დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 753 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/04/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025959 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №753
2022 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „ჰ3“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დამტკიცეს თანდართული „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლები, პრინციპები და წესი“ (შემდგომში – წესი).
2. აღნიშნული განკარგულება ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებული/გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.
3. ამ განკარგულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ განკარგულების ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში მიმართოს შემსყიდველს ხელშეკრულების ფარგლებში წესის გავრცელების მოთხოვნით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში წესით გათვალისწინებული რეგულაციები მიმწოდებლის მიმართ არ გამოიყენება.
4. ამ განკარგულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამოცხადებულ ან/და გამოსაცხადებელ ტენდერებში მიმწოდებელი უფლებამოსილია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მიმართოს შემსყიდველს ხელშეკრულების ფარგლებში წესის გავრცელების მოთხოვნით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, წესით გათვალისწინებული რეგულაციები მიმწოდებლის მიმართ არ გამოიყენება.
5. ამ განკარგულების მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (შემდგომში – საქსტატი) მიმართოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული დასკვნის მიღების მიზნით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში, ამ განკარგულების მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის პირობების დაკმაყოფილების შემდგომ.
6. მიმწოდებლის მიერ ამ განკარგულების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია, აამოქმედოს ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრული ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი სანქციები.
7. ამ განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით:
ა) სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, ამავე განკარგულების ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტ(ებ)ში შესაბამისი ცვლილებ(ებ)ის განხორციელება;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტ(ებ)ში შესაბამისი ცვლილებების ასახვის შემდეგ, შემსყიდველებმა, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ ამ განკარგულების ძალაში შესვლის დროს მოქმედ ხელშეკრულებებში ფასთა ინდექსაციასთან დაკავშირებით შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინება;
გ) დაევალოს საქსტატს, შეიმუშაოს შესაბამისი ინდექსი და უზრუნველყოს თანმდევი პროცედურების დანერგვა არაუგვიანეს 2022 წლის 1 ოქტომბრისა, რომლის შესაბამისადაც განხორციელდება ამ განკარგულებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ფასთა ინდექსაციის ანაზღაურება.
8. ეთხოვოს ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინება.
9. ამ განკარგულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ფასთა ინდექსაციის განსაზღვრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი მისი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით.
10. მიმწოდებლის მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ფასთა ინდექსაციით ანაზღაურების მიღების შემთხვევაში, ამავე საფუძვლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების ღირებულების ოდენობის გაზრდა დაუშვებელია.
11. მიმწოდებლის მიერ ამ განკარგულებით სარგებლობა გამორიცხავს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის №619 განკარგულებით სარგებლობას და პირიქით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლები, პრინციპები და წესი
მუხლი 1
1. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლები, პრინციპები და წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლებს, პრინციპებსა და წესს.
2. ამ წესის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თანხის ანაზღაურების საფუძვლებისა და პრინციპების განსაზღვრა.
მუხლი 2
1. ამ წესის მიზნებისათვის ფასთა ინდექსაცია არის მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა, წესით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
2. ამ წესით გათვალისწინებული ფასთა ინდექსაცია ხორციელდება შემდეგ დროის მონაკვეთში შესრულებულ სამუშაოებზე (შემდგომში – საინდექსაციო პერიოდი):
ა) მიმდინარე ხელშეკრულებების ფარგლებში – 2022 წლის პირველი აპრილიდან შესრულებული და შემდგომში ანაზღაურებული სამუშაოები;
ბ) მიმდინარე და 2022 წლის 1 მაისამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებული და შემდგომში ანაზღაურებული სამუშაოები.
3. ფასთა ინდექსაცია არ ვრცელდება:
ა) მიმწოდებლის ბრალით ვადაგადაცილებულ პერიოდში შესრულებულ სამუშაოებზე;
ბ) შეწყვეტილ ხელშეკრულებებზე;
გ) განკარგულების მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ვადის დარღვევით წარდგენილ მოთხოვნებზე;
დ) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდულ/შესასყიდ სამუშაოებზე;
ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საინდექსაციო პერიოდის გარდა სხვა პერიოდზე;
ვ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ვრცელდება ფასთა ინდექსაციით გამოწვეული დადებითი ან უარყოფითი ბალანსი, რაც გულისხმობს:
ა) დადებითი ბალანსის შემთხვევაში, წესით გათვალისწინებული საფუძვლებით, მიმწოდებლისათვის დამატებით ანაზღაურებას;
ბ) უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში, წესით გათვალისწინებული საფუძვლებით, მიმწოდებლის მიერ თანხის დაბრუნებას.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ მიმდინარე ხელშეკრულებების ფარგლებში, რომლებზეც 2022 წლის პირველი მარტის მდგომარეობით მიმწოდებელს შესრულებული აქვს სამუშაოების 10% ან/და ნაკლები, ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფასთა ინდექსაციით გამოწვეული დადებითი ან უარყოფითი ბალანსი.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ მიმდინარე ხელშეკრულებების ფარგლებში, რომლებზეც 2022 წლის პირველი მარტის მდგომარეობით მიმწოდებელს შესრულებული აქვს სამუშაოების 10%-ზე მეტი, ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფასთა ინდექსაციით გამოწვეული დადებითი ბალანსი.
7. მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ფარგლებში (რომელიც არ გულისხმობს მშენებლობას, რეაბილიტაციას, მოდერნიზაციას, რეკონსტრუქციას), შემსყიდველი უფლებამოსილია, ფასთა ინდექსაცია დაიანგარიშოს ფისკალური წლის დასრულების შემდეგ, წლის განმავლობაში შესრულებულ და შემდგომში ანაზღაურებულ სამუშაოებზე.
მუხლი 3
1. ფასთა ინდექსაციისათვის გამოიყენება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომში – საქსტატი) მიერ დადგენილი შესაბამისი ინდექსი.
2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბაზისოდ გამოიყენება 2022 წლის თებერვალი, ხოლო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ტენდერის გახსნიდან 28 დღით ადრინდელი თარიღის შესაბამისი თვე (რაც არ შეიძლება, იყოს თებერვალზე ადრე). აღნიშნული თვით განისაზღვრება ინდექსის საბაზისო პერიოდი და, შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში არსებული საბაზისო ინდექსი არის 100 (შემდგომში – საბაზისო ინდექსი).
3. ფასთა ინდექსაცია შეეხება შესრულებული და შემდგომში ანაზღაურებული სამუშაოების ღირებულების 70%-ს (შემდგომში – საინდექსაციო თანხის ოდენობა), რომლის ასანაზღაურებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს საინდექსაციო თანხის ოდენობის 10%-ს.
4. ამ მუხლის შესაბამისად, ანაზღაურება განხორციელდება სამუშაოების სრულად დასრულების შემდგომ, საქსტატის მიერ ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მიხედვით, საბაზისო ინდექსთან მიმართებით ყოველთვიურად დადგენილი შესაბამისი ინდექსის მეშვეობით.
5. ამ წესით განსაზღვრულ საინდექსაციო პერიოდში შესრულებული სამუშაოების ღირებულებაზე ფასთა ინდექსაცია ხორციელდება ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოების პერიოდის ბოლო დღიდან 49 დღით ადრე (რაც არ შეიძლება, იყოს თებერვალზე ადრე), საქსტატის მიერ საბაზისო ინდექსთან მიმართებით შესაბამისი თვის დადგენილი ინდექსის მიხედვით.
6. ამ წესის მიზნებისათვის ანაზღაურების საფუძველია მიმწოდებლის მიერ დამკვეთისათვის საქსტატის მიერ გაცემული დასკვნის წარდგენა, წესის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნით უნდა დასტურდებოდეს ფასთა ინდექსაციის შედეგად მომწოდებლისათვის ასანაზღაურებელი ღირებულების გაზრდა/შემცირება, თანხის მითითებით.
8. საქსტატისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
9. მიმწოდებლის მიერ საქსტატისათვის არასწორი/არასრული ინფორმაციის მიწოდების აღმოჩენის შემთხვევაში შემსყიდველი უბრუნებს მიმწოდებელს დოკუმენტაციას კორექტირების მიზნით.
10. ფასთა ინდექსაციით გამოწვეული უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ დაბრუნებას ექვემდებარება 2022 წლის პირველი აპრილიდან შესრულებული და შემდგომში ანაზღაურებული სამუშაოების ღირებულების 70%-ის არაუმეტეს 10%-ისა.
11. ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული დასკვნის წარდგენიდან, შემსყიდველი 56 კალენდარული დღის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს დასკვნაში მითითებული თანხის ანაზღაურება ან მოითხოვოს მიმწოდებლისაგან თანხის დაბრუნება.
დოკუმენტის კომენტარები