დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1997 წლის 12 აგვისტოს №473 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 537 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/10/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.130.000.11.118.005.553 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.11.118.005.553
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №537
2002 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შსს 1997 წლის 12 აგვისტოს №473 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს შსს 1997 წლის 12 აგვისტოს №473 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები (თან ერთვის).
2. შს საქალაქო, რაიონული სამმართველოების (განყოფილებების) უფროსებმა კომისიური წესით უზრუნველყონ:
ა) საქართველოს მოქალაქის და საქართველოში მცხოვრები უცხოელის რეგისტრაციის მოწმობების გაცემის აღრიცხვის ჟურნალებში (ფორმა №2.2. და ფორმა №2.3.) ბოლო ბლანკის გაცემის ფაქტის დაფიქსირება და ამ ჟურნალების შემდგომი წარმოების შეწყვეტა;
ბ) მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურში ნაშთად დარჩენილი რეგისტრაციის მოწმობის ბლანკების არსებული წესით განადგურება; ოქმის ერთი ეგზემპლარის საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნულ ბიუროში გადაგზავნა;
3. შსს ინფორმატიზაციის სამმართველომ საპასპორტო – სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროსთან ერთად უზრუნველყოს კომპიუტერულ პროგრამებსა და შესაბამის ინფორმაციულ ბაზებში ცვლილებების შეტანა და მათი ჩატვირთვა.
4. პირადობის, ბინადრობის მოწმობების ბლანკების მისაღები ახალი ტიპის განცხადება-ანკეტის ფორმის შემუშავებამდე ხმარებაში დარჩეს დებულების 7.9.1. პუნქტით გათვალისწინებული განცხადება-ანკეტის (ფორმა, №3 დანართი 6) ბლანკები.
5. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის ბლანკების (დანართი 3,პ.712) გაუქმებასთან დაკავშირებით საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნულმა ბიურომ ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს და საქართველოს შსს სამეურნეო და საფინანსო უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოს დასამზადებლად წარუდგინოს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის, ბინადრობის მოწმობის მიღებისა და რეგისტრაციაში გასატარებელი განცხადება-ანკეტის სპეციალური ბლანკის ნიმუში.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეურნეო და საფინანსო უზრუნველყოფის მთავარმა სამმართველომ უზრუნველყოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს მიერ წარდგენილი ნიმუშების სტამბური წესით, საჭირო რაოდენობით, უმოკლეს ვადაში დამზადება.
7. კონტროლი ბრძანების შესრულების მიმდინარეობაზე დაეკისროს საქართველოს შს მინისტრის მოადგილეს, პოლიციის გენერალ-მაიორ დ. თოდუას.
8. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.
კ. ნარჩემაშვილი
საქართველოს შსს 1997 წლის 12 აგვისტოს №473 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” შესატანი ცვლილებები და დამატებები
1) 1.1. პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რეგისტრაციის მოწმობისა და”.
2) 1.2. პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რეგისტრაციის მოწმობა და”.
3) 1.5. პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები “და შესაბამისი რეგისტრაციის მოწმობების გაცემას”.
4) 5.13. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პირადობის მოწმობის გაფორმებისას გრაფა „ეროვნება” არ შეივსება და იქ ჩაიბეჭდება პუნქტირით გამოსახული 1,5 სმ სიგრძის ხაზი, ხოლო გრაფა „მისამართი” შეივსება ქალაქის, რაიონის, სოფლის, ქუჩის, ბინის, სახლის ნომრის დასახელებით. ამასთან, ჩანაწერის შესრულების დროს დასაშვებია შემდეგი სახის შემოკლებები: რაიონი – „რ-ნი”, სოფელი – „ს”, დაბა – “დ” მიკრო-რაიონი – „მ/რ”, კვარტალი – „კვ”, კორპუსი – „კორპ.”, ბინა – „ბ”, სიტყვები „ზედა”, ქვედა”, “პატარა”, „დიდი” იწერება სრულად. სიტყვა „ქალაქი” ან ასო „ქ” მისამართის ჩაწერისას არ გამოიყენება.
მისამართის მითითების გარეშე პირის რეგისტრაციაში გატარებისას მისამართის აღმნიშვნელ გრაფაში შეიტანება ჩანაწერი „მისამართის გარეშე”.
5) 5.16. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბინადრობის მოწმობის გაფორმებისას გრაფა “მისამართი” შეივსება ამ დებულების 5.13. პუნქტის შესაბამისად.
6) დებულების მეშვიდე თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი 7. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში
მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია საცხოვრებელი
ადგილის მიხედვით”
7.1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი რეგისტრაციას გაივლის და ახალ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს მიიღებს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მას გააჩნია რამდენიმე საცხოვრებელი, ერთ-ერთის მიხედვით, რომელსაც იგი აირჩევს საცხოვრებლად.
7.2. 16 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები რეგისტრაციას გაივლიან მშობლებლთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. მათგან დამოუკიდებლად რეგისტრაციაში გატარება დასაშვებია მხოლოდ ზემოთხსენებული პირთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
7.3. კონფლიქტებისა და სტიქიური უბედურების ზონებიდან იძულებით გადაადგილებულ და იქ საცხოვრებლად დარჩენილ პირთა რეგისტრაციაში გატარება და მათზე ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა წარმოებს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, იმ შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ, რომლებსაც ეს დავალებული აქვთ.
7.4. საცხოვრებელი ადგილის სამ თვეზე მეტი ვადით შეცვლისას საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებულია ათ დღეში აცნობოს ამის შესახებ ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის შინაგან საქმეთა ორგანოს, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით, ხუთ დღეში გაატარებს მას რეგისტრაციაში და გამოუცვლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
პირები, რომლებიც არ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს, ექვემდებარებიან პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით.
7.5. პირი, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას გაივლის იმ ქალაქის, რაიონის, დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იგი ფაქტობრივად იმყოფება.
მისამართის გარეშე რეგისტრაციაში გატარებული პირი ვალდებულია ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოცხადდეს შინაგან საქმეთა იმ ორგანოში, სადაც ის არის რეგისტრირებული. მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური ვალდებულია აღრიცხოს ყველა ასეთი გამოცხადება სპეციალურად შემოღებულ ჟურნალში (ფორმა №12.1., დანართი №34) შესაბამისი ჩანაწერის შეტანით.
პირი, რომელიც არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, ექვემდებარება პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობით.
7.6. საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს რეგისტრაციისათვის ევალებათ:
ა) თავიანთ საკუთრებაში არსებულ საცხოვრისში რეგისტრაციაში გატარებისას შესაბამის შინაგან საქმეთა ორგანოში, განცხადებასთან (ფორმა №1) ერთად წარადგინონ პირადობისა და საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) სხვის საკუთრებაში არსებულ საცხოვრისში რეგისტრაციის შემთხვევაში შესაბამის შინაგან საქმეთა ორგანოში განცხადებასთან (ფორმა №1) ერთად წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და საცხოვრისის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა (ფორმა №17), ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ საცხოვრისში რეგისტრაციისას – დამქირავებლის წერილობითი თანხმობა სანოტარო წესით დამოწმების გარეშე.
7.7. 16 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ერთად რეგისტრაციაში გასატარებლად მშობელი, მეურვე, მზრუნველი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი წარადგენს ამ პირის დაბადების მოწმობას, მეურვეობის მოწმობას, ხოლო მათი დამოუკიდებლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, დამატებით, ზემოთ ხსენებულ პირთა წერილობით თანხმობას. დაბადების მოწმობის დედანი ასლთან შედარებისა და სათანადო აღნიშვნის შემდეგ უბრუნდება მფლობელს.
7.8. რეგისტრაციაში გატარების მიზნით პირის შინაგან საქმეთა ორგანოში გამოცხადებისას მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის თანამდებობის პირი ვალდებულია:
7.8.1. გარკვევით, სრულყოფილად და შესწორება გადაშლის გარეშე, შეავსებინოს საბუთების წარმომდგენ პირს განცხადება-ანკეტის (ფორმა №1 და ფორმა №3) 1-9 გრაფები, რომლებშიც მის შესახებ მონაცემთან ერთად მიეთითება წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია, ნომერი, გაცემის თარიღი და გამცემი ორგანოს დასახელება. თუ საბუთების წარმომდგენ პირს, ობიექტური მიზეზით არ შეუძლია დასახელებული გრაფების სწორად შეთვისება, ასეთს გააკეთებს მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის თანამდებობის პირი, რაც შეეხება განცხადება-ანკეტის მე-10 გრაფას, აქ ხელმოწერა შესრულდება უშუალოდ რეგისტრაციაში გასატარებელი პირის მიერ;
7.8.2. საფუძლიანად შეისწავლოს პირის მიერ წარმოდგენილი საბუთები და ყურადღებით დააკვირდეს, ხომ არ შეიმჩნევა მათში ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის კვალი. საჭიროების შემთხვევაში გადაამოწმოს პირადობის დამადასტურებელი ან სხვა საეჭვო საბუთების კანონიერება. დაადგინოს, ერიცხება თუ არა წარმოდგენილი დოკუმენტების სერიები და ნომრები იმ ორგანოს, რომელიც მის გამცემადაა დასახელებული.
მონაცემების გაყალბების, ფოტოსურათის შეცვლის ან სხვა დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში, შეაჩეროს პირის რეგისტრაცია და აღნიშნულის შესახებ, პატაკით, დაუყოვნებლივ მოახსენოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსს შემდგომი რეაგირებისათვის;
7.8.3. განცხადება-ანკეტის მე-2 პარაგრაფში თავისი ხელმოწერითა და თარიღის დასმით, დაამოწმოს საბუთების მიღება და მათში მითითებული მონაცემების სისწორე;
7.8.4. გაატაროს შესაბამის სააღრიცხვო ჟურნალში (ფორმა №1.1., დანართი 23) განცხადება-ანკეტა და შეიტანოს სათანადო აღნიშვნები მის მე-3 პარაგრაფში;
7.8.5. პირის რეგისტრაციაში გასატარებლად საჭირო პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი მონაცემების უკმარისობის ან წარმოდგენილი საბუთების სისწორეში საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ამ დებულების 2.3 და 2.4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით მოპოვებული მონაცემებით გააფორმოს სათანადო დასკვნა (ფორმა №14) დაურთოს მას მასალები და დასამტკიცებლად წარუდგინოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსს.
7.9. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მიღებული გადაწყვეტილების სისწორეზე იგი ვალდებულია უზრუნველყოს:
7.9.1. დადგენილი მონაცემების საფუძვლიანობის შესწავლა და გადამოწმება;
7.9.2. განცხადება-ანკეტის (ფორმა №3) მე-2 პარაგრაფში რეგისტრაციის შტამპის (ფორმა № 6) დასმა, პირის რეგისტრაციის გაფორმება მისამართზე, რომელიც საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტში ან საცხოვრისის მესაკუთრის წერილობით თანხმობაშია (ფორმა №17) მითითებული;
7.9.3. რეგისტრაციაში გატარებულ საქართველოს მოქალაქეებზე და უცხოელებზე ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა ამ დებულების 5.5.-5.17. პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. ჩაბარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღრიცხვა როგორც გაუქმებული (ძალადაკარგული) და მათი განადგურება დადგენილი წესით;
7.9.4. პირის რეგისტრაციაში გატარებიდან 3 დღის ვადაში ამის შესახებ შეტყობინების (ფორმა №7) გაგზავნა შინაგან საქმეთა იმ ორგანოში, სადაც პირი ადრე იყო რეგისტრირებული და ამ უკანასკნელმა მიღებიდან ერთი დღის ვადაში, პირის მოხსნა რეგისტრაციიდან დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
7.9.5. პირის რეგისტრაციაში გატარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო-სამისამართო განყოფილებასა და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ადგილობრივ ორგანოში შევსებული რეგისტრაციის ბარათი (ფორმა №4) გაგზავნა.
16 წლამდე ასაკის ბავშვთა დამოუკიდებლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში რეგისტრაციის ბარათების (ფორმა №4) ანალოგიური წესით გაგზავნა და დასახელებული ბარათის დანიშნულებისამებრ გაგზავნის აღრიცხვა შესაბამის ჟურნალში (ფორმა №4.6., დანართი 28);
7.9.6. სამხედრო ვალდებული პირის რეგისტრაციაში გატარებიდან 10 დღის ვადაში ამის შესახებ სათანადო შეტყობინების (ფორმა №8 გაგზავნა შესაბამის სამხედრო კომისარიატში;
7.10. საცხოვრებელი ადგილის შეუცვლილად პირის რეგისტრაციაში გატარებისას განცხადება-ანკეტაში (ფორმა №1) და სარეგისტრაციო ბარათში (ფორმა №4) დასმულ შტამპზე (ფორმა №6) რეგისტრაციის თარიღად მიეთითება მის აღნიშნულ მისამართზე პირველადი რეგისტრაციის წელი, თვე და რიცხვი, ხოლო ხელახალი რეგისტრაციის თარიღად ჩაითვლება პირადობის, ბინადრობის მოწმობის გაცემის წელი, თვე და რიცხვი.
7) 8.5.4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები“ და რეგისტრაციის მოწმობები”.
8) მეცხრე თავის სათაურიდან და 9.1. და 9.7. პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები “და რეგისტრაციის მოწმობის”.
9) 11.1. პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები“ და რეგისტრაციის მოწმობების”.
10) 12.1.5. პუნქტში სიტყვები „მოწმობის შეცვლისას შეიცვალოს სიტყვებით „განხორციელებისას”.
11) ფორმა № 4-ში (დანართი 7) ამოღებულ იქნეს სიტყვები „და გაცემულია რეგისტრაციის მოწმობა”.
12) ფორმა №5-ში (დანართი 8) ამოღებულ იქნეს სიტყვები რეგისტრაციის მოწმობა”.
13) ფორმა№ 16-ში (დანართი 20) მეოთხე პარაგრაფში სიტყვები „რეგისტრაციის მოწმობა” შეიცვალოს სიტყვებით „პირადობის მოწმობა”. იქვე, მეხუთე პარაგრაფში სიტყვები „რეგისტრაციის მოწმობა” შეიცვალოს სიტყვებით „ბინადრობის მოწმობა”.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები