„ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

„ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/2/876
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 20/05/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016696
1/2/876
20/05/2022
ვებგვერდი, 24/05/2022
000000000.00.000.016696
„ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/2/876

2022 წლის 20 მაისი

ქ. ბათუმი

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი − სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ევა გოცირიძე − წევრი;

გიორგი თევდორაშვილი − წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე − წევრი.

სხდომის მდივნები: მარიამ ბარამიძე; მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების „ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები − ზვიად სხვიტარიძე, გიორგი ყავლაშვილი და ირაკლი კლდიაშვილი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები − ქრისტინე კუპრავა და გიორგი ჩიფჩიური; ექსპერტები − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ლევან ჯანაშია და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების სამმართველოს მთავარი აუდიტორი გიორგი წიქარიშვილი.

I
აღწერილობით ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №876) მიმართა უცხო ქვეყნის საწარმომ „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედმა“. №876 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 20 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 7 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2017 წლის 7 აპრილის №1/10/876 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. №876 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 25 ივლისსა და 13 ოქტომბერს.

2. №876 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლი, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.

3. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების სადღეღამისო ულუფაში შეტანით.

4. მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. აღნიშნული დანაწესის შესაბამისად, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას“.

5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია.

6. №876 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ შპს „ოჯთ“-მ სარჩელი აღძრა „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედის“, „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედის საქართველოს, თბილისის წარმომადგენლობის“, აგრეთვე სხვა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 100 537 172 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება. შპს „ოჯთ“ ამტკიცებდა, რომ მოპასუხეები ახორციელებდნენ თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას და ამით არღვევდნენ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მოთხოვნას. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის №2/18308-16 გადაწყვეტილებით, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, შპს „ოჯთ“-ის სარჩელი სრულიად დაკმაყოფილდა.

7. №876 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე, დასკვნით სიტყვაში, მოსარჩელე მხარემ დააზუსტა და შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, მოსარჩელე საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, სადავოდ ხდის „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების „ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომლის შესაბამისად, აკრძალულია მეწარმე სუბიექტის მიერ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია თამბაქოს ბაზარზე მოქმედ მეორე სუბიექტზე თვითღირებულებაზე დაბალ ფასად და რომელი ნორმის დარღვევამაც შეიძლება უფლება მიანიჭოს ერთ მეწარმე სუბიექტს, მეორე მეწარმე სუბიექტის წინააღმდეგ დაიწყოს სამოქალაქო-სამართლებრივი დავა, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამავდროულად, მოსარჩელე სადავოდ აღარ ხდის „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების „ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებთან მიმართებით.

8. მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული ნორმა კრძალავს თამბაქოს ნაწარმზე მწარმოებლის მიერ თავისუფალ ფასწარმოქმნას, საკუთარი შეხედულებებით რეალიზაციას თამბაქოს სფეროში მოღვაწე სხვა ეკონომიკურ აგენტზე. მოსარჩელის პოზიციით, კანონმდებლობით დაწესებული აკრძალვების შემოღება, სავარაუდოდ, უკავშირდებოდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ვალდებულებას, რომელიც ითვალისწინებს, ზოგადად, მოსახლეობაში თამბაქოს ნაწარმის უფასო მიწოდების შეზღუდვას. სადავო ნორმის მიზანია, გამორიცხოს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია საბოლოო მომხმარებელზე იაფად ან უფასოდ, რათა თამბაქოს ნაწარმის ღირებულების სიმცირის გამო არ წახალისდეს თამბაქოს ნაწარმის შეძენა ან/და მოხმარება. ამგვარად, რამდენადაც სადავო ნორმის მიზანია მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, დადგენილი შეზღუდვა მიემართება სუბიექტს, რომელიც საბოლოოდ ხელმისაწვდომს ხდის თამბაქოს ნაწარმს მომხმარებლებისათვის და არ მოიცავს მეწარმე სუბიექტებს შორის ურთიერთობის რეგულირებას. ამგვარი ურთიერთობა მოწესრიგებულია სხვა, უფრო სპეციალური, კონკურენციის სამართლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით.

9. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის №2ბ/1895-2017 გადაწყვეტილებით გაუქმდა მოსარჩელის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება იმ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მის მიერ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის − თამბაქოს პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის და თამბაქოს ბაზარზე მოქმედი სხვა ეკონომიკური აგენტისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად არ გაუქმებულა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციური განმარტება და კვლავ არსებობს საფრთხე, რომ შესაბამისი ფაქტების წარდგენის შემთხვევაში საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმა არაკონსტიტუციური შინაარსით იქნეს წაკითხული.

10. მოსარჩელის მითითებით, ეკონომიკური აგენტის მიერ საკუთარ ნაწარმზე თავისუფალი ფასწარმოქმნა არის აღნიშნული ეკონომიკური აგენტის უფლება და არა მართლსაწინააღმდეგო ქმედება. იმისათვის, რომ ეკონომიკურმა აგენტებმა კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს გაუწიონ მეტოქეობა, აუცილებელია, ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავისუფლად შეიმუშაონ ფასწარმოქმნის სტრატეგიები, განსაზღვრონ და დაადგინონ კონკრეტული ნაწარმის ფასები, წარმართონ საკუთარი საქმიანობა იმგვარად, რომ მომხმარებელს შესთავაზონ უკეთესი პირობები, ფასები, ხარისხი და სხვა ეკონომიკური მახასიათებლები. კონკურენციის სამართლით აკრძალულია ბაზარზე ნაწარმის რეალიზაცია არასამართლიან ფასად, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის აკრძალვას. იმისათვის, რომ შესაბამისი ნაწარმის ფასი ბაზარზე მიჩნეულ იქნეს არასამართლიანად, ფასდაკლებულმა ღირებულებამ უნდა გადააჭარბოს გარკვეულ ზღვარს. სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის არსებობის პირობებში თვითღირებულებაზე თუნდაც 0.1 თეთრით დაბალ ფასად თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია გამოიწვევს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას, ჩაითვლება არამართლზომიერ ქმედებად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიზნებისათვის, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების კონსტიტუციურ უფლებას.

11. მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ნორმით გათვალისწინებული ტერმინი „თვითღირებულება“ განუჭვრეტელი ხასიათისაა, რადგან სადავო კანონი არ შეიცავს განმარტებას, თამბაქოს სფეროში კონტროლის მიზნებისათვის, რას გულისხმობს ნაწარმის თვითღირებულება. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, საგადასახადო მიზნებისათვის ნაგულისხმევი ნაწარმის თვითღირებულების დათვლის წესი კი სადავო ნორმის განჭვრეტადობის დასადგენად სრულიად არარელევანტურია.

12. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გასაჩივრებულ ნორმას მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ნორმატიული შინაარსი არ გააჩნია. მოპასუხის პოზიციით, ზოგადად, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის და, მათ შორის, სადავო ნორმის რეგულირების სფეროს და ლეგიტიმურ მიზანს განეკუთვნება საქართველოში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვა, თამბაქოს ნაწარმის მოხმარებით გამოწვეული დაავადებიანობის და სიკვდილის შემცირება. აღნიშნული გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციითა და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციით ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სფეროში ნაკისრი სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებებით. შესაბამისად, კანონმდებლის მიერ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის აკრძალვა მიმართულია მხოლოდ მომსახურების მიმღები ადამიანის ინტერესების და არა ეკონომიკური ინტერესების მქონე ბაზრის სუბიექტის უფლებების დაცვისაკენ. ამდენად, სადავო ნორმის რეგულირების სფეროს ცდება ეკონომიკური ინტერესების მქონე კერძო პირებისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სამოქალაქოსამართლებრივი დავის წამოწყების შესაძლებლობის მინიჭება. ამასთანავე, სადავო ნორმას სხვა ლეგიტიმური მიზანი არ გააჩნია.

13. მოპასუხის პოზიციით, ბაზარზე შესაბამისი ნაწარმის თვითღირებულებას, უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრავს თავად მწარმოებელი. ამასთან, ნაწარმის თვითღირებულება ექვემდებარება დათვლას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, მაგ., შესაბამისი პროდუქციის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადმოტანის დროს. მოპასუხის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლი არ განსაზღვრავს უშუალოდ თვითღირებულების ცნებას, როგორც წესი, ერთმანეთისაგან იმიჯნება თვითღირებულების ცნება შესაბამისი ნაწარმის იმპორტისა და ადგილობრივი წარმოების დროს. იმპორტის შემთხვევაში ნაწარმის თვითღირებულება გულისხმობს ნაწარმის შეძენის და იმპორტის ხარჯების ერთობლიობას. ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში კი წარმოების ხარჯების გათვალისწინებით თვითღირებულება განისაზღვრება ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში.

14. მოპასუხის მითითებით, გასაჩივრებული ნორმით დადგენილი აკრძალვა თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების დაწესებასთან ერთად არის ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ყველაზე ეფექტური საშუალება. ამავდროულად, გასაჩივრებული რეგულაცია არ ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის აკრძალვას და შემოიფარგლება მხოლოდ მისი უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის შეზღუდვით. შესაბამისად, იგი არის მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის ნაკლებად ინტენსიური საშუალება და არ ეწინააღმდეგება სამეწარმეო თავისუფლებისა და კონკურენციის განვითარების უფლებას.

15. საქმეზე ექსპერტად მოწვეული პირის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის, ლევან ჯანაშიას განმარტებით, გასაჩივრებული ნორმა იმგვარად კრძალავს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, რომ არ განმარტავს, ვინ შეიძლება იყოს რეალიზატორი. შესაბამისად, სადავო ნორმა მიემართება სუბიექტთა საკმაოდ ფართო წრეს. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული აკრძალვა არ არის დაკავშირებული მხოლოდ მწარმოებელთან და შესაძლებელია, მოიაზრებდეს ნებისმიერ პირს, რომელიც ახდენს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას. ამასთან, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებთან მიმართებით არ არსებობს ტერმინ თვითღირებულების განმარტების ობიექტური კრიტერიუმი და მისი დაანგარიშების წესი. შესაბამისად, სადავო ნორმის ინტერპრეტაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებული ხდება საქმის განმხილველი სასამართლოს სუბიექტურ შეფასებაზე. ამდენად, იგი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმა განუჭვრეტელი ხასიათისაა.

16. ექსპერტის მოსაზრებით, თამბაქოს ნაწარმთან მიმართებით, სახელმწიფოს გააჩნია სფეროს რეგულირების უფლებამოსილება. თუმცა კონკრეტული ნაწარმის ფასების რეგულირების გზით სახელმწიფოს მიერ სამეწარმეო თავისუფლების სფეროში ჩარევა აბსოლუტურად დაუშვებელია, ვინაიდან არსებობს სხვა ნაკლებად მზღუდავი მექანიზმები, რომლებიც შესაბამისი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს, მაგ., თამბაქოს ნაწარმისათვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული სპეციალური გადასახადები. ექსპერტის პოზიციით, გასაჩივრებული ნორმა აბსოლუტურად გამორიცხავს თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის შესაძლებლობას და არ ითვალისწინებს მეწარმე სუბიექტის საჭიროებას, შეცვლილ ეკონომიკურ გარემოებებს მიუსადაგოს ნაწარმის ფასები. ექსპერტის განმარტებით, შესაძლებელია, არსებობდეს შემთხვევები, როდესაც ობიექტური ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდება თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია (მაგ., შემცირდა შესაბამისი ნაწარმის ბრუნვა, პროდუქცია განიცდის დაძველებას, გადის მისი ვარგისიანობის ვადა, მეწარმეს სურს ახალი პროდუქციის რეალიზაცია და სხვ.). შესაბამისად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის ფარგლები არის არაპროპორციული.

17. ექსპერტის, სსიპ – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების სამმართველოს მთავარი აუდიტორის, გიორგი წიქარიშვილის განცხადებით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საგადასახადო ადმინისტრირების მიზნებისათვის კონკრეტული ნაწარმის თვითღირებულება არის ნორმატიულად განსაზღვრადი ობიექტური კატეგორია, რომლის მკაცრად აღრიცხვის ვალდებულება გადასახადის გადამხდელს გააჩნია. ექსპერტის მითითებით, ნაწარმის თვითღირებულება შეძენის შემთხვევაში არის აღნიშნული საქონლის შეძენის, ტრანსპორტირებისა და შენახვის ღირებულების ერთობლიობა, წარმოების შემთხვევაში კი − საქონლის ძირითადი ღირებულებისა და აგრეთვე იმ ზედნადები ხარჯების ერთობლიობა, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია კონკრეტული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და, ზოგადად, გაყიდვაუნარიანი ობიექტის შექმნასთან. ექსპერტის განმარტებით, თამბაქოს ნაწარმი აქციზის გადასახადის დაბეგვრის ობიექტი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობაა. ამდენად, მისი თვითღირებულება გულისხმობს მისი წარმოების/შეძენის საერთო ღირებულებისა და აღნიშნული ნაწარმისათვის გადასახადი აქციზის ღირებულების ერთობლიობას.

18. ექსპერტის პოზიციით, სადავო ნორმის მიზნებისათვის თამბაქოს ნაწარმის რეალიზატორი შესაძლებელია, იყოს ნებისმიერი პირი (მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი ან/და საცალო გამყიდველი), რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და, რომლის მოქმედებაც მიზეზობრივ კავშირშია საბოლოო მომხმარებლამდე თამბაქოს ნაწარმის ხელმისაწვდომ ფასად მისვლასთან. აღნიშნული კი ემსახურება თამბაქოს ნაწარმის საბოლოო მომხმარებლისათვის თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ან უფასოდ რეალიზაციის ყოველმხრივ პრევენციას. წინააღმდეგ შემთხვევაში სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების ეფექტურად უზრუნველყოფა ვერ მოხდებოდა.

19. №876 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით გიგა კვერენჩხილაძემ და ნოდარ პაპუკაშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინეს სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებები.

20. გიგა კვერენჩხილაძის მოსაზრებით, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს კვლევები და სხვადასხვა საექსპერტო დასკვნები ცხადყოფს, რომ თამბაქოს ბაზრის 94% დაკავებული აქვს იმპორტირებული თამბაქოს პროდუქციას, ხოლო 6% − ადგილობრივს. რეალიზებული თამბაქოს ნაწარმის 98% იმპორტირებულია, ხოლო 2% − ადგილობრივი. მოსარჩელე კომპანიის მიერ თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის გამო, ადგილობრივი თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების წილი თამბაქოს ბაზარზე ყოველდღიურად მცირდება, რაც ზიანს აყენებს როგორც თამბაქოს ბაზარზე მოქმედ სხვა ეკონომიკურ აგენტებს, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსაც.

21. სასამართლოს მეგობარი აღნიშნავს, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის საფუძველზე, სახელმწიფოს გააჩნია უფლებამოსილება, ჩაერიოს თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით საფასო პოლიტიკის განხორციელებაში. სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ემსახურება მნიშვნელოვან საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს, რადგან დემპინგური ფასების გამო ეკონომიკური აგენტის მიერ დაკარგული ბაზრის წილის აღდგენა და ძველი პარამეტრების დაბრუნება სამართლებრივი გზით, პრაქტიკულად, შეუძლებელია. აუცილებელია ან დემპინგური ფასების დამდგენი ეკონომიკური აგენტის ბაზრიდან განდევნა ან მასთან დემპინგური ფასებით ბრძოლა. შესაბამისად, მიღებული ზიანის ასანაზღაურებლად ერთადერთი კანონიერი გზა ისაა, რომ დაზარალებულ ეკონომიკურ აგენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, სადავო ნორმის დამრღვევი პირისაგან სამოქალაქოსამართლებრივი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სასამართლოს მეგობრის პოზიციით, კონსტიტუციურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს მწარმოებლის მიერ თამბაქოს ნაწარმის თავისუფალ ფასწარმოქმნას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად.

