საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 18/04/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4, 30/04/1991
ძალის დაკარგვის თარიღი 25/11/1995
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
-
18/04/1991
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4, 30/04/1991
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 17.04.1997, №651)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ

კარი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. არჩევნების საფუძველი

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ირჩევენ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

საქათველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ირჩევენ 5 წლის ვადით.

მუხლი 2. საყოველთაო საარჩევნო უფლება

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები საყოველთაოა: არჩევის უფლება აქვს საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღისათვის 16 წელი შეუსრულდა.

ის პირნი, რომლებიც მსახურობენ ისეთ სამხედრო ან გასამხედროებულ შენაერთებში, რომლებიც არ ექვემდებარებიან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების იურისდიქციას, არ მონაწილეობენ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებში.

არჩევნებში არ მონაწილეობენ ფსიქიკურად დაავადებული მოქალაქენი, რომლებიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო, აგრეთვე ის პირნი, რომლებიც სასამართლოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის ადგილას იმყოფებიან ან რომელთა მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულია აღკვეთის ღონისძიება – დაპატიმრება.

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 23 აპრილის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №4, 30.04.1991წ., მუხ.311

მუხლი 3. თანასწორი საარჩევნო უფლება

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები თანასწორია: ყოველ ამომრჩეველს ერთი ხმა აქვს. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები პრეზიდენტის არჩევნებში თანასწორ საფუძვლებზე მონაწილეობენ.

მუხლი 4. პირდაპირი საარჩევნო უფლება

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირია: პრეზიდენტს ამომრჩევლები უშუალოდ ირჩევენ.

მუხლი 5. ფარული კენჭისყრა

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები ფარული კენჭისყრის ტარდება; კონტროლი ამომრჩეველთა ნების გამოვლინებისადმი დაუშვებელია.

მუხლი 6. არჩევნების თარიღი

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება ხუთ წელიწადში ერთხელ, 26 მაისს.

მუხლი 7. პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება საარჩევნო კომისიების მიერ

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისია და მისი ქვემდგომი საარჩევნო კომისიები.

მუხლი 8. მოქალაქეების, პოლიტიკური პარტიების, მათი გაერთიანებების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევნების მომზადებასა და ჩატარებაში

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს, მათ გაერთიანებებს, საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების მომზადებასა და ჩატარებაში ამ კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 9. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენის უფლება

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს რესპუბლიკის რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებსა (პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მოძრაობებს, კავშირებს და ა. შ., ტექსტში შემდგომ - „პარტიებს“) და საარჩევნო ბლოკებს, რომელთა მოქმედება ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, აგრეთვე ამომრჩეველთა ჯგუფებს განცხადების წარდგენის გზით.

მუხლი 10. არჩევნებთან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯები

პრეზიდენტის არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. ხარჯების სავარაუდო ოდენობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარდგენით განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი. არჩევნების დამთავრების შემდეგ, 3 თვისს ვადაში, ხარჯების ფაქტობრივ ოდენობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.

არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილების, გამოყენებისა და ანგარიშის გამოქვეყნების წესს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოები საარჩევნო კომისიებს უფასო სარგებლობისათვის გადასცემენ არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საჭირო შენობებს და მოწყობილობას.

მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ორგანოები უფასოდ აქვეყნებენ საარჩევნო კომისიების მიერ წარდგენილ მასალებს, პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებსა და სხვა მასალებს კანონით დადგენილ ფარგლებში.

მუხლი 11. პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო ფონდები

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს შეუძლიათ შექმნან საარჩევნო ფონდები, რისთვისაც მათ უფლება აქვთ გამოიყენონ საქართველოს რეპუბლიკის მოქალაქეთა, პოლიტიკურ პარტიათა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოძრაობათა, შრომით კოლექტივთა შეწირულობანი.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შემდეგ საარჩევნო ფონდისათვის განკუთვნილი თანხა ჩაირიცხება კანდიდატის საარჩევნო ფონდის საბანკო ანგარიშზე, რომელიც იხსნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესით.

პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ფონდიდან დასახარჯი თანხის ზღვრულ ოდენობას არჩევნებამდე არა უგვიანეს 30 დღისა ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

არჩევნების დამთავრების შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ფონდის ნაშთი ჩაირიცხება საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტში.

