“ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელობის შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე”

“ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელობის შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
მიღების თარიღი 02/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 119, 11/12/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.014.005.588
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
26
02/12/2002
სსმ, 119, 11/12/2002
040.230.000.17.014.005.588
“ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელობის შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე”
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (11/12/2002 - 29/02/2024)

 

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება 26

2002 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელობის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად,

1. დამტკიცდეს თანდართული წესი ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელობის შესახებ“.

2. ეს წესი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ჯიბუტი

„ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელობის შესახებ”

წესი

    მუხლი 1. ამ წესის რეგულირების სფერო

1. ეს წესი შემუშავებულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში – კანონი ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად და განსაზღვრავს:

ა) ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელის (შემდეგში – ნომინალური მფლობელი ) საქმიანობის პრინციპებს, მათ შორის, ნომინალური მფლობელის მიერ კლიენტის საინვესტიციო სახსრების შენახვისა და კლიენტის კრებსითი ანგარიშში აღრიცხვის პირობებს;

ბ) ნომინალური მფლობელის მიერ კლიენტთა საინვესტიციო სახსრებისათვის შესაბამისი ანგარიშების წარმოების პროცედურას;

გ) პირველი საფეხურის ნომინალური მფლობელის მიერ ფასიანი ქაღალდების შემდეგი საფეხურის ნომინალურ მფლობელობაში გადაცემის პირობებს.

2. ამ წესით არ განისაზღვრება საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებების დადების, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელობაში გადაცემისა და მათი ნომინალური მფლობელის მიერ კლიენტისათვის გადაცემის წესები.

3. კანონის თანახმად, ამ წესის შესრულებას ბანკების მიერ უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები. მათ გარდა, ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ტერმინები შემდეგი მნიშვნელობებით:

ა) „კლიენტი – ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელი (ბენეფიციარი მესაკუთრე ან ნომინალური მფლობელი), რომელიც ნომინალურ მფლობელთან დებს ხელშეკრულებას ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელობის შესახებ;

ბ) მინდობილობა” _ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელის მიერ გაცემული უფლებამოსილება (რწმუნებულება), რომლის მიმღები პირი ამ მფლობელის წარმომადგენელია და მისი სახელით და ინტერესებისათვის ახორციელებს ფასიანი ქაღალდის მფლობელობიდან გამომდინარე ერთ ან მეტ უფლებას (მაგ. საერთო კრებაზე დასწრების, ხმის მიცემის და სხვა უფლებები);

გ) „პირველი საფეხურის ნომინალური მფლობელი” – ის ნომინალურ მფლობელი:

გ.ა) რომელსაც საინვესტიციო სახსრები ნომინალური მფლობელობაში უშუალოდ ბენეფიციარი მესაკუთრე კლიენტისაგან აქვს გადაცემული;

გ.ბ) რომელიც საინვესტიციო სახსრებს შეიძენს ბენეფიციარი მესაკუთრე კლიენტის სასარგებლოდ, მასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად;

დ) „რეკვიზიტები :

დ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი და გვარი, მოქალაქეობა, მოქალაქის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეგისტრირებული ბინადრობის მოწმობა) ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ტელეფონის ნომერი;

დ.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში: საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი და ტელეფონის ნომერი (ასევე, საქმიანობის ადგილის მისამართი და ტელეფონის ნომერი, თუ ეს ყოველივე იურიდიული მისამართისაგან განსხვავდება) და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი, თარიღი, ადგილი და მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება;

დ.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში: დასახელება, მისი აღმასრულებელი ორგანოს ადგილსამყოფელი და ტელეფონის ნომერი;

დ.დ) სახელმწიფოს შემთხვევაში: სათანადოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო

ე)  „საინვესტიციო სახსრები – ფასიანი ქაღალდები და საოპერაციო ფულადი სახსრები;

