწილეს უფლება აქვს, იჯარით აღებულ საძოვარზე აძოვოს მის ან/და მისი მეპაიის/წევრის მფლობელობაში არსებული კენტჩლიქოსანი ცხოველი (ვირი, ჯორი და ცხენი) შემდეგი პროპორციით − ყოველ 100 (ასი) სულ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვზე 1 (ერთი) კენტჩლიქოსანი.“; ო) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საძოვარი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ − პირუტყვის (მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა) ძოვების მიზნით, უზრუნველყოს იჯარით მიღებული საძოვრის მოვლა-პატრონობა. არ დაუშვას საძოვარზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი რაოდენობის, ასევე სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული პირუტყვის ძოვება. ამასთან, ძოვება განახორციელოს ადგილმონაცვლეობის პრინციპის დაცვით; გ) უზრუნველყოს იჯარის უფლებით მიღებულ საძოვარზე მხოლოდ პროგრამაში ჩართული პირუტყვისა და ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული კენტჩლიქოსანი ცხოველის ძოვება;“; პ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) პროგრამაში ჩართული პირუტყვის რაოდენობის ან/და საიდენტიფიკაციო ნომრების ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აცნობოს სააგენტოს. აღნიშნული ინფორმაციის სააგენტოსათვის წარდგენა შესაძლებელია ასევე სააგენტოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით (info@land.gov.ge).“; ჟ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო ამავე პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო, რომლის დროსაც უფლებამოსილია, გამოიყენოს მონაცემთა ერთიანი ბაზა.“; რ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. პროგრამის ფარგლებში მოიჯარის მფლობელობაში რიცხული მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის შესახებ მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებულ მონაცემებსა და ფაქტობრივი მდგომარეობით არსებულ მონაცემებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, რაც ასევე დასტურდება სააგენტოს მიერ ადგილზე განხორციელებული მონიტორინგით, მოიჯარეს, ზემოაღნიშნული შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით, უდგინდება განსაზღვრული ვადა, ხოლო შეუსაბამობის აღმოუფხვრელობა იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველია.“; ს) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის, ასევე ამ მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მონაწილე ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმიდან ან/და იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში კარგავს პროგრამაში მონაწილეობის უფლებას.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები