ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11-58
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/06/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 300130000.35.101.016998
11-58
10/06/2022
ვებგვერდი, 14/06/2022
300130000.35.101.016998
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11-58

2022 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე  ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესი’’ (დანართი 1).
მუხლი 2
დამტკიცდეს „ მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი” (დანართი 2).
მუხლი 3
დამტკიცდეს „დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების  დოკუმენტი”  (დანართი 3).
მუხლი 4
დამტკიცდეს „მწვანე ნარგავების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი" (დანართი 4).
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილება.

 

მუხლი 6
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე



დანართი №1

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესი

თავი I
ზოგადი დებულებები

 


მუხლი 1. წესის მიზანი
1.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას, აგრეთვე მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვაზე ნებართვის გაცემისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.

2. წესი განსაზღვრავს:

ა)  მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესს;

ბ) მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირების წესს;

გ) მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბნის გამოყოფის და მწვანე ნარგავების მონიშვნის წესს;

დ) მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოების წესს;

ე) მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვაზე ნებართვის გაცემის წესს;

ვ) საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესს;

ზ) მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასების წესს;

თ) მწვანე ნარგავების გადარგვის წესს.

3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა ან/და გადარგვა გარდა კანონით და ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. 

4. ეს წესი არ ვრცელდება „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მწვანე ნარგავების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე).


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. აღდგენა – ღონისძიება, რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების შემდგომი მოვლა-პატრონობა.

2. აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება.

3. გადაბელვა – მწვანე ნარგავის ვარჯის ან ვარჯის ნაწილის მთლიანად მოშორება.

4. გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები.

5. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.

6. ვარჯის ფორმირება – მწვანე ნარგავებზე ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე.

7. ზეხმელი მწვანე ნარგავი – ზრდაშეწყვეტილი, ზეზემდგომი გამხმარი მწვანე ნარგავი.

8. წვერხმელი მწვანე ნარგავი – მწვანე ნარგავი, რომლის ვარჯის წვერიც ხმელია.

9. კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი.

10.  მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები.

11. მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.

12. მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბანი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი და ძირნაყარიმწვანე ნარგავების დამზადება.

13. მოსაჭრელიმწვანე ნარგავების უბნის მონიშვნა – მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი მწვანე ნარგავების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი მწვანე ნარგავების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.

14. მწვანე ნარგავის დამზადება – ზეზემდგომი მწვანე ნარგავის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა.

15. მოსაჭრელი მწვანე ნარგავის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების მონიშვნა და აღრიცხვის წარმოება.

16. ბაღის/პარკის ნარჩენები – მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის, დამზადების,  ჭრის, ვარჯის ფორმირების, გადაბელვის და სხვლა-ფორმირების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები, გაკრეჭილი/გათიბული ბალახი, ჩამოცვენილი ფოთლები.

17. ნერგი – სანერგეში აღზრდილი განსაზღვრული ზომის მცენარე.

18. მუნიციპალური სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მიღება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი.

19. სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა.

20. ფაუტი მწვანე ნარგავი– ფუტურო, დამპალი და შემდეგ გამომშრალი (გამოფიტული) მწვანე ნარგავი, რომელსაც დაკარგული აქვს მერქნის თავდაპირველი სტრუქტურა და სიმკვრივე.

21. ძირნაყარი მწვანე ნარგავი – მიწაზე დაყრილი წაქცეული ხმელი მწვანე ნარგავი, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი. აგრეთვე მოჭრილი მერქანი, რომელზეც ხე-ტყის დამზადების შესაბამისი დოკუმენტი არ არის გაცემული ან გასული აქვს გამოზიდვის ვადა.

22. ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა.

23. ხმობადი მწვანე ნარგავი – მწვანე ნარგავი, რომლის ერთი მესამედი გამხმარია.

24. დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვა – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება.

25. მწვანე ნარგავების გადამზიდავი პირი – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვაზე დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებისას ან მისი არყოფნის დროს პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებას (მძღოლი ან/და შესაბამისი გადამზიდავი).

26. დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (შემდგომში ,,დოკუმენტი“) – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვისთვის   უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი.

27. გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში  დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილმდებარეობა, ზუსტი მისამართის მითითებით.

28. უფლებამოსილი ორგანო/ნებართვის გამცემი ორგანო – მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური.

29. საშეშე მერქანი - მწვანე ნარგავების ჭრის შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი.

30. გადაბერებული მწვანე ნარგავი – სწრაფმოზარდი სახეობების მწიფე და გადაბერებული მწვანე ნარგავი, რომელსაც მიღწეული აქვს საამორტიზაციო ხნოვანება (ვერხვი, აკაცია, ტირიფი 40-50 წლის).

31. დაავადებული მწვანე ნარგავი – მწვანე ნარგავი, რომლის განკურნება ფაქტობრივად შეუძლებელია.

32. მცენარის არასავეგეტაციო პერიოდი – წელიწადის ის დრო, როდესაც შეჩერებულია მცენარის ზრდა-განვითარება.

33. ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიება – „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი მწვანე ნარგავების აღდგენითი ღირებულების თანხის გადახდა ან/და საკომპენსაციო რგვა.

34. საკომპენსაციო რგვა – მოჭრილი მწვანე ნარგავების სანაცვლოდ ამ წესით დადგენილი რაოდენობის მწვანე ნარგავების გაშენება და მოვლა.

35. ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ მწვანე ნარგავების მოჭრა ან/და გადარგვაზე გაცემული თანხმობა.

36. განმეორებითი რგვა – რგვა, რომელიც დაინტერესებულ პირს ევალება საკომპენსაციო რგვის ფარგლებში, ზეხმელი, დაავადებული და დაზიანებული ნერგების ჩანაცვლების მიზნით.

37. კალამი – მცენარის ყოველი აჭრილი ნაწილი, რომლითაც შეიძლება მცენარის გამრავლება.

38. მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორია – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეებით დაფარული ტერიტორია.

39. დეგრადირებული მწვანე ნარგავების კორომი – კორომი, სადაც დაწყებულია ძირითადი ნიშან-თვისებების დაქვეითება, გაუარესება.

40. გადარგვა - დადგენილი წესით მწვანე ნარგავის ნიადაგიდან ამოღება და გადატანა სხვა მსგავს გარემო პირობებში მისი სიცოცხლისუნარიანობის შემდგომი შენარჩუნების მიზნით.

41. დიდტანიანი მწვანე ნარგავი– მწვანე ნარგავი, რომლის დიამეტრი აღემატება 25 სმ-ს.


თავი II
მუნიციპალიტეტის ასევე, მის ადმინისტრაციულ საზღვრებში  სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გადარგვა

 


მუხლი 3. მწვანე ნარგავის გადარგვა
1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ასევე, მის ადმინისტრაციულ საზღვრებში  სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გადარგვა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი ნებართვის საფუძველზე.

2. მუნიციპალიტეტის ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე მუნიციპალური ან/და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისას მწვანე ნარგავების გადარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი ორგანო.

3. მწვანე ნარგავების გადარგვას ენიჭება უპირატესობა მწვანე ნარგავების მოჭრასთან მიმართებით.

4. მწვანე ნარგავების გადარგვა ხორციელდება იმავე ან/და მიმდებარე ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლის ზედამხედველობით.

5. გადარგვის თაობაზე ნებართვის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მწვანე ნარგავების მდგომარეობა, ასევე გადარგვისა და გახარების შესაძლებლობა დადასტურებული იქნება უფლებამოსილი ორგანოს ან მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ.

6. მწვანე ნარგავების გადარგვა უნდა განხორციელდეს უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული აგროტექნიკური ნორმების დაცვით მშენებლობის საბოლოო ნებართვის გაცემის შემდგომ .

7. უფლებამოსილი ორგანოს მიერ მწვანე ნარგავების გადარგვის თაობაზე ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, ხოლო გადარგული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

8. ამ მუხლის საფუძველზე გადარგული მწვანე ნარგავების (გარდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელებული გადარგვისა) მოვლა-პატრონობისას დაინტერესებული პირი ვალდებულია ნებართვის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შედეგების შესახებ უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს ანგარიში (ინფორმაცია გატარებული აგროტექნიკური ღონისძიებების შესახებ, ფოტო-მასალა, არსებული მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია) ნებართვის გაცემიდან სამ თვეში ერთხელ. უფლებამოსილი ორგანო ეცნობა და აფასებს აღნიშნული ანგარიშში წარმოდგენილ შედეგებს და ადგენს შეფასების ოქმს.

9. გადარგვიდან 3 წლის განმავლობაში, მწვანე ნარგავების ხმობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს დაევალება საკომპენსაციო რგვის განხორციელება ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. საკომპენსაციო რგვის ფარგლებში გაშენებული მწვანე ნარგავების განმეორებითი რგვის განხორციელების შემთხვევაში ნარგავების მოვლის სამუშაოების სამწლიანი ვადის ათვლა ხელახლა იწყება ამ რგვების ჩატარების მომენტიდან.

10. მწვანე ნარგავის გადარგვა დასაშვებია, თუ:

ა) მწვანე ნარგავი არის საღი და კარგად განვითარებული;

ბ) მწვანე ნარგავი არ არის წვერხმელი;

გ) მწვანე ნარგავის ვარჯში ხმელი ტოტების რაოდენობა არ აღემატება 15%-ს;

დ) მწვანე ნარგავის მერქნის ბოლო წლების საშუალო შემატება არ არის მოცემული სახეობის საშუალო წლიურ შემატებაზე ნაკლები;

11. მწვანე ნარგავის გადარგვა დაუშვებელია, თუ:

ა) მწვანე ნარგავი არის წვერხმელი, ხმობადი, ფაუტი ან/და ზეხმელი;

ბ) მწვანე ნარგავს გააჩნია გულის სიდამპლე ან არის დაავადებული;

გ) მწვანე ნარგავი არის ხნიერი და ზრდაში შესუსტებული ან/და გადაბერებული;

დ) მწვანე ნარგავს აქვს დაგრეხილი ღერო;

ე) მწვანე ნარგავის ვარჯი ცალმხრივად არის განვითარებული;

ვ) სწრაფმზარდი სახეობების (ვერხვი, აკაცია, ტირიფი) მწიფე და გადაბერებული ინდივიდებისათვის, რომელთა საამორტიზაციო ხნოვანება 40-50 წელია;

ზ) მწვანე ნარგავს აქვს მექანიკურად დაზიანებული ფესვის ყელი და ღერო;

თ) მწვანე ნარგავი, რომელის რიზოსფერო (კომის დიამეტრიდან გამომდინარე) 2,0 მეტრით ემიჯნება შენობა-ნაგებობას;

ი) მწვანე ნარგავი, რომლის ფესვთა სისტემა განვითარებულია დედა ქანის ბზარებსა და ნაპრალებში.


მუხლი 4. 25 სმ ან ნაკლები დიამეტრის მქონე მწვანე ნარგავის გადარგვა
ამ წესის მე-3 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების გათვალისწინებით, 25 სმ ან ნაკლები დიამეტრის მქონე მწვანე ნარგავის გადარგვის თაობაზე  უფლებამოსილი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე შემდეგ მონაცემებზე დაყრდნობით:

ა) სახეობა;

ბ) ხნოვანება;

გ) დიამეტრი;

დ) სიმაღლე;

ე) მდგომარეობა;

ვ) არსებული გარემო პირობები;

ზ) გადასარგავი ტერიტორიის შეფასება.

 


მუხლი 5. დიდტანიანი მწვანე ნარგავის გადარგვა
1.  ამ წესის მე-3 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების გათვალისწინებით, 25 სმ-ზე მეტი დიამეტრის მქონე მწვანე ნარგავის გადარგვის თაობაზე  უფლებამოსილი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე შემდეგ მონაცემებზე დაყრდნობით:

ა) სახეობა;

ბ) ხნოვანება;

გ) დიამეტრი;

დ) სიმაღლე;

ე) მდგომარეობა;

ვ) არსებული გარემო პირობები;

ზ) გადასარგავი ტერიტორიის შეფასება.

2.  დიდტანიანი მწვანე ნარგავის გადარგვის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილ ორგანოს უნდა წარუდგინოს უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ ინდივიდუალურად შედგენილი მცენარეების გადარგვის აგროტექნიკური მეთოდოლოგია და წერილობითი დასტური იმ პირისგან (ფიზიკური/იურიდიული), რომელსაც გააჩნია დიდტანიანი მწვანე ნარგავის გადარგვის შესაბამისი სპეციალური ტექნიკა.


თავი III
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და მის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები

 


მუხლი 6. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები
1. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) სპეციალური გამოკვლევის (შესწავლის) მასალები;

ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და მის ადმინისტრაციულ საზღვრებში  სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, მუნიციპალიტეტის მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირი ან  შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო  რაიონის გამგეობა (შემდგომში – გამგეობა) ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით დადგენილ შემთხვევებში, საკუთარი ინიციატივით ან მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე.

3.  სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, ასევე, გამგეობა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.

4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია:

ა) მოვლითი ჭრების განხორციელება;

ბ) სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით;

გ) ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები;

დ) მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა.

 


მუხლი 7. მოვლითი ჭრა

 

1. ამ მუხლში გამოყენებული ტერმინები განმარტებულია ამ წესის მიზნებისთვის.

2. მოვლითი ჭრის სახეებია:

ა) განათებითი ჭრა – ხორციელდება 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს მწვანე ნარგავების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არასასურველი მერქნიანი სახეობებისა და ეგზემპლარების, ასევე ბალახის საფარის მოცილებას მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით;

ბ) გაწმენდითი ჭრა – ხორციელდება 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის მწვანე ნარგავების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი ხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის მწვანე ნარგავების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი მწვანე ნარგავების არსებობას;

გ) გამოხშირვითი ჭრა – ხორციელდება 60 წლამდე (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული მწვანე ნარგავების მოჭრას დარჩენილი მწვანე ნარგავების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;

დ) გავლითი ჭრა – ხორციელდება 61 წლის და მეტი ხნოვანების (გამოხშირვითი ჭრის პერიოდის დამთავრების შემდეგ) 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე გადაბერებული, დაზიანებული, მრუდეღეროიანი და ჭრისათვის მიზანშეწონილი სხვა მწვანე ნარგავების მოჭრას დარჩენილი ხეებისათვის მერქნის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით;

ე) სანიტარული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული მწვანე ნარგავების მოჭრა;

ვ) სარეკონსტრუქციო ჭრა – ხორციელდება დეგრადირებული მწვანე ნარგავების (ხეები და ბუჩქები) კორომებსა და დაცვით ნარგაობაში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით მწვანე ნარგავების აღდგენის სამუშაოების განსახორციელებლად, აღდგენის პროექტის შესაბამისად.

3. მოვლითი ჭრა ხელოვნურ ნარგაობაში გულისხმობს დაზიანებული, გამხმარი ეგზემპლარებისა და მავნე მცენარეების პერიოდულად გამოღებას.

4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება უფლებამოსილი ორგანოს ან გამგეობის მიერ, ამ წესის 26-ე მუხლის შესაბამისად.

5. მოვლითი ჭრის ყველა სახე (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) ტარდება 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, რომლებიც განლაგებული არიან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე.

6. მოვლითი ჭრის ინტენსივობა უნდა დადგინდეს კორომის დახასიათების საფუძველზე.

7. ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) 0,7 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 10%-ისა;

ბ) 0,8 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 15%-ისა;

გ) 0,9 და მეტი სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 20%-ისა.

 


მუხლი 8. მწვანე ნარგავების კლასიფიკაცია
მოვლითი ჭრის ჩატარებისას ყველა მწვანე ნარგავი მათი სამეურნეო-ბიოლოგიური ნიშნების მიხედვით იყოფა კატეგორიებად:

ა) რჩეული მწვანე ნარგავები – უნდა მიეკუთვნოს ჯანსაღი, თესლით წარმოშობილი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან მაქსიმალურად გაწმენდილი მწვანე ნარგავები კარგად ფორმირებული ვარჯით. როგორც წესი, რჩეული მწვანე ნარგავების გამოვლენა ხდება გამოხშირვითი ჭრის ხნოვანების პერიოდში;

ბ) დამხმარე მწვანე ნარგავები – უნდა მიეკუთვნოს ის მწვანე ნარგავები, რომლებიც ხელს უწყობენ რჩეული მწვანე ნარგავების ღეროს გაწმენდას ტოტებისაგან, ღეროსა და ვარჯის ფორმირებასა და ნიადაგის დაცვის ფუნქციის გაუმჯობესებას;

გ) მავნე მწვანე ნარგავებს უნდა მიეკუთვნოს:

გ.ა) მწვანე ნარგავები, რომლებიც ხელს უშლიან რჩეული და დამხმარე მწვანე ნარგავების ზრდა-განვითარებას, ასევე ზეხმელი, მოტეხილი და მომაკვდავი მწვანე ნარგავები;

გ.ბ) დაგრეხილი, დიდნუჟრიანი, ძლიერ გაბარჯღული მწვანე ნარგავები, ძირიდან შეტოტვილი ვარჯით, თუ ასეთი მწვანე ნარგავები კორომში არ ასრულებს სხვა რაიმე სასარგებლო ფუნქციას ან/და მათი მოჭრით არ შეიქმნება დიდი ფანჯრები;

გ.გ) კორომში შერეული არასასურველი მერქნიანი სახეობები, თუ ისინი ხელს უშლიან რჩეული და დამხმარე მწვანე ნარგავების ზრდა-განვითარებას და მათი მოშორება არ გამოიწვევს კორომის 0.5 სიხშირემდე დაბლა დაყვანას.

 


მუხლი 9. მოვლითი ჭრის მეთოდები და მოსაჭრელი მწვანე ნარგავების შერჩევა
1. მოვლითი ჭრის ჩატარებისას (გარდა განათებითი და სანიტარიული ჭრისა), უნდა მოინიშნოს მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბანი.

2. მოვლით ჭრას (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) უნდა დაექვემდებაროს მავნე მწვანე ნარგავები და მარაგის შემატების დაჩქარების მიზნით განსაზღვრულ შემთხვევებში –  ჯგუფურად მდგარი რჩეული მწვანე ნარგავები შერჩევით.

 


მუხლი 10. მოვლითი ჭრების განხორციელების  განსაკუთრებული მოთხოვნები
1. მოვლითი ჭრა უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც უზრუნველყოფს რჩეული მწვანე ნარგავების მინიმალურ დაზიანებას. გავლითი, გამოხშირვითი და გაწმენდითი ჭრების განხორციელების პროცესში ჭრაში დაუნიშნავი მწვანე ნარგავების სასიცოცხლო ფუნქციების შეწყვეტით დაზიანება არ უნდა აღემატებოდეს დარჩენილი მწვანე ნარგავების 3%-ს.

2. მოვლითი ჭრის დროს (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) კორომის სიხშირე არ უნდა იქნეს დაყვანილი 0,6-ზე ქვევით.

 


მუხლი 11. მოსაჭრელი მწვანე ნარგავების მონიშვნა
1. მწვანე ნარგავების ერთეულად მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ. მოვლითი ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია გამოყოს მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბანი.

2. მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბნის მონიშვნას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.

3. მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბნის მონიშვნამდე უფლებამოსილი ორგანოს მიერ განისაზღვრება მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბნის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ფართობები და მოსაპოვებელი მწვანე ნარგავების რაოდენობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.

4. უბანი მოინიშნება დასამზადებელი მწვანე ნარგავების აღრიცხვისათვის. აუცილებელია პირველ რიგში მოინიშნოს ფაუტი, ზეხმელი, ხმობადი, გადაბერებული, მრუდეღეროიანი და მავნებლებით დაზიანებული ხეები.

5. უბანზე დასამზადებელი მწვანე ნარგავების  აღრიცხვა წარმოებს ამ წესის დანართი 2–ის შესაბამისად.

6. უბნის ადგილმდებარეობა განისაზღვრება უბნის საწყისი და საბოლოო წერტილის GPS კოორდინატებით (ბოძზე ან ჭრას დაუქვემდებარებელ ზეზემდგომ ხეზე 1,5 მ-მდე სიმაღლეზე საღე­ბავით კეთდება “+” ნიშანი.);

7. მოსაჭრელი უბნის მონიშვნა ხორციელდება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’, ,,დ’’ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას.

8. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, მწვანე ნარგავების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი მწვანე ნარგავების ერთეულად მონიშვნის გზით.

9. მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბნის მონიშვნისას ერთეულად აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,5 მეტრამდე სიმაღლეზე კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.

10. ძირნაყარი მწვანე ნარგავის გაცემისას, მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბნის მონიშვნა არ ხორციელდება. მწვანე ნარგავების განთავსების ტერიტორია ფიქსირდება GPS კოორდინატებით. ძირნაყარი მწვანე ნარგავების მოცულობა დგინდება ფაქტიურად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად.

11. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება უფლებამოსილი ორგანოში. ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას.


მუხლი 12. მწვანე ნარგავების მოვლა ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით
1. ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით მწვანე ნარგავების მოვლა ხორციელდება სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე დასახულ ღონისძიებათა მიხედვით.

2. სპეციალური გამოკვლევა მიზნად ისახავს:

ა)მწვანე ნარგავების სანიტარიული მდგომარეობის დადგენას;

ბ) მავნებელ-დაავადებათა გამოვლენას, აღრიცხვას, მათი გავრცელების მასშტაბებისა და განვითარების ტენდენციების დადგენასა და მათთან ბრძოლის რეკომენდაციებს.

3. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებების ნუსხა და მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.


მუხლი 13. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები სტიქიური და სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში
1. სტიქიური მოვლენის (ხანძარი, ქარი, თოვლი, ზვავი, მეწყერი და სხვ.) ან სხვა მასშტაბურ (სოციალური, ბიოლოგიური, გლობალური ეკოლოგიური და სხვ.) გაუთვალისწინებელ შემთხვევებში უარყოფითი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე.

2. გაუთვალისწინებელ შემთხვევებში (საგანგებო ან გადაუდებელი ვითარების დროს), მწვანე ნარგავების შესაძლო წაქცევით გამოწვეული უარყოფითი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით უფლებამოსილ ორგანოს ან შესაბამის გამგეობას უფლება აქვს განახორციელოს ჭრები მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ განხორციელებულ ჭრებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი ჭრის მოთხოვნები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, მოსალოდნელი  ზიანის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით განახორციელოს ჭრები მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დგება შესაბამისი აქტი.


მუხლი 14. მწვანე ნარგავების ტერიტორიის ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნები
1. მწვანე ნარგავების აღრიცხვის დროს ხანძარსაშიშროების კლასებად დაყოფა და ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნების დაგეგმვა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

2. ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებებია:

ა) სახანძრო დანიშნულების გზებისა და ბილიკების მოწყობა მაღალი ხანძარსაშიშროების კლასის მწვანე ნარგავების უბნებში;

ბ) სახანძრო დანიშნულების საავტომობილო გზებისა და ბილიკების მოვლა-შეკეთება;

გ) ხანძრების შეჩერება-შეზღუდვის მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების მოწყობა;

დ) ხანძრების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით წიწვოვან კორომებში ხეთა ვარჯის ფორმირება, ქვედა ტოტების შეჭრა;

ე) ხანძარსაშიში კორომებიდან ძირნაყარი მწვანე ნარგავების გამოტანა და განთავსება უსაფრთხო ადგილზე.

3. ცეცხლის დანთება აკრძალულია მწვანე ნარგავების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდიან, ძველ ნახანძრალებში, მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე დაზიანებულ უბნებში (ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), მოპოვების ნარჩენებიდან გაუწმენდავ, გამოუზიდავად დატოვებული მოპოვებული მწვანე ნარგავების და გამხმარბალახიან ადგილებში.

4. ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება აღდგენის პროექტით და მოვლითი ჭრებით.

5. მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებს საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახური.

 


მუხლი 15. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა
1. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები, არსებული საშუალებების გათვალისწინებით იგეგმება მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე.

2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო.

3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს უფლებამოსილი ორგანო  ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.

 4. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას.

5. აღდგენას ექვემდებარება:

ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები;

ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას;

გ) გამეჩხერებული და ბუნებრივი წარმოშობის მეჩხერი კორომები (0.1-0.2 სიხშირის), რომლებიც საჭიროებს ხელოვნური გზით აღდგენას;

დ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას.

 


მუხლი 16. აღდგენისა და გაშენების ფორმები
1. აღდგენის ფორმებია:

ა) ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა;

ბ) აღდგენა თესვით;

გ) აღდგენა დარგვით.

2. გაშენების ფორმებია:

ა) გაშენება ნერგების დარგვით;

ბ) გაშენება თესვით.


მუხლი 17. მწვანე ნარგავებით ტერიტორიის აღდგენის მიზნით ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა
 კორომის ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის ღონისძიებები შეიძლება იყოს:

ა) მწვანე ნარგავებით ტერიტორიის დამაკმაყოფილებელი ბუნებრივი განახლების არსებობისას აღსადგენი ფართობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეღობვა ძოვებისაგან დაცვის მიზნით;

ბ) მწვანე ნარგავებით  ტერიტორიის არადამაკმაყოფილებელი ბუნებრივი განახლების პირობებში ფართობის მთლიანი შეღობვა, ნიადაგის აჩიჩქნა (ფართობის დაახლოებით მესამედზე 8-10 სმ სიღრმით), აგრეთვე შეღობილ ფართობზე სასურველი სახეობის თესლის შეთესვა ბაქნებსა და ზოლებზე (ფართობის დაახლოებით მესამედზე ან უფრო მეტზე, საჭიროების მიხედვით).


მუხლი 18. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმების შერჩევა
1. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმები შეირჩევა ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე.

2. მწვანე ნარგავების იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შესაძლებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის გზით მწვანე ნარგავების აღდგენას.

 


მუხლი 19. მწვანე ნარგავების აღდგენის დაპროექტება
1. დაპროექტებას ექვემდებარება:

ა)  კულტურების გაშენება;

ბ) სანერგეების მოწყობა;

გ) დაცვითი ნარგავების გაშენება;

დ) დეგრადირებული კორომების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების რეკონსტრუქცია;

ე) ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები.

2. მწვანე ნარგავების აღდგენის პროექტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) პროექტის შედგენის საფუძველსა (ბრძანება, ხელშეკრულება და ა.შ) და მიზანს;

ბ) აღდგენას დაქვემდებარებული ფართობის დეტალურ დახასიათებას: ადგილმდებარეობის, საზღვრების, მიმდებარე ტერიტორიებისა და ბუნებრივი პირობების (კლიმატი, ნიადაგები და სხვ.) მითითებით;

გ) შერჩეული სახეობის ბოტანიკურ და ბიოეკოლოგიურ თავისებურებათა დახასიათებას;

დ) შერჩეული სახეობის ენტო და ფიტომავნებლების დახასიათებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციებს;

ე) საპროექტო ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების, პარამეტრებისა და  ხარჯთაღრიცხვის შესახებ;

ვ) მოვლის ღონისძიებებს;

ზ) კარტოგრაფიულ მასალას;

3. ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების პროექტი უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ინფორმაციას.

4. ტყის აღდგენის პროექტით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების, მათ შორის, აუცილებელი მრავალწლიანი მოვლის განხორციელება.


მუხლი 20. სარგავი მასალა
მწვანე ნარგავების აღდგენისათვის სარგავ მასალად შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

ა) ნათესარი;

ბ) ნერგი;

გ) კალამი;

დ) ფესვის ნაბარტყი.

 


მუხლი 21. განსაკუთრებული მოთხოვნები მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების განხორციელებისას 
1. მცენარეთა სახეობების შერჩევასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული გარემო პირობებისათვის.

3. სანერგეში სარგავი მასალის აღსაზრდელი ასორტიმენტი შეირჩევა გასამწვანებელი ფართობების და სანერგის ბუნებრივ-კლიმატური პირობების შესაბამისად.

4. არაენდემური მცენარეების გაშენებისათვის (ინტროდუქცია) მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბუნებრივ-კლიმატური და სხვა თვისებების შესწავლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სახეობებსა და სხვა ფაქტორებზე.

5. აღდგენილი და/ან გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა, ასევე სხვა მახასიათებლები განისაზღვრება აღდგენის პროექტით.

6. აკრძალულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების, მცენარეების და/ან მათი ნაწილების გამოყენება მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით.

 


მუხლი 22. სპეციალური ჭრა 
1. სპეციალური ჭრა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის:

ა) შენობა-ნაგებობების (მათ შორის, საფლავის) ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას;

გ) მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის;

დ) ჰიდროკვანძების, ხაზობრივი ნაგებობების, მათ შორის, რკინიგზის ხაზების ან ტრამვაის რელსების, საჰაერო-საბაგირო გზის, ფუნიკულიორის, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების  უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის.

ე) საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობის  მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის.

2. სპეციალური ჭრის შედეგად მიღებულ მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი გამგეობის მიერ, ამ წესის 26-ე მუხლის შესაბამისად.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა გულისხმობს მათი ფასადების, სახურავების, საძირკველის ან/და შიდა პერიმეტრის დაცვას ისეთი დაზიანებისაგან, რომელმაც შემდგომში შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ შენობა-ნაგებობით სარგებლობას.

 


მუხლი 23. სპეციალური ჭრის ნებართვის მიღების პროცედურა
1. მუნიციპალიტეტში მწვანე ნარგავების 1 წლამდე ვადით სპეციალურ ჭრაზე გადაწყვეტილებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად  იღებს უფლებამოსილი ორგანო.

2. მუნიციპალიტეტში მწვანე ნარგავების 1 წელზე მეტი ვადით სპეციალურ ჭრაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მთავრობა (შემდგომში – მთავრობა).

3. მწვანე ნარგავების სპეციალური ჭრის თხოვნით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს.

4. დაინტერესებული პირის განცხადებაში უნდა აღინიშნოს სპეციალური ჭრის აუცილებლობის მოტივაცია, მიზანი და ვადები. განცხადებას თან უნდა დაერთოს (მათ შორის ელექტრონული ფორმით):

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლი;

ბ) მწვანე ნარგავების მოჭრის აუცილებლობის დასაბუთება და ჭრის აღრიცხვის მასალები (ამ წესის დანართი №2-ის მიხედვით);

გ) ინფორმაცია სპეციალური ჭრისათვის შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ.

5. სასაფლაოს ტექნიკური უსაფრთხოების მიზნით მწვანე ნარგავის ჭრა შესაძლებელია, შესაბამისი საქალაქო ან/და კერძო სასაფლაოს ადმინისტრაციის წერილობით გაცემული ცნობის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება მწვანე ნარგავის მდებარეობის და შენობა-ნაგებობის დაზიანების შესახებ ინფორმაცია.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტების გარდა  უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია საჭიროებისამებრ დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტი.

7. ამ მუხლით დადგენილი წესით სპეციალური ჭრის განხორციელებისას, მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირება ხორციელდება წინასწარი აღრიცხვის გარეშე და რესურსის ოდენობა დგინდება ფაქტობრივად დამზადებული მასის ან მოცულობის მიხედვით

 


მუხლი 24. სპეციალური ჭრის განხორციელება
1. სპეციალური ჭრა ხორციელდება სპეციალური მიზნების განხორციელების პროექტის ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სრულად ან ეტაპობრივად, მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბნის მონიშვნით ან მოსაჭრელი მწვანე ნარგავის ერთეულად მონიშვნით.

2. სპეციალური ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი მწვანე ნარგავების მონიშვნა და სპეციალურ ჭრა ხორციელდება დაინტერესებული მხარის (უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის საფუძველზე) ან/და უფლებამოსილი ორგანოს, ასევე გამგეობის მიერ.

3. სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი სახეობების მიხედვით, საწყობდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი გადაცემა ხდება სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და უფლებამოსილი ორგანოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.  მერქნული რესურსის მოცულობა დგინდება ფაქტიურად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად.

4. სპეციალური ჭრის დროს შეიძლება განხორციელდეს მონიშნული მწვანე ნარგავების ჭრა, ასევე, მწვანე ნარგავების ფორმირება ან/და გადაბელვა.

 


მუხლი 25. მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირება
1. მწვანე ნარგავების ფორმის არასასურველი განვითარების თავიდან ასაცილებლად, ასევე ხმელი და საშიში ტოტების მოცილების მიზნით ხორციელდება მწვანე ნარგავების სხვლა- ფორმირება.

2. მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირებას უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს მხოლოდ მუნიციპალიტეტისა და მის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. სხვლა-ფორმირებას, ასევე, ახორციელებს შესაბამისი გამგეობა (საჭიროების შემთხვევაში კერძო საკუთრებაში  არსებულ ტერიტორიაზეც), ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური ან/და იურიდიული პირები კანონმდებლობით დადგენილი წესით ან მუნიციპალიტეტის მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირი.

3. მწვანე ნარგავების ფორმირება წარმოებს „მწვანე ნარგავების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესის“ (დანართი 4–ის) შესაბამისად.

 


მუხლი 26. მერქნული რესურსისა და ბაღის/პარკის ნარჩენების განთავსება და გადაცემა
1. ამ წესის შესაბამისად წარმოქმნილი მერქნული რესურსისა და ბაღის/პარკის ნარჩენების განლაგება ან გადაცემა ხდება უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი რაიონული გამგეობის მიერ.

2. უფლებამოსილი ორგანო ან რაიონული გამგეობა უფლებამოსილია მის სარგებლობაში არსებული მერქნული რესურსი, საკუთარი ინიციატივით ან/და მოსახლეობის მოთხოვნით, უსასყიდლოდ გადასცეს შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში საჯარო სკოლებსა და  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ საბავშვო ბაღებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

3. უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, მის სარგებლობაში არსებული მერქნული რესურსი და ბაღის/პარკის ნარჩენები, შემდგომი განკარგვის უფლებით, შესაძლებელია გადაეცეს  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს.

4. „დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოპოვებული საშეშე მერქნის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის გადაცემის შემთხვევაში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება დაინტერესებული მხარის ან/და თვითმმართველი ერთეულის მიერ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.


მუხლი 27. ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების განკარგვა
1. ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავები წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას.  

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, შეიძლება დასაწყობდეს საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას უფლება აქვს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები საშეშე მერქნად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადასცეს საქველმოქმედო საქმიანობის პროფილის მქონე იურიდიულ პირებს ან ფიზიკურ პირებს, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით ან/და გამგეობის შესაბამისი წერილობითი მომართვის საფუძველზე.

4. ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების გადაცემისას, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილი პირი.

5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია უზრუნველყოფს გადასაცემი მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებას საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიამდე.

6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ინსპექტირებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის იარაღი (იარაღები) კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

7. სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) გადაცემისას, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილი პირი.

8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის გადაცემამდე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია უზრუნველყოფს ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) შენახვას.

 


მუხლი 28. დამზადებული მწვანე ნარგავების ტყის მერქნიან სახეობათა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის წესი
1. დამზადებული მწვანე ნარგავების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება ფაქტიურად დამზადებული მწვანე ნარგავების მოცულობის შესაბამისად, შემძენისათვის გადაცემამდე.

2. მწვანე ნარგავების ჭრა ხორციელდება დაინტერესებული მხარის (უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის საფუძველზე) ან/და უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი გამგეობის მიერ, ასევე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.

3. უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი გამგეობის მიერ მწვანე ნარგავების ჭრის შედეგად დამზადებული საშეშე მერქნის სარეალიზაციო ფასი დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე–3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საშეშე მერქნის გაცემა ხორციელდება მოქალაქის განცხადების საფუძველზე; განმცხადებელი ვალდებულია, საშეშე მერქნის ტრანსპორტირებამდე წარმოადგინოს  საშეშე მერქნის სარეალიზაციო ფასის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი).


თავი IV
     კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე  მწვანე ნარგავების მოვლა

 


მუხლი 29. კერძო საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავები
1. მესაკუთრე ვალდებულია მოუაროს, არ დააზიანოს და ხელი შეუწყოს მის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ზრდა-განვითარებას.

2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში  კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოჭრა ან/და გადარგვა აკრძალულია  უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი ნებართვის გარეშე.

3. მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მწვანე ნარგავების დაავადების აღმოჩენის ან ამ ნარგავების მიერ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ასევე სხვისი საკუთრებისათვის ზიანის მიყენების მოსალოდნელი (შესაძლო) საფრთხის შესახებ.

4. ფიზიკური პირის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, აგრეთვე საჯარო სკოლებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე ადამიანის სიცოცხლისათვის ან/და ჯანმრთელობისათვის და სხვისი კერძო საკუთრებისათვის ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის საფრთხის შექმნისა და ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად ჭრას ახორციელებს შესაბამისი გამგეობა ან/და ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური ან იურიდიული პირები.

5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ხილ-კენკროვანი ნარგავების მოჭრა ან/და გადარგვა არ საჭიროებს წერილობით ნებართვას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაინტერესებული პირი გეგმავს 15 და მეტი, 12 სმ-ზე მეტი დიამეტრის ჯანსაღი ხილ-კენკროვანი ნარგავის მოჭრას. ასეთის არსებობის შემთხვევაში, სხვა ჯანსაღ ხილ-კენკროვან მწვანე ნარგავებზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი დიამეტრი აღემატება 12 სმ-ს.

 


მუხლი 30. მწვანე ნარგავების ჭრის ან/და გადარგვის თაობაზე ნებართვის გაცემის წესი და პირობები
1.  მწვანე ნარგავებით დაფარულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მწვანე ნარგავების მოსაჭრელად უფლებამოსილი ორგანოს მიერ მწვანე ნარგავების ჭრის თაობაზე ნებართვის გაცემა დასაშვებია:

ა) დაავადებული, წვერხმელი, ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი (ფუტურო), გადაბერებული (ამორტიზებული)  და ავარიული მწვანე ნარგავების არსებობის შემთხვევაში ასეთი მწვანე ნარგავების შესაძლო წაქცევით ადამიანის სიცოცხლისათვის ან/და ჯანმრთელობისათვის და სხვისი კერძო საკუთრებისათვის ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის საფრთხის შექმნისა და ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.

ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ახორციელებს საკომპენსაციო რგვას ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. საკომპენსაციო რგვის ვალდებულებისგან თავისუფლდება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე;

ბ) სამშენებლოდ გამოსაყენებელი ტერიტორიის დაავადებული, წვერხმელი, ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი, გადაბერებული (ამორტიზებული)  და ავარიული ხეებისაგან გამოთავისუფლების მიზნით. ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ახორციელებს საკომპენსაციო რგვას ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად;

გ) სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მწვანე ნარგავები პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და სამშენებლო ტერიტორიაზე მათი დატოვება შეუძლებელს გახდის მშენებლობის განხორციელებას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მწვანე ნარგავების ჭრა დასაშვებია მხოლოდ ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელების-აღდგენითი ღირებულების თანხის გადახდის შემდგომ. ამასთანავე, მოსაჭრელი ჯანსაღი მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი მწვანე ნარგავების (რომელშიც არ ითვლება ბოლო 1 წლის განმავლობაში დარგული მწვანე ნარგავები,  ბუჩქოვანი და არამერქნიანი მცენარეები) 25%-ს;

დ) მიწის ნაკვეთზე აშენებული კონსტრუქციის, ამავე მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავებით დაზიანების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ახორციელებს საკომპენსაციო რგვას ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. მწვანე ნარგავებით დაფარულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მწვანე ნარგავების გადასარგველად უფლებამოსილი ორგანოს მიერ მწვანე ნარგავების გადარგვის ნებართვის გაცემა დასაშვებია სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მწვანე ნარგავები პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და სამშენებლო ტერიტორიაზე მათი დატოვება შეუძლებელს გახდის მშენებლობის განხორციელებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ მწვანე ნარგავების ჭრის/გადარგვის ნებართვა გაიცემა არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. ნებართვის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას.

4. მწვანე ნარგავების ჭრის/გადარგვის ნებართვის გაცემა და ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების ამ წესის მოთხოვნათა დაცვით განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მწვანე ნარგავების მდგომარეობას დაადასტურებს (დაადასტურებენ) მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირი (პირები).

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ უფლებამოსილ ორგანოს ნებართვის გაცემამდე უნდა წარედგინოს „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღრული მწვანე ნარგავების აღდგენითი ღირებულების გადახდის ქვითარი, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა) წარადგენს საკომპენსაციო რგვისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვის თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებას.

6. პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აშენებული კონსტრუქციის მწვანე ნარგავ(ებ)ით დაზიანების ფაქტი დადასტურებული უნდა იყოს  შესაბამისი   აკრედიტაციის   მქონე იურიდიული/ფიზიკური პირის მიერ .

7.  მწვანე ნარგავების ჭრის/გადარგვის ნებართვის მიმღები ვალდებულია ჭრის/გადარგვის დაწყების თარიღი, დრო და ჭრის/გადარგვის ხანგრძლივობა (დროის პერიოდი) მინიმუმ 2  დღით ადრე წერილობით შეუთანხმოს მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციასა და უფლებამოსილ ორგანოს, რომელთა წარმომადგენლებიც უნდა ესწრებოდნენ მწვანე ნარგავების ჭრას/გადარგვას.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების გარეშე განხორციელებული მოჭრა/გადარგვა ჩაითვლება უნებართვოდ.

9. დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას მინიმალური დაშორება მშენებარე შენობასა და ხეებს შორის შეადგენს 3 მეტრს, ხოლო   მინიმალური დაშორება მშენებარე შენობასა და ბუჩქებს შორის შეადგენს 1.5 მეტრს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ 2017 წლის 22 მაისამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:

ა.ა) გაცემულია წერილობითი დასტური;

ა.ბ) დამტკიცებულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები;

ა.გ) დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა;

ბ) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში (ისტ-1), მშენებლობის განხორციელება შესაძლებელია მწვანე ნარგავების დაზიანების გარეშე.

10. მწვანე ნარგავები უნდა დაირგოს შენობის გარე კედლიდან ან/და მშენებარე ობიექტის საძირკველთან მინიმუმ 3 მ დაშორებით ხეებისათვის და 1.5 მ დაშორებით ბუჩქებისათვის.


მუხლი 31. მწვანე ნარგავ(ებ)ის დაზიანება/უნებართვო ჭრა
1. დაუშვებელია შენობის განთავსება საპროექტო ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც მწვანე ნარგავ(ებ)ის უნებართვო ჭრა განხორციელდა.

2. მშენებლობის პროცესში მწვანე ნარგავის ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას პასუხისმგებლობა ეკისრება მშენებლობის ნებართვის მფლობელს.


მუხლი 32. საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესი და პირობები
1. კერძო მესაკუთრის მიერ მოჭრილი ხმელი მწვანე ნარგავის სანაცვლოდ, ნებართვის ფარგლებში დაკისრებული საკომპენსაციო რგვა უნდა განხორციელდეს იმავე ან/და მიმდებარე ტერიტორიაზე.

2. სათანადო წესით მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით მშენებლობის ნებართვის მაძიებელს შესაძლებელია დაეკისროს ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელების ვალდებულება.

3. საკომპენსაციო რგვის ფარგლებში დაინტერესებული პირი ვალდებულია:

ა) დარგოს მინიმუმ იმავე რაოდენობის ნერგი, რამდენი მწვანე ნარგავის მოჭრის ნებართვაც იქნა მასზე გაცემული;

ბ) წიწვოვანი ხე-მცენარის ნერგის დარგვის შემთხვევაში დარგული უნდა იქნეს, სულ მცირე 3 მეტრი სიმაღლის ნერგი, ხოლო ფოთლოვანი ხე-მცენარის ნერგის დარგვის შემთხვევაში, არანაკლებ 3.5 მეტრი სიმაღლის ნერგი. გამწვანების პროექტში ან/და საკომპენსაციოდ დასარგავი მწვანე ნარგავების პარამეტრებს განსაზღვრავს უფლებამოსილი ორგანო.

4. საკომპენსაციო რგვა უნდა განხორციელდეს უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით (მცენარის სახეობა), მცენარის არასავეგეტაციო პერიოდში, აგროტექნიკური ნორმების დაცვით. საკომპენსაციო რგვის დაწყების თარიღი, დრო და რგვის ხანგრძლივობა (დროის პერიოდი), არანაკლებ 2 დღით  ადრე, წერილობით უნდა შეთანხმდეს უფლებამოსილ ორგანოსთან, რომლის წარმომადგენლებიც უნდა ესწრებოდნენ საკომპენსაციო რგვის პროცესს.

5. მესაკუთრის მიერ საკომპენსაციო რგვის განხორციელებისას აღდგენილი და/ან გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 წლის ვადით. აღდგენილი ან/და გაშენებული მწვანე ნარგავების განმეორებითი რგვის განხორციელების შემთხვევაში ნარგავების მოვლის სამუშაოების სამწლიანი ვადის ათვლა ხელახლა იწყება ამ რგვების ჩატარების მომენტიდან.

6. კერძო მესაკუთრე მისთვის ნებართვის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების (შესაბამის დროს საკომპენსაციო რგვის ჩატარების ვალდებულება და შემდგომი მოვლა-პატრონობა) შესრულების შედეგების შესახებ უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს ანგარიშს სამ თვეში ერთხელ. უფლებამოსილი ორგანო ეცნობა და აფასებს აღნიშნული ანგარიშში წარმოდგენილ შედეგებს და ადგენს შეფასების ოქმს.

7.მონიტორინგი ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი პერიოდულობით.

8. კერძო მესაკუთრის მიერ ნებართვის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების (შესაბამის დროს საკომპენსაციო რგვის ჩატარების ვალდებულება და შემდგომი მოვლა-პატრონობა) შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.

9. თუკი საკომპენსაციო რგვის ფარგლებში დარგული მწვანე ნარგავი გახმა რგვიდან 3 წლის განმავლობაში, კერძო მესაკუთრეს დაევალება ხელახალი საკომპენსაციო რგვა.

 


მუხლი 33. მუნიციპალიტეტის ვალდებულება ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ჭრის შემთხვევაში
სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, თუ ჭრის განხორციელება გამოწვეულია მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის ეფექტიანად განხორციელებით, მუნიციპალიტეტი აღნიშნული პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრავს ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო თანხას.

 


მუხლი 34. პასუხისმგებლობა დადგენილების დარღვევისათვის
ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოიწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით.

თავი V
მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასება

 


მუხლი 35. პირობები და კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა  აკმაყოფილებდეს მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე  დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირი (პირები)
1. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემ უფლებამოსილ პირს (პირებს) წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე (გარდა 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა) და  არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ წესის 37-ე მუხლის შესაბამისად მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ფიზიკური პირი.

2. მონაცემთა ბაზაში პირის რეგისტრაციისთვის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებული/დოქტორანტი/დოქტორი) გარემოსდაცვით სფეროში (აგრონომი, ეკოლოგი, ბიოლოგი და მეტყევე);

ბ) შესაბამის დარგში, ასევე, ტყის (მწვანე ნარგავების) აღრიცხვის ან მცენარეთა დაცვის სფეროში პრაქტიკული და საექსპერტო მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

 


მუხლი 36. მონაცემთა ბაზა
1. მონაცემთა ბაზა წარმოადგენს მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე  დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირების პერსონალური და პროფესიული მონაცემების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებულ ერთობლიობას, რომელიც ექვემდებარება მუდმივ განახლებას.

2. მონაცემთა ბაზას აწარმოებს უფლებამოსილი ორგანო.

3. მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, გარდა მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე  დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ პერსონალური მონაცემებისა. მონაცემთა ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მონაცემთა ბაზა შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე  დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა);

ბ) მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე  დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის განათლების, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის, სამუშაო (მათ შორის, საექსპერტო ორგანოებში მუშაობის) გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების  შესახებ;

გ) მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე  დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიმდინარე საქმიანობის, დაკავებული თანამდებობის, სამსახურებრივი მოვალეობების შესახებ.

 


მუხლი 37. მონაცემთა ბაზაში მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე  დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის (პირების) რეგისტრაცია, ამორიცხვა და უფლებამოსილების შეჩერება
1. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე პირი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა)  განცხადება;

ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი,  ელექტრონული ფოსტა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი);

დ) განათლების და აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) სამუშაო გამოცდილების, მათ შორის საექსპერტო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ვ) მონაცემები მოქმედი საქმიანობის/სამსახურის, დაკავებული თანამდებობის და სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) სამეცნიერო-კვლევით და გარემოსდაცვით სფეროში საკონსულტაციო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. პირის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან ამორიცხვა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის წერილობითი წარდგინების საფუძველზე გამოცემული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. მონაცემთა ბაზიდან ექსპერტის ამორიცხვა ხორციელდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში;

გ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ექსპერტის გარდაცვალების შემთხვევაში.

4. განმეორებით არასწორი დასკვნის გაცემა გამოიწვევს ექსპერტის  უფლებამოსილების შეჩერებას.


მუხლი 38. საექსპერტო დასკვნა
მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში  მითითებული უნდა იქნეს:

ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი;

ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;

გ) კვლევის ჩატარების მეთოდი;

დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;

ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო-მასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია.

ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების  შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთვოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას;

ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე.  

თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში - მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი.

ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები.    


მუხლი 39. დაინტერესებული პირის მიერ მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასების წარდგენა
1. მწვანე ნარგავების ჭრის/გადარგვის თაობაზე ნებართვის გაცემა და ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების ამ წესის მოთხოვნათა დაცვით განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მწვანე ნარგავების აღწერასა და მდგომარეობას დაადასტურებს (დაადასტურებენ) მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირი (პირები).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მწვანე ნარგავების აღწერა და მათი მდგომარეობის შესახებ დასკვნა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარუდგინოს დაინტერესებულმა პირმა მშენებლობის ნებართვის მიღების შესახებ განაცხადის შეტანისას.

 


თავი VI
მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება

 


მუხლი 40. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება
1. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი (დანართი №2) დგება მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბნის მოსაზღვრე ტერიტორიისაგან გამიჯვნისათვის, მწვანე ნარგავების აღრიცხვის, მონიშვნისა და რაოდენობისა განსაზღვრისათვის.

2. აღრიცხვის უწყისს ადგენს უფლებამოსილი ორგანო, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’, ,,დ’’ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას.

3. უფლებამოსილი ორგანო ითანხმებს სპეციალური ჭრის განხორციელებისათვის, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილ აღრიცხვის უწყისს.

4. ჭრა ხორციელდება მხოლოდ აღრიცხვის უწყისის შედგენის შემდგომ.


თავი VII
დამზადებული  მწვანე ნარგავების (ხე-ტყის) მიღება-ჩაბარების დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესი

 


მუხლი 41. დოკუმენტების ფორმა
დოკუმენტი (დანართი №3) გაიცემა დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის მიზნით:

ა) მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებისას (გადაზიდვისას) დამზადებული მწვანე ნარგავების  მიღება-ჩაბარების დოკუმენტის შევსება ხდება თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან გადამზიდავ დაინტერესებულ პირზე.

ბ) დამზადებული მწვანე ნარგავების  მიღება-ჩაბარების დოკუმენტი ივსება ორ ეგზემპლარად, დოკუმენტის დამოწმების შემდეგ ერთი ეგზემპლარი რჩება დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დაინტერესებულ პირს (გადამზიდავს).

გ) დაუშვებელია დოკუმენტის შევსებულ ფორმაში რაიმე შესწორების შეტანა. შეცდომის დაშვების შემთხვევაში გაფუჭებული ფორმის ჩაბარება მოხდება მის გამცემ ორგანოში.

დ) დოკუმენტის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის შემდეგ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დოკუმენტი გაიცემა თავიდან.

ე) დოკუმენტის ფორმა ივსება ქართულ ენაზე.


მუხლი 42. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს ვალდებულებანი
1. დოკუმენტის გაცემამდე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მოითხოვოს დოკუმენტში ასახული მწვანე ნარგავების მოცულობის შესაბამისად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი).

2. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განაცხადოს უარი დოკუმენტის გაცემაზე თუ, არ არსებობს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 


მუხლი 43. დოკუმენტის მოქმედების ვადა
დოკუმენტის მოქმედების ვადა ტრანსპორტირებისათვის განისაზღვრება მწვანე ნარგავების გადაზიდვისათვის დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დოკუმენტის დამოწმებიდან არაუმეტეს 6 საათისა.

 


მუხლი 44. დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებისათვის მიღება-ჩაბარების დოკუმენტის  გაცემა და დამოწმება
დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტის (დანართი №3) გაცემის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო დოკუმენტის გაცემის მიზნით:

ა) გასცემს დოკუმენტს დამზადებულ მწვანე ნარგავებზე;

ბ) ავსებს დოკუმენტის 1-5,7 და მე-8 რეკვიზიტებს;

გ) ბეჭდით ადასტურებს დოკუმენტის გაცემას;

დ)  დოკუმენტის მე-6 რეკვიზიტში ხელმოწერა ხდება დაინტერესებული პირის მიერ.

 


მუხლი 45. დაინტერესებული პირის ვალდებულებანი
1. დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაზიდვისას თან იქონიოს წინამდებარე დებულებით განსაზღვრული დოკუმენტი.

2. გადამზიდავი პირი ვალდებულია მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებისას იქონიოს დოკუმენტი, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში დაუყონებლივ წარუდგინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.

3. დოკუმენტის მოქმედების შეწყვეტა (გაუქმება) ხდება, თუ დარღვეულია ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

4. სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებისას, თუ შეუძლებელია განსაზღვრულ ვადაში დამზადებული მწვანე ნარგავების დანიშნულების ადგილამდე გადაზიდვა, მაშინ მფლობელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მიმართოს შესაბამის ორგანოს და მოითხოვოს დამზადებული მწვანე ნარგავების დანიშნულების ადგილამდე შემდგომი ტრანსპორტირების უფლება.

 


თავი VIII
გარდამავალი დებულებები

 


მუხლი 46. გარდამავალი დებულებები
1. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესს ადგენს უფლებამოსილი ორგანო.

2. მონაცემთა ბაზაში ამ წესის ამოქმედებამდე რეგისტრირებული მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირები ექვემდებარებიან განმეორებით რეგისტრაციას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამ წესის 31-ე მუხლი ამოქმედდეს დადგენილების გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდგომ.

 



დანართი 4

 

მწვანე ნარგავების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი

 


თავი I
ზოგადი დებულებები

 


მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი
1.მწვანე ნარგავების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში მუნიციპალიტეტი)  ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მოვლისა და სხვლა-ფორმირების ძირითად ფორმებსა და პირობებს.

2. ამ წესის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანსაღი გარემოს შექმნა, მწვანე ნარგავების სიჯანსაღის შენარჩუნება და ამასთანავე, მათი მდგრადობის ამაღლება.

 


თავი II
მოსამზადებელი სამუშაოები

მწვანე ნარგავების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი

 


მუხლი 2. მწვანე ნარგავების შეფასება
1.მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები ყოველთვის წარმოადგენენ ჩარევას მისი ბუნებრივი ზრდის პროცესში. მოვლის ღონისძიებების სწორად დაგეგმვისათვის, უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავის (ნარგაობის) მდგომარეობის წინასწარი შეფასება.

2. წინასწარი შეფასება მწვანე ნარგავის მოვლის დაგეგმვის მიზნით, გულისხმობს ღონისძიებათა ერთობლიობის დადგენას, რის შედეგადაც მიღწეულ იქნება სასურველი შედეგი.

3. მწვანე ნარგავის (ნარგაობის) მდგომარეობის წინასწარი შეფასებისას ხორციელდება:

ა) მწვანე ნარგავის ფუნქციური დანიშნულების დადგენა, სპეციფიური მონაცემების გაანგარიშება;

ბ) მწვანე ნარგავის დაზიანების ხარისხის და სახის დადგენა;

გ) მწვანე ნარგავის მოვლის კონცეფციის შემუშავება, მათ შორის ღონისძიებათა სახეების  დადგენა;

დ) მწვანე ნარგავის მორიგი გამოკვლევის ვადების დადგენა.

4. მწვანე ნარგავის (ნარგაობის) მდგომარეობის შეფასებისას გასათვალისწინებელია:

ა) ნარგავების სიმჭიდროვე, როცა ცალკეული ნარგავების ვარჯები გადახლართულია ერთმანეთში 1/3–ზე მეტით;

ბ) გამხმარი და ხმობადი ტოტების არსებობა;

გ) ვარჯის დეფორმაციის ხარისხი;

დ) ხნოვანება – ფიზიოლოგიურად დაბერებული, ხმელი ტოტებით, დაზიანებული მერქნით, დაზიანებულნი მავნებელ–დაავადებებით.

 


მუხლი 3. მონაცემთა აღრიცხვა
უფლებამოსილი ორგანო მონაცემთა აღრიცხვას აწარმოებს შესაბამის მონაცემთა სააღრიცხვო დოკუმენტში – მწვანე ნარგავების რეესტრში ან კატალოგში.

თავი III
მწვანე ნარგავების მოვლის სახეები (ფორმები)

 


მუხლი 4. მწვანე ნარგავის სხვლის, ტოტების შეჭრის სახეები
მწვანე ნარგავის სხვლის, ტოტების შეჭრის სახეებია:

ა) ფორმირებითი სხვლა;

ბ) სანიტარული სხვლა;

გ) გამაახალგაზრდავებელი სხვლა.


მუხლი 5. მწვანე ნარგავის ფორმირებითი სხვლა
1.მწვანე ნარგავის ფორმირებითი სხვლის მიზანია:

ა) მცენარის ვარჯის ხელოვნური ფორმის შექმნა ან შენარჩუნება;

ბ) ზრდის ხასიათის შეცვლა, ვარჯის აწევა ან სიმაღლის შეზღუდვა (საჰაერო კომუნიკაციები, შენობათა ფასადები და სხვა).

2.მწვანე ნარგავის ფორმირებითი სხვლა რეკომენდებულია:

ა) სწრაფმოზარდ სახეობებში ფორმირებითი სხვლა ხორციელდება ყოველწლიურად;

ბ) ნელამოზარდ სახეობებში ორ წელიწადში ერთხელ: გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებამდე. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ყინვების შედეგად დაზიანებული ადგილების ჭრაც ხორციელდება;

გ) ფოთლოვან სახეობებში აუცილებელია ჭრის ადგილები (2 სმ ზე მეტის დიამეტრის) დაიფაროს შესაბამისი ხსნარით; წიწვოვან სახეობებში გადანაჭერის დაფარვა აუცილებელი არ არის, ვინაიდან ეს მცენარეები გამოყოფენ ფისს, რომელიც იცავს ჭრის ადგილებს;

დ) ზრდის სასურველი მიმართულების მიცემის მიზნით, მწვანე ნარგავი, რაც შეიძლება ადრეულ ხნოვანებაში უნდა გაისხლას; ამ დროს უზრუნველყოფილია ვარჯის სტაბილური განვითარება. ამასთანავე რეკომენდებულია, გადახლართული, გადატეხილი ტოტების ან იმ ტოტების, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან გაზრდილები, მოცილება ან/და მოჭრა ერთი ტოტის დატოვებით.

 


მუხლი 6. მწვანე ნარგავის სანიტარული სხვლა
1.მწვანე ნარგავის სანიტარული სხვლის მიზანია:

ა) დაავადებული, ხმობადი, გამხმარი, გადატეხილი, გადახლართული ტოტების მოცილება;

ბ) გვერდითა ნაზარდების და ამონაყარის მოცილება (ვარჯის აწევა);

გ) ვარჯის თანაბარი სინათლის გამტარობის და ჰაერგამტარობის (ვენტილაციის) ხელშეწყობა.

2. მწვანე ნარგავის სანიტარული სხვლა რეკომენდებულია:

ა) თუ ახალგაზრდა მცენარეებს ძლიერ დაზიანებული აქვთ მერქანი, აუცილებელია დაზიანებული ნაწილის მოცილება ჯანმრთელ მერქნამდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აუცილებელი გახდება ვარჯის მთლიანად მოცილება. ამგვარი მცენარეების ფესვთა სისტემა, როგორც წესი, არ არის დაზიანებული და მცენარეს აღდგენისათვის ესაჭიროება 2-3 წელიწადი;

ბ) სანიტარიული სხვლა რეკომენდირებულია განხორციელდეს სისტემატიურად, წლის განმავლობაში 1–2 ჯერ.

 


მუხლი 7. მწვანე ნარგავის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა
1. მწვანე ნარგავის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა არის ტოტების ღრმა ჭრა მათ ბაზალურ ნაწილამდე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტოტების (ყლორტების) წარმოქმნას და ახალი ვარჯის ფორმირებას.

2. მწვანე ნარგავის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა ხორციელდება:

ა) მცენარის ფიზიოლოგიური დაბერებისას, როცა აღარ ხდება ყოველწლიური ნაზარდის წარმოქმნა;

ბ) დეკორატიულობის დაკარგვისას;

გ) პოტენციურად საშიში მწვანე ნარგავების შემთხვევაში – ძალიან მაღალი ან/და გადახრილიმწვანე ნარგავების შემთხვევაში, შესაძლო საფრთხის წარმოქმნისას.

3.მწვანე ნარგავის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლისას რეკომენდებულია:

ა) ტოტების ღრმა ჭრა მათ ბაზალურ ნაწილამდე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტოტების (ყლორტების) წარმოქმნას და ახალი ვარჯის ფორმირებას;

ბ) იმ მცენარეებში, რომელთაც ახასიათებთ ნებისმიერ ასაკში ნაზარდის წარმოქმნის კარგი შესაძლებლობა (ვერხვი, ტირიფი, ზოგიერთი სახეობის ნეკერჩხლები). ამ დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს მწვანე ნარგავის ხნოვანებაზე; რაც უფრო დიდი ხნოვანებისაა მცენარე მით მცირე უნდა იყოს სხვლის ხარისხი;

გ) სხვლა უნდა განხორციელდეს ოქტომბრიდან აპრილამდე. 2–3 წლის განმავლობაში ეტაპობრივად. ვერხვების შემთხვევაში (გარდა თეთრი ვერხვისა), სხვლა ხორციელდება ფოთოლცვენის შემდგომ, წვენის მოძრაობის დაწყებამდე;

დ) ტოტები შეიჭრება განშტოებებიდან არანაკლებ 20 სმ-ზე. 1–3 წელიწადში ხორციელდება ვარჯის შეთხელება.  3–4 წელიწადში შესაძლებელია სხვლის განმეორება.

4. ყველა სახის სხვლა–ფორმირებისას აუცილებელია დაცული იქნეს შემდეგი პირობები:

ა) მწვანე ნარგავების ვარჯის სხვლა ფორმირებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს მათი ბუნებრივი ფორმა. მაქსიმალურად  უნდა ავარიდოთ თავი მცენარის სიმაღლისა და ფორმის მკვეთრ ცვლილებას;

ბ) რაც უფრო დიდი ხნოვანებისაა მცენარე, მით მცირეა სხვლის პროცენტი.

 


თავი IV
მწვანე ნარგავების ვარჯის ჭრის ტექნოლოგია

 


მუხლი 8. ზოგადი წესი ჭრის შესახებ
1. ქალაქის პირობებში, მწვანე ნარგავის ვარჯზე ჩატარებული ჭრის ღონისძიებები მის ზრდა-განვითარებას ემსახურება, რაც მწვანე ნარგავს საშუალებას აძლევს ძლიერი, ჯანმრთელი და სატრანსპორტო საშუალებებისგან დაცული იყოს. საჭირო ღონისძიებები რაც შეიძლება ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს, რათა აცილებულ იქნეს სხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ზიანი.