22. ნოდარ პაპუკაშვილის პოზიციით, არაკონკურენტულ ფასად თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის საკითხის მოწესრიგება სცილდება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს, აღნიშნულ ეკონომიკურ ურთიერთობებს არეგულირებს კონკურენციის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა.

23. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, თამბაქოს კონტროლის სფეროში ე. წ. სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის, ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მიერ თამბაქოს ნაწარმის მოხმარების პრევენციის ღონისძიებები შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ გადასახადების მომატებული ტარიფების დაწესების და არა თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლისათვის სხვა დამატებითი შეზღუდვების დაწესების გზით. განსაკუთრებით დაუშვებელია შეზღუდვები მწარმოებლის პროდუქციაზე ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით. ნებისმიერი პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია არის საგამონაკლისო შემთხვევა და მეწარმის ცხოვრების წესად ვერ იქცევა, რადგან ე. წ. ზარალით პროდუქციის რეალიზაცია არ არის მეწარმის ინტერესების შესაბამისი. გარდა ამისა, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია დაკავშირებულია სპეციალურ წესთან და ხასიათდება მოგების ძალიან მცირე მარჟით. ამდენად, იმის საშიშროება, რომ თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია მუდმივ ხასიათს მიიღებს და გამოყენებული იქნება მეწარმის არაკეთილსინდისიერი მიზნებისათვის, საფუძველშივე გამორიცხულია. შესაბამისად, თამბაქოს ნაწარმზე განსხვავებული ფასების არსებობა სამეწარმეო საქმიანობისათვის დამახასიათებელ ბუნებრივ პროცესად უნდა აღიქმებოდეს და არა დემპინგური ფასების პოლიტიკად. ამდენად, სასამართლოს მეგობარი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა არაკონსტიტუციურია.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.

2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილი იყო სახელმწიფოს ვალდებულება, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აღნიშნული უფლების ეკვივალენტური უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით.

3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული საქმის არსებითად გადაწყვეტისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, №876 კონსტიტუციურ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების „ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებასთან მიმართებით.

1. თვითღირებულების ცნების განსაზღვრულობა

4. №876 კონსტიტუციური სარჩელის განხილვის არსებით სხდომაზე მოსარჩელე მხარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ტერმინი „თვითღირებულება“ განუსაზღვრელი შინაარსისაა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი არ შეიცავს აღნიშნული ტერმინის დეფინიციას, ხოლო სადავო ნორმის ადრესატისათვის წინასწარ განუჭვრეტელია სადავო სამართალურთიერთობის მიზნებისათვის რას გულისხმობს თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულების ცნება და როგორ ხდება მისი დაანგარიშება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, საჭიროდ მიიჩნევს, პასუხი გასცეს მოსარჩელის მითითებულ არგუმენტაციას და შეაფასოს, რამდენად შეესაბამება სადავო ნორმა განსაზღვრულობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს და ხომ არ უშვებს ეკონომიკური აგენტის საკუთრების უფლების განხორციელებაზე საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ბარიერის დაწესებას.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ერთმანეთისაგან განსხვავებულია პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების, საჯაროსამართლებრივი ნორმებისა და სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების განსაზღვრულობის შეფასების კონსტიტუციური სტანდარტები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/10/1212 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ბუნდოვანება, ცალკე აღებული, კონკრეტული ნორმატიული შინაარსისაგან დამოუკიდებლად, შეიძლება იყოს მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი. „ქმედების დასჯადად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, მან ეს უფლებამოსილება ისე უნდა გამოიყენოს, რომ საშუალება არ მიეცეს სამართალშემფარდებელს, სამოსამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თავად შექმნას სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების შემადგენლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-37). განსახილველ საქმეში, მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს სადავო ნორმის პასუხისმგებლობის დამდგენ ხასიათზე და არ მოითხოვს მისი კონსტიტუციურობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებთან დაკავშირებული განჭვრეტადობის შეფასების სტანდარტი, მოცემულ შემთხვევაში, არარელევანტურია.

6. ამასთანავე, განსაზღვრულობის პრინციპთან მიმართებით იმ ნორმის შეუსაბამობის სამტკიცებლად, რომელიც არ ადგენს პასუხისმგებლობას, საკმარისი არ არის მარტოოდენ მის ზოგად ხასიათზე, ზოგად განუსაზღვრელობაზე მითითება. იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმისგან რამდენიმე წესის ან ინტერპრეტაციის წაკითხვა და გამოყენებაა შესაძლებელი, რომელთაგან ერთ-ერთი არაკონსტიტუციურია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს და, საჭიროების შემთხვევაში, ძალადაკარგულად აცხადებს აღნიშნული სადავო ნორმის კონკრეტულ ნორმატიულ შინაარსს, მთლიანი ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების გარეშე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „ვერ გამოირიცხება ზოგადი ნორმების კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს თითოეული ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას და ამ გზით უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს არაკონსტიტუციური შინაარსის ნორმების გამოყენება. სწორედ ასე მიიღწევა, ერთი მხრივ, ურთიერთობათა მეტ-ნაკლებად ამომწურავი სამართლებრივი მოწესრიგება, ხოლო, მეორე მხრივ, ის, რომ ნორმის საფუძველზე გაკეთებული თითოეული სამართლებრივი განმარტება არ დარჩება კონსტიტუციური კონტროლის მიღმა ...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-73). ამდენად, მსგავს შემთხვევებში, მოსარჩელემ უნდა მოითხოვოს სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის შეფასება, რომელიც მისთვის არის პრობლემატური.

7. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარე მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითებს თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულების ცნების განუსაზღვრელ შინაარსზე. მის მიერ არ წარმოდგენილა სადავო ნორმის პრაქტიკაში გამომყენებელი ორგანოს მიერ მისი არაკონსტიტუციურად განმარტების კონკრეტული მაგალითები, თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულების დაანგარიშების არაკონსტიტუციურ წესთან დაკავშირებით. ამავდროულად, №876 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ასაჩივრებს სადავო ნორმის კონკრეტულ ნორმატიულ შინაარსს, რომლის კონსტიტუციურობა,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ განსახილველ საქმეზე უნდა შეაფასოს. ზემოაღნიშნულის გარდა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სარწმუნო არგუმენტაცია, რომელიც მიუთითებდა თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულების ცნების განუჭვრეტელ შინაარსზე. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ამ მხრივ, მოსარჩელის პოზიცია სადავო ნორმის განუსაზღვრელი ხასიათის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს აღნიშნული არგუმენტაციით სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი.

2. სადავო ნორმის შინაარსისა და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება

2.1. სადავო ნორმის შინაარსი

8. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის სადღეღამისო ულუფაში შეტანით. კონსტიტუციური სარჩელის განხილვის არსებით სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა საკუთარი სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის მხოლოდ იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც კრძალავს მეწარმე სუბიექტის მიერ მისი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას თამბაქოს ბაზარზე მოქმედ მეორე სუბიექტზე თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, როდესაც ამ ნორმის დარღვევამ შეიძლება, უფლება მიანიჭოს ერთ მეწარმე სუბიექტს, მეორე მეწარმე სუბიექტის წინააღმდეგ დაიწყოს სამოქალაქოსამართლებრივი დავა, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

9. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, გასაჩივრებულ ნორმას სადავო ნორმატიული შინაარსი არ გააჩნია. მოპასუხე მხარის მითითებით, სადავო ნორმის რეგულირების სფეროსა და მიზანს განეკუთვნება მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვა, თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებიანობის და სიკვდილიანობის შემცირება. შესაბამისად, კანონმდებლის მიერ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის აკრძალვა მიმართულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და არა ეკონომიკური ინტერესების მქონე ბაზრის სუბიექტის უფლებების დაცვისაკენ. ამდენად, სადავო ნორმის რეგულირების სფეროს ცდება ეკონომიკური ინტერესების მქონე კერძო პირებისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სამოქალაქოსამართლებრივი დავის შესაძლებლობის მინიჭება.

10. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებისას მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვირდებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსის დადგენისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეაფასოს საერთო სასამართლოების მიერ გასაჩივრებული შინაარსით სადავო ნორმის გამოყენების პრაქტიკა.

12. №876 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებიდან დასტურდება, რომ მათ სადავო ნორმა თამბაქოს ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებთან მიმართებით კერძოსამართლებრივი, ეკონომიკური ხასიათის ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით იქნა გამოყენებული. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2017 წლის 10 თებერვლის №2/18308-16 გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მოსარჩელე ახორციელებდა თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას, არღვევდა სადავო ნორმით დადგენილ მოთხოვნებს და კონკურენტი ეკონომიკური აგენტის სასარგებლოდ დააკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ №2ბ/1895-2017 გადაწყვეტილებით გააუქმა მოსარჩელეთა წინააღმდეგ მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ თამბაქოს პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის გამო, სადავო კანონის დარღვევისა და აღნიშნული ქმედებით თამბაქოს ბაზარზე მოქმედი სხვა ეკონომიკური აგენტისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ კი მოსარჩელეთა წინააღმდეგ წარდგენილი საკასაციო საჩივარი №ას-1004-925-2017 განჩინებით დაუშვებლად მიიჩნია და მიუთითა, რომ ქვემდგომი სასამართლოს მიერ საკითხის სამართლებრივი შეფასება არასწორად არ მომხდარა.

13. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების ანალიზი ცხადყოფს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული ნორმა მოსარჩელის მიმართ სადავო ნორმატიული შინაარსით გამოიყენა. ზემდგომ სასამართლოებს კი არ გამოურიცხავთ სადავო ნორმის ამგვარად განმარტების შესაძლებლობა. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა არა იმიტომ, რომ მან გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არამედ იმიტომ, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდებოდა სადავო ნორმის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი. ხსენებული გადაწყვეტილება კი, როგორც უკვე აღინიშნა, უცვლელად დატოვა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. შესაბამისად, ცალსახაა, რომ საერთო სასამართლოებმა დაუშვეს გასაჩივრებული ნორმის სადავო ნორმატიული შინაარსით გამოყენების შესაძლებლობა. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს სწორედ ამ ნორმატიული შინაარსით.

2.2. შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება

14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებებით არაერთხელ გაუსვა ხაზი კონსტიტუციური უფლების დაცული სფეროს სწორად იდენტიფიცირების მნიშვნელობას საქართველოს კონსტიტუციის ჯეროვანი განმარტებისათვის. მიუხედავად საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით განმტკიცებულ ზოგიერთ უფლებასა და თავისუფლებას შორის არსებული მჭიდრო შინაარსობრივი ურთიერთკავშირისა, ამ კონსტიტუციური დებულებების დაცულ სფეროებში ჩარევის დადგენა საჭიროებს ინდივიდუალურ შეფასებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. საქართველოს კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება, მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).

15. №876 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2017 წლის 7 აპრილის №1/10/876 საოქმო ჩანაწერით არსებითად განსახილველად იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების „ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის, აგრეთვე ამავე საქმეზე საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტისათვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი პრაქტიკის შესაბამისად, ერთმანეთისაგან მკაფიოდ არ იყო გამიჯნული საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის კონსტიტუციური უფლებებით დაცული სფეროები. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ მეწარმეობის თავისუფლების უფლებასთან მიმართებით შეფასებადი იყო სადავო ნორმიდან მომდინარე იმგვარი შემთხვევები, რომლებიც, მათ შორის, საკუთრების უფლებით დაცული სფეროს შეზღუდვას განაპირობებდა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/3/611 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „მადაი“ და შპს „პალიასტომი 2004“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის 1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები − „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი“) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკანასკნელი გადაწყვეტილებებით მიზანშეწონილად მიიჩნია საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის კონსტიტუციური უფლებების ერთმანეთისაგან გამიჯვნა და თითოეული უფლებისათვის დამოუკიდებელი დაცული სფეროს განსაზღვრა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებასა და მეწარმეობის თავისუფლებას შორის არსებობს მნიშვნელოვანი კავშირი, მეწარმეობის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების მიზანი ვერ იქნება საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტების აკრძალვა მეწარმე სუბიექტებთან მიმართებით. მეწარმე სუბიექტების საკუთრების უფლების დარღვევა იმთავითვე მეწარმეობის თავისუფლების დარღვევას ვერ განაპირობებს. შესაბამისად, მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვის წარმოსაჩენად, აუცილებელია, გამოიკვეთოს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების სფეროს მიღმა არსებულ ურთიერთობებს და ამ ფორმით არღვევს თავისუფალ მეწარმეობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-63). ამასთან, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მეწარმეობის თავისუფლების უფლებასთან შეფასებადი იქნება ისეთი შეზღუდვები, რომლებიც უპირატესად წარმოების პროცესს უკავშირდება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-80).

18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია სახელმწიფოს ვალდებულება, ხელი შეუწყოს მეწარმეობის თავისუფლებას და კონკურენციის განვითარებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, „მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. ... მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობის სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოსათვის თავისუფალი მეწარმეობის ხელშეწყობის ვალდებულების დაკისრებით „მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არა მარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისთვის, არამედ თავად მეწარმეობაა თავისუფალი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-2).

19. მეწარმეობის თავისუფლებისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა გულისხმობს არა მხოლოდ თავისუფალი ბაზრის მოქმედებაში სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევის შეზღუდვას, არამედ მოიცავს სახელმწიფოს მიერ აქტიური საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ღონისძიებების გატარებასაც. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს. იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის. სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ნორმატიული სანდოობა სუბიექტს სამოქალაქო (კომერციული) ბრუნვის მიღმა კი არ ტოვებს, არამედ უძლიერებს მას ამ ბრუნვაში ჩართვის ინტერესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-3).

20. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მეწარმეობის თავისუფლების უფლებით დაცული სფეროს ფარგლებში ექცევა, მათ შორის, მეწარმე სუბიექტის უფლება, რაც გულისხმობს, აგრეთვე მეწარმის შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებისა და საჭიროების შესაბამისად, განკარგოს საკუთარი ქონება, მათ შორის, თავისუფალი ნების საფუძველზე, მიიღოს საკუთრების ობიექტის სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და დამოუკიდებლად განსაზღვროს იგი. მოცემულ შემთხვევაში მეწარმე სუბიექტის სამეწარმეო ობიექტის თავისუფალ განკარგვასთან დაკავშირებული შეზღუდვები, შესაძლოა შეფასებადი იყოს, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებასთანაც, თუმცა ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნა და არგუმენტები სრულად მიემართება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ სფეროს, ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო ჩანაწერით დადასტურებულია მოსარჩელის პოზიცია სადავო ნორმის მეწარმეობის თავისუფლების უფლებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს სადავო ნორმას მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის უფლებასთან მიმართებით. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მოსარჩელის არგუმენტაცია მიმართულია მეწარმე სუბიექტის მიერ თამბაქოს ნაწარმის ღირებულების თავისუფლად განსაზღვრის უფლების შეზღუდვის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ. ამავდროულად, სადავო ნორმები სცდება მეწარმის საკუთრების განკარგვის რეგულირებას და გავლენას ახდენს თავად საწარმოო პროცესზე. თავისუფალი მეწარმეობის კონსტიტუციური უფლება ასევე გულისხმობს პირის შესაძლებლობას, დამოუკიდებლად, სახელმწიფო ინტერვენციის გარეშე, სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში, განსაზღვროს თამბაქოს სარეალიზაციო ფასი. სამეწარმეო ობიექტზე თავისუფალი ფასწარმოქმნის უფლება, თავის მხრივ, ზეგავლენას ახდენს პირის მიერ როგორც ქონების დაგროვების, აგრეთვე ქონებრივი ზიანის მიღების თავიდან აცილების ან/და მსგავსი რისკების მინიმალიზაციის შესაძლებლობაზეც. ამდენად, სადავო ნორმები ზღუდავს სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებას.

3. უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება

21. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გასაჩივრებული სიტყვების თანახმად, დაუშვებელია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი განსაზღვრავს თამბაქოს ნაწარმის მინიმალურ ფასს და ადგენს, რომ დასახელებული ნაწარმის სარეალიზაციო ფასი არ შეიძლება იყოს ამავე ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალი.

22. საჯარო ხელისუფლების სამართლებრივი აქტი, რომელიც ადგენს შესაბამისი ნაწარმის მინიმალურ სარეალიზაციო ფასს, გარდაუვლად ზღუდავს ეკონომიკური აგენტის შესაძლებლობას, თავისუფლად განსაზღვროს ნაწარმის სარეალიზაციო ფასი, რამდენადაც იგი, ვერც ერთ შემთხვევაში, ვერ იქნება მინიმალურ სავალდებულო სარეალიზაციო ფასზე დაბალი. შესაბამისად, ნათელია, რომ გასაჩივრებული ნორმა ზღუდავს თამბაქოს მწარმოებლის მიერ, საკუთარი შეხედულებისამებრ, თამბაქოს ნაწარმის ღირებულების განსაზღვრისა და თამბაქოს ბაზარზე მოქმედ სხვა ეკონომიკურ აგენტებზე მისთვის ხელსაყრელ ფასად რეალიზაციის შესაძლებლობას.

23. ამდენად, საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს მეწარმე სუბიექტის სამეწარმეო ობიექტის მინიმალურ სარეალიზაციო ფასს და, ამ თვალსაზრისით, სრულად ან ნაწილობრივ ზღუდავს თამბაქოს ნაწარმზე თავისუფალ ფასწარმოქმნას, განაპირობებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეოთხე პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებული მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვას.

4. უფლების შეზღუდვის გამართლება

24. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვა, საკუთრების უფლების შეზღუდვის მსგავსად ფასდება თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით სადავო ნორმების შესაბამისობაზე მსჯელობისას მიმოხილული უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნები, ისევე როგორც სადავო ნორმებით შერჩეული ღონისძიების გამოსადეგობა და აუცილებლობა, ასევე, რელევანტურია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

25. ამასთანავე, სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური უფლებების, ... შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

4.1. ლეგიტიმური მიზანი

26. წინამდებარე კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს, უპირველეს ყოვლისა, დადგინდეს, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება სადავო რეგულირება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მიზნის ქვეშ მოაზრებული სიკეთე ნორმატიულად მოწესრიგებადი და ფასეული უნდა იყოს. სწორედ ასეთი შეიძლება იყოს კანონმდებლის ლეგიტიმური მიზანი და არა ისეთი, რომელიც გაუცხოებულია ნორმატიული ნებისგან და არ შეესაბამება მას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-9).

27. კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, თამბაქოს ნაწარმის მოხმარებით გამოწვეული დაავადებიანობის და სიკვდილის შემცირება. ამავდროულად, აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ამგვარი ვალდებულება გააჩნია საქართველოს კონსტიტუციისა და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის ფარგლებში.

28. ზოგადად, ბაზრისათვის დამახასიათებელია, რომ ამა თუ იმ პროდუქციის საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდების პროცესში სხვადასხვა საფეხურზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები მონაწილეობენ (მაგ., მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი, საცალო გამყიდველი და სხვ.), რომელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსხვავებული ფორმით ზემოქმედებენ ერთმანეთზე. ამ მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ საბოლოო მომხმარებლისათვის თამბაქოს ნაწარმის ხელმისაწვდომ ფასად რეალიზაციის შესაძლებლობაზე ზეგავლენას ახდენდეს იმ ეკონომიკური აგენტების მიერ საფასო სფეროში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც არ არიან თამბაქოს ნაწარმის საბოლოო, საცალო გამყიდველები და, რომლებიც უშუალოდ არ ხდიან მას ხელმისაწვდომს ადამიანებისათვის. კერძოდ, მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ თამბაქოს ბაზარზე მოქმედ სხვა ეკონომიკურ აგენტზე თვითღირებულებაზე დაბალ ფასად თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციამ გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია, გამოიწვიოს საცალო გამყიდველის მიერ თამბაქოს ნაწარმის სარეალიზაციო ფასის შემცირება და, შესაბამისად, მისი ხელმისაწვდომობის გამარტივება. თამბაქოს ნაწარმის ხელმისაწვდომობა კი, მისი მოხმარების განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი გარემოებაა და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

29. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. რამდენადაც სადავო კანონის მიზანი არის მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებიანობისა და სიკვდილიანობის შემცირება, სახელმწიფო უფლებამოსილია, თამბაქოს ნაწარმის მოხმარების პრევენციისა და შემცირების მიზნით, დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ხასიათის ღონისძიებები, მათ შორის, ნაწარმზე ფასწარმოქმნის სფეროში და შეიმუშავოს თამბაქოს ნაწარმის ღირებულების გაზრდის სტრატეგიები, რომლებიც მიმართული იქნება თამბაქოს ნაწარმის მომხმარებლის მხრიდან ხელმისაწვდომ ფასად შეძენის პრევენციისაკენ. ამგვარად, ეკონომიკურ აგენტებს შორის თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის შეზღუდვით, სადავო ნორმა ემსახურება, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმის მოხმარების აღკვეთასა და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს.

30. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია, ეკონომიკური აგენტის მიერ ბაზარზე საქონლის შეთავაზება, თავად დასახელებული საქონლის შექმნისათვის გაწეულ ხარჯებზე დაბალ ფასად, მიმართული იყოს არასამართლიანი ფასების დადგენით ბაზრის სხვა სუბიექტისათვის არახელსაყრელი პირობების შექმნისაკენ, მიზნად ისახავდეს ან/და იწვევდეს კონკურენტი ეკონომიკური აგენტის განდევნას აღნიშნული ბაზრიდან. ბაზარზე ერთი ეკონომიკური აგენტის მიერ არაკონკურენტული ფასების დადგენა, მათ შორის, ე. წ. მტაცებლური/დემპინგური პოლიტიკის შემუშავება იმ კონკურენტი ეკონომიკური აგენტების წინააღმდეგ, რომლებიც არასამართლიანი ფასების დამდგენი ეკონომიკური აგენტის მსგავსად ფინანსურად სტაბილური და ძლიერი არ არიან, უკანასკნელთათვის განაპირობებს შემოსავლების დაკარგვასა და მოგების შემცირებას. ამდენად, გარკვეულ შემთხვევებში ფასების მკვეთრი დისპროპორცია მძიმე ტვირთად აწვება ბაზარზე არსებულ ეკონომიკურ აგენტებს და ისინი იძულებულნი ხდებიან დატოვონ ბაზარი. კონკურენციის საწინააღმდეგო ფასები აგრეთვე წარმოშობს ბარიერებს იმ პოტენციური კონკურენტი ეკონომიკური აგენტებისათვის, რომელთაც სურთ ბაზარზე თავისუფლად შესვლა. ყოველივე აღნიშნული კი შესაბამის ბაზარზე წარმოქმნის არაკონკურენტულ გარემოს და საფრთხეს უქმნის, ზოგადად, ბაზრის სტაბილურობას.

31. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თამბაქოს ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს შორის თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის შეზღუდვა, აგრეთვე, ემსახურება არაჯანსაღი საბაზრო გარემოსაგან ეკონომიკური აგენტების დაცვისა და ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზნებს.

32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნები საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლებრივი სიკეთეებია, რომლებიც სახელმწიფოსათვის რიგი პოზიტიური ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებას წარმოშობს. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ თითოეული ზემოაღნიშნული მიზანი ღირებული კონსტიტუციური სიკეთეა და მათ მისაღწევად სახელმწიფოს გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი და უფლებამოსილება, შეზღუდოს პირის თავისუფალი მეწარმეობის კონსტიტუციური უფლება.

4,2. გამოსადეგობა

33. სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის გამოსადეგობაზე მსჯელობისას, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის − რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). აუცილებელია, არსებობდეს ლოგიკური კავშირი გამოყენებულ უფლებაშემზღუდველ ღონისძიებასა და ლეგიტიმურ საჯარო მიზანს შორის. სხვაგვარად, სადავოდ გამხდარი რეგულაციით შესაძლებელი იყოს უნდა ლეგიტიმური მიზნების რეალიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ უფლების შეზღუდვა არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება, რაც გამოიწვევს მის გაუმართლებელ შეზღუდვას.

34. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის შესაძლებლობას, მათ შორის, თამბაქოს ბაზარზე მოქმედ იმ ეკონომიკურ აგენტებს შორის (მაგ., მწარმოებლები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები), რომლებიც არ არიან აღნიშნული ნაწარმის საბოლოო, საცალო გამყიდველები ანუ პირები, რომლებიც უშუალოდ ხელმისაწვდომს ხდიან თამბაქოს ნაწარმს მომხმარებლებისათვის. სადავო ღონისძიებები მიმართულია იმისაკენ, რომ თამბაქოს ბაზარზე ზემდგომ საფეხურზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების მხრიდან თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციამ არ გამოიწვიოს საცალო გამყიდველის მიერ აღნიშნულ ნაწარმზე სარეალიზაციო ფასების შემცირება და ხელმისაწვდომობის გამარტივება. ამდენად, თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არის თამბაქოს ღირებულების მინიმალური ზღვრის შენარჩუნებისაკენ მიმართული მექანიზმი, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად უზრუნველყოფს სხვადასხვა ეკონომიკური აგენტის მიერ, საკუთარი კომერციული ინტერესების შესაბამისად, თამბაქოს ნაწარმის ღირებულების შემცირებისა და მომხმარებლებისათვის თამბაქოს ნაწარმის ხელმისაწვდომობის პრევენციას.

35. ამავდროულად, ერთი ეკონომიკური აგენტის მიერ მეორე ეკონომიკურ აგენტზე თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის აკრძალვით სახელმწიფო განსაზღვრავს აღნიშნული ნაწარმის სარეალიზაციო ფასის უკიდურეს ქვედა ზღვარს. თამბაქოს ნაწარმზე ფასების რეგულირების მსგავსი მექანიზმით სახელმწიფო უზრუნველყოფს მინიმალურ გარანტიებს, რათა თამბაქოს ბაზარზე მოქმედმა ვერც ერთმა გამყიდველმა ან მყიდველმა ეკონომიკური აგენტმა ვერ მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის საბაზრო ფასზე ზეგავლენა იმგვარად, რომ აღნიშნულმა სხვა კონკურენტი ეკონომიკური აგენტის არაკონკურენტულ გარემოში ჩაყენება გამოიწვიოს. რამდენადაც, ვერც ერთ შემთხვევაში ნაწარმის სარეალიზაციო ფასი ვერ იქნება მინიმალურ სავალდებულო ფასზე დაბალი, ეკონომიკურ აგენტს რჩება შესაძლებლობა, კონკურენტი ეკონომიკური აგენტის ქცევისაგან დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარ რეალურ საჭიროებებს დაფუძნებული ბიზნეს სტრატეგიიდან გამომდინარე, განსაზღვროს პროდუქციის სარეალიზაციო ფასი.

36. ამგვარად, სადავო ნორმა უზრუნველყოფს თამბაქოს ბაზარზე მოქმედი კონკურენტი ეკონომიკური აგენტების მიერ არაკონკურენტული ფასების დადგენის პრევენციისათვის მინიმალურ გარანტიებს და, ამავდროულად, არის გამოსადეგი ღონისძიება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა აკმაყოფილებს გამოსადეგობის მოთხოვნას.

4.3. აუცილებლობა

37. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება იყოს უფლების შეზღუდვის აუცილებელი, ვიწროდმიმართული საშუალება. საჭიროა, არ არსებობდეს ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა.

38. კონკრეტული პროდუქციის, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმის ღირებულება მის მიმართ მომხმარებელთა ინტერესის ფორმირებისა და შესყიდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. შესაბამისად, თამბაქოს ნაწარმის ხელმისაწვდომი ფასი მისი მოხმარების ერთ-ერთ ხელშემწყობი გარემოებაა. იმდენად, რამდენადაც თამბაქოს მოხმარება მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, სახელმწიფოს, ზოგადად, არ ეკრძალება, აღნიშნული საფრთხეების გათვალისწინებით, დაარეგულიროს თამბაქოს ბიზნესი. ამასთანავე, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ლეგიტიმური ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით, თამბაქოს კონტროლის სფეროში სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებისათვის სახელმწიფოს გააჩნია შეფასების ფართო ზღვარი. საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილია, შეიმუშავოს თამბაქოს ნაწარმის მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა და სათანადო სტრატეგიები, განახორციელოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმზე ფასწარმოქმნისა და საგადასახადო რეგულირების სფეროში.

39. ამასთანავე, თამბაქოს კონტროლის სფეროში პოლიტიკის განსაზღვრის თვალსაზრისით, სახელმწიფოს შეფასების ფართო ფარგლების არსებობა არ გულისხმობს აბსოლუტურ თავისუფლებას. „სამართალშემოქმედის მიხედულების ფარგლები პირობადებულია კონსტიტუციური პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებით, რაც უზრუნველყოფს უფლებამოსილების გადაჭარბებისა და მისი არამიზნობრივად გამოყენების რისკის თავიდან აცილებას. სხვაგვარად, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა და მისი გამოყენება ყოველთვის გულისხმობს გადაწყვეტილების შედეგების დასაბუთებას. ამ თვალსაზრისით, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა გულისხმობს იმგვარი დასაბუთების მოთხოვნას, რომელიც შესაძლებელს გახდის სამართლებრივი შედეგის სისწორის შეფასებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის №1/5/826 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20). ამდენად, სახელმწიფო ვალდებულია დაადასტუროს, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის არ არსებობდა მესაკუთრის მიერ თამბაქოს ნაწარმზე თავისუფალი ფასწარმოქმნის უფლების შეზღუდვის ალტერნატიული, მაგრამ ნაკლებად მზღუდავი ღონისძიება.

40. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ზოგადად, ფისკალური კანონმდებლობა არის მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტი თამბაქოს ნაწარმის მოხმარების პრევენციისა და, შესაბამისად, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის. ამასთან, გადასახადები და გადასახადების დონე თამბაქოს ნაწარმის [მაღალი] ღირებულების განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორია. სახელმწიფო უფლებამოსილია, რომ თამბაქოს ნაწარმზე დააწესოს სხვადასხვა სახის გადასახადები და განსაზღვროს მათი ოდენობა, მისი ღირებულების მაღალი დონის ადეკვატურად გარანტირებისათვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამგვარი საგადასახადო ვალდებულება, რომელიც თამბაქოს ნაწარმის ღირებულებაზე აისახება და, რომელიც აღნიშნულ ნაწარმზე მაღალი ფასების დადგენასა და შენარჩუნებას უზრუნველყოფს, სხვა საგადასახადო ღონისძიებებთან ერთად არის აქციზის გადასახადი. რამდენადაც ეკონომიკური აგენტის საქმიანობა მისი მოგების ზღვრით არის შეზღუდული, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გაზრდილი გადასახადი [ადრე თუ გვიან] აისახება თამბაქოს ნაწარმის საცალო, საბოლოო სარეალიზაციო ფასზე. ამგვარად, სახელმწიფოს გააჩნია შესაძლებლობა, თამბაქოს ნაწარმზე მაღალი ფასების უზრუნველყოფის და, შესაბამისად, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შეიმუშავოს საგადასახადო ღონისძიებები იმგვარად, რომ არ შეზღუდოს თამბაქოს ბაზარზე ზემდგომ საფეხურზე მდგომი ეკონომიკური აგენტების მიერ თამბაქოს ნაწარმის სარეალიზაციო ფასის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობა, როდესაც აღნიშნული ეკონომიკური აგენტები არ არიან პირები, რომლებიც უშუალოდ ხელმისაწვდომს ხდიან თამბაქოს ნაწარმს მომხმარებლებისათვის.

41. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სხვადასხვა სახისა და ოდენობის საგადასახადო ვალდებულების დაწესება თამბაქოს პროდუქციისათვის არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაბრად ვარგისი, მაგრამ თამბაქოს ნაწარმის მესაკუთრე ეკონომიკურ აგენტთა მეწარმეობის თავისუფლების უფლების ნაკლებად შემზღუდველი საშუალება.

42. თავისუფალი მეწარმეობის, კონკურენციის განვითარებისა და ბაზრის სტაბილურობის ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ, ზოგადად, თავისუფალ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები ცდილობენ, კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებზე წარმატებით შესთავაზონ მომხმარებელს ნაწარმის ღირებულებასთან, ხარისხთან, ასორტიმენტთან, ინოვაციებთან თუ სხვა მახასიათებლებთან დაკავშირებული პირობები. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია, განსხვავებული იყოს მათ მიერ მოლაპარაკებების საფუძველზე მიღწეული გარიგებები. ზოგიერთი მათგანი სარგებლიანობის მაღალი ხარისხით ხასიათდებოდეს, ზოგიერთი კი − არა. სწორედ ამგვარად ყალიბდება ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს თავისუფალ მეწარმეობასა და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის არსებობას.

43. თუმცა, ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებთან პოზიციონირების ყველა მეთოდი არ არის მეწარმეობის თავისუფლებისა და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპის შესაბამისი. ეკონომიკური აგენტების ბიზნეს საქმიანობა კონკურენტული ბაზრის ძირითად პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს. ამგვარად, ეკონომიკური აგენტის მიერ საკუთრების ობიექტზე ფასწარმოქმნა, არასამართლიანი პოლიტიკის განხორციელების გზით, მარტოოდენ კონკურენტი ეკონომიკური აგენტისათვის ზიანის მიყენებისა და ბაზრიდან განდევნის მიზნით, დაუშვებელია. ჯანსაღი კონკურენტული ბაზრის მოთხოვნების საწინააღმდეგოა ეკონომიკური აგენტის მიერ საკუთრების ობიექტზე ფასწარმოქმნის სტრატეგიის იმგვარად შემუშავება, რომლის პირობებშიც ამა თუ იმ ნაწარმის ღირებულება ეკონომიკური აგენტისათვის მომგებიანია მხოლოდ იმიტომ, რომ საფუძველს აცლის ან საკმარისად ასუსტებს სხვა ეკონომიკური/პოტენციური ეკონომიკური აგენტის კონკურენტუნარიანობას. საპირისპიროდ, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში შემუშავებული ეკონომიკური გათვლები, მათ შორის, ნაწარმის ღირებულების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები, არ შეიძლება იქნეს მიჩნეული კონკურენციის საწინააღმდეგოდ, როდესაც ხსენებული გადაწყვეტილებების მიღების საფუძველია ეკონომიკური აგენტის ლეგიტიმური ბიზნეს სტრატეგიები. ამდენად, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების უფლების მოთხოვნაა, რომ კონკურენტი ეკონომიკური აგენტის ბაზრიდან განდევნა ხდებოდეს მხოლოდ კანონზომიერი, ჯანსაღი ბიზნეს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე.

44. კონკურენტულ ბაზარზე მოქმედი თითოეული ეკონომიკური აგენტი იმ საქონლის წარმოებისათვის/იმპორტისათვის, რომლის გაყიდვასაც ცდილობს, იღებს გარკვეულ დანახარჯებს და, როგორც წესი, მსგავსი დანახარჯები ეკონომიკური აგენტების მიერ შესაბამისი ნაწარმის გაყიდვების პოლიტიკისა და ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. თავის მხრივ, იმისათვის, რომ ეკონომიკურ აგენტებს გააჩნდეთ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფინანსური ინტერესი, საჭიროა, მომხმარებლისათვის შესაბამისი ნაწარმის მიყიდვა იმ ფასად, რაც მათთვის მომგებიანია. აღნიშნული, როგორც წესი, გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული ნაწარმის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, როგორც მინიმუმ, უნდა აჭარბებდეს მისი წარმოების/იმპორტირების ხარჯებს. ამგვარად, ბაზარზე ეკონომიკური აგენტის ინტერესების, მიზნებისა და, შესაბამისად, ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობის დადგენისათვის არსებითი მნიშვნელობა სწორედ წარმოების/იმპორტირების დანახარჯებს, ნაწარმის თვითღირებულებას, სარეალიზაციო ფასსა და ამ კომპონენტებს შორის ურთიერთმიმართებას ენიჭება.

45. რამდენადაც პროდუქციის წარმოების/იმპორტის შესახებ გადაწყვეტილებებს ეკონომიკური აგენტები იღებენ, სწორედ მათ გააჩნიათ ობიექტური და სათანადო ინფორმაცია აღნიშნული ნაწარმის შექმნის ან/და იმპორტისათვის გაწეული ხარჯისა და თვითღირებულების შესახებ. ამავდროულად, შესაბამის ნაწარმზე ფასწარმოქმნის პოლიტიკა, შესაძლებელია, ეკონომიკური საქმიანობის პროცესში გაწეული ხარჯების გამოთვლისა და ანალიზის სხვადასხვა მეთოდსა და ბიზნეს სტრატეგიას ეფუძნებოდეს. შესაძლებელია, განსხვავებული იყოს ეკონომიკური აგენტის დანახარჯების დაანგარიშების საზომი და აღნიშნული ხარჯების შესაბამის ვადაში ანაზღაურების სტრატეგიები. ამ კონტექსტში, ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია შესაძლებელია გულისხმობდეს, როგორც ნაწარმის საშუალო მთლიან (ე. ი. ერთი ერთეული ნაწარმის დამზადებისათვის გაწეული ხარჯი, რაც უდრის წარმოების საერთო დანახარჯებისა და წარმოებული პროდუქციის ოდენობის შეფარდებას), აგრეთვე საშუალო ცვლად დანახარჯზე დაბალ ფასად რეალიზაციას (ე. ი. წარმოების პროცესში ერთი დამატებითი ერთეულის წარმოებისათვის გაწეული ხარჯი, რაც ცვლადი დანახარჯების ჯამისა და წარმოებული ნაწარმის ოდენობის შეფარდების ტოლია). დანახარჯების ზემოაღნიშნული საზომების ბუნების გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის განსხვავებული − როგორც ლეგიტიმური, აგრეთვე არალეგიტიმური ინტერესების არსებობის შესაძლებლობას.

