„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1567-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010170000.05.001.020562
1567-VIIIმს-Xმპ
11/05/2022
ვებგვერდი, 17/05/2022
010170000.05.001.020562
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.12.2016, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.018235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თავშესაფრის მაძიებელი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, გარდა ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად მიიჩნევა მხოლოდ ამ კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ამ აქტის გამოცემის მომენტიდან;“.

2. 35-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრების დროის შესახებ ეცნობება 3 სამუშაო დღით ადრე, ამ ინფორმაციის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებით. მას გასაუბრების დროის შესახებ შეიძლება დამატებით ეცნობოს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით. თუ უფლებამოსილი თანამდებობის პირი თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრების დროის შესახებ ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით აცნობებს, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა შეადგინოს შესაბამისი კომუნიკაციის ოქმი. ამ ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი, ხოლო აღნიშნული კომუნიკაციის თარჯიმნის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში – აგრეთვე თარჯიმანი. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესს ადგენს მინისტრი.“.

3. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 45. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და პროცედურული გარანტიები

1. თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა, ან მას უარი ეთქვა ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე, ანდა თავშესაფრის პროცედურა საქართველოში დასრულდა, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, თუკი:

ა) ამ პირის წარმოშობის ქვეყანაში მოხდა ისეთი ცვლილებები, რომლებიც მისი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას წარმოშობს;

ბ) არსებობს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წინა საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებების შეფასებისას არ განხილულა და რომელთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობაც განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.

2. უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია განახორციელოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევა, აგრეთვე შეისწავლოს და შეაფასოს ამ განცხადებაში მითითებული განმარტებები და ახალი გარემოებები, რათა წარმოშობის ქვეყანაში შესაბამისი პირის დაბრუნებით არ დაირღვეს არგაძევების პრინციპი და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის დადგენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევის ფარგლებში უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ტარდება გასაუბრება. გასაუბრებაზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს აღნიშნული განცხადების წინასწარ გამოკვლევას და გადაწყვეტილების მიღებას.

3. თუ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევით დადგინდება, რომ იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, სამინისტრო განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნული განცხადების არსებითი განხილვის გარეშე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე უარის თქმის შესახებ.

4. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში სამინისტრო განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა იღებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვის შესახებ, რის თაობაზედაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამ შემთხვევაში დაიწყება თავშესაფრის პროცედურა და უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ამ აქტის გამოცემის მომენტიდან მიიჩნევა თავშესაფრის მაძიებლად.

5. დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება მის მიერ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების პირველად წარდგენის მომენტიდან ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში (მათ შორის, ამ აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და ამ აქტის გამოცემის მომენტიდან დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირველივე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა კვლავ წარადგინა განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, ეს პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და ამ აქტის გამოცემის მომენტიდან დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 56-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, 56-ე მუხლის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სასამართლო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების უფლებით.“.

5. 47-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე თავშესაფრის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით დადგენილი უფლებებითა და გარანტიებით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 491 მუხლი:

„მუხლი 491. უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან კომუნიკაციის განხორციელებისა და მისთვის სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების წესი

1. უცხოელთან/მოქალაქეობის არმქონე პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებით. სამინისტროს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია უცხოელს/მოქალაქეობის არმქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესს ადგენს მინისტრი.“.

მუხლი 2

1. ამ კანონით გათვალისწინებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლისა და 47-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2023 წლის 1 იანვრამდე დაადგინოს ამ კანონით გათვალისწინებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტითა და 491 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

11 მაისი 2022 წ.

N1567-VIIIმს-Xმპ