ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/07/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016550
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
15
19/07/2022
ვებგვერდი, 20/07/2022
010250050.35.132.016550
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (20/07/2022 - 29/09/2023)

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2022 წლის 19 ივლისი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

 „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმია­ნო­ბის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის (www.matsne.gov.ge, 05.07.2022, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.020588) მე-2 მუხ­ლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესი, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე



დანართი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი არეგულირებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული შენობების ლიკვიდაციის და მათ ნაცვლად თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლების, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების ხელშეწყობის, ასევე განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების პირობებს, ასევე ამ მიზნით შექმნილი სათათბირო საბჭოს  (შემდგომში - საბჭო) საქმიანობის წესს.

2. ამ წესის ამოცანებია:

ა) შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავარიული შენობების ლიკვიდაციის და მათ ნაცვლად თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლების, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების ხელშეწყობა, ასევე განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების ხელშეწყობა;

გ) მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და უსაფრთხო საცხოვრისი გარემოს შექმნა;

დ) ქალაქის იერსახის გაუმჯობესება;

ე) ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;

ვ) მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდის შევსება.


მუხლი 2. დროებითი ხელშემწყობი და საკომპენსაციო ღონისძიებები
1. ქალაქ ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა, სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების სახით, განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე შესაძლებელია განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდა, ასევე დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით (შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი (გარდა განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტისა და გამწვანების კოეფიციენტისა)) გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციისა და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილებების შეტანა. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ ის კომპენსირდება შესაბამისი ღონისძიებით, ამავდროულად, არ დაუპირისპირდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულაციებს, საზოგადოებრივ ინტერესებს და არ გამოიწვევს ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს და სამუშაო გარემოს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას. ამასთანავე, დროებითი ხელშემწყობი ღონისძიება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქალაქგეგმარებით ესთეტიკურ პარამეტრებს და უნდა ითვალისწინებდეს არსებული საინჟინრო, სატრანსპორტო და მწვანე ინფრასტრუქტურის ეფექტიანი შენარჩუნების/გაუმჯობესების პირობებს. ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ:

ა) კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილ/გადაცემულ მიწის ნაკვეთზე;

ბ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისას, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში;

გ) ავარიული შენობა-ნაგებობის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი, საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა) ჩანაცვლების მიზნით;

დ) იმ ობიექტის დასრულების მიზნით, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად.

2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართავს მხოლოდ  საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენებაზე უარის შესახებ, ეს გადაწყვეტილება აღარ საჭიროებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებას.

3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების  გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ ღონისძიების შედეგად შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა (ზუსტი ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით საკრებულოს გადაწყვეტილებით) სასარგებლო ფართობის სახით უნდა დარეგისტრირდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და გამოყენებული უნდა იქნეს სოციალური მიზნით, მათ შორის, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებისთვის. ეს ფართობი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირდება მესაკუთრის ან/და მშენებლობის ნებართვის მფლობელის თანხმობის გარეშე.


მუხლი 3. 2027 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მრავალბინიანი ან/და მრავალფუნქციური ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟისა და მათ ნაცვლად ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი ან/და მრავალფუნქციური სახლების მშენებლობის ხელშემწყობი დროებითი ღონისძიებები
1. თუ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მრავალბინიანი ან/და მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლები ავარიულია და გამაგრებას არ ექვემდებარება, რაც დადასტურებულია შესაბამისი საექსპერტო დასკვნით, რომლის თანახმად, ამ სახლების არსებობა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, ასეთი სახლები ექვემდებარება დემონტაჟს, ხოლო მათ ნაცვლად სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში,  სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი ან/და მრავალფუნქციური სახლების მშენებლობის ხელშემწყობი დროებითი ღონისძიებების სახით შესაძლებელია განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით (შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებით/განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესი, ავტოსადგომების რაოდენობა და სხვა მოთხოვნები, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებისა) გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით დამტკიცდეს სამშენებლო დოკუმენტაცია ან მასში ცვლილებები იქნეს შეტანილი. ამასთანავე, დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების კომპენსირებისთვის შესაძლებელია სხვა ღონისძიებების გამოყენება.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, თუ ეს არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივ ინტერესებს და არ გამოიწვევს ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს და სამუშაო გარემოს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას. ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ქალაქგეგმარებითი ესთეტიკური პარამეტრები და არსებული საინჟინრო, სატრანსპორტო და მწვანე ინფრასტრუქტურის ეფექტიანი შენარჩუნების/გაუმჯობესების პირობები.