მუხლი 12. საჯაროობა არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დროს

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების მომზადებასა და ჩატარების საარჩევნო კომისიები ღიად და საჯაროდ ახორცილებენ.

საარჩევნო კომისიების სხდომებზე და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლება აქვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული პარტიების წარმომადგენლებს, პრეზიდენტობის კანდიდატების თითო ნდობით აღჭურვილ პირს, პრესის, ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლებს, ხოლო არჩევნების დღეს ხმის მისაცემ შენობებში საარჩევნო ყუთების დალუქვიდან არჩევნების შედეგების შეჯამების დამთავრებამდე – პრეზიდენტობის კანდიდატების თითო წარმომადგენელსაც.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აშუქებენ პრეზიდენტის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მიმდინარეობას. მათთვის გარანტირებულია შეუფერხებელი დასწრება არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა კრებასა და სხდომაზე.

მუხლი 13. პასუხისმგებლობა არჩევნების შესახებ კანონის დარღვევისათვის

იმ პირების, რომლებიც ძალადობით, მოტყუებით, მუქარით, მოსყიდვით ან სხვა გზით ხელს უშლიან საქართველოს მოქალაქეს თავისუფლად განახორციელოს თავისი უფლება – აირჩიოს და იყოს არჩეული პრეზიდენტად, ეწეოდეს წინასაარჩევნო აგიტაციას, რომლებიც ერევიან საარჩევნო კომისიების მუშაობაში და ხელს უშლიან საარჩევნო უბნებში ხმის მიცემას, კანდიდატის რეგისტრაციასთან, ხმების დათვლასა და არჩევნების შედეგების დადგენასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას, აქვეყნებენ ან სხვა საშუალებით ავრცელებენ პრეზიდენტობის კანდიდატის პატივისა და ღირსების შემლახავ ცნობებს ან აგიტაციას ეწევიან არჩევნების დღეს, აგრეთვე საარჩევნო კომისიების წევრებს, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების თანამდებობების პირებს, რომლებმაც გააყალბეს საარჩევნო დოკუმენტები, განზრახ არასწორად დათვალეს ხმები, დაარღვიეს კენჭისყრის საიდუმლოება, საარჩევნო კომისიებს არ წარუდგინეს საჭირო მასალები და მონაცემები ან არ შეასრულეს მათი გადაწყვეტილებები, ეკისრებათ კანონით დადგენილი პასუხიმგებლობა.

კარი II

საარჩევნო ოლქები, საარჩევნო უბნები, საარჩევნო კომისიები, ამომრჩეველთა სიები

მუხლი 14. საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებისათვის საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები იქმნება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 15. საარჩევნო კომისიები

საარჩევნო კომისიების სისტემის, მათი ორგანიზაციისა და უფლებამოსილების განსაზღვრისათვის გამოიყენება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონი.

მუხლი 16. ამომრჩეველთა სიები

პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის ამომრჩეველთა კორპუსის დადგენას საფუძვლად დაედება საქართველოს რესპუბლიკაში ბოლო არჩევნებისას შედგენილი ამომრჩეველთა სიები. სიებში ცვლილებები და დამატებები შეიტანება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესით.

კარი III

პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენა და მათი რეგისტრაცია

მუხლი 17.  პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენა

პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და ამომრჩეველთა ჯგუფებს განცხადების წარდგენის გზით.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატად შეიძლება წარდგენილ იქნეს დაბადებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, ოცდათხუთმეტიდან სამოცდაათ წლამდე ასაკისა, რომელსაც საქართველოს რესპუბლიკაში მუდმივას უცხოვრია არანაკლებ ბოლო 5 წლისა, მიუხედავად სოციალური, ქონებრივი მდგომარეობის, სქესისა და საქმიანობისა.

ყოველ პარტიას, საარჩევნო ბლოკს და ამომრჩეველთა სულ ცოტა ხუთკაციან ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატი. პრეზიდენტობის კანდიდატთა შერჩევის წესს განსაზღვრავენ თავად პარტიები და საარჩევნო ბლოკები.

კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, საარჩევნო ბლოკმა, ამომრჩეველთა ჯგუფმა არჩევნებამდე არა უგვიანეს 32 დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც მას უფლება აქვს შეაგროვოს მხარდამჭერთა ხელმოწერები. განცხადებას უნდა ერთვოდეს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა კენჭისყრაზე; მას უფლება აქვს თანხმობა მისცეს რამდენიმე პარტიას, საარჩევნო ბლოკს და ამომრჩეველთა ჯგუფს.

განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პრეზიდენტობის კანდიდატის სახელი და გვარო, დაბადების თარიღი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, პარტიულობა და საქართველოში ცხოვრების ვადა, აგრეთვე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა ჯგუფის პასუხიმგებელი წარმომადგენლის ვინაობა. მას უნდა დაერთოს კანდიდატის დაბადების მოწმობის ასლი. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის ხელმძღვანელი პირი, (საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირები), ამომრჩეველთა ჯგუფის ყველა წევრი:

პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა ჯგუფის პასუხისმგებელბა წარმომადგენელმა არჩევნებამდე არა უგვიანეს 23 დღისა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია. მასში უნდა იყოს არანაკლებ 10000 ამომრჩევლის ხელმოწერა.

თუ პრეზიდენტობის კანდიდატი დამოუკიდებლად წარადგინა რამდენიმე პარტიამ, საარჩევნო ბლოკმა და ამომრჩეველთა ჯგუფმა, მხარდამჭერთა საერთო რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 10 ათასისა.

პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერთა სიების შედგენის წესი განისაზღვრება „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 38-ე მუხლით.

მუხლი 18. პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია

პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე არა უგვიანეს თორმეტი დღისა.

მხარდამჭერთა სიების შემოწმებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ამთავრებს არჩევნებამდე არა უგვიანეს 18 დღისა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს პასუხისმგებელ წარმომადგენელს. მხარდამჭერთა სიების შემოწმების წესს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია და არჩევნებამდე არა უგვიანეს 32 დღისა აქვეყნებს მას რესპუბლიკურ გაზეთებში.

თუ სიების შემოწმების შედეგად ნამდვილად ცნობილი ხელმოწერების რაოდენობა 9000-ზე ნაკლები აღმოჩენა, კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო თუ მათი რაოდენობა 10000-ზე ნაკლები, მაგრამ 9000-ზე მეტი აღმოჩნდა, პარტიის საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენელს წინადადება ეძლევა ხუთი დღის ვადაში შეაგროვოს დამატებითი ხელმოწერები. მათი ნამდვილობის შემოწმებას კომისია ამთავრებს არჩევნებამდე არა უგვიანეს 12 დღისა. თუ ამ სიების შემოწმების შედეგად ნამდვილად ცნობილი ხელმოწერების რაოდენობა კვლავ 10000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება.

პრეზიდენტობის კანდიდატის თანხმობაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ არჩევის შემთხვევაში იგი მხოლოდ პრეზიდენტის ხელფასს მიიღებს.

ზემოთ ჩამოთვლილი საბუთების წარმდგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია აძლევს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საბუთების მიღების თარიღი და დრო.

კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ 2 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენელს ან კანდიდატებს გადასცემს კანდიდატთა მოწმობებს.

კანდიდატების გვარები ინომრება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მათი მხარდამჭერთა სიების წარდგენის რიგის მიხედვით და ქვეყნდება პრესაში რეგისტრაციის დამთავრებიდან 3 დღის ვადაში. ამავე ვადაში ქვეყნდება იმ კანდიდატთა სია, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე, აგრეთვე უარის მიზეზები.

მუხლი 19. კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება, კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნა

პარტიას, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა ჯგუფს უფლება აქვს კანდიდატის რეგისტრაციამდე ნებისმიერ დროს გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. მის კანდიდატურას მოხსნის ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიის ხელმძღვანელი პირის (საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელ პირთა, ამომრჩეველთა ჯგუფის ყველა წევრის) მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე.

კანდიდატს არჩევნებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

ინფორმაციას ზემოაღნიშნულის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს განცხადების მიღებიდან  3 დღის ვადაში, ხოლო თუ არჩევნებამდე ოთხ დღეზე ნაკლებია დარჩენილი – დაუყოვნებლივ.

კარი IV

არჩევნების მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატთა საქმიანობის გარანტიები

მუხლი20. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატთა საქმიანობის გარანტიები უზრუნველყოფილია „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად.

კარი V

ხმის მიცემა

მუხლი 21. საარჩევნო ბიულეტენი

საარჩევნო ბიულეტენის ფორმას განსაზღვრავს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საარჩევნო ბიულეტენში პრეზიდენტობის კანდიდატები შეაქვთ წარდგენის რიგის მიხედვით.

ბიულეტენში მითითებული უნდა იყოს პრეზიდენტობის კანდიდატის სახელი, გვარი, დაბადების წელი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო ადგილი, პარტიულობა, პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტიის (საარჩევნო ბლოკის) დასახელება; თუ კანდიდატი ამომრჩეველთა ჯგუფის განცხადების საფუძველზეა წარდგენილი, უნდა დაიწეროს „დამოუკიდებელი“.

საარჩევნო ბიულეტენებს ბეჭდავს ცენტრალური საარჩევნო კომისია ქართულ ენაზე, აფხაზეთისათვის – ქართულსა და აფხაზურ ენებზე, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – საარჩევნო ოლქის მოსახლეობის რომელიმე ნაწილისათვის გასაგებ სხვა ენაზეც.

საარჩევნო ბიულეტენები ზუსტ აღრიცხვას ექვემდებარება. ცენტრალური  და მისი ქვემდგომი საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ საუბნო  საარჩევნო კომისიებისათვის ბიულეტენების გადაცემას არჩევნებამდე არაუგვიანეს 5 დღისა. ყოველ საოლქო (ტერიტორიულ, ადგილობრივ) საარჩევნო კომისიას უნდა გადაეცეს შესაბამის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობაზე დაახლოებით ხუთი პროცენტით მეტი ბიულეტენი. ბიულეტენების მიღებას ხელმოწერით ადასტურებს კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე ან მდივანი.

მუხლი 22. ხმის მიცემის წესი

ხმის მიცემის დრო, ადგილი, მისი მოწყობა განისაზღვრება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად.

ამომრჩეველმა ბიულეტენში უნდა შემოხაზოს პრეზიდენტობის იმ კანდიდატის რიგითი ნომერი, რომელსაც აძლევს ხმას.

კარი VI

არჩევნების შედეგების შეჯამება და გამარჯვებული კანდიდატის გამოვლინება

მუხლი 23. ხმების დათვლა საარჩევნო უბნებში

ხმების დათვლისას დაცული უნდა იყოს შემდეგი თანამიმდევრობა:

1) ხმის მიცემის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისია ითვლის და პაკეტად კრავს გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს. პაკეტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობა; მას ხელს უნდა აწერდნენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი;

2) ამომრჩეველთა ძირითადი და დამატებითი სიების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, აგრეთვე არჩევნების მონაწილეთა ანუ იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომელმაც მიიღეს ბიულეტენები;

3) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ამოწმებს  ბეჭდის მთლიანობას საარჩევნო ყუთებზე, ხსნის მათ და ამოწმებს ყუთებში საკონტროლო ფურცლის არსებობას;

4) კომისია ითვლის ყუთებში არსებული ბიულეტენების ანუ ხმის მიცემის მონაწილეთა რაოდენობასა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობას. (ბათილად ცნობენ დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებსა და ბიულეტენებს, რომელთა მიხედვითაც შეუძლებელია დადგინდეს, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. ყველა სხვა შემთხვევაში ბიულეტენი ნამდვილად ითვლება). ბათილად ცნობილი ბიულეტენები ცალკე კონვერტებში იდება და იმგვარად იბეჭდება, რომ ბეჭდის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს ბიულეტენების ამოღება ან ჩადება. კონვერტებს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, მასში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა;

5) კომისია ახარისხებს ბიულეტენებს და ცალ-ცალკე ითვლის ყოველი კანდიდატისათვის მიცემული ხმების რაოდენობას. ამის შემდეგ ბიულეტენები ისევე უნდა ჩაიწყოს, როგორც მეოთხე პუნქტშია მითითებული;

6) საუბნო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე განიხილავს და ოქმში შეიტანს ხმების დათვლის შედეგებს. ოქმის ცალთა რაოდენობა ორით უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი კანდიდატების რაოდენობას. ოქმის ყოველ ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები. მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი;

7) ოქმის პირველ ცალს და ყველა საარჩევნო ბიულეტენს დაუყოვნებლივ უგზავნიან შესაბამის საოლქო (ტერიტორიულ, ადგილობრივ) საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით, მეორე ცალი ინახება თვით საუბნო საარჩევნო კომისიაში, თითო ცალი კი უნდა ჩაბარდეს დასახელებული კანდიდატების წარმომადგენლებს.

საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია.

მუხლი 24. ხმების დათვლა საარჩევნო ოლქში

საოლქო (ტერიტორიული, ადგილობრივი) საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობას, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქში, არჩევნების მონაწილეთა, ხმის მიცემის მონაწილეთა, ხმის მიცემის მონაწილეთა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობას.

საოლქო (ტერიტორიულ, ადგილობრივ) საარჩევნო კომისიას შეუძლია არჩევნები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბნებში, სადაც მოხდა ამ კანონის უხეში დარღვევა. საჩივარი ასეთი დარღვევების შესახებ საოლქო (ტერიტორიულ, ადგილობრივ) საარჩევნო კომისიას შეიძლება წარედგინოს არაუგვიანეს არჩევნების მომდევნო დღისა,  რომლის შესახებაც იგი გადაწყვეტილებას იღებს არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს ორი დღისა.

საოლქო (ტერიტორიული, ადგილობრივი) საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ამტკიცებს არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს.

ოქმის ცალთა რაოდენობა ორით უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი კანდიდატების რაოდენობას. ოქმის ყველა ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები. მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი.

ოქმის პირველი ცალი და გამოუყენებელი ბიულეტენები არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით, თითო ცალი კი უნდა ჩაბარდეს კანდიდატების ნდობით აღჭურვილ პირებს.

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 23 მაისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1991წ. მუხ.384

მუხლი 25. არჩევნების შედეგების დადგენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო (ტერიტორიული, ადგილობრივი) საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საქართველოში, არჩევნების მონაწილეთა რაოდენობას, ხმის მიცემის მონაწილეთა, თითოეული კანდიდატისათვის მიცემული ხმებისა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობას.

პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში ხმის მიცემის მონაწილე ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს.

პრეზიდენტის არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტმა.

იმ უბნებში, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი თუ ამომრჩეველთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ არჩევნებში მათ მონაწილეობას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა არჩევნების ჩატარებულად ჩათვლაზე, არჩევნებში გამარჯვებულის გამოვლენაზე ან არჩევნების მეორე ტურში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატების გამოვლენაზე, ამ უბნებში ტარდება ხელახალი ხმის მიცემა არჩევნების დღიდან ორი კვრის ვადაში.

თუ არჩევნები ჩატარებულად არის ცნობილი, წარდგენილი იყო პრეზიდენტობის ორზე მეტი კანდიდატი, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიიღო ხმის მიცემის მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს. არჩევნების მეორე ტური ეწყობა სამი კვირის ვადაში.

თუ არჩევნები ჩატარებულად არ ჩაითვალა, პირველი ტურის ჩატარებიდან ორი თვის განმავლობაში ეწყობა ხელახალი არჩევნები. 

საჩივრები არჩევნების ჩატარებისა და მისი შედეგების დადგენის კანონიერების თაობაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეიძლება წარედგინოს არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს სამი დღისა. მათ შესახებ კომისია გადაწყვეტილებას იღებს არჩევნებიდან არა უგვიანეს ხუთი დღისა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და კომისიის მიერ საარჩევნო კანონის დარღვევის გამო საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში საჩივრის შეტანის უფლება აქვთ პრეზიდენტობის კანდიდატს და მისი წარმდგენი პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან ამომრჩეველთა ჯგუფის პასუხისმგებელ წარმომადგენელს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს ექვსი დღისა.

სასამართლოს, რომელიც საქმეს განიხილავს, გადაწყვეტილება გამოაქვს არჩევნების დღიდან არა უგვიანეს ცხრა დღისა. აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე აჩერებს არჩევნების შედეგების დადგენას.

თუ პრეზიდენტობის კანდიდატს, მისი წარმდგენი პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა ჯგუფის პასუხისმგებელ წარმომადგენელს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, პრეზიდენტობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილ რომელიმე პირს ან მისი წარმდგენი პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა ჯგუფის ან მისი რომელიმე წარმომადგენელს საარჩევნო უბანში დაუმტკიცდება არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ნებაზე, კანონით დაუშვებელი ზემოქმედება, მაშინ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით საარჩევნო კომისია გააუქმებს პრეზიდენტობის ამ კანდიდატისათვის მიცემული ხმების მთელ რაოდენობას ამ უბანში. იმ შემთხვევაში, როდესაც გაუქმებულ ხმათა რაოდენობას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა არჩევნების ჩატარებულად ჩათვლაზე, არჩევნებში სხვა გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენაზე ან არჩევნების მეორე ტურში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატების გამოვლენაზე, შესაბამის უბნებში დარჩენილი კანდიდატების მონაწილეობით ტარდება ხელახალი ხმის მიცემა არჩევნების დღიდან ორი კვირის ვადაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ჩატარებიდან 10 დღის ვადაში თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგების საარჩევნო ოლქების მიხედვით და შეაქვს ოქმში.

ოქმის ცალთა რაოდენობა ორით უნდა აღემატებოდეს ბიულეტენში შეტანილი კანდიდატების რაოდენობას. ოქმის ყოველ ცალს ხელს აწერენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები, მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი.

ოქმი პირველი ცალი ინახება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მეორე ცალი გადაეცემა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, თითო ცალი კი უნდა ჩაბარდეს პრეზიდენტობის კანდიდატების წარმომადგენლებს.

შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია რესპუბლიკის მასობრივი ინფორმაციის საშულებებით აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ.

თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგების დადგენისას უხეშად დაარღვევს საარჩევნო კანონს და გამოიჩენს ტენდენციურობას, უზენაესი საბჭო აუქმებს არჩევნების შედეგებს და გამოყოფს კომისიას, რომელიც აჯამებს არჩევნების შედეგებს.

თუ პრეზიდენტობის კანდიდატს დაუმტკიცდება საარჩევნო კანონის უხეში დარღვევა ან კანონით დაუშვებელი ზემოქმედება ამომრჩეველთა ნებაზე, გაუქმდება მისთვის მიცემული ხმების მთელი რაოდენობა.

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 მაისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1991წ. მუხ.382

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 23 მაისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1991წ. მუხ.384

კარი VII

არჩევნების მეორე ტური. ხელახალი არჩევნები

მუხლი 26. არჩევნების მეორე ტური

არჩევნების მეორე ტური ეწყობა იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი იყო პრეზიდენტობის ორზე მეტი კანდიდატი, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალა, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოაგროვა ხმის მიცემის მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი.

მეორე ტური ტარდება სამი კვირის ვადაში და მასში მონაწილეობის უფლება აქვს იმ ორ კანდიდატს, რომლებმაც პირველ ტურში მიიღეს ყველაზე მეტი ხმა.

მეორე ტურში არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტმა.

არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეორე ტურში მეტ ხმას მიიღებს.

მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა ტოლი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა იმ კანდიდატს, რომელმაც პირველ ტურში უფრო მეტი ხმა მოაგროვა.

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 23 მაისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1991წ. მუხ.384

მუხლი 27. ხელახალი არჩევნები

ხელახალი არჩევნები ეწყობა იმ შემთხევაში, თუ რესპუბლიკაში არჩევნები ჩატარებულად არ ჩაითვალა, ე. ი. მასში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლებმა, ან თუ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალა, წარდგენილი იყო ერთი ან ორი კანდიდატი და არც ერთი მათგანი არ იქნა არჩეული.

ხელახალი არჩევნები ტარდება პირველი ტურის ჩატარებიდან ორი თვის განმავლობაში.

პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნების პირველ ტურში, აგრეთვე ამომრჩეველთა ჯგუფებს ამ კანონით დადგენილი წესით.

ხელახალი არჩევნების დროს საარჩევნო ღონისძიებანი ტარდება ამ კანონით დადგენილი წესით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადებში.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზ. გამსახურდია

თბილისი, 1991 წლის 18 აპრილი.