ბათუმი ავარიული სახლების გარეშე − სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ

ბათუმი ავარიული სახლების გარეშე − სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 300390000.10.003.023370
159
29/03/2022
ვებგვერდი, 30/03/2022
300390000.10.003.023370
ბათუმი ავარიული სახლების გარეშე − სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №159

2022 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

ბათუმი ავარიული სახლების გარეშე − სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე − სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა“ (შემდგომში − პროგრამა).
მუხლი 2
ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული და პროგრამით განსაზღვრული ხარჯების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემდგომი წლების ბიუჯეტებში გათვალისწინება, საჭიროების შემთხვევაში. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

 


მუხლი 1. ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის მიზნები

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე − სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის“ (შემდგომში – პროგრამა) მიზნებია:

ა) ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავარიული შენობების ლიკვიდაციის ხელშეწყობა;

ბ) ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავარიული შენობების თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლება;

გ) მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და უსაფრთხო საცხოვრისი გარემოს შექმნა;

დ) ქალაქის იერსახის გაუმჯობესება;

ე) ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;

ვ)  სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება.

მუხლი 2. პროგრამის პრინციპები

1. პროგრამა განხორციელდება თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე.

2. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

მუხლი 3. პროგრამის მონაწილე პირები (მხარეები)

პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც კისრულობს ვალდებულებას, რომ საფინანსო ორგანიზაციების მოვალეების მიერ მათზე ამ პროგრამის მიზნობრიობით გაცემული საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებში, საფინანსო ორგანიზაციებისაგან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეიძენს უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ მე-4 მუხლის მე-2  პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე ექსპლუატაციაში მიღებულ შენობაში სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებულ  ფართებს, 1 კვადრატულ მეტრს არაუმეტეს 1700 (ერთი ათას შვიდასი) ლარისა;

ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;

გ) საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დააფინანსებენ შესაბამის პროექტებს და იკისრებენ პროექტის დასრულების ვალდებულებას (ბანკის მიერ აღებული ვალდებულება პროექტის დასრულების ნაწილში სრულად და ჯეროვნად ჩაითვლება, თუ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქონება მიღებული იქნება ექსპლუატაციაში);

დ)  იურიდიული პირები (დეველოპერული კომპანიები), რომლებიც ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავარიული სტატუსის მქონე შენობ(ებ)ის/ფართების  მესაკუთრეებისაგან გამოისყიდიან ქონებას, მიაღწევენ შეთანხმებას საფინანსო ორგანიზაციასთან პროექტის დაფინანსების თაობაზე და პროგრამის შესაბამისად გააფორმებენ ხელშეკრულებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან.

მუხლი 4.  მხარეთა უფლებები და ვალდებულებები

1. ამ პროგრამის მიზნებისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განსაზღვრავს მოთხოვნების შესასყიდ ღირებულებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 150 000 000 (ას ორმოცდაათი  მილიონი) ლარს.  

2. დეველოპერული კომპანია ვალდებულია, პროგრამაში მონაწილეობისათვის წარადგინოს:

ა) მასსა და საფინანსო ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულება ან საფინანსო ორგანიზაციის წერილობითი თანხმობა, რომელიც უნდა ადასტურებდეს საფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებას, დეველოპერულ კომპანიაზე გასცეს კრედიტი არაუმეტეს შემდეგ ძირითად გარემოებათა არსებობის საფუძველზე:

ა.ა) დეველოპერული კომპანია მონაწილეობას იღებს პროგრამის განხორციელებაში და ადასტურებს, რომ ამ პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ასათვისებელი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს არანაკლებ 500 კვ/მეტრს, რომელზედაც განლაგებული შენობა-ნაგებობები ავარიულია, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საექსპერტო დაწესებულების/ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნით და პროექტის დასრულებას უზრუნველყოფს პროგრამის შესაბამისად გაცემული არაუმეტეს 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარის ან/და დამატებით სხვა ფინანსური წყაროებით;

ა.ბ) საფინანსო ორგანიზაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან გააფორმებს ამ პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ხელშეკრულებას, თუ დეველოპერული კომპანია და საფინანსო ორგანიზაცია სრულად აკმაყოფილებენ ამ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს; 

ბ) პროგრამაში მონაწილეობისათვის საფინანსო ორგანიზაცია და დეველოპერული კომპანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგენენ ამ პროგრამით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

3. დეველოპერული კომპანიების ამ პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შესაბამის საფინანსო ორგანიზაციასთან აფორმებს ამავე პროგრამის   მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებას.

4. დეველოპერული კომპანია და საფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილნი არიან, საკუთარი შეხედულებისამებრ, განსაზღვრონ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გასაცემ კრედიტთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადების საჭიროება და ამ ხელშეკრულების პირობები, ამ პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვების გათვალისწინებით.

მუხლი 5. . ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მონაწილეობა პროგრამაში

ეთხოვოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას:

ა) განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, პროგრამაში მონაწილე პირების პროგრამაში ჩართვასა და პროგრამის სრულყოფილად განხორციელებისათვის;

ბ) უზრუნველყოს, პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა;

გ) უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე პირთათვის მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადების მინიმალიზაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. პროგრამის შესრულების მონიტორინგი

პროგრამის შესრულების მონიტორინგს ახორციელებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.