სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 74/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 16/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 440050000.22.022.018182
74/ნ
16/06/2022
ვებგვერდი, 20/06/2022
440050000.22.022.018182
სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №74/ნ

2022 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი  საგრანტო კონკურსის  დებულება.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი




სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი  საგრანტო კონკურსის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულება (შემდგომ – დებულება) არეგულირებს საქართველოს  „სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის“ (შემდგომ  კონკურსი) გამართვის და საგრანტო პროექტების განხორციელების მონიტორინგის წესს.

2.  კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო ენის სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, ახალი ცოდნისა და რესურსების შექმნას, რომლებიც საფუძვლად დაედება სახელმწიფო ენის დაცვას, განვითარებას, სრულფასოვან ფუნქციონირებასა და პოპულარიზაციას. დაფინანსებული სამეცნიერო კვლევა უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს ენის წინაშე არსებულ გამოწვევებს, როგორებიცაა: სახელმწიფო ენის სტანდარტიზაცია (ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და დარგობრივი ტერმინოლოგიის განახლება; სახელმწიფო ენის სტანდარტიზაციისათვის ელექტრონული რესურსების შექმნა); ქართველური ენობრივი მრავალფეროვნებისა და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ენების დოკუმენტირება; ქართული და აფხაზური ენების სწავლების მეთოდოლოგიური რესურსებისა და  დისტანციური სწავლების საშუალებების შექმნა; ენობრივი ტექნოლოგიების განვითარება; სახელმწიფო ენის ფუნქციონირების დაცვა ინტერნეტ სივრცეში, ქართულენოვანი ინტერნეტის განვითარება; ქართული და აფხაზური ენების პოპულარიზაცია.

3. კონკურსში პროექტის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებით:

ა) ქართული ენა, ქართველური ენები;

ბ) აფხაზური ენა;

გ) საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნება;

დ) ენობრივი ტექნოლოგიები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ახალგაზრდა მეცნიერი – ფიზიკური პირი, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც არის დოქტორანტურის ან მაგისტრატურის სტუდენტი, ან  რომელსაც აქვს დოქტორის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი და აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წელი;

ბ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული, დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი პერსონალი;

გ) გენერალური დირექტორი – სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი;

დ) დამხმარე პერსონალი – პროექტის ფარგლებში დასაქმებული ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ეხმარება/ეხმარებიან  ძირითად  პერსონალს  ტექნიკური  საკითხების მოგვარებაში;

ე) ზედნადები ხარჯები – პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯები, რომელიც შეადგენს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების არაუმეტეს 5%-ს. ზედნადები ხარჯები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წამყვანი ან თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსებისათვის;

ვ) თანადამფინანსებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც  ფონდთან ერთად აფინანსებს კვლევით პროექტს;

ზ) თანამონაწილე ორგანიზაცია − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია, წამყვან ორგანიზაციასთან ერთად, უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; თანამონაწილე ორგანიზაცია შეიძლება იყოს, აგრეთვე, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც მონაწილეობს პროექტის გარკვეული ამოცანების შესრულებაში; პროექტის თანამონაწილე ორგანიზაცია, რომელიც არის საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, არ შეიძლება იყოს გრანტის მიმღები;

თ) მიზნობრივი ანგარიში − საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტისთვის გახსნილი საბანკო/სახაზინო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და ჩაირიცხება გრანტის სახსრები;

ი) პროექტი – პროექტის ხელმძღვანელის მიერ დაფინანსების მოპოვების მიზნით, დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი;

კ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით;

ლ) პროექტის თანახელმძღვანელი – საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე,  რომელიც თანამონაწილე ორგანიზაციის წარმომადგენელია და კოორდინაციას უწევს პროექტის მომზადებასა და განხორციელებას პროექტის ხელმძღვანელთან ერთად;

მ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები − პროექტის შესაფასებლად ამ დებულებით განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპები ქულების სათანადო მითითებით;

ნ) პროექტის ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც პროექტს განახორციელებს წამყვან ორგანიზაციაში, კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ასევე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე;

ო) საანგარიშო პერიოდი – პროექტის განხორციელების დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაში გრანტის მიმღები ასრულებს პროექტით გაწერილ ამოცანებს, ხარჯავს საგრანტო სახსრებს  და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს;

პ) საგრანტო პროექტის ანგარიში –  პროექტის დასრულების  შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილი საბოლოო პროგრამული  და ფინანსური ანგარიშები;

ჟ) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;

რ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგრანტო პროექტის პროგრამული და ფინანსური ანგარიშის მონიტორინგის პროცედურა;

ს) საკონკურსო დოკუმენტაცია – გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;

ტ) კომისია –კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების შემფასებელი ორგანო, რომელიც განიხილავს და აფასებს პროექტებს დებულებით განსაზღვრული პროექტის შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, ადგენს რანჟირებულ სიას და შეარჩევს დასაფინანსებელ პროექტებს;

უ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;

ფ) ფონდი – სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

ქ) ძირითადი პერსონალი – გრანტის მიმღები ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ასრულებს/ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქტორი, მაგისტრი ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკური პირი/პირები, დოქტორანტი, მაგისტრანტი. ასევე, პროექტის ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს ბაკალავრი კომპიუტერულ და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;

ღ) წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ხელმძღვანელსა და სხვა ძირითად პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს. პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე;

ყ) გრანტის გამცემი – ფონდი.

მუხლი 3. კონკურსის ადმინისტრირება

1. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის წესით. კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ფონდი დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით.

2. ფონდი უზრუნველყოფს:

ა) კონკურსის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) კონკურსის გამართვის, საკონკურსო დოკუმენტაციის ფორმებისა და მიღების ვადების დადგენას, კონკურსის პროგრამისა და პირობების შემუშავებასა და დამტკიცებას;

გ) კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზას, რაც გულისხმობს წარმოდგენილი პროექტების დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას კონკურსის პირობებთან;

დ) პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების უზრუნველყოფას;

ე) კომისიის მიერ პროექტების განხილვას შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით რანჟირებული სიის დადგენას, გამარჯვებული პროექტების გამოვლენასა და დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას;

ვ)  საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას და დაფინანსებას;

ზ) საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს;

თ) საგრანტო პროექტის შესრულების ანგარიშის ფორმების დამტკიცებას.

3. ფონდი უფლებამოსილია გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს კონკურსის პრიორიტეტული თემატიკა სსიპ – სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან შეთანხმებით.

მუხლი 4. კონკურსში მონაწილე სუბიექტები

1. კონკურსში მონაწილეობისა და გრანტის მიღების უფლება აქვს ძირითად პერსონალს წამყვან და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციასთან ერთად.

2. ძირითადი პერსონალი წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის ხელმძღვანელით, თანახელმძღვანელით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მკვლევრებით. ძირითადი პერსონალის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს ახალგაზრდა მეცნიერი.

3. პროექტის ხელმძღვანელი და თანახელმძღვანელ(ებ)ი პასუხისმგებელნი არიან პროექტის განხორციელებასა და პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე.

4. ძირითადი პერსონალის ყველა წევრი ჩართული უნდა იყოს პროექტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებაში.

5. პროექტში შეიძლება ჩართული იყოს დამხმარე პერსონალი.

მუხლი 5. ფინანსური პირობები

1. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 12 თვეს.

2. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს.

3.  პროექტს შესაძლებელია ჰყავდეს თანადამფინანსებელი.

4. პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:

ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება − ჯამში არაუმეტეს 50 000 ლარისა;

ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება −  ჯამში არაუმეტეს 5 000 ლარისა;

გ) მივლინება;

დ) საქონელი და მომსახურება;

ე) არაფინანსური აქტივები;

ვ) ზედნადები ხარჯები −  ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების არაუმეტეს 5%-ისა.

5. გრანტის სახსრებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა/იჯარა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანისა და მობილური ტელეფონის შეძენა.

6. ზედნადები ხარჯები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საგრანტო პროექტის ტექნიკური ადმინისტრირებისა და წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ სამეცნიერო-კვლევითი დაფინანსებისათვის. გრანტის მიმღებისთვის, გრანტის ჩარიცხვის ფაქტის დადასტურებით (სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში შესრულებული გადარიცხვა), გრანტის გამცემისთვის ზედნადები ხარჯები სრულად აღიარდება ხარჯად, ფონდის მიერ განხორციელებული ფინანსური მონიტორინგის ფარგლებში. ფონდი უფლებამოსილია პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში გრანტის მიმღებისგან მოითხოვოს ინფორმაცია ზედნადები ხარჯების მუხლიდან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია.

7. პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება ერთი ტრანშის სახით. გრანტის თანხები გადაირიცხება პროექტის მიზნობრივ საბანკო/სახაზინო ანგარიშებზე ავანსის სახით.

8. საგრანტო პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება გრანტის მიმღებ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.

მუხლი 6. კონკურსის ეტაპები

კონკურსის ძირითადი ეტაპებია:

ა) კონკურსის გამოცხადება;

ბ) პროექტების ფონდში წარდგენა;

გ) პროექტების შესაბამისობის დადგენა კონკურსის პირობებთან;

დ) კონკურსში მონაწილე პროექტების განხილვა, შეფასება და დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა კომისიის მიერ;

ე) დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ  დამტკიცება;

ვ) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.

მუხლი 7. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა

1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.

2. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.

მუხლი 8. პროექტის შეფასება და ინტერესთა კონფლიქტი

1. ფონდი უზრუნველყოფს პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.

2. გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას და ამტკიცებს მისი მუშაობის წესს.

3. კომისია ხელმძღვანელობს დებულების მე-12 მუხლით დადგენილი წესებით, განიხილავს და აფასებს პროექტებს, ადგენს რანჟირებულ სიას, დასაფინანსებლად შეარჩევს პროექტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალურ დირექტორს.

4. კომისია პროექტების შეფასებას ახდენს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად და ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული მუშაობის წესის მიხედვით.

5.  კომისია უფლებამოსილია: 

ა) დამატებით მოიწვოს დარგის ექსპერტი საჭიროების შემთხვევაში;

ბ) კონკურსის მიზნებთან შეუსაბამო პროექტები მოხსნას კონკურსიდან;

გ) კონკურსში მონაწილე პროექტის წარმდგენს მოსთხოვოს პროექტის ბიუჯეტის კორექტირება, ფონდიდან მოთხოვნილი თანხის მოცულობის გაზრდის გარეშე;

დ) გამოყოს სათადარიგო პროექტები, რომლებიც ჩაენაცვლება გამარჯვებულ პროექტებს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულებთან არ/ვერ გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება.

6. მოწვეულ დარგის ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია.

7. კომისიის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს სსიპ – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

8. დაუშვებელია კომისიის წევრი ან/და მოწვეული დარგის ექსპერტი იყოს პირი, რომელმაც შესაძლოა მიიღოს უშუალო ფინანსური ან სხვა სახის პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში, ასევე პირი, რომელიც არის პროექტის მონაწილე ან მონაწილის ნათესავი.

9. დებულების მიზნებისათვის  ნათესავად ჩაითვლება:

ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;

გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;

დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

10. კომისიის წევრი ან/და მოწვეული დარგის ექსპერტი ვალდებულია კომისიას და გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ინტერესთა კონფლიქტის და თვითაცილების შესახებ.

11. კომისიის წევრი ან/და მოწვეული დარგის ექსპერტი უფლებამოსილია განაცხადოს თვითაცილების შესახებ, თუ თვლის, რომ იგი ვერ იქნება ობიექტური, რადგან შესაფასებელი პროექტი უწევს კონკურენციას მის სამეცნიერო მოღვაწეობას ან მან შეიძლება ნახოს პირადი სამეცნიერო სარგებელი ამ პროექტის შეფასებით.

12. თუ ინტერესთა კონფლიქტის ფაქტი ფონდისათვის ცნობილი გახდება გენერალური დირექტორის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს კომისიის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.

13. გენერალური დირექტორის მიერ კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს კონკურსის შედეგების გამოცხადებასა და კონკურსში მონაწილეთათვის შეფასებების გაცნობას.       

მუხლი 9. საგრანტო ხელშეკრულება

1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებათა გაფორმებას პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალსა და წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფონდს წარუდგენენ წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ არა აქვთ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება.

3. პროექტის ფარგლებში შექმნილ შედეგზე (გამოგონებაზე, ნაწარმოებებზე და ა.შ) ინტელექტუალური საკუთრების უფლება ეკუთვნის გრანტის მიმღებს, აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთობები რეგულირდება გრანტის მიმღებ სუბიექტთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

4. პროექტის ფარგლებში შექმნილი ნაწარმოებები, ცოდნა და რესურსი უნდა იყოს ღია და უფასოდ ხელმისაწვდომი. აღნიშნული შეიძლება გამოყენებული იქნეს  სახელმწიფო ენის სტრატეგიის მიზნისა და ამოცანების შესაბამისად, ასევე შეიძლება განთავსდეს ფონდის ან/და სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ვებპორტალზე.

5. გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების საერთო თანხის გაზრდის გარეშე, ფონდი უფლებამოსილია, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის განსახორციელებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობის 20%-ის ფარგლებში.

მუხლი 10. საგრანტო პროექტის შესრულების მონიტორინგი

1. საგრანტო პროექტის განხორციელების მონიტორინგის მიზნებისათვის, გრანტის მიმღების მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია და ანგარიშის განხილვის წესი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.

2. ფონდი, საანგარიშო პერიოდის ბოლოს, გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი საგრანტო პროექტის ანგარიშების წარდგენის საფუძველზე, ახორციელებს დაფინანსებული საგრანტო პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს საგრანტო პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.

3. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს, საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.

4. ფონდის მიერ ფინანსური მონიტორინგის განხორციელებისას:

ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;

ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას;

გ) ნაშთად  ჩაითვლება გადარიცხული თანხის ფარგლებში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას.

5.   პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი შედეგების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას. ფონდი უფლებამოსილია,  პროგრამული მონიტორინგის ფარგლებში განახორციელოს ადგილზე ვიზიტები და, ასევე, სამეცნიერო ეფექტიანობის შეფასება შესაბამისი დარგის ექსპერტ(ებ)ის მონაწილეობით, გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და/ან საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

6. ფონდი უფლებამოსილია, მიმდინარე და დასრულებული პროექტების სამეცნიერო ღირებულება და ეფექტიანობა შეაფასებინოს შესაბამისი დარგის ექსპერტებს და სსიპ – სახელმწიფო ენის დეპარტამენტს. შეფასების შედეგები და აქტები ფონდის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გრანტის მიმღების მიერ შემდგომ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისას წარდგენილი პროექტების შეფასებისას.

7. ფონდი უფლებამოსილია, აწარმოოს საგრანტო ხელშეკრულების პირობების დამრღვევ პირთა რეესტრი – ე.წ. „შავი სია“, რომლის წარმოების წესი განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 11. საგრანტო პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება 

1. საგრანტო პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებისა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.  

2. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით  დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება საგრანტო პროექტი), თუ:

ა) მოხდა შესაბამისი წამყვანი ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში გაუქმდა მისი ავტორიზაცია;

ბ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და საგრანტო პროექტის ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია.  

3. საგრანტო პროექტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები დარეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად.

4. საგრანტო პროექტი ჩაითვლება დასრულებულად,  თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში ფონდში წარდგენილია საგრანტო პროექტის პროგრამული  და ფინანსური ანგარიშები, წარდგენილ ანგარიშებზე ფონდის მიერ დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები, მიღებულია დადებითი დასკვნა, მხარეთა შორის გაფორმებულია შედარების აქტი და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.

მუხლი 12. პროექტის შეფასების კრიტერიუმებ

1. კონკურსში მონაწილე პროექტის შეფასების კრიტერიუმები და ქვეკრიტერიუმებია:

  1.  სამეცნიერო კვლევა

მინიმუმ 3,

მაქსიმუმ 15 ქულა

1.1. კვლევის მიზანი და მისი შესაბამისობა საგრანტო კონკურსის პრიორიტეტებთან (ან სახელმწიფო ენის სტრატეგიის მიზნებთან)

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

1.2. შემოთავაზებული კვლევის სიახლე და აქტუალურობა

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

1.3. კვლევის მეთოდოლოგია და მისი შესაბამისობა კვლევის მიზნებთან, ამოცანებთან და მოსალოდნელ შედეგებთან

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

  1. სამეცნიერო ეფექტიანობა

მინიმუმ  3,

მაქსიმუმ 15  ქულა

2.1. პროექტის განხორციელებისას შექმნილი ახალი ცოდნისა და რესურსების მნიშვნელობა, მომხმარებელთა წრისათვის ხელმისაწვდომობა და პოტენციური გამოყენებადობა

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

2.2. პროექტის მოსალოდნელი ეფექტიანობა სახელმწიფო ენის დაცვის, განვითარების, სრულფასოვანი ფუნქციონირებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით

 

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

2.3. პროექტის ეფექტიანობის თვლადი ინდიკატორები და მისი შესაბამისობა სახელმწიფო ენის სტრატეგიასთან

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

  1. მკვლევართა გუნდი

მინიმუმ 2,

მაქსიმუმ 10 ქულა

3.1. პროექტის ხელმძღვანელისა და  ძირითადი პერსონალის კვლევითი გამოცდილება და პროდუქტიულობა

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

3.2. პროექტით დასახული მიზნების განხორციელებისათვის პასუხისმგებლობების განაწილება ძირითადი პერსონალის კომპეტენციების გათვალისწინებით, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო თანამშრომლობა

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

  1. განხორციელების გეგმა

მინიმუმ 2,

მაქსიმუმ 10 ქულა

4.1 პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის შესაბამისობა პროექტით დასახული მიზნების განხორციელებისათვის; პროექტის მდგრადობა, პროექტის განხორციელების რისკების ანალიზი და რისკების აღმოფხვრის გზები

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

4.2 კვლევისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტით დასახული მიზნების განხორციელებისათვის

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

ქულათა ჯამი

მინიმუმ 10,

მაქსიმუმ 50 ქულა

შემაჯამებელი კომენტარი პროექტის შესახებ

 

2. შეფასება ხორციელდება 4  კრიტერიუმით, საიდანაც პირველი და მეორე კრიტერიუმები ფასდება მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 15 ქულით, ხოლო მესამე და მეოთხე კრიტერიუმები – მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 10 ქულით. ქულათა ჯამი შეადგენს მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 50 ქულას.

3.   თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ქულით. ქვეკრიტერიუმის ქულები შეფასდება და განიმარტება შემდეგნაირად:

 

შეფასება ქულით

შეფასება

განმარტება

1

სუსტი

პროექტი არაადეკვატურად პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს, გართულებულია შეფასება არასაკმარისი, ბუნდოვანი ან შეუსაბამო ინფორმაციის გამო.

2

დამაკმაყოფილებელი

პროექტი ზოგადად პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი უზუსტობები და სუსტი მხარეები.

3

კარგი

პროექტი კარგად პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს, მაგრამ აქვს გარკვეული ხარვეზები და საჭიროებს გაუმჯობესებას.

4

ძალიან კარგი

პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს. გამოკვეთილია ორიგინალურობა და სამეცნიერო პოტენციალი, თუმცა შესაძლებელია გარკვეულწილად დახვეწა.

5

საუკეთესო

პროექტი საუკეთესოდ პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს, შეიძლება არსებობდეს უმნიშვნელო ერთეული შენიშვნები, რომლებიც არ ეხება სამეცნიერო პოტენციალს.

4.   დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 36 ან მეტი ქულა.

5.   თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე, მესამე და მეოთხე კრიტერიუმში. აღნიშნულ ოთხივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.