კალინკა გედენიძე, თამარ გელიაშვილი, დაიანა დარციმელია, ირაკლი ჭელიძე და სალომე რთველიაშვილი საქართველოს მთავრობის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ

კალინკა გედენიძე, თამარ გელიაშვილი, დაიანა დარციმელია, ირაკლი ჭელიძე და სალომე რთველიაშვილი საქართველოს მთავრობის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/7/1657
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 20/05/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016699
1/7/1657
20/05/2022
ვებგვერდი, 31/05/2022
000000000.00.000.016699
კალინკა გედენიძე, თამარ გელიაშვილი, დაიანა დარციმელია, ირაკლი ჭელიძე და სალომე რთველიაშვილი საქართველოს მთავრობის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი

სხდომის განჩინება №1/7/1657

2022 წლის 20 მაისი

ქ. ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: კალინკა გედენიძე, თამარ გელიაშვილი, დაიანა დარციმელია, ირაკლი ჭელიძე და სალომე რთველიაშვილი საქართველოს მთავრობის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-3 მუხლის 23 პუნქტის (2022 წლის 28 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია), „2021-2022 სასწავლო წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 სექტემბრის №849376 ბრძანების მე-2 პუნქტისა (2021 წლის 14 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) და „„2021-2022 სასწავლო წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 სექტემბრის №849376 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 14 სექტემბრის №916013 ბრძანების პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

  I

აღწერილობითი ნაწილი

1.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1657) მომართეს კალინკა გედენიძემ, თამარ გელიაშვილმა, დაიანა დარციმელიამ, ირაკლი ჭელიძემ და სალომე რთველიაშვილმა . №1657 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 5 ნოემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 20 მაისს.

2. №1657 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე, 311, 313 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. გასაჩივრებული ნორმები უშვებს კლინიკური სწავლების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელების შესაძლებლობას ჯანდაცვის მიმართულების იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს პაციენტთან კონტაქტს. აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პერსონალი და სტუდენტი სრულად ვაქცინირებულია, უზრუნველყოფს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ ან ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი. ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 14 სექტემბრის №916013 ბრძანების პირველი პუნქტი ასეთ შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ სრულად ვაქცინირებული სტუდენტებისა და პერსონალის მონაწილეობით.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას, ხოლო 27-ე მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილია განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის არავაქცინირებულ სტუდენტებს ართმევს შესაძლებლობას, სასწავლო პროგრამის პრაქტიკულ/კლინიკურ/ლაბორატორიულ კომპონენტებს დაესწრონ არადისტანციურ რეჟიმში, რაც მათ სრულფასოვანი განათლების მიღებაში ხელს უშლის. შესაბამისად, დიფერენცირება ხორციელდება ვაქცინაციის ნიშნით. მოსარჩელე მხარის მითითებით, შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენცია, თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ ვაქცინაცია სრულად ვერ გამორიცხავს ვირუსის გავრცელებას, განსაკუთრებით ახალ შტამებთან მიმართებით. ამდენად, შეზღუდვა ვერ უზრუნველყოფს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.

6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება იქნებოდა ყველა სტუდენტის სასწავლო პროცესში არადისტანციური ფორმით მონაწილეობა, თუკი მათ მოეთხოვებოდათ სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება. იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაცია სრულად ვერ გამორიცხავს ვირუსის გავრცელებას, იმავე ეფექტის მიღწევა შესაძლებელია ხსენებული ზომების გამოყენების შემთხვევაშიც. ამასთანავე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო რეგულირება არაპროპორციულად ზღუდავს მოსარჩელეთა უფლებას, კერძოდ, იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა ახალგაზრდაა და, შესაბამისად, ნაკლებია ახალი კორონავირუსის მიერ მათი ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების რისკი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტთა უმრავლესობა ვაქცინირებულია, უმნიშვნელოა ის საფრთხე, რომელიც შესაძლოა სტუდენტების არადისტანციურ რეჟიმში სწავლამ გამოიწვიოს. მეორე მხრივ კი, სადავო შეზღუდვა მნიშვნელოვნად ართულებს სტუდენტების მიერ განათლების მიღების შესაძლებლობას და უარყოფითად მოქმედებს მათ სამომავლო პროფესიულ მიზნებზე.

7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე არ გამოკვლეულა მისი გვერდითი ეფექტები, იგი კვლავაც სატესტო რეჟიმშია და, შესაბამისად, წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, რასაც ფაქტობრივი შემთხვევებიც ადასტურებს. ამდენად, გაუმართლებელია ადამიანის უფლებების შეზღუდვა ვაქცინაციაზე უარის თქმის საფუძვლით.

8. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გარდა სადავო რეგულირების დისკრიმინაციული ბუნებისა, იგი ასევე ზღუდავს განათლების მიღების კონსტიტუციურ უფლებას, რადგან სტუდენტებს არ აძლევს სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობას. ამასთან, ზემოაღნიშნული არგუმენტაცია ცხადყოფს, რომ სადავო შეზღუდვა ვერ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, რაც განაპირობებს სადავო რეგულირების წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

9.  მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების მოქმედება შეიცავს საფრთხეს, რომ მოსარჩელეებს მნიშვნელოვნად შეეზღუდოთ სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობა და მიადგეთ გამოუსწორებელი ზიანი.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1657 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი ნორმები, რომელთა საფუძველზეც, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მინიჭებული აქვთ უფლება, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტები სრულად ვაქცინირებული სტუდენტებისათვის ჩაატარონ არადისტანციურ რეჟიმში. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არავაქცინირებულ სტუდენტებს ასევე არადისტანციურ რეჟიმში უნდა შეეძლოთ აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მიღება. მათი პოზიციით, ასეთ შესაძლებლობას სწორედ სადავო ნორმები გამორიცხავს.

3. აღსანიშნავია, რომ სადავო რეგულირების შინაარსი ამოიწურება ვაქცინირებული სტუდენტებისათვის კონკრეტული ტიპის საგანმანათლებლო აქტივობაში არადისტანციურად მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის მინიჭებით. აღნიშნული ნორმა არ შეეხება არავაქცინირებულ სტუდენტებს, მით უმეტეს, არ შეიცავს რაიმე შეზღუდვას მათ მიერ საგანმანათლებლო პროცესში ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული სადავო წესი წარმოადგენს გამონაკლისს ზოგადი წესიდან, იგი აღმჭურველი ხასიათისაა და მიზნად ისახავს ვაქცინირებული სტუდენტებისათვის არადისტანციურ რეჟიმში განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა მომდინარეობს იმ ნორმებიდან, რომელთა საფუძველზეც განსაზღვრულია ზოგადი შემზღუდველი წესი სასწავლო პროცესის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში განხორციელებასთან დაკავშირებით.

4.  გარდა იმისა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია შემხებლობაში არ არის სადავო ნორმასთან, №1657 კონსტიტუციური სარჩელი ვერ პასუხობს დასაბუთებულობის ზოგად მოთხოვნებს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ კონკრეტულ სასწავლო აქტივობებში არადისტანციურად მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებისათვის ვაქცინაციის მოთხოვნის დაწესება არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ, აუცილებელ და პროპორციულ საშულებას.

5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ვაქცინაცია სრულად ვერ გამორიცხავს ვაქცინირებული პირის მიერ ვირუსის გავრცელებას და იმავე შედეგის მიღწევა შესაძლებელია პირბადის გამოყენებითა და სოციალური დისტანციის დაცვით. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა არ განისაზღვრება იმისდა მიხედვით, იგი აბსოლუტურად გამორიცხავს თუ არა ვირუსის გავრცელებას. იგი მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსის გავრცელებას და, რაც ყველაზე მთავარია, შეუცვლელ როლს თამაშობს ვირუსით ინფიცირებისას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შექმნილი საფრთხის განეიტრალებაში. შესაბამისად, ვაქცინაცია ემსახურება არა მხოლოდ ვირუსის გავრცელების პრევენციას, არამედ ეფექტიანად ასრულებს მის უმთავრეს დანიშნულებას ვირუსით ინფიცირებისას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, რასაც ვერ უზრუნველყოფს პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა და მსგავსი პრევენციული ღონისძიებები, რომელთა ფუნქცია შემოიფარგლება მხოლოდ ვირუსის გავრცელების პრევენციით და გავლენა ვერ ექნება ინფიცირების შემთხვევაში ადამიანების ჯანმრთელობის დაცვაზე. ამდენად, საფუძველს მოკლებულია მტკიცება, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ვაქცინაციის როლი შეიძლება ჩაანაცვლოს სხვაგვარმა ღონისძიებებმა.

6. მოსარჩელე მხარე ასევე განმარტავს, რომ სტუდენტების უმრავლესობა ახალგაზრდა და ვაქცინირებულია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ არადისტანციურ რეჟიმში სასწავლო აქტივობებში მონაწილეობა ნაკლებად საფრთხის შემცველია. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სრულიად გაუმართლებელია სხვა ადამიანების ვაქცინაციის შედეგად შექმნილ უსაფრთხო გარემოზე აპელირებით მასში არადისტანციურად მონაწილეობის მიღების მოთხოვნა იმ პირობებში, როდესაც თავად მოსარჩელეები უარს აცხადებენ ვაქცინაციაზე და, შესაბამისად, ამგვარი უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილის შეტანაზე. აღნიშნულ არგუმენტზე დაყრდნობით, მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილება მთლიანად დაუკარგავდა აზრს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად მიმართულ ღონისძიებებს.

7. ამასთანავე, თავისთავად ცხადი მოცემულობაა, რომ სადავო ნორმის მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ სასწავლო პროცესში მონაწილე პირების ჯანმრთელობის დაცვა, არამედ უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სხვა უამრავი ადამიანისათვის, რომელთაც შემხებლობა აქვთ აღნიშნულ პირებთან. გარდა ამისა, მას ასევე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ვაქცინაციის პროცესის წახალისების მხრივ, რაც სასიცოცხლო როლს თამაშობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაში. ამრიგად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მხრიდან იმ არგუმენტზე აპელირება, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში არსებული უსაფრთხო გარემო უმნიშვნელო საფრთხის შემცველია ადამიანების ჯანმრთელობისათვის.

8. მოსარჩელე მხარე ასევე ამტკიცებს, რომ ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე არ გამოკვლეულა მისი გვერდითი ეფექტები, იგი კვლავაც სატესტო რეჟიმშია და, შესაბამისად, წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ამასთან, ვაქცინა არ წარმოადგენს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან საშუალებას. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა განიმარტოს, რომ მოსარჩელე მხარე ეყრდნობა უსაფუძვლო და მეცნიერების საწინააღმდეგო მტკიცებებს ვაქცინის მიერ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შექმნილი საფრთხის დასაბუთებისას. ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად წარმოებული ვაქცინები ავტორიზებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სამედიცინო სფეროში მოქმედი სხვა ავტორიტეტული ორგანოების მიერ. ამასთანავე, ვაქცინისათვის ავტორიზაციის მინიჭებას და მის გამოყენებაზე რეკომენდაციის გაცემას საფუძვლად უდევს გრძელვადიანი, დეტალიზებული და კომპლექსური პროცედურა, რომლის საფუძველზეც, მაქსიმალურად გამოირიცხება ვაქცინის უარყოფითი შედეგები ადამიანის ჯანმრთელობაზე, ფასდება ყველა რისკი, მისი ეფექტიანობის ხარისხი და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა მისი გამოყენების ნებართვა. ამასთან, ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ფასდება მუდმივად, მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომაც. ინფორმაცია განუწყვეტლივ მუშავდება ყველა იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ვაქცინის პრაქტიკაში გამოყენებამ გამოიწვია რაიმე სახის უარყოფითი შედეგი ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამდენად, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ ვაქცინის გვერდითი ეფექტების სრულფასოვნად გამოკვლევის გარეშე დაიწყო მისი სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება.

9. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გვერდითი ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს უამრავი სამედიცინო საშუალების მოხმარებისას, რასაც შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობა ესაჭიროება. ფაქტობრივი მოცემულობა ცხადყოფს, რომ უკიდურესად დაბალია ისეთი შემთხვევების რაოდენობა, როდესაც ვაქცინაციამ საფრთხე შეუქმნა ადამიანის ჯანმრთელობას. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, ასეთ იშვიათ შემთხვევაში გამოვლენილი გვერდითი ეფექტების განეიტრალებაც შესაძლებელია შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტიანობის ეჭვქვეშ დაყენებას, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარე თავადვე მიუთითებს ვაქცინაციის შედეგად საუნივერსიტეტო სივრცეში შექმნილ უსაფრთხო გარემოზე, შესაბამისად, იგი თავადვე აღიარებს ვაქცინაციის მნიშვნელობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნებისთვის.

10.  ამდენად, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებები ემყარება არასწორ ფაქტობრივ გარემოებებს. სადავო ნორმების საფუძველზე დაწესებული შეზღუდვა ემსახურება უმნიშვნელოვანეს მიზნებს უზრუნველყოფს ადამიანების უსაფრთხო გარემოში თანაცხოვრებას და საზოგადოების წევრებს აძლევს სტიმულს, საკუთარი წვლილი შეიტანონ უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებაში. ამ კუთხით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების როლი კი განსაკუთრებით საგულისხმოა.

11.  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ №1657 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია, მასში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც მის არსებითად განსახილველად მიღებას განაპირობებდა და სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

 

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1657 კონსტიტუციური სარჩელი („კალინკა გედენიძე, თამარ გელიაშვილი, დაიანა დარციმელია, ირაკლი ჭელიძე და სალომე რთველიაშვილი საქართველოს მთავრობის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

   3.  განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე