„დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 322
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.023533
322
14/06/2022
ვებგვერდი, 16/06/2022
190020010.10.003.023533
„დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №322

2022 წლის 14 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/02/2022, 190020010.10.003.023289) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა შემდეგი ქვეპროგრამების სახით:

1. „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა“ (დანართი №1).

2. „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა“ (დანართი №2).

3. „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ (დანართი №3).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართის („საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“):

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ქვეპროგრამის  მიზანი

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის (შემდგომში – ქვეპროგრამა) მიზანია, სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის/დახმარების უზრუნველყოფის გზით.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შრომისუნარიანი წევრი − პირი,  რომელიც არ მიეკუთვნება შემდეგ კატეგორიას:

გ.ა) სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი;

გ.ბ) დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს;

გ.გ) საპენსიო ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 60 წელი, მამაკაცი – 65 წელი);

გ.დ) 18 წლამდე ასაკის პირი;

გ.ე) მზრუნველობას უწევს საკუთარი ოჯახის არასრულწლოვან წევრ(ებ)ს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ(ებ)ს და/ან ხანდაზმულ(ებ)ს;“;

ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) სოციალური დახმარება − ქვეპროგრამის ფარგლებში მიღებული ფულადი (სოციალური გასაცემელი) ან არაფულადი (ეკიპირება, სატელეფონო მომსახურების ანაზღაურება და სხვა) ხასიათის სარგებელი;“;

ბ.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სოციალური გასაცემელი (შემდგომში − გასაცემელი) − საზოგადოებრივი სამუშაო ანაზღაურება გაიცემა სოციალური გასაცემლის სახით. სრული სამუშაო განაკვეთის ანაზღურება შეადგენს თვეში 300 (სამასი) ლარს ან პროპორციულად განსაზღვრულ სამუშაო განაკვეთის დღიურ გასაცემელს, რომელიც გაიცემა სახელმწიფო გასაცემლების გაცემაზე/დარიგებაზე უფლებამოსილ საბანკო დაწესებულებაში;“;

ბ.დ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) ეკიპირება − ქვეპროგრამის ფარგლებში ყველა საჭირო ნივთი (ტანისამოსი, სამუშაო იარაღები, ხელსაწყოები და სხვ.), რომლის იდენტიფიცირებას ახდენს მიმწოდებელი;“;

ბ.ე) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა − საზოგადოებრივ სამუშაოზე მოსარგებლეთა სამუშაო დროის (ნამუშევარი დღეების/განაკვეთის შესაბამისად) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი ივსება ელექტრონულად (გამონაკლის შემთხვევებში − წერილობითი ფორმით), რომელიც მოიცავს მონაცემებს მოსარგებლეთა მიერ ნამუშევარი პერიოდის შესახებ. ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;“;

ბ.ვ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„პ) დაუსაქმებელი − ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის, ფიზიკური პირი, რომელსაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაში წინა უწყვეტი ოთხი თვის განმავლობაში (ყოველთვიურად) არ უფიქსირდება ხელფასი და ამავდროულად არ არის თვითდასაქმებული;

ჟ) დასაქმების საინფორმაციო სისტემა (სარეგისტრაციო პორტალი) − ადმინისტრირების სისტემა განკუთვნილია ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ საზოგადოებრივი სამუშაოების ვაკანსიების გამოქვეყნებისთვის და მოსარგებლეების შესახებ ელექტრონული ჩანაწერების შესაქმნელად.“;

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. ქვეპროგრამის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო

ქვეპროგრამის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, რომელიც, ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებული შრომისუნარიანი წევრის პროფილირებას, საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვას, მოსარგებლეთა გასაცემლით უზრუნველყოფას და ქვეპროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.“;

დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

დ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უფლებამოსილია, ქვეპროგრამის რეალიზებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან გასწიოს როგორც ადმინისტრაციული ხარჯები (მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება და სხვა თანმდევი ხარჯები, საჭირო საქონლის და/ან მომსახურის შესყიდვა და სხვა), ისე − მიმწოდებლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ვაკანტური საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ეკიპირების, მობილური სატელეფონო მომსახურებისა და სხვა სათანადო  შესყიდვების განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის  შესაბამისად და მოსარგებლეებზე გადაცემა. საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ეკიპირებისა და მომსახურების ჩამონათვალი განისაზღვრება №3.1 დანართის შესაბამისად. ამასთან, ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდული და მოსარგებლეზე არაფულადი სოციალური დახმარების სახით გაცემული ეკიპირება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება;“;

დ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვას, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“;

დ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უზრუნველყოფს, კომპეტენციის ფარგლებში, ქვეპროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობასა და მონიტორინგს. მონიტორინგის მეთოდოლოგია განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;“;

დ.დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) პროფილირების ეტაპზე უზრუნველყოფს ისეთი შრომისუნარიანი წევრის გამოვლენას, რომელიც მზრუნველობას უწევს საკუთარი ოჯახის არასრულწლოვან წევრ(ებ)ს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ(ებ)ს და/ან ხანდაზმულ(ებ)ს და, მათი სამუშაო უნარებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით, ქვეპროგრამაში ჩართვის შესაძლებლობების განხილვას. მათი ქვეპროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში გავრცელდება ამ ქვეპროგრამის მე-5 მუხლის პირობები;“;

დ.ე) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) პროფილირების ეტაპზე უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ(ებ)ის  გამოვლენას და, მათი სამუშაო უნარებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით, ქვეპროგრამაში ჩართვის შესაძლებლობების განხილვას. მათი ქვეპროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში გავრცელდება ამავე ქვეპროგრამის მე-5 მუხლის პირობები;“;

დ.ვ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ქვეპროგრამის ფარგლებში დამატებითი ადმინისტრირების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

დ.ზ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შრომის ინსპექციის სამსახური (შემდგომში − სამსახური):

ა) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, ეხმარება სააგენტოს ამ მუხლის პირველი პუნქტით  განსაზღვრულ მონიტორინგში და ამ მიზნით ახდენს ქვეპროგრამაში მონაწილე პირთა სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა/დამსაქმებელთა კონსულტაციას;

ბ) სამსახურის ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს პროგრამის მიმდინარეობაში სამსახურის ჩართულობის პროცედურებს.“;

ე) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ე.ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1 ქვეპუნქტი:

„გ1)  საჭიროების  შემთხვევაში,  კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოსთან ერთად უზრუნველყოფს ქვეპროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობასა და მონიტორინგს;“;

ვ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის:

ვ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აწარმოებს ყოველდღიურ სამუშაო დროის აღრიცხვის ფურცელს და უზრუნველყოფს სააგენტოსთვის მიწოდებას ელექტრონულად, გამონაკლის შემთხვევაში − წერილობითი ფორმით, ყოველი თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა, რომლის საფუძველზეც, სააგენტო უზრუნველყოფს გასაცემლის გადახდას იმავე თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა. სამუშაო დროის აღრიცხვის ფურცელზე მოცემული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია  მიმწოდებელი;“;

ვ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) ორგანიზებას უწევს შეთავაზებულ საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიაზე მოსარგებლის ჩართვას, საჭიროების შემთხვევაში, მისი ეკიპირებით უზრუნველყოფას;“;

ვ.გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) მიმწოდებელს დაევალოს/ეთხოვოს, ჩაერთოს და ორგანიზება გაუწიოს სააგენტოს მიერ შესყიდული ეკიპირების მოსარგებლისთვის დარიგება-გადაცემაში;“;

ზ) მე-5 მუხლის:

ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასაქმების საინფორმაციო სისტემაში (სარეგისტრაციო პორტალზე) მიმწოდებლის  მიერ საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიის ატვირთვის შემდეგ სააგენტო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად სოციალური სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებული შრომისუნარიანი პირების შესაბამისობის დადგენას.“;

ზ.ბ)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ მოსარგებლე თანახმაა და ერთვება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“, „გ.ბ“ ან „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ღონისძიებაში, ოჯახს 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდება საარსებო შემწეობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ.“;

ზ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ მოსარგებლე თანახმაა და ერთვება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“, „გ.ბ“ ან „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ღონისძიებაში ან/და ხელი მოაწერა სოციალურ ხელშეკრულებას, არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, მომდევნო თვიდან ერთი წლის შემდეგ ექვემდებარება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ გადამოწმებას.“;

ზ.დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. თუ მოსარგებლემ მიიღო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეთავაზება და მოახდინა დასაქმების ფორმალიზება ინდივიდუალურ მეწარმედ ან/და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელად სსიპ − შემოსავლების სამსახურში, ამავე მუხლის შესაბამისად, იგი ექვემდებარება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ გადამოწმებას რეგისტრაციის თვის მომდევნო თვიდან ერთი წლის შემდეგ, თუ მისი წლიური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 5400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარს, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერით.

(შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ დასაქმების ფორმალიზების რეგისტრაციის თარიღიდან კალენდარული წლის დასრულებამდე დარჩენილია 12 თვეზე ნაკლები, მისი წლიური ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა ხდება 5400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარის პროპორციულად, წლის დარჩენილ თვეებთან მიმართებით).

42. თუ მოსარგებლემ მოახდინა დასაქმების ფორმალიზება მიკრობიზნესის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელად სსიპ − შემოსავლების სამსახურში, ამავე მუხლის შესაბამისად, ოჯახს 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდება საარსებო შემწეობა მას შემდეგ, რაც სააგენტოს მიერ განხორციელებული შესაბამისი ზედამხედველობის/მონიტორინგის შედეგად დააკმაყოფილებს ქვეპროგრამითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. სააგენტოს განსახორციელებელი ზედამხედველობის/ მონიტორინგის პირობები მტკიცდება ქვეპროგრამის ადმინისტრირების წესით, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ზ.ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქვეპროგრამის ფარგლებში ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში:

ა) პირადი განცხადებით;

ბ)  მოსარგებლის გარდაცვალებისას;

გ) მოსარგებლის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას;

დ) მოსარგებლის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება;

ე) საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებაზე თავის არიდების/ არაკეთილსინდისიერად შესრულების გამო სოციალური ხელშეკრულების შეწყვეტისას;

ვ) შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე დასაქმებისა და მოსარგებლის მიზეზით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას;

ზ) დასაქმების ფორმალიზების შემდეგ ფორმალიზების შეწყვეტისას;

თ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ქვეპროგრამიდან.“;

ზ.ვ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ მოსარგებლე არ არის თანახმა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეთავაზებებზე, უარის თქმის თვიდან ერთი წლის შემდეგ განხორციელდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება.“;

ზ.ზ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. თუ მოსარგებლე თანახმაა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ  შეთავაზებაზე და მხარეთა შორის გაფორმდა სოციალური ხელშეკრულება, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოსარგებლის სტატუსის ცვლილება არ გამოიწვევს სოციალური ხელშეკრულების შეწყვეტას ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე.“;

ზ.თ) მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ქვეპროგრამაში ჩართვის შემთხვევაში იღებს სოციალურ დახმარებას, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფულადი, ასევე − არაფულადი სახის.“;

ზ.ი) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 და მე-15 პუნქტები:

„14. ქვეპროგრამით გათვალისწინებული სოციალური გასაცემელი არ ექვემდებარება ყადაღასა („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად) და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალებას/ყადაღას), რისთვისაც სოციალური სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს კომპეტენტური/ უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისათვის ამ სოციალური გასაცემლის მიმღებ პირთა შესახებ მონაცემის/ინფორმაციის მიწოდება/წვდომა.

15. ქვეპროგრამის ფარგლებში სსიპ − ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს დასაქმების საინფორმაციო სისტემის (სარეგისტრაციო პორტალის) შექმნასა და გამართვას.“.

3. დადგენილებას დაემატოს თანდართული შინაარსის №3.1 დანართი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი