„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1796-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 220020000.05.001.020608
1796-IXმს-Xმპ
09/09/2022
ვებგვერდი, 23/09/2022
220020000.05.001.020608
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრატორი – კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის წევრი, ან/და სხვა პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ საბანკო საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს  ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ამტკიცებს;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი – ახლონათესაურ კავშირში მყოფ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი, პარტნიორები (აქციონერები), რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, გარდა ბანკისა, სხვა კომერციული ინტერესებით, აგრეთვე პარტნიორები (აქციონერები), რომელთა შორისაც ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ არსებობს აშკარა ან ფარული შეთანხმება, ნებისმიერი ფორმით;“;

გ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც აკონტროლებს სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია);“;

დ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) კონტროლი – საწარმოს ხმის უფლების მქონე აქციების/წილის 50 ან 50-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან/და მასთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან შეთანხმების საფუძველზე, საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს ანიჭებს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორთა უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას;“;

ე) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ) მონათესავე საწარმო – იურიდიული პირის კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმოები;“;

ვ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული კომერციული ბანკის განაღდებული კაპიტალის ან ნებადართული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ კომერციულ ბანკზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ან/და კონტროლი, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა;“.

2.  მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სალიცენზიო მოთხოვნები

1. ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მისი განაღდებული კაპიტალის ოდენობა შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) ადმინისტრატორი აკმაყოფილებს ამ კანონითა და კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი აკმაყოფილებს ამ კანონითა და კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

დ) ჯგუფის სტრუქტურა, მფლობელობის სტრუქტურა, მმართველობის სტრუქტურა და საოპერაციო საქმიანობა/გარემო არის გამჭვირვალე, შეესაბამება სათანადო კორპორაციული მართვის სტანდარტებს, უზრუნველყოფს ეფექტიანი ინდივიდუალური ან კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას და საფრთხეს არ უქმნის ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას. თუ ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ექვემდებარება სხვა ქვეყნის იურისდიქციას, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმის შეფასებისას ეროვნული ბანკი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გავლენას ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებაზე;

ე) ბიზნესგეგმის ადეკვატურობის, განხორციელებადობის და საბანკო სექტორში მისი პოტენციური პოზიციის გათვალისწინებით მას ექნება მდგრადი ფუნქციონირების შესაძლებლობა;

ვ) მისი სათავო ოფისი (ადგილი, სადაც ბანკის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების უმრავლესობა მიიღება) საქართველოს ტერიტორიაზეა და საბანკო საქმიანობის  განსახორციელებლად დაკავებული ფართობი აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

2. ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და  განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე საბანკო სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, ადგილობრივ ბაზარზე არსებითად ახალი და ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების და ფინანსურ მომსახურებაზე მომხმარებელთა წვდომის გაზრდის მიზნით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია იურიდიულ პირზე გასცეს პირობითი ლიცენზია კომერციული ბანკის ლიცენზირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიმალურ კაპიტალთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების დროებით გამარტივებით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პირობითი ლიცენზიის გაცემისას, რისკების შემცირების მიზნით, განსაზღვროს შესაბამისი შეზღუდვები ან/და ინდივიდუალური/დამატებითი მოთხოვნები, მათი სრულად დაკმაყოფილების ეტაპები და ვადები.   

3. ეროვნული ბანკი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს კომერციული ბანკის ლიცენზირების წესსა და პირობებს, მათ შორის, დამატებით წარსადგენ ინფორმაციას, აგრეთვე პირობითი ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებს.“.

3. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. წერილობითი მიმართვა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ეროვნულ ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობით მიმართვას წარუდგენს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერების მიერ უფლებამოსილი პირი.

2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია:

ა) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სადამფუძნებლო დოკუმენტები;

ბ) კომერციული ბანკის ცნობა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც მოიცავს მონაცემებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ნებადართული კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ. უცხოეთის ბანკის ფილიალი ან შვილობილი ბანკი წარადგენს ინფორმაციას სათავო ბანკის მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის შესახებ;

გ) კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად;

დ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ადმინისტრატორისა და მმართველი ორგანოების (დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს) ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი შესაფერისობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;

ე) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის თაობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში −     20 უმსხვილესი აქციონერის შესახებ საიდენტიფიკაციო ინფორმაცია;

ზ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის შესახებ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

თ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს, მათ შორის, აუდიტის კომიტეტისა და დირექტორატის შესახებ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;

ი) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;

კ) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმა, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად;

ლ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის წარსული საქმიანობის შესახებ, კომერციული ბანკის ლიცენზირების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის შესაბამისად;

მ) უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი ბანკის ლიცენზირების შემთხვევაში − დამატებითი ინფორმაცია, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;

ნ) იმ უძრავი ქონებით სარგებლობის ან მასზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სადაც განთავსდება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ან მისი ფილიალი;

ო) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის/კომერციული ბანკის მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს მფლობელობის ყველა დონის შესახებ, უშუალო აქციონერების, შუალედური მფლობელებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეების ჩათვლით. კერძოდ, აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ა.ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ა.ბ) მოქალაქეობისა და რეზიდენტობის შესახებ ინფორმაციას;

ა.გ) დეტალურ ავტობიოგრაფიას;

ა.დ) ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად ან წარსულში მოქმედ კომერციულ ბანკში არსებული წილის ოდენობის და სხვა ბიზნესინტერესების შესახებ;

ა.ე) ნასამართლობის შესახებ ცნობას, არარეზიდენტი პირის შემთხვევაში კი − ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც იგი  ბოლო 10 წლის განმავლობაში წარმოადგენდა;

ა.ვ) ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროს და წარმომავლობის შესახებ მონაცემებს;

ა.ზ) შემოსავლების შესახებ საგადასახადო დეკლარაციას;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტებს;

ბ.ბ) აუდიტორის მიერ უახლესი პერიოდის (კვარტალის) აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას;

ბ.გ) იურიდიული პირისა და მისი ადმინისტრატორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის/ნასამართლობის შესახებ ცნობებს, არარეზიდენტი პირის შემთხვევაში კი − ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში წარმოადგენდა.

4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს, მათ შორის, აუდიტის კომიტეტისა და დირექტორატის, შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.

5. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:

ა) კორპორაციული მართვის დებულებას;

ბ) ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მენეჯმენტის სამუშაოს აღწერილობას;

გ) საკრედიტო, საბაზრო, საოპერაციო, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების და სხვა შესაბამისი რისკების მართვის ჩარჩოს;

დ) კაპიტალის ადეკვატურობის შიდა შეფასების მოდელს;

ე) კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშებას ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, ბიზნესგეგმაში წარმოდგენილ ბიუჯეტზე დაყრდნობით;

ვ) სააღრიცხვო პოლიტიკას.

6. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმა უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული იურიდიული პირის დაგეგმილ საქმიანობას და უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

ა) ბიზნესსტრატეგიას;

ბ) ინფორმაციას კომერციული ბანკის ბიზნესსტრატეგიაზე ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის პოტენციური გავლენის შესახებ;

გ) მიზნობრივი ბაზრის აღწერასა და საკუთარი კონკურენტუნარიანობის შეფასებას;

დ) საბიუჯეტო გეგმასა და ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზს, მათ შორის, სტრესული სცენარების გათვალისწინებით მომდევნო 3 წლისთვის;

ე)  ბიზნესთან და რეგულაციებთან დაკავშირებულ რისკფაქტორებს;

ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყის ეტაპზე დასანერგ მინიმუმს და მათი მომდევნო საოპერაციო პერიოდში დანერგვის გეგმას.

7. უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი ბანკის ლიცენზირების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია  უნდა მოიცავდეს:

ა) სათავო ბანკის ბოლო 3 წლის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას და მოგება-ზარალის ანგარიშგებას;

ბ) სათავო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ეროვნული ბანკისთვის მიმართვის შესახებ;

გ) სათავო ბანკის ზედამხედველობის ორგანოს დასტურს საქართველოში ფილიალის/შვილობილი ბანკის გახსნაზე.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ასევე უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული. ამასთანავე, წარდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.

9. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის გაცემას, ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი.

10. ლიცენზირებული კომერციული ბანკი, მისი აქციონერები, შუალედური მფლობელები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეები ვალდებული არიან, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი განახლებული ინფორმაცია.“.

4. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილება

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი.

2. საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. მისი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია.

3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნული ბანკი შეისწავლის წარდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობას. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობითი მიმართვის მიღებამდე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელთან გამართოს შესაბამისი კონსულტაციები.

4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წერილობითი მიმართვის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ეროვნული ბანკი ამოწმებს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ფორმალურ შესაბამისობას ამ კანონის მე-3, 31 მუხლებითა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ ლიცენზიის მაძიებელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას სრულყოფილად არ წარადგენს, ეროვნული ბანკი ლიცენზიის მაძიებელს უდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის გაცემაზე უარს ეუბნება. ლიცენზიის მაძიებლის მიერ სრულყოფილი წერილობითი მიმართვის წარდგენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი წერილობით უდასტურებს პირს მის მიღებას, რომელშიც მიეთითება ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა.

5. ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციასა და ინფორმაციას განიხილავს სრულყოფილი წერილობითი მიმართვის მიღების შესახებ დასტურის გაცემიდან 6 თვის ვადაში. განხილვის პერიოდში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მოითხოვოს ნებისმიერი სხვა, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში ჩერდება ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება და განისაზღვრება ვადა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარსადგენად (მათ შორის, რამდენჯერმე). ლიცენზიის მაძიებლის მიერ ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა ვადის დინების განახლების საფუძველია, ხოლო დადგენილ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობა – ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. განხილვის შედეგად, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს წერილობით აცნობებს ლიცენზიის გაცემაზე თანხმობას ან დასაბუთებულ უარს, თუ ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სალიცენზიო მოთხოვნებს.

6. ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

მუხლი 5. კომერციული ბანკის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები 

1. კომერციული ბანკის ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ შესაფერისობის კრიტერიუმებს:

ა) კარგი რეპუტაცია, სანდოობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც, მათ შორის, გულისხმობს, რომ იგი არ უნდა იყოს ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

ბ) საბანკო საქმიანობის წარმართვისათვის აუცილებელი სათანადო ცოდნა, უნარები და გამოცდილება;

გ) განსჯის დამოუკიდებლობა, რაც გულისხმობს უნარს დამოუკიდებელი და ობიექტური განსჯის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება, შეაფასოს მმართველი ორგანოების სხვა წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი;

დ) საკმარისი დრო საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად;

ე) პარალელურად დაკავებული პოზიციების რაოდენობა – ადმინისტრატორი არ უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული სხვა კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული სუბიექტები ექვემდებარებიან იმ კომერციული ბანკის კონტროლს, სადაც მას უკავია ადმინისტრატორის პოზიცია, ან წარმოადგენენ იმ კომერციული ბანკის მაკონტროლებელ სუბიექტებს, რომელშიც მას უკავია ადმინისტრატორის პოზიცია. ბანკის ადმინისტრატორი არ უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს ან/და დირექტორატის წევრი 5-ზე მეტ საწარმოში. ამასთანავე, 1 აღმასრულებელი პოზიცია თავსებადია 2 არააღმასრულებელ პოზიციასთან ან დასაშვებია 5 არააღმასრულებელი პოზიცია. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში დაკავებული პოზიციები მხედველობაში არ მიიღება. ამავე ქვეპუნქტის მიზნებისათვის 1 პოზიციად განიხილება:

ე.ა) ერთი ჯგუფის შიგნით დაკავებული პოზიციები. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ჯგუფი გულისხმობს კომერციულ ბანკს, მის სათავო და შვილობილ საწარმოს/საწარმოებს;

ე.ბ) პოზიციები იმ საწარმოში/საწარმოებში, რომლის/რომელთა მნიშვნელოვან წილს ფლობს ბანკი. 

2. ადმინისტრატორის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული ბანკი, რომელიც შეფასებისას ხელმძღვანელობს პროპორციულობის პრინციპით, რაც გულისხმობს შესაფერისობის კრიტერიუმების შეფასებას ბანკის ზომის, შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის მიხედვით. პროპორციულობის პრინციპი არ გამოიყენება კარგი რეპუტაციის, სანდოობისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების კრიტერიუმების შეფასებისას. პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განისაზღვრება შეფასების ინტენსივობის ხარისხი, შეფასების პროცედურა და წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი.

3. ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასება გულისხმობს ადმინისტრატორების როგორც ინდივიდუალური, ასევე ბანკის დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთობლივი შესაფერისობის შეფასებას.

4. ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასებისას გაითვალისწინება მრავალფეროვნების პოლიტიკა, რომელიც უნდა  ეფუძნებოდეს სულ მცირე განათლების, პროფესიული გამოცდილების, ასაკისა და სქესის ფაქტორებს.

5. ბანკი ვალდებულია ადმინისტრატორის დანიშვნამდე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია/ინფორმაცია და არ დანიშნოს პირი ეროვნული ბანკის მიერ ადმინისტრატორის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო უკვე დანიშნული პირის შეუსაბამობის შემთხვევაში, გადააყენოს იგი დაკავებული პოზიციიდან.

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევებში, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის გარეშე გასცეს პირობითი თანხმობა ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე და განსაზღვროს ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის ვადა, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა. აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარუდგენლობის შემთხვევაში, ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე გაცემული პირობითი თანხმობა, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტიდან, ავტომატურად გაუქმდება.

7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სამართლებრივი აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის  ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების შეფასების წესი და პროცედურა, მათ შორის, დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთობლივი შესაფერისობის საკითხები, წარსადგენი ინფორმაცია და განმარტოს შეფასების კრიტერიუმების შინაარსი.“.

5. მე-7 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კომერციული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების დღიდან 12 თვის განმავლობაში საქმიანობის განუხორციელებლობა, ხოლო მოქმედი კომერციული ბანკის მიერ საქმიანობის 6 თვეზე მეტი ხნით შეწყვეტა;“;

ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) კომერციული ბანკის ადმინისტრატორის, მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შეუსაბამობა;“;

გ) „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) უცხოური ბანკის ფილიალის სათავო დაწესებულებისთვის სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევა, ან შემთხვევა, როდესაც, ეროვნული ბანკის შეფასებით, უცხოური ბანკი არ ასრულებს უცხოური ბანკის ფილიალის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს, ამასთანავე, ადგილსამყოფელ ქვეყანაში არ ხდება ან გონივრულ ვადაში არ მოხდება რეზოლუციის რეჟიმის შემოღება ან გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში რეზოლუციის რეჟიმის შემოღება ან გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება საქართველოში ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობისთვის საკმარისი არ იქნება, ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში შემოღებულ რეზოლუციის რეჟიმში ან გაკოტრების ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში საქართველოში არსებული უცხოური ბანკის ფილიალის კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა უზრუნველყოფილი არ იქნება;

რ) პირობითი ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, პირობითი ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული მოთხოვნების/შეზღუდვების შეუსრულებლობა.“.

6. 81−83 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 81. შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

1. პირი ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი (შემდგომ – განმცხადებელი), რომელიც აპირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძინოს კომერციული ბანკის წილი იმ ოდენობით, რომ ამ კომერციული ბანკის კაპიტალში მისი პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 20, 30 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ან/და მოიპოვებს მნიშვნელოვან გავლენას ან კონტროლს კომერციულ ბანკზე, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა, ვალდებულია ეროვნულ ბანკს პირადად, წარმომადგენლის ან ბანკის მეშვეობით წარუდგინოს მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი წილის შეძენის/ცვლილების დასადგენად, გაითვალისწინება პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მფლობელობაში არსებული წილების ჯამური ოდენობა.

2. განმცხადებლის წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა წარედგინოს დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც განმცხადებლისთვის ცნობილი გახდება აღნიშნული ფაქტის შესახებ. ეროვნული ბანკის მიერ მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, პირმა არ უნდა გამოიყენოს მნიშვნელოვანი წილის ფლობასთან დაკავშირებული ხმის უფლებები და სხვა უფლებამოსილებები. განმცხადებლის წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენისას, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება არსებობს მიუხედავად იმისა, გეგმავს თუ არა შემძენი იმ ოდენობის წილის გასხვისებას, რომ მის მფლობელობაში არსებული წილი  ზღვრულ ოდენობას დაუბრუნდეს.

3. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნული ბანკი შეისწავლის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ითვალისწინებს შემდეგ შესაფერისობის კრიტერიუმებს:

ა) განმცხადებლის რეპუტაციას, რაც მოიცავს მის სანდოობასა და სათანადო კომპეტენციას;

ბ) განმცხადებლის მიერ ბანკის ადმინისტრატორად შერჩეული პირის (ასეთი უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში) შესაბამისობას ამ კანონითა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

გ) განმცხადებლის ფინანსურ სიმყარეს;

დ) ბანკის შესაბამისობას პრუდენციულ საზედამხედველო მოთხოვნებთან განმცხადებლის მიერ წილის შეძენის შემდგომ;

ე) განმცხადებელთან/ტრანზაქციასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების არარსებობას.

4. პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

5. განმცხადებლის შესაფერისობის შეფასებისას ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს პროპორციულობის პრინციპით, რაც გულისხმობს შეფასების კრიტერიუმების შეფასებას ბანკის ზომის, შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის, წილის ოდენობის, შემძენის სახის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირდაპირი/არაპირდაპირი მფლობელი/შემძენი), წილის შეძენის მიზნისა და ბანკზე შესაძლო ზეგავლენის მიხედვით. პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განისაზღვრება შეფასების ინტენსივობის ხარისხი, შეფასების პროცედურა და წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი. პროპორციულობის პრინციპი არ ვრცელდება განმცხადებლის რეპუტაციის შეფასების ფარგლებში მისი სანდოობის შეფასებზე.

6. ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრება მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ შემძენს. ეროვნული ბანკის თანხმობით დასაშვებია ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა შუალედური მფლობელის სახელით.

7. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, იგი უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონითა და მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გარდა, მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, კონფიდენციალური).

8.  კომერციული ბანკის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, რომელიც აპირებს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გაყიდოს კომერციული ბანკის იმ ოდენობის წილი, რომ  ამ კომერციული ბანკის კაპიტალში მისი  წილი 10, 20, 30 ან 50 პროცენტს ჩამოსცდება, ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს აღნიშნული ტრანზაქციის თაობაზე მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას.

9. კომერციული ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

10. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის კრიტერიუმების შინაარსი, მნიშვნელოვანი წილის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები, წარსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შეფასების წესი და პროცედურა.

11. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურები.

მუხლი 82. განმცხადებლის შესაფერისობის შეფასება

1. განმცხადებლის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკი ამოწმებს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ფორმალურ შესაბამისობას ამ კანონითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ განმცხადებლის მიერ არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ეროვნული ბანკი განმცხადებელს უდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი განმცხადებელს მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე უარს ეუბნება. განმცხადებლის მიერ სრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უდასტურებს პირს მის მიღებას, რომელშიც მიეთითება  შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა.

2. ეროვნული ბანკი წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას განიხილავს სრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების შესახებ დასტურის გაცემიდან 60 სამუშაო დღის ვადაში. განხილვის პერიოდში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით მოითხოვოს ნებისმიერი სხვა, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, კონკრეტულ შემთხვევაში, აუცილებელია, ასევე მას უფლება აქვს, აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმოს ან უშუალოდ განმცხადებელთან დააზუსტოს. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნა დასაშვებია ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების შესახებ წერილობითი დასტურის გაცემიდან არაუგვიანეს 50-ე სამუშაო დღისა. ამ შემთხვევაში განხილვის ვადის დინება შეჩერდება დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენამდე, არაუმეტეს        20 სამუშაო დღისა ან არაუმეტეს 30 სამუშაო დღისა, თუ განმცხადებელი არარეზიდენტი პირია, რის შესახებაც განმცხადებელს უნდა ეცნობოს. განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა ვადის დინების განახლების საფუძველია, ხოლო დადგენილ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობა − მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე უარის თქმის საფუძველი. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ხელახლა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა ან ინფორმაციის დაზუსტება. ასეთ შემთხვევაში  განხილვის ვადის დინება აღარ შეჩერდება.

3. ეროვნული ბანკი, წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, თანხმობას აძლევს განმცხადებელს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე  ან დასაბუთებულ უარს ეუბნება,  თუ განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონითა და კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შესაფერისობის მოთხოვნებს ან მან არ წარადგინა ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია უარი განუცხადოს განმცხადებელს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.

4. მნიშვნელოვანი წილის შეძენის ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობა ან დასაბუთებული უარი  განმცხადებელს უნდა ეცნობოს შეფასების დასრულებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, შეფასების საერთო ვადის დაურღვევლად.

5. დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიღების შესახებ დასტურის გაცემიდან 60 სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა გაგრძელოს 90 სამუშაო დღემდე, რის შესახებაც განმცხადებელს ეცნობება ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.

