საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 257
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2022
ძალაში შესვლის თარიღი 31/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023468
257
16/05/2022
ვებგვერდი, 18/05/2022
300160070.10.003.023468
საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №257

2022 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-9 − მე-13 პუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 31 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი − საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „ტექნიკური რეგლამენტი − საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების შესახებ“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ვრცელდება თამბაქოს ნაწარმსა და მის შეფუთვაზე, გარდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თამბაქოს ნაწარმისა.

2. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე, გარდა შეფუთვის იმ ნაწილისა, რომელიც უკავია სამედიცინო გაფრთხილებებს.

3. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება შეფუთვის ნებისმიერ ელემენტზე, გარდა კანონით დაშვებული აქციზური მარკისა.

4. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება თამბაქოს ნაწარმის წარმოებასთან, იმპორტთან ან რეალიზაციასთან დაკავშირებულ პირებზე.

მუხლი 2. ტერმინების განმარტება

ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1. ბრენდის სახელი − თამბაქოს ცალკეულ ნაწარმებთან მიმართებით ნიშნავს პირველად სახელს, რომლითაც ეს ნაწარმი არის ცნობილი.

2. ვარიანტის სახელი − თამბაქოს ნაწარმის სახელი, რომლითაც ერთისა და იმავე ბრენდის სხვადასხვა ნაწარმი განირჩევა ერთმანეთისგან.

3. კალიბრაციის ნიშანი − აღნიშნავს ნიშანს, რომელიც გამოიყენება მხოლოდ შეფუთვის ავტომატური წარმოებისათვის.

4. ყუთი − ნებისმიერი კონტეინერი, რომელშიც მოთავსებულია უფრო მცირე კონტეინერ(ებ)ი ან ერთეული კოლოფი ან კოლოფები, რომელშიც უშუალოდ დევს თამბაქოს ნაწარმი.

5. დამახასიათებელი სურნელი − ნიშნავს სპეციფიკურ სუნს ან გემოს, გარდა თამბაქოს სუნისა ან გემოსი, რომელიც:

ა) წარმოიქმნება დანამატის ან დანამატების კომბინაციისგან, მათ შორის, ხილი, სანელებელი, ბალახი, ალკოჰოლი, კანფეტი, მენთოლი, ვანილი ან სხვა;

ბ) იგრძნობა თამბაქოს ნაწარმის მოხმარებამდე ან მოხმარებისას.

6. ელექტრონული სიგარეტი − პროდუქტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანის პირისთვის განკუთვნილი მოწყობილობით ნიკოტინის შემცველი აეროზოლის მოხმარებისთვის ან ამ პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტი, კარტრიჯისა და ავზის ჩათვლით, ან მოწყობილობა კარტრიჯის ან ავზის გარეშე. ელექტრონული სიგარეტი შეიძლება იყოს ერთჯერადი გამოყენების ან მრავალჯერადი გამოყენების  (კონტეინერისა და ავზის მეშვეობით შესავსები ან ერთჯერადი მოხმარების კარტრიჯის მეშვეობით დასატენი).

7. თამბაქოს ნაწარმი − თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნაწარმი (გარდა ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებისა), რომელიც განკუთვნილია მოსაწევად, დასაღეჭად, საწუწნად ან შესასუნთქად, მათ შორის:

ა) ფილტრიანი სიგარეტი, უფილტრო სიგარეტი;

ბ) პაპიროსი, სიგარა, სიგარილა;

გ) საჩიბუხე თამბაქო, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო;

დ) შესახვევი თუთუნი;

ე) დასაღეჭი თამბაქო, საწუწნი თამბაქო, შესასუნთქი თამბაქო;

ვ) ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალა/კარტრიჯი/კაფსულა;

ზ) თამბაქოს ახალი ნაწარმი − თამბაქოს შემცველი პროდუქტი, რომელიც არ შედის ამ პუნქტით განსაზღვრული თამბაქოს ნაწარმის არცერთ სხვა კატეგორიაში;

თ) თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები;

ი) გასახურებელი თამბაქო.

8. სიგარა − თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი სახის გრაგნილი ან მილისებრი აგებულების კონსტრუქცია, რომელიც გახვეულია თამბაქოს ფოთოლში ან თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველ სხვა მასალაში და მისი დიამეტრი არის 1,2 სმ-ზე მეტი, ხოლო მისი წონა აღემატება 3 გრამს.

9. სიგარილა − თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი სახის გრაგნილი ან მილისებრი აგებულების კონსტრუქცია, რომელიც გახვეულია თამბაქოს ფოთოლში ან თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველ სხვა მასალაში და მისი დიამეტრი არ აღემატება 1,2 სანტიმეტრს, ხოლო მისი წონა არ აღემატება 3 გრამს.

10. არმოსაწევი თამბაქო − თამბაქოს ნაწარმი, რომელიც არ არის განკუთვნილი მოსაწევად; კერძოდ, დასაღეჭი, საწუწნი ან შესასუნთქი თამბაქო.

11. გადასახსნელი − ერთეული კუბოიდური კოლოფის გახსნა, როცა კოლოფის თავი, განთავსებული მის ზედა ნაწილში, გადაეკიდება კოლოფის უკან. გახსნის დიაგრამა −  იხ. №1 დანართი.

12. სამედიცინო გაფრთხილება − სამედიცინო გაფრთხილება თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ, გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამის პიქტოგრამას.

13. ერთეული შეფუთვა − ნებისმიერი კონტეინერი ან კოლოფი, რომელშიც უშუალოდაა განთავსებული თამბაქოს ნაწარმი.

14. პარკი − შესახვევი თუთუნის ერთეული შეფუთვა, რომელიც დამზადებულია მოქნილი მასალისაგან, არის მართკუთხა ფორმის და გახსნისთვის აქვს ხვრელი, რომელიც იღება და იკეტება მაწებარა დასაფარებელი ფარფლით.

15. შეფუთვა − ნიშნავს:

ა) ნებისმიერ კოლოფს, ყუთს, პაკეტს, პარკს, ქილას, ჩანთას, ტომარას, ტუბს ან სხვა კონტეინერს, რომელშიც მოთავსებულია თამბაქოს ნაწარმი;

ბ) ნებისმიერი შესახვევი ან გარსი, რომელიც გამოიყენება თამბაქოს ნაწარმის გარე შეხვევისთვის;

გ) ნებისმიერი მასალა, რომელიც მიკრულია ან თან აქვს თამბაქოს ნაწარმს ან ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საგნებს.

16. გარსი − თამბაქოს კოლოფის ან სხვა პაკეტის გარე გამჭვირვალე შეფუთვა.

17. გარე ზედაპირი − ნებისმიერი ზედაპირი, რომელიც ხილულია თამბაქოს შეფუთვის გახსნამდე. პარკის ფორმის შეფუთვის შემთხვევაში, ის აგრეთვე მოიცავს პარკის ზედაპირს, რომელიც იფარება ფარფლით.

18. შიდა ზედაპირი − ზედაპირი, გარდა გარე ზედაპირისა.

19. ჩანართი − კუბოიდური კოლოფის ფორმის ერთეული შეფუთვის შიგნით, გადასახსნელის წინა მხარეს მოთავსებული მყარი მუყაო. შესახვევი თუთუნის, თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენების ერთეული შეფუთვისთვის, ამ შეფუთვის ხელახლა დაკეტვისთვის საჭირო დამატება.

მუხლი 3. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა

1. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ნებისმიერ შეფუთვაზე, რომლითაც ხდება ან განსაზღვრულია, რომ მოხდეს, მომხმარებელზე თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა, მისი შევსება ან გავრცელება.

2. აკრძალულია ისეთი თამბაქოს ნაწარმის წარმოება, რეალიზაცია ან იმპორტი, რომელიც:

ა) არ არის შეფუთული საქართველოს კანონმდებლობითა და  ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით;

ბ) სიგარეტის ღერები არ აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებს;

გ) თუკი შეფუთვაში დევს იმ რაოდენობის ან წონის თამბაქოს ნაწარმი, რომელიც არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

მუხლი 4. შეფუთვის ფერი

1. თამბაქოს ნაწარმის გარე ზედაპირი უნდა იყოს პანტონი 448C ფერის, მქრქალი დაბოლოებით.