ვ) „საოპერაციო ფულადი სახსრები – ფულადი სახსრები, რომლებიც აღრიცხულია და ინახება ნომინალურ მფლობელთან ფასიანი ქაღალდების შეძენა-გასხვისების ოპერაციების საწარმოებლად. ამასთან, კლიენტის საოპერაციო ფულადი სახსრები აღრიცხულია და ინახება ნომინალური მფლობელის განაცლკევებულ (კლიენტის) ანგარიშზე და ისინი:

ვ.ა) ნომინალურ მფლობელის მიერ ნომინალურ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდებით განხორციელებული სავაჭრო ოპერაციების შედეგად არის მიღებული; ან/და

ვ.ბ) კლიენტმა ნომინალურ მფლობელს გადასცა ფასიანი ქაღალდებით სავაჭრო ოპერაციების განხორციელების მიზნით;

ზ) „კლიენტის კრებსითი ანგარიში” – ნომინალური მფლობელის მიერ კლიენტის თითოეული კლასის ფასიანი ქაღალდებისა და საოპერაციო ფულადი სახსრებისათვის როგორც სხვა კლიენტების, ისე თავისი კუთვნილი საინვესტიციო სახსრებისაგან გამიჯნულად გახსნილი პირადი ანგარიშების მოწესრიგებული ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ამ წესით განსაზღვრულ მონაცემებს;

თ) შემდეგი საფეხურის ნომინალური მფლობელი” – ნომინალური მფლობელი, რომელიც საინვესტიციო სახსრებს იღებს იმ პირისაგან, რომელიც, თავის მხრივაც, ამ სახსრების ნომინალური მფლობელია.

    მუხლი 3. ნომინალური მფლობელობის შინაარსი და ძირითადი ვალდებულებები

1.  კლიენტის საინვესტიციო სახსრების ნომინალური მფლობელობა ხორციელდება მისი ბენეფიციარი მესაკუთრის სასარგებლოდ, რისკითა და ხარჯებით და არ გულისხმობს მათზე საკუთრების ან მფლობელობის უფლების გადაცემას ნომინალური მფლობელისათვის. ნომინალური მფლობელი კლიენტის საინვესტიციო სახსრებით ოპერაციებს ახორციელებს თავისი სახელით.

2. პირველი ან შემდეგი საფეხურის ნომინალურ მფლობელობაში მყოფი საინვესტიციო სახსრების, აგრეთვე, მათზე საკუთრების უფლებიდან გამომდინარე ნივთისა და უფლების ნაყოფების (დივიდენდი, პროცენტი და ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე სხვა უფლებები) მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ პირველი რიგის ნომინალური მფლობელის ის შესაბამისი კლიენტი (ბენეფიციარი მესაკუთრე), რომლის მფლობელობა ამ სახსრებზე დასტურდება ნომინალური მფლობელ(ებ)ის მიერ წარმოებულ კლიენტის კრებსითი ანგარიშ(ებ)ში არსებული ჩანაწერებით.

3. ნომინალური მფლობელის ვალდებულებები, იმ საინვესტიციო სახსრებთან დაკავშირებით, რომელიც მის ნომინალურ მფლობელობაშია, შემდეგია:

ა) კლიენტის ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა და შენახვა მის (კლიენტის) ანგარიშზე, ხოლო საოპერაციო ფულადი სახსრებისა _ განცალკევებულ კლიენტის საბანკო ანგარიშზე და მათი განკარგვა (მათ შორის, შემდეგი საფეხურის ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა) კლიენტთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ასევე, მათ მოძრაობაზე კონტროლი;

ბ) კლიენტის კრებსითი ანგარიშიდან ამონაწერის გაცემის გზით ფასიან ქაღალდებზე შესაბამისი კლიენტის მფლობელობის უფლების დადასტურება;

გ) სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად კლიენტის საინვესტიციო სახსრების ნომინალურ მფლობელობაში გადაცემის, სავაჭრო ოპერაციების განხორციელების შედეგების, აგრეთვე, ვალდებულებებით დატვირთვის ფაქტთა რეგისტრაცია;

დ) ფასიანი ქაღალდებიდან სარგებლის (დივიდენდი, პროცენტი) კლიენტის მიერ მისაღებად კანონმდებლობითა და კლიენტთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჭირო მოქმედების განხორციელება;

ე) ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ისეთი ინფორმაციის (მაგ. აქციონერთა საერთო კრებების მოწვევის, გლობალური ოპერაციების, მინდობილობის მიღების სურვილის გაცხადების და სხვათა შესახებ) მიწოდება კლიენტისთვის, რომელიც ნომინალურ მფლობელს ემიტენტისაგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისაგან, მინდობილობის მიღების მსურველისა ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირისგან ეცნობება;

ვ) კლიენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა როგორც სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში, ისე მის შემდეგ;

ზ) სხვა იმ მოთხოვნების შესრულება, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და კლიენტთან დადებული წერილობითი ხელშეკრულებით.

4. ნომინალური მფლობელი ვალდებულია შეასრულოს კლიენტის მითითებები, ამასთან:

ა) მას მითითებებიდან გადახვევა შეუძლია, თუ გარემოებებიდან გამომდინარე შეუძლია ივარაუდოს, რომ კლიენტი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას. თუ დაყოვნება კლიენტს ზიანის საფრთხეს არ უქმნის, ნომინალურმა მფლობელმა მას მითითებებისაგან გადახვევამდე უნდა შეატყობინოს და იმოქმედოს მისი გადაწყვეტილების მიხედვით;

ბ) თუ მითითებების შესრულებამ შეიძლება კლიენტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ნომინალურ მფლობელს შეუძლია ისინი შეასრულოს მხოლოდ მაშინ, როცა კლიენტს ზიანის თაობაზე აცნობებს, ხოლო ეს უკანასკნელი თავის მითითებებს არ შეცვლის;

გ) ნომინალური მფლობელის კეთილსინდისიერების პრინციპებისათვის გამოიყენება ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები.

5. როგორც წესი, ნომინალური მფლობელის მომსახურება ანაზღაურებადია. თუ საზღაურის (გასამრჯელოს) ოდენობა ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის, მაშინ შეთანხმებულად მიიჩნევა ჩვეულებრივი (სანიხრო) გასამრჯელო.

6. ნომინალური მფლობელი შეიძლება იყოს საბროკერო კომპანია, ცენტრალური დეპოზიტარი და ბანკი. ამასთან, ბანკი შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფო სასესხო ვალდებულებების ნომინალური მფლობელი.

7. ფასიანი ქაღალდების გადაცემა ერთი ნომინალური მფლობელის კლიენტებს შორის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან არ რეგისტრირდება.

    მუხლი 4. ჩანაწერით მფლობელთა რაოდენობის ამსახველი ანგარიშები

1. პირველი საფეხურის ნომინალურმა მფლობელმა ემიტენტს, მისი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა და კომისიას ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და მოცულობით უნდა წარუდგინოს იმ ჩანაწერით მფლობელთა რაოდენობის ამსახველი ანგარიშები, რომელთა ფასიან ქაღალდებსაც იგი ნომინალურად ფლობს.

2. თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ჩანაწერით მფლობელთა მონაცემები კონფიდენციალურია.

    მუხლი 5. კლიენტის კრებსითი ანგარიში

1. ნომინალურმა მფლობელმა კლიენტის კრებსითი ანგარიში შეუძლია აწარმოოს კომპიუტერული ან ქაღალდის ფორმით, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ:

ა) მათში შეტანილი ჩანაწერები ადვილად უნდა იკითხებოდეს;

ბ) შესაძლებელი უნდა იყოს ამონაწერის გაკეთება;

გ) თითოეული კლიენტის ყოველი კლასის ფასიანი ქაღალდები განცალკევებული უნდა აღირიცხოს, ხოლო თუ ეს არ ხერხდება, მაშინ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს:

გ.ა) კლიენტის სხვადასხვა კლასის ფასიანი ქაღალდების ერთმანეთისაგან გარჩევა;

გ.ბ) კლიენტის ერთი კლასის ფასიან ქაღალდზე განხორციელებული გლობალური ოპერაციის სხვა კლასზე აუსახველობა;

გ.გ) კლიენტის თითოეული კლასის ფასიან ქაღალდზე სრული ამონაწერის გაკეთება ქაღალდის ფორმით.

დ) თითოე ლი კლიენტის საოპერაციო ფულადი სახსრები განცალკევებულად უნდა აღირიცხოს.

2. თუ კლიენტის კრებსითი ანგარიში მხოლოდ ქაღალდის ფორმით იწარმოება, ნომინალურმა მფლობელმა ყველა კლიენტისთვის ცალკე კლიენტის კრებსითი ანგარიში უნდა აწარმოოს.

3. თუ კლიენტის კრებსითი ანგარიში კომპიუტერული ფორმით იწარმოება, ნომინალურმა მფლობელმა კლიენტის კრებსითი ანგარიშის ასლი ქაღალდის ფორმითაც უნდა გააკეთოს.

4. კლიენტის კრებსითი ანგარიშის წარმოება მოიცავს:

ა) ანგარიშში ყველა ჩანაწერის ქრონოლოგიის დაცვით შეტანას და ყველა ჩანაწერისთვის თანმიმდევრული ნომრის მინიჭებას;

ბ) თითოეული კლიენტისათვის ცალკე ანგარიშის წარმოებას მასში სავაჭრო ოპერაციების შედეგების შეტანითა და ისტორიული მონაცემების შენახვით;

გ) კლიენტის საინვესტიციო სახსრების ვალდებულებებით დატვირთვის აღრიცხვას;

დ) ფასიან ქაღალდებზე დარიცხული სარგებლის (დივიდენდი, პროცენტი) აღრიცხვას, თუ კლიენტთან ხელშეკრულება ამას ითვალისწინებს;

ე) გლობალური ოპერაციების შედეგების აღრიცხვას;

ვ) კლიენტის კრებსითი ანგარიშიდან ამონაწერის გაცემას თითოეული კლიენტის თითოეული კლასის ფასიან ქაღალდებზე, აგრეთვე კრებსითი და ბრუნვითი ანგარიშების გაცემას;

ზ) თითოეული ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სიის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;

თ) სხვა მომსახურებას, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით და კლიენტთან დადებული ხელშეკრულებით.

5. ნომინალურმა მფლობელმა თითოეული კლიენტისთვის ცალკე კლიენტის კრებსითი ანგარიში უნდა გახსნას, რომელშიც მოცემული იქნება შემდეგი ინფორმაცია კლიენტის შესახებ:

ა) კლიენტის რეკვიზიტები;

ბ) კლიენტის ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, კლასი და მათი ემიტენტის რეკვიზიტები;

გ) კლიენტის საოპერაციო ფულადი სახსრების რაოდენობა;

დ) დივიდენდის, პროცენტის მიღებისას და ხმის უფლების გამოყენებისას კლიენტთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ნომინალური მფლობელის ვალდებულებანი;

ე) სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და კლიენტთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში ნებისმიერი ცვლილება კლიენტის კრებსითი ანგარიშში უნდა შევიდეს დაუყოვნებლივ, როგორც კი ნომინალური მფლობელისათვის ცნობილი გახდება ცვლილების შესახებ.

7. კლიენტის კრებსითი ანგარიშის მონაცემები კონფიდენციალურია და ის შეიძლება გაიხსნას შემდეგ შემთხვევაში:

ა) საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მოთხოვნით, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, ამასთან ნომინალურმა მფლობელმა უნდა მიუთითოს, რომ კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაცია კონფიდენციალურია;

ბ) კლიენტის მოთხოვნით;

გ) სასამართლოს მოთხოვნით;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.

    მუხლი 6. ამონაწერი კლიენტის კრებსითი ანგარიშიდან

1. ნომინალური მფლობელი კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, კლიენტის კრებსითი ანგარიშიდან ამონაწერის გაცემის გზით ადასტურებს, რომ საინვესტიციო სახსრები, რომელიც გადაეცა ნომინალურ მფლობელს ხელშეკრულების საფუძველზე, აგრეთვე საინვესტიციო სახსრები, რომლებიც ნომინალურმა მფლობელმა კლიენტის სასარგებლოდ, მისი დავალების თანახმად, სავაჭრო ოპერაციების შედეგად მიიღო, წარმოადგენს კლიენტის მფლობელობას.