2. თხელი, სუსტი და ძალიან წვრილი ტოტები ხელის ხერხით ან/და ტოტის საჭრელი მაკრატლით უნდა მოიჭრას.

3. ახალგაზრდა ნაზარდების მოცილება ხორციელდება კარგად განვითარებული კვირტის ზემოთ; ჭრის ადგილი უნდა იწყებოდეს კვირტის წარმოქმნის სიბრტყეზე საწინააღმდეგო მხრიდან და უნდა დამთავრდეს კვირტის წვეროსთან.

4. ძლიერი ტოტების მოცილება, მერქნის დახეთქვის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია განხორციელდეს სამი ჭრით. უსაფრთხოების მიზნით ხდება ტოტის თოკით დამაგრება. პირველი ჭრა ხდება მწვანე ნარგავის ტოტის ქვემოთა მხრიდან, დაახლოებით მწვანე ნარგავის ტოტის სისქის  1/4 სიღრმეზე. მეორე ჭრა ხორციელდება მწვანე ნარგავის ტოტის ზედა მხრიდან, 3-5 სმ- ის დაცილებით. მესამე ჭრა სრულდება მწვანე ნარგავის ტოტის შეერთების ადგილას, რგოლის გასწვრივ (დანართი 1, ნახაზი 1).

5.მწვანე ნარგავების სხვლისას  უმეტეს შემთხვევაში ტოტის ჭრის კუთხე რეკომდებულია 120–1350. ამგვარი გადანაჭრელები თანაბარზომიერად იფარება კალუსით.


მუხლი 9. ჭრათა თანმიმდევრობა მწვანე ნარგავის ტოტის დამოკლებისას
1.ტოტის დამოკლებისას, უნდა შეფასდეს მისი უახლოესი განშტოება, რომლის სისქეც დასამოკლებელი ტოტის ჭრის ადგილის სისქის 1/3 მაინც უნდა იყოს (დანართი 1, ნახაზი 2.).

2. შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ძლიერი ტოტების მოჭრა, კერძოდ იმ ხეებისთვის, რომლებსაც ვარჯის სიმეჩხერისკენ აქვთ ტენდენცია (მაგალითად, როგორიცაა: წაბლი, არყის ხე, ალვის ხე და ტირიფები). ეს ღონისძიება დასაშვებია, თუ უხეში ან ძლიერი ტოტების ჭრა მწვანე ნარგავის დაზიანების (როგორიცაა გადატყდომა, გაბზარვა) თავიდან ასაცილებლად ხდება.

 3. ჭრები ისე უნდა განხორციელდეს, რომ ტოტის შეერთების ადგილი - რგოლი ან/და დასაცავი ზონა/ადგილი შენარჩუნდეს, აგრეთვე შესაძლებელი იყოს დაზიანებული ადგილის კარგად შეხორცება (მწვანე ნარგავი დაზიანებულ ადგილას ბუნებრივად წარმოქმნის ფენას, რომელიც ჭრილობას ფარავს); ტოტის მოჭრის შემდეგ არ უნდა დარჩეს  ნარჩენი.

4. ჭრის განხორციელება, ძლიერი ტოტის მწვანე ნარგავის ღეროსთან შეერთების ადგილის  შემთხვევაში (დანართი 2, ნახაზი 3.).

5. ჭრის განხორციელება, უხეში ტოტის მწვანე ნარგავის ღეროსთან შეერთების ადგილის შემთხვევაში (დანართი 2, ნახაზი 4.)


მუხლი 10. პროფილური ჭრა სინათლის რეჟიმის გაუმჯობესებისათვის
1. აღნიშნული მეთოდით მწვანე ნარგავის სხვლა ახალგაზრდა ასაკიდანვე იწყება. ასეთი ჭრები უნდა შესრულდეს ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ, თანდათანობით. ჭრები რამდენიმე წლის მანძილზე უნდა გადანაწილდეს და განხორციელდეს. ამ ჭრების შედეგად მწვანე ნარგავებს, რომლებიც დარგულია გზის სავალი ნაწილის გასწვრივ, თავიანთი ვარჯის სიდიდის მინიმუმ ნახევარი უნდა შეუნარჩუნდეს. დიდი ხნოვანების მწვანე ნარგავებს უნდა ჩაუტარდეთ შედარებით ინტენსიური ჭრა, სუსტი და უხეში ტოტების მოცილებით. ძლიერი ტოტების მთლიანი მოშორება, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დაშვებული.

2. სატრანსპორტო და საფეხმავლო ქუჩების გასწვრივ დარგული მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირება ტარდება იმგვარად, რომ დაცული იყოს, როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება. გზის სავალი ნაწილის მხარეს, ადრეული ასაკიდანვე ხდება მწვანე ნარგავის ქვედა ტოტების შესხვლა 4,50 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო საფეხმავლო ზონის მიმართულებით 2,50 მეტრის სიმაღლეზე (დანართი 3, ნახაზი 5).

 


მუხლი 11. გამხმარი ტოტების მოშორება
მკვდარი და მოტეხილი, სუსტი ზომის ტოტები სატრანსპორტო უსაფრთხოების მიზეზით, უნდა მოიჭრას და გვირგვინს მოსცილდეს (დანართი 3, ნახაზი 6).

 


მუხლი 12. მწვანე ნარგავის გვერდითი ამონაყარების მოცილება
გვერდითი ამონაყარები მწვანე ნარგავის ღეროსა დამწვანე ნარგავის განშტოებებზე უნდა მოსცილდეს ბრტყლად მთელ დიამეტრზე (დანართი 3, ნახაზი 7).

 


მუხლი 13. მწვანე ნარგავის ვარჯის გასხვლა სინათლის შეღწევის უზრუნველსაყოფად
მწვანე ნარგავის ვარჯის გასხვლა სინათლის შეღწევის უზრუნველსაყოფად ხორციელდება უმეტესად ტოტების გარეთა მხარეს, წვეროსკენ. მწვანე ნარგავის გარშემოწერილობის მიხედვით განასხვავებენ  სუსტ  (5 %), საშუალო (10%) და ძლიერ (15 %) სხვლას.  ამ დროს მაქსიმალურად  უნდა ავარიდოთ თავი მცენარის სიმაღლისა და ფორმის მკვეთრ ცვლილებას.

 


თავი V
განსაკუთრებული ღონისძიებები

 


მუხლი 14. განსაკუთრებული ღონისძიების სახეა გადაბელვა
1. გადაბელვა ნიშნავს მწვანე ნარგავის ვარჯის ან ვარჯის ნაწილის მთლიანად მოშორებას.

2. გადაბელვით ღონისძიებებს გააჩნია ნეგატიური შედეგები:

ა) გადაბელვის ადგილებში წყდება საკვები მინერალებით მომარაგება;

ბ) გადაჭრის ადგილებში კვდება მწვანე ნარგავის ქერქი და იწყება ლპობის პროცესი;

გ) წონასწორობა ფესვებსა და მწვანე ნარგავის ღეროს შორის ირღვევა, რაც იწვევს ფესვების კვდომას და ვითარდება სოკოვანი დაავადებები;

დ) გადაბელვის შედეგად ამოყრილი ტოტები ხასიათდებიან არამდგრადობით და ხდება მათი მწვანე ნარგავის ღეროსთან შეერთების ადგილებში გადატეხვა, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის გარემოს.

3. გადაბელვა დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.


მუხლი 15. მწვანე ნარგავის ვარჯის ფორმირება  საგზაო მოძრაობის შეფერხებისას
1. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დასაშვებია მწვანე ნარგავის ვარჯის დაზიანებული ტოტების ან/და ვარჯის ნაწილის ჭრა.

2. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მწვანე ნარგავის ვარჯის შემცირება დასაშვებია მისი (ვარჯის) სიმაღლის 20 % - ის ოდენობით, რათა მან შეძლოს შემდგომი განვითარება.

3. დაზიანების არსებობის შემთხვევაში დაზიანებული ტოტები უნდა მოიჭრას, ხოლო დაუზიანებელი ნაწილი მოჭრილი ნაწილის პროპორციულად გაისხლას.

4. ტოტები უნდა მოიჭრას დასატოვებელ ტოტთან, რომლის დიამეტრიც, მოჭრის ადგილას, მოსაჭრელი ტოტების დიამეტრის დაახლოებით 1/3 უნდა შეადგენდეს.

5. ახალი ამონაყრები, მოძრაობის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, უნდა განცალკევდეს ან დამოკლდეს.

6. ჭრა უნდა შესრულდეს არსებული ჭრის ადგილიდან ზევით, მაგრამ არა დაზიანების შედეგად არსებული ჭრილობის შეხორცების ადგილას.

7. ეგრეთ წოდებული "მკურნალობა" უნდა ჩატარდეს სისტემატიურად, ყოველ 3- 5 წელიწადში ერთხელ;

8. ჭრები ისე უნდა განხორციელდეს, რომ წლების მანძილზე ჩამოყალიბდეს ახალი ვარჯი, რომელიც გვერდითი ტოტებიდან ან სხვა მიძინებული კვირტებიდან აღმოცენდება.