სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 341
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023552
341
01/07/2022
ვებგვერდი, 04/07/2022
300160070.10.003.023552
სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება  341

2022 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 

სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის   მე-2 ნაწილისა და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ

მუხლი 1. რეგულირების საგანი და სფერო  

1. „ტექნიკური რეგლამენტი − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ (შემდგომში − რეგლამენტი) შემუშავებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიზნებიდან გამომდინარე და ამტკიცებს „სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს“.

2. რეგლამენტით გათვალისწინებული მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება დასრულებულ/ექსპლუატაციაში მიღებულ შენობა-ნაგებობებში განთავსებულ სამუშაო სივრცეზე.

3. რეგლამენტი ვრცელდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამუშაო ადგილებზე (მათ შორის, სამუშაო ადგილზე სტაჟირების გავლის შემთხვევაში).

4. რეგლამენტი არ ვრცელდება:

ა) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება დაწესებულების გარეთ, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების შიგნით არსებულ სამუშაო ადგილებზე;

ბ) დროებით შექმნილ ან მობილურ სამუშაო ადგილებზე;

გ) სამთო მოპოვებით მრეწველობაზე;

დ) თევზჭერის კატარღებზე;

ე) ისეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებსა და სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე განთავსებულ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც მდებარეობს საწარმო შენობა-ნაგებობებისგან მოშორებით.

5. დამსაქმებელს შეუძლია, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი დაწესებულების რისკის დონის გათვალისწინებით, შეიმუშაოს ამ რეგლამენტზე უფრო მაღალი სტანდარტი, დასაქმებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების მიზნით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ რეგლამენტის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მინიმალური მოთხოვნები − ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ სამუშაო სივრცესა და სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები;

ბ) სამუშაო სივრცე − ყველა სამუშაო ადგილისა და იმ ტერიტორიის ერთობლიობა, სადაც დასაქმებული და სხვა პირი იმყოფებიან/ გადაადგილდებიან სამსახურებრივი დანიშნულებით და რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ დამსაქმებელი აკონტროლებს;

გ) სამუშაო ადგილი − კონკრეტული ადგილი, სადაც დასაქმებული და სხვა პირი უშუალოდ ახორციელებენ შრომით საქმიანობას;

დ) ერგონომიკა − სამუშაო ადგილის, მოწყობილობა-დანადგარებისა და ადამიანის ურთიერთქმედების პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო, კომფორტული სამუშაო ადგილის შექმნასა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას, დასაქმებულის ჯანმრთელობის დაზიანებისა და დაზიანების რისკის შესამცირებლად;

ე) დასრულებული შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობა, სადაც ძირითადი რიგის სამუშაოები სრულად არის განხორციელებული;

ვ) დამსაქმებელი − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული ფიზიკური ან იურიდიული პირი  ან/და პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება;

ზ) დასაქმებული − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე.

2. ამ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინთა განმარტებისას უპირატესად გამოიყენება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.

მუხლი 3. ზოგადი მოთხოვნები სამუშაო სივრცისადმი

1. დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად, დამსაქმებელი ვალდებულია, დაიცვას შემდეგი პირობები:

ა) არსებობის შემთხვევაში, მუდმივად შეინარჩუნოს საევაკუაციო გასასვლელები და მათკენ მიმავალი გზები, წინაღობებისა და დაბრკოლებების გარეშე;

ბ) უზრუნველყოს სამუშაო სივრცისა და სივრცეში არსებული მოწყობილობებისა და დანადგარების ტექნიკური გამართულობა და დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები იმ გამოვლენილი დარღვევების წინააღმდეგ, რომლებსაც შეუძლიათ, ზიანი მიაყენონ სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას;

გ) რისკის დონისა და მწარმოებლის მითითებების (ტექნიკური პასპორტი, ტექნიკური მახასიათებლები და სხვა) გათვალისწინებით, უზრუნველყოს უსაფრთხოების მოწყობილობებისა და დამცავი აღჭურვილობის რეგულარული შემოწმება და შეკეთება, მოახდინოს რისკების პრევენცია და გაატაროს საფრთხეების აღმოფხვრისთვის აუცილებელი ღონისძიებები;

დ) რეგულარულად დაასუფთაოს სამუშაო სივრცე, სამუშაო მოწყობილობები და დანადგარები, ასევე სამუშაო სივრცესთან დაკავშირებული სხვა ადგილები, იმგვარად, რომ დასაქმებულთა სამუშაო ადგილები იყოს მუდმივად სუფთა.

2. დამსაქმებელმა მუშაობის ყველა ეტაპზე, ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად, საწარმოს სიდიდიდან და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეაფასოს ეს რისკი, განაახლოს რისკის შეფასების შესახებ დოკუმენტი და მიიღოს შესაბამისი ზომები.

3. სამუშაო სივრცე უნდა მოეწყოს მაქსიმალურად ერგონომიულად. დამსაქმებელმა სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე უნდა უზრუნველყოს სამუშაოს ადაპტირება დასაქმებულთან, განსაკუთრებით − სამუშაო სივრცის მოწყობის, სამუშაო აღჭურვილობის, სამუშაო და საწარმოო მეთოდების შერჩევის თვალსაზრისით, მონოტონური სამუშაოს შემსუბუქებისა და დასაქმებულის ჯანმრთელობაზე სამუშაო გარემოსა და სამუშაო პროცესების მავნე ზეგავლენის შესამცირებლად.

მუხლი 4. დასაქმებულთა ინფორმირება და კონსულტაცია

1. დამსაქმებელი ვალდებულია, შესაბამისი რისკების გათვალისწინებით, უზრუნველყოს დასაქმებულისათვის ან/და მათი წარმომადგენლებისათვის, კონტრაქტორებისათვის ან  სამუშაო სივრცეში მყოფი ნებისმიერი სხვა პირისათვის ინფორმაციის მიწოდება პოტენციური რისკების, ასევე იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულია სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად.

2. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულების ან/და დასაქმებულთა წარმომადგენლის მონაწილეობა, რაც გულისხმობს დასაქმებულებთან კონსულტაციებსა და დასაქმებულის ან დასაქმებულთა წარმომადგენლის მიერ შრომის უსაფრთხოების შესახებ წინადადებების ინიციირების უფლებას.

მუხლი 5. გარდამავალი დებულებები

1. იმ შენობა-ნაგებობებში განთავსებული სამუშაო სივრცე/სამუშაო ადგილი, რომელზედაც გაცემულია მშენებლობის ნებართვა ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ, უნდა აკმაყოფილებდეს რეგლამენტით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს.

2. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამ რეგლამენტით დამტკიცებული „სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების“ მე-5 მუხლის, მე-8 მუხლის პირველი − მე-5 პუნქტების, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების, მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ სამუშაო სივრცესა და სამუშაო ადგილზე, რომლებიც განთავსებულია იმ შენობა-ნაგებობებში, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა გაიცა ამ დადგენილების ამოქმედებამდე.

3. სამუშაო სივრცესა და სამუშაო ადგილზე, რომლებიც განთავსებულია იმ შენობა-ნაგებობებში, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა გაიცა ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დადგენილების ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მინიმალური მოთხოვნების  შესრულება.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარდამავალი რეგულირება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სამუშაო სივრცესა და სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის შესაბამისი ვალდებულება ამ დადგენილების ამოქმედებამდე გათვალისწინებული იყო საქართველოს მოქმედი შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით.

5. სამუშაო სივრცესა და სამუშაო ადგილზე განხორციელებული რაიმე ცვლილების, გაფართოების ან რეკონსტრუქციის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, მიიღოს აუცილებელი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ ცვლილებების/გაფართოების/რეკონსტრუქციის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

 

სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები

მუხლი 1. ზოგადი მოთხოვნები

მინიმალური მოთხოვნები მოქმედებს, საჭიროებისამებრ, სამუშაო სივრცისა და სამუშაო სპეციფიკის, საქმიანობის ტიპისა და სამუშაო ადგილებზე/სივრცეში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით.

მუხლი 2. შენობების მედეგობა და კონსტრუქციული სიმტკიცე

შენობები, სადაც მდებარეობს სამუშაო სივრცეები, უნდა იყოს მტკიცე,  კონსტრუქციულად მყარი და აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებსა და ნორმებს.

მუხლი 3. ელექტრომოწყობილობები

1. ელექტრომოწყობილობები და გაყვანილობები დაპროექტებული და დამონტაჟებული უნდა იყოს შესაბამისი მარეგულირებელი ნორმების დაცვით ისე, რომ სამუშაო სივრცე სათანადოდ იყოს დაცული ხანძრისა და აფეთქების საფრთხეებისგან.

2. დასაქმებულები და სხვა პირები სათანადოდ უნდა იყვნენ დაცული  ელექტრომოწყობილობებსა და გაყვანილობებთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით გამოწვეული დაზიანებისაგან.

3. ელექტრომოწყობილობების პროექტირების, მონტაჟის, დამცავი საშუალებებისა და მასალების შერჩევისას დაცული უნდა იყოს მათი შესაბამისობა ელექტროძაბვის სიმძლავრესთან, გარე პირობებთან, სამუშაო პროცესთან.

4. დასაქმებულებსა და სხვა პირებს, რომელთაც შეხება აქვთ ელექტრომოწყობილობებსა და გაყვანილობებთან, უნდა გააჩნდეთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი კომპეტენცია და კვალიფიკაცია.

5. ელექტრომოწყობილობებისა და დანადგარების ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე პირ(ებ)ის მიერ.                             

მუხლი 4. სახანძრო უსაფრთხოება

1. სამუშაო სივრცეებში სამუშაოს დაგეგმვა და ორგანიზება უნდა განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

2. სამუშაო სივრცეები, შენობების ზომისა და გამოყენების პარამეტრების, შენობაში განთავსებული დანადგარების, იქ არსებული ნივთიერებების ფიზიკური და ქიმიური თვისებებისა და დასაქმებულისა და სხვა პირების მაქსიმალური რაოდენობის გათვალისწინებით, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით და, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის დეტექტორებითა და საგანგაშო სისტემებით, ხოლო სახანძრო უსაფრთხოების სხვა მოთხოვნების დაცვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.  

3. არაავტომატიზებული ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები უნდა იყოს იოლად ხელმისაწვდომი, გამოსაყენებლად მარტივი და სათანადო ნიშნებით იდენტიფიცირებული. სათანადო ნიშნები უნდა განთავსდეს სპეციალურ ადგილებში, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვით.