2. კლიენტის კრებსითი ანგარიშიდან ამონაწერი ნომინალური მფლობელის სატიტულო ფურცელზე უნდა დაიბეჭდოს, რომელიც, სულ მცირე, შემდეგ მონაცემებს უნდა იყოს მოიცავდეს:

ა) ნომინალურ მფლობელთან დაკავშირებით: მისი საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ლიცენზიის სახე და ნომერი;

ბ) კლიენტის რეკვიზიტები;

გ) ამონაწერის გაცემის თარიღი და დრო;

დ) საინვესტიცო სახსრების შესახებ: მათი რაოდენობა, ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში, აგრეთვე – ემიტენტის საფირმო სახელწოდება (დასახელება) კლასი, ნომინალური ღირებულება, და ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი, თუ ეს უკანასკნელი მინიჭებულია;

ე) ბლოკირების არსებობა. ამასთან, მითითებულ უნდა იქნეს ბლოკირების სახე და ბლოკირებული ფასიანი ქაღალდების კლასი და რაოდენობა;

ვ) ის ფაქტი, რომ ამონაწერი ფასიანი ქაღალდი არ არის, მისი მესამე პირისათვის გადაცემა მასში აღნიშნულ ფასიან ქაღალდებზე უფლებების გადაცემას არ იწვევს და ის მხოლოდ ადასტურებს, რომ მასში დასახელებული პირი არის აღნიშნული ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელი ამონაწერის გაცემის თარიღისათვის;

ზ) ამონაწერის გამცემი ნომინალური მფლობელის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.

3. ნომინალურმა მფლობელმა კლიენტზე უნდა გასცეს შემდეგი ამონაწერი, იმის მიხედვით, რომელს მოითხოვს კლიენტი:

ა) ამონაწერი ცალკეული კლას(ებ)ის ფასიან ქაღალდებზე;

ბ) კრებსითი ამონაწერი, რომელშიც შევა სრული ინფორმაცია კლიენტის საინვესტიციო სახსრებზე;

გ) ბრუნვითი ამონაწერი, რომელშიც შევა ინფორმაცია კლიენტის ანგარიშებზე არსებული საინვესტიციო სახსრების მოძრაობის შესახებ.

4. თუ კლიენტთან სხვა ვადა არ არის შეთანხმებული, ნომინალურმა მფლობელმა კლიენტის კრებსითი ანგარიშიდან ამონაწერი უნდა გასცეს კლიენტის მიერ ამონაწერის მოთხოვნიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 7. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელების სიის მიწოდება

1. პირველი საფეხურის ნომინალურმა მფლობელმა უნდა შეადგინოს და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, აქციონერთა საერთო კრების მოწვევის ორგანიზების მიზნით, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმით და ვადებში უნდა წარუდგინოს კლიენტის კრებსითი ანგარიშში რეგისტრირებულ მფლობელთა სია.

2. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, სია უნდა შეიცავდეს ფასიანი ქაღალდების ყოველი რეგისტრირებული მფლობელის შესახებ შემდეგ მონაცემებს:

ა) რეკვიზიტებს;

ბ) მფლობელობაში არსებული შესაბამისი ემიტენტის ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების რაოდენობას.

3. თუ ნომინალურ მფლობელს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება გააჩნია, მაშინ მან სიაში შესაბამისი კლიენტ(ებ)ის მონაცემების ნაცვლად საკუთარი უნდა მიუთითოს.

    მუხლი 8. კლიენტისაგან უფლებამოსილი ნომინალური მფლობელი

1. ნომინალური მფლობელი ჩაითვლება მინდობილობის მქონედ თუ იგი კლიენტისაგან უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

ა) კლიენტის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად, წარმოადგენს კლიენტს, ესწრება აქციონერთა საერთო კრებებს და კლიენტის მფლობელობაში არსებული აქციების შესაბამისი ხმებით მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღებაში;

ბ) იღებს დივიდენდებს, პროცენტებს და განათავსებს მათ კლიენტის საოპერაციო ფულადი სახსრების ანგარიშზე.

2. თუ კლიენტმა ნომინალურ მფლობელს წინასწარი დავალება არ მისცა მინდობილობის (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრების) ერთ ან რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მაშინ მინდობილი უფლებამოსილების განხორციელებისას ნომინალურმა მფლობელმა უნდა იმოქმედოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი მოქმედება საუკეთესოა კლიენტის კანონიერი ინტერესებისათვის, და იჩენდეს ისეთ გულისხმიერებას, როგორსაც იგი საკუთარი საქმეების მიმართ გამოიჩენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია აანაზღაუროს ამ მოქმედებით გამოწვეული ზიანი.

3. თუ ნომინალური მფლობელი აქციონერთა საერთო კრებაზე რამდენიმე კლიენტს წარმოადგენს, მაშინ ხმის მიცემისას იგი თითოეულ მარწმუნებელ კლიენტს ცალ-ცალკე წარმოადგენს. იგივე წესი მოქმედებს, თუ ნომინალურ მფლობელს ფასიანი ქაღალდები თავის მფლობელობაშიც გააჩნია.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მინდობილობა გაფორმებული უნდა იყოს წერილობით. თუ მინდობილობა ნომინალური მფლობელობის ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობაა, მაშინ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ხელშეკრულების დანარჩენი პირობების კონფიდენციალობის დაცვა.

5. მინდობილობის მქონე ნომინალურ მფლობელს უფლება არ აქვს კლიენტის თანხმობის გარეშე:

ა) მესამე პირს გადასცეს მინდობილობა;

ბ) შეთანხმებული საზღაურის (გასამრჯელო) გარდა, საკუთრივ მიიღოს სარგებელი მინდობილი უფლებამოსილებებიდან, მათ შორის, პირდაპირ ან არაპირდაპირ საკუთარ თავთან დადოს გარიგება.

    მუხლი 9. მინდობილობის მიღების უზრუნველყოფა

თუ ნომინალური მფლობელი დადგენილი წესით მიიღებს შეტყობინებას, რომ პირი ან პირთა ჯგუფი დაინტერესებულია რომელიმე კლასის ფასიან ქაღალდებზე მინდობილობის მიღებით, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს კლიენტს და იმოქმედოს მისი მითითებებისა და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 10. გლობალური ოპერაციები

1. ემიტენტის მიერ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელის ინიციატივით, გლობალური ოპერაციის (ფასიანი ქაღალდების შერწყმა, დანაწევრება ან კონვერსია) განხორციელების შემთხვევაში ნომინალური მფლობელი ვალდებულია ოპერაციის შედეგები მათი ემიტენტისა ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისაგან ოფიციალურად მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში შეიტანოს შესაბამის კლიენტის კრებსითი ანგარიშ(ებ)ში და ამის თაობაზე ამავე ვადაში აცნობოს კლიენტს, თუ კლიენტთან დადებული ხელშეკრულებით სხვაგარად არ არის გათვალისწინებული. ნომინალურმა მფლობელმა უნდა იზრუნოს, რომ ოპერაციის შედეგების თაობაზე ცნობები მოიპოვოს.

2. თუ საქართველოს კანონმდებლობით, ემიტენტის წესდებით ან/და შესაბამისი ემისიის პროსპექტით განსაზღვრულ შემთხვევებში ფასიანი ქაღალდების ბენეფიციარ მესაკუთრე კლიენტს კონვერსიის განხორციელება სურს, მან უნდა მიმართოს პირველი საფეხურის ნომინალურ მფლობელს, რომელიც ვალდებულია (თუ საჭიროა, შემდეგი საფეხურის ნომინალური მ ლობელ(ებ)ის მეშვეობით) უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.