46. ამ მხრივ, მიჩნეულია, რომ კონკურენტულ ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს, რომლებიც შეზღუდული არიან კონკრეტული ნაწარმის საბაზრო ფასით, როგორც წესი, არ გააჩნიათ მისი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის მიზეზი, რადგან აღნიშნული ფინანსურად არამომგებიანია მათთვის. თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ეკონომიკურ აგენტებს შესაძლებელია, მაინც ჰქონდეთ დანახარჯებზე ხარჯებზე დაბალ ფასად ნაწარმის რეალიზაციის ლეგიტიმური ეკონომიკური ინტერესი. შესაბამისად, ბაზარზე საქონლის შეთავაზება თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, შესაძლებელია, განპირობებული იყოს არა კონკურენტი ეკონომიკური აგენტისათვის ზიანის მიყენებისა და საბაზრო სეგმენტიდან განდევნის მოტივით, არამედ გააჩნდეს რაციონალური ეკონომიკური ახსნა და ეფუძნებოდეს ობიექტურად არსებულ ლეგიტიმურ ბიზნეს საჭიროებებს. ამგვარად, გარკვეულ შემთხვევებში (მაგ., როდესაც ნაწარმის სარეალიზაციო ფასი ნაკლებია საშუალო მთლიან დანახარჯზე, მაგრამ მეტია საშუალო ცვლად დანახარჯზე), მარტოოდენ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ნაწარმის რეალიზაციის ფაქტზე მითითება არ არის თვითკმარი არასამართლიანი ფასების, ე. წ. დემპინგური პოლიტიკის არსებობის დადასტურებისათვის, რამდენადაც კვლავ არსებობს ეკონომიკური აგენტების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების, ჯანსაღი კონკურენციის შესაბამისად, ფინანსური სარგებლიანობის დასაბუთების შესაძლებლობა. ამდენად, თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ნაწარმის რეალიზაციის ნებისმიერი შემთხვევა მარტოოდენ ფასზე მითითებით არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს არასამართლიანად. სამეწარმეო თავისუფლებისა და კონკურენციის წესების დარღვევას არ აქვს ადგილი, როდესაც ეკონომიკური აგენტი მოქმედებს მართლზომიერი ეკონომიკური ინტერესებით, ცდილობს, დაადგინოს შესაბამისი ნაწარმის ოპტიმალური სარეალიზაციო ფასი და უზრუნველყოს წარმოების დადებითი დაფარვის ზღვარი. ამგვარად, ეკონომიკური აგენტის მიერ დანახარჯებზე დაბალი ფასების დაწესება prima facie არ არის ჯანსაღი კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედება.

47. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მაგ., როდესაც დანახარჯები აღემატება საშუალო ცვლად დანახარჯებს, ეკონომიკურ აგენტს, საკუთარი ბიზნეს სტრატეგიებიდან და საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ლეგიტიმურად უღირდეს მოკლევადიან პერსპექტივაში ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია იმ მოტივით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იგი ხსენებულ დანაკარგს აინაზღაურებს (ბუნებრივია, აღნიშნული არ გულისხმობს კონკურენტი ეკონომიკური აგენტების გაკოტრების, ბაზრიდან განდევნის ხარჯზე ანაზღაურებას). ამგვარი შემთხვევები შესაძლებელია, მაშინ წარმოიშვას, როდესაც ეკონომიკური აგენტი ცდილობს ბაზარზე შესვლას, გეგმავს გარკვეული ტიპის აქციებს საკუთარი ცნობადობის ამაღლებისათვის და ა. შ.. გარდა აღნიშნულისა, ეკონომიკურ აგენტს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის ლეგიტიმური ეკონომიკური ინტერესი შესაძლებელია, გააჩნდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც შესაბამისი ნაწარმი განიცდის გადაფასებას, მოძველებას ან ვერ პასუხობს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს და ეკონომიკურ აგენტს სურს აღნიშნული პროდუქციის მარაგის სრული რეალიზაცია, რაც განაპირობებს ნაწარმის რეალურ ღირებულებად რეალიზაციის აუცილებლობას, რომელიც შესაძლებელია მის თვითღირებულებაზე ნაკლები იყოს. კონკრეტული ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას ლეგიტიმური ეკონომიკური გამართლება შესაძლებელია, ჰქონდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეკონომიკურ აგენტს სურს ახალი პროდუქციის ხაზების გაშვება ან არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც დაადასტურებდა კონკურენტი ეკონომიკური აგენტის ლეგიტიმურ ეკონომიკურ ინტერესს და გამორიცხავდა სხვა კონკურენტი ეკონომიკური აგენტისათვის არასამართლიანი ფასების დაწესების და, ამ თვალსაზრისით, ზიანის მიყენების მიზანს. ამგვარ შემთხვევებში ნაწარმის ღირებულების კონკურენტული ბაზრის საწინააღმდეგოდ მიჩნევისათვის, აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, შესაბამისი ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის ვადა, ამგვარი ფასით რეალიზებული ნაწარმის მოცულობა/რაოდენობა, და სხვ.. გარდა ამისა, საჭიროა, დადასტურდეს, რომ ეკონომიკური აგენტის მიერ ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია მიზნად ისახავს არალეგიტიმური გზებით კონკურენტი ეკონომიკური აგენტის კონკურენტუნარიანობის დაქვეითებას, ბაზრიდან განდევნას და ამ გზით მისთვის ზიანის მიყენებას.

48. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა გამორიცხავს თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის ნებისმიერ შესაძლებლობას, განურჩევლად იმისა, გააჩნია თუ არა თამბაქოს ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის კანონიერი ეკონომიკური ინტერესი. გასაჩივრებული ნორმა იმპერატიულად გამორიცხავს თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მაგ., მართალია თამბაქოს ნაწარმის სარეალიზაციო ფასი თვითღირებულებაზე დაბალია, მაგრამ აღემატება საშუალო ცვლად დანახარჯებს და დანახარჯებზე დაბალ ფასად მისი რეალიზაცია ნაკარნახევია ეკონომიკური აგენტის ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესებით, არის ეკონომიკურად დასაბუთებადი და გამართლებადია ქმედების ობიექტური აუცილებლობით.

49. როგორც უკვე აღინიშნა, თამბაქოს ბაზარზე თავისუფალი მეწარმეობისა და ჯანსაღი კონკურენციის გარანტირებისა და ბაზრის სტაბილურობის დაცვისათვის აუცილებელია, გამორიცხული იყოს თამბაქოს ნაწარმზე ფასწარმოქმნის მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის ინტერესების საწინააღმდეგო მეთოდები. საპირისპიროდ, სადავო ნორმა კრძალავს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეკონომიკურ აგენტს გააჩნია მართლზომიერი ბიზნეს ინტერესები (მაგ., როგორც აღინიშნა, ამგვარი შემთხვევა შეიძლება არსებობდეს, როდესაც ნაწარმის სარეალიზაციო ფასი ნაკლებია საშუალო მთლიან დანახარჯზე, მაგრამ მეტია საშუალო ცვლად დანახარჯზე) და, ამ თვალსაზრისით, იმაზე მეტად ზღუდავს ეკონომიკური აგენტის მეწარმეობის თავისუფლების უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნების უზრუნველყოფისათვის.

50. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების „ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მართლზომიერი ეკონომიკური ინტერესების არსებობისას კრძალავს თამბაქოს ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის მიერ ამავე ბაზარზე მოქმედ მეორე ეკონომიკურ აგენტზე თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. კონსტიტუციური სარჩელი №876 („ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს და საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების „ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მართლზომიერი ეკონიმიკური ინტერესის არსებობისას კრძალავს თამბაქოს ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის მიერ ამავე ბაზარზე მოქმედ მეორე ეკონომიკურ აგენტზე თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას.

2. არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე