ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 358
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023569
358
12/07/2022
ვებგვერდი, 13/07/2022
240110000.10.003.023569
ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №358

2022 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“.  
მუხლი 2
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოსთვის საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული „ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამიდან“ (პროგრამული კოდი: 31 05 14) განხორციელდეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ დაფინანსება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



 ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანა

1. „ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ (შემდგომში – პროგრამა) მიზანია ბიოწარმოების მხარდაჭერა ბიოპროდუქტების წარმოების ზრდის უზრუნველსაყოფად.

2. პროგრამის ამოცანაა ბიოწარმოების მსურველი პოტენციური ბენეფიციარების ფინანსური მხარდაჭერა.

მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).

2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პოტენციური ბენეფიციარი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, რომელთანაც შესაძლებელია, გაფორმდეს ანაზღაურების ხელშეკრულება;

ბ) ბენეფიციარი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას და რომელთანაც გაფორმდება ანაზღაურების ხელშეკრულება;

გ) ანაზღაურება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ბენეფიციარზე გაცემული ფულადი სახსრები;

დ) ხელშეკრულება – სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული საქონლის შეძენისათვის ან/და მომსახურების მიღებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;

ე) ბენეფიციარის თანამონაწილეობა – პროგრამის ფარგლებში, პროექტის დასაფინანსებლად პოტენციური ბენეფიციარის ან/და დონორის მიერ ბენეფიციარის დაფინანსებისთვის გაწეული ფულადი დანახარჯები;

ვ) დონორი – ორგანიზაცია, რომელიც პროგრამის ფარგლებში დაფარავს პროგრამის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი მიზნობრიობების ღირებულების ნაწილს;

ზ) ბიოწარმოება − საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, მეურნეობის/წარმოების მართვის ერთიანი სისტემა, ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიური და ბიოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას და შეესაბამება ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების, ეტიკეტირების/ნიშანდების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ეტაპებზე;

თ) ბიოსერტიფიცირება − პროცედურა, რომლითაც საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ან სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანო გასცემს შესაბამის სერტიფიკატს, რომ წარმოებული სურსათი ან სურსათის კონტროლის სისტემა აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაბამისობას ბიოწარმოების დადგენილ მოთხოვნებთან;

ი) სერტიფიცირების ორგანო − საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ან სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანო, რომელიც აფასებს სურსათის/ცხოველის საკვების, ასევე პირველადი წარმოების პროდუქტის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან;

კ) კონვერსია – არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც გამოიყენება ბიოწარმოების მეთოდები;

ლ) მომსახურება − ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მიღებისთვის გაწეული მომსახურება;

მ) საქონელი − ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქი, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატები, ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატები და ბიოფიჭა.

მუხლი 4. პროგრამის მიზნობრიობები

პროგრამა ითვალისწინებს კონვერსიის პერიოდში გაწეული შემდეგი მიზნობრიობების ანაზღაურებას:

ა) ბიოწარმოების სერტიფიცირება;

ბ) საკონსულტაციო მომსახურება;

გ) ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა;

დ) ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატებისა და ბიოფიჭის შეძენა;

ე) თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება.

მუხლი 5. ანაზღაურება და შეზღუდვები

1. პოტენციური ბენეფიციარისთვის ბიოწარმოების სერტიფიცირებისთვის ან/და საკონსულტაციო მომსახურებისთვის ან/და თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზისთვის კონვერსიის პერიოდში გაწეული ხარჯის ანაზღაურება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე სააგენტოს მიერ განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, არაუმეტეს 7000 ლარით, ხოლო, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 4000 ლარით.

2. კონვერსიის პერიოდში, მხოლოდ მევენახეობისა და საფუტკრე მეურნეობის შემთხვევაში, ერთი პოტენციური ბენეფიციარისთვის ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენის ხარჯის ან/და ფუტკრის ბიოპრეპარატებისთვის და ბიოფიჭის შესაძენად გაწეული ხარჯის ანაზღაურება სააგენტოს მიერ განისაზღვრება შემდეგი პირობებით:

ა) მევენახეობის შემთხვევაში, 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 5100 ლარის ოდენობით, ხოლო, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2900 ლარის ოდენობით. გაწეული ხარჯის ანაზღაურება განხორციელდება არაუმეტეს 5 ჰა-ზე გადაანგარიშებით;

ბ) საფუტკრე მეურნეობის შემთხვევაში, ბიოპრეპარატებისთვის და ბიოფიჭის შესაძენად განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ  ერთ სკაზე არაუმეტეს 50 ლარისა  და ჯამურად არაუმეტეს 5100 ლარის ოდენობით, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება − არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ ერთ სკაზე არაუმეტეს 25 ლარისა და ჯამურად არაუმეტეს 2900 ლარის ოდენობით.

მუხლი 6. პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები

1. პროგრამით გათვალისწინებული საქონლის ან/და მომსახურების ანაზღაურების მისაღებად:

ა) პოტენციური ბენეფიციარი დაინტერესებული უნდა იყოს ბიოწარმოების დაწყებით ან/და უნდა იმყოფებოდეს კონვერსიის პერიოდში;

ბ) პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს პროგრამის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ მიზნობრიობას ან/და მიზნობრიობებს.

2. პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს სააგენტოს მიერ წარმოებული ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის მიერ წარმოებულ რეესტრში.

უხლი 7. პოტენციური ბენეფიციარის მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

პოტენციურმა ბენეფიციარმა, პროგრამაში მონაწილოების მიზნით, სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) განაცხადი;

ბ) პოტენციური ბენეფიციარის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) იურიდიული პირის შემთხვევაში − ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

დ) ინვოისი ან/და ხელშეკრულება საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის შესახებ;

ე) სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.

მუხლი 8. განაცხადების მიღებისა და ანაზღაურების გაცემის პროცედურა

პროგრამის ბენეფიციარის გამოვლენის, განაცხადების მიღებისა და ანაზღაურების გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

მუხლი 9. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი.