სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.023423
212
20/04/2022
ვებგვერდი, 20/04/2022
340170000.10.003.023423
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №212

2022 წლის 20 აპრილი

   ქ. თბილისი

 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა  ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ (შემდგომში − პროგრამა).  
მუხლი 2
პროგრამის განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა უზრუნველყონ პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების − 35 000 000 ლარის მოძიება.

 

მუხლი 3
პროგრამის განხორციელებისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, განახორციელოს შესაბამისი სახსრების მიმართვა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 31 05 15) ფარგლებში. 

 

მუხლი 4
პროგრამის განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს დაევალოს, წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, მისცეს უფლება ა(ა)იპ − სოფლის  განვითარების სააგენტოს, სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნას ან/და გამოიყენოს არსებული საბანკო ანგარიშ(ებ)ი. 
მუხლი 5
პროგრამის ფარგლებში, დაევალოს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოსთვის  რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ის მესაკუთრეთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის მოძიება და გადაცემა მის მიერ მოთხოვნილი მახასიათებლების მიხედვით. 
მუხლი 6
პროგრამის  ფარგლებში, დაევალოს სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოსთვის  რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ის მესაკუთრეთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის მოძიება და გადაცემა მის მიერ მოთხოვნილი მახასიათებლების მიხედვით.
მუხლი 7
დაევალოს სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს, პროგრამის ფარგლებში, უზრუნველყოს ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება საქონლის მიმწოდებელი იმ ობიექტების შესახებ, რომელთაც მინიჭებული აქვთ/მიენიჭებათ უვადო აღიარება „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილების საფუძველზე. 
მუხლი 8
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 მაისის №312 დადგენილება.

 

მუხლი 9
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა

ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

 


მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანები

1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამონაწერში სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს სათიბის ან/და საძოვრის კატეგორია) მიწის ნაკვეთების (შემდგომში − მიწის ნაკვეთ(ებ)ი) მესაკუთრეების სტიმულირების გზით.

2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა.

მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).

2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პოტენციუი ბენეფიციარი − საქართველოს მოქალაქე ფიზიკური    ან/და   საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მათთან აფილირებული პირებისა, ასევე საფინანსო ორგანიზაციებისა), რომელსაც  საკუთრებაში გააჩნია დაზუსტებული ან/და დაუზუსტებელი ფართის მიწის ნაკვეთ(ებ)ი;

ბ) ბენეფიციარი − საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან/და   საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მათთან აფილირებული პირებისა, ასევე საფინანსო ორგანიზაციებისა), რომელსაც საკუთრებაში გააჩნია დაზუსტებული ან/და დაუზუსტებელი  ფართის მიწის ნაკვეთ(ებ)ი და რომელიც პროგრამის ფარგლებში მიიღებს სახელმწიფოსგან სუბსიდიას;

გ) სუბსიდია − საქონლის შესყიდვის მიზნით, სააგენტოს მიერ პროგრამის პირობების შესაბამისად ბენეფიციარ(ებ)ისათვის გათვალისწინებული დახმარება;

დ) ბარათი − საბანკო პლასტიკური ბარათი, რომელზეც მოხდება სუბსიდიის ქულების ან/და თანხის სახით დარიცხვა (1 ქულა = 1 ლარი) და რომლის გამოყენებასაც ბენეფიციარი შეძლებს მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;

ე) საქონელი − სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონელი;

ვ) საქონლის მიმწოდებელი − საქონლის სარეალიზაციო ობიექტები, რომელთაც „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილების  საფუძველზე მინიჭებული აქვთ უვადო აღიარება და სადაც ბენეფიციარი, პროგრამით განსაზღვრული პირობების ფარგლებში, ბარათზე დარიცხული ქულების ან/და თანხის მეშვეობით შეძლებს საქონლის მიღებას;

ზ) ბანკი − სს „ლიბერთი ბანკი“, რომელთანაც სააგენტო პროგრამის ფარგლებში გააფორმებს ხელშეკრულებას, ბენეფიციარ(ებ)ისათვის ანგარიშ(ებ)ის გახსნის ან/და ბარათ(ებ)ის დამზადების ან/და გაცემის ან/და უკვე არსებულ ანგარიშ(ებ)ზე/გადაცემულ ბარათ(ებ)ზე სუბსიდიის დარიცხვისა და მათი პროგრამის პირობების შესაბამისად გამოყენების მიზნით.

მუხლი 4. პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები

ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირობებით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის საკუთრებაში ან/და თანასაკუთრებაში უნდა გააჩნდეს მიწის ნაკვეთ(ებ)ი, ჯამური ფართით − არანაკლებ 0.25 ჰა-ისა და არა უმეტეს 1.25 ჰა-ისა ან/და არა უგვიანეს 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით განახორციელოს  მიწის ნაკვეთ(ებ)ის პირველადი რეგისტრაცია ან ინფორმაციის იმ სახის დაზუსტება, რომლითაც იდენტიფიცირებადი გახდება, აკმაყოფილებს თუ არა პირი პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებს.

მუხლი 5. პროგრამის პირობები და სუბსიდიის მოცულობა

1. პროგრამა ითვალისწინებს სუბსიდიის მოცულობის განსაზღვრას შემდეგი პირობებით:

ა)   თუ ბენეფიციარს საკუთრებაში ჯამურად გააჩნია 0.25 ჰა-დან 1,25  ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 300 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე გადაანგარიშებით, მიწის ნაკვეთ(ებ)ის თითოეულ ასეთ  მესაკუთრე ბენეფიციარზე;

ბ) თუ ბენეფიციარებს თანასაკუთრებაში გააჩნიათ 0.25  ჰა-დან  1,25   ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, თითოეულ ასეთ მიწის ნაკვეთზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 300 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, ჯამურად ასეთ თანამესაკუთრე ბენეფიციარებზე;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარ(ებ)ს მიწის ნაკვეთები გააჩნია(თ) როგორც საკუთრებაში, ასევე თანასაკუთრებაში, სუბსიდიის თანხის დაანგარიშებისას არ იქნება გათვალისწინებული საკუთრებასა და თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობების ჯამი და ასეთი ბენეფიციარები სუბსიდიის თანხას მიიღებენ ცალ-ცალკე, ამ პუნქტის  „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოდენობით;

დ) თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის შემთხვევაში სუბსიდია გაიცემა ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე, რომელიც ბანკში წარადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობის დოკუმენტს, რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია ან ყველა თანამესაკუთრის მიერ ხელმოწერილ თანხმობის დოკუმენტს, რომლის შინაარსისა და ხელმოწერების ნამდვილობაზეც პასუხისმგებელი იქნება დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე და რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ პროგრამის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების შედეგად ბენეფიციარი ვეღარ დააკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს, მიღებული სუბსიდიის თანხა უკან არ მოეთხოვება.

მუხლი 6. ბენეფიციარის შესასრულებელი ვალდებულება

პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, დარეგისტრირდეს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

მუხლი 7. სუბსიდიის გაცემ

1. სააგენტო,  სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ბანკს გადასცემს ბენეფიციარების ჩამონათვალს.

2. სააგენტო მოახდენს ბანკში გახსნილ საკუთარ ანგარიშზე პროგრამის ბიუჯეტით გათვალისწინებული სუბსიდიის თანხის განთავსებას.

3. ბანკი, სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოახდენს ბენეფიციარების ბარათებზე შესაბამისი რაოდენობის ქულების ან/და თანხის დარიცხვას.

4. სააგენტო, სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოახდენს ბანკისთვის საქონლის მიმწოდებლების მონაცემების გაგზავნას. ამასთან, შესაძლებელია საქონლის მიმწოდებლების რაოდენობის ცვლილება სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული განახლებული ინფორმაციის საფუძველზე.

5. ბანკი უზრუნველყოფს საქონლის მიმწოდებლებისთვის ისეთი პოსტერმინალების გადაცემას, რომლებზეც შესაძლებელი იქნება ბენეფიციარების ბარათებზე დარიცხული ქულების ან/და თანხის გამოყენება.

6. ბარათ(ებ)ზე დარიცხული ქულების ან/ და თანხის გამოყენების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.

მუხლი 8.  სუბსიდიის გაცემის პროცედურა

სუბსიდიის გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.