ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 424
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 310060000.10.003.023635
424
15/08/2022
ვებგვერდი, 16/08/2022
310060000.10.003.023635
ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №424

2022 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 116-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დამტკიცდეს:

ა) „ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) „ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის კრიტერიუმები“, დანართი №2-ის შესაბამისად.

მუხლი 2
1. ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1 იანვრის შემდეგ შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.

2. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული „ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესის“ (დანართი №1) პირველი − მე-4 მუხლებისა და „ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის კრიტერიუმებისა“ (დანართი №2), ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ დადგენილებით დამტკიცებული „ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესის“ (დანართი №1) პირველი – მე-4 მუხლები და „ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის კრიტერიუმები“ (დანართი №2) ამოქმედდეს 2022 წლის 15 ნოემბრიდან.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი №1

 

ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესი

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალების სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის პროცედურებს.

2. სპორტული დანიშნულების ავტომობილი არის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გავლილი აქვს ამ წესით დადგენილი პროცედურები, აკმაყოფილებს ამ დადგენილების დანართი №2-ით დადგენილ კრიტერიუმებს და რომელიც გამოიყენება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში –სამინისტრო) მიერ სპორტის შესაბამის სახეობაში აღიარებული ა(ა)იპ – საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (ს/ნ: 206344972, შემდგომში – ფედერაცია) მიერ ლიცენზირებულ პროფესიონალურ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

3. ამ წესის შესაბამისად სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნეული ყველა ავტომობილი ექვემდებარება ფედერაციის მხრიდან სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას (ამ დადგენილების დანართი №2-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრისთვის), ფედერაციის ეგიდით გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის.

4. წლის განმავლობაში სპორტული დანიშნულების ავტომობილად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურისთვის განკუთვნილი არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება.

5. სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდებას ფედერაციის აღიარების, აღიარების შეჩერების/შეწყვეტის ან/და საავტომობილო სპორტში სხვა ფედერაციის აღიარების შესახებ.

6. ფედერაცია ვალდებულია:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია (უზრუნველყოს წვდომა) იმ პირთა მონაცემებზე, რომლებიც ფლობენ ფედერაციის მიერ გაცემულ მრბოლელის ლიცენზიას, აგრეთვე პირებზე, რომელთა საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ სპორტული დანიშნულების ავტომობილზეც ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაცემულია ტექნიკური პასპორტი;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია იმ პირთა მონაცემებზე, რომელთა საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ სპორტული დანიშნულების ავტომობილზეც ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაცემულია ტექნიკური პასპორტი.

7. ამ დადგენილების საფუძველზე, სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებსა და ფედერაციას შორის ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის პირობები

1. ავტომობილი სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიიჩნევა ფედერაციის ტექნიკური კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ განხორციელებული სპეციალური შემოწმების შედეგად ფედერაციის მიერ გაცემული დოკუმენტის – ტექნიკური პასპორტის საფუძველზე.

2. ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევა ასევე შესაძლებელია ავტომობილის შესაბამისი მოდიფიკაციის შემდეგ, კომისიის მიერ წინასწარ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

3. ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მოდიფიკაციისათვის ნებართვის მიღების ან/და სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის მიზნით, ავტომობილის მესაკუთრე (მათ შორის, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურისთვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე), ავტომობილის სპეციალური შემოწმებისთვის ფედერაციას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:

ა) ფედერაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ფედერაციის მიერ გაცემული მრბოლელის მოქმედი ლიცენზია (ფიზიკური პირის შემთხვევაში) ან გუნდის მოქმედი ლიცენზია (იურიდიული პირის შემთხვევაში).

4. ავტომობილი (მათ შორის, მოდიფიცირებული) სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიიჩნევა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ეფუძნება ავტომობილის (მათ შორის, მოდიფიცირებულის) ამ დადგენილების დანართი №2-ის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

5. კომისია შედგება საავტომობილო სპორტის ექსპერტებისგან/სპეციალისტებისგან, რომლის წევრთა რაოდენობას, შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს ფედერაცია.

6. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები.

7. ავტომობილის ამ დადგენილების დანართი №2-ის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეძლევა დამატებით 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა, კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

8. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისათვის დადგენილ ვადაში არ იქნა მიჩნეული სპორტული დანიშნულების ავტომობილად, მასზე არ ვრცელდება სპორტული დანიშნულების ავტომობილზე დადგენილი საგამონაკლისო წესი (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის მე-9 ნაწილით დადგენილი აქციზით დაბეგვრის წესი). აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაბეგვრასა და პირველად რეგისტრაციას.

9. სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნეული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. რეგისტრაციის შედეგად გაიცემა სარეგისტრაციო ნიშნები (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი).

10. ტექნიკური პასპორტი წარმოადგენს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტს, რომლის კატეგორიას, ნიმუშს, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაცემის, შენახვის, შეჩერებისა და გაუქმების წესს, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის ნიმუშს, მისი გაცემის, შენახვის, შეჩერებისა და გაუქმების წესს, სამინისტროსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს ფედერაცია.

მუხლი 3. ტექნიკური პასპორტის შეჩერება/გაუქმება

1. ტექნიკური პასპორტის შეჩერების საფუძველია:

ა) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი – მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული, სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის წესის ერთი წლის განმავლობაში სამჯერ დარღვევა;

ბ) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი საგზაო მოძრაობის წესების უხეში ან/და სისტემატური დარღვევა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეჩერების ვადად განისაზღვრება 6 თვე.

3. შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ 1 წლის განმავლობაში სპორტული დანიშნულების ავტომობილის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის ან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევის პირველივე შემთხვევისას, ტექნიკური პასპორტის მოქმედება ჩერდება 1 წლის ვადით.

4. ტექნიკური პასპორტი უქმდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ავტომობილმა ვერ გაიარა ფედერაციის ეგიდით გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის სავალდებულო ტექნიკური შემოწმება;

ბ) ავტომობილი არ გამოცხადდა ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

გ) შეჩერების ვადის განმავლობაში დარღვეულ იქნა სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის წესი.

5. ტექნიკური პასპორტის გაუქმების შემთხვევაში ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს ფედერაციას ტექნიკური პასპორტის ხელახლა გაცემის თაობაზე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება განიხილება ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევასთან მიმართებით, მხედველობაში არ მიიღება შეჩერების პერიოდი.

8. ტექნიკური პასპორტის შეჩერების ან/და გაუქმების შესახებ ინფორმაცია ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

9. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული დათქმები ტექნიკური პასპორტის ხელახალი გაცემის შესახებ არ ვრცელდება იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილზე, რომელსაც გაუუქმდა სტატუსი/ტექნიკური პასპორტი საგზაო მოძრაობაში ჩაბმის პირობის (შეჯიბრების/ვარჯიშის ჩატარების ადგილზე მისვლა ან/და პროფილაქტიკური/სახელოსნო სამუშაოების განხორციელების ადგილამდე მისვლა) პირველივე ჯერზე ან განმეორებით დარღვევისას ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევისთვის.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ტექნიკური პასპორტის აღდგენა დასაშვებია მისი გაუქმებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად, ხოლო ტექნიკური პასპორტის აღდგენის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.

11. სპორტული დანიშნულების ავტომობილის სტატუსის/ტექნიკური პასპორტის გაუქმების შემთხვევაში:

ა) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სარეგისტრაციო ნიშნები და ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია უქმდება. ამასთანავე, სავალდებულოა გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში წარდგენა;

ბ) უქმდება მის მიმართ გამოყენებული სპორტული დანიშნულების ავტომობილზე დადგენილი საგამონაკლისო წესით დაბეგვრა და ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება ხელახალ საბაჟო ფორმალობებს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად აქციზით დაბეგვრას, რომლის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

გ) ამ ავტომობილით საგზაო მოძრაობაში მონაწილეობა იწვევს მძღოლის პასუხისმგებლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. სპორტული დანიშნულების ავტომობილის სტატუსის/ტექნიკური პასპორტის გაუქმების შესახებ ინფორმაცია, გაუქმებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ფედერაციის მიერ მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – შემოსავლების სამსახურს.

მუხლი 4. სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში მონაწილეობა

1. სპორტული დანიშნულების ავტომობილს საგზაო მოძრაობაში ჩაბმის უფლება აქვს შეჯიბრებაზე მონაწილეობის, ვარჯიშის ან/და პროფილაქტიკური/სახელოსნო სამუშაოების განხორციელების ადგილამდე მისვლის მიზნით.

2. ფედერაცია ვალდებულია სულ მცირე 3 დღით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია მისი ეგიდით დაგეგმილი სპორტული შეჯიბრის ჩატარების თარიღის, ზუსტი ადგილმდებარეობისა და მასში მონაწილე პირების შესახებ.

3. ფედერაცია ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეათანხმოს სპორტული დანიშნულების ავტომობილით ვარჯიშისთვის განკუთვნილი ადგილების/ტერიტორიის ჩამონათვალი. ვარჯიშის მიზნით გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე.

4. სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში ჩაბმამდე უფლებამოსილი პირი ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ –საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს აცნობოს ავტომობილის სარეგისტრაციო მონაცემები, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მიზანი/დანიშნულება, გადაადგილების მარშრუტი და გადაადგილების დრო.

5. სპორტული დანიშნულების ავტომობილით გადაადგილების/მგზავრობის უფლება აქვს მხოლოდ ფედერაციის წევრს, რომელიც ფლობს ფედერაციის მიერ გაცემულ მრბოლელის მოქმედ ლიცენზიას. სხვა პირის მიერ აღნიშნული ავტომობილით გადაადგილება ან მგზავრობა დაუშვებელია.

6. სპორტული დანიშნულების ავტომობილით გადაადგილებისას/ მგზავრობისას პირს თან უნდა ჰქონდეს აღნიშნული ავტომობილის ტექნიკური პასპორტი, ფედერაციის მიერ გაცემული მრბოლელის მოქმედი ლიცენზია და საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტები.

7. აკრძალულია სპორტული დანიშნულების ავტომობილით გადაადგილება 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე მონაკვეთში, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

8. სპორტული დანიშნულების ავტომობილით გადაადგილება 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე მონაკვეთში დასაშვებია შეჯიბრის ან/და პროფილაქტიკური/სახელოსნო სამუშაოების განხორციელების ადგილამდე მისვლის მიზნით, ფედერაციის ეგიდით დაგეგმილი სპორტული ღონისძიების (შეჯიბრის) დაწყებამდე 3 (სამი) დღით ადრე, აღნიშნული ღონისძიების (შეჯიბრის) დასრულებამდე.

9. სპორტული დანიშნულების ავტომობილზე, რომელიც ჩაბმულია საგზაო მოძრაობაში, ვრცელდება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედება და აღნიშნული წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დგება საერთო წესით.

10. სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

მუხლი 5. გარდამავალი დებულებები

ფედერაციამ  ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან:

ა) არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, განსაზღვროს სპორტული დანიშნულების ავტომობილით ვარჯიშისთვის განკუთვნილი ადგილების/ტერიტორიის ჩამონათვალი;

ბ) არაუგვიანეს გამოქვეყნებიდან 3 თვისა, სამინისტროსთან შეთანხმებით, დაამტკიცოს:

ბ.ა) ტექნიკური პასპორტის კატეგორია, ნიმუში და მისი გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაცემისა და შენახვის წესი;

ბ.ბ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის ნიმუში, მისი გაცემის, შენახვის, შეჩერებისა და გაუქმების წესი.

დანართი №2

 

ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის კრიტერიუმები

მუხლი 1. უსაფრთხოების კარკასი

1. ავტომობილის სალონში უსაფრთხოების კარკასი დამზადებული და დამონტაჟებული უნდა იყოს FIA-ის სტანდარტის შესაბამისად (დან. J.253.8). ასევე დაიშვება ფედერაციის ეროვნული ომოლოგაციის მქონე უსაფრთხოების კარკასი, რომელიც ავტომობილის ტექნიკურ პასპორტში დამოწმებული უნდა იქნეს ფედერაციის მიერ ლიცენზირებული მწარმოებლის მიერ.

2. ტექნიკური კომისიის გავლის დროს მონაწილის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს უსაფრთხოების კარკასის სერტიფიკატი, გაცემული უსაფრთხოების კარკასის (დუგების) მწარმოებლის მიერ.

მუხლი 2. უსაფრთხოების ღვედი

1. ავტომობილს აუცილებელია ჰქონდეს FIA8853-1998, FIA8854-1998 (FIA-ს ტექნიკური ჩამონათვალი N24) და FIA 8853-2016 (FIA-ს ტექნიკური ჩამონათვალი N57 ან SFIspec.16.1, გამოყენების ვადა 2 წელი) სტანდარტის სპორტული ღვედი, რომელიც ავტომობილში დამონტაჟებული უნდა იყოს FIA-ის მოთხოვნის შესაბამისად (დან. J.253.6).

2. ავტომობილში დამაგრებული უნდა იყოს იმდენი ღვედის საჭრელი, რამდენი მრბოლელიც იმყოფება მასში, რომლის გამოყენება მძღოლსაც და შტურმანსაც უნდა შეეძლოს ღვედის გაუხსნელად.