6. ეროვნული ბანკისათვის შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან ეროვნული ბანკის დასაბუთებული უარის მიუხედავად წილის შეძენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შესაბამის პირს შეუჩეროს ხმის უფლება ან/და მოსთხოვოს მის საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირება/მნიშვნელოვანი გავლენის/კონტროლის გაუქმება, ასევე მოსთხოვოს კომერციულ ბანკს პირის მიერ წილის შეძენის შედეგად მიღებული ხმის უფლების ან/და სხვა უფლებამოსილებების გამოყენების შედეგების გაუქმება.

მუხლი 83. ეროვნული ბანკისათვის პერიოდულად წარსადგენი ინფორმაცია

1. კომერციული ბანკი, თავის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ეროვნულ ბანკს წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგენს ინფორმაციას მისი მნიშვნელოვანი წილის  მესაკუთრის შესახებ და აღნიშნავს, ადასტურებს თუ არა ამ ინფორმაციის სიზუსტეს.

2. მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე ვალდებულია ყოველი წლის აპრილში ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განახლებული ინფორმაცია შეცვლილი გარემოებების შესახებ ან დაადასტუროს, რომ ცვლილებები არ ყოფილა.

3. კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის  მესაკუთრის მიერ ეროვნული ბანკისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში მოხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება.“.

7. 84 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა და საზედამხედველო ზომები“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შეუძლია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს მისი მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის შესახებ განახლებული ან დამაზუსტებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის  წარდგენა.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე არ წარადგენს ინფორმაციას/დოკუმენტაციას ან, ეროვნული ბანკის შეფასებით, მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე ვეღარ აკმაყოფილებს შესაფერისობის კრიტერიუმებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შესაბამის პირს:

ა) გარკვეული ვადით, შეუჩეროს ხმის უფლება და მოსთხოვოს მას მის საკუთრებაში არსებული წილის 60-დღიან ვადაში 10 პროცენტამდე შემცირება;

ბ) უვადოდ შეუჩეროს ხმის უფლება.“.

8. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. კომერციული ბანკი ვალდებულია სადამფუძნებლო სტრუქტურის ისეთი ცვლილება, რომელსაც შესაძლოა გარკვეული გავლენა ჰქონდეს ლიცენზირების პირობებთან/კრიტერიუმებთან ბანკის შესაბამისობაზე, წინასწარ შეუთანხმოს ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.“.

9. მე-14−მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. სამეთვალყურეო საბჭო

1. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს კომერციული ბანკის საქმიანობაზე ზედამხედველობას. იგი შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 21 წევრისგან. სამეთვალყურეო საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის განსაზღვრის წესი რეგულირდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსით.  

2. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი აღმასრულებელ ფუნქციებს არ უნდა ასრულებდეს. 

3. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს აქციონერთა საერთო კრება ირჩევს არაუმეტს 4 წლის ვადით. მათი განმეორებითი არჩევა შეუზღუდავია.

4. აქციონერთა საერთო კრება განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების საკითხს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის შესაბამისად. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის ნებადართულია მხოლოდ ფიქსირებული ანაზღაურება.

5. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს და აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით საბჭოს წევრობიდან უნდა გათავისუფლდეს  პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-5 მუხლითა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ადმინისტრატორთა შესაფერისობის მოთხოვნებს.

6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კომერციული ბანკის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ კეთილსინდისიერად, ბანკზე უნდა ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე პირი და უნდა მოქმედებდნენ ბანკის სტაბილურობის ინტერესების შესაბამისად. ამ მოვალეობების ბრალეული შეუსრულებლობით მიყენებული  ზიანისათვის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ბანკის წინაშე სოლიდარულად აგებენ პასუხს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ იგი თავისი ქმედებით საერთო კრების გადაწყვეტილებას ასრულებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან საერთო კრების გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ზიანს გამოიწვევდა, მაგრამ ამის თაობაზე არ შეატყობინა საერთო კრებას გადაწყვეტილების მიღებამდე ან აღსრულებამდე.

7. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეული წევრის გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კომერციული ბანკის ინტერესებს. ისინი საქმეს უნდა მიუდგნენ გონივრულად და დამოუკიდებლად. მათ უნდა უზრუნველყონ კომპეტენტური დირექტორების შერჩევა და შენარჩუნება, კომერციული ბანკის საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა.

8. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ან მის წევრებს აქციონერთა საერთო კრების თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ სხვებისათვის თავიანთი უფლებების დელეგირება.

მუხლი 15. დირექტორატი

1. კომერციული ბანკის ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ კომერციული ბანკის დირექტორებს. ისინი პასუხისმგებელი არიან ბანკის საქმეების მართვისა და მისი ფუნქციების შესრულებისათვის. დირექტორატი შედგება არანაკლებ 3 დირექტორისაგან, რომელთაც ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო არაუმეტეს 4 წლის ვადით. მათი განმეორებით დანიშვნა შეუზღუდავია.

2. ყველა ბანკის დირექტორატის სტრუქტურაში უნდა იყოს გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო.

3. კომერციული ბანკის დირექტორატის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს ან სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დირექტორატის წევრის პოზიციიდან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-5 მუხლითა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ადმინისტრატორთა შესაფერისობის მოთხოვნებს.

4. დირექტორატის წევრები კომერციული ბანკის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ კეთილსინდისიერად, ბანკზე უნდა ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე პირი და უნდა მოქმედებდნენ ბანკის სტაბილურობის ინტერესების შესაბამისად. ისინი, ამ მოვალეობების ბრალეული შეუსრულებლობით მიყენებული ზიანისთვის, ბანკის წინაშე სოლიდარულად აგებენ პასუხს. დირექტორი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ იგი თავისი ქმედებით საერთო კრების გადაწყვეტილებას ასრულებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან საერთო კრების გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ზიანს გამოიწვევდა, მაგრამ ამის თაობაზე არ შეატყობინა საერთო კრებას გადაწყვეტილების მიღებამდე ან აღსრულებამდე.

5. კომერციული ბანკის დირექტორატს, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს თავისი უფლებამოსილების სხვებისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დელეგირების უფლება.

მუხლი 16. აუდიტის კომიტეტი

1. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან იქმნება აუდიტის კომიტეტი. აუდიტის კომიტეტის წევრთა უმრავლესობას სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები უნდა შეადგენდნენ.

2. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დამოუკიდებლად მიიჩნევა, თუ იგი არ განიცდის კომერციული ბანკის ან სხვა გარე მხარის გავლენას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქმიანობის განხორციელებისას ობიექტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის განსაზღვრის დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსით.

3. აუდიტის კომიტეტის სულ მცირე ორ წევრს, მათ შორის, კომიტეტის თავმჯდომარეს, უნდა ჰქონდეს ფინანსური ანგარიშგების ანალიზის უნარი, გამოცდილება ან ფინანსური განათლება.

4. აუდიტის კომიტეტი კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პერიოდულად აბარებს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ.

5. აუდიტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია: შიდა კონტროლის საკითხებთან მიმართებით ბანკის მიდგომების და ფინანსური ანგარიშგების პოლიტიკის განსაზღვრა, ფინანსური ანგარიშგების პროცესის მონიტორინგი, შიდა აუდიტის და კომერციული ბანკის აუდიტორების ფუნქციონირების ხელშეწყობა. აუდიტის კომიტეტის ფუნქციები და პასუხისმგებლობა დამატებით ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება.“.

10. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) შეუჩეროს ხმის უფლება კომერციული ბანკის მაკონტროლებელ პირს ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელს მაკონტროლებელი პირის ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელის მხრიდან ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის სხვა დარღვევის, მათ შორის, ამ კანონის 81 მუხლით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმთან/კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ, ეროვნული ბანკის შეფასებით, მაკონტროლებელი პირი ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციების ფლობიდან გამომდინარე საკუთარ უფლებამოსილებას ბანკის ინტერესების საზიანოდ იყენებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაუქმების ან შეზღუდვის პირობებსა და ვადებს ადგენს ეროვნული ბანკი არსებული გარემოებებიდან გამომდინარე;“.

მუხლი 2

1. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული:

ა) მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ სამართლებრივი აქტის შემუშავება;

ბ) კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებისა და კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

2. კომერციული ბანკის არსებულმა ადმინისტრატორებმა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელებმა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლითა და 8მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები დააკმაყოფილონ 2023 წლის 1 აგვისტომდე.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, პირველი მუხლის მე-4  პუნქტით გათვალისწინებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, პირველი მუხლის მე-4  პუნქტით გათვალისწინებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 სექტემბერი 2022 წ.

N1796-IXმს-Xმპ