მუხლი 5. სამუშაო სივრცე − იატაკი, კედლები, ჭერი, სახურავი, ფანჯრები და სარკმელი

1. სამუშაო სპეციფიკისა და დასაქმებულების აქტივობების გათვალისწინებით, შენობა-ნაგებობებს, სადაც განთავსებულია სამუშაო სივრცეები/ადგილები, შესაძლებელია ჰქონდეთ სათანადო თერმოიზოლაცია.

2. სამუშაო სივრცის იატაკი არ უნდა იყოს სრიალა, სახიფათო უსწორმასწორო ზედაპირის, ამასთანავე, უნდა იყოს მყარი, ნახვრეტების, დაქანებისა და ამობურცვების გარეშე.

3. შესაძლებელი უნდა იყოს სამუშაო სივრცის იატაკის სველი წესით დამუშავება/დალაგება და, საჭიროების შემთხვევაში, მისი დეზინფექცია.

4. სამუშაო სივრცის იატაკები და კედლები დამზადებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ისეთი მასალებისგან, რომლებიც არ გამოყოფს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს.

5. სამუშაო სივრცეში გამჭვირვალე და ნახევრად გამჭვირვალე კედლები და ტიხრები დამზადებული უნდა იყოს ისეთი მასალისგან, რომ დაზიანების შემთხვევაში საფრთხეს არ უქმნიდეს დასაქმებულებსა და სხვა პირებს და უნდა იყოს სათანადო წესით ნიშანდებული.

6. სახურავზე (სხვა სიმაღლეებსა და არამედეგ ზედაპირებზე) ასვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღებულია დაცურების ან ჩამოვარდნის თავიდან აცილების უსაფრთხოების ზომები.

7. დასაქმებულებსა და სხვა პირებს უნდა შეეძლოთ ფანჯრების, სარკმელებისა და სავენტილაციო ღიობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უსაფრთხოდ გაღება, დახურვა ან გამოწევა, ხოლო მათი გაწმენდისას − საფრთხე არ უნდა შეექმნათ შენობაში და მის გარშემო მყოფ პირებს. ასევე დასაქმებულებისთვის ღია ფანჯარა არ უნდა იყოს საფრთხის შემცველი.

მუხლი 6. სამუშაო სივრცე − კარი და ჭიშკარი

1. სამუშაოს სპეციფიკის, გამოსაყენებელი ოთახების ან სივრცეების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთზიდვის მოცულობის გათვალისწინებით, ასევე ავარიის ან ხანძრის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხო ევაკუაციის მოთხოვნების მიხედვით უნდა განისაზღვროს კარისა და ჭიშკრის განლაგება, რაოდენობა, ზომები და მათი დასამზადებელი მასალა.

2. გამჭვირვალე ტიპის კარზე შეჯახების თავიდან ასაცილებლად, თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული უნდა იყოს ნიშნები. 

3. მბრუნავი კარი და ჭიშკარი დამზადებული უნდა იყოს გამჭვირვალე მასალისგან ან უნდა გააჩნდეს ხედვის არეალი.

4. თუ გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე კარისა და ჭიშკრის ზედაპირი დამზადებული არ არის უსაფრთხო მასალისგან და არსებობს დასაქმებულის დაზიანების საშიშროება, მას უნდა გააჩნდეს დასაქმებულთა დაცვის მიზნით სათანადო დამცავი მექანიზმი.

5. გასაწევი კარი და ჭიშკარი დამაგრებული უნდა იყოს დამცავი მოწყობილობით, რათა არ მოხდეს მათი უკონტროლო დახურვა ან ამოვარდნა რელსიდან.

6. ქვემოდან ზემოთ ასაწევი კარი და ჭიშკარი, ჩამოვარდნის თავიდან აცილების მიზნით, დამაგრებული უნდა იყოს დამატებითი დამცავი მოწყობილობით.

7. სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილი კარი და ჭიშკარი უნდა იყოს მუდმივად თავისუფალი, განცალკევებული უნდა იყოს ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი გასასვლელებისგან და ნიშანდებული უნდა იყოს ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების ამკრძალავი ნიშნებით.

8. ავტომატიზებული კარი და ჭიშკარი ისე უნდა ფუნქციონირებდეს, რომ დასაქმებულებსა და სხვა პირებს არ უქმნიდეს საფრთხეს და აღჭურვილი უნდა იყოს ავარიული რეგულირების სისტემით. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ავტომატიზებული კარების მექანიკურად გაღება.

9. საევაკუაციო გასასვლელებთან არსებული ყველა კარი უნდა იყოს სათანადო წესით ნიშანდებული. შესაძლებელი უნდა იყოს შიგნიდან მისი გაღება დახმარების გარეშე მაშინაც კი, როდესაც დასაქმებულები და სხვა პირები იმყოფებიან სამუშაო სივრცეში.

მუხლი 7. საევაკუაციო გზები და გასასვლელები

1. საევაკუაციო გზები და გასასვლელები, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, უნდა იყოს თავისუფალი და გადიოდეს ღია სივრცეში ან უსაფრთხო ადგილზე.

2. საფრთხის შემთხვევაში, დასაქმებულებსა და სხვა პირებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო ევაკუაციის შესაძლებლობა.