მუხლი 3. სპორტული სავარძელი

ავტომობილში დამონტაჟებული უნდა იყოს წინა სპორტული სავარძელი/სავარძლები FIA8855-1999-ს (FIA-ს ტექნიკური ჩამონათვალი №12) და FIA8862-2009-ს (FIA-ს ტექნიკური ჩამონათვალი №40) შესაბამისად, ან SFI-ს სტანდარტის სპორტული სავარძელი – FIA-ს სტანდარტის შესაბამისად (დან. 253.16). სამაგრის დაბოლოების ფირფიტები არ უნდა იყოს მიდუღებული კონტრფირფიტებზე.

მუხლი 4. ავტომობილის ინტერიერი

1. სავალდებულოა უსაფრთხოების ბალიშების გაუქმება, ხოლო ავტომობილის მაჩვენებელთა დაფა შესაძლებელია იყოს შეცვლილი. ასევე შესაძლებელია სხვა მაჩვენებლების დაყენება იმგვარად, რომ არ უშლიდეს ხელს მრბოლელს ავტომობილის მართვაში და არ უფარავდეს ხედვის არეს.

2. ავტომობილის სალონში (იატაკზე, ჭერზე, გვერდებზე და ა.შ.) არსებული ადვილად აალებადი მოპირკეთება უნდა იყოს მოხსნილი.

მუხლი 5. ავტომობილის ძარა, დაკიდებისა და  სამუხრუჭო სისტემა

1. ავტომობილის ძარა და მისი შემადგენელი ნაწილები შესაძლებელია იყოს მოდიფიცირებული. დაშვებულია ავტომობილის საჭის მდებარეობის შეცვლა, მინის საწმენდებისა და წინა სანათი ფარების რეგულირების გათვალისწინებით.

2. ავტომობილის ძარას ყველა აგრეგატი უნდა ასრულებდეს ქარხნულ დანიშნულებას, ანუ ყველა კარი, ძრავას განყოფილების ხუფი და საბარგულის ხუფი უნდა იღებოდეს და იკეტებოდეს სხვა დამხმარე ხელსაწყოების გამოყენების გარეშე.

3. სავალდებულოა სპორტულ ავტომობილზე გამართულად მუშაობდეს (მათ შორის, არაქარხნულად დამონტაჟებული) ფარები, მოხვევისა და ავარიული მაჩვენებლები, მუხრუჭის სანათები და საქარე მინის საწმენდი.

4. სპორტული ავტომობილის ძარას მოდიფიცირებისას დაუშვებელია იმ ელემენტების მოცილება ან/და მოდიფიცირება, რომლებზეც დატანილია სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (vin კოდი).

5. სპორტული ავტომობილისთვის დაშვებულია ნებისმიერი ტიპის საბურავი, მათ შორის, რბოლებისთვის განკუთვნილი სპეციალური (უნახატო) საბურავები.

6. დაშვებულია ავტომობილზე ნებისმიერი ზომის განივი მდგომარეობის სტაბილიზატორი, თუნდაც ამ უკანასკნელით ავტომობილი არ იყოს აღჭურვილი ქარხნულად.

7. საჭის მართვის სისტემასთან დაკავშირებით, ნებადართულია საჭის ჰიდრო ან ჰიდროელექტრო გამაძლიერებლის გაუქმება ან დამონტაჟება.

8. დაკიდების სისტემასთან დაკავშირებით:

ა) ნებადართულია ამორტიზატორებისა და ზამბარების შეცვლა;

ბ) ნებადართულია დახრილობის პროცენტული მაკონტროლებელი ღერძების შეცვლა, საერთაშორისო და ეროვნული ომოლოგაციის ბარათის გათვალისწინებით.

9.  სამუხრუჭო სისტემასთან დაკავშირებით:

ა) ნებადართულია სპორტული (ლითონ-კერამიკული) ან ნახევრად სპორტული  სამუხრუჭო ხუნდების გამოყენება საერთაშორისო და ეროვნული ომოლოგაციის ბარათის გათვალისწინებით;

ბ) დაშვებულია  სამუხრუჭო სითხის წნევის (წინა-უკანა) გამანაწილებელი ონკანის დაყენება;

გ) აუცილებელია ხელის მუხრუჭის გამართული ფუნქციონირება, თუნდაც ეს უკანასკნელი არ იყოს ქარხნული;

 დ)  აკრძალულია  სამუხრუჭო ძალის ვაკუუმური გამაძლიერებლის გაუქმება (თუ კი ასეთით აღჭურვილია ავტომობილი ქარხნული წესით).

მუხლი 6. მინები

1.  სპორტული ავტომობილის წინა საქარე, გვერდითი და უკანა მინები უნდა იყოს ქარხნული წარმოების. ავტომობილის მინები (გარდა წინა საქარე მინისა) დაფარული უნდა იყოს გამჭვირვალე ფირით არაუმეტეს 0.4 მმ-ის სისქით. სპორტულ ავტომობილზე უკანა საქარე და უკანა გვერდითი მინები შესაძლებელია, შეცვლილ იქნეს პოლიკარბონატით, რომლის სისქეც იქნება არანაკლებ 4 მმ-ისა.

2. დასაშვებია წინა მინებზე გასაწევი ფანჯრის გაკეთება იმ პირობით, რომ მისი ფართობი არ უნდა იყოს მთლიანი ფართის 1/3-ზე მეტი. უკანა გვერდით და უკანა მინაზე შესაძლებელია სავენტილაციო ღიობების დატანა იმ პირობით, რომ მისმა ფართმა არ უნდა დაიკავოს მინის სიმაღლის 1/3-ზე მეტი.

მუხლი 7. ცეცხლმაქრი

1. შეჯიბრებებში მონაწილე ყველა კლასის ავტომობილისთვის სავალდებულოა ცეცხლმაქრის ცენტრალიზებული სისტემის დაყენება, რომლის ამოქმედება შესაძლებელია, როგორც ავტომობილის კოკპიტიდან, ასევე მის გარედან. სპორტული ავტომობილი დამატებით აღჭურვილი უნდა იყოს მინიმუმ 1 (ერთი) გადასატანი (მოხსნადი) ცეცხლმაქრით. იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლმაქრის შიგთავსი წარმოდგენილია ფხვნილის სახით, მისი წონა უნდა იყოს არანაკლებ 2 (ორი) კილოგრამისა. იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლმაქრის შიგთავსი წარმოდგენილია ქაფის სახით, მისი მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 3.5 ლიტრისა.

2. ცეცხლმაქრი უნდა იყოს შესაბამის დონემდე დატენილი და მისი ვარგისიანობა არ უნდა იყოს ამოწურული.

3. ცეცხლმაქრი დამაგრებული უნდა იყოს ისეთ ადგილას, რომ მრბოლელის ან შტურმანისთვის ადვილი იყოს მისი გამოყენება.

4. ცეცხლმაქრი განთავსებული უნდა იყოს ავტომობილის წამყვანი ღერძის(ების) პარალელურად და დამაგრებული უნდა იყოს ისე, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი იყოს ყოველგვარი სხვა დამხმარე ინსტრუმენტის გარეშე (დან. J.253.7).

5.  ცეცხლმაქრის სამაგრი აღჭურვილი უნდა იყოს გვერდით გაცურების საწინააღმდეგო ფირფიტებით.

მუხლი 8. ელექტროამომრთველი

1. ელექტროამომრთველმა უნდა შეწყვიტოს ელკვების მიწოდება ავტომობილის საბორტო წრედზე და გააჩეროს ძრავას და სხვა აგრეგატების მუშაობა (დან. J. 253.13).

2. ელექტროამომრთველი დამაგრებული უნდა იყოს ავტომობილის სალონში და მისი ამოქმედება შესაძლებელი უნდა იყოს ავტომობილის გარედანაც.

3. სალონში ელექტროამომრთველი დამაგრებული უნდა იყოს ისეთ ადგილას, რომ მძღოლსა და შტურმანს ღვედის გაუხსნელად შეეძლოთ მისი გამოყენება.

4. სალონის გარეთ ელექტროამომრთველი სისტემის ამძრავი დამაგრებული უნდა იყოს საქარე მინის ქვედა ზონაში და აღნიშნული უნდა იყოს სპეციალური ნიშნით, ლურჯ სამკუთხედ ფონზე თეთრი არშიით, წიბოს ზომით მინიმუმ 12 სმ, ზედ გამოსახული წითელი ელვა თეთრი არშიით. აღნიშნული ნიშანი უნდა იყოს იოლად შესამჩნევი და გამოსაყენებელი გარეშე პირისათვის.

მუხლი 9. ძრავა

სპორტულ ავტომობილში დასაშვებია ნებისმიერი მოცულობის ძრავას მონტაჟი, რომელიც დაშვებულია FIA-ისა და ფედერაციის რეგლამენტით.

მუხლი 10. აკუმულატორი

1. აკუმულატორი მყარად უნდა იყოს დამაგრებული და მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანებისაგან (დან. J.254.6.8. და J.255.5.8.3).

2. დასაშვებია აკუმულატორის არაქარხნულ ადგილას (პილოტისა და შტურმანის სავარძლების უკან) გადატანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მყარად იქნება დამაგრებული და დახურული იქნება დამცავი კონსტრუქციით (დან. J.255.5.8.).