2. შეფუთვის შიდა ზედაპირის (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეფუთვისა) ფერი უნდა იყოს თეთრი (ან პანტონი 448C) მქრქალი დაბოლოებით.

3. ცილინდრის, ქილის ან ტუბის ფორმის შეფუთვის შიდა ზედაპირი შეიძლება იყოს იმ მასალის ბუნებრივი ფერის, რომლითაც დამზადებულია ეს შეფუთვა.

4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით დაშვებულ წარწერებზე;

ბ) ბარკოდზე ან კალიბრაციის ნიშნებზე, რომლებიც განსაზღვრულია ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით;

გ) ფოლგაზე ან სხვა ჩასაფენ მასალაზე, რომელიც განსაზღვრულია ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლით;

დ) ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლით განსაზღვრულ გარსზე.

მუხლი 5. დაშვებული წარწერები და ნიშნები

1. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გარე ზედაპირზე შეიძლება იყოს მხოლოდ  შემდეგი წარწერები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაცულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი პირობები წარწერების ბუნებისა და განლაგების შესახებ:

ა) თამბაქოს ნაწარმის ბრენდის სახელი ან/და ვარიანტის სახელი;

ბ) თამბაქოს მწარმოებლის სახელი და მისამართი, ტელეფონის ნომერი, მწარმოებელი ქვეყნის სახელი;

გ) სიგარეტების, სიგარების ან სიგარილების შეფუთვაზე შეფუთვაში განთავსებული ნაწარმის ღერების რაოდენობის რიცხობრივი წარწერა, რომელსაც მოსდევს სიტყვა „ღერი“, აგრეთვე სიტყვა „ფილტრიანი“ ან „უფილტრო“ და სიტყვა „სიგარეტი“ ან „სიგარა“ ან „სიგარილა“, ნაწარმის შესაბამისად;

დ) სხვა თამბაქოს შემთხვევაში, თამბაქოს წონის შესახებ რიცხობრივი წარწერა, რომელსაც მოსდევს წონის ერთეულის გრამის აბრევიატურა „გ“ და მოხმარების სახეობის მიხედვით სიტყვები: „შესახვევი თუთუნი“, ან „საჩიბუხე თამბაქო“ ან „ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო“ ან „საწუწნი თამბაქო“, ან „შესასუნთქი თამბაქო“ ან „დასაღეჭი თამბაქო“, ან „თამბაქოს ნედლეული“ ან „თამბაქოს ნარჩენები“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წარწერა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ პირობებს:

ა) შესრულებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, სილფაენის შრიფტით, ან აფხაზურის გამოყენების შემთხვევაში − არმას შრიფტით, ნორმალური, რეგულარული ტიპით გამუქებული;

ბ) წარწერა არ უნდა მოიცავდეს რამე ნიშანს, რომელიც არ არის ალფაბეტური, რიცხობრივი ან ამპერსანდი;

გ) წარწერის ფერი უნდა იყოს პანტონი ღია რუხი 2C მქრქალი დაბოლოებით;

დ) ბრენდის სახელი არ უნდა იყოს 14 ერთეულზე, ხოლო ვარიანტის სახელი 10 ერთეულზე დიდი ზომის შრიფტი;

ე) რაოდენობის ან წონის შესახებ წარწერა არ უნდა იყოს 10 ერთეულზე დიდი ზომის შრიფტი ერთეულ შეფუთვაზე და 14 ერთეულზე დიდი ზომის შრიფტი დიდი ზომის ყუთზე;

ვ) მწარმოებლის სახელი და მისამართი, მწარმოებელი ქვეყნის სახელი არ უნდა იყოს 10 ერთეულზე დიდი ზომის შრიფტი.

3. წარწერების განლაგება უნდა მოხდეს შემდეგი წესით:

ა) ბრენდისა და ვარიანტის სახელი არ შეიძლება, იკავებდეს 1 სტრიქონზე მეტს თითოეული, ხოლო თუკი სრულდება აფხაზურ ენაზეც, მაშინ თითოეულ ენაზე თითო სტრიქონი ბრენდის სახელისა და ვარიანტის სახელისთვის;

ბ) ვარიანტის სახელი განთავსებული უნდა იყოს უშუალოდ ბრენდის სახელის ქვემოთ;

გ) ბრენდისა და ვარიანტის სახელები უნდა განლაგდეს იმ ზედაპირის ცენტრში, რომელზეც იბეჭდება მათი წარწერა და როცა იბეჭდება იმ გვერდზე, რომელზეც განთავსებულია სამედიცინო გაფრთხილება, მათი წარწერის ორიენტაცია უნდა იყოს ისეთივე, როგორიცაა სამედიცინო გაფრთხილების წარწერები;

დ) ბრენდისა და ვარიანტის სახელი შეიძლება დაბეჭდილი იყოს:

დ.ა) იმ შეფუთვაზე, რომელიც კუბოიდური ფორმისაა, მხოლოდ დიდ წინა გარე ზედაპირსა და, აგრეთვე, ორივე უმცირეს გვერდზე;

დ.ბ) სხვა სახის შეფუთვის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს კუბოიდური ფორმა, იწერება გარე ზედაპირზე მხოლოდ 2-ჯერ, მაგრამ უნდა იყოს ერთ ზედაპირზე მხოლოდ ერთხელ დაწერილი;

ე) მწარმოებლის სახელი და მისამართი, მწარმოებელი ქვეყნის სახელი შეიძლება განლაგდეს მხოლოდ ლატერალურ (გვერდითა) გვერდზე და უნდა დაიწეროს მხოლოდ ერთხელ, ხოლო თუკი სრულდება აფხაზურ ენაზეც, მაშინ თითოეულ ენაზე თითოჯერ;

ვ) თამბაქოს ნაწარმის რაოდენობის ან წონის შესახებ წარწერა შეიძლება განთავსდეს  წინა ან ლატერალურ (გვერდითა) ზედაპირზე და დაიწეროს მხოლოდ ერთხელ, ხოლო თუკი სრულდება აფხაზურ ენაზეც, მაშინ თითოეულ ენაზე თითოჯერ;

ზ) ამ მუხლით დაშვებულმა არცერთმა წარწერამ არ შეიძლება  დაფაროს სამედიცინო გაფრთხილება, აქციზური მარკა ან ტექნიკური რეგლამენტით მოთხოვნილი სხვა წარწერა ან ნიშანი.

4. ერთეული შეფუთვის ან ყუთის გარე ზედაპირზე შეიძლება იყოს ბარკოდი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მისი დატანის მიზანია მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის, განაწილების ან მარაგის კონტროლის ხელშეწყობა;

ბ) არის თეთრი და შავი ფერის;

გ) შეფუთვაზე გვხვდება მხოლოდ ერთხელ;

დ) არ არის განლაგებული წინა დიდ გარე ზედაპირზე;

ე) ბარკოდი არ ქმნის სურათს, იმიჯს, სიმბოლოს, კვალს, თარგს, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნეს სხვაგვარად, გარდა თავად ბარკოდისა.

5. შეფუთვის გარე ან შიდა ზედაპირებზე შეიძლება დაბეჭდილი იყოს კალიბრაციის ნიშანი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს არის შეუმჩნეველი, რამდენადაც შესაძლებელია და არ არის წინა დიდ გარე ზედაპირზე.

მუხლი 6. ზედაპირები, ხმა, სურნელი და ჩანართი

თამბაქოს ნაწარმის შეფუთვას:

ა) ზედაპირები უნდა ჰქონდეს სწორი და გლუვი და არ უნდა ჰქონდეს რაიმე დეკორატიული ამოზნექილობა, ჩაზნექილობა, ხაოები ზედაპირზე ან ფაქტურაში;

ბ) არ უნდა ჰქონდეს რაიმე მისაკრავი, რომელიც არის ფერადი და გაუმჭვირვალე, გარდა საქართველოს კანონით დადგენილი აქციზური მარკისა;

გ) არ უნდა ჰქონდეს მიკრული საგნები ან სხვა მასალა. ეს ქვეპუნქტი არ ეხება:

გ.ა) შესახვევი თუთუნის შესახვევ ქაღალდს ან ფილტრს;

გ.ბ) ბარკოდებს, რომლებიც მიკრულია როგორც სტიკერი და რომლებიც შესაბამისობაშია ტექნიკურ რეგლამენტთან;

გ.გ) ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლით დადგენილ სტიკერებს;

გ.დ) ჩანართს, რომელიც კუბოიდური ფორმის კოლოფში არსებობის შემთხვევაში დამზადებული უნდა იყოს მყარი მუყაოსგან, მისი გარე ზედაპირი უნდა იყოს გლუვი და პანტონი 448C ფერის, მქრქალი დაბოლოებით, ხოლო შიდა ზედაპირი უნდა იყოს თეთრი და მასზე არ უნდა იყოს დატანილი რაიმე წარწერა ან/და ვიზუალი;

გ.ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ აქციზურ მარკებს;

გ.ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს;

დ) არ უნდა ჰქონდეს რაიმე ელემენტი, რომელიც იცვლება ნაწარმის საცალო გაყიდვის შემდეგ, მათ შორის:

დ.ა) ტემპერატურის მგრძნობიარე მელანი;

დ.ბ) მელანი, რომელიც ჩნდება დროთა განმავლობაში;

დ.გ) ფლუორესცენციული მელანი ან მელანი, რომელიც ჩნდება გარკვეული სახის ნათების შემდეგ;

დ.დ) მოსაძრობი ფარფლები ან მსგავსი საგნები;

დ.ე) შესანახი/შესაფუთი ან გადასაფურცლი ელემენტები;

ე) არ უნდა ჰქონდეს რაიმე ელემენტი, რომელიც გამოსცემს სპეციფიკურ ხმას ან აქვს დამახასიათებელი სურნელი, გარდა იმისა, რაც, ჩვეულებრივ, თან ახლავს თამბაქოს ნაწარმის შეფუთვას.

მუხლი 7. ჩასაფენი და ფოლგა

1. თუ სიგარეტის ერთეული შეფუთვა შეიცავს ჩასაფენს, ის უნდა იყოს ვერცხლისფერი ფოლგა, თეთრი ფურცლით შიდა ზედაპირზე, ტონების ვარიაციის ან ფოლგის ჩრდილის გარეშე.

2. ერთეული შეფუთვის ჩასაფენი არ უნდა იყოს დამზადებული იმგვარად, რომ წარმოადგენდეს ცალკე მოცილებად კონტეინერს.

3. თუკი შესახვევი თუთუნის, თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენების ერთეული შეფუთვა ჩასაფენის სახით შეიცავს ფოლგას, იგი უნდა იყოს ვერცხლისფერი, ტონებისა და ჩრდილების ვარიაციის გარეშე.

4. ნებისმიერ ჩასაფენ ფოლგას, რომელიც აღნიშნულია ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში, შეიძლება ჰქონდეს ფაქტურა ან ხაო და წერტილები მის ზედაპირზე ავტომატური წარმოების ან შეფუთვის მიზნებიდან გამომდინარე, თუკი ეს ფაქტურა ან ხაოიანი ზედაპირი არის უნიფიცირებული ზომის, ფორმისა და დაშორებისა ერთმანეთისაგან და არ ქმნის რაიმე იმიჯს ან თარგს.

5. თუკი შესახვევი თუთუნის, თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენების ერთეულ შეფუთვას აქვს ჩანართი, რომელიც განკუთვნილია მისი ხელახლა დაკეტვისთვის, ეს ჩანართი უნდა იყოს გამჭვირვალე და არ უნდა შეიცავდეს რაიმე ნიშანს.

მუხლი 8. გარსი

1. ერთეული შეფუთვა, რამდენიმე შეფუთვის შემცველი კონტეინერი ან ყუთი შეიძლება დაფარული იყოს გარსით, თუკი დაცულია შემდეგი პირობები:

ა) გარსი არის სუფთა და გამჭვირვალე;

ბ) გარსი არ არის ფერადი ან არ აქვს რაიმე ნიშანი;

გ) გარსის ზედაპირი არის გლუვი, სწორი და არ აქვს ხაოები ან ჩაზნექილობები/ამოზნექილობები.

2. ამ რეგლამენტით დაშვებული ბარკოდი შეიძლება განთავსებულ იქნეს გარსზე, მათ შორის, მაწებარა იარლიყის სახით, თუკი ეს არ არის გარსის ნაწილი, რომელიც ფარავს შეფუთვის წინა დიდ ზედაპირს და აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს.

3. გარსზე, რომელიც შემოკრულია და შეიცავს ერთზე მეტ შეფუთვას, შესაბამის ადგილას, ერთეული შეფუთვის ბარკოდის დაფარვისათვის შეიძლება ჰქონდეს შავი წრე ან მართკუთხედი.

4. გარსი შეიძლება შეიცავდეს გასახსნელ ხაზს, რომელიც არ უნდა იყოს 3 მილიმეტრზე მეტი სიგანისა, უნდა იყოს სუფთა და გამჭვირვალე ან სრულიად შავი ფერის, რომელიც ქმნის უწყვეტ, სწორ ხაზს.

მუხლი 9. მასალა, ფორმა, ზომა და შეფუთვის გახსნა

1. სიგარეტი:

ა) სიგარეტის ერთეული შეფუთვა, გარდა ჩასაფენისა და გარსისა, დამზადებული უნდა იყოს მხოლოდ მყარი მუყაოსაგან;

ბ) სიგარეტის ყუთი უნდა დამზადდეს მუყაოსაგან ან ქაღალდისაგან;

გ) სიგარეტის ერთეული შეფუთვის ან ყუთის ფორმა უნდა იყოს კუბოიდური, მართკუთხა ზედაპირებითა და სწორი გვერდებით. კიდე/წიბო შესაძლოა იყოს მომრგვალებული ან კუთხოვანი;

დ) სიგარეტის ერთეული შეფუთვის ზომებია:

დ.ა) სიმაღლე − არანაკლებ 64 მმ-ისა;

დ.ბ) სიგანე − არანაკლებ 40 მმ-ისა;

დ.გ) სიღრმე − არანაკლებ 10 მმ-ისა;

ე) სიგარეტის შეფუთვის გახსნა უნდა ხდებოდეს მხოლოდ გადახსნით, შესაბამისი დიაგრამის (დანართი №1) მიხედვით. ღიობი უნდა იყოს შეფუთვის ზედა ნაწილში და ჰქონდეს სწორი კიდეები.

2. შესახვევი და არმოსაწევი თამბაქო − თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, შესახვევი ან არმოსაწევი თამბაქოს ნაწარმის ერთეული შეფუთვა შეიძლება იყოს მხოლოდ კუბოიდური, ტომრის ან ცილინდრის ფორმის. კუბოიდური შეფუთვის შემთხვევაში, მას უნდა ჰქონდეს მართკუთხა ფორმა და ზედაპირები სწორი კიდეებით, რომლებიც არ არის მომრგვალებული ან კუთხოვანი.

3. სიგარა:

ა) სიგარის ტუბი უნდა იყოს მყარი და ცილინდრული ფორმის, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ერთი ან ორი ბოლო მომრგვალებული ან წაკვეთილი;

ბ) სიგარის ტუბის გასაღები უნდა იყოს არანაკლებ 15 მმ დიამეტრისა.

მუხლი 10. არმოსაწევი თამბაქოს, სიგარისა და სიგარილას შეფუთვაზე სტიკერის გადაკვრა

დასაშვებია არმოსაწევი თამბაქოს ნაწარმის, სიგარისა და სიგარილას შეფუთვის გარე ზედაპირზე საქართველოს კანონმდებლობისა და ტექნიკური რეგლამენტის მე-4 − მე-6 მუხლების შესაბამისი მაწებარა სტიკერის გადაკვრა, რომელიც არ სცილდება შეფუთვას (არ სცილდება შეფუთვის არსებობის პერიოდში და მისი მოცილება შეუძლებელია სტიკერის ან შეფუთვის დაზიანების გარეშე), სრულად ფარავს შეფუთვის გარე ზედაპირის ყველა ნაწილს, გარდა კოლოფის იმ ნაწილსა, რომელზეც განლაგებულია სამედიცინო გაფრთხილებები. დაუშვებელია სამედიცინო გაფრთხილებების ან აქციზური მარკის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა. დაუშვებელია მაწებარა სტიკერის დაკვრა თამბაქოს ნაწარმის გარსზე.

მუხლი 11. ერთეული შეფუთვის შიგთავსი

1. სიგარეტები, თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები და შესახვევი თუთუნი საცალოდ უნდა გაიყიდოს მხოლოდ იმ შეფუთვით, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

2. სიგარეტის შეფუთვა არ უნდა შეიცავდეს 20 ღერზე მეტ ან ნაკლებ სიგარეტს.

3. საჩიბუხე თამბაქო, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო, შესახვევი თუთუნი, თამბაქოს ნედლეული და თამბაქოს ნარჩენები (გარდა თამბაქოს თხევადი ნაწარმისა) ერთეულ შეფუთვაში მოთავსებული უნდა იყოს 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის ოდენობით.

მუხლი 12. სიგარეტის ღერები

1. სიგარეტის ქაღალდის ფერი ან ჩრდილი ან სხვა მასალა, გამოყენებული შესახვევად, გარდა თავად თუთუნისა, უნდა იყოს თეთრი ფერის, მქრქალი დაბოლოებით.

2. ქაღალდი ან მასალა, რომლითაც იფარება სიგარეტის ბოლო, რომელიც არ არის განკუთვნილი დაწვისათვის/გახურებისათვის, უნდა იყოს თეთრი ფერის ან კორპის ხის (საცობის) ბუნებრივი ფერის იმიტაცია.

3. აკრძალულია სიგარეტის ღერზე რაიმე ნიშნის, სიმბოლოს ან წარწერის დატანა.

მუხლი 13. სიგარის ღერი

1. შესაძლებელია, ერთეულ სიგარას გარედან ჰქონდეს სახვევი. სიგარის ყველა სახვევის ფერი უნდა იყოს პანტონი 448C ფერის, მქრქალი დაბოლოებით.

2. სახვევი შეიძლება იყოს მაწებარა, რომელიც სრულად ფარავს სხვა სახვევს და არ არის ადვილად მოშორებადი.

3. სახვევზე შეიძლება დატანილ იქნეს შემდეგი წარწერა/ნიშანი:

ა) სიგარის ბრენდის სახელი და ვარიანტის სახელი;

ბ) მწარმოებელი ქვეყნის სახელი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული წარწერა/ნიშანი უნდა იყოს:

ა) პანტონი ღია რუხი 2C მქრქალი დაბოლოებით;

ბ) შესრულებული ქართულად, სილფაენის შრიფტით, ნორმალური, რეგულარული ტიპით გამუქებული;

გ) შრიფტი არ უნდა იყოს 10 ერთეულზე დიდი ზომის.

5. ბრენდის სახელი და ვარიანტის სახელი განლაგებული უნდა იყოს ჰორიზონტალურად, სახვევის გრძივი მხარის პარალელურად, იმგვარად, რომ გარს ერტყმის სიგარას.

6. დასაშვებია სიგარის სახვევზე ამ მუხლის პირველი − მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისი მაწებარა სტიკერის დატანა, რომელიც არ უნდა შორდებოდეს სახვევს.

მუხლი 14. ნიშნების, სავაჭრო ნიშნებისა და სხვადასხვა ტერმინის გამოყენების აკრძალვა

1. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე არ უნდა იყოს რაიმე სახის ნიშანი, ლოგო ან სავაჭრო ნიშანი, გარდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და  ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აქციზური მარკისა.

2. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დაბეჭდილი ბრენდის ან ვარიანტის სახელი ან ნებისმიერი სხვა წარწერა არ შეიძლება:

ა) ქმნიდეს შეცდომაში შემყვან შთაბეჭდილებას ნაწარმის მახასიათებლების, ჯანმრთელობის ეფექტების, რისკების ან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ ან იმაზე, თითქოს ეს პროდუქტი არის სხვა ნაწარმზე ნაკლებად საზიანო;

ბ) ახდენდეს ეკონომიკურ წახალისებას ვაუჩერების, შეთავაზებების ფასდაკლებების, უფასო გავრცელების, დამატებითი უფასო ან ფასდაკლებული ნაწარმის, „ორი − ერთის სანაცვლოდ“ ან მსგავსი შეთავაზებების შესახებ წარწერების გაკეთებით.

მუხლი 15. სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია

ამ ტექნიკურ რეგლამენტში ან მისი მეშვეობით არაფერი არ უნდა ახდენდეს:

ა) სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის აკრძალვას;

ბ) რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.

დანართი №1

გადასახსნელი

კუბოიდური შეფუთვის ზედა გადასახსნელი უნდა იხსნებოდეს ქვემოთ მოცემული დიაგრამის შესაბამისად