3. სამუშაო სივრცის გამოყენების, აღჭურვილობისა და სიდიდის მიხედვით, ასევე იქ მომუშავე დასაქმებულთა მაქსიმალური რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,  უნდა განისაზღვროს საევაკუაციო გზებისა და გასასვლელების რაოდენობა, ადგილმდებარეობა და ზომები.

4. საევაკუაციო კარი უნდა იღებოდეს შიგნიდან გარეთ.

5. დაუშვებელია საევაკუაციო გასასვლელისთვის გასაწევი ან მბრუნავი ტიპის კარის გამოყენება.

6. საევაკუაციო კარი არ უნდა იყოს ჩაკეტილი ან დამაგრებული ისე, რომ საგანგებო სიტუაციების დროს ვერ მოხერხდეს ნებისმიერი იმ პირის მიერ მისი მყისიერად გაღება, რომელსაც ამის საჭიროება აქვს. საევაკუაციო კარი არ უნდა იყოს ადვილად აალებადი მასალისგან დამზადებული.

7. საევაკუაციო გზები და გასასვლელები უნდა იყოს სათანადო წესით ნიშანდებული. სათანადო ნიშნები უნდა განთავსდეს კონკრეტული წესების მიხედვით სპეციალურ ადგილებში.  

8. საევაკუაციო გზები, გასასვლელები და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილები ისევე, როგორც მათკენ მიმავალი კორიდორები და კარები არ უნდა იყოს ჩაკეტილი, თავისუფალი უნდა იყოს წინაღობებისგან, რათა შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება ნებისმიერ დროს დაბრკოლებების გარეშე.

9. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც საევაკუაციო გზები და გასასვლელები უნდა იყოს განათებული.

მუხლი 8. სამოძრაო მარშრუტი − საფრთხის შემცველი ადგილები

1. საფრთხის შემცველ ადგილებში უნდა განისაზღვროს და დაიგეგმოს უსაფრთხო სამოძრაო მარშრუტები.

2. როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე − სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სამოძრაო მარშრუტები, მათ შორის, კიბეები, ფიქსირებული ასასვლელები და ფიქსირებული ან მოძრავი სატვირთო პლატფორმები, ბაქნები და პანდუსები ისე უნდა განლაგდეს, რომ იოლი იყოს მათზე უსაფრთხოდ გადაადგილება.

3. დაწესებულების სპეციფიკის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს ფეხით მოსიარულეთა და ტვირთის ტრანსპორტირების უსაფრთხო მარშრუტების გზები, თუ სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენება სამოძრაო გზებზე, ფეხით მოსიარულეთათვის დაცული უნდა იქნეს უსაფრთხო დისტანცია.

4. სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მარშრუტებსა და ჭიშკრებს, კარებს, ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების ზოლებს, კორიდორებსა და კიბეებს შორის უნდა არსებობდეს გამყოფი ზოლი.

5. დასაქმებულთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასაწყობო სათავსებში სატრანსპორტო გზები უნდა იყოს ნათლად იდენტიფიცირებადი.

6. საფრთხის შემცველი ადგილები უნდა იყოს იდენტიფიცირებული და სათანადო წესით ნიშანდებული, ამასთან, აღჭურვილი უნდა იყოს  იმგვარად, რომ გამოირიცხოს ამ ტერიტორიაზე არაუფლებამოსილი პირების შესვლა.

7. სამუშაო სივრცეში საფრთხის შემცველი ადგილები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა აღიჭურვოს სათანადო დაცვის საშუალებებით და განისაზღვროს ამ ტერიტორიაზე დაშვების უფლების მქონე პირ(ებ)ი, ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირების უსაფრთხოების დაცვა.

მუხლი 9. ესკალატორები და მოძრავი სავალი ბილიკები

ესკალატორები და მოძრავი სავალი ბილიკები უნდა ფუნქციონირებდეს უსაფრთხოდ, აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხოების აღჭურვილობითა და სათანადო საავარიო გამომრთველებით.

მუხლი 10. სატვირთო პლატფორმები და პანდუსები

1. სატვირთო პლატფორმები, ბაქნები და პანდუსები უნდა შეესაბამებოდეს ტვირთის პარამეტრებსა და დატვირთვა-გადმოტვირთვის სტანდარტებს.

2. ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში, სატვირთო პლატფორმებსა და პანდუსებს უნდა გააჩნდეთ, სულ მცირე, ერთი გასასვლელი, ხოლო თუ სატვირთო პლატფორმებისა და პანდუსების სიგანე 20 მეტრს აღემატება, უნდა ჰქონდეთ ორივე მხრიდან გასასვლელი.

3. სატვირთო პლატფორმები უნდა იყოს აგებული იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული დასაქმებულებისა და სხვა პირების ან ტვირთვის გადმოვარდნა.

4. პანდუსები, რომელთა სიმაღლეც აღემატება 1 მეტრს, აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი მოაჯირით.

მუხლი 11. დახურული სამუშაო სივრცის პარამეტრები

1. დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დახურულ სამუშაო სივრცეს უნდა გააჩნდეს საკმარისი ფართი და სიმაღლე.

2. სამუშაო სივრცეში ღია, თავისუფალი ადგილები ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ დასაქმებულებმა იოლად შეძლონ გადაადგილება და სამუშაოს შესრულება. თუ აღნიშნული სტანდარტის დაცვა შეუძლებელია, მაშინ დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი სამოძრაო სივრცე სამუშაო ადგილის სიახლოვეს.

3. თითოეული დასაქმებულისთვის თავისუფალი სივრცე უნდა იყოს მინიმუმ 2 მ2.

4. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამუშაო სივრცის სიმაღლე, სადაც ხანგრძლივად სრულდება სამუშაო, არ უნდა იყოს 2.3 მ-ზე ნაკლები.

მუხლი 12. მიკროკლიმატი დახურულ სამუშაო სივრცეებში

1. წლის ცივი და თბილი პერიოდების გათვალისწინებით, სამუშაო საათებში დახურულ სამუშაო სივრცეებში ჰაერის ტემპერატურა უნდა  შეესაბამებოდეს სამუშაო სპეციფიკასა და დასაქმებულების ან ამ სივრცეში მყოფი სხვა პირების ფიზიკურ დატვირთვას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მოსასვენებელ ადგილებში, სამორიგეო ოთახებში, სანიტარიულ ობიექტებში, სასადილოებსა და პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახებში ტემპერატურა უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ამ კონკრეტული ადგილების დანიშნულების შესაბამისი.

3. სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, ფანჯრებზე, მინის ტიხრებსა და ჭერზე დამონტაჟებულ სინათლის ჭრილებზე, მზის სხივების ჭარბი რაოდენობისგან დასაცავად, სამუშაო ადგილი უნდა აღიჭურვოს სათანადო დამცავი საშუალებებით.

მუხლი 13. მონიტორიან დანადგარებთან დაკავშირებული სამუშაო ადგილების მოწყობის მინიმალური სტანდარტები

1. მონიტორიან დანადგარებთან დაკავშირებულ სამუშაო ადგილებზე შესაძლებელი უნდა იყოს მონიტორიანი მოწყობილობის აუცილებელი კომპონენტების განთავსება.

2. მონიტორიან მოწყობილობაზე შესასრულებელი სამუშაოს ძირითადი მოთხოვნები და მახასიათებლები არ უნდა უშლიდეს ხელს სამუშაო ადგილებთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნათა შესრულებას.

3. მონიტორის ეკრანი და მასზე გამოსახული სიმბოლოები უნდა იყოს კარგად გამოკვეთილი და ფორმირებული, სათანადო ზომისა და სიმბოლოებს შორის შესაბამისი დაშორებებით, არ უნდა ირეკლავდეს ან გააჩნდეს ისეთი ანარეკლი, რომელიც დისკომფორტს შეუქმნის დასაქმებულს.

4. გამოსახულება მონიტორის ეკრანზე უნდა იყოს სტაბილური, ციმციმის ან სხვა სახის არასტაბილურობის გარეშე.

5. დასაქმებულს მარტივად უნდა შეეძლოს მონიტორის განათების  რეგულირება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს მონიტორის თავისუფლად მოძრაობა დამატებითი საყრდენის ან რეგულირებადი მაგიდის გამოყენებით.

6. კლავიატურა განცალკევებული უნდა იყოს მონიტორისგან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი განცალკევება ტექნიკურად შეუძლებელია) და შესაძლებელი უნდა იყოს მისი დახრის რეგულირება, რათა დასაქმებულს შეეძლოს მისთვის მოსახერხებელი სამუშაო პოზის შერჩევა, ხელებისა და მაჯის გადაღლის თავიდან აცილების მიზნით.

7. კლავიატურის წინ უნდა იყოს საკმარისი ადგილი იმისათვის, რომ დასაქმებულს შეეძლოს ხელებითა და მაჯით სამუშაო ზედაპირზე დაყრდნობა.

8.  კლავიატურას, ანარეკლის თავიდან ასაცილებლად, უნდა გააჩნდეს გლუვი ზედაპირი.

9. კლავიატურის ღილაკების განლაგება და მასზე დატანილი სიმბოლოები უნდა იყოს საკმარისად გარჩევადი და წაკითხვადი და ხელს უნდა უწყობდეს მის მარტივად გამოყენებას.

10. სამუშაო მაგიდას ან სამუშაო ზედაპირს უნდა გააჩნდეს საკმარისი ფართი, სადაც მონიტორი, კლავიატურა, დოკუმენტები და სხვა აღჭურვილობა მოხერხებულად განთავსდება.

11. საბუთების სათავსი უნდა იყოს მყარი და რეგულირებადი და უნდა განთავსდეს ისე, რომ მინიმუმამდე შემცირდეს თვალისა და თავის არაკომფორტული მოქმედებები.

12. დასაქმებულს სამუშაო მაგიდასთან უნდა ჰქონდეს საკმარისი სივრცე, რათა შეეძლოს მისთვის მოსახერხებელი სამუშაო მდგომარეობის დაკავება.

13. დამსაქმებელი ვალდებულია, მიაწოდოს დასაქმებულებს ან/და მათ წარმომადგენლებს ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ყველა ასპექტის, განსაკუთრებით კი − დასაქმებულების მხედველობის დამაზიანებელი ფაქტორების შესახებ.

მუხლი 14. დროებითი გამათბობელი და გამაგრილებელი სისტემები

მაღალი ან დაბალი ტემპერატურის პირობებში მომუშავე დასაქმებულებს (მაგ.: მაცივრებში, რკინის შემდუღებელ საამქროებში, ზამთრის ან ზაფხულის სეზონზე გარეთ მუშაობისას) უნდა შეეძლოთ დროებითი გამათბობელი ან გამაგრილებელი სივრცის გამოყენება.

მუხლი 15. დახურული სამუშაო სივრცის ვენტილაცია

1. სამუშაოს სპეციფიკის, დასაქმებულების ფიზიკური დატვირთვის, ასევე ჰაერის მოძრაობის, ტემპერატურისა და ტენიანობისთვის დადგენილი ნორმების გათვალისწინებით, დახურულ სამუშაო სივრცეში უნდა იყოს საკმარისი ვენტილაცია, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო რაოდენობის ჰაერის გადინებას/შემოდინებას.

2. როდესაც სამუშაო სივრცის ვენტილაცია ხორციელდება ბუნებრივად ფანჯრების მეშვეობით ან კედლებსა და ჭერში დატოვებული საჰაეროების საშუალებით, მათი გახსნა-დაკეტვის მექანიზმი უნდა იყოს განთავსებული ხელმისაწვდომ ადგილას.

3. ბუნებრივი ვენტილაციის წყაროების რაოდენობა, ზომები, მდებარეობა და ფორმა ისე უნდა იქნეს შერჩეული, რომ ჰაერის მოძრაობა და მიკროკლიმატური პირობები დაცული იყოს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის პერიოდებში.

4. სამუშაო სივრცეში ნორმალური მიკროკლიმატის პირობებში, მავნე ფაქტორების ზემოქმედების გარეშე, სუფთა ჰაერის მოცულობა, ბუნებრივი ვენტილაციის არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელოვნური ვენტილაციით ისე, რომ თითოეულ დასაქმებულსა და სხვა პირებზე მოდიოდეს მინიმუმ 30 მ3/სთ, ხოლო დიდი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში − 50 მ3/სთ.

5. თუ სამუშაო სივრცე აღჭურვილია კონდიცირების ან მექანიკური ვენტილაციის სისტემით, ისინი უნდა მოეწყოს იმგვარად, რომ არ მოხდეს ჰაერის გამოშრობა.

6. ხელოვნური ვენტილაციის გამოყენების შემთხვევაში, სისტემა  უნდა იყოს გამართული და ხორციელდებოდეს მისი რეგულარული ტექნიკური შემოწმება.

7. პერიოდულად უნდა გაიწმინდოს ვენტილაციის სისტემაში დაგროვებული ჭუჭყი, რომელიც აბინძურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის დასაქმებულებსა და სხვა პირებს.

8. ტოქსიკური ნივთიერებების ან ფეთქებადი კონცენტრატების შემთხვევითი გაჟონვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში, სამუშაო სივრცე და სამუშაო ადგილი აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატიზებული სავენტილაციო სისტემით, რომელსაც ექნება სათანადო მაკონტროლებელი სისტემა.  

მუხლი 16. ბუნებრივი და ხელოვნური განათება

1. სამუშაო სივრცეები და ადგილები მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბუნებრივი განათებით და/ან ხელოვნური განათების  სისტემით ისე, რომ დაცული იყოს დასაქმებულებისა და სხვა პირების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

2. ხელოვნური განათების ფერები ხელს არ უნდა უშლიდეს  უსაფრთხოების ნიშნებისა და სიგნალების ადეკვატურ აღქმას.

3. განათების მოწყობილობები სამუშაო სივრცესა და კორიდორებში ისე უნდა განთავსდეს, რომ დასაქმებულები და სხვა პირები დაცული იყვნენ უბედური შემთხვევებისგან.

4. საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ფანჯრები, ბუნებრივი განათების სხვა წყაროები ისე უნდა დამონტაჟდეს, რომ სამუშაო სივრცე დაცული იყოს მზის მხურვალების გადაჭარბებული ზემოქმედებისგან.

5. სამუშაო ადგილებში ან სივრცეებში, სადაც განათების სისტემის დაზიანებამ შეიძლება, საფრთხე შეუქმნას დასაქმებულების ან სხვა პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, გათვალისწინებული უნდა იყოს სათანადო სიმძლავრის საავარიო განათება. 

6. განათების საშუალო სიმძლავრის მინიმალური პარამეტრებია (Em):

ა) შიდა სამუშაო სივრცე დასაქმებულის მდგრადი შრომისუნარიანობისთვის:

ა.ა) საკმარისი მოცულობის ბუნებრივი განათებით − Em = 200 lx;

ა.ბ) ბუნებრივი და ხელოვნური განათების კომბინირების შემთხვევაში −  Em = 500 lx;

ა.გ) ბუნებრივი განათების არარსებობის შემთხვევაში, ალტერნატიულ სისტემასთან ერთად −  Em = 500 lx;

ა.დ) ბუნებრივი განათების გარეშე − Em = 1500 lx;

ბ) მოკლევადიანი სამუშაოს შესრულების დროს − Em = 100 lx;

გ) იშვიათი გამოყენების შემთხვევაში − Em = 20 lx.

მუხლი 17. დამხმარე სანიტარიული სათავსები და სანიტარიული კვანძები

1. დამხმარე სანიტარიული სათავსები შესაძლებელია, განთავსდეს როგორც უშუალოდ სამუშაო შენობებში, ასევე − სამუშაო ადგილთან ახლოს ცალკე მდგომ შენობებში. სამუშაოს შესრულებისთვის განკუთვნილი შენობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი დამხმარე სანიტარიული სათავსებითა და სანიტარიული კვანძებით, როგორებიცაა: ხელსაბანები და საპირფარეშოები, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში,  სააბაზანოები/საშხაპეები, მოსაწევი ადგილები, სამუშაო ტანსაცმლის რეცხვისა და დეზინფექციის ოთახები.

2. დამხმარე სანიტარიული სათავსებისა და სანიტარიული კვანძების ფართი უნდა შეესაბამებოდეს მათი გამოყენების მიზნობრიობას. სანიტარიული სათავსებისა და სანიტარიული კვანძებისთვის განკუთვნილი ოთახების ჭერის სიმაღლე დამოკიდებულია მომხმარებელთა რაოდენობასა და ოთახების დანიშნულებაზე, მაგრამ არანაკლებ 2 მეტრისა.  

მუხლი 18. საპირფარეშოები

1. სამუშაო ადგილთან, მოსასვენებელ და გამოსაცვლელ ოთახებთან, საშხაპეებთან, ხელსაბანებთან განთავსებული უნდა იყოს საჭირო რაოდენობის საპირფარეშოები.

2. მამაკაცებისა და ქალებისთვის საპირფარეშოები უნდა იყოს გამიჯნული.

3. თითოეულ საპირფარეშოს უნდა ჰქონდეს საკეტიანი კარი, რომელიც უნდა იღებოდეს შიგნიდან გარეთ.

4. საპირფარეშოები აღჭურვილი უნდა იყოს გამწოვით ან სავენტილაციო სისტემითა და ხელსაბანებით.

მუხლი 19. საშხაპეები და ხელსაბანები 

1. დასაქმებულები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია საწარმოო გარემოს მავნე ფაქტორების (მტვერი, მავნე ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებები, მაღალი ტენიანობა, პათოგენურ-ბიოლოგიური აგენტები, მაიონიზირებელი გამოსხივება და სხვ.) ზემოქმედებასა და აგრეთვე სურსათის ან სტერილური მასალების წარმოებასთან/გადამუშავებასთან, უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ საშხაპე ოთახებით.

2. საშხაპეები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა)  ჰქონდეს ადეკვატური ზომა;

ბ) გაიმიჯნოს ქალისა და მამაკაცის საშხაპეები;

გ) უზრუნველყოფილი იყოს მუდმივი ცივი და ცხელი წყლით;

დ) თბებოდეს ცივ ამინდში;

ე) იატაკები და კედლები დამზადებული უნდა იყოს წყალგაუმტარი და იოლად გასაწმენდი მასალებისგან.

3. თუ სამუშაო სპეციფიკა არ ითვალისწინებს საშხაპეების მოწყობის აუცილებლობას, მაშინ დასაქმებულები და სხვა პირები  უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ხელსაბანებითა და მუდმივი წყლით (საჭიროების შემთხვევაში − ცხელი წყლით). ხელსაბანები მამაკაცებისა და ქალებისათვის უნდა იყოს განცალკევებული და განთავსებული სამუშაო სივრცესა და გამოსაცვლელ ოთახებთან ახლოს.

4. თუ საშხაპეები და ხელსაბანები გამიჯნულია გამოსაცვლელი ოთახებისგან, აუცილებელია მათ შორის იყოს დამაკავშირებელი კორიდორი.  

მუხლი 20. გამოსაცვლელი ოთახები და პირადი კარადები/სეიფები

1. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაქმებულები და სხვა პირები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ გამოსაცვლელი ოთახებით. გამოსაცვლელი ოთახები უნდა იყოს იოლად მისასვლელი, ადეკვატური მოცულობის და სკამებით, კედლის სარკეებითა და სანაგვე ურნებით აღჭურვილი.

2. გამოსაცვლელ ოთახებში თითოეული დასაქმებულისთვის განკუთვნილი უნდა იყოს საკეტიანი ინდივიდუალური კარადა.

3. საჭიროების შემთხვევაში (მაგ.: საშიში ნივთიერებები, ტენიანობა, მტვერი, ჭუჭყი), სამუშაო ტანსაცმლის კარადები განთავსებული უნდა იყოს ჩვეულებრივი ტანსაცმლის კარადებისგან დამოუკიდებლად.

4. გამოსაცვლელი ოთახები ქალებისა და მამაკაცებისთვის ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს.

5. თუ, სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით, გამოსაცვლელი ოთახების საჭიროება არ არსებობს, თითოეული დასაქმებულისა და სხვა პირებისთვის უნდა გამოიყოს ადგილი ტანსაცმლის განსათავსებლად.

მუხლი 21. მოსასვენებელი ადგილები და კვების ბლოკები/ სასადილოები

1. თუ, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაქმებულთა და სხვა პირთა გარკვეული რაოდენობა საჭიროებს ხშირ ან ხანგრძლივ შესვენებას, დასაქმებულები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ მოსასვენებელი ადგილებით. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება დასაქმებულებზე, რომელთა სამუშაო სივრცე განთავსებულია ოფისებში ან მსგავს ადგილებში, სადაც არსებობს შესვენებების დროს განტვირთვისა და დასვენებისთვის სათანადო პირობები.

2. მოსასვენებელი ადგილები, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა იყოს: იოლად მისაწვდომი, ერთ ადამიანზე არანაკლებ 2 მ2 ფართის, ვენტილაციის სისტემით აღჭურვილი და ტემპერატურისა და განათებისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი.

3. მოსასვენებელი ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს საჭირო მოწყობილობით, მათ შორის, მაგიდებითა და საზურგიანი სკამებით.

4. კვებისთვის განკუთვნილი სათავსების ფართი და მაგიდების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს დასაქმებულთა რაოდენობას, სამუშაო რეჟიმსა და სხვა პირობებს.

5. მოსასვენებელ ოთახებსა და კვების ბლოკებში/სასადილოებში უნდა იკრძალებოდეს მოწევა და მოწევისათვის გამოყოფილი უნდა იყოს ცალკე ადგილები, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ისეთ სამუშაო ადგილებზე, სადაც სამუშაო დროის განმავლობაში დასაქმებულებს ხშირად უწევთ სამუშაოს შეჩერება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ოთახი, სადაც დასაქმებულთათვის შესაძლებელი იქნება დასვენება ამ პერიოდის განმავლობაში.

7. არამწეველთა თამბაქოს კვამლით გამოწვეული დისკომფორტისგან დასაცავად მიღებულ უნდა იქნეს სათანადო ზომები, მათ შორის, მწეველთა ინფორმირება თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედების შესახებ.

მუხლი 22. პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახები

1. საწარმოს სიდიდის, სამუშაოს სპეციფიკის, ავარიული სიტუაციების სიხშირისა და სიმძიმის ხარისხის მიხედვით, სამუშაო სივრცეში უნდა იყოს ერთი ან მეტი პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახი ან შესაბამისი გამოყოფილი ადგილი.

2. პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახები უნდა აღიჭურვოს პირველადი სამედიცინო დახმარების დანადგარებითა და აღჭურვილობით, ამასთანავე, უნდა იყოს სათანადო წესით ნიშანდებული და შესაძლებელი უნდა იყოს საკაცით გადაადგილება.

3. საჭირო რაოდენობის პირველადი დახმარების ყუთები განთავსებული უნდა იყოს ყველა სამუშაო სივრცეში. ასეთი ადგილები უნდა იყოს სათანადო წესით ნიშანდებული და იოლად ხელმისაწვდომი დასაქმებულთათვის.

მუხლი 23. სასმელი წყლით უზრუნველყოფა

დასაქმებულები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სასმელი წყლით, რომლის მიწოდებაც შესაძლებელია ონკანით, დისპანსერით, ბოთლით ან სხვა საშუალებებით.

მუხლი 24. ღია სამუშაო სივრცეები (სპეციალური პირობები)

1. ღია სამუშაო სივრცეებში სამუშაო ადგილები/სივრცეები, სამოძრაო მარშრუტები და სხვა სივრცეები ან მოწყობილობები უნდა განლაგდეს იმგვარად, რომ ქვეითებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისათვის განკუთვნილი გზები იყოს უსაფრთხო.

2. რეგლამენტით დამტკიცებული „სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების“ მე-8, მე-9 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული წესი ვრცელდება ასევე სამუშაო ადგილებზე განთავსებულ იმ მთავარ სატრანსპორტო მარშრუტებზე, რომლებიც გამოიყენება საწარმოს დანადგარების, სატვირთო პლატფორმების, ბაქნებისა და პანდუსების შემოწმების ან/და რეგულარული მოვლა-პატრონობის განსახორციელებლად. ამასთან, მე-8 მუხლით გათვალისწინებული წესის გამოყენება შესაძლებელია გარე სივრცეში განლაგებული სამუშაო ადგილების მიმართ.

3. არასაკმარისი ბუნებრივი განათების პირობებში ღია სამუშაო სივრცეები ადეკვატურად უნდა იყოს განათებული ხელოვნური განათებით.

4. სამუშაო პროცესის ღია ცის ქვეშ წარმოებისას, სამუშაო სივრცე ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ დასაქმებული დაცული იყოს:

ა) მკაცრი კლიმატური პირობებისგან;

ბ) გარე ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების (ხმაური, მტვერი, აირები და სხვა) მავნე ზემოქმედებისგან;

გ) დაცურებისა და წაქცევის საფრთხისგან;

დ) საგნების ვარდნა-დაცემისგან.

5. საშიშროების შემთხვევაში, დასაქმებულებს უნდა შეეძლოთ ობიექტის სწრაფად დატოვება და გადაუდებელი დახმარების მიღება.

მუხლი 25. ორსული ქალები და მეძუძური დედები

ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისთვის განკუთვნილი მოსასვენებელი ადგილები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი პირობებით.

მუხლი 26. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) დასაქმებულები

სამუშაო სივრცე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეციალური მოწყობილობებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად (მათ შორის, კარები, გასასვლელები, კიბეები, საშხაპეები, საპირფარეშოები, ხელსაბანები, რომლებიც განკუთვნილია შშმ პირთა სარგებლობისთვის) და სამუშაო ადგილები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ეწევიან შრომით საქმიანობას.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.