ტექნიკური რეგლამენტის − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 457
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023668
457
16/09/2022
ვებგვერდი, 22/09/2022
300160070.10.003.023668
ტექნიკური რეგლამენტის − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №457

2022 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნები“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნები

მუხლი 1. რეგულირების საგანი და სფერო

1.  „ტექნიკური რეგლამენტი − სამუშაო სივრცეში  უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნები“ (შემდგომში − რეგლამენტი) შემუშავებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიზნებიდან გამომდინარე და ადგენს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვის განმსაზღვრელი ნიშნების განთავსებასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს.

2. რეგლამენტი ვრცელდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამუშაო ადგილებზე (მათ შორის, სამუშაო ადგილზე სტაჟირების გავლის შემთხვევაში).

3. რეგლამენტი არ ვრცელდება:

ა) ბაზარზე საშიში ნივთიერებების, სახიფათო ნაერთების, პროდუქტების ან/და აღჭურვილობის/მოწყობილობის განთავსებისთვის გამოყენებულ გამაფრთხილებელ ნიშნებზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ) ნიშნებზე, რომლებიც გამოიყენება საავტომობილო, სარკინიგზო, ქვეყნის შიდა საწყლოსნო გზების, საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის რეგულირებისთვის.

4. დამსაქმებელს შეუძლია სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი დაწესებულების რისკის დონის გათვალისწინებით, შეიმუშაოს რეგლამენტზე უფრო მაღალი სტანდარტი, უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული დამატებითი ნიშნების განთავსების მიზნით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. რეგლამენტის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:  

ა) უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნები − უკავშირდება კონკრეტულ ობიექტს, საქმიანობას ან სიტუაციას და იძლევა ინფორმაციას ან მითითებას სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ აბრის/ფირნიშების, ნიშნების ფერის, მანათობელი ნიშნების ან ხმოვანი სიგნალის, ვერბალური შეტყობინების ან ჟესტური სიგნალის მეშვეობით;

ბ) ამკრძალავი ნიშანი − კრძალავს ისეთ მოქმედებას, რომელსაც საფრთხის გამოწვევა შეუძლია;

გ) გამაფრთხილებელი ნიშანი − მიუთითებს საშიშროების ან საფრთხის შესახებ;

დ) სავალდებულო ნიშანი − ადგენს კონკრეტული ქმედების განხორციელების ვალდებულებას;

ე) საევაკუაციო გასასვლელის ან პირველადი სამედიცინო დახმარების ნიშანი − იძლევა ინფორმაციას საევაკუაციო გასასვლელების, პირველადი სამედიცინო დახმარების ან სამაშველო საშუალებების შესახებ;

ვ) საინფორმაციო ნიშანი − მოიცავს ამ მუხლის ამ პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისგან დამატებით/განსხვავებულ ინფორმაციას;

ზ) აბრა/ფირნიში − იძლევა კონკრეტულ ინფორმაციას გეომეტრიული ფორმის, ფერ(ებ)ისა და სიმბოლოს ან პიქტოგრამის კომბინაციით და ხილვადია საკმარისი ინტენსივობის განათებით;

თ) დამატებითი აბრა/ფირნიში − გამოიყენება ამ მუხლის ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში აღწერილ ნიშანთან ერთად და იძლევა დამატებით ინფორმაციას;

ი) უსაფრთხოების აღმნიშვნელი ფერი − ფერი, რომელიც მიანიშნებს კონკრეტულ მნიშვნელობაზე;

კ) სიმბოლო/პიქტოგრამა − ფიგურა, რომელიც აღწერს სიტუაციას ან განსაზღვრავს კონკრეტული სახის ქმედებას და დატანილია აბრაზე/ ფირნიშზე ან განათებულ ზედაპირზე;

ლ) მანათობელი ნიშანი − ნიშანი, რომელიც გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე მასალებისგან არის დამზადებული, განათებულია შიგნიდან ან უკანა მხრიდან იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ნიშნის ზედაპირის განათება;

მ) ხმოვანი სიგნალი − კოდირებული ხმოვანი სიგნალი, რომელსაც გამოსცემს და გადასცემს ამ დანიშნულებისთვის შექმნილი მოწყობილობა ადამიანის ან ხელოვნური ხმის გამოყენების გარეშე;       

ნ) ვერბალური შეტყობინება − ადამიანის ან ხელოვნული ხმის გამოყენებით, წინასწარ განსაზღვრული ვერბალური შეტყობინება;

ო) ჟესტური სიგნალი − კოდირებული ფორმით ხელების ან მკლავების მოძრაობა ან/და მდგომარეობა, შესრულებული იმ პირთათვის, რომლებიც საფრთხის შემცველ ან სახიფათო  მანევრებს ასრულებენ;

პ) დამსაქმებელი − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება;

ჟ) დასაქმებული − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე.

2. რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინთა განმარტებისას უპირატესად გამოიყენება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.

მუხლი 3. დამსაქმებლის მოვალეობები

1. დამსაქმებელმა, სამუშაო სივრცესა და სამუშაო ადგილზე, სადაც  საფრთხეების თავიდან აცილება ან, მისი რისკის შეფასების საფუძველზე, დასაშვებ დონემდე შემცირება კოლექტიური დაცვის საშუალებების ან სამუშაოს ორგანიზების ღონისძიებების, მეთოდების ან პროცედურების გამოყენებით შეუძლებელია, უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვის ნიშნების განთავსება რეგლამენტით გათვალისწინებული №1 − №9 დანართების მოთხოვნების შესაბამისად.

2. რეგლამენტის მიზნებისთვის დამსაქმებელი ვალდებულია გაითვალისწინოს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სამუშაო სივრცეში რისკების შეფასების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები.

3. საგზაო, სარკინიგზო, ქვეყნის შიდა საწყლოსნო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტზე გამოყენებული ნიშნები, საჭიროების შემთხვევაში, განთავსებული უნდა იქნეს დაწესებულების შიგნითაც ისე, რომ არ შეიზღუდოს რეგლამენტის №5 დანართით განსაზღვრული დებულებების მოქმედება.

მუხლი 4. დასაქმებულთა ინფორმირება, სწავლება, კონსულტაცია და ჩართულობა

1. დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს დასაქმებულთა ან/და მათი წარმომადგენლების ინფორმირება და მათთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვის გამოსაყენებელ ნიშნებთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინსტრუქციები და მითითებები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვის ნიშნების მნიშვნელობის შესახებ, განსაკუთრებით ისეთი მითითებები და ინსტრუქციები, რომლებიც შეიცავს სიტყვებს და დაწესებულებისათვის მისაღებ ზოგად ან სპეციფიკურ ქცევის წესებს.

3. დამსაქმებელი ვალდებულია, რეგლამენტის №1 − №9 დანართებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით გამართოს კონსულტაციები დასაქმებულებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან, ასევე შექმნას პირობები მათი ჩართულობისთვის, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.