3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში.


მუხლი 4. დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების წინაპირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია
1. დაუმთავრებელ მშენებლობად მიიჩნევა ობიექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 2013 წლის 1 იანვრამდე და ამასთანავე, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები, თუმცა ობიექტი არ არის დასრულებული. დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობის დასრულების მიზნით.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ისეთი ობიექტების დაუმთავრებელ მშენებლობად მიჩნევის შესახებ, რომლებზეც არსებობს მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესი. ასეთ შემთხვევაში არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენება დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით გამოყენებულ ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობად მიჩნეულ პირვანდელ საპროექტო ობიექტზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე, ამგვარი მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთებზე, ასევე დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით გამოყოფილ ან გამოყენებულ სხვა ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე).

4. დაინტერესებული პირი, დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისათვის დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერები საჯარო რეესტრიდან ან ნასყიდობის ხელშეკრულებები, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია ან უნდა განთავსდეს ობიექტი ან მისი ნაწილი, სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის, სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება;

ბ) საპროექტო ობიექტის ესკიზური გადაწყვეტა;

გ) ფოტოსურათები;

დ) მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა (კონსტრუქციის არსებობის შემთხვევაში);

ე) განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ დასკვნა (განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების არსებობის შემთხვევაში);

ვ) ინფორმაცია, თუ რა ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვს დაინტერესებული პირი;

ზ) ინფორმაცია მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესის შესახებ, თუ დაინტერესებული პირი მიიჩნევს, რომ ობიექტი დაუმთავრებელ მშენებლობად მიჩნეულ უნდა იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

თ) სხვა დოკუმეტაცია, რომლის წარდგენასაც დამატებით მოითხოვს საკითხის განმხილველი ორგანო.

5. ამ წესით დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნებისათვის ავარიულ სახლად მიიჩნევა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა,  რომელთა ავარიულობის ხარისხი არის V , IV   და   III კატეგორია და უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ექვემდებარება დემონტაჟს ან უკვე დემონტირებულია ან/და მისი აღდგენა-გამაგრება  არარენტაბელურია, მათ შორის საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე მდებარე ე.წ. „ბარაკები“.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხელშემწყობი ღონისძიებები გამოიყენება ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით გამოყენებულ ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე (მათ შორის, ავარიულ შენობა-ნაგებობად მიჩნეულ შენობა-ნაგებობაზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე, ამგვარი მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე, ასევე ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით გამოყოფილ ან/და გამოყენებულ/გამოსაყენებელ  სხვა ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე).

7. დაინტერესებული პირი/პირები, ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლებისათვის დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერები საჯარო რეესტრიდან ან ნასყიდობის ხელშეკრულებები, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია ან უნდა განთავსდეს ობიექტი ან მისი ნაწილი, სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის, სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრე(ებ)ს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება/შეთანხემება;

ბ) ავარიული სახლის ყველა მესაკუთრის/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობა ავარიული სახლის ჩანაცვლების თაობაზე. ამასთან, თუ ავარიული სახლის მესაკუთრე პირთაგან რომელიმე სახელმწიფო/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტია, მათი თანხმობა სავალდებულო არ არის;

გ) საპროექტო ობიექტის ესკიზური გადაწყვეტა;

დ) ფოტოსურათები;

ე) შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხის დამადასტურებელი დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ამ შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი არის III, IV ან V კატეგორიის. ამასთან, ეს დასკვნა გაცემული უნდა იქნას სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ;

ვ) ინფორმაცია, თუ რა ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვს დაინტერესებული პირი;

ზ) სხვა დოკუმეტაცია/ინფორმაცია, რომლის წარდგენასაც დამატებით მოთხოვს საკითხის განმხილველი ორგანო.

8. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილ/გადაცემულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ისეთი მიწის ნაკვეთი, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყეტილებით გამოყოფილია/გადაცემულია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილებისათვის.

 9. დაინტერესებული პირი, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილებისათვის დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერები საჯარო რეესტრიდან ან ნასყიდობის ხელშეკრულებები, საკადასტრო რუკა;

ბ) საპროექტო ობიექტის ესკიზური გადაწყვეტა;

გ) ფოტოსურათები;

დ) მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა (კონსტრუქციის არსებობის შემთხვევაში);

ე) განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ დასკვნა (განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების არსებობის შემთხვევაში);

ვ) ინფორმაცია, თუ რა ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვს დაინტერესებული პირი.

10. განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტად, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში, საბჭოს დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მიიჩნევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

11. დაინტერესებული პირი, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისათვის დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერ(ებ)ი საჯარო რეესტრიდან ან ნასყიდობის ხელშეკრულებები, საკადასტრო რუკა;

ბ) საპროექტო ობიექტის ესკიზური გადაწყვეტა;

გ) ფოტოსურათები;

დ) განმარტებითი ბარათი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის დასაბუთების შესახებ;

ე) ინფორმაცია, თუ რა ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვს დაინტერესებული პირი;

ვ) სხვა დოკუმეტაცია/ინფორმაცია, რომლის წარდგენასაც დამატებით მოთხოვს საკითხის განმხილველი ორგანო.


მუხლი 5. სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესი
1. ამ წესით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით იქმნება სათათბირო საბჭო.

2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სათათბირო საბჭოს შემადგენლობას.

3. სათათბირო საბჭოს თავმჯდომარეობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ  განსაზღვრული თანამდებობის პირი. 

4.  სათათბირო საბჭოს ჰყავს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

5. სათათბირო საბჭოს ჰყავს სხდომის მდივანი (საბჭოს მდივანი შეიძლება იყოს  ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი), რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.

6. სათათბირო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების საკითხის განსახილველად.

7. სათათბირო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე საბჭოს წევრი.

8. სათათბირო  საბჭო უფლებამოსილია:

ა) შეამოწმოს საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებების და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და შესაბამისობა ამ წესთან და მოქმედ კანონმდებლობასთან;

ბ) იმსჯელოს და რეკომენდაციის სახით მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების ან გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. საბჭოს გადაწყვეტილება წარედგინება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

გ) გამოითხოვოს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებისაგან განსხვავებით დამატებითი მასალები, ცნობები, ფოტომასალა და მონაცემები შესაბამისი ორგანიზაციებისა და პირებისაგან, რაც აუცილებელია საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის.

9. სათათბირო საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში საბჭოს წევრი  მონაწილეობას არ იღებს საკითხის განხილვაში.

10. სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხების განხილვა ხდება მოქმედი კანონმდებლობით  დადგენილი ადმინისტრაციული  წარმოების წესების დაცვით, ადმინსიტრაციული წარმოების  ფარგლებში საბჭოზე განხილვისათვის ამ წესით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადებას უზრუნველყოფს მშენებლობის ნებრათვის გაცემის პროცედურების წარმართვაზე უფლებამოსილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

11.  სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი საკითხთან დაკავშირებით სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე განსაზღვრას სათათბირო საბჭოს სხდომის ჩატარების თარიღს და იწვევს სხდომას. სათათბირო საბჭოს სხდომა ტარდება კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების ვადების ფარგლებში.  სხდომის თარიღისა და მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება დაუყონებლივ ეცნობება საბჭოს ყველა წევრს.

12. სათათბირო საბჭო განხილულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ღებულობს ღია კენჭისყრის საფუძველზე ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.

13. სათათბირო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული, მატერიალურ და ტენიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეული.