საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 266
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 310010010.10.003.023477
266
24/05/2022
ვებგვერდი, 27/05/2022
310010010.10.003.023477
საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №266

2022 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

 

საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2020 წლის 23 ივნისის №6355-IIს საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 43​4 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების  წესისა და პირობების და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესი“.  
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების  წესისა და პირობების და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესი

მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო

1. „საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების  წესისა და პირობების და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის“ (შემდგომში − წესი) მიზანია საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების პირობებისა და მისი გაფორმების წესის დადგენა და ასევე საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების გაწევის სანაცვლოდ სარკინიგზო ოპერატორისთვის კომპეტენტური ორგანოს მიერ გადასახდელი კომპენსაციის განსაზღვრის წესის ჩამოყალიბება.

2. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების მიზანია, სახელმწიფოს მხრიდან საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ისეთ მიმართულებებზე, რომლებზეც მომსახურების გამწევს/სარკინიგზო ოპერატორს არ გააჩნია კომერციული ინტერესი, სარკინიგზო სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის მომსახურების უზრუნველყოფა რეგულარულად,  არადისკრიმინაციულად, ხარისხიანად და შეძლებისდაგვარად დაბალი ფასით, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, ცალკეული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

3. ამ წესის საფუძველზე, კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია, სარკინიგზო ოპერატორთან გააფორმოს საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, სარკინიგზო ოპერატორს დაეკისრება საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულება, რის სანაცვლოდაც მიიღებს საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციას კომპეტენტური ორგანოსგან.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ინტეგრირებული ბილეთი − დოკუმენტი, რომლის  მფლობელს უფლება აქვს, მიიღოს გადაყვანის მომსახურება გარკვეული დროის მონაკვეთში, როგორც ერთი სახეობის (სარკინიგზო ტრანსპორტი), ისე სხვა სახის ტრანსპორტით  (მეტრო, ავტობუსი და სხვ.), რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ერთიანი საინფორმაციო სისტემით, ბილეთის  ყიდვა-გაყიდვითა და განრიგით;

ბ) ინტერმოდალური სამგზავრო სატრანსპორტო მომსახურება − ინტეგრირებული ბილეთის საფუძველზე სხვადასხვა სახის სატრანსპორტო ოპერატორისაგან მიღებული გადაყვანის მომსახურება, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ერთიანი საინფორმაციო სისტემით, ბილეთის  ყიდვა-გაყიდვითა და განრიგით.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს სარკინიგზო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების ძირითადი პრინციპები

საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების ძირითადი პრინციპებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო კომერციულ პრაქტიკაში მიღებული ჩვეულებებისა და სტანდარტების დაცვა;

ბ) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა;

გ) მომსახურების ხარისხის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;

დ) სოციალური პასუხისმგებლობა და მომსახურების დაბალი ფასების უზრუნველყოფა;

ე) მგზავრთა უფლებების დაცვა;

ვ) მგზავრთა და თანამშრომელთა უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

ზ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინება;

თ) გარემოს დაცვა;

ი) დისკრიმინაციის დაუშვებლობა;

კ) ფინანსური გამჭვირვალობა და ანგარიშგება.

მუხლი 4. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესი და პირობები

1. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება, გაფორმდეს კონკურენტული შერჩევის პროცედურის შესაბამისად ან პირდაპირი მინიჭების საფუძველზე, ამ მუხლითა და საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. კონკურენტული შერჩევის პროცედურა ყველა დაინტერესებული პირისთვის ღია, სამართლიანი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული უნდა იყოს. შესაძლებელია, კონკურენტული შერჩევის პროცედურა შესაბამისი წინადადებების მიღებისა და წინასწარი შერჩევის შემდეგ, კანდიდატების მიერ კონკურენტული შერჩევის პროცედურის მოთხოვნების არსში უკეთ გარკვევისა და მისი დაზუსტების მიზნით, ითვალისწინებდეს მათთან მოლაპარაკებების გამართვას. კონკურენტული შერჩევის პროცედურასა და მისი განხორციელების წესს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3. იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტური ორგანო მოითხოვს შესაბამის ხარისხის სტანდარტ(ებ)თან შესაბამისობას, რომელიც უნდა უზრუნველყოს სარკინიგზო ოპერატორმა, აღნიშნული განსაზღვრული უნდა იყოს როგორც საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებით, ასევე ამ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით გამოცხადებული კონკურენტული შერჩევის პროცედურის დოკუმენტაციით.

4. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით გამოცხადებული კონკურენტული შერჩევის პროცედურის დოკუმენტაცია მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს, უფლებამოსილია თუ არა სარკინიგზო ოპერატორი, გააფორმოს ხელშეკრულება საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების მესამე პირის მიერ შესრულების მიზნით. სარკინიგზო ოპერატორი ვალდებულია, საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების არსებითი ნაწილი თავად განახორციელოს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ასევე მოიცავს საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების შესასრულებლად აუცილებელ საპროექტო, სამშენებლო და საოპერაციო საქმიანობას, სარკინიგზო ოპერატორი უფლებამოსილია, აღნიშნული განახორციელოს მესამე პირის მეშვეობით. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა განსაზღვრავდეს იმ პირობებსა და წესებს, რომლებიც გამოიყენება მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით.

5. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების შესრულებისას სარკინიგზო ოპერატორმა უნდა შეასრულოს შრომითი სამართლის სფეროში მოქმედი ვალდებულებები, რომლებიც დადგენილია ეროვნული კანონმდებლობით.

მუხლი 5. ბილეთის ტარიფის დადგენის პროცედურა და მგზავრთა ცალკეული ჯგუფებისათვის დადგენილი შეღავათები

1. სარკინიგზო ოპერატორი, დამოუკიდებლად ან კომპეტენტური ორგანოს დავალების საფუძველზე, ადგენს ბილეთის სატარიფო სტრუქტურისა და  ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი ტარიფის  ცვლილების პროექტებს და შესაბამისი დასაბუთებით დასამტკიცებლად წარუდგენს კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია, დაეთანხმოს ან ცვლილებები შეიტანოს მასში და დაამტკიცოს წარდგენიდან არაუგვიანეს    1 (ერთი) თვისა.

2. სარკინიგზო ოპერატორი უფლებამოსილია, ბილეთის გაყიდვის უფლებამოსილება მიანიჭოს მესამე პირებს, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, გარკვეული საფასურის გადახდის პირობით.

3. ბილეთის რეალიზაციიდან მიღებული ნებისმიერი ფორმით მიღებული  შემოსავალი უნდა აღირიცხოს ელექტრონულად, შესაბამისი პროგრამის საშუალებით და წარედგინოს კომპეტენტურ ორგანოს საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

4. სარკინიგზო ოპერატორი უფლებამოსილია, დანერგოს ინტეგრირებული ბილეთი და მგზავრს შესთავაზოს ინტერმოდალური სამგზავრო სატრანსპორტო მომსახურება. სარკინიგზო ოპერატორი უფლებამოსილია, პრაქტიკაში დანერგოს ინტეგრირებული ბილეთის გამოყენება ინტერმოდალური სამგზავრო სატრანსპორტო მომსახურების შეთავაზების  გარეშე, რაც მგზავრს საშუალებას მისცემს,  ერთი სატრანსპორტო დოკუმენტის საშუალებით გადაადგილდეს სხვადასხვა სარკინიგზო ტრანსპორტით მისთვის სასურველ  მარშრუტზე. ინტეგრირებული ბილეთის ან/და ინტერმოდალური სამგზავრო სატრანსპორტო მომსახურების შეთავაზება, რომელიც იწვევს ცვლილებას კომპენსაციაში, წინასწარ უნდა შეთანხმდეს  კომპეტენტურ ორგანოსთან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული არ იწვევს კომპენსაციის ოდენობის ცვლილებას, ამგვარი ბილეთის დანერგვა/გაყიდვა არ საჭიროებს კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებას.  ინტეგრირებული ბილეთის ტარიფები, ტარიფის ცვლილების შემთხვევაში,  უნდა შეთანხმდეს კომპეტენტურ ორგანოსთან, საერთო წესის მიხედვით.

5. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებით რეგულირდება გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საშეღავათო ტარიფით მგზავრობის საკითხები. სარკინიგზო ოპერატორი ვალდებულია, კომპეტენტურ ორგანოსთან წინასწარ შეათანხმოს საფასურის გადახდის გარეშე ან შეღავათიანი ფასით სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობის უფლების მინიჭების საკითხები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. შეღავათიანი ფასით ან საფასურის გადახდის გარეშე მგზავრობის კომპენსირება სარკინიგზო ოპერატორისათვის ხორციელდება სარკინიგზო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 6. სარკინიგზო ოპერატორის ანგარიშვალდებულება და კონტროლი

სარკინიგზო ოპერატორი ვალდებულია, აწარმოოს საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების ფარგლებში არსებული სამგზავრო ტრანსპორტის ძირითადი სტატისტიკის დოკუმენტაცია, წარადგინოს შემოსავლების დეტალიზებული სია და საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით წარუდგინოს ანგარიში კომპეტენტურ ორგანოს. აღნიშნული მონაცემებია:

 

ძირითადი მონაცემი

საჭირო ინფორმაცია

ანგარიშგების სიხშირე

მგზავრთა კვლევა

მიმართულება, დრო და ადგილმდებარეობა. მგზავრის ასაკი, სქესი, კმაყოფილების დონე, მომსახურების ხარისხი. სფერო, რომელიც საჭიროებს გაუმჯობესებას

საზოგადოებრივი მომსახურების  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში

მგზავრთა რაოდენობა (ქრონომეტრაჟი)

 მიმართულება, დრო (მატარებლის გასვლის დრო), ადგილმდებარეობა (გასვლის და/ან ჩასვლის სადგური), მგზავრების რაოდენობა მინ. თითოეული ხაზი (მიმართულება)

საზოგადოებრივი მომსახურების  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში

ძირითადი სტატისტიკა

სამგზავრო ტრანსპორტი ხაზებზე/ქსელებზე (ზონა), მგზავრების რაოდენობა, მგზავრ-კილომეტრი, მგზავრ-კილომეტრი ადგილების ტევადობის (მოცულობის) მიხედვით,  ფაქტობრივი (გამომუშავებული) მატარებელ-კილომეტრი, სარკინიგზო ხაზით მოსარგებლისთვის დადგენილი საფასური, მოძრავი შემადგენლობის ეფექტიანობა (გამოყენების ეფექტიანობა), მგზავრთა  გადაყვანის  საშუალო სიშორე, ვაგონთა  გარბენა (ვაგონ.კმ), ბრუტო.ტონა/კმ რეალიზაციისთვის მიწოდებული ადგილების  რაოდენობა (ფორმირებული ადგილების რაოდენობა) და  რეალიზებული ადგილების  რაოდენობა  (დატვირთულობის მაჩვენებელი)

საზოგადოებრივი მომსახურების  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში

პროგნოზირებულ მონაცემთა შესრულების შედარება

ფაქტობრივი ხარჯებისა და შემოსავლების შეფასება პროგნოზირებულ მონაცემებთან მიმართებით

საზოგადოებრივი მომსახურების  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში

საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის ანგარიში

მიღებული დაფინანსების დეტალური ჩამონათვალი, რომელიც მიღებულია საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულების მიზნებისათვის

საზოგადოებრივი მომსახურების  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში

ბონუსისა/მალუსისა და ჯარიმების ანგარიში

მგზავრთნაკადის ზრდის მეთოდოლოგია ბონუსისა/მალუსისა და ჯარიმების კალკულაცია

საზოგადოებრივი მომსახურების  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში

მოძრავი შემადგენლობის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული მომსახურების ანგარიში

დასუფთავებასა და  მოვლა-შენახვასთან დაკავშირებით   ჩატარებული სამუშაოები

საზოგადოებრივი მომსახურების  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში

ანგარიში განრიგის დარღვევისა (პუნქტუალობისა) და გამოსასწორებელი ზომების შესახებ

მატარებლების მოძრაობის სიზუსტე (პუნქტუალობა), თითოეული მატარებლის მოძრაობის სიზუსტე (პუნქტუალობა),  მატარებლების გაუქმების ყველა ფაქტი, მატარებლების ნაწილობრივი გაუქმების ყველა ფაქტი; თითოეულ მათგანს უნდა ახლდეს შესაბამისი განმარტებითი განცხადებები და გამომწვევი მიზეზის განსაზღვრება (ინფრასტრუქტურის მენეჯერი, კერძო ოპერატორი, ფორს-მაჟორი) და გატარებული ღონისძიებები

საზოგადოებრივი მომსახურების  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში

ანგარიში

ფორს-მაჟორის შესახებ

დეტალური ინფორმაცია ასეთი შემთხვევების ხასიათისა და მათგან მოსალოდნელი შედეგების შესახებ 

საზოგადოებრივი მომსახურების  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.

 

მუხლი  7. კომპენსაცია და მისი დაანგარიშების წესი

1. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი კომპენსაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირობებს.

2. კომპენსაციის გაცემა უნდა განხორციელდეს ყოველწლიურად და მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წმინდა ფინანსური ეფექტის შესაბამის ოდენობას, რომელიც, თავის მხრივ, არის ეკვივალენტი საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული სარკინიგზო ოპერატორის ხარჯებისა და შემოსავლის საერთო პოზიტიური ან ნეგატიური ეფექტებისა.

3. წმინდა ფინანსური ეფექტი უტოლდება:

● საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულებასთან ან ვალდებულებათა ერთობლიობასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯს;

● გამოკლებული მიმდინარე ხელშეკრულების შესრულებიდან წარმოქმნილი ნებისმიერი პოზიტიური ფინანსური ეფექტი;

● გამოკლებული ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები ან ნებისმიერი სხვა შემოსავალი,  რომელიც მიღებულ იქნა საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულებების შესრულებისას;

● დამატებული  გონივრული მოგება.

(წმინდა ფინანსური ეფექტი = სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისთვის გაწეული ხარჯი − პოზიტიური ფინანსური ეფექტი − ბილეთებიდან და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავალი + გონივრული მოგება).

4. კომპენსაციის გადამეტებით ან ნაკლებობით გადახდის თავიდან აცილების მიზნით, წმინდა ფინანსური ეფექტის დაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს რაოდენობრივი ფინანსური ეფექტი (პოზიტიური ან ნეგატიური) − საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების კონკრეტული მარშრუტების მიხედვით. 

5. ხარჯები და შემოსავლები დაანგარიშებული უნდა იქნეს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

6. გამჭვირვალობის გაზრდისა და ჯვარედინი სუბსიდირების თავიდან არიდების მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ სარკინიგზო ოპერატორი ახორციელებს არა მხოლოდ საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, არამედ ეწევა სხვა საქმიანობასაც, აღნიშნული საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ანგარიშები განცალკევებული უნდა იქნეს შემდეგი პირობების დაცვით:

ა) საოპერაციო ანგარიშები, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქმიანობასთან, ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი და გამოყენებული აქტივებისა და ფიქსირებული ხარჯების შესაბამისი პროპორცია განსაზღვრული უნდა იქნეს მოქმედი საბუღალტრო და საგადასახადო წესების შესაბამისად;

ბ) სარკინიგზო ოპერატორის ნებისმიერ სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ცვლადი ხარჯი, ფიქსირებულ ხარჯებში სათანადო კონტრიბუცია და გონივრული მოგება არ უნდა იქნეს დაკისრებული საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში; და

გ) საზოგადოებრივი მომსახურების ხარჯები უნდა იყოს დაბალანსებული საოპერაციო შემოსავლებითა და კომპენსაციით, იმის შესაძლებლობის გარეშე, რომ შემოსავლები გადაეცეს სარკინიგზო ოპერატორის საქმიანობის სხვა სექტორს. 

7. კომპენსაციის მეთოდი უნდა უზრუნველყოფდეს სარკინიგზო ოპერატორის მიერ ეფექტიანი მართვისა (რომელიც შესაძლოა, ექვემდებარებოდეს კომპეტენტური ორგანოს მხრიდან ობიექტურ შეფასებას) და მაღალი სტანდარტით მგზავრთა სარკინიგზო გადაყვანის მომსახურების შენარჩუნებას ან განვითარებას.

8. კომპენსაციის დათვლის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენტური ორგანოს ან ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, სარკინიგზო ოპერატორი ვალდებულია, მოთხოვნილი ფორმით წარადგინოს ფინანსური აუდიტის დასკვნა.

მუხლი 8. მოძრავი შემადგენლობა

1. კონკურენტული შერჩევის პროცედურის დაწყებამდე, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეაფასოს გამოსაყენებელი ღონისძიებების საჭიროება შესაბამის მოძრავ შემადგენლობაზე ეფექტიანი და არადისკრიმინაციული წვდომის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეფასების მიზნებისათვის, გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამის ბაზარზე მოძრავი შემადგენლობის სარგებლობაში გადაცემის, მათ შორის, საიჯარო ან სალიზინგო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. აღნიშნული შეფასება უნდა გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი მისი გამოქვეყნების გზით.

2. სათანადო მოძრავ შემადგენლობაზე ეფექტიანი და არადისკრიმინაციული წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე:

ა) ხელშეკრულების განხორციელების მიზნით, კომპეტენტური ორგანოს მიერ მოძრავი შემადგენლობის შეძენა, რის შემდეგაც მოძრავი შემადგენლობა შესაძლოა, ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისთვის საბაზრო ღირებულების გადახდის სანაცვლოდ ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაციის ფარგლებში;

ბ) ხელშეკრულების განხორციელების მიზნით, კომპეტენტური ორგანოს მიერ გარანტიის გაცემა, რომელიც უზრუნველყოფს მოძრავი შემადგენლობის დაფინანსებას;

გ) ხელშეკრულებაში კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცხადებული თანხმობა, რომ საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების ვადის გასვლისას ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული პირობებით, საბაზრო ღირებულების გადახდის სანაცვლოდ, გამოისყიდის მოძრავ შემადგენლობას.

3.  იმ შემთხვევაში, თუ მოძრავი შემადგენლობა ხელმისაწვდომი გახდება სხვა  სარკინიგზო ოპერატორისთვის, კომპეტენტურმა ორგანომ ახალ სარკინიგზო ოპერატორს უნდა წარუდგინოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია მოძრავი შემადგენლობის მოვლა-შენახვის ხარჯებისა და მისი ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.

მუხლი 9. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადა

1. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 წელს.

2. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხელშეკრულების მოქმედების ვადა შესაძლოა, გახანგრძლივდეს არაუმეტეს მოქმედების ვადის ნახევარი ვადით, შემდეგ შემთხვევებში:

ა) აუცილებლობისას, თუ სარკინიგზო ოპერატორი საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესასრულებლად იყენებს ისეთ აქტივს, რომელსაც ასეთი მომსახურების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ სხვა აქტივებთან შედარებით განსაკუთრებული დატვირთვა აქვს;

ბ) თუ კონკრეტული გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე ხარჯები ამართლებს საზოგადოებრივი  მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ლიმიტირებული 15-წლიანი ვადის გაგრძელებას.

3. იმ შემთხვევაში, თუ ეს გამართლებულია იმ კაპიტალის ამორტიზაციით, რომელიც დაკავშირებულია შესაბამის ინფრასტრუქტურასთან, მოძრავ შემადგენლობაში ჩადებულ ინვესტიციასთან და თუ ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა სამართლიანი და კონკურენტული შერჩევის პროცედურების საშუალებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა შესაძლოა, აღემატებოდეს 15 წელს.

4. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შესაძლოა, გახანგრძლივდეს, თუ ამ გახანგრძლივების შედეგად, ის არ აღემატება 15 წელს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მუხლი 10. ანგარიშის გასაჯაროება

საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების პირდაპირი მინიჭების საფუძველზე გაფორმების შემთხვევაში, საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ექვემდებარება გასაჯაროებას, უნდა შეიცავდეს:

ა) სარკინიგზო სამგზავრო ოპერატორის დასახელებას, მისი არანაკლებ 5 (ხუთი) პროცენტის მფლობელი პარტნიორების/აქციონერების და მასზე სამართლებრივი კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას;

ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას;

გ) სარკინიგზო სამგზავრო ოპერატორის მიერ გასაწევი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებ(ებ)ის აღწერას;

დ) კომპენსაციის გაცემის წინაპირობებისა და მისი დაანგარიშების წესის აღწერას;

ე) ხარისხთან დაკავშირებულ მიზნებს − როგორიცაა სარკინიგზო ოპერატორის მომსახურებასთან დაკავშირებული პუნქტუალურობა, სანდოობა და გამოსაყენებელი წამახალისებელი ზომები და ჯარიმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ) იმ მნიშვნელოვანი აქტივების შესახებ ინფორმაციას, რომლებსაც უნდა ფლობდეს სარკინიგზო სამგზავრო ოპერატორი საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად.

მუხლი 11. კომისია და კომპეტენტური ორგანო

1. ამ წესით განსაზღვრული დებულებების უზრუნველყოფისა და სარკინიგზო ოპერატორთან გაფორმებული საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების მონიტორინგის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია,  შეიქმნას კომისია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით შექმნილი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი უწყებების წარმომადგენლებით:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

3. კომპეტენტური ორგანო განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.