საინვესტიციო ფონდებისა და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე

საინვესტიციო ფონდებისა და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 70/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016626
70/04
29/06/2022
ვებგვერდი, 30/06/2022
220010000.18.011.016626
საინვესტიციო ფონდებისა და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №70/04

2022 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

 

საინვესტიციო ფონდებისა და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის 41 პუნქტის, 524 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საინვესტიციო ფონდებისა და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების თანდართული წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



საინვესტიციო ფონდებისა და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ფულის

გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ საინვესტიციო ფონდებისა (შემდგომში - „ფონდი“) და მისი მმართველი ორგანოს წევრების  მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს.

2. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ, ავტორიზებულ ან აღიარებულ ფონდებზე.

3. თუ ეროვნული ბანკი დაადგენს, რომ ფონდმა დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა (შემდეგში – ფინანსური მონიტორინგის სამსახური) და  ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნები, წერილობითი მითითებები ან/და არ შეასრულა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფონდის ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები.

4. ფონდისათვის ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მიეთითება ჯარიმის აღსრულების წესი.

5. ფულადი ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ განკარგულების ასლის ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ელექტრონული წესით განკარგულების მხარისათვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

6. ფონდისათვის ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

7. ფონდისთვის ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

8. ფონდის ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

9. ფონდისათვის რეგისტრაციის/ავტორიზაციის/აღიარების გაუქმება პირს არ ათავისუფლებს დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან.

 


მუხლი 2. საინვესტიციო ფონდის ფულადი ჯარიმები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების, შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობისათვის
1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“  საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობით გამოწვეული დარღვევები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) განსაკუთრებით მძიმე დარღვევები;

ბ) მძიმე დარღვევები;

გ) ნაკლებად მძიმე დარღვევები.

2. განსაკუთრებით მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს ფონდის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) დადგენილ ვადებში  ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ)  ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული  „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ (შემდეგში – ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესი) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ  ყადაღასთან  მიმართებაში;

ე) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის  მიზნებისათვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის, (რომელიც  უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების, მათ შორის,  დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენას და პირის  გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ  და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა  სიებში) არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

ვ) ფონდის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების ვადის დასრულებამდე წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას –  3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობისათვის;

ზ) ფონდის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების პერიოდში შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ხელის შეშლა, რამაც გამოიწვია შემოწმების განხორციელების შეფერხება – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

თ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად წერილობით განსაზღვრული  მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის ფაქტზე;

ი) ადგილზე შემოწმების შედეგად ფონდისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის ფაქტზე;

კ) კლიენტის ან/და  გარიგების (ოპერაციის) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობა  – 5 000  (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ლ) ფონდის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების  ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაუცემლობა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

3. მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს ფონდის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) კლიენტის მფლობელობისა და  კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის დადგენის გარეშე ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე პირისთვის მომსახურების გაწევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ)  პირების (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის  გარეშე მომსახურების გაწევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) ფონდის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის კლიენტს არ აქვს  რისკის დონე მინიჭებული – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

დ) რისკის შესაბამისად, აგრეთვე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირის  შესახებ ინფორმაციის განუახლებლობა  ან/და ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის მიუღებლობა (გარდა პოლიტიკურად აქტიური პირისა) – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;

ე) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

ვ) კლიენტისათვის რისკის მინიჭება/გადაფასება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და ფონდის შიდა პოლიტიკით/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

ზ) ფონდი, კანონმდებლობის ან/და შიდა პოლიტიკის/პროცედურების შესაბამისად, არ ახორციელებს კლიენტთან დამყარებული საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგს, გარიგების, საქმიანობის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლას – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

თ) კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის  დაუდგენლობა – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

ი) ფონდს არ აქვს შემუშავებული შიდა კონტროლთან დაკავშირებული პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები ან შემუშავებული/დანერგილი პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს  – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

კ) ფონდის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ლ) ფონდის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტითა ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების გაგზავნისას ფონდის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად  წარდგენა – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ არასწორად წარდგენილ ანგარიშგებასთან მიმართებაში;

მ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/ დოკუმენტაციის განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის ან ფონდის ხელთ არსებული  დოკუმენტების/ინფორმაციის არასწორად წარდგენის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ნ) ფონდის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით ან/და ფონდის ხელთ არსებული  ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენა – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში;

ო) ფონდის მმართველი ორგანოს წევრი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს  ორგანიზაციის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, დაჯარიმდება – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

4. ნაკლებად მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს  ფონდის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა)  პირების (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის, მათ მიერ განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღრიცხვისათვის ან/და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ) ფონდის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ბ.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ბ.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისთვის – 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

გ) ფონდის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების  რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) ფონდის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების  რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის  30 კალენდარულ დღემდე დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;

ე) ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (გარდა, შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის) არასწორად ან/და არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

5. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევებს ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭება სისტემატური დარღვევის სტატუსი და გამოიწვევს ფონდის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) ფონდის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების  რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის განმეორებით წარმოუდგენლობა, თუ წინა საანგარიშგებო პერიოდისათვის ფონდი უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით,  თითოეულ წარმოუდგენელ ანგარიშგებაზე;

ბ) ფონდის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის 30 დღემდე დაგვიანებით წარმოდგენა, თუ წინა საანგარიშგებო პერიოდისათვის ფონდი უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ დაგვიანებით წარმოდგენილ ანგარიშგებაზე;

გ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად წერილობით განსაზღვრული  მოთხოვნების  დადგენილ ვადაში განმეორებით შეუსრულებლობა – 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

დ) ადგილზე შემოწმების შედეგად ფონდისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში განმეორებით შეუსრულებლობა – 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

ე) კლიენტის ან/და გარიგების (ოპერაციის) შესახებ ინფორმაციის აღურიცხაობის ფაქტის განმეორება, თუ ფონდი უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ) მფლობელობის და  კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე განმეორებითი იმავე პირისთვის მომსახურების გაწევის შემთხვევაში, თუ ფონდი ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ზ) განმეორებით იმავე პირის (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე  მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში, თუ ფონდი ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

6. თუ ფონდის შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა ისეთი დარღვევა, რომლისთვისაც ფონდის მიმართ ერთხელ უკვე იყო გამოყენებული ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა ან/და გარკვეული დარღვევა (დარღვევები) ფონდისთვის ქმნის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სისტემურ რისკს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფონდი დააჯარიმოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის  ოდენობით ან